პორტრეტი

ვირჯინია ვულფის დღიურები – „მოწყენილობა. ყველაფერმა დაკარგა მნიშვნელობა”

მისი დღიური სავსეა ტკივილით: სიკვდილები, დანაკარგები, ავადმყოფობები, სევდა, დეპრესია, ტანჯვა, შიში. მაგრამ ყოველ გვერდზე იჭრება სიცოცხლე, თავისი გასაოცარი ენერგიით, სიამოვნებითა და სიხარულით. დღიური თავისი დროის შეუდარებელი დოკუმენტია, ცოცხლად აღქმული ინდივიდების გალერეა, მწერლის შემოქმედებითი პროცესების ანარეკლი, მედიტაცია ცხოვრებაზე, სიყვარულზე, ქორწინებაზე, მეგობრობაზე, მარტოობაზე, საზოგადოებაზე, დროსა და მოკვდაობაზე… ესაა ერთ-ერთი საუკეთესო დღიური მათ შორის, რაც ოდესმე დაწერილა, – ასე აფასებენ ვირჯინია ვულფის დღიურებს, რომლებიც რამდენიმე ტომადაა გამოცემული.

პირველ გადარჩენილ დღიურში ჩანაწერები 1897 წლიდან იწყება, როცა ვირჯინია 15 წლის იყო. უკანასკნელი ჩანაწერი კი თარიღდება 1941 წლით. იგი 24 მარტს, მის სიკვდილამდე 4 დღით ადრე არის გაკეთებული.

ამ ჩანაწერებს ვულფი რამდენიმე ათეული წელი ინახავდა, ზოგჯერ უკვე შევსებულ გვერდებს უბრუნდებოდა წარსულის გასახსენებლად და ჩავლილ დღეებს დღიურის ფურცლების გავლით სტუმრობდა.

ვიდრე თავს მოიკლავდა, 1941 წლის 28 მარტს, ვირჯინიამ ქმარს, ლეონარდს დაუტოვა წერილი, რომელშიც თავისი დღიურების განადგურებას სთხოვდა. ლეონარდმა მისი სურვილი არ შეასრულა. ნაცვლად იმისა, რომ გაენადგურებინა, შეაგროვა და საგულდაგულოდ შეინახა ვირჯინიას ნივთები და ჩანაწერები.

1953 წელს სწორედ ლეონარდი იყო ის ადამიანი, რომელმაც შეარჩია მასალა „მწერლის დღიურისთვის“, რომელმაც ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა მკითხველს, რომ ვულფი თავს მხოლოდ წერას უძღვნიდა. მისი დღიურების სრულად გამოქვეყნებამ 20-ზე მეტი წლის შემდეგ კი ვირჯინიას შესახებ მკითხველების აზრი მნიშვნელოვნად შეცვალა.

ვულფს, დღიურებიდან გამომდინარე, ხშირად აკრიტიკებდნენ მისი შეხედულებების გამო. ოლივია ლეინგი (ვირჯინიას დღიურების ერთ-ერთი გამოცემის წინასიტყვაობის ავტორი) აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ჩანაწერი სნობიზმითა და უხეშობით აოგნებს მკითხველს, თუმცა, ასეთი ეპიზოდების არსებობის მიუხედავად, ვირჯინია მაინც ბევრად უფრო პროგრესული ადამიანი გახლდათ, ვიდრე მისი წრის სხვა წარმომადგენლები იყვნენ მაშინ. მართალია, მისი დღიურებიდან რამდენიმე შეურაცხმყოფელი შენიშვნა ამოიღეს, მაგრამ, საერთო ჯამში, მისი ენის შელამაზება არ უცდიათ და მაქსიმალურად შეინარჩუნეს ჩანაწერების ავთენტურობა.

1939 წელი, ლონდონი

არავის შეეძლო ისე შეერცხვინა ან დაედანაშაულებინა რამეში ვირჯინია, როგორც ამას თავად აკეთებდა. ის უზომოდ თვითკრიტიკული ადამიანი იყო, გამუდმებით ცდილობდა, თავისი ეგოცენტრიზმის მიღმა, გარე სამყაროში გასულიყო და გვერდიდან დაენახა საკუთარი თავი. გარე სამყაროზე დაკვირვების, მისი აღწერის საუკეთესო მაგალითი მისივე დღიურებია. ვირჯინიას ჩანაწერები ნამდვილი განძია: იქ ბინადრობენ ცნობილი ქალები და მამაკაცები, რომლებთანაც ვირჯინიას ჰქონდა ურთიერთობა (ჰარდი, იეიტსი, ელიოტი და სხვანი); იქვეა ნაკლებად ცნობილი ადამიანებისა და მათი ცხოვრების დასამახსოვრებელი სურათებიც.

დღიური, ამ ყველაფერთან ერთად, ის ადგილიც იყო ვირჯინიასთვის, სადაც ყველა შემაწუხებელი გრძნობისგან ცდილობდა გათავისუფლებას. გარდა ამისა, ჩანაწერებში ხშირად აღწერდა თავის სამუშაო პროცესს. აანალიზებდა მხატვრულ ტექსტებს, რომლებსაც ქმნიდა. მეტიც, დღიური ის ადგილიც იყო, სადაც „წერაში ვარჯიშობდა“. მისი რომანები დღიურებში იღებდა სათავეს. თავისი მეგობრის თვითმკვლელობის შემდეგაც დღიურს აფარებდა თავს და წერდა: „მოხარული ვარ, რომ ცოცხალი ვარ და ვწუხვარ მკვდრების გამო“.

ვულფი დღიურში თავად დღიურის შესახებაც კი წერდა: „როგორი მინდა იყოს ჩემი დღიური? თავისუფალი, მაგრამ არა მოუწესრიგებელი“.

სხვადასხვა წლის ჩანაწერებში ვკითხულობთ:

„მომწონს საკუთარი ნაწერები. მეჩვენება, რომ ახლა უფრო ახლოსაა ისინი ჩემთან, ვიდრე ადრე.“

„რატომ ვარ მგრძნობიარე? ვფიქრობ, თავმოყვარეობის გამო: არ მომწონს ის აზრი, რომ შეიძლება, დამცინონ.“

„მოწყენილობა. ყველაფერმა დაკარგა მნიშვნელობა. გაზეთების კითხვას აზრი არა აქვს. BBC მანამ აცხადებს ახალ ამბებს, სანამ მოხდება. სიცარიელე. არაეფექტურობა. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩავიწერო. ჰო, სამყარო ცარიელი უაზრობაა ახლა.“

„ახლა ომში ვართ. ინგლისს თავს ესხმიან. გუშინ პირველად მქონდა ეს განცდა. განცდა ზეწოლის, საშიშროების, საშინელების.“

„იდეა – ყველა მწერალი უბედურია. ამიტომაც წიგნებში სამყაროც მეტისმეტად ბნელია. მხოლოდ უსიტყვო ადამიანები არიან ბედნიერები. […] მუსიკოსები, მხატვრები თუ გრძნობენ თავს ბედნიერად? უფრო ბედნიერია მათი სამყარო?“

„ყოველდღე ვფიქრობდი მშობლებზე. მაგრამ რომანმა „გზა შუქურისკენ“ ისინი ჩემს გონებაში დააბინავა. ახლა მამა ხანდახან ბრუნდება უკან, მაგრამ განსხვავებულად (მჯერა, რომ ეს ასეა – არაჯანსაღად ვიყავი შეპყრობილი ჩემი მშობლებით და მათ შესახებ წერა აუცილებელი იყო).”

„მაქვს ძალა, გადმოვცე რეალობა? თუ მხოლოდ ესეებს ვწერ საკუთარი თავის შესახებ?“

© არილი

Facebook Comments Box