
ბოლოს ფილოსოფოსები ისტორიის საზრისს ისე მიუდგნენ, როგორც სანავიგაციო კომპანიები – მეტეოროლოგიურ ცნობებს. აზროვნება ვეღარ ბედავს ფრთები გაშალოს, თუკი გამარჯვების გარანტია არ აქვს. მას შემდეგ, რაც თეოლოგიისადმი დამხმარის ფუნქცია შეასრულა, შეუძლია თუ არა ფილოსოფიას დაეხმაროს პოლიტიკას? ამ რწმენის გასამყარებლად, საჭიროა გავიაზროთ ხალხთა ინდუსტრიული შესაძლებლობები და მთავრობათა გაბედულება: „არასოდეს მივიღო რაიმე ჭეშმარიტად, თუკი ცხადად არ შევიცნობ მას“ – ყოველივე ეს შევცვალეთ. სიცხადე აშუქებს თავის სინათლეს მხოლოდ წარმატებით. რაზმები მარშირებისას სკანდირებენ ჩვენს ჭეშმარიტებებს და გამშვები პოლიგონები, რაკეტების გაშვებამდე, წნეხავენ ნებას, ნათელი და მკაფიო იდეა რომ უნდა მიიღოს.
აზროვნების ეს ჭირი უკვე ხრავს ებრაულ სულს. „სწორ ხაზზე ვდგავართ?“ – ერთადერთი შეკითხვა ესაა. ჩვენი ცნობიერების მმართველნი იგვიანებენ. რამდენი აპოლიტიკური ნიუანსი დაიკარგა სრულიად ფუჭად, ქრისტიანობის თეზისების განსჯასა და მეცნიერებისა და ბიბლიის შერიგებაში. სული აღარ რისკავს თავისი ხსნისათვის ამ ბედნიერი დროის ხიფათში, ამ უისტორიო დროში.
ის, რომ არაფერი დიადი სამყაროში არ ჩნდება მისი შეცვლის გარეშე, რომ ღმერთის სამეფო, რომელიც ამ სამყაროსი არ არის, ადამიანებზე ძალადობს – ეს იყო იუდაიზმის უდიდესი გაკვეთილი, რომელიც შესანიშნავად გაიგეს პოლიტიკურმა ხალხებმა[1]. მაგრამ მან ისინი აქცია მესიანისტურად მოძალადედ. მათ უარყვეს თავიანთი გონება, რათა ეძებნათ მესიანისტური აზრის მოვლენებში, სადაც გონება იშვა სისხლიან შეტაკებაში ადამიანურ გახელებასა და სიმშვიდეს შორის, როგორც სამსონის ენიგმაში, სასტიკი და გამანადგურებელი ძალისგან. სისასტიკე ლოგიკურ სიმკაცრედ იქცა, დანაშაული – სამართლიანობის ნიმუშად. შეწყვეტილი გაკვეთილის ტრაგედია – მალევე მიენდვნენ ოსტატს, რომელიც ღობე-ყორეს მიედ-მოედებოდა. ის ასწავლიდა ქმედებას ისტორიაში, მაგრამ ებრაელებისთვის – ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ ცხრამეტი საუკუნე მის წინააღმდეგ.
ასეთი იყო მათი გრძელი თმენა, მათი მაღალი ვნება, მათი მტკიცე შემეცნება. ასეთია ძველი მოძღვრება. იფიქრეთ ჰილელზე[2], რომელიც ჭვრეტს მკვლელის თავის ქალას, ტალღაზე მოქანავეს. დიდი მოძღვარი უარყოფს მკვლელის მკვლელთა მოსამართლეთა ღირსებას. დანაშაული ხშირად იღებს საზღაურს ისტორიაში, მაგრამ ისტორიისგან სამართლიანობის მოლოდინი მცდარია. მისი ანონიმური შემობრუნება – როცა მორალი აღარ უძღვის მას – დანაშაულთა ჯაჭვური ნაკადია. იფიქრეთ „Roch Hachana“-ს იმ უცხო და ირონიულ პასაჟზე, სადაც სირიუსი სხვა არავინაა, თუ არა დარიუსი. როგორი სკანდალური უვიცობაა თანამედროვე ერუდიტებისა! ან – როგორი სუვერენულობა! ისტორიის დიადი წუთები განსჯას ყველანაირ კრიტერიუმს ართმევს. ისინი განსჯილნი არიან.
არ მიუყენო სამართლიანობის კანონი მოვლენათა დაუდგრომელ მდინარებას, დაგმო ისინი, თუნდაც ეს იყოს, როგორც უგუნურება ანდაც სიგიჟე – ეს ებრაელად ყოფნაა. სრულიად ნეგატიური განსაზღვრება. ჯერ კიდევ არ ეკუთვნი ისრაელს, თუკი ერთ დღესაც გადაწყვეტ ცივი გონებით შეხედო ომებსა და დარბევებს. ცალი ფეხი უსასრულობაში უნდა გედგას. ცოდნის მკაცრი დისციპლინა, ყოველდღიური ვარჯიში, რათა მოეჭიდო ამომავალ სალ კლდეს – თორა, შესაძლოა, სავსებით ესაა. მხოლოდ ასეა შესაძლებელი დედამიწაზე და ადამიანთათვის გამორჩეული შესაძლებლობის მიღწევა: იყო თავისუფალი, ვინც განსჯის ისტორიას იმის ნაცვლად, რომ განისაჯოს ისტორიისგან.
ას ორმოცდაათი წელია, რაც იუდაიზმი ამ თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშეა. აი, მისი ნამდვილი კრიზისი. ას ორმოცდაათი წელია, მისი არსებობის ყველა – მათ შორის სიონისტური – ფორმით, მას მესიანისტური დროის სწამს. არავინაა იმდენად ბრიყვი, რომ უარყოს აუცილებელი და ლოიალური კონტრაქტი ეპოქასთან. მაგრამ გვაქვს უფლება დავკარგოთ თავი და გადავეშვათ ისტორიაში, მივდიოთ დირექტივებს და გავწიროთ, რაც ვერასოდეს ანაზღაურდება, სული, რომელიც დროის საფრთხეზე ძლიერია?
დასასრულის მოსწრაფება მთავარი საფრთხეა, რომლის მზაკვრული ცდუნება თალმუდმა წინასწარ განჭვრიტა. ეფრემის ტომმა ეგვიპტეში გათავისუფლება მოიწადინა და არ დაელოდა მოსესა და მის კანონს; აღთქმული მიწისკენ გზაზე, ისინი ფილისტიმელებს შეეჩეხნენ და ამოწყდნენ. თალმუდი არ გვასწავლის აქ არც სწრაფი თუ არასწრაფი საათის მალემრწმენობას, არც დროის მომწიფების ჰოლდერლინისეულ დოქტრინას, არც ორთოდოქსული პიეტეტის პასიურობას, მესიის სასწაულს რომ მოელის, არამედ აშეშებს იმ ძალისხმევებს, ცდუნებანი და უღირსობანი რომ გვიბიძგებს. მარცხის კეთილი უწყება, ტანჯვა ტანჯვისთვის, თუ განდგომილობა, არც მთლად თალმუდისეულია. წიგნი აქ გვიყვება დამღუპველ მოუთმენლობაზე, რომელიც ყოველ დროში მყოფობს. შესაძლოა ლამაზია ის თავის სიყრმეში, თავის სიმამაცეში, თავის რწმენაში. მაგრამ ყოველი დროის მომენტში – თუნდაც ეს ისტორიის ბოლო იყოს – ის გვართმევს ინტერვალს, რომელიც შეგვაძლებინებს განვასხვაოთ მოდელი და ქმნილება. ვიცოდეთ დისტანციის დაცვა, ჩვენს დამოუკიდებელ აქტივობებში, იმის წინაშე, რაც თავს აჩენს, თავზე გვეხვევა და გვწნეხავს, როგორც დიდებული აღსასრული. ის არ „დამდგარა“! მოთმინება!
[1] იგულისხმება ერები: ადამიანთა ერთობა, რომელიც ცხოვრობს გარკვეულ ტერიტორიაზე, ემორჩილება გარკვეულ კანონებსა და ინსტიტუტებს (მთარგმ. შენიშვნა).
[2] ჰილელ ბაბილონელი (გარდაიცვალა ახ. წ. 10 წ.) – ებრაელთა რელიგიური ლიდერი, ბრძენი და სწავლული, დიდი წვლილი შეიტანა თორასა და თალმუდის განვითარებაში, ჰილელის სასწავლებლის დამფუძნებელი, რომელიც დღეს აერთიანებს ასობით კოლეჯსა და უნივერსიტეტს მსოფლიოში (მთარგმ. შენიშვნა).
© არილი