ახალი ამბები

ვირჯინია ვულფის სკულპტურა – ტანჯული გენიოსის იდეის წინააღმდეგ

ვირჯინია ვულფის პირველი სრული ზომის ქანდაკება დამზადდა და რიჩმონდის პირას დაიდგა, სადაც მწერალმა ჰოგარტის პრესა დააარსა და 10 წელი ცხოვრობდა.

5 წლიანი ფინანსური კამპანიის შემდეგ სკულპტურამ ძელსკამზე დაიკავა ადგილი. ვირჯინია ვულფი წიგნით ხელში, მოღიმარი ამხნევებს გამვლელებს, მასთან ფოტოს გადასაღებად რომ შეჩერდნენ და გვერდით ჩამოუსხდნენ.

შერილ რობსონი, ადგილობრივი გამომცემელი, რომელიც კამპანიას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ისეთი შთაბეჭდილების შექმნა სურდათ, თითქოს ვირჯინია ტკბება დღით – „მინდოდა, რომ ბედნიერი გვეჩვენებინა, დამწუხრებული ხელოვანის სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ“.

„თავისთოქის მოედანზე არის ვულფის ბიუსტი, რომელიც მას წარმოაჩენს როგორც მწუხარე, ტანჯულ გენიოსს. მას სძულდა ეს ბიუსტი. საშინელია ის ფაქტი, თუ როგორია მისი რეპრეზენტაცია სიკვდილის შემდეგ – სტერეოტიპული იდეა, რომ ქალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გენიოსი, როცა ფსიქიკურად ავადაა. ჩვენ ამ მოტივს ვუპირისპირდებით. თუკი მის დღიურებს წაიკითხავთ, ნახავთ, რომ იგი ყოველდღე თავის ძაღლთან ერთად სეირნობდა მდინარის გასწვრივ, მერე ჩამოჯდებოდა და ხედით ტკბებოდა. ამიტომაც ეს ნამდვილი ისტორიაა და ვფიქრობ, ხალხსაც მოეწონება იდეა, რომ მის გვერდით ჩამოჯდომა შეუძლიათ“ – აღნიშნავს რობსონი.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის ადრეულ ეტაპზე რიჩმონდის საზოგადოების წევრების წინააღმდეგობას წააწყდნენ, მათ შერჩეული ადგილი „უგრძნობი და უგუნური“ ეჩვენებოდათ, იმის გათვალისიწნებით, რომ მოგვიანებით ვირჯინიამ მდინარეში თავი დაიხრჩო. თუმცა ადგილობრივები არ ეთანხმებოდნენ, მათმა უმრავლესობამ პროექტის სასარგებლოდ მისცა ხმა, სამიზნე თანხა £50,000 კი ასობით მცირე შემოწირულობით შეგროვდა.

ისტორიკოს ენ სებას მიხედვით, ვულფის რიჩმონდში გატარეული დრო, 1914-24 წლები, „შემოქმედებითად ძალიან აქტიური იყო“. ვირჯინიამ იქ დაასრულა და გამოაქვეყნა რომანი, ესეები და მოთხრობები. იქვე მუშაობდა „მისის დოლოვეიზე“.

 „ძალიან ცოტა ქალი რეპრეზენტირებულა სკულპტურაში. ჩემთვის აღსანიშნავია, რომ ვულფი იქ იქნება, სადაც უამრავი ადამიანი დადის, სადაც უამრავი ქალისა და გოგონასთვის გახდება შთამაგონებელი. ვულფი ზის ძელსკამზე, წიგნი უჭირავს და ისეთ პოზაშია, რომ ინტერაქციისკენ გიბიძგებს“ – ამბობს სკულპტორი ლორი დაიზენგრიმელი.

მჯდომარე ვულფის ქანდაკების იდეა ნაწილობრივ პოეტ პატრიკ კავანას ქანდაკებამ გააჩინა, რომელიც დუბლინშია განთავსებული. ადამიანები ჩერდებიან, რათა ხელი მუხლზე დაადონ ან მხრებზე გადახვიონ. დუბლინელებს სიამოვნებთ ასეთი ურთიერთობა თავიანთი ავტორების ქანდაკებებთან. იქვეა ოსკარ უაილდი, უილიამ ბატლერ იეისტი, ჯეიმს ჯოისი… თუმცა ბრიტანეთში საჯარო მონუმენტებთან უფრო რთული ურთიერთობა აქვთ. მაგალითად, 2020 წელს ადამიანთა ჯგუფი ჯორჯ ელიოტის ქანდაკების გარშემო იდგა, რათა იგი „Black Lives Matter“ დემონსტრაციისგან „დაეცვა“. მოგვიანებით მერი ჰამბლინგის მიერ დამზადეულმა მერი უოლსტონკრაფტის მემორიალმა დაიმსახურა კრიტიკა. ავტორი ამტკიცებდა, ქანდაკება იმიტომ უნდა ყოფილიყო შიშველი, რომ ტანსაცმელი ადამიანს განსაზღვრავსო. უფრო პოპულარულია ჯეინ ოსტინის სკულპტურა. „ჩემს ქალიშვილებს ყოველთვის უყვარდათ“ – ამბობს მასწავლებელი, რომელიც იქვე ცხოვრობს – „ვფიქრობ, იმიტომ, რომ ის მიწაზეა, შეუძლიათ შეხება და ახლოდან დანახვა“.

მერი უოლსტონკრაფტის მემორიალის ფრაგმენტი

მოქანდაკე ლუსი ბრანჩის აზრით, ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან მნიშნელოვანია. ხოლო ფილიპ ლარკინის, ჯორჯ ორუელისა და ჩარლზ დიკენსის სკულპტურების ავტორი მარტინ ჯენინგსი ამბობს, რომ ყოველთვის ხელოვანები იყვნენ მისი გმირები, სკულპტურაზე მუშაობის დაწყებამდე კი ხელახლა კითხულობდა ყველა მათგანის წიგნებს და სულ მცირე ერთ ბიოგრაფიას მაინც.

ვირჯინია ვულფი შეურთდა იმ მწერლებს, რომელთა სკულპტურებმაც უკვე იპოვეს ქუჩებში თავიანთი ადგილი.

© არილი

Facebook Comments Box