ესე,  პოეზია (თარგმანი)

ემი ჰენინგსი – დადაისტი ქალი მრავალი როლით

Emmy-Hennings2

გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა

“ჩემი სიტყვები მე სულ არ მგვანან”

ასი წლის წინ, 1916 წლის 5 თებერვალს, როცა ციურიხის კაბარე “ვოლტერში” პირველი დადასაღამო მოეწყო, არავინ უწყოდა, რა იყო დადა. მალე ეს სიტყვა ყველას პირზე ეკერა, თუმცა დღემდე ვერავინ იტყვის, ზუსტად რას ნიშნავს.

ხელოვნების ისტორიკოსები და ლიტერატურათმცოდნენი ამაოდ ეძებენ იმის ახსნას, როგორ შეიძლებოდა ენაბრგვილობით ხელოვნების ნიმუშები შექმნილიყო. ამაზე პასუხი კი, არც დადას მამებმა იცოდნენ, ასი წლის წინ იმპროვიზებულ სცენაზე პირველ გამოსვლას რომ ზეიმობდნენ. ჰუგო ბალი ცოტა მოგვიანებით თავის დღიურში წერდა: “მაინც რა იყო ეს,  “ბუფონადა და რექვიემი”, თუ “ფარსი არაფრისგან”?

ნუთუ ყველაფერი მართლაც გაუგებრობა იყო? –  კითხულობენ დღემდე ხელოვნების ისტორიკოსები. ჰუგო ბალი მისტიკოსად იქცა, ტრისტან ცარა ესპანეთში წავიდა საბრძოლველად, ვალტერ სერნერი ნაცისტებმა მოკლეს 1942-ში, რიჰარდ ჰუელსენბეკი ამერიკაში გაემგზავრა და ფსიქოანალიტიკოსი გახდა, მარსელ იანკო ისრაელში გადასახლდა და იქ ხელოვანთა კოლონიას დაუდო სათავე. კაბარე “ვოლტერი” კი ციურიხის შპიგელგასეზე კვლავ აღდგა, თითქოსდა დადა ციურიხში მოხვედრილი ლტოლვილების ველური სასოწარკვეთის გარდა სხვა რამეც ყოფილიყოს.

დადა კი – არაფრიდან წარმოშობილი არაფერი –  არის ის, რაც დღემდე არავის არაფერში ეშლება.

ემი ჰენინგსი იმ ორიოდე ქალთა შორისაა, ვის სახელსაც დადაისტებთან ერთად იხსენიებენ. მისი ხმაურიანი გამოსვლები ციურიხის კაბარე “ვოლტერში” ნამდვილ ატრაქციონს წარმოადგენდა. როცა დადა ხელოვანთა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, ემი განზე გადგა. მიზეზად ასახელებდა, რომ დადამ მასობრივი სახე მიიღო. ემის არანაირად არ სურდა, რომ ის ყველასნაირი ყოფილიყო.

ემა მარია კორდსენი, მოგვიანებით – ემი ჰენინგსი, 1885 წლის 17 იანვარს დაიბადა ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში. 14 წლისამ სკოლა მიატოვა და წვრილმანი ნაყარ-ნუყარის გაყიდვას მიჰყო ხელი, რომ აღებული ფულით თეატრის ბილეთები ეყიდა. მერე თვითონაც დაიწყო წარმოდგენების გამართვა მეზობლებისთვის, დარბაზად კი სამრეცხაოს იყენებდა. მშობლებმა თეატრალური განათლების მიცემაზე უარი უთხრეს. სამაგიეროდ, მუშაობდა სახლის დამლაგებლად, მზარეულის დამხმარედ, გადამწერად და მხატვრად ფოტოატელიეში. 19 წლის გათხოვდა და ქმართან ერთად პატარა სასურსათო  მაღაზია გახსნა, მაგრამ მალე ორივემ მიატოვა სახლიც და ბავშვიც და ქალაქში ჩამოსულ მოხეტიალე თეატრს აედევნენ. იმ დღიდან დაიწყო ემიმ სიმღერა და სცენაზე გამოსვლა. მღეროდა და თამაშობდა ყველაფერს: შანსონებს, ხალხურ სიმღერებს, ოპერეტებს, ოპერებს, კაბარეს, დრამატულ პიესებს, მათ შორის მამაკაცის როლებსაც. 1906 წელს კი, როცა მისი ქმარი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა და მათი ორი წლის ბიჭუნაც გარდაიცვალა, ემიმ ახალშობილი გოგონა თითქმის ფეხით ჩაუყვანა დედას და თამაშის ჟინით შეპყრობილმა თეატრალურ დასებთან ერთად მოგზაურობა დაიწყო. მის მარშრუტში გერმანული ქალაქების გარდა ოდესა, მოსკოვი და ბუდაპეშტიც მოხვდა. ორწლიანი ხეტიალის შემდეგ ემი ბერლინისა და მიუნხენის სახელოვნებო წრეებში გამოჩნდა. დაუმეგობრდა ახალგაზრდა ექსპრესიონისტ პოეტებს, გამოდიოდა შანსონიედ ბერლინის ხელოვანთა კაფე Café des Westens – ში და მიუნხენის კაბარე Simplizissimus -ში, წერდა ახალდაარსებულ სახელოვნებო ჟურნალებში, მონაწილეობას იღებდა გამოფენებსა და პოეზიის საღამოებში, მღეროდა ქუჩაში და პასპორტის განზრახ გაყალბებისთვის ციხეშიც მოხვდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებას ემი ნაკლები პატრიოტიზმითა და აღფრთოვანებით შეხვდა. მან ასევე განხიბლულ ჰუგო ბალთან ერთად დატოვა ეგზალტირებული მიუნხენი და თავშესაფრის საძებნელად შვეიცარიას მიაშურა. მაგრამ შვეიცარია, რომელიც მათ “მშვიდობის კუნძულად” ესახებოდათ, სულაც არ იყო ელ დორადო. ჰენინგსი და ბალი აქ საეჭვო უცხოელების სტატუსით აღმოჩნდნენ, უფულოდ და მუდმივი გასახლების მოლოდინში. ვიწრო ქუჩების ცხოვრებითა და ფეხით სიარულით ქანცგაწყვეტილი ემი –  თავის გატანაში გაწაფული ხელოვანი, გამხდარი, მისტიკური, თეატრალური, სასაცილო, გულუბრყვილო, უავტორიტეტო, გულთბილი, ფამ ფატალი და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული -1916 წელს კაბარე “ვოლტერის” სულისჩამდგმელი გახდა ჰუგო ბალთან, ჰანს არპთან, ტრისტან ცარასთას, მარსელ იანკოსა და რიხარდ ჰუელსენბეკთან ერთად. კაბარე “ვოლტერი” ექსპერიმენტულ ფორუმად იქცა დადაისტებისა და ხელოვნების ყველა მიმდინარეობისათვის, მათ შორის ომით დაზარალებული ქვეყნებიდან გამოქცეულ ხელოვანთათვის.

1920 წელს ემი და ჰუგო დადაისტებს ჩამოშორდნენ და დაქორწინდნენ. თუმცა ემის ექსპერიმენტები არ დასრულებულა.

ემი ჰენინგსის მოუსვენარი ცხოვრება სხვადასხვა როლისა და კოსტიუმის მოსინჯვას ჰგავდა. ის იყო მოცეკვავე, მსახიობი, პოეტი, წიგნების ავტორი, ნარკომანი, სიტუაციური მეძავი, მრავალი ხელოვანის საყვარელი, დადას დაბადების ხელშემწყობი და ბოლოს, თავისი ქმრის, ჰუგო ბალის გვერდით – მისტიკოსი კათოლიკე. თუმცა კი, მის შესახებ მუდამ ამბობდნენ, რომ საკუთარი თავის ძიებას არასდროს წყვეტდა და რომ ყველა როლი, რაც მოსინჯა, ტანსაცმლის მოზომებას ჰგავდა, როცა ცდილობ, საკუთარი სარგო იპოვო. და ემი ჰენინგსმა დიდხანს მართლაც არ იცოდა, ზუსტად რომელი “ტანსაცმელი” ერგებოდა.

როგორც მოგვიანებით მისი მეგობარი ჰერმან ჰესე აღნიშნავდა, ემი მარადიულ ბავშვად დარჩა. ცხოვრება მისთვის ერთი დიდი სათამაშო მოედანი იყო, სადაც გაზრდა ვერ მოახერხა. ის ყველგან ასწრებდა ყოფნას სახლის გარდა. გარბოდა ერთი სადგურიდან მეორეში, მოგზაურობდა მთელ გერმანიაში, შემდეგ აღმოჩნდა ციურიხში და ბოლოს ტესინში. გარბოდა საკუთარი თავიდან და მოუსვენრად ეძებდა მას. და როგორც თვითონ ამბობდა, არასდროს სტოვებდა დაკარგულობისა და მარტოობის განცდა ამ უკიდეგანო სამყაროში. მის ლექსებში მუდმივად მეორდება სიზმრის, თრობის, სიკვდილის, მარტოობისა და მიუსაფრობის თემები. მისი რითმები მარტივია, არც სახეებია განსაკუთრებულად გამორჩეული, მაგრამ მკითხველზე მაინც იმ ჯადოსნური სიმძაფრით ზემოქმედებენ, რითაც თავის დროზე კაბარე ვოლტერში მისი გამოსვლები იპყრობდნენ მნახველს. თუმცა კი აქვე აღსანიშნავია, რომ ემი ჰენინგსის ლექსებში ნაკლები დოზით შეხვდებით დადას. კაბარე “ვოლტერის” მსახიობობა კიდევ ერთი როლი იყო მისთვის და ისიც საკმაოდ ხანმოკლე, სადაც საკუთარი თავი ისევ ვერ იპოვა. “დადაიზმის მიმართ სრული ზიზღი გამიჩნდა, იმდენად  ბევრი იყო აღფრთოვანებული მისით” – ამბობს ერთ ჩანაწერში.

მკითხველში კი გაკვირვებას იწვევს, რომ ქალი, რომელმაც ასე არატრადიციულად იცხოვრა, ასეთ მოქნილ, გამჭვირვალე და შემართულ ლექსებს წერდა. მისი ლექსების პირველი კრებული “უკანასკნელი სიხარული” 1913 წელს გამოვიდა. კრიტიკოსთა შეფასებით, ძალიან სუსტი ლექსებით. 1919 წელს კი ბერლინში გამოიცა მისი რომანი “საპატიმრო”, რომელიც ავტობიოგრაფიულ ამბებზე იყო აგებული, კერძოდ, მასში ასახულია ემის პატიმრობის დეტალები მიუნხენის ციხეში, სადაც 1912 წელს ექვსი კვირა გაატარა. რომანს პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გადაჭარბებულად დადებითიც კი. პირველად ხდებოდა, როდესაც ქალი ავტორი აშკარად საუბრობდა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ლიტერატურულ ნაწარმოებში. მთხრობელი რადიკალური იყო: შთაბეჭდილებები, განწყობები, სიტუაციები, პატიმართა ცხოვრების ამბები, ექსპრესიონისტული სიმკვეთრით იყო აღწერილი. თავისუფლების დაკარგვის გრძნობა, რომელიც სასოწარკვეთაში გაგდებს, უსასოო მრისხანება, მარტოობა და ციხის ცხოვრების უღიმღამობა – ამ ყველაფერზე ავტორი სრულიად ღიად ლაპარაკობდა.  ის, რომ ემი ჰენინგსს თავისი ნაზი ბავშვურობითა და მიმნდობი ბუნებით ადამიანთა სათავისოდ განწყობა და მოხიბვლა შეეძლო, ამას მკითხველი რომანის წაკითხვისას გრძნობს. ემი თავბრუს ახვევდა მეოცე საუკუნის დასაწყისის გერმანულ ბოჰემას ბერლინსა და მიუნხენში. მის საყვარლებს შორის იყვნენ იოჰანეს ბეხერი, იაკობ ფონ ჰოდისი, ერიხ მიუჰზამი და გეორგ ჰაიმი. მაგრამ მის ლექსებში კვალსაც ვერ ნახავთ მათ შესახებ. ლექსებში ის ნაზი, მგრძნობიარე, სევდიანი, სიკვდილის აჩრდილით დაღდასმული გოგონაა.

ცხოვრების წესად თავისუფლებისკენ შეუპოვარი სწრაფვა, ხოლო ლექსებში ფორმალური სიმკაცრის დაცვა – უცნაურად არ ემთხვეოდა ერთმანეთს. საერთოდაც, ემი ჰენინგსის პერსონა არ ემთხვეოდა არაფერს.

“ჩემი სიტყვები მე სულ არ მგვანან,

ნეტავ შემეძლოს ჩუმად დარჩენა!

მაგრამ სიცრუით, სწორედ ამგვარად,

მინდა რომ მათი გარსი გაჩვენოთ.

მოსჩქეფს ტყუილის წმინდა ტალღები,

სიმღერა, ჩემივ სისხლით ნაკვები”

– აი, ეს იყო ემი…

როლი კი, რომელიც მან ბოლოს მართლაც გაითავისა, მისტიკურ კათოლიციზმში იპოვა, რაც ჰუგო ბალის დახმარებით აღმოაჩინა. აქ ის თავს მონანიე მარია მაგდალინელად წარმოიდგენდა, რწმენაში რომ ჰპოვა ხსნა. 1927 წლიდან, ჰუგო ბალის სიკვდილის შემდეგ, ემი ჰენინგსმა ქმრის შემოქმედებაზე ზრუნვა და მისი ნამუშევრების გამომცემა დაიწყო. დაწერა და გამოსცა ავტობიოგრაფიულ მოგონებათა ორი ტომი თავისი და ჰუგოს ცხოვრების შესახებ. სიღარიბე კი მისი ცხოვრებიდან არსად გამქრალა. ჰუგოს შემდეგ მწირი ფინანსებით გაჰქონდა თავი.

ემი ჰენინგსი 1948 წელს, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დაკრძალეს შვეიცარიაში, გენტილინოს სანტ აბონდიოს სასაფლაოზე, ქმრის გვერდით.

მთარგმნელი

ემი ჰენინგსი

მორფინი

ჩვენ იმ ერთადერთ, უკანასკნელ ამბავსღა ველით,

მზის შუქი ახლა არაფერში აღარ გვჭირდება.

ჩამოიშალა აზვავებულ დღეების წყება,

ღამეთა შფოთი ლოცვა არის განსაწმენდელის.

აღარ ვკითხულობთ არც წერილებს უკვე არცერთი

და ბალიშებზე მიწოლილნი ვიღიმით მშვიდად.

რადგან ყველაფრის აზრზე ვართ და მეტი არც გვინდა,

შეუმჩნეველად ხან გვაციებს, ხანაც გვაცხელებს.

ადამის მოდგმას ვნებით ავსებს სრბოლა და სწრაფვა.

დღეს უფრო მეტად ამღვრეულა წვიმის სათავე.

შესვენებისთვის არ გვიტოვებს ცხოვრება წამსაც

და დაბნეულებს გვძინავს, როცა გაღმა გადავალთ.

შებინდებისას ნამღერი

ჰუგო ბალს

ნაცრისფერ წლებზე ოქტავების ექო ზვირთდება.

ჩამოიშალა დღეების ლიბო.

შენი მსურს ვიყო.

კუბოში ჩემი ყვითელი თმა კვლავაც იზრდება.

დასახლებულან ანწლოვანში უცხო ხალხები,

რაღაც მკვლელობა ახსენდება გაცრეცილ ფარდას,

ოთახის კედლებს წყვილი თვალის მზერა აწყდება,

აჩრდილთა გუნდი ტაბლის ირგვლივ მსვლელობას მართავს.

ნორჩმა ნაძვებმა შეისახლეს ბავშვთა სულები,

მოხუცები კი თურმე ბებერ მუხებად იქცნენ,

ვერნაცხოვრები წლების ამბებს რომ ჩურჩულებენ.

კლინტეკონგენის ტბა თავს ძველი სიმღერით იქცევს.

ავი თვალისგან თავის დაცვა არვინ მადროვა,

აი, ძვრებიან წყლის ჭურჭლიდან შავი მურთხები,

წითურმა ქალმა ძველი ზღაპრის ჭრელი ფურცლებით

სამარადისოდ მომნუსხა და მომაჯადოვა.

ჰაეროვანი სტროფები

ახლა კი უნდა ჩამოვვარდე დიდი ბურთიდან,

თანაც პარიზში ზეიმია გაჩაღებული,

Gare de l’Est -თან ადგილი აქვთ შეგულებული,

თითქოს ამ ფერად-ფერად დროშებს ქარი უცდიდა.

მაგრამ მე ახლა მათ შორის არ ვარ,

დიდია ჩემი საფრენი სივრცე,

აქ ყველა სიზმრის არევას ვიწყებ

და მიმიკების ვცდილობ შესწავლას.

აგერ სნეული მამაკაცი გოდებს ეულად,

მე მისი ბოლო გამოხედვა ჰიპნოზში მაქცევს.

იმ ზაფხულის დღის დავიწყება არ გვინდა არც ერთს.

საკნის მფლობელად შავი ჯვარი გადაქცეულა.

მოცეკვავე

გეჩვენება რომ მომნიშნეს თითქოს

და სასიკვდილო რიგებში ვდგავარ.

ეს ცოდვებისგან კიდეც მიფარავს.

ნელ-ნელა ვკარგავ სიცოცხლის სითბოს.

ნაბიჯებს უკვე დაეტყო შიში,

და გულის ცემას აღარ აქვს ვნება,

დღითიდღე კიდევ უფრო სუსტდება,

სიკვდილის მაცნე კერასთან მიზის.

მაგრამ ვიცეკვებ, ვიდრემდის ვსუნთქავ,

მალე სამარეს ჩავესვენები.

გულში არავინ მიკრავს ფერებით,

კოცნა კი კუბოს კარამდე მსურდა.

კაბარეს შემდეგ

სახლის გზას სისხამ დილით ვადგავარ,

ხუთი გამხდარა, მალე ინათებს.

თუმც სასტუმროდან მოჩანს სინათლე,

კაბარე, როგორც იქნა, დამთავრდა.

ქუჩის კუთხეში  ბავშვები სხედან,

გლეხებს ბაზრისკენ უჭირავთ გეზი,

ბებრებს – ტაძრისკენ, მდუმარე წესით,

სამრეკლოს ზარიც რეკს ქალაქს ზედა.

და თმახუჭუჭა ქუჩის მეძავი

ღამენათევი, დამზრალი მოდის.

შემიყვარე და განმწმინდე ცოდვით.

ღამის გუშაგი, ხედავ, მეცა ვარ.

***

უმწეონი ვართ ბავშვებივით,

რომ არ იციან,

აქ დატოვებენ, თუ სხვა მხარეს წაიყვანს მათ გზა.

გვხედავენ, მორცხვად ვდგავართ ფანჯრებთან,

ახარებთ ჩვენი გამოჯავრება,

მაგრამ ჩვენ კრინტსაც არ ვძრავთ.

 

რომ წავალთ ვინმე მოგვისაკლისებს?

მხოლოდ სამშობლოს ნატვრა იქნება,

შეუმჩნევლად რომ შემოგვიჩნდება,

მასაც ზაფხული და განთიადი გაჰფანტავს ისევ.

 

არადა, მართლაც ბევრი იწვალეს,

რაღაცეების ფასი გაგვეგო,

ჩვენ კი ვარდისფერ ტუჩებს ვაგებებთ

უცხოობის შიშს. და ფხიზელ თვალებს,

გაკვირვებულებს და დაღლილებს ახლო ხედებით

შორეულ გემთა მისალმების ჟინი ედებათ.

© არილი

Facebook Comments Box