ახალი ამბები

ჟანრული ლიტერატურის ფესტივალი „ინსომნია“ დაბრუნდა

ჟანრული ლიტერატურის ფესტივალი „ინსომნია“ დაბრუნდა, მისი მხარდამჭერი ამჯერადაც მწერალთა სახლია.

„თუ გრძნობ, რომ შენი იდეები სცდება ყოფითი და რეალისტური დრამის მოსაწყენ ჩარჩოებს და მოიცავს გამოგონილ სამყაროებს, ტექნოლოგიურ გარღვევებს და კაცობრიობის აღსასრულის სცენებს, მაშინ შენ ჩვენიანი ხარ!

დაწერე 3-5 გვერდის მოცულობის ფობიოგრაფია, სადაც მაქსიმალურად კრეატიულად და მხატვრულად მოგვიყვები შენი შიშების შესახებ“ – ვკითხულობთ ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა, რომ 13 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე გააგზავნოთ „ფობიოგრაფია“ ელექტრონულ მისამართზე: fest.insomnia@gmail.com და თან დაურთოთ სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. მონაწილეთა ასაკი უნდა აღემატებოდეს 16 წელს.

შემოსული ტექსტების მიხედვით აირჩევა 7 საუკეთესო ავტორი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით გამოიკეტებიან მწერალთა სახლის ისტორიულ დარბაზში, მთელი ღამით. მათი მისია საშიში ან ფანტასტიკური მოთხრობის შექმნა იქნება.

7 მონაწილეს გამოავლენენ ჟიურის წევრები: ნატო დავითაშვილი, ნიკა სამუშია და დავით გორგილაძე.

არილი კონკურსის შესახებ ერთ-ერთ მათგანს, ნატო დავითაშვილს გაესაუბრა:

რა გამოწვევების წინაშე დგას ჟანრული ლიტერატურა საქართველოში?

ძალიან რთულია ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურულ პროცესებს თვალი გადაავლოს ადამიანმა და არ აღმოაჩინოს, რომ ჟანრულ პროზას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მკითხველიც საკმაოდ ჰყავს. ამ მხრივ, საქართველოში მთლად სახარბიელო მდგომარეობა არ არის. ძალიან ცოტა მწერალი წერს და ხანდახან წელი ისე გავა, მკითხველი წიგნის მაღაზიებში ქართველ ავტორთა ახალ ორიოდე ტექსტს თუ გადააწყდება. არადა, სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა თუ ჰორორის დამფასებელი მკითხველი ნამდვილად გვყავს, უბრალოდ ქართულ ენაზე დაწერილი ჟანრული რომანების კითხვას ნაკლებად მიჩვეულები არიან და, თქვენ წარმოიდგინეთ, პერსონაჟთა ქართული გვარ-სახელებიც უცნაურად ეჩვენებათ. მიუხედავად ამისა, დღეს ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე თუნდაც ათიოდე წლის წინ იყო. გამოჩნდნენ ავტორები და, შესაბამისად, გაჩნდა მკითხველიც. 

რა მნიშვნელობა აქვს ლიტერატურული პროცესებისთვის ჟანრული ლიტერატურული ფესტივალის არსებობას?

უნდა შევთანხმდეთ, რომ ჟანრული პროზის განვითარება ლიტერატურული პროცესისთვის დამახასიათებელია და ჩვეულებრივი ამბავია. მის გარეშე ლიტერატურული პროცესი სრულყოფილი და მრავალფეროვანი ვერ იქნება. მით უმეტეს ახლა, როცა ჟანრები სწორხაზოვნად არ ვითარდება და ერთმანეთს ასაზრდოებს. ყველაფერი, რაც ჟანრულ პროზას ლიტ. პროცესების ნაწილად  აქცევს, ასეთი კი სწორედ ლიტერატურული ფესტივალიც არის,  ზოგადად, ლიტერატურის განვითარებისთვის ხელსაყრელი ხდება.

რა არის “ინსომნია” და როგორია მისი ისტორია? გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მოლოდინები გაქვთ?

ინსომნია ჟანრული პროზის ლიტერატურული ფესტივალია. მისი იდეა ზაზა კოშკაძეს ეკუთვნის. გაზიარებისთანავე მის თანამოაზრედ ვიქეცი და დახმარებისთვის ქარჩხაძის გამომცემლობას მივმართეთ. ასე ჩატარდა პირველი ინსომნია. გამომცემლობამ ინსომნიას შვიდი ღამით წიგნების მაღაზია ‘ბუქსითი“ დაუთმო, სადაც  ფესტივალის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულები მთელი ღამით იკეტებოდნენ და წერდნენ მოთხრობას შემდეგ ჟანრებში: სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი, ჰორორი, მისტიკა.

წინა წლების გამოცდილებით, დარწმუნებული ვარ, წელსაც საინტერესო მოთხრობები დაიწერება. წელსაც ბევრი ახალბედა თუ გამოცდილი მწერალი აღმოაჩენს, რომ ჟანრულ პროზაში წერა მათთვის საინტერესოა. ყველა თუ არა, რამდენიმე მაინც გადაწყვეტს, რომ მომავალში სწორედ ამ მიმართულებით იმუშაოს.  ეს კი ისევ და ისევ ქართული ლიტერატურის მრავალფეროვნებას წაადგება.

© არილი

Facebook Comments Box