დიოგენეს ბიბლიოთეკას ახალი წიგნი – ერვე ლე ტელიეს „ანომალია“ შეემატა.
ერვე ლე ტელიე (1957) ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი და ჟურნალისტია. რომანი „ანომალია“ კი, რომელიც „დიოგენემ“ გამოსცა, მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტია. გარდა იმისა, რომ ტელიე „ანომალიისთვის“ გონკურის პრემიით დაჯილდოვდა, იგი 40 ენაზე ითარგმნა და მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.
რომანი შთაგონებულია შეკითხვით – როგორი იქნებოდა საკუთარ თავთან შეხვედრა?
„როგორც ყველას, მეც მაინტერესებდა – ვინ ვარ?
დაპირისპირება სხვა-მესთან – ვიღაცასთან, ვინც ყველა შენი საიდუმლო იცის; იცის ყველაფერი, რასაც მალავ და შენი ყველა სიბნელე – ეს ძალიან საინტერესოა.
ასე რომ, ეს იყო ამ წიგნის დასაწყისი – იდეა, რომ უამრავი ადამიანი ებრძვის საკუთარ თავს“ – ამბობს ავტორი ინტერვიუში.
„ყოველთვის ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მე რომ სხვაგვარად მოვქცეულიყავი. სწორედ ესაა მიზეზი, რატომ დავიწყე წერა, რატომ გავხდი მწერალი – ესაა გზა, გამოვიკვლიო ცხოვრებები, რომლებიც მე არ მქონია. […] ესაა შესაძლებლობა, აირჩიო ის ბილიკები, რომლებიც არ აგირჩევია. პერსონაჟები შენი დუბლიორები არიან.“
დამაბნეველი, სპეკულაციური, სატირული, ძნელად დასავიწყებელი ტექსტი, რომელსაც „ფრანგული ლიტერატურის ანომალიაც“ უწოდეს პოლიჟანრულობისა თუ ორიგინალურობის გამო, ერთი უცნაური შემთხვევის შესახებ მოგვითხრობს.
2021 წლის ივნისში პარიზი-ნიუ-იორკის რეისის მგზავრების ცხოვრება მოულოდნელად იცვლება. თვითმფრინავში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები სხედან: ბლეიკი, პატივცემული ოჯახის თავი, სინამდვილეში – დაქირავებული მკვლელი; სლიმბოი, ნიგერიელი პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც ტყუილში ცხოვრება მოჰბეზრდა; ჯოანა, ადვოკატი, რომელიც თავისივე სისუსტეების მსხვერპლად იქცევა; ვიქტორ მიესელი, მწერალი (ეს პერსონაჟი შთაგონებულია ორი გარდაცვლილი და ორიც ავტორის მეგობარი, ცოცხალი მწერლით). ასევე, პერსონაჟებს შორის არიან პილოტი, რომელიც მძიმე ავადმყოფობით იტანჯება, პატარა გოგონა, ამერიკელი და ბრიტანელი მათემატიკოსები, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი, ფრანგი არქიტექტორი… სანამ მწერლის ჩანაფიქრი გაცხადდება და მივხვდებით, რომ, სინამდვილეში, არაფერია ისეთი, როგორიც გვგონია, ხოლო ჩვენი ცოდნა ბევრად უფრო არასრულყოფილია, ვიდრე წარმოგვედგინა, ერვე ლე ტელიე დამაინტრიგებლად ხატავს პერსონაჟების პორტრეტებს და ამ პორტრეტების დაფარულ მხარეებსაც ამჟღავნებს.
წიგნი გამოიცა ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ხელშეწყობით, მთარგმნელი კი პაატა ჯავახიშვილია.
„პერსონაჟები არ ჰგვანან ერთმანეთს, ყველას თავისი ძალიან განსხვავებული ცხოვრება აქვს, შემთხვევითობაა, რომ ერთ თვითმფრინავში აღმოჩნდნენ.
ნაწარმოების ჟანრი პატაფიზიკაა. ბორის ვიანს, ერთ-ერთ ყველაზე დიდი მწერალს, აქვს ნაწარმოები, სადაც ასეთი პატარ-პატარა ამბებია მოთხრობილი. იქ ოთხი პერსონაჟია, აქ – თერთმეტი. იქაც ერთ ადგილას ხვდებიან და აქაც დაახლოებით იგივე ხდება.
შეიძლება ითქვას, რომ მე ამ ჟანრით დავიწყე და ბორის ვიანით. მისი ოთხი რომანი, პიესები მაქვს ნათარგმნი. ჩემთვის ეს ჟანრია საყვარელი და ამიტომაც ავირჩიე, როცა შემომთავაზეს. ერვე ლე ტელიეს ინტერვიუებს თუ ნახავთ, ამბობს, რომ მისთვის სანიმუშო იყო ბორის ვიანი. არ ჰბაძავს, მაგრამ რაღაცები საერთო აქვს“ – ამბობს არილთან საუბრისას მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი.
ხოლო კითხვაზე, განსაკუთრებით ვისთვის იქნება საინტერესო „ანომალია“, გვპასუხობს, რომ: „ნებისმიერისთვის, ვისთვისაც ეს ჟანრი, პატაფიზიკა საინტერესოა, საინტერესო იქნება „ანომალიაც“. ასევე დააინტერესებთ მათ, ვისაც სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვა მოსწონს და ფანტასტიკების მოყვარულებსაც, მიუხედავად იმისა, რომ მთლად ფანტასტიკა არ არის“.
© არილი