თარგმანი

ემანუელ ლევინასი – ჰაიდეგერი, გაგარინი და ჩვენ

ფრანგულიდან თარგმნა ვალერი ოთხოზორიამ

გადაუდებელია ადამიანის დაცვა ჩვენი საუკუნის ტექნოლოგიისაგან. ადამიანი მასში კარგავს თავის იდენტობას და იქცევა ერთ-ერთ ჭანჭიკად უზარმაზარი მანქანისა, საგნებსა და არსებებს რომ ითრევს. ამიერიდან, არსებობა უტოლდება ბუნების მოხმარებას; ამ მექანიზმის მორევში, რომელიც თავის თავს შთანთქავს, არცერთი მყარი წერტილი აღარ რჩება. სოფლის მარტოსული მოხეტიალე, რომელსაც იქაურობისა სწამს, ტურისტული სასტუმრო ინდუსტრიის კლიენტად იქცევა და თავისდა უნებურად კალკულაციის, სტატისტიკისა და დაგეგმვის საგანი ხდება. ვერავინ იარსებებს თავისთვის.

არსებობს სიმართლის მარცვალი ამ დეკლამაციაში. ტექნიკა სახიფათოა. ის არამხოლოდ პიროვნებათა იდენტობას ემუქრება. ის თავად პლანეტის აფეთქების საფრთხეს შეიცავს. მაგრამ ინდუსტრიული საზოგადოების მტრები უმეტეს შემთხვევაში რეაქციონერები არიან. მათ ავიწყდებათ ანდა შეიძულებენ ჩვენი ეპოქის დიდ იმედებს. რადგან ადამიანის გათავისუფლების რწმენა ადამიანთა სულებში ასე მძლავრად არასდროს ყოფილა. ის როდი მდგომარეობს იმ საშუალებებში, მანქანები და ენერგიის ახალი წყაროები სიჩქარის ინფანტილურ ინსტინქტს რომ აწვდიან; და არც იმ ლამაზ მექანიკურ სათამაშოებში მდგომარეობს, ზრდასრულთა მარადიულ მოზარდობას რომ ესწრაფვიან. ის შეიცნობა იმით, რომ ანჯღრევს დუნე ცივილიზაციებს, გადაფერთხავს წარსულის მძიმე საფარველს, აფერმკრთალებს ლოკალურ ფერებს, ამსხვრევს იმ სიმძიმესა და სიჩლუნგეს, რაც ადამიანური პარტიკულარიზმების ზურგია. განვითარებას ჩამორჩენილი უნდა იყო, რომ აღადგინო ისინი, როგორც ყოფიერების მიზეზები და მათი სახელით იბრძოლო თანამედროვე სამყაროში ადგილისათვის. ტექნიკის განვითარება მიზეზი კი არა, ადამიანური არსის ამ გამსუბუქების შედეგია, თავიდან რომ მოიშორა ღამის სიმძიმე.

ვფიქრობ თანამედროვე აზროვნების პრესტიჟულ ნაკადზე, რომელიც გერმანიიდან მოდის და დატბორა ჩვენი დასავლური სულის წარმართული კუთხე-კუნჭულები. ვფიქრობ ჰაიდეგერსა და ჰაიდეგერიანელებზე. მათ სურთ, ადამიანმა ხელახლა იპოვოს სამყარო. ადამიანები დაკარგავენ სამყაროს. მათ ეცოდინებათ მხოლოდ მათ წინაშე მყოფი მატერია, მათი თავისუფლებისათვის ობიექტივირებული, მათ მხოლოდ ობიექტები ეცოდინებათ.

აღმოაჩინო სამყარო ნიშნავს აღმოაჩინო ბავშვობა, მისტერიულად მოკრებილი ადგილზე, გაეხსნა დიდებული პეიზაჟების სინათლეს, ბუნების მომხიბვლელობას, საუცხოო მთებსა და ქედებს; შემოირბინო ბილიკები, მინდვრებში რომ მიიკლაკნებიან; იგრძნო სიმრთელე, რომელსაც ქმნის ხიდი, მდინარის ორ ნაპირს შუა გადებული, და შენობების არქიტექტურა, ხის მცენარება, ტყის შუქ-ჩრდილები, მისტერია ნივთების, დოქის, გლეხი ქალის გაცვეთილი ფეხსაცმლის, თეთრ სუფრაზე მდგარი ღვინის გრაფინის ელვარება. თავად რეალურის ყოფიერება მჟღავნდება ამ გამორჩეული გამოცდილებების უკან, ეძლევა და მიენებება ადამიანს შესანახად. და ადამიანი, ყოფიერების მცველი, ამ მადლიდან ამოიღებს თავის ექსისტენციასა და თავის ჭეშმარიტებას.

დახვეწილი და ახალი დოქტრინაა. ყველაფერი ის, რაც საუკუნეების განმავლობაში გვეჩვენებოდა, როგორც ადამიანის მიერ ბუნებაზე დამატებული, აქ უკვე სამყაროს დიდებულებიდან ბრწყინავს. ხელოვნების ქმნილება – ყოფიერების გამონაშუქი და არა ადამიანის გამონაგონი – ხელახლა აბრწყინებს ამ ადამიანობამდელ სინათლეს. მითი თავად ბუნებიდან გამოითქმის. ბუნება ამ პირველად ენაში ჩაფესვილა და ჩვენკენ მომართული, მხოლოდ ადამიანურ ენაში ფუძნდება. საჭიროა ადამიანმა ყური უგდოს, გაიგოს და პასუხი გასცეს. მაგრამ ამ ენის გაგება და პასუხის გაცემა როდი გულისხმობს ცოდნის სისტემის ლოგიკის მომარჯვებას, არამედ ადგილზე ცხოვრებას, აქ ყოფნას. ფესვგადგმულობა. უპრიანი იქნებოდა ამ ტერმინის გამოყენება; მაგრამ მცენარე ვერ იკმარებს სამყაროსთან ინტიმურობის განსასაზღვრად. ცოტა ადამიანობა გვაშორებს ბუნებისაგან, ბევრ ადამიანობას კი მასში შევყავართ. ადამიანი გაცილებით ღრმადაა ჩაფესვილი მიწაში, ვიდრე მცენარე, რომელიც მისგან მხოლოდ საკვებს იღებს. პირველადი ენისგან თქმული სამყაროზე, გაცილებით ფაქიზ, მრავალფეროვან და ღრმა კავშირებს იტევს.

ასეთია, მაშ, პაგანიზმის მარადიული ცდუნება, იდოლატრული ინფანტილიზმის მიღმა, რომელიც დიდი ხანია, რაც გადავლახეთ. წმინდა, მოვლენილი სამყაროს გამჭოლ – იუდაიზმი შესაძლოა ამ ყოველივეს მხოლოდ ნეგაციაა. წმინდა ხეივნების ნგრევა – ჩვენ ახლა ვიგებთ ამ აშკარა ვანდალიზმის სისუფთავეს. საგანთა მისტერია ადამიანთა მიმართ ყოველგვარი სისასტიკის წყაროა.

ჩაფესვილობა გარემოში, მიჯაჭვულობა ადგილთან, ურომლისოდაც სამყარო უმნიშვნელო ხდება და მისი არსებობა – სათუო, სწორედ ესაა კაცობრიობის დაყოფა შინაურებად და უცხოებად. და ამ პერსპექტივაში, ტექნიკა გაცილებით ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე ადგილის სულები.

ტექნიკა აუქმებს ამ ჩაფესვილობასა და მასთან დაკავშირებულ განდევნილობას. ის სცდება ამგვარ ალტერნატივას. საქმე როდი ეხება მომთაბარეობასთან დაბრუნებას, რაც ისევე შეუძლებელია, როგორც ადგილზე მიჯაჭვულობა, ერთი გარემო და კლიმატი. ტექნიკა გვაშორებს ჰაიდეგერიანულ სამყაროსა და ადგილის მალემრწმენობას. აქედანვე გვეძლევა შანსი: აღმოვაჩინოთ ადამიანი იმ სიტუაციის მიღმა, რომლითაც შეპყრობილია, მივანებოთ გამობრწყინება ადამიანის სახეს თავის სიშიშვლეში. სოკრატე სოფელსა და ხეივნებს ამჯობინებდა ქალაქს, რომელიც ადამიანებთან შეხვედრის ადგილია. იუდაიზმი სოკრატული გზავნილის მოძმეა.

გაგარინის მიღწევაში რაც აღმტაცია, ცხადია, არის არა მისი შთამბეჭდავი ნომერი ლუნა-პარკში, რითაც ბრბო ასე მოიხიბლა; არც ის სპორტული პერფორმანსია, სხვებზე შორს წასვლაში რომ გამოიხატა და სიმაღლისა და სიჩქარის ყველა რეკორდი მოხსნა. უფრო ფასეულია ის, რომ ესაა ნაბიჯი ახალი ცოდნისა და ტექნიკის ახალი შესაძლებლობებისკენ, გაგარინის სიმამაცე და სიქველე, მეცნიერება, რომელმაც ეს მიღწევა შესაძლებელი გახადა, და ყოველივე ის, რაც თავდადებასა და თავგანწირვაში გამოიხატა. მაგრამ ის, რაც ყოველივე ამაზე მეტად ფასობს, შესაძლოა ადგილის დატოვებაა. ერთი საათით ადამიანმა იარსება ყოველ ჰორიზონტს მიღმა – ყოველივე იყო ცა მის ირგვლივ, ან, უფრო ზუსტად, ყოველივე იყო გეომეტრიული სივრცე. ადამიანმა იარსება ჰომოგენური სივრცის აბსოლუტში.

იუდაიზმი მუდამ თავისუფალი იყო ადგილების მიმართ. ამგვარად უერთგულა უმაღლეს ღირებულებას. ბიბლია მხოლოდ წმინდა მიწას იცნობს. საოცნებო მიწა, რომელიც დუღს უსამართლობებით, მიწა, სადაც ვერ დამკვიდრდები პირობების გარეშე. როგორი მომჭირნეა წიგნთა წიგნი ბუნების აღწერისას! – „ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება“. – პეიზაჟები გამოთქმულია გასტრონომიული ტერმინებით. ფრაზა ფრჩხილებში: „და იყო მაშინ დრო ყურძნის მწიფობისა“ (რიცხვნი 13, 20) უცებ გამოაბრწყინებს მტევანს, რომელიც უშურველი, თაკარა მზის ქვეშ ღუის.

ოჰ! იალღუნი, რომელიც დარგო აბრაამმა ბერშებაში! ერთ-ერთი იშვიათი „ინდივიდუალური“ ხე ბიბლიაში, რომელიც იზრდება, რათა თავისი სიქორფითა და ფერადოვნებით მოხიბლოს უდაბნოების გამჭოლ ხეტიალით დაღლილი წარმოსახვა. მაგრამ ფრთხილად! შესაძლოა თალმუდი ეჭვობს, რომ გაგვიტაცებს მისი სიმღერა შუადღის ქარქვეშ და ყოფიერების აზრს ძიებას აღარ დავუწყებთ. ის ჩვენ გამოგვგლეჯს ჩვენს ოცნებებს: იალღუნი აკრონიმია; სამი ასოდან, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ებრაულად მისი სახელი დაიწეროს, თითოეული წარმოადგენს ინიციალს – საკვების, სასმლისა და თავშესაფრის, სამი ადამიანური აუცილებლობის, რასაც ადამიანი სთავაზობს ადამიანს. დედამიწა ამისთვისაა. ადამიანი მისი ბატონია, რათა მოემსახუროს ადამიანებს. დავრჩეთ ბატონებად მისტერიის, რომლითაც დედამიწა სუნთქავს. შესაძლოა სწორედ ამ პუნქტში შორდება ყველაზე მეტად იუდაიზმი ქრისტიანობას. ქრისტიანული კათოლიციზმი მცირე და შინაურულ ღმერთებს მიიერთებს წმინდანთა და ადგილობრივ კულტთა რიგებში. მათი განღმრთობით, ქრისტიანობა ინარჩუნებს ჩაფესვილობის პიეტეტს, რომელიც იკვებება ადგილობრივი პეიზაჟებით, ოჯახური, ტომობრივი თუ ნაციონალური მეხსიერებით. აი, რატომ არის, რომ მან მსოფლიო დაიპყრო. იუდაიზმმა არ აღამაღლა კერპები, მან ისინი იძულებით გაანადგურა. ტექნიკასავით, იუდაიზმმა სამყაროს დემისტიფიკაცია განახორციელა. მან განაჯადოვა ბუნება. თავისი აბსტრაქტული უნივერსალურობით ის ეჯახება წარმოსახვასა და ვნებას. მაგრამ აღმოაჩენს ადამიანს თავისი სახის სიშიშვლეში.      

© არილი

Facebook Comments Box