პოეზია (თარგმანი)

ესპანურენოვანი პოეზიის მცირე ანთოლოგია

ესპანურიდან თარგმნა ზაალ ჩხეიძემ

ლეონ ფელიპე

გულო ჩემო, შავგულო

გულო ჩემო, შავგულო,

მარტოობით ნალესო,

უპატრონოს, უკაცურს

ჰგავხარ ციხე-დარბაზებს,

სავსეს უკიდეგანო საიდუმლო სიჩუმით.

გულო –

ციხე-დარბაზო –

დაქცეულო,

ბებერო.

გულო – ციხე-დარბაზო –

წლობით ნაპარტახალო,

ენაამორთმეულო,

სავსევ უკიდეგანო საიდუმლო სიჩუმით.

რა ხანია, მერცხლებიც აღარ გამოჩენილან,

ალბათ, აითვალწუნეს ჭერი შენი საბუდრად…

რა ხანია, მაგ ტანზე პირდაფჩენილ ნაპრალებს

შესდგომია ცახცახად ღამურების ფუთფუთი.

ქრისტე

შენ მოხველ, რათა დაგელოცა ცრემლები ჩვენი,
არ თუ დაგეშრო.
შენ მოხველ, რათა იარები დაგეხსნა ჩვენი,
არ განგეკურნა,

შენ მოხველ კვლავაც დასაგზნებად ხანძრების ჩვენის,
არ დასაშრეტად.

შენ მოხველ, რათა გეთქვა ჩვენთვის:

დაე, ცრემლებმა,

სისხლმა და ცეცხლმა

იდინოს ქვეყნად მდინარეებად.

ფედერიკო გარსია ლორკა

გიტარა

ტირის გიტარა.
იმსხვრევიან დილის თასები.
ტირის გიტარა.
ვინ დაადუმოს?
რამ დაადუმოს აწ იმისი მონაკვნესები?
ტირის გიტარა.
ასე ტირიან ნაკადულები,
ასე დასტირის ქარიშხალი ველებს თოვლიანს.
რამ დაადუმოს აწ იმისი მონაკვნესები?
ტირის გიტარა
ამბებს უშორესს,
ტირის გიტარა
მხურვალე ქვიშებს სამხრეთისას,
ალმოდებულებს,
მოტრფიალეებს უქათქათეს კამელიათა.
ტირის გიტარა
გადატყორცნილ,
დაკარგულ ისრებს.
ტირის მიმწუხრებს
უალიონოს,
ტოტზე მთვლემარე
ჩიტუნას სიკვდილს.
ჩემო გიტარავ!
ხუთი ხანჯლით დაჭრილო გულო.

ცეკვა

მოდის, როკავს კარმენი

სევილიის ქუჩებში,

დალალდათეთრებული,

თვალებნაპერწკლიანი.

ჩქარა! ჩამოაფარეთ,

გოგოებო, ფარდები!

თავზე მოუგრაგნია

ოქროსფერი ასპიტი.

ეზმანება სხვა ცეკვა,

სხვა ჭაბუკნი სხვა დღეთა.

ჩქარა! ჩამოაფარეთ,

გოგოებო, ფარდები!

უკაცრიელ ქუჩებში

შუკა-შუკა მიმალულს

გულებს ანდალუზიურს

კვლავაც წამოაკვნესებს

ძველი ნაეკლარები.

ჩქარა! ჩამოაფარეთ,

გოგოებო, ფარდები!

მიგელ ანხელ ასტურიასი

ავლადიდება

გასცემდე, ნიშნავს გიყვარდეს,
თუ გსურს, მოირღვეს ცის კიდე,
ჯერ წვეთ-წვეთობით დათესე,  
ნიაღვრად მერე იმკიდე.

ჩვენც მიტომ გავჩნდით ამქვეყნად,
სულს ისე უნდა ვლესავდეთ,
მიწაზე ხნულში ვიდგეთ და         
ზღვაში ვარსკვლავებს ვთესავდეთ.

ვინც დაინანა, უფალო,
ვინაც არ გასცა ყოველი
და შენთან მაინც მობედა,
აგე, დახედე, ცარიელ             
აბგად მოგართვი გულიო,
შენდობას როგორ მოელის?

ოქტავიო პასი

თვალდახუჭული

თვალდახუჭული

შინაგანი სინათლით ელავ

არადა ქვა ხარ უთვალისჩინო

მე ყოველ ღამით გიჭრი ორმოს თვალდახუჭული

მინდა ჩაგრგო და მინდა ჩაგთესო

არადა ქვა ხარ გულგადაშლილი

ვვებერთელდებით უსაშველოდ

რადგან ორივე

ვიცნობთ ერთმანეთს თვალდახუჭული

გაკრული ხელით

ნახშირით ვაწერ

ვაწერ ცარცით

წითელი ფანქრით

შენს სახელს ვაწერ

შენი ტუჩების სახელს ვახატავ

ვახატავ შენი ფეხების კონტურს

ვერჩი ამ კედელს უპატრონოს და

ვერჩი ამ კარებს მივიწყებულს და

ვაკაწრავ შენი სხეულის სახელს

დანის პირს სისხლი ჩამოსდის ღვარად

მკვნესარებს ქვა და

სუნთქავს კედელი

მკერდსა ჰგავს თითქოს

ადის და ჩადის

ახალგაზრდობა

ყოველი ტალღა გარდასულზე უქათქათესი

ყოველი წუთი გარდასულზე უხასხასესი

ყოველი დილა

გარდასულზე უჭაბუკესი

მერე სიკვდილი

ნათლობის შედეგები (მადლი)

ქრისტიანი უნდა მოეყვანა ცოლად,
ჰოდა, ამიტომაც
მონათლეს ჰასანი, ბიჭი პირტიტველა.

მღვდელმა,
დღეის იქით ერიკი გერქმევაო,
ვიკინგი იყო თითქოს.

ასე შერჩა ჰასანს
ორი სახელი და
ერთადერთი ცოლი.

პაბლო ნერუდა

ძალმიძს ამაღამ ვწერო ლექსები უმწუხარესი

ძალმიძს დავწერო, მაგალითად:
,,ცა ღამეული და
უშორესი ვარსკვლავების ცისფერი კრთომა“.
ერჩის გრიგალი კაბადონებს, დაძრწის და მღერის.

ძალმიძს ამაღამ ვწერო ლექსები უმწუხარესი.
მე ის მიყვარდა, ვუყვარდი მასაც, ოღონდ ხანდახან.

სხვა ღამეებში, აწინდელის ტყუპისცალებში,
მახსოვს რარიგად ვეხვეოდი,
როგორ ვკოცნიდი დახარბებული,
როგორ გვეხურა ცა უსასრულო.

ვუყვარდი მას და მეც მიყვარდა, ოღონდ ხანდახან.
განა შემეძლო არ მყვარებოდა უზარმაზარი, უმშვიდესი მისი თვალები.

ძალმიძს ამაღამ ვწერო ლექსები უმწუხარესი.
ვიცი, აღარ მყავს. ვგრძნობ, რომ დავკარგე.

ყურს ვუგდებ ღამეს, უმისობით დაუსამანოს
და ლექსი ისე ედება ჩემს სულს, როგორც ცვარი ედება ბალახს.

რაღა აზრი აქვს. ვერ დავიფარე, ტრფობამ ჩემმა ვერ დაიფარა.
კვლავაც ღამეა ვარსკვლავიანი, ის კი არსად ჩანს.

ჰო, ეგღა არის. შორს მღერის ვიღაც. მღერის ვნებით, თავდავიწყებით.
მიბორგავს სული, უმისობის შემაცქერალი.

მას დაეძებენ ჩემი თვალები,
და გულიც ჩემი მას დაეძებს, ის კი არსად ჩანს.

ღამეა ახლა, ტყუპისცალი სულ სხვა ღამეთა,
და ხეებს ჩვენსას ავარაყებს ძველი სითეთრით.
ჩვენ კი ვიცვალეთ, დიდი ხანია.

მე აღარ მიყვარს, არა ვდავობ, არადა როგორ მიყვარდა უწინ.
თან დაყვებოდა, ემგზავრებოდა ჩემი ხმა ქარებს, მას დაეძებდა.

სხვისია ახლა, სხვისია ახლა, როგორც ოდესღაც ჩემამდე იყო, ჩემს კოცნებამდე,
იმისი ხმაც და სითეთრეც მისი, მისი თვალებიც უძიროები.

მე აღარ მიყვარს, არა ვდავობ, მაგრამ, ვინ იცის, ეგების კვლავაც მიყვარდეს იგი.
რა ხანმოკლეა სიყვარული,
რა უსაშველოდ ხანგრძლივია გადავიწყება.

სხვა ღამეებში, აწინდელის ტყუპისცალებში,
მახსოვს, რარიგად ვეხვეოდი,
სწორედ ამიტომ
მიბორგავს სული უმისობის შემაცქერალი.

ოდა მიტოვებულ სახლს

სახლო, ჩემო, მშვიდობით,

ანდაც იქნებ ხვალამდის,

ანდაც ხვალის ხვალამდის,

ანდაც იქნებ მერემდის,

ანდაც მერის მერემდის.

ისევ მივალ, მივდივარ,

მინდა, გამოგეთხოვო,

გითხრა, მიყვარს რარიგად

შენი ქვებით ნაგები

უტკბილესი საგულე.

ჩემო უსათნოესო,

შენი თბილი სამზადი,

ცეცხლი ნაგიზგიზარი.

შენზე ჩამომსხვრეული

წვიმის ნიაღვარები,

როგორც გადმომქუხარი

სიმფონია ზეცისა.

გამოვკეტეთ ფანჯრები,

შემოგვადგა უმალვე

ღამე კაეშნისფერი

ყველა კუთხე-კუნჭული

შენი ითავშესაფრა.

შემოსილი წყვდიადით

კვლავ აგრძელებ სიცოცხლეს,

თუმცა დროის ტალღები

თავთით გეზვირთებიან,

თუმცა ადნობს სინესტე

შენს სულს თანდათანობით.

ზოგჯერ ვირთხა გამოვა,

გამოგღრღნის და გამოხრავს,

ზოგჯერ აიშლებიან

ძველი ფოლიანტები

იდუმალი ჩურჩულით,

ზოგჯერ გზადაკარგული

მწერი უთვალისჩინო

უნებურად გამოსცდის

შენი კედლის სიმტკიცეს,

ზოგჯერ დაგიბრიყვებს და

მარტოდმარტო დარჩენილს

ისე გაგიწვიმდება,

შენი ავი ნაპრალი

ხმით მოთქვამდეს კაცურით.

რას მალავენ, ვინ იცის,

ჩარაზული სახლები,

რა უჩინარ საწუხარს?

ალბათ მხოლოდ ჩრდილებმა,

ალბათ მხოლოდ ქარმა და

ჭერში წამონთებულმა

მთვარის თეთრმა ყვავილმა.

აბა, ახლა მშვიდობით,

აბა, ჩემო ფანჯარავ,

აბა, ჩემო კარო და

აბა, ჩემო კედელო.

აბა, ცეცხლო კეთილო,

აბა, ზედ შემომდგარო,

წყალო, ნაქაფქაფარო.

აბა, კარგად, შენ იცი,

ჩვენო სამზარეულოვ,

სანამ დაგიბრუნდებით,

სანამ შემოსასვლელში

კარის თავზე საათი

კვლავაც აწიკწიკდება,

სანამ აუძგერდება

კვლავაც გული ბებერი,

სანამ მისი ორივე,

ჟანგიანი ისარი

მკერდს დროისას, უსაზღვროს,

კვლავაც განეწონება.

ხუან რამონ ხიმენესი

***

ერთხელ ისე წამომცდა,
მუდამ, სადაც ვნახულობ, –
ის მისმენდა ეტყობა, –
თეთრი ფერი უხდება
ტრფობას საგაზაფხულოდ.

ამომხედა, ცისფერი
ტბები ამომანათა
და მწუხარე ღიმილმა
ბაგე ქალწულებრივი
წამით მოუვარაყა.

მერე ყოველ ცისმარე,
თუ მისი გზით მიმავალს
თან  მზეც მახლდა მაისის,
გადმომდგარი პარმაღზე,
ვითომ არც რა ხდებოდა,
მაბრმავებდა უწყალოდ
მისი თეთრი აისი.

მე მე არა ვარ

მე მე არა ვარ,
სხვა ვარ, ისა ვარ.
ვინც რომ გვერდზე მომყვება, მე კი მაინც ვერ ვხედავ;
ვისაც ხან ვესტუმრები,
ხანაც გადავივიწყებ.
ვინც დუმს აუღელვებლად, როცა ვმრავალსიტყვაობ,
ვინც შეუნდობს, როცა მე სიძულვილით ვიხრჩობი,
ვინც მოივლის უჩემოდ მხარეს, სადაც არა ვარ,
ვერ წააქცევს ვერაფრით, ვისაც ჩემი სიკვდილი.

ფეხები! მიწას რამსიღრმეზე ჩახორცებულნი!

ფეხები! მიწას რამსიღრმეზე ჩახორცებულნი!
ფრთები! ეჰეი, რამსიმაღლეზე აჭრილნი ზეცად!
– შუაში კიდევ რამოდენა, რა უსაშველო გულისტკივილი!

ფერნანდო ალონსო

უძილობა

ჩემი მადრიდი, დაახლოებით მილიონი ცხედრის ქალაქი (როგორც ამბობენ უკანასკნელ ამბებში ახლა).

ვბრუნდები ხოლმე ღამღამობით და ბოლთასა ვცემ აქ, აკლდამაში, სადაც ვიხრწნები ორმოცდახუთი წელიწადია.

და საათობით ვაყურადებ ქარიშხლის ღმუილს, ძაღლების ღავღავს, მთვარის შუქის დენას იდუმალს.

და საათობით მეც გავღმუი ქარიშხალივით, ვღავღავებ, როგორც ღავღავებენ ბნელში ძაღლები, დავედინები, როგორც რძე დასდის უზარმაზარი ყვითელი ძროხის მხურვალე ჯიქანს.

და საათობით ვეკითხები, მითხარ, უფალო, რადა ხრწნი ჩემს სულს ასე ნელა, ასე თანდათან.

რადა ხრწნი ცხედრებს, დაახლოებით მილიონ ცხედარს, მადრიდ-ქალაქში.

რადა ხრწნი ქვეყნად მილიარდებს, ასე ნელა, ასე თანდათან.

თქვი! რა ბაღი გაქვს ამისთანა, მოუპირავი, რომ ვერ გააძღე ჩვენი ლეშით, ვერ ამოყორე.

ჰა! გეშინია? რომ დაჭკნებიან თვალუწვდენელი ვარდნარები შენი დღეების,
რომ დაჭკნებიან სიკვდილისფერი შროშანები, უმწუხარესნი, შენთა ღამეთა!

© არილი

Facebook Comments Box