ლექცია

ოლგა ტოკარჩუკი – როგორ დაიწერა „წიგნები იაკობისა“

2018 წელს ლოძის უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსიდან

„ლიტერატურის მეშვეობით სამყაროს შექმნის ფსიქოლოგია“

პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

შთაგონებანი:

ეს იქნება ძალიან გულახდილი ლექცია. მოდით, მე მას დავიწყებ მალგოჟატა ლაშჩაკის ნახატით, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩემს ვრცელ სამზარეულოში ეკიდა, იმ ადგილის მოპირდაპირედ, სადაც მიყვარდა ჯდომა. წითლად მოელვარე, თითქოს ჩარჩოში ძალით ჩაჭყლეტილ ფიგურებში მე ვხედავდი რომელიღაც წარმოუდგენელი სივრცის ტუსაღებს, სადაც ისინი მათდა უნებურად მოათავსეს და მანამდე უნდა იყვნენ იქ, სანამ ვინმე არ გაათავისუფლებთ. ეს იყო მოუთხრობელი ამბების განსაწმენდელი, ადგილი, სადაც თავს იყრიან დავიწყებული, განდევნილი, გამოტოვებული ამბები, რომლებიც დანებებას არ აპირებენ და განუწყვეტლივ იბრძვიან ხმის მოსაპოვებლად. ჩემს სამზარეულოში დაკიდებული სურათის წყალობით გამუდმებით თვალწინ მედგა ეს განსაწმენდელი, ხოლო მისი ბინადრები თითქოს მიკაკუნებდნენ, ნიშნებს მაძლევდნენ, ჩემთვის რაღაცის თქმას ცდილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდნენ, ვერ ვახერხებდი მათი ტუჩების მოძრაობიდან სიტყვების ამოკითხვას. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ჩვენი რეალობა სავსეა ხვრელებით,  რომლებიც იმ ფიგურებითაა დასახლებული, ვისი ცხოვრებაც ჩვენთვის უცნობი რჩება, რადგან ჩვენ ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო მივივიწყეთ ან, შესაძლოა, შეგნებულადაც განვდევნეთ კოლექტიური მეხსიერებიდან.

ფრანკისტების ისტორია იმ ამბავთაგან ერთ-ერთია, აუცილებლად რომ უნდა მოითხროს და მხოლოდ საკუთარ დროსა და ადგილს, აგრეთვე იმ საკუთარ რაინდს ელოდება, რომელიც მოვა და მას თავისი შუშის სატუსაღოდან დაიხსნის.

შთაგონებანი. უცხოობის განცდა

ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში, ეს იქნებოდა, ალბათ, 1997 ან 1998 წელი, ტორუნსა თუ ბიდგოშჩში აღმოვჩნდი. წვიმდა და ციოდა – თავშესაფარი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ანტიკვარული წიგნების მაღაზიაში ვიპოვე… სანამ იმას აღვწერ, რაც შემდეგ მოხდა, ჩემი ერთი ნაკლის ამბავსაც უნდა მოვყვე. მე იმ ადამიანთა ტომს განვეკუთვნები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჭიროზე გვიან დაიბადნენ – და თანაც მაშინვე რომელიმე გარდასული ცივილიზაციის ნანგრევებზე აღმოცენებულ ეპიგონებად მოევლინნენ სამყაროს. მე დავიბადე 1962 წელს, პოლონეთის დასავლეთ საზღვარზე, ისტორიული თვალსაზრისით – აღმოსავლეთ ბრანდენბურგში ან, უკეთ რომ ვთქვა, ლუბლინის მიწაზე. სოფელში, სადაც ჩემი მშობლები მასწავლებლებად მუშაობდნენ, ჯერ კიდევ ბევრი ავტოქთონი ცხოვრობდა – ასე ვეძახდით მის ძირძველ მცხოვრებებს. ისინი გერმანულად ლაპარაკობდნენ და თავს გერმანელებად მიიჩნევდნენ. ძირითადად, კრესებიდან, ანუ საზღვრისპირეთიდან ჩამოსულ პოლონურენოვან მოსახლეობასთან მათი შეხვედრა საკმაოდ შფოთიანი გახლდათ – მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია. ომის დასასრულიდან ჩვიდმეტი წელი იყო გასული. ხალხს ის ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა. მეც ომის ამბებზე გავიზარდე. აქ, ოდერისპირეთში, იმ პოლონეთს, რომელიც უფროს ადამიანებს ახსოვდათ – როგორც მე ვამბობ, „პოლონურ პოლონეთს“ – ანუ ომამდელ პოლონეთს, არ უარსებია.

იმის გაცნობიერება, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგად ერთი მთლიანი სამყარო გაქრა, ჩემთვის მძიმე გამოცდილება იყო. ძალიან ხშირად ვფიქრობდი, ნეტავ რამდენი ადამიანი გვაკლდა, რამდენი წიგნი ჩემი ბიბლიოთეკის თაროებზე, რამდენი ლიტერატურული გმირი, რამდენი გადაუღებელი ფილმი, რამდენი ახალი ცნება, გამოგონება, ჩაცმის სტილი, რამდენი სიტყვა, რამდენი სახლი, რამდენი მრავალენოვანი ჟრიამული ჩაიკარგა დროის უფსკრულში… ამ ყველაფერმა ასაზრდოვა იმ განცდებიდან ერთ-ერთი, რომლებმაც ჩემი პიროვნება ჩამოაყალიბა.

იმავე პერიოდში მოხდა ჩემი შეხვედრა ებრაელობასთან – ჯერ ბებიის ნაამბობში, შემდეგ კი დამოუკიდებლად კითხვისა და შულცისა თუ ზინგერის ნაწარმოებებით აღტაცების შედეგად.

ჩემი სამყაროს ებრაული სარჩულის აღმოჩენა, ხალიჩის კუთხის გადაწევა და დანახვა, რომ მისაქსლის ქვეშ არსებობდა ქსელი, ოდნავ განსხვავებული, ოდნავ სახეშეცვლილი, ხანდახან სრულიად უხილავი, ხანდახან კი, პირიქით, ზედაპირული ორნამენტის უფრო მკვეთრად გამომსახველი – ჩემი ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა. მაშინ ებრაელების შესახებ, ჰოლოკოსტის ტრაგედიის გარდა, ბევრს არაფერი სმენოდა, ებრაელები მათთვის მხოლოდ მასობრივ განადგურებასთან ასოცირდებოდნენ. იმის აღქმა კი, რაც ომის დროს მოხდა, სხვა კითხვებს ამ ორი კულტურისა და ორი ეთნოსის მრავალსაუკუნოვან საერთო ისტორიაზე ჩრდილში აყენებდა.

ექვსი წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა აუშვიცში წამიყვანეს. არ ვიცი, მათ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი სწორი იყო თუ არა. მას შემდეგ, რაც ჩემმა ბავშვურმა გონებამ იქ მომხდარი ტრაგედიის შესახებ შეიტყო, მასზე ფიქრი აღარასოდეს შემიწყვეტია. ეს ჩემ მიერ სამყაროს აღქმის ერთ-ერთი ბნელი შრეა. ხოლო მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ იმავე სივრცეში, იმავე მდინარეების ნაპირებზე და იმავე პატარა ქალაქების ქუჩებში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, მანამდე ებრაული სამყაროც არსებობდა, აღმოვაჩინე, რომ წარსული, მიუხედავად იმისა, რომ აღარ არსებობს, შესაძლოა, რეალური დარჩეს და აწმყოზე დიდი გავლენა მოახდინოს.

წარსულთან ეს შეხვედრა ნოსტალგიური არ ყოფილა. ნოსტალგიას ნაზი, ტენიანი, დამამშვიდებელი ბუნება აქვს, ის სქელი, არომატული სოუსივითაა, რომელიც საჭმელს გემოს მატებს და უბრალო კარტოფილსაც კი დახვეწილ კერძად აქცევს. არა – ამ შემთხვევაში წინ ცარიელი თეფში მედგა.

ეს იყო დანაკლისის სამყარო, ხვრელი, რომელიც მთლიანობას აზიანებს, ხელს გვიშლის წარსულის გზავნილის წაკითხვაში და სამუდამოდ გვტოვებს არასრულყოფილად ინფორმირებულებსა და გარკვეულწილად განუვითარებლებს. 

სტუდენტობის წლებში, როდესაც სასწავლებლად ვარშავაში ჩავედი, დანაკლისის ეს განცდა კიდევ უფრო მტკივნეული გახდა ჩემთვის. ვცხოვრობდი ზამენჰოფის ქუჩაზე, ყოფილი გეტოს ტერიტორიაზე მდებარე საერთო საცხოვრებელში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბომბის მიერ დატოვებულ კრატერში ვცხოვრობდი, სახლში, რომლისგანაც მიწაზე მისი საძირკვლის მოხაზულობაღა იყო დარჩენილი. ეს შემაძრწუნებელი გამოცდილება გახლდათ. მასთან შედარებით ჩემი სამყარო (გაფიცვები, ქუჩაში წყლის ჭავლით დაშლილი დემონსტრაციები, საგანგებო სამხედრო მდგომარეობის შავბნელი ატმოსფერო, ცარიელი მაღაზიები) ნაკლებად რეალური მეჩვენებოდა, ვიდრე ის, რომელიც სამუდამოდ გაქრა. ალბათ, მარტო მე არ მჭირდა ეს უცნაური გაორება. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს მდგომარეობა ჩემი ბიოგრაფიითაც იყო განპირობებული – კერძოდ კი იმით, რომ ქვემო სილეზიაში დავიბადე და, როგორც ბევრი ქვემოსილეზიელი, ისტორიას ცოტა სხვანაირად აღვიქვამდი, ვიდრე მას „პოლონური პოლონეთის“ მკვიდრნი.

მე ამ გამოცდილებას ეგზისტენციალურად, მეტაფიზიკურად აღვიქვამ და ვცდილობ, ყველაფერში, რასაც ვწერ, ის მარტივ მამრავლებად დავშალო – ჩემი რომანის, „დაუდგომელნი“, გმირ ვერჰაიენივით, რომელმაც თავისი ამპუტირებული ფეხი უმცირეს მყესებამდე დაანაწევრა.

უცხოობის განცდა ჩემთვის უჩვეულოდ ახლობელია. ის მაყალიბებდა და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი იდენტობაც მასზეა აგებული.

ისინი, ვინც ადამიანის გამოცდილებაში, უპირველეს ყოვლისა, ავტობიოგრაფიულ წესრიგს დაეძებს, დაბეჯითებით იტყოდნენ, რომ ეს დიდი განდევნის მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა – ისტორიული განსაცდელისა, საზღვრისპირეთის მოსახლეობის იმ ნაწილმა რომ გადაიტანა, რომელიც პოლიტიკურმა ხელშეკრულებებმა იძულებული გახადა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა, და კიდევ იმათ, ვინც გარკვეული დროის შემდეგ ოჯახურ გადმოცემებში გაგონილი განდევნის უნებლიე მითოლოგიზება მოახდინა.

ან იქნებ უცხოობის განცდა სულაც იმით იყო განპირობებული, რომ ჩემი პატარა ოჯახი არსად ყოფილა „იქაური“. საცხოვრებელი ადგილის გამუდმებული ცვლა გვაიძულებდა, მუდამ რომელიღაც სტატუს-კვოს შევერთებოდით, რის გამოც, საბოლოოდ, ყველგან უცხოებად ვრჩებოდით.

ადვილია, ამ ყველაფერს „ფესვებს მოწყვეტა“ უწოდო, თუმცა მე საკუთარი საჭიროებისთვის დიდხანს ვიკვლევდი ამ შემაწუხებელ განცდას და დავასკვენი, რომ მას პრინციპული ხასიათი აქვს, სცილდება ცალკეული ადამიანის ბიოგრაფიის საზღვრებს, არახელსაყრელ დროსა და პირობებს და ეგზისტენციალურიც არის და ადამიანურიც.

დღეს მივიჩნევ, რომ დანაკლისის განცდა ეგზისტენციალური კატეგორიაა, რომელიც აღწერს ადამიანის მდგომარეობას, მის მიერ დროის აღქმისა და წარსულთან კონტაქტის უნარს და კულტურის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, ღრმა ფსიქოლოგიური განზომილება აქვს, რადგან დაბადებისას იძულებით ვტოვებთ დედის სხეულის უსაფრთხო თავშესაფარს და ამიტომ მას, დაბადებას, ყოველთვის განდევნად აღვიქვამთ. ამასვე ეხმიანება უძველესი მითებიც, რომლებიდანაც ბუნდოვნად გვახსოვს რაღაც სამოთხის მსგავსი იდეალური წონასწორობითა და ჰარმონიით მოცული ადგილი, რომელშიც ჯერ კიდევ არ ვართ დიფერენცირებულები, ვართ უდანაშაულონი – ეს ის მდგომარეობაა, რომელშიც მანამ ვიმყოფებით, სანამ ჩვენს თვისებებს, ჩვენი „მეს“ მტკივნეულ საზღვრებს აღმოვაჩენთ, რომლებიც იქიდან მოყოლებული გამუდმებით გვახსენებს, რომ ბოლომდე სამყაროს არ ვეკუთვნით. ხოლო ტრადიციისა და კოლექტიური მეხსიერების ყოველი ცნება, შესაბამისად, ფესვებიდან მოწყვეტის ტკივილიც, თავისი არსით, უცხოობის განცდის წინააღმდეგ მიმართული მეორადი თავდაცვითი მექანიზმია.

„წიგნები იაკობისა“ არის წიგნი, რომელიც მთლიანად ამ ფუნდამენტურ და მეტაფიზიკურ განცდას ეძღვნება.

შთაგონებანი. ებრაელები

1997 თუ 1998 წლის ზამთარში ტორუნისა თუ ბიდგოშჩის ანტიკვარების მაღაზიაში რომ აღმოვჩნდი და ხელში ორი ლურჯყდიანი რვეული ავიღე, სათაურით „უფლის სიტყვათა წიგნი“ და მათში…

მაგრამ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით მოგითხრობთ. მინდა, ცოტა ხნით, უფრო ადრეულ წლებს დავუბრუნდეთ.

არ ვიცი, რა პოლიტიკურმა და კულტურულმა მიზეზებმა გამოიწვია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში – ვარშავაში რომ წავედი სასწავლებლად – პოლონელი ებრაელების მემკვიდრეობისადმი მოულოდნელად გაცხოველებული ინტერესი. მანამდე ჩარაზული კარ-ფანჯარა თანდათანობით იღებოდა. კვლავ დაიწყეს ზინგერის გამოცემა (მისთვის 1978 წელს მინიჭებული ნობელის პრემიის გამოძახილი), იბეჭდებოდა მარტინ ბუბერი და გერშომ შოლემი, ხოლო ჩვენი უახლოესი თანამობინადრეების ისტორია ისეთივე ძალით ბრუნდებოდა უკან, რა ძალითაც მანამდე იყო განდევნილი და მიჩუმათებული. იმ პერიოდში გამოვიდა ჟურნალ Znak[1]-ის ორმაგი ნომერიც, რომელიც მთლიანად ებრაულ კულტურას ეძღვნებოდა, მოგვიანებით კი გამოიცა ჟურნალი Literatura na świecie[2], რომელიც იმავე თემას დაეთმო.

ჩემი თაობის ბევრი ადამიანი აღფრთოვანებით ჩაება პოლონელი ებრაელების მემკვიდრეობის გახსენებისა და მის უწყვეტობაზე ზრუნვის ამ პროცესში. „ებრაელობის“ ცნებამ კი თანდათანობით დაიხსნა თავი ჰოლოკოსტთან ფატალისტური კავშირისგან.

დღეს ვფიქრობ, რომ ებრაელობით ჩემმა გატაცებამაც დანაკლისის განცდიდან აიღო სათავე, კიდევ ხანგრძლივი უხერხულობის განცდიდანაც და უწყვეტობის იმ სურვილიდან, რომელსაც არასრულყოფილი და დაქუცმაცებული რეალობისგან მოვითხოვდით.

ამიტომაც, როცა მოგვიანებით, 1997 თუ 1998 წლის ცივ და წვიმიან დღეს ტორუნისა თუ ბიდგოშჩის ანტიკვარების მაღაზიაში მივედი და „უფლის სიტყვათა წიგნი“ ავიღე ხელში, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს იმ ხიდის ერთ-ერთი დაკარგული ნაწილი ვიპოვე, რომელიც ჩვენს წარსულთან გვაკავშირებს.

შთაგონებანი. გაგრძელება

როგორც ვთქვი, 1997 თუ 1998 წლის შემოდგომაზე ტორუნისა თუ ბიდგოშჩის ანტიკვარების მაღაზიაში უცნაურ წიგნს მივაგენი – უფრო სწორად, დიდ, მოუხერხებელ ფორმატში გამოცემულ ორ რვეულს, ლურჯი, დალაქავებული ყდებით. ეს იყო, შეგახსენებთ, „უფლის სიტყვათა წიგნი“ – იაკობ ფრანკის ლექციები (თავად ფრანკი სიტყვა „საუბრებს“ ამჯობინებდა), რედაქტირებული იან დოქტურის მიერ.

ნელ-ნელა ვკითხულობდი, აბზაც-აბზაც, მთელი ზამთრის განმავლობაში, მზარდი გაოცებით. შობის დღესასწაულისთვის ამ თემაზე უკვე წიგნების მთელი დასტა მქონდა. გაზაფხულზე კი გაჩნდა ცალკე თარო, რომელიც მომდევნო წლებში თანდათანობით შეივსო და განიტოტა.

ამ თემაზე წიგნის დაწერა განზრახული არ მქონია – უფრო ჩემი პირადი კვლევების ნაწილად აღვიქვამდი: მრავალწლიანი და გაუნელებელი გატაცებისა ყოველგვარი ჰეტეროდოქსიით, ყველაფრით, რაც კანონში არ ეტევა, რაც საერთო საზღვრებს სცდება, რაც აშკარა ამბოხია საყოველთაოდ მიღებული ნორმების წინააღმდეგ. ამაზე ერთი პატარა ესეიც დავწერე, რომელიც, მგონი, დღემდე არსად გამომიქვეყნებია. მაშინ პირველად გამიჩნდა აზრი, რომ ფრანკისტების თავგადასავლის სრულყოფილად გადმოცემა მხოლოდ მრავალსიუჟეტიანი რომანის ფორმით თუ იქნებოდა შესაძლებელი; ფორმით, რომელსაც შეეძლებოდა, გაეერთიანებინა ისტორიული სინამდვილე და ლიტერატურული ფიქცია. მხოლოდ რომანი, რომელიც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მრწამსისა და ჩამომავლობის მქონე პერსონაჟებს თანაარსებობის საშუალებას მისცემდა და წარმოსახვითი სამყაროს სცენას აუგებდა მათ, შეძლებდა ამ უკიდეგანო ამბის სიმძიმის ზიდვას.

მანამდე კი მღვდელ ბენედიქტ ხმელოვსკის „ახალი ათენი“ იყო, საუცხოოდ გამოცემული მარია და იან იუზეფ ლიპსკების მიერ, რომელსაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა ვფურცლავდი. რატომ შევიყვარე ასე „ახალი ათენი“? არ ვიცი. ყველგან თან დამქონდა, ალალბედზე გადავშლიდი ხოლმე და რაც შემხვდებოდა, იმ მონაკვეთს ვკითხულობდი. წაკითხული გულს მიჩუყებდა და, იმავდროულად, მამხიარულებდა კიდეც – სწორედ ამ გრძნობების ნაზავით ვიყავი სავსე, როცა რომანში მღვდელ ხმელოვსკის ხაზს ვქმნიდი. პოლონური პროვინცია, გვიანი ბაროკოს ხანა, მღვდლის სახლის პატარა, ვიწრო სარკმლები, მისი ხელით შეკერილი ანაფორა… ჩემი წარმოსახვა ძალიან მიეჯაჭვა ღირს მამა ბენედიქტს.

რაღაც საოცრების ძალით მას ვამსგავსებდი თავს – დღენიადაგ ბუნდოვანი კანონზომიერებების მაძიებელს, მარადიული წესრიგის მონატრულს, გულუბრყვილოს,  გულწრფელსა და არასაკმარისი განათლების მქონეს. როცა აღმოვაჩინე, რომ ბენედიქტ ხმელოვსკი და მისი ფირლეოვო ტოპოგრაფიულად იმ მოვლენათა ორბიტაში ხვდებოდნენ, რომლებიც ფრანკისტებს უკავშირდებოდა, მივიჩნიე, რომ ეს პერსონაჟი აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო ჩემს წიგნში. ეს კი რომანის წარმოსახვითი სამყაროს შექმნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს უკავშირდება – თუ შესაძლებელია, რომ ორი რამ ერთმანეთს დაუკავშირდეს, დიდი ალბათობით, ეს ასეც მოხდება. მამა ბენედიქტ ხმელოვსკი და ჩემი გმირები, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე სივრცეში ცხოვრობდნენ, ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაიკვეთებოდნენ. ეს პრინციპი ეხებოდა ელჟბეტა დრუჟბაცკას, ბაროკოს ხანის პოეტს. ჯერ ერთი, პოეტ ქალსა და მამა ბენედიქტს საერთო გამომცემელი ჰყავდათ; მეორეც, დრუჟბაცკა მეგობრობდა კატაჟინა კოსაკოვსკასთან – ფრანკისტების ერთ-ერთ მფარველთან – და მასთან ერთად ბევრს მოგზაურობდა. პერსონაჟთა შორის ეს სავარაუდო კავშირები ახალ ურთიერთობათა შესაძლებლობებს ქმნიდა და მოითხოვდა სცენების აგებასა და პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების დამუშავებას.

სახელოსნო

მარიო ვარგას ლიოსამ დაწერა, რომ „არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა შთაგონება. შესაძლოა, ის მხატვრებისა და მოქანდაკეების ხელებს ამოძრავებს, პოეტებსა და მუსიკოსებს სახეებსა და ნოტებს კარნახობს, მაგრამ რომანისტი არაფერ ამდაგვარს არ განიცდის. მუზები მას ზიზღით უყურებენ და იძულებული ხდება, ის მხარდაჭერა, რომელსაც მათგან ვერ იღებს, შეუპოვრობით, შრომითა და მოთმინებით ჩაანაცვლოს“ და ამატებს: „ეს ღვთიური ძალა არასოდეს გადმოსულა ჩემზე: თითოეული მარცვლის დაწერა უზარმაზარ ფასად მიჯდებოდა“.

მარიო ვარგას ლიოსა დიდწილად მართალია.

ამ რომანის დასაწერად ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე ვემზადებოდი, თუმცა საკმაოდ გულუბრყვილოდაც – ვერც კი ვგრძნობდი, თუ რამდენი რამ მეტყველებდა ჩემში ამ წამოწყების საწინააღმდეგოდ: ცოდნის ნაკლებობა, იმ ენების არცოდნა, რომლებზეც ჩემი გმირები მეტყველებდნენ (იდიში, ებრაული, ლადინო), თუნდაც ის ფაქტი, რომ ისტორიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არასდროს მქონია, მასალის მასშტაბი და ტრანსსაზღვრულობა.

როგორც ამოჩემებისადმი მიდრეკილი ბევრი ადამიანი, სამუშაოს დაწყებამდე მეც საფუძვლიანად ვემზადები. ორიოდე წლის განმავლობაში ამ თემაზე გამუდმებული კითხვის გარდა, ნელ-ნელა ვიძირებოდი მასში, თავი მსუბუქი აკვიატების, იქნებ ფსიქოზის მსგავს მდგომარეობაშიც კი შემყავდა; ეს ის მდგომარეობაა, როცა მთელი ჩემი წარმოსახვითი სამყარო ჩემივე ფსიქიკის საგანგებოდ გამოყოფილ იმ საკანში თავსდება, რომელთან წვდომაც მყისიერია და განსაკუთრებულ შუამავლობას არ საჭიროებს. ნებისმიერ წამს შემეძლო, გადავრთულიყავი ჩემში აღმოცენებულ ამ ახალ კოსმოსში.

ეს სივრცე თავიდან ცარიელი გახლდათ – მე ის წარმოდგენილიც კი მქონდა: მოწითალო უდაბნო, აქა-იქ მიმოფანტული დეტალებით, საგნებითა და ფიგურებით. მამა ბენედიქტი კალთაში მძინარე ძაღლით სიურრეალისტურად მარტოდმარტო ეჯდა წიგნებით დაზვინულ პატარა მაგიდას, მის ირგვლივ კი აბსოლუტური სიცარიელე სუფევდა. პერსონაჟები ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ არარაობიდან და, როგორც ნეგატივი ფოტოლაბორატორიის ბნელ ოთახში გამჟღავნებისას, სულ უფრო და უფრო მეტ დეტალს იძენდნენ, მაგრამ მაინც დაუმთავრებელნი და ერთმანეთთან დაუკავშირებლები რჩებოდნენ.

„წიგნები იაკობისას“ წერის დასაწყისი ჰააგას უკავშირდება. ნახევარწლიანი სტიპენდიით სწორედ იქ ყოფნისას – სადაც „ატარეთ თქვენი გუთანი მიცვალებულთა ძვლებზე“ იწერებოდა – სამუშაოდ ორი მაგიდა მოვიწყვე. ერთზე „გუთნისთვის“ გაკეთებული ჩანაწერები მედო, მეორეზე კი „წიგნები იაკობისასთან“ დაკავშირებული რუკები, ნახაზები და წიგნები გავშალე.

თავდაპირველად ვცდილობდი, როგორმე დამეხარისხებინა უზარმაზარი მოცულობის მასალა. რადგან კარგი სივრცითი და ვიზუალური წარმოსახვა მაქვს, საღამოებს რუკების, სქემების, გენეალოგიური ხეებისა და მოგზაურობის მარშრუტების ხაზვაში ვატარებდი. ასობით წებოვან ფურცელზე ვიწერდი სახელებს და ვცდილობდი, აღმედგინა ან შემექმნა კავშირ-ურთიერთობები ჩემს მომავალ პერსონაჟებს შორის. ეს რაღაც ჯერ კიდევ არარსებულისა და ფანტომურის ირგვლივ ხარაჩოების აგებას ჰგავდა, რაც შეუსაბამოდ დიდ დროს ითხოვდა.

ჩემი ეს მდგომარეობა უძილობას მაგონებდა, საწოლში მოუსვენრად რომ ვწრიალებთ და სასოწარკვეთილები ვცდილობთ იმ ერთადერთი პოზიციის პოვნას, რომელშიც დაძინებას შევძლებთ.

კონიექტურა, ანუ მხედველობითი და სმენითი შეცდომები

კონიექტურა ტექსტოლოგიური კრიტიკის ტერმინია და წარსულში დაწერილ ტექსტში თანამედროვე მკვლევრის მიერ შეთავაზებულ ჰიპოთეზურ შესწორებას ნიშნავს. ეს, ძირითადად,  გადამწერების მიერ პაპირუსსა თუ პერგამენტზე შესრულებულ ტექსტებს ეხება. ვიკიპედია ამ ცნებაზე მეტ ინფორმაციას იძლევა: „შეცდომების ამოცნობაში გვეხმარება ის ფაქტი, რომ ისინი, როგორც წესი, რამდენიმე ტიპურ ჯგუფად იყოფა, რომლებიც დამატებით შეგვიძლია დავყოთ მხედველობით შეცდომებად (რომლებიც დაიშვება მაშინ, როდესაც გადამწერი თვალწინ მდებარე ტექსტიდან იწერს) და სმენით შეცდომებად (როდესაც გადამწერს სხვის მიერ ნაკარნახები ტექსტის ჩაწერა უხდება). თუმცა შეცდომის არსებობის პირველი მიმანიშნებელი სიგნალი, როგორც წესი, ტექსტის ლოგიკური არათანმიმდევრულობაა“.

მე ეს ცნება უფრო ფართოდ და, გარკვეულწილად, სიმბოლურად აღვიქვი. წარსულიდან ჩვენამდე მოღწეული ამბავი ხვრელებით სავსე ამბავია. ჩვენ ამ ამბიდან მხოლოდ იმ დეტალების ცოდნა ძალგვიძს, რომელთა გადმოცემაც მაშინდელმა ავტორმა მნიშვნელოვნად ჩათვალა. ის, რაც „უმნიშვნელოდ“ მიიჩნეოდა, ხშირად კულტურული გარემოებებით არის განპირობებული – ამის უმარტივესი მაგალითი კი ის ცნობილი ფაქტია, რომ ისტორიკოსები გაცილებით უფრო ხშირად აღწერდნენ მამაკაცების წვლილს ამა თუ იმ მოვლენაში, ვიდრე ქალებისას. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ მამაკაცები ისტორიის ერთადერთ ჭეშმარიტ სუბიექტებად მიიჩნევდნენ თავს. ისტორიული ნარატივები პატრიარქალურია და ქალთა როლს ისტორიაში გვერდს უვლის. ან თუნდაც: ისტორიის ზოგადად მიღებული ხედვა უფრო გამორჩეული პიროვნებების მოქმედებაზეა დაფუძნებული, ვიდრე სოციალურ პროცესებზე. ყველა ეპოქას აქვს თავისი სათვალე, რომლის მეშვეობითაც სამყაროს უყურებს.

ისტორიული დოკუმენტებიდან შეგროვილი ინფორმაცია არასრულად მიმაჩნდა.  ვერაფერი შევიტყვე მოქმედი პირების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. არ ვიცოდი, რას ჭამდნენ ან როგორ იცვამდნენ; არავინ აღწერდა სუნებს ან ამინდის მერყეობას (თუ უკიდურეს შემთხვევებზე არ მოგვითხრობდნენ). მე კონიექტურა ვუწოდე ჩემ მიერ წარმოდგენილი, მანამდე დანაწევრებული და ხვრელებით სავსე, სამყაროსთვის განგრძობადობისა და უწყვეტობის მინიჭებას. ჩემს სამუშაოს ვიაზრებდი, როგორც ისტორიული ფაქტების გარშემო ერთიანი ნარატიული მთლიანობის აგებას – თუმცა, ამავდროულად, უდიდესი მოწიწებით ვეპყრობოდი ფაქტებს. იქ, სადაც ჩემთვის ეს ფაქტები ან გაუგებარი, ან ფსიქოლოგიურად ძნელად მისაღები იყო, საბოლოო ინსტანციად ციტატებს მივმართავდი.

დღეს დარწმუნებული ვარ, რომ კონიექტურის ეს მეთოდი ძალიან დამეხმარა იმ ისტორიული რომანის დაწერაში, რომლის მთავარი ამოცანაც სამყაროს ჩვენეული აღქმისთვის უწყვეტობის განცდის მინიჭებაა.

დეტალის უზენაესობა

წერისთვის მზადებისას – დოკუმენტებისა და ჩანაწერების, სახელმძღვანელოებისა და მემუარების შესწავლისას – სასოწარკვეთილი ვეძებდი დეტალებს. დარწმუნებული ვარ, რომ სამყარო სწორედ დეტალებისგან შედგება. ამავე დროს, მათ ყველაზე ხშირად განზოგადებით აღწერენ ხოლმე. სინამდვილეში როგორ არის მოწყობილი, ეს ჩვენ თვითონ  უნდა ვივარაუდოთ. ზოგიერთ რომანში ძალიან მაკლია გემოები და სუნები, მასალების ფაქტურა, ავეჯი, ხელსაწყო-იარაღი, ფერები და შეგრძნებები. მინდა, ვიცოდე, რას ჭამენ ადამიანები (ხანდახან რომელიმე სქელტანიან რომანში ადამიანები ერთხელაც არ უსხდებიან გაშლილ სუფრას – აშკარად ჰაერით სულდგმულობენ), რა აცვიათ, რაში სძინავთ, როგორ გამოიყურება მათი ფეხსაცმელი და რას ხედავენ ფანჯრიდან. როდის იბანენ, თუ საერთოდ იბანენ, ისვამენ თუ არა ბავშვებს კალთაში ან გაციებას როგორ მკურნალობენ.

მაინტერესებს ლანდშაფტიც, მისი მცენარეული საფარი, ფაუნა. შეუძლებელია სამყაროს აღწერა, თუ არ იცნობ მის ფლორას. შეუძლებელია სამყაროს აღწერა ცის სიდიდის ან მდინარის წყლის ფერის ცოდნის გარეშე.

ამიტომ ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ „წიგნები იაკობისას“ წერის დიდი ნაწილი მოგზაურობები იქნებოდა, რათა შეძლებისდაგვარად ხელშესახებად შემეგრძნო ის სამყარო, რომლის აღდგენაც მე მიწევდა.

პირველი მოგზაურობა, რა თქმა უნდა, პოდოლიეში დავგეგმე. 2009 წლის ადრეულ შემოდგომაზე ჩემს მეუღლესთან ერთად ლვოვის გავლით აღმოსავლეთისკენ ავიღე გეზი. ვცდილობდით, როგორმე მოგვესინჯა იმ სამყაროს საზღვრები, ჩემს წარმოსახვაში რომ ვაშენებდი. აღმოსავლეთით ზბრუჩამდე მივაღწიეთ, სამხრეთით კი – დნესტრამდე. ჩვენს რუკაზე მონიშნული გვქონდა ისტორიულ წყაროებში ნახსენები რამდენიმე ათეული ადგილი. ერთი ადგილიდან მეორეში ზიგზაგებით გადავადგილდებოდით, მე კი სულ უფრო მეტად მიპყრობდა მელანქოლია და მიმძაფრდებოდა დანაკლისის განცდა. ამ მიდამოებში სანახავი აღარაფერი იყო. აღარაფერი – რასაც ველოდი. ცხადია, აქაც იყო სამყარო – დიდი ალბათობით, საინტერესოც – მაგრამ სრულიად სხვა. უცხო.

გზად დავათვალიერეთ უამრავი სოფელი და პატარა ქალაქი, სექტემბრის მზით განათებული, მტვრიანი, თითქოს გამჭვირვალე. ქაოსური დასახლებების პოსტსაბჭოთა უშნო იერ-სახე, ეკლესიებისა და სინაგოგების ნანგრევები, გაუვალ ბუჩქნარად ქცეული პარკები და თანამედროვე კულტურის დაუდევრად ნაშენები სახლები, ასფალტით დაფარული მოედნები და მისი ბზარებიდან ბღუჯა-ბღუჯა ამოჩრილი ბალახი. სოფლები და დაბები, რომლებსაც კრაუზჰარის მონოგრაფიიდან, „უფლის სიტყვათა წიგნიდან“ თუ ოჯახური გადმოცემებიდან ვიცნობდი და, რომლებიც ამდენი წარმოდგენით იყო დატვირთული, თუნუქითა და პლასტმასით სავსე სევდიანი, ცარიელი დასახლებები აღმოჩნდა.

თავიდან ნამდვილმა სასოწარკვეთამ დამრია ხელი. გამოდიოდა, რომ შემეძლო, სახლიდან გაუსვლელად მენახა ფილმები, მეთვალიერებინა ფოტოები, ვიკიპედიაში პოდოლიის ფლორასა და ფაუნაზე მეკითხა, მაგრამ, როგორც კი მივხვდი, რომ ჩემი მოლოდინი ერთობ ინფანტილურ ხასიათს ატარებდა, სასოწარკვეთილმა ხედვის ვარჯიშს მივყავი ხელი: კოროლუვკის სასაფლაოზე ქარში მობიბინე ბალახის ყურებისას ნელ-ნელა მოთამაშე ბავშვების მკრთალი სილუეტები გავარჩიე, ხოლო გატკეპნილ თიხიან გზაზე – მირაჟივით ბურუსში გახვეული ოთხთვალა.

დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფირლეოვოს მონახულებამ – სოფლისა, რომელსაც დღეს ლიპოვკა ჰქვია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკლესია იყო – სადღაც მის ახლოს მამა ბენედიქტ ხმელოვსკის სახლი მეგულებოდა. ახალი აღდგენილი, მაგრამ საგულდაგულოდ ჩარაზული ტაძრის გარშემო სეირნობისას არქეოლოგივით ვცდილობდი, დანგრეული შენობების განლაგებით ამომეცნო, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მამა ბენედიქტის სახლი, მის ირგვლივ გაშენებული ცნობილი ბაღი, სადაც ის ჯიუტად ცდილობდა მებაღეობის იმ სასწაულების აღდგენას, რომლებიც ძედუშიცკების მისთვის მიუწვდომელ მამულში, ცეცოლოვიცეში ენახა. წამდაუწუმ ვაჩერებდით მანქანას დნესტრისპირა მელანქოლიური პლატოს შუაგულში, რადგან ვგრძნობდით, რომ სწორედ ამ გზით უნდა ევლოთ „მართლმორწმუნეთა“ ფორნებს – შაბათაისტ ერეტიკოსებს – ივანიეს კომუნისკენ რომ ედოთ გეზი.

მთელი ეს მოგზაურობა, შემდეგ კი ყველა მომდევნო, ასეთი წარმოსახვითი სურათების შეგროვების პროცესად იქცა. სტამბოლში ხარბად ვათვალიერებდი ბაზარს, პატარა დახლებს, ზედ პირამიდებად აღმართული სანელებლების ბუნებრივ ფერთა თვალისმომჭრელ სიმდიდრეს და ჩუმად ვვარაუდობდი, რომ იმ დროიდან აქ ბევრი არაფერი შეცვლილიყო. სტამბოლის ბაზარში ორი საათი დავყავი. ერთ-ერთ ფარდულში შეპატიჟებული, მის მფლობელს გავესაუბრე, მასთან ერთად რამდენიმე ჭიქა ჩაი დავლიე, სამკაულის ფასზე შევევაჭრე და წარმოვიდგინე, რომ კრაიოვაში, ალბათ, იაკობ ფრანკიც მსგავსადვე ყიდდა თავის ძვირფასეულობას.

ასე განვახორციელე ორი დიდი ექსპედიცია უკრაინაში, ერთი – ყოფილ ვლახეთსა და „თურქეთში“, მოვინახულე მორავია და გერმანული მიწები და მაინისპირა ოფენბახამდე მივედი, სადაც დღესაც დგას იზენბურგის საკმაოდ კარგ მდგომარეობაში შემორჩენილი ცნობილი სასახლე – ოდესღაც ევროპელი ფრანკისტების ცენტრი, ახლა კი დიზაინის სახელგანთქმული სკოლა.

შემიძლია, დეტალებზე მუშაობის ერთი საინტერესო მონაკვეთიც გიამბოთ: ვწერდი რომანის ერთ-ერთ სცენას, რომელშიც ქალები სხედან და კერავენ. მომინდა, ნემსზე არეკლილ სანთლის შუქზე დამეწერა რამე, მაგრამ რაღაცამ შემაჩერა. წიგნებში გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ დროსა და ადგილას მეტალის ნემსებს ჯერ არ იყენებდნენ და მათ ნაცვლად ძვლის ან ხის ნემსებით კერავდნენ. გულდაწყვეტილმა უარი ვთქვი ნემსებიდან ასხლეტილი სანთლის ალის აღწერაზე.

გადაფხეკისა და კოლაჟის მეთოდი. წვდომა.

შეგახსენებთ, რა თქვა მარიო ვარგას ლიოსამ შთაგონებაზე – არ არსებობსო.

მე კი უნდა შევეწინააღმდეგო მას. შთაგონება არსებობს, ოღონდ მისთვის სხვა, უფრო თანამედროვე სიტყვის პოვნაა საჭირო.

მიყვარს სიტყვა „წვდომა“ – იგი კარგად ხსნის ჩემს ნაკლებად რაციონალურ ნარატიულ გადაწყვეტილებებს, უჩვეულო სიტუაციებს, ექსცენტრულ არჩევანს. წვდომა აღქმის უეცარი, მოულოდნელი ცვლილებაა, რომელსაც რაღაცის ახალ, უფრო ღრმა და სრულყოფილ გაგებამდე მიჰყავხარ. წვდომის წყალობით პრობლემა, რომელიც თავიდან რთულად გადასაჭრელი გეჩვენება, შეიძლება ძალიან მარტივი აღმოჩნდეს. ვფიქრობ, წვდომა, უპირველესად, მთლიანობის აღქმას ეხება – იმ მდგომარეობას, რომელშიც დროის საკითხი აღარ არსებობს, როცა დრო და მისი შედეგები (მიზეზშედეგობრივი კავშირები, თანმიმდევრულობა, ხაზოვნება) ერთ მთლიანობად აღიქმება. ამ მოკლე, მაგრამ ნაყოფიერ წამში დრო ფაქტობრივად წყვეტს არსებობას.

განიცდიდე წვდომას, ნიშნავს, ხედავდე ყველაფერს ერთდროულად – ამ დროს დასაწყისი დასასრულს უკავშირდება და იქმნება დროის დახურული წრედი, რომელსაც მითოლოგიაში ურობოროსი განასახიერებს. ამგვარად დრო, როგორც ცალკეული მომენტების თანმიმდევრობა, წყვეტს თავის არსებობას. მთელი სამყარო – ის ზოგადიც და ის დეტალურიც – ერთბაშადაა მოცემული. ნაბოკოვი ამას ასე აღწერს: „უცბად ინგრევა ციხის კედლები, რომლებშიც ეგოა გამოკეტილი და შიგნით ვიღაც სხვა იჭრება“.

ამიტომ, თუ მკითხავთ, როგორ ვიწყებ წერას, ვიცი თუ არა, რა მოხდება რომანში შემდგომ, ქრონოლოგიურად ვწერ თუ არა – გიპასუხებთ, რომ წერის პროცესისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ხშირად ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ის, რაც უნდა დაიწეროს, მთლიანად წინ მიდევს, ჩემი ამოცანა კი მხოლოდ იმის აღმოჩენაა, რაც ჯერ კიდევ დაფარულია. წერა, არსებითად, ამბავზე დაფენილი მოსაფხეკი ფენაა, რომელსაც მას ნელა და მოთმინებით ვაცლი. ამ ფენის ქვემოთ იმალება მთლიანი ორნამენტი, ის, რაც მთელი სრულყოფილებით გამოჩენას მოითხოვს.

მახარებს, რომ ნაბოკოვი ადასტურებს ჩემს წინათგრძნობას: „თანმიმდევრობა იქიდან მოდის, რომ  გვერდები ერთმანეთის თანმიმდევრობით დაწერილი სიტყვებით უნდა შეივსოს. მკითხველის გონებასაც დრო სჭირდება წიგნში გზის გასაკვლევად – ყოველ შემთხვევაში, პირველად წაკითხვისას. არ შეიძლება, დრო და მოვლენათა თანმიმდევრობა ავტორის გონებაში არსებობდეს, რადგან მისი პირვანდელი ხედვა არ მართავს დროისა და სივრცის არცერთ ელემენტს“.

შეგიძლია, მონათხრობის თითოეულ სეკვენციაზე იმუშაო, ჯერ დასაწყისს მიხედო ან ბოლოს, ან შუა ნაწილსა და ცალკეულ სცენებს. ამისთვის მე მხოლოდ იმ შინაგან სამყაროს უნდა მივენდო, რომელიც წვდომის მომენტში გამიჩნდა.

თანმიმდევრულობა და ხაზოვნება პარადოქსულად იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენი ხედვა სხვასაც გადავცეთ, რადგან ენა სეკვენციური ფენომენია – სიტყვები და წინადადებები კი ხაზოვან წესრიგს მოითხოვს. თვით ხედვა არც ხაზოვანია და არც რამე სხვა ფორმით ექვემდებარება დროს.

ახლა კი დროა, მოვიხმო წერის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეტაფორა – კრისტალიზაცია. ეს ის იდუმალი პროცესია, თავისუფლად მოძრავი ნაწილაკებით სავსე სითხეში რომ მიმდინარეობს. 

როცა სითხე ცივდება, ზოგი მოლეკულა კრისტალის ჩანასახებად ეწყობა და სხვა ნაწილაკებიც, მათი ქიმიური აგებულებით განსაზღვრული წესრიგის მიხედვით, მას ეწებება. კრისტალი თავისთავად უაღრესად დახვეწილი და, შესაბამისად, ზედმიწევნით მოწესრიგებული სტრუქტურაა, რომელიც ბუნებრივად და, ასე ვთქვათ, ძალისხმევის გარეშე წარმოიქმნება კრისტალიზაციის ღერძის გარშემო.

ასევეა რომანშიც. როცა საწყისი კრისტალები უკვე მონიშნულია, კრისტალიზაციის ღერძები კი – გავლებული, ყველა თავისუფალი, დაუმორჩილებელი ნაწილაკი კრისტალის წესრიგისკენ მიილტვის, ყოველი სახე, სიტყვა, მეტაფორა გარდაუვალად მიიზიდება ნარატიული წესრიგის მიერ.

ექსცენტრულობა – არატიპური ხედვის ძიება

არსებობს კიდევ ერთი ფუნდამენტური ცნება, რომელსაც რომანზე მუშაობისას ვიყენებ – ეს არის ექსცენტრულობა. თუმცა ჩვენ ის შედარებით ფართო მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, ვიდრე მაშინ, როდესაც ექსცენტრულობაში ქუდის ფორმას ან ხანდაზმული ქალბატონების უჩვეულო ქცევას ვგულისხმობთ.

აქ საქმე ეხება განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომელიც სამყაროს აღქმისას გვიჭირავს – მოვლენების ცენტრიდან გასვლას, რეალობის საერთო, მოწესრიგებული და საყოველთაოდ მიღებული გამოცდილების მიღმა გადანაცვლებას. ეს იმ პერსპექტივის შეგნებული ძიებაა, რომელიც აქამდე არ ყოფილა ფართოდ გავრცელებული და რომელსაც თავისი სიახლით ჩვენთვის აქამდე გამოტოვებულის ან შეუმჩნევლის ჩვენება შეუძლია.

ვინც არასაკმარისად ექსცენტრულია, ის კარგი მწერალი ვერ იქნება. ექსცენტრულობას უნდა მოვუფრთხილდეთ და შეგნებულად ვზარდოთ საკუთარ თავში, რადგან მხოლოდ ცენტრიდან გასვლის ეს ტენდენცია გვაძლევს იმის დანახვის საშუალებას, რაც შეთანხმებული სოციალური ჰორიზონტის მიღმა ხდება.

მე როგორც მომავალ, ასევე მოქმედ მწერლებს ვურჩევდი მუდმივ, კონტროლირებულ თვითგამოთიშვას ცენტრში დარჩენის ამ კომფორტული, თუმცა წერისთვის მომაკვდინებელი მდგომარეობიდან. არაფერია შემოქმედისთვის ინტელექტუალურ მეინსტრიმზე უფრო საშიში. 

სხვათა შორის, ამგვარ ექსცენტრულობად მიმაჩნია რეალისტურ რომანებში საოცარი, მეტაფიზიკური ელემენტის არსებობა. მოგიყვანთ ჩემს საყვარელ მაგალითს „თოჯინადან“[3], რომელიც, როგორც ვიცით, პოლონურ ლიტერატურაში კრიტიკული რეალიზმის ნიმუშია. ვფიქრობ იმ უჩვეულო მომენტზე, როცა გაისტი გაოცებულ ვოკულსკის სულ უფრო და უფრო მსუბუქ მეტალებს უჩვენებს, მათ შორის წყალზე ხუთჯერ უფრო მსუბუქს. ბევრჯერ მიფიქრია, რისთვის დასჭირდა პრუსს ეს სცენა? რის მიღწევა სურდა მისი საშუალებით? როგორ ცვლის ის მთავარი გმირის ჩვენეულ აღქმას და რა მნიშვნელობა აქვს ამას რომანის მთლიანობისთვის?

„წიგნები იაკობისაში“ მსგავსი ექსცენტრული ხაზი იენტას პერსონაჟს უკავშირდება. ეს არის ერთადერთი ზერაციონალური ფიგურა, ყოფნასა და არყოფნას შორის გამოკიდებული, რომელიც ნელ-ნელა კრისტალად გარდაიქმნება. მას აქვს პრივილეგია, გასცდეს რომანის კონკრეტულობის არისტოტელესეული ალბათობის ჩარჩოებით განსაზღვრულ საზღვრებს.

ეს ექსცენტრული მოძრაობა რომანში პირდაპირ არის ნაჩვენები. იენტა ამ წიგნში მოთხრობილ მთელ ამბავს კოსმიურ და უნივერსალურ მოვლენად აქცევს, ისე, რომ იგი დროისა და სივრცის წესრიგში აღარ ეტევა. მისი წყალობით მკითხველები ხედვის სპეციფიკურ, პანოპტიკურ პერსპექტივას იღებენ.

ეს ყველაფერი კი – პარადოქსულად – რომანის რეალიზმს უფრო მყარ საფუძველს სძენს, რადგან ჩვენ მიერ სამყაროს აღქმა არასოდეს არ არის მხოლოდ რეალისტური. სამყაროს ინტუიციურად აღვიქვამთ, როგორც საიდუმლოებებით სავსესა და ხშირად შეუღწევადს – მაშინაც კი, როდესაც ლიტერატურაში მის ზედმიწევნით აღწერას ვცდილობთ.

ექსცენტრულობაა ამ რომანში ზოგიერთი სრულიად ფორმალური გადაწყვეტილებაც, მაგალითად გვერდების „უკუღმა“ დანომვრა – იმ წესრიგის მიხედვით, როგორითაც ებრაული წიგნები იკითხება. წესრიგის ეს თვითნებური ცვლილება მკითხველს აშორებს ჩვეულ, უსაფრთხო პოზიციას და აიძულებს, გაიხედოს საკუთარი ჩვევების მიღმა, რათა იქ, გარეთ, სულ სხვა, შესაძლო კოსმოსი იხილოს, რომლის არსებობაც ისევე ლეგიტიმურია, როგორც ჩვენი სამყაროსი. ამგვარად, ის იქცევა un missionaire-დ ფლამარიონის[4] ცნობილი ნაშრომისთვის დართული გრავიურიდან.

წიგნში ტექსტთან თავისუფლად ასოცირებული ილუსტრაციების ჩართვაც მსგავს ფუნქციას ასრულებს – ის მიგვითითებს სხვა, უფრო დიდ სამყაროებზე, რომლებიც რომანის კონტექსტს ცვლიან და აფართოებენ.

ექსცენტრულობა, ჩემი აზრით, თავისი არსით შემოქმედებითი პოზიციის კვინტესენციაა. ვცდილობ, შევინარჩუნო ეს ექსცენტრულობა და მოვუფრთხილდე მას.

Mundus adiumens

„წიგნები იაკობისას“ წერისას ხშირად მდევდა განცდა, რომ ძაფის ბოლოსთვის მაქვს ჩავლებული ხელი და გაგორებულ გორგალს მივდევ იმ იმედით, რომ რასაც დავეძებ, სულ მალე გამომეცხადება, მომდევნო მოსახვევიდან გამოვა და ეს მართლაც ასე ხდებოდა.

არ ვიცი, საერთოდ შესაძლებელია თუ არა იმ ფენომენის აღწერა, რომელსაც წერის პროცესში არაერთხელ შევხვედრივარ – თუმცა არასოდეს ისე ხშირად და ინტენსიურად, როგორც ამ წიგნზე მუშაობისას. სპონტანურად და სუბიექტურად ეს მოვლენა ისე აღიქმება, თითქოს ამ ამბის აღწერაში რომელიღაც გარე და დამოუკიდებელი ძალები ერთვებოდნენ, თითქოს გარკვეული ენერგიები ერთიანდებოდნენ და მეხმარებოდნენ შემოქმედებით პროცესში. ვიცი, რომ ჩემი მონათხრობი დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ, ამავდროულად, ის სრული სიმართლეა.

სიმართლეა, რომ ბევრჯერ, სადმე წვეულებაზე ჭიქით ხელში მდგარს, თაროდან შემთხვევითი წიგნი გადმომიღია და შემთხვევით გვერდზე გადამიფურცლავს – და ჩემდა გასაოცრად – ზუსტად ის მიპოვია, რაც მჭირდებოდა: პერსონაჟი, მოვლენა, ინფორმაცია, ასოციაცია, სათაური, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი მსმენოდა.

ბევრჯერ მომხდარა, რომ სრულიად შემთხვევით შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც რომანთან დაკავშირებული რომელიმე მწვავე პრობლემის გადაჭრაში დამხმარებია. შემთხვევით ადგილზე უბრალო გასეირნებას ისეთ კვალზე დავუყენებივარ, რომლის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონია. ასეთ სიტუაციებში თავდაპირველად ეჭვი გიჩნდება, მაგრამ შემდეგ თავში უცნაური აზრი მოგდის – თითქოს გარკვეული მიზეზის გამო სამყაროს სურს, რომ ეს წიგნი დაიწეროს.

დიახ, ვაცნობიერებ, რამდენად არასერიოზულად ჟღერს ჩემი ნათქვამი. ის ჩემს პიროვნებასაც უცნაურ შუქში აყენებს. რას იზამ! მწერლები ხომ ხელოვანები არიან, ხოლო ხელოვანებმა ექსცენტრულობის უფრო დიდი სივრცე მოიპოვეს, ვიდრე, ვთქვათ, მეცნიერებმა – ბოლოს და ბოლოს, ხელოვანები სამეცნიერო წოდებებს არ ესწრაფვიან.

იმისთვის კი, რომ საკუთარი თავისთვის ცოტა სერიოზულობა შემემატებინა, ლათინურს მოვუხმე – mundus adiumens, კეთილგანწყობილი, დამხმარე სამყარო, რომელიც ისეთ განცდას გიქმნის, თითქოს ვიღაც ხელს გკიდებს, წინ მიგიძღვის და ნარკოტიკული ტრანსის მსგავს მდგომარეობაში შეჰყავხარ, ერთობ სასიამოვნო, მაგრამ ჯიუტ და ძნელად დასამორჩილებელ ფსიქოზს რომ ჰგავს.

ვფიქრობ, ეს მდგომარეობა დამოკიდებულს გხდის და როცა რომანული მოგზაურობიდან ბრუნდები, მხოლოდ წამით გეუფლება შვება, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს გონების ნეტარი მდგომარეობაა. „მე“ – რომელსაც ჩვეულებრივ გარემოებებში ასე ვუფრთხილდებით და ვასაზრდოებთ – უმცირეს განზომილებამდე იკუმშება და უფლებას იძლევა, მას ცნობიერისა და არაცნობიერის მძვინვარე შინაარსებმა შემოარტყან ალყა, სიტყვებისა და გამოსახულებების ოკეანეებმა წალეკონ და უსიტყვოდ მიჰყვება ძაფს, რომელიც ლაბირინთის სიღრმეში დამალულ მიზანზეა გამობმული.

მაგრამ ცხადია, საკუთარი თავისა და აწმყოს სრულად მიტოვება შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით ისტორიული რომანი არ არსებობს, რადგან მისი ფესვები ყოველთვის მწერლის აწმყოშია ჩარგული. ისტორია არის წარსულის რეალური და წარმოსახული მოვლენების უსასრულო ex post ინტერპრეტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას, მასში იმ დროის უხილავი მნიშვნელობები დავინახოთ.

ამიტომ, როცა 1997 თუ 1998 წელს ტორუნისა თუ ბიდგოშჩის ანტიკვარების მაღაზიაში „უფლის სიტყვათა წიგნი“ ავიღე ხელში, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღრმა ინტელექტუალური თავგადასავლის წინაშე აღმოვჩნდი და თითქმის შეუმჩნევლად შევაბიჯე მასში – მთელი ჩემი გატაცების უნარით, გულუბრყვილობითა და სიფაქიზით მხოლოდ იმაზე ვზრუნავდი, რომ საღ აზრსა და მის მუდმივ წუწუნს არ გაეფუჭებინა ჩემთვის იმ სამყაროს შექმნის სიამოვნება, რომელიც ცოტა ხანში, ერთ ან რამდენიმე წელიწადში, სხვებს, თქვენ, უნდა გაგიზიაროთ.


[1] პოლ. ნიშანი – 1946 წლიდან კრაკოვში საზოგადოებრივი საგამომცემლო ინსტიტუტის (Społeczny Instytut Wydawniczy Znak) მიერ გამოცემული ყოველთვიური ჟურნალი.

[2] პოლ. ლიტერატურა მსოფლიოში – 1971 წელს ვარშავაში დაარსებული ყოველთვიური ჟურნალი.

[3] იგულისხმება ბოლესლავ პრუსის რომანი „თოჯინა“.

[4] ფლამარიონი, კამილ (1842-1925) – ფრანგი ასტრონომი.

© არილი

Facebook Comments Box