რეცენზია

ვახუშტი კოტეტიშვილი – აღმოსავლურ-დასავლური დივანი

ანდრო ბუაჩიძე


“ვაგლახ, ქარი და ღრუბელია წუთისოფელი”

ვახუშტი კოტეტიშვილი. აღმოსავლურ-დასავლური დივანი. რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, დიზაინი გუგა კოტეტიშვილი, ბესიკ დანელია, თბ., “დიოგენე”, 2002.

ვახუშტი კოტეტიშვილის რჩეული თარგმანების წიგნის პირველი გვერდებიდანვე ძალდაუტანებლობა და ნატიფი ფანტაზიის თავისუფალი მოძრაობა გეცემა თვალში. ყდაზე სპარსული მინიატურის ცალკეული ფრაგმენტებია აღბეჭდილი და წარწერასთან ერთად გემოვნებით შესრულებული კოლაჟის შთაბეჭდილებას ტოვებს. წარწერა კი, ანუ სათაური, მართლაც შესანიშნავია – “ვახუშტი კოტეტიშვილი, აღმოსავლურ-დასავლური დივანი”. ასეთი წარწერით საბჭოთა პერიოდში შეუძლებელი იყო თარგმანების კრებულის გამოცემა. ცუდი ის არის, რომ პოსტსაბჭოთა ხანაშიც, ინერციისა თუ უგემოვნობის გამო ხშირად საბჭოთა კლიშეების ტყვეობაში ვრჩებით ხოლმე. ზოგჯერ არღვევენ ამ კლიშეებს, მაგრამ ისე არღვევენ, რომ საბჭოთა სტერეოტიპები მოგენატრება.
ეს წიგნი ბედნიერი გამონაკლისია და ხვდები, რა იშვიათია გემოვნება შერწყმული ცოდნასთან და გამოცდილებასთან. წიგნის სათაური სადაა, უბრალოც, აზრიანიც და ხატოვანიც. სწორედ მოიქცა მთარგმნელი, როცა წინასიტყვაობაში განმარტა სათაურის წარმომავლობა და თავისი არჩევანის მიზანდასახულება, ვინაიდან უბირ მკითხველს შეიძლებოდა ყოვლად უაზრო ეჭვები გასჩენოდა.
იგივე წინასიტყვაობაში ვახუშტი კოტეტიშვილი მხატვრული თარგმანის საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს არა ცალკეულ მოსაზრებებთან, არამედ მთელ კონცეფციასთან, რომელიც ძალზე მკაფიოდ და ნათლად არის გადმოცემული. ვახუშტი კოტეტიშვილის ტექსტი ლაღია და თავისუფალი, მისი “თარგმანის თეორია” პიროვნული გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. აქ ვერ შეხვდებით მოდურ თეორიულ ენაბრგვილობას, რომელიც რაც უფრო პირქუში და ბურუსით მოცულია, მით უფრო მეტი პრეტენზია აქვს ხოლმე ჭეშმარიტებისა.
ვახუშტი კოტეტიშვილის ნააზრევში დედნის გაგებას, ინტერპრეტაციას, საერთოდ დედნისადმი დამოკიდებულების კულტურას უჭირავს მთავარი ადგილი.
მართლაც, გამოცდილი და ნიჭიერი მთარგმნელი მთლიანად დედანზე უნდა იყოს ორიენტირებული. წამკითხველს გაუკვირდება და იტყვის, აბა ამას რა მტკიცება სჭირდებაო. საქმე ისაა, რომ ამ თეორიულ დებულებას ყველა იზიარებს, მაგრამ მისი პრაქტიკული განხორციელება ძალიან ძნელია და ამიტომაც არსებობს საგანი, რომელიც არამარტო თარგმანის თეორიას ითვალისწინებს, არამედ მის პრაქტიკასაც. აკი წერს კიდეც ვახუშტი კოტეტიშვილი თავის წინასიტყვაობაში: “მე მგონი მეტისმეტად მენტორული წინასიტყვაობა გამომივიდა, მაგრამ ესეც ალბათ ასაკის ბრალია. “თარგმანის თეორიასა და პრაქტიკას” იმდენი წელია ვასწავლი თბილისის უნივერსიტეტში, რომ ჩემდაუნებურად ზოგჯერ ყველაფერი ერთად ამომეთქმევინება ხოლმე”.
მენტორულობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ვახუშტი კოტეტიშვილმა მართლაც ყველაფერი თქვა, თვალსაჩინო მაგალითებით ჩამოაყალიბა თავის სათქმელი. მე პირადად მრავალგზის დავსწრებივარ მის ლექციებს, სადაც უმთავრესად იმ სიძნელეზე იყო საუბარი, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო დედნისადმი სიახლოვე. ეს ლექციები საინტერესო გახლდათ იმ ნიშნით, რომ შესაბამისი სიტყვის, ინტონაციის, ტროპული მეტყველების ნიმუშების ძიება პრაქტიკულად, უშუალო გამოცდილების გაზიარებით ხდებოდა. არ მავიწყდება ერთი ლექცია, სადაც ბატონი ვახუშტი საუბრობდა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რისი თარგმნა სურდა და რა ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, აქაც ძალზე თვალსაჩინო მაგალითები მოჰყავდა და მსმენელთათვის აშკარა იყო, მთარგმნელობა უძნელესი საქმიანობაა და ყოველთვის სასურველი შედეგის მიღწევა არ ხერხდება. ის კი არა, ჩემი აზრით, მხატვრული ტექსტის მთარგმნელს იმისი წინასწარჭვრეტის უნარიც უნდა გამოუმუშავდეს, თუ რის თარგმნას შეძლებს და რისას ვერა.
ისევ წინასიტყვაობას მივუბრუნდეთ: “კლასიკური ლიტერატურის თარგმნისას, ვაი, რომ, მხოლოდ ენის ცოდნა არ არის საკმარისი. თარგმანი თავისთავად, უპირველეს ყოვლისა, ჰერმენევტიკული პროცესია, ანუ მხატვრული ტექსტის სწორად წაკითხვისა და ინტერპრეტაციის ხელოვნება”. ჩემი აზრით, “სწორად წაკითხვა” თავისთავად გულისხმობს მხატვრული ტექსტის და კერძოდ, პოეზიის არსისეულ გაგებას, რაც თავისებური ნიჭია და პიროვნების ასევე თავისებურ, სპეციფიკურ შინაგან სტრუქტურას საჭიროებს. აქ ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნება. განა ვინც ქართული ენა იცის, ყველას ესმის რუსთაველის, ბარათაშვილის, გალაკტიონის პოეზია?
ასე რომ, პოეზიის აღქმა-გაგება იშვიათთა ხვედრია. მთარგმნელისთვის ამას სწორად წაკითხვის და ინტერპრეტაციის უნარი უნდა დაემატოს, რაც ენის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია. თეორიულ პოსტულატებს კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარი აზრი არ ექნება, თუ კონკრეტულმა პრაქტიკულმა მეცადინეობამ სასურველი შედეგი არ გამოიღო. კიდევ ერთი ციტატი: “მთარგმნელობა ისეთივე სენია, როგორც ხელოვნების ნებისმიერი დარგი: მუსიკა თუ პოეზია, მხატვრობა თუ პლასტიკა… ქვეცნობიერების საწყისი მასშიც ისეთივე ძლიერია, როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, მაგრამ ცნობიერების დოზა მასში მაინც ჭარბობს, ვინაიდან ეს ერთგვარი სიტყვარი “იკებანაა”, რომელშიც გონება და გემოვნება, ცოდნა და გამოცდილება თუ არ ჩაერთო, მხოლოდ შიშველი ნიჭი ვერას გახდება”.
ცნობიერების დოზა მართლაც ჭარბობს მთარგმნელობაში. ზოგადად მთარგმნელობა არ არსებობს. არიან მთარგმნელები, ნამდვილი პროფესიონალები, რომელთაც ცნობიერება გააჩნიათ, ე.ი. აქვთ ანალიტიკური უნარი. და არიან ისეთებიც, რომელთაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს უნარი დაბადებითვე არ დაჰყოლიათ. ამ უკანასკნელთ, სერიოზული ნაკლოვანების გამო დამხმარე თეორია აქვთ მოგონილი. ისინი ამბობენ, რომ არავითარი ტექსტის გაგება და ინტერპრეტაცია არ არის საჭირო, მთარგმნელს უფლება აქვს, რაც უნდა და როგორც უნდა ისე თქვას და ისე გარდათქვას. ბუნებრივია, ასეთი თვალსაზრისი მთარგმნელს საშუალებას აძლევს თავისი თავი წინა პლანზე წამოსწიოს და სათარგმნი ავტორი (ვინც არ უნდა იყოს ის) მიჩქმალოს. როგორც ბატონ ვახუშტის წინასიტყვაობიდან ვიგებთ, ერთი ასეთი მსოფლმხედველობის ფილოლოგ-ფილოსოფოსი მას შემთხვევით გადაჰყრია და უთქვამს, შენს თარგმანებში რილკე დავინახე, მაგრამ შენ არ ჩანხარო. მთარგმნელს უპასუხია, ასეც უნდა იყოსო და ამით დამთავრებულა მათი დიალოგი.
აშკარად მძიმე სურათია დახატული. ვინაიდან თუ ფილოლოგ-ფილოსოფოსს არ ესმის ის ელემენტარული ამბავი, რომ თარგმანში რილკე უნდა ჩანდეს და არა მთარგმნელი, მაშინ ჩვეულებრივ მკითხველს რაღა მოეთხოვება!
ათასგვარი განსაზღვრება არსებობს პოეზიისა, ერთ-ერთი ასე ჟღერს: “პოეზია არის ის, რაც არ ითარგმნება”. პოეზიის უთარგმნელობის შესახებ არაერთხელ გამოთქმულა აზრი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რაც უფრო საეჭვოა თარგმანის ხელოვნება, მით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ის. საზოგადოდ კი თარგმანის საეჭვოობას აქარწყლებს რეალურად არსებული კონგენიალური პოეტური თარგმანები. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სახის პოეზიის თარგმნასთან გვაქვს საქმე. არსებობს ლირიკა, რომელიც მთლიანად ბგერწერაზეა აგებული. ბგერწასული ნიუანსების გადმოღება ერთი ენიდან მეორეზე შეუძლებელია. უნდა შეიქმნას მსგავსი ასოციაციის ან შთაბეჭდილების გამომწვევი ბგერწერული სახე-ხატები. ეს სახე-ხატები ამა თუ იმ ენის კანონზომიერებას და გამოცდილებას უნდა დაექვემდებაროს.
ასე რომ, არსებობს სხვადასხვა ხასიათის სიძნელეები, რომელთაც, ჩემი აზრით, მთარგმნელი შინაგანი ალღოთი უნდა გრძნობდეს. კარგად წერს ვახუშტი კოტეტიშვილი: “ახლა კი ორიოდ სიტყვით მინდა ამ წიგნის ახალგაზრდა მკითხველებსა თუ მომავალ მთარგმნელებს გავუზიარო ჩემი ზოგიერთი შეხედულება მხატვრული თარგმანის წყალქვეშა მეჩეჩებზე და იმ საბედისწერო მოულოდნელობებზე, რაც ამ ფათერაკიან გზაზეა მოსალოდნელი”. ზუსტად არის მიგნებული გამოთქმები “მხატვრული თარგმანის წყალქვეშა მეჩეჩები” და “საბედისწერო მოულოდნელობები”. ნამდვილად ასეა, გზადაგზა თარგმნისას ისეთი ხასიათის წინააღმდეგობებმა შეიძლება იჩინოს თავი, რომელთაც არავინ მოელოდა.
ჯერ კიდევ იმ ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდში უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეხვედრა მოუწყეს ერთ მთარგმნელს. იქვე იყო ვახუშტი კოტეტიშვილიც და კითხულობდა საკუთარ თარგმანებს. ამ შეხვედრიდან ასეთი ეპიზოდი დამამახსოვრდა: ბატონმა ვახუშტიმ ერთ-ერთი თარგმანის წაკითხვამდე მცირე პაუზა გააკეთა. სტუდენტებმა ამით ისარგებლეს და სეტყვასავით მიაყარეს მთარგმნელს მისივე თარგმანები, – ჰაფეზის, ხაიამის, რუდაქის, ჯამის და სხვათა და სხვათა ლექსები. “შენ სანთელი ხარ, მე მიმქრალი სანთლის მუდარა / მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა რა, / სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი, / შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა, / სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა / ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა / ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს, შემოგეხვევა ვნებისაგან ტანზე სუდარა”. ერთმა რომ ეს ლექსი ჩაათავა, მეორემ სხვა დაიწყო: “რადგან რაიმე, ქარის გარდა არ არსებულა, / რადგან ყოველი დაქცეულა, არ ავსებულა, / არ არსებული არსებულად უნდა ჩათვალო, / არსებული კი მიიჩნიო არ არსებულად”. ვიღაცამ ისევ ხაიამი გააგრძელა: “ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე, / დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე, / დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე, / ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ”.
სტუდენტები ზეპირად წარმოთქვამდნენ ლექსებს და აშკარა იყო, ეს ლექსები უკვე მთარგმნელს აღარ ეკუთვნოდა, მათ თავიანთი კუთვნილი ადგილი მკითხველის გულსა და გონებაში ეპოვათ.
მართლაც იშვიათი შემთხვევაა – ხშირად ორიგინალური ლექსებიც კი არ ამახსოვრდება მკითხველს. თარგმანების ასე აღქმა და გათავისება კი უიშვიათესია. სხვათა შორის, ომარ ხაიამის რობაიების ცალკე წიგნად გამოსვლისთანავე (თითქმის ნახევარი საუკუნის წინ გამოვიდა) ზუსტად ასევე აღიქვა და გაითავისა ქართველმა მკითხველმა ეს სიბრძნით და მახვილგონიერებით აღსავსე პოეზია.
ვახუშტი კოტეტიშვილს, როგორც სიტყვის ოსტატს, პოეტს და მთარგმნელს აქვს უნარი, ირაციონალური ნიჭი, სიტყვიერ მასალაში მძაფრი სიცოცხლის შეტანისა. სწორედ ეს თვისება გამოვლინდა ყველაზე მეტად აღმოსავლური პოეზიის თარგმანებში. მისი თარგმანების უმრავლესობამ ისეთი მკაფიოება, ემოციური სისავსე და სინატიფე შეიძინა, რომ მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა მკითხველთა მახსოვრობაში არ აღბეჭდილიყო. აი, კიდევ ერთი ნიმუში რუდაქის პოეტური საგანძურიდან: “ილხენდე ლამაზ შავთვალასთან ხალვათად მჯდარი, / წუთისოფელი ზღაპარია და ნიავ-ქარი. / რაც უნდა მოხდეს, მას ყოველთვის შეხვდი ხალისით, / რაც უკვე მოხდა, დაივიწყე, უქციე მხარი. / მე და ის – ამბობს სურნელებით დალალაშლილი, / მე და ის – სახით მთვარისა და ფერიის დარი. / ბედნიერია ვინც ირგო და უხვადაც გასცა, / უბედურია, ვინც სიამეს მიუხშო კარი. / ვაგლახ, ქარი და ღრუბელია წუთისოფელი, / მოიტა ღვინო და დავლიოთ, რაც არი, არი!”
ირაციონალიზმზე როცა ვლაპარაკობთ, არც “რაციოს” მონაწილეობა უნდა დავივიწყოთ. ვახუშტი კოტეტიშვილის კალამს ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევა “სპარსული ლექსის პოეტიკა”. ეს გამოკვლევა მთარგმნელის პროფესიული მზადყოფნის დასტურია. სპარსული ლექსის სტრუქტურა რთულია და მრავალწახნაგოვანი, ორიგინალურია და თვითმყოფადი. მხოლოდ ყოველივე ამის საფუძვლიანი ცოდნის და გათვალისწინების შემდეგ შეიძლებოდა ფიქრი ირაციონალურ მომენტებზე.
“აღმოსავლურ-დასავლური დივანი” ოთხი ნაწილისაგან შედგება: 1. შესავალი. 2. სპარსული პოეზია. 3. ავსტრო-გერმანული პოეზია (რილკე). 4. XX საუკუნის რუსული პოეზია.
მაშასადამე, XX საუკუნის ურთულესი აზროვნების მქონე ავსტრიელი გერმანულენოვანი პოეტის რაინერ მარია რილკეს თარგმნას აღმოსავლურ პოეზიაზე მუშაობა უძღ ოდა წინ. ვახუშტი კოტეტიშვილი მრავალი წლის მანძილზე თარგმნიდა რილკეს. იქმნებოდა სხვადასხვა ვარიანტი ცნობილი ციკლებისა: “ჟამნი”, “სონეტები ორფევსისადმი”, “დუინური ელეგიები”. უკვე გამოქვეყნებული თარგმანები იცვლებოდა, მუშავდებოდა ოპტიმალური ვარიანტები დედანთან სიახლოვის თვალსაზრისით.
რილკეს თარგმნის პროცესშიც ბატონი ვახუშტი ნამდვილი ჰერმენევტიკოსი იყო. მის მიერ “პოეტურად გაწყობილი” ყოველი ფრაზა ღრმა გაგების საფუძველზეა აღმოცენებული. რილკეს უაღრესად თავისებურ ფენომენთან ზიარებამ, მისი აზროვნების სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებამ მთარგმნელი საიმისოდ განაწყო, რომ თანდათანობით შეემუშავებინა მეთოდი ამ პოეზიის თარგმნისა. ჩემი აზრით, ბატონმა ვახუშტიმ აქცენტი გააკეთა ვრცელი ფრაზების ინტონაციურ წყობაზე. ამავე დროს ის შეეცადა რილკეს გაშლილი მეტაფორები და ჩახვეული პოეტური სახეები თითქმის ზუსტად გადმოეტანა. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ბოლომდე უნდა გაეგო ესა თუ ის მეტაფორა ან სახე, ეგრძნო მისი ხიბლი, დაეჭირა პოეტური რეგისტრის მონაცვლეობა ლექსის მთელ სივრცეზე.
ვახუშტი კოტეტიშვილმა გაამარტივა სარითმო სიტყვა, მეტის თქმაც შეიძლება, რითმა რილკესთან შეუმჩნეველი გახდა, ინტონაციური წყობის ისეთ კომპონენტად იქცა, რომელსაც კი არ უნდა შეეფერხებინა ლექსის მდინარება, არამედ ტალღისებურად გადაეტანა ერთი ლირიკული აქცენტიდან მეორეზე. არაერთხელ თარგმნილა “ჟამნის” ლექსები ქართულად, მაგრამ ვახუშტი კოტეტიშვილის ობიექტივმა ისეთი ნიშნები აღბეჭდა იმ ციკლისა, რაც სხვას არ აღუბეჭდავს: “ვით ღამის დარაჯს, ვენახში რომ უდგას უბრალო / ქოხი, რომელშიც ფხიზლობს ღამით წამის-წამისად, / ასე, შენს ხელში, მეც ქოხი ვარ, ჩემო უფალო / და ღამეც მე ვარ, მეუფეო, შენი ღამისა. / ვენახი, ძველი ვაშლოვანი, ველი თუ ყანა, / ერთ გაზაფხულსაც რომ არ ცდება და მუდამ ლაღობს, / მარმარილოსებრ მკვრივ მიწაზე ჯიუტად დგანან / ლეღვის ხეები და სძალავენ ასობით ნაყოფს. / შენს მრგვალ რტოთაგან მოიფრქვევა სურნელი შენი / და არც კითხულობ, მართლა ფხიზლობ, თუ ეს ძილია. / შენი სიღრმენი ლღვებიან და ისე ვით წვენი, / მშვიდად, უშიშრად ამოდიან და გვერდს მივლიან”.
“აღმოსავლურ-დასავლური დივანის” ბოლო ნაწილია “XX საუკუნის რუსული პოეზია”. ინოკენტი ანენსკის, მაქსიმილიან ვოლოშინის, ნიკოლაი გუმილიოვის, ოსიპ მანდელშტამის, მარინა ცვეტაევას, იოსიფ ბროდსკის ლექსები შემთხვევით არ არის თავმოყრილი. მთარგმნელმა ის ნაწარმოებები თარგმნა და შეიტანა წიგნში, რომლებიც მის შთაგონებას შეეხო. ყოველი ლექსი შთაგონებით არის თარგმნილი. ამიტომაცაა აქ კონგენიალური თარგმანები: ვოლოშინის “ჯოჯოხეთის ფსკერზე”, გუმილიოვის “მეექვსე გრძნობა”, მანდელშტამის “ლენინგრადი”, ბროდსკის “ორი საათი რეზერვუარში”.
ჩემი ღრმა რწმენით, ვახუშტი კოტეტიშვილის რჩეული თარგმანების კრებული ჟამთასვლის და მსწრაფლწარმავლობის მიუხედავად, თავის მუდმივ ადგილს დაიმკვიდრებს ქართულ ლიტერატურაში, ვინაიდან ის სწორედ ქართული ლიტერატურის, მწერლობის, სიტყვიერების განუყოფელ ნაწილად იქცა უკვე. ჩვენ კი, ბატონ ვახუშტის მკითხველებს და ნაცნობ-მოსწავლეებს, ყოველი წაკითხვისას ჩაგვესმება მისი გაბზარული ხმა: “ვაგლახ, ქარი და ღრუბელია წუთისოფელი, მოიტა ღვინო და დავლიოთ, რაც არი, არი!”

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box