ახალი ამბები,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  რეცენზია (თარგმანი)

ვიტგენშტაინის “პირადი ჩანაწერები: 1914 – 1916”

ჩანაწერებში ასახულია ფილოსოფოსის პირადი საზრუნავები, სექსუალური ვნებები, პროფესიული გამოწვევები და ომში გატარებული დღეები.

ავტორი: ჯენიფერ სალაი

ლუდვიგ ვიტგენშტაინის გენიალურობის საზომად ის ფაქტიც კმარა, რომ მასზე შექმნილ ნაშრომთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება თავად ფილოსოფოსის მიერ დაწერილს – სიცოცხლეში სულ რაღაც თითო-თითო წიგნი, სტატია და რეცენზია გამოაქვეყნა. კოლეგების დახასიათებით, იყო „მომნუსხველი, თუმცა შემზარავი პიროვნება“. გულჩათხრობილი და ძალიან მარტოსული –  1918 წელს მისი “პირველი და ერთადერთი მეგობარი” დევიტ პინსეტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ვიტგენშტაინმა მის ხსოვნას „ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი“ მიუძღვნა.

როგორც რეი მონკმა ფილოსოფოსის ბიოგრაფიაში („ლუდვიგ ვიტგენშტაინი: გენიოსის მოვალეობა“, 1990) აღნიშნა, მოაზროვნეზე დაწერილი მემუარები ურიცხვია. წერდნენ ისინიც კი, ვინც ფილოსოფოსს თითქმის არც კი იცნობდნენ: „ქალბატონი, რომელმაც რუსული ასწავლა“ ან „ბატონი, რომელიც მის აგარაკს ტორფით ამარაგებდა“. თავისთავად, შედარებით ახლობელთა მოგონებებზეც მიგვიწვდება ხელი. მაგალითად, ეკონომისტმა ფრიდრიხ ჰაიეკმა, რომელიც ვიტგენშტაინს დეიდაშვილად ეკუთვნოდა გაიხსენა ერთ საღამოს ფილოსოფოსი ხან გაცხარებით როგორ ეკამათებოდა, ხან კი საუბარს თავს არიდებდა. ბოლოს ცხვირი დეტექტიურ რომანში ჩაყო, რადგან „როგორც ჩანს, ლაპარაკის გაგრძელება აღარ სურდა“.

ვიტგენშტაინის ჩვევა – გულანთებული საუბრისას უცებ დადუმებულიყო, მის „ტრაქტატშიც“ წარმოჩინდა, სადაც 500-ზე მეტი ლოგიკური  წინამძღვრით შემდეგ დასკვნამდე მივიდა: „რის შესახებაც ვერ ვილაპარაკებთ, იმის თაობაზე დუმილი გვმართებს“. ასევე, 1916 წლის ივლისში თავისთვის ჩაინიშნა „არ შეიძლება ითქვას, რისი თქმაც შეუძლებელია!“

რაც შეეხება “პირად ჩანაწერებს”, ფილოსოფოსმა მათი წერა 1914 წელს, ომში მოხალისედ წასვლის შემდეგ დაიწყო. ჩვენამდე მოღწეული სამივე წიგნაკის ტექსტი დაშიფრულია კოდით, რომელსაც ვიტგენშტაინი ბავშვობაში დედმამიშვილებთან თამაშისას იყენებდა. დღიურები ინგლისურად წელს პირველად ითარგმნა მარჯორი პერლოფის მიერ.

„პირადი ჩანაწერები: 1914-1916“ უცნაური, თუმცა უზომოდ ინფორმაციული ტექსტია, თუ მკითხველის ინტერესის საგანი ვიტგენშტაინის პირად საზრუნავები, სექსუალურ ლტოლვები, ფილოსოფიური გამოწვევები და სამხედრო სამსახურია. აქ ვერ შეხვდებით ჯარისკაცთა მემუარებისთვის სახასიათო მსჯელობას მიმდინარე ომის საკაცობრიო მნიშვნელობაზე. ერთადერთ გამონაკლისად შეგვიძლია დავასახელოთ, როცა ავტორი მხიარულად განაცხადებს, რომ განწირულია მისი მხარე: „ინგლისელები – მსოფლიო რბოლის მოწინავენი – ვერ წააგებენ! აი, ჩვენ კი, შეგვიძლია და კიდეც დავმარცხდებით, ახლა თუ არა, მომავალ წელს მაინც!“

ფილოსოფოსი არც თანამებრძოლთა მიმართ გამოხატავს ომის მემუარებისთვის დამახასიათებელ სენტიმენტალურობას. როგორც ჩანს, ისინი კიდეც სძულდა – უფრო სწორად „სძაგდა“. ვიტგენშტაინი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახიდან იყო – “ზრდილობიანი საუბრის ჩვევა ჩემში იმდენად არის გამჯდარი!” – რომ გარდაუვალი იყო რიგითი ჯარისკაცები არ შეზიზღებოდა. „გემზე ჩემთან ერთად ღორების კოლტია! არაფრის მიმართ ენთუზიაზმი მათ არ გააჩნიათ. მხოლოდ უზომო უმწიფრობა, სიშტერე და ღვარძლიანობა,“ – დაწერა ჯარში გაწევრიანებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ძირითადად, „ქედმაღლობასა“ და „თავხედობაზე“ წუწუნებდა. აზრი არც ორი წლის შემდეგ შეუცვლია.

რამდენადაც ხალხი აწუხებდა თავის გარშემო, იმდენად ფილოსოფიური თავსატეხები არ ასვენებდა. აღმოაჩინა, რომ საკუთარ აზრებზე საუკეთესოდ კარტოფილის თლის დროს კონცენტრირდებოდა. თლიდა და მტანჯველ ფიქრებს მიეცემოდა. გამოწვევა „ტრაქტატის“ წერის მეთოდი აღმოჩნდა – ენის საზღვრები სიტყვებში უნდა მოეხელთებინა. „დეტალებს ვხედავ, მაგრამ არ ვიცი, რა როლს თამაშობენ მთლიან სურათში . ამ მიზეზით, ყოველი ახალი ფიქრი, ტვირთად მაწევს.“

ტვირთვად ასევე სექსუალური ლტოლვები ეწვა. მამაკაცებთან შესაძლო ურთიერთობაზე გაკვრით თუ წერდა, მაგრამ მასტურბაციაზე (ან მის ნაკლებობაზე) გულწრფელად (და ხშირად) საუბრობდა. ზოგჯერ საქმესა და სექსზე ერთდროულად მსჯელობდა: „ვიპოვი კი აზრს, რომელიც ყველაფერს ახსნის? მეწვევა??!! – გუშინ და დღეს ვმასტურბირებდი.“

მეორე წიგნაკი სასვენ ნიშანთა უჩვეულო გამოყენებით გამოირჩევა. როგორც ჩანს, ძახილის ნიშნები და ტირეები ძალიან უყვარდა. ზოგჯერ ორჯერ ან სამჯერაც კი წერდა და უცნაურ კომბინაციებსაც ქმნიდა. მაგალითად: „- ! –„ ან „- ! – !“ ან იდუმალი „-.–.“ პერლოფი ერთ მეცნიერს იმოწმებს, რომლის აზრითაც, გრძელი ტირეები ლოცვის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს. თუმცა, თავად ავტორს თუ დავუჯერებთ: „მინდა, პუნქტუაციამ, რომელსაც ასე უხვად ვიყენებ, შეანელოს კითხვის ტემპი, რათა წინადადებები ზუსტად ჩემსავით წარმოთქვან. თითოეული ჩემი წინადადება ნელა უნდა იკითხებოდეს.”

პერლოფმა უწინ დაწერა წიგნი “ვიტგენშტაინის კიბე” (1996), სადაც ფილოსოფოსის “იდეების პოეზია” განიხილა. რისი წინააღმდეგიც, სავარაუდოდ,  ვიტგენშტაინი არ იქნებოდა. მიაჩნდა, რომ ფილოსოფია „მხოლოდ პოეზიის ფორმით უნდა იწერებოდეს“ და ამით არგუმენტაციის ტრადიციულ ფორმებსა და საკუთარ მენტორს, ბერტრან რასელს დაუპირისპირდა. „ვუთხარი, არ კმარა ჭეშმარიტებად მიიჩნიო ის, რისიც თავად გჯერა. არგუმენტებით უნდა დაასაბუთო“, – წერდა “ტრაქტატით” აღშფოთებული რასელი მეგობარს წერილში, ”მაგრამ მან თქვა, რომ არგუმენტები აზრის სილამაზეს ბღალავს, თითქოს ყვავილს აბინძურებდეს ტალახიანი ხელებით.”

გაი დევენპორტმა ვიტგენშტაინს უწოდა ადამიანი, რომელიც „თავისი ნებით  უფრო და უფრო დახვეწილ და ღრმა პრობლემებში ნელ-ნელა იძირებოდა“, ხოლო „პირადი ჩანაწერები“ საშუალებას გვაძლევს, ამ პროცესს რეალურ დროში დავაკვირდეთ. 1916 წლის 24 ივლისის დაბომბვის გამოცდილება აღწერა – თუ რამდენს სურდა „ცხოვრების გაგრძელება“; ჩაინიშნა, რომ: “სამყარო და სიცოცხლე ერთია” და “ეთიკა და ესთეტიკა ერთია” – შემდეგ ამ წინადადებებმა “ტრაქტატის” საბოლოო ვერსიაში გაიკვალეს გზა. ომმა ვიტგენშტაინი და შესაბამისად მისი ფილოსოფიური აზროვნება შეცვალა – “ჩემი ნამუშევარი ლოგიკის საფუძვლებთან სამყაროს არს ჩასწვდა”. დღიურებმა კი ცხადყო, რომ ეს არა რეალობისგან გაქცევით, არამედ თავიდან ბოლომდე მასში ჩაძირვის გზით მოახერხა.

© არილი

Facebook Comments Box