
ინგლისურიდან თარგმნა ქეთო გახოკიამ
სენკევიჩს ვკითხულობ. დამთრგუნველი საკითხავია. ვამბობთ: ეს ხომ საშინელებაა, და მაინც ვაგრძელებთ კითხვას. ვამბობთ: რაოდენ უბადრუკი რამაა, და მაინც ვერ ვწყდებით. ვყვირით: გაუსაძლისი ოპერაა! – და მაინც ვაგრძელებთ, მისით მოჯადოებულნი.
რა ძალმოსილი გენიოსია! – ალბათ, არასდროს უარსებია ასეთი პირველი ხარისხის მეორეხარისხოვან მწერალს. მეორეხარისხოვანი ჰომეროსია, პირველხარისხოვანი დიუმა. ლიტერატურის ისტორიაში ძნელად მოიპოვება მთელი ერის ამგვარი მოჯადოების ან მასების ცნობიერებაზე ასეთი მომნუსხველი გავლენის სხვა მაგალითი. სენკევიჩმა, ამ ჯადოქარმა, მაცდურმა, თავისი კმიციცი, ვოლოდიოვსკი და დიდი ჰეტმანი[1] ჩვენს გონებაში გამოამწყვდია და თავი საცობით დაგვიხშო. მას შემდეგ, პოლონელებისთვის არაფერი ყოფილა ასეთივე მომნუსხველი – არც ის, რაც მისგან განსხვავდებოდა და არც ის, რაც მას ჰგავდა. ჩვენი წარმოსახვის ამგვარმა ტყვეობამ გამოიწვია ის, რომ ეს საუკუნე ისე განვვლეთ, თითქოს სხვა პლანეტაზე გვეცხოვროს და თანამედროვე აზროვნებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. ვაზვიადებ? თუ ლიტერატურის ისტორია ხელოვნების შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად ადამიანზე მის გავლენას აღიარებს, სენკევიჩი (ეს დემონი, ჩვენი კოლექტიური ცნობიერების წარღვნა, პარაზიტი) მიცკევიჩზე ხუთჯერ დიდ ადგილს დაიკავებს. ვის წაუკითხავს მიცკევიჩი საკუთარი ნებით, ძალდაუტანებლად? ვინ იცნობს სლოვაცკის? კრასინსკი, ფშიბიშევსკი, ვისპიანსკი… განა ეს თავსმოხვეული, იძულებით საკითხავი ლიტერატურა არ იყო? სენკევიჩი მათრობელა ღვინოა და როცა მას ვეწაფებით, გული გამალებით ძგერს… ვისთანაც უნდა გესაუბრათ – ექიმთან, მუშასთან, პროფესორთან, მიწათმფლობელთან თუ კლერკთან – ყველგან სენკევიჩს გადაეყრებოდით, რადგან სენკევიჩია პოლონური გემოვნების უმაღლესი, ყველაზე ღრმა საიდუმლო, პოლონური „ოცნება მშვენიერებაზე“. ხშირად შენიღბული იყო ან აღიარებას განრიდებული, სამარცხვინოდ მიჩქმალული, ან ზოგჯერ სრულიად მივიწყებულიც კი – მაგრამ ყოველთვის სენკევიჩი გახლდათ. და საერთოდ, რატომღა იწერებოდა და იბეჭდებოდა წიგნები მის შემდგომ? – წიგნები, რომლებიც მას აღარ ეკუთვნოდა?
სენკევიჩთან ჩვენი საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობის გასაგებად (რაც სახელს გვიტეხს) აუცილებელია ერთ ფრიად სათუთ და საფრთხილო საკითხს შევეხოთ, კერძოდ, „მშვენიერების ქმნადობის“ პრობლემას. ცდუნების, მოხიბვლის, მოჯადოების სურვილი მარტოოდენ ქალისთვის როდია დამახასიათებელი; და სრულიად შესაძლებელია, რომ რაც უფრო სუსტი და დაჩაგრულია ერი, მით უფრო მტკივნეულად იგრძნოს მან მშვენიერების საჭიროება, რაც სამყაროსთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს: „შემომხედე, ნუ მდევნი, შემიყვარე!“ ასევე, მშვენიერება აუცილებელია, რომ საკუთარი თავისა და იმის შეყვარება შევძლოთ, რაც ჩვენშია – და ეს სიყვარულია, დანარჩენ სამყაროსთან დაპირისპირების ძალას რომ გვანიჭებს. სწორედ ამიტომ მიმართავენ ერები თავიანთ ხელოვანებს, რათა მათგან გამოწურონ მშვენიერება, და ასე წარმოიშობა ფრანგული, ინგლისური, პოლონური თუ რუსული სილამაზე. საუკუნეების განმავლობაში, ვინმეს ოდესმე შეუდგენია პოლონური მშვენიერების ისტორია? ამაზე მნიშვნელოვანი თემა, ალბათ, ძნელად მოიპოვება, რადგან საკუთრივ შენი მშვენიერება განსაზღვრავს არამხოლოდ შენს გემოვნებას, არამედ შენს მიმართებას მთელ სამყაროსთანაც. ამ დროს გარკვეული საკითხები მიუღებელი ხდება, არა იმიტომ, რომ უნდა დაგმო ისინი, არამედ იმიტომ, რომ „ულაზათოა“, „შენი სტილის დამაკნინებელია“, და მათთან ერთად იმ მშვენიერების სრულყოფას ვეღარ შეძლებ, რომლისკენაც ისწრაფვი და რომელიც საკუთარ თავს მისაბაძ ნიმუშად დაუსახე.
სენკევიჩის salon de beauté ხანგრძლივი ისტორიული პროცესის შედეგია, და კვლავ ვიმეორებ, ჩვენ ვერასდროს ჩავწვდებით მისი თავბრუდამხვევი გამარჯვებების მნიშვნელობას, თუ ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მშვენიერების პოლონურ თავგადასავლებს არ გადავხედავთ. შეხედეთ მე-16, მე-17 საუკუნის ლიტერატურას და დარწმუნდებით, რომ აქ მშვენიერება ყოველთვის სათნოებასთან არის გაიგივებული. მასში სიცოცხლის მიერ ნაშობი სილამაზის ადგილი არ გახლავთ. პირიქით, სიცოცხლე ზნეობას ემორჩილება და ხელოვნებაში ესთეტიკური კანონიზაციის მიღწევაც მხოლოდ ღირსეულ, სათნო და ღვთისმოშიშ ახალგაზრდა გმირს ხელეწიფება. მაგრამ დღეს ამგვარი ლიტერატურა აღარ გვიზიდავს; გვღლის, მოსაწყენად და უინტერესოდ გვეჩვენება, რადგან თვით სათნოებაა მოსაწყენი და ჩვეული. სათნოება სტატიკურია, ანუ სიკვდილია; ცოდვა კი – სიცოცხლეა; სათნოება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს სიცოცხლისუნარიანი, როცა ცოდვაზე იმარჯვებს; ცოდვა პირველყოფილია და უფრო მეტიც, რაღაც ისეთია, რაც განგვასხვავებს და გამოგვკვეთს. ადამიანური ბუნება ცოდვაში, სიცოცხლისუნარიანობაში ვლინდება და ის, ვისაც ასეთი სასიცოცხლო პერიოდები არ განუვლია, ვინც მხოლოდ სათნოებით იცხოვრა, საკუთარ თავს ვერასდროს შეიცნობს. იმ პერიოდის ლიტერატურისთვის სრულიად მიუღებელი იყო მკრეხელური აზრი, რომ სათნოების მიღმაც კი შეიძლებოდა ჯოჯოხეთი არსებულიყო. ამან კი გარდაუვალად მიგვიყვანა ფორმის გაქვავებამდე. განა იგივე არ ხდება დღესაც, როცა ახალგაზრდა, ბრწყინვალე მუშის „ბოლშევიკური მშვენიერება“ – რომელსაც გაცისკროვნებული ღიმილი უმშვენებს ბაგეს, ხელთ ჩაქუჩი უპყრია, ხოლო მზერა ბრწყინვალე მომავლისკენ მიუმართავს – თავისი გადამლაშებული სათნოებით გვღლის? სწორედ ამგვარი წარმოდგენებიდან დაიბადა ჩვენი უცნაური, თავგადასავლებით სავსე მეთვრამეტე საუკუნე – პოლონური სილამაზის სრულიად გენიალური კრიზისი, რომელმაც ჩვენივე სიმახინჯისა და უყაირათობის პირისპირ დაგვაყენა… სკლეროზით დაავადებული, ჭკუასუსტი, სიბერით გახევებული და, ამავდროულად, დაჩლუნგებული საუკუნე, რომელშიაც ფორმასა და ინსტინქტს შორის დადებულმა ზავმა უფსკრული წარმოშვა… და შესაძლოა, ყველაზე ღრმა უფსკრულიც კი, რაც ჩვენს ზანტ სულს ოდესმე უხილავს. არც მანამდე და არც მას შემდგომ, ასე ახლოს არ ვმდგარვართ ჯოჯოხეთის კიდესთან და არცერთ მოსაზრებას პოლონეთსა და პოლონელებზე არავითარი ღირებულება არ ექნება, თუ გვერდს ავუვლით საქსონიური უხამსობის[2] ამ პერიოდს. რა მოხდა ამ დროს სინამდვილეში? – მოხდა ის, რომ პოლონელმა უეცრად საკუთარი თავი პოლონელის კარიკატურად აღიქვა. იეზუიტთა სკოლები უფრო ცხოველ მშვენიერებას ვერ გვთავაზობდნენ, ამიტომ საკუთარი არსებობით შეძრწუნებულნი და უმიზნობით სასოწარკვეთილნი, თავდავიწყებასა და ფარსში გადავეშვით.
ეჭვგარეშეა, რომ იმ პერიოდში, ჩვენი ქცევისთვის დამახასიათებელი ჭკუასუსტობა, სხვა მიზეზებთან ერთად, მშვენიერების აღქმის დაუკმაყოფილებელი წყურვილიდან მომდინარეობდა. იმ დროს, პოლონეთი იყო ერი, რომელმაც უბრალოდ არ იცოდა, როგორ უნდა ყოფილიყო ლამაზი. იმ პერიოდის მსუქან აზნაურთა კვადრილს მიღმა ის სასოწარკვეთა იგრძნობოდა, რომელიც ცოცხალი მადლის წყაროსთან დაშორებით არის გამოწვეული; ეს იმ ადამიანთა ტრაგედია გახლდათ, რომლებიც უბრალოდ იძულებულნი იყვნენ ისეთი შემცვლელებით დაკმაყოფილებულიყვნენ, როგორიცაა ეტიკეტი, პატივი, ტიტული, და შვება პომპეზურ რიტუალებში ეძიათ, მაშინ როცა მათი სიხარბე, გარყვნილება და ამპარტავნება ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა. რა გამოუსწორებელი ზიანია! რა სამწუხაროა, რომ ამ საქსონიურმა ბურლესკმა თავის ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიაღწია! რადგან საკუთარ სიმახინჯესა და სიბრიყვეში ტანჯვა, დიდი ალბათობით, მშვენიერებისა და შემეცნების უფრო მაღალ ფორმებამდე მიგვიყვანდა – ეს მტანჯველი კონფლიქტი ფორმასთან, რომელიც მტრული გახდა, უზადოდ დახვეწდა ჩვენს მგრძნობელობას თავად ფორმის მიმართ და ვინ უწყის, იქნებ, ამ გზით უკეთ გაგვეაზრებინა ის მძლავრი დაპირისპირება, რომელიც ადამიანსა და მის ფორმას, მის „სტილს“ შორის არსებობდა – ეს საშუალებას მოგვცემდა შეგვემჩნია თავად „ფორმა“ და შედეგად შეგვექმნა არა იმდენად „პოლონური სტილი“, რამდენადაც ჩვენი, ადამიანური დამოკიდებულება ამ სტილის მიმართ. დიახ, შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაგვეკეთებინა, შესაძლოა ნაყოფიერ, ახალ იდეებთან მივსულიყავით, რომ არა… რომ არა მიცკევიჩი! დიახ! მიცკევიჩმა დაგვიამა ტკივილები, მშვენიერების ახალი საზომი შემოიტანა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე სავალდებულო გახდა და შედეგად, მხოლოდ ის მივიღეთ, რომ კვლავ საკუთარი თავით კმაყოფილნი დავრჩით.
ნეტავ, მართლაც კარგი ნაწარმოებები ყოფილიყო!… მაგრამ ნამდვილი მშვენიერება სიმახინჯის გვერდის ავლით არ იქმნება. საკუთარ სხეულთან ვერაფერს გახდები, თუ სიმორცხვე ბოლომდე გაშიშვლების საშუალებას არ გაძლევს. სათნოება ცოდვების მიჩქმალვას კი არ გულისხმობს, არამედ მათ დაძლევას; ჭეშმარიტ სათნოებას ცოდვა არ აშინებს, პირიქით, ეძებს კიდეც მას – რადგან სწორედ ცოდვაა მისი არსებობის მიზეზი. ხელოვნებას შეუძლია უზომოდ განადიდოს კაცის ან ერის მშვენიერება, თუ მას მოქმედების სრულ თავისუფლებას ვუბოძებთ. მაგრამ მიცკევიჩმა – ბრძენმა, რომელიც ისეთივე გულმოწყალე აღმოჩნდა, როგორც მორცხვი და ისეთივე ღვთისმოსავი, როგორც გაუბედავი – ამჯობინა ბოლომდე არ გაშიშვლებულიყო და მისმა ყოვლისმომცველმა უმწიკვლოებამ შიშით აარიდა თვალი ჭეშმარიტებას. მიცკევიჩი იმ პოლონელ ესთეტიკოსთა ნიმუშს წარმოადგენდა, რომელთაც არ უყვართ ტალახში „კოტრიალი“ ან ვინმესთვის ტკივილის მიყენება. თუმცა, მისი ყველაზე დიდი სისუსტე ის გახლდათ, რომ ეროვნული პოეტი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთან იყო გადაჯაჭვული, ერს გამოხატავდა და სწორედ ამიტომ დაკარგა უნარი, პოლონეთი გარედან აღექვა და რაღაც ისეთად დაენახა, რაც თავისთავად „არსებობს სამყაროში“. როგორც გარე სამყაროში, ისე საკუთარ თავში საყრდენმოშლილმა, ვერ შეძლო ერის ფეხზე წამოყენება და ამ პირობებში გააკეთა ის, რისი უფლებაც საკუთარი თავისთვის არ უნდა მიეცა: მშვენიერების ის მოდელი შექმნა, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დროის კონკრეტულ მომენტში მოერგო. რაკიღა დამოუკიდებლობა დავკარგეთ და სისუსტემ გვძლია, მიცკევიჩმა ჩვენი მდგომარეობა რომანტიზმის საბურველში გახვია, პოლონეთი წამებულ ქრისტედ გამოაცხადა, ჩვენი ქრისტიანული სათნოება მომხდურთა უკანონობას დაუპირისპირა და პოლონური მშვენიერი პეიზაჟების ქება-დიდებას მოჰყვა.
ასე რომ, სათნოება კვლავ მშვენიერების საძირკველი გახდა – პოლონელები ისევ ძველებური მზაობით დათანხმდნენ რეალობის შელამაზებას, იმის გაუცნობიერებლად, რომ ეს ყოველივე სიცოცხლის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. მიცკევიჩი – დაპყრობილი ხალხის პოეტი – რომელსაც სასიცოცხლო ძალები ისედაც შესუსტებოდა, სიცოცხლეს უფრთხოდა, იგი იმ ხელოვანთა რიგს არ განეკუთვნებოდა, რომელიც ხარს მატადორივით გამოიწვევდა, რეალობას დაუპირისპირდებოდა, მას მაქსიმალურ ტემპერატურამდე გაახურებდა და ესთეტიკასა და მორალს საკუთარ ძალებს დაუმორჩილებდა. არა! – ის მასწავლებელთა და აღმზრდელთა იმ რიგებს ეკუთვნოდა, რომლებიც ცდუნებების თავიდან არიდებას ამჯობინებენ. არადა, ეს ყველაფერი სწორედ მაშინ ხდებოდა, როცა დასავლური ხელოვნება დაუსრულებლად ღელავდა და ფართოვდებოდა. მიცკევიჩის შემოქმედება ერთგვარად ფრთხილი დამუხრუჭებაა, „ბოროტი აზრებისა“ და ამაღელვებელი ხედვებისათვის თავის არიდებაა. როგორ წარიმართებოდა ჩვენი გზა, მიცკევიჩის გარდა, სხვა ვარსკვლავი რომ გამოჩენილიყო ცაზე: მასავით ბრწყინვალე და ამაღლებული ადამიანი, რომელიც თავს ერის მსახურებას კი არ მიუძღვნიდა, არამედ მასხრად აიგდებდა ჩვენს სიღარიბესა და მონობაში არსებულ საჭიროებებს, და მშვენიერებისკენ სწრაფვას სრულიად თავისუფალი, სულიერად თავისუფალი ადამიანივით შეძლებდა? მაგრამ არავითარი ასეთი ვარსკვლავი – გოეთეს კალიბრისა – ჩვენს ცაზე საჭირო დროს არ გამოჩენილა და დღეს, შესაძლოა, უკვე ძალზე დაგვიანებულია… რადგან პრობლემებს თავისი წელთაღრიცხვა აქვთ და დღეს ჩვენს გულებს სხვა საწუხარი ამძიმებთ.
იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორია მშვენიერების აღქმა მოცემულ ისტორიულ ეპოქაში, უპირველესად, საზოგადოების ახალგაზრდობასთან დამოკიდებულება უნდა ვიკვლიოთ. იმ შემოქმედის პოეზიაში, რომელიც ავტორია ლექსისა „ოდა ახალგაზრდობას“, ახალგაზრდობის სილამაზე მოწიფულთა სილამაზეს ექვემდებარება – შეიძლება ითქვას, რომ ეს კვლავ მამების ლიტერატურაა, და მიცკევიჩს ხიბლავს არა თავად ახალგაზრდა კაცი, არამედ მამაკაცი ან ყმაწვილი კაცი, რომელიც მამაკაცის თვისებებს ატარებს. მიუხედავად მისი რომანტიზმისა, მთელ პოლონურ ლიტერატურაში ახალგაზრდული სულით აღფრთოვანების იმ ნიშანწყალს ვერსად იპოვით, რომლითაც ასეა გაჯერებული ბერძნული ხელოვნება, რენესანსული ფერწერა ან თუნდაც „რომეო და ჯულიეტა“… არა, აქ ახალგაზრდული ბუნება მუდამ ჩახშობილია, ახალგაზრდობის ცხენს ლაგამი მტკიცედ აქვს ამოდებული… მაშ, როგორი იყო ახალგაზრდა პოლონელი კაცის მდგომარეობა მიცკევიჩის ეპოქაში? ბუნებისგან ბოძებული ნიჭის მიუხედავად, ახალგაზრდა კაცი მშვენიერი მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ იგი რომანტიზმის ტრაგიკულ გმირს განასახიერებდა, პოლონელი იქნებოდა ან მისი მშვენიერება – იგივე ღირსების, ზნეობის მშვენიერება – ოცდაათი წლის ასაკის შემდგომ იჩენდა თავს. მაგრამ სათნოების ეს მშვენიერებაც კი, რომელიც სათავეს ღვთის ან ერის მსახურებიდან იღებდა, განუზომლად ვიწრო აღმოჩნდა დასავლეთში ეტაპობრივად გაჩენილ მრავალფეროვან სილამაზესთან შედარებით – იქ უკვე ამჩნევდნენ, რომ არსებობს სახელგატეხილთა და სულმდაბალთა მშვენიერება, ცოდვის წარმართული სილამაზე, გოეთეს მშვენიერება და შექსპირისა და ბალზაკის ავისმომასწავებელი მუქი ელფერი; ან მშვენიერება, რომელიც მხოლოდ ბოდლერის, უაილდის, რასკინის, პოსა თუ დოსტოევსკის შემოქმედებაში იპოვება, თუმცა, ადამიანური მშვენიერების ამ დასავლური, მრავალფეროვანი დიაპაზონიდან ვერაფერმა მოაღწია იმ ახალგაზრდა კაცის სულამდე, რომელსაც მხოლოდ „პოლონეთის ღირსეული შვილის“ როლი და ფუნქცია ერგო. და თუკი, ასეთი კაცი, თავისი ინსტინქტებითა და ტემპერამენტით გატაცებული, მაინც შეაღწევდა ამ აკრძალულ ჯუნგლებში, გზის გაკვალვა ყოველთვის მარტოს, წინამძღოლის გარეშე, საკუთარ უმწიფარ, იდუმალ ინსტინქტებს მინდობილს უწევდა.
ახლა კი, მოდი, სენკევიჩს მივუბრუნდეთ.
სათნოებასა და სიცოცხლეს შორის არსებული დილემა გადაუჭრელი დარჩა და, ამგვარად, მიცკევიჩის შემდგომი პერიოდის ლიტერატურაში, კიდევ უფრო გამწვავდა. ეს დაპირისპირება არსად გამოვლენილა ისეთი დამახინჯებული ფორმით, როგორც კრაშევსკისთან – ამ ავტორის კვლევა სინათლეს მოჰფენდა ჩვენს ფსიქიკას. ამ დროს ჩვენ ვიწრო ესთეტიკის ჩარჩოებში მოვექეცით და სწორედ ამ ჩარჩოს ფარგლებში მოგვიწია საკუთარი თავის ხატვა. ახალი თაობა სულ უფრო მეტად გაღიზიანდა იმით, რომ ეს სამოქალაქო მშვენიერება ზედმეტად ვიწრო სამოსი გამოდგა მათი ტემპერამენტისთვის, ისინი სათნოების, მშვენიერებისა და მადლის იმგვარ შერწყმას ესწრაფოდნენ, რომელიც ახალი პოლონელის შესაქმნელად გამოდგებოდა – პოლონელისა, რომელმაც არამხოლოდ ლოცვა, არამედ ცეკვაც იცოდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ცოდვის ჩადენა გვეწადა, მაგრამ საუკუნოვანი ტრადიციით პარალიზებულნი, მსუბუქ ცოდვებს ვეძებდით, ისეთ ცოდვას, რომელიც მდაბალი, სამარცხვინო, მახინჯი ან საზარელი არ იქნებოდა… დიახ, ჩვენ სასიამოვნო ცოდვა გვჭირდებოდა, რომელიც არავის შეაზიზღებდა თავს. სენკევიჩმა უდავოდ იგრძნო ეს ფარული საჭიროება და სწორედ ამან გაუკვალა გზა ტრიუმფისკენ. მიცკევიჩისგან მემკვიდრეობით მიღებული პოლონელის ტიპი, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაღალი კლასისა იყო, სენკევიჩმა უფრო მსუბუქი, მისაღები და მიმზიდველი გახადა. მან სათნოება ცოდვით შეაზავა, ცოდვას მარილი მოაყარა, მერე მოტკბო ლიქიორიც დაამზადა – არც ისე ძლიერი, თუმცა მაცდური – სწორედ ისეთი, ყველაზე მეტად ქალებს რომ აღელვებთ.
სასიამოვნო ცოდვა, მართებული ცოდვა, მომხიბვლელი ცოდვა, „წმინდა“ ცოდვა – აი, ამ სამზარეულოს საფირმო კერძთა ჩამონათვალი; სენკევიჩის ტიპური გმირი არა სკშეტუსკი[3], არამედ ცოდვილი კმიციცია[4]; კმიციცებსა და ვინიციუშებს ცოდვის ჩადენის უფლება აქვთ, მაგრამ ერთი პირობით – ცოდვა მოჭარბებული სასიცოცხლო ენერგიიდან და უმწიკვლო გულიდან უნდა მომდინარეობდეს. სენკევიჩმა გააცნობიერა, რომ პოლონეთის განვითარებისთვის ცოდვის გამოთავისუფლება იყო აუცილებელი… გააცნობიერა და თან რა დონეზე! მშვენიერებისკენ სწრაფვასა და კეკლუცობას შორის მთავარი სხვაობა ისაა, რომ პირველ შემთხვევაში გვწადია საკუთარი თავი თავადვე მოგვწონდეს, მეორე შემთხვევაში კი, სხვათა მოხიბვლაც საკმარისია. პოლონელები, წლების განმავლობაში, არაობიექტურ მშვენიერებას ჰბაძავდნენ, რომელიც ყოველთვის ამაღლებული მიზნის ნიღაბქვეშ მოქმედებდა. მაშ, რა გასაკვირია, რომ მიცკევიჩი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, დიდწილად ობიექტური და ძლიერი იყო, ნელ-ნელა გარდაიქმნა სენკევიჩად, რომელსაც სურდა მოწონება ყველაფრის ფასად დაემსახურებინა? პირველ ყოვლისა, სურდა მკითხველს მოსწონებოდა; მეორე – სურდა, რომ ერთ პოლონეთს მეორე მოსწონებოდა და უფრო მეტიც, ერი მთლიანად პოლონელებს მოსწონებოდათ; და მესამე – უნდოდა მის ერს სხვა ერები მოსწონებოდა.
აშკარაა, რომ ამ მომხიბვლელ, მაცდურ ქსელში, ჭეშმარიტი ღირებულება ქრება და გადამწყვეტი მნიშვნელობა გარეგნულ ბრწყინვალებას ენიჭება – სიმსუბუქე, რომლითაც სენკევიჩი ღირებულების ილუზიას ქმნის, განცვიფრებას იწვევს. თუ მისი თეატრი სავსეა ტიტანური ფიგურებით, დიდი ჰეტმანებისა და ვილნიუსის ვოევოდების ძალისა და დიდების მქონე პერსონაჟებით, რომლებსაც სხვაგან იშვიათად შეხვდებით, სწორედ იმიტომ, რომ ეს ნამდვილი თეატრი და ნამდვილი თამაშია. უნარები, რომლებსაც ეს მზარეული ავლენს მრავალგვარი კერძების შეზავებისას, ზუსტად ისეთივეა, რაც საშუალო ნიჭის ადამიანს ახასიათებს, რომელიც ღირებულებებით თამაშობს. ჭეშმარიტად აღმატებული ტრაგედია ისაა, რომელიც არაფრის ფასად არ დასწევს საკუთარ თამასას; რომელიც სიკვდილამდე იბრძოლებს საკუთარი დონის შესანარჩუნებლად, რადგან არ იცის, როგორ უნდა გათავისუფლდეს საკუთარი თავისგან – და სწორედ ამიტომ არის ავთენტურად ამაღლებული ნაწარმოები მუდამ შემოქმედებითი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სხვებს თავის მსგავსად გარდაქმნის. სენკევიჩი კი პირიქით, სრულად ნებდება საშუალო წარმოსახვის მსახურებას და მიუხედავად იმისა, რომ უარს ამბობს სულიერებაზე, არ თმობს ნიჭს და ამგვარად მიდის ზეგრძნობად ხელოვნებამდე, რომელიც მასების განუხორციელებელ სურვილებს აკმაყოფილებს და სასიამოვნო სიზმრებით ვაჭრუკანობს… ამ ყოველივეს კი ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ მოწიწებით განმსჭვალული, საშუალო ნიჭის ადამიანი აუცილებლად შეჰყვირებს: რა გენიოსია! და მართლაც, თავისებურად, ეს ბრწყინვალე ხელოვნებაა – ბრწყინვალეა, რადგან სხვათა მოხიბვლისა და მოჯადოების სურვილიდან იბადება; აქედან ჩნდება თხრობის გასაოცარი სტილიც – ინტუიციური ცოდნა იმისა, როგორ ავირიდოთ თავიდან ის, რაც გვღლის, რაც მოსაწყენია ან არ გვართობს… სენკევიჩი იშვიათი გენიოსია, მაგრამ ცოტა არ იყოს, სამარცხვინოც – ჩვენი იმ ფარული სიზმრების მხატვარი, რომელთაც ძილის წინ ვნებდებით; გენიოსია, მაგრამ მისით ბაქიაობა უცხოელებთან არ ღირს; სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მთელი მისი დიდების მიუხედავად, სენკევიჩი სათანადოდ არასდროს დაუფასებიათ; პოლონური ინტელიგენცია მას „ძილისპირულ საკითხავად“ მიიჩნევდა, საჯაროდ კი უპირატესობას გაცილებით უნიჭო, მაგრამ ბევრად უფრო სერიოზულ ხელოვანებს ანიჭებდა, მაგალითად, ჟერომსკის ან ვისპიანსკის.
სენკევიჩი მსუბუქი მშვენიერების დიდოსტატია. იგი შემაძრწუნებლად ამსუბუქებს ყველაფერს, რასაც ხელს ჰკიდებს; აქ ცხოვრებისა და სულის ერთგვარი, თავისებური ჰარმონია იქმნება და ყოველგვარი წინაღობა, რომელიც სერიოზულ ლიტერატურას სისხლისგან ცლის, ბუნდოვანი ხდება; შედეგად ვიღებთ რომანებს, რომელთა კითხვისას მოზარდი სირცხვილით არ იშმუშნება; რატომ არ იწვევს პროტესტს რომანებში – „ტრილოგია“ თუ „ვიდრე ხვალ“ – აღწერილი გაუთავებელი ტანჯვა-წამება და სისასტიკე იმ მგრძნობიარე ქალიშვილებში, რომლებიც დოსტოევსკის კითხვისას გონს კარგავენ? იმიტომ, რომ აშკარაა – სენკევიჩისეული ტანჯვა-წამება სიამოვნებისთვისაა განკუთვნილი. აქ ფიზიკური ტკივილიც კი სიტკბოებად გადაიქცევა; მისი სამყარო სახიფათო, ძლიერმოქმედი და ბრწყინვალეა, იგი ნამდვილი სამყაროს ყველა თავისებურებას ატარებს, გარდა ერთისა – იარლიყი აკრავს – „გასართობად“, და ეს სიტყვა არავის აფრთხობს.
თუმცა, ეს თამაში, თავისთავად, არც ისე ცუდი უნდა იყოს, რადგან არსად წერია, რომ გართობა, სიკეკლუცე თუ ოცნებებში ლივლივი აკრძალულია…რომ არა ერთი ფაქტი: ფასეულობებით ამგვარი თამაში ფასეულობათა კულტის სახეს იღებს. არავინ კრძალავს კატის გაყიდვას, მაგრამ კატა ტომარაში გახვეული არ უნდა გაყიდო; სენკევიჩს რომ ვკითხოთ – რატომ ალამაზებ ისტორიას? რატომ ამარტივებ ადამიანებს? რატომ კვებავ პოლონელებს გულუბრყვილო ილუზიებით? რატომ თრგუნავ სინდისს, რატომ ახშობ აზრს და აფერხებ პროგრესს? – მისი პასუხი „ტრილოგიის“ ბოლო ფრაზებში იქნება: „გულის გასახარად“. გარდა ამისა, ერი თავად არის საკუთარი თავის განმსჯელი; თუმცა, ერის მიღმა, არსებობს ღმერთიც; რაკიღა სენკევიჩისა და მისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისთვის მისი რომანები მორალურ სტანდარტს აყალიბებს და უპირატესად კათოლიკურ მსოფლმხედველობას ეყრდნობა, იგი „წმინდა“ ლიტერატურად აღიქმება; სენკევიჩის ამოსავალი წერტილები ჰარმონიულად ერწყმის ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციას: ყველაფერი, რაც იწერება, იწერება ერისა და ღმერთის, ღმერთისა და ერის სახელით.
თუმცა, მარტივი შესამჩნევია, რომ ეს ორი კონცეფცია – ღმერთი და ერი – ერთმანეთთან სრულად თავსებადი სულაც არ არის ან, ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთის მხარდამხარ არ დგანან. ღმერთი აბსოლუტური მორალია, ერი კი კონკრეტული მისწრაფებების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ყოველდღიური არსებობისთვის იბრძვის… შესაბამისად, უნდა გადავწყვიტოთ: ჩვენი მორალური კომპასის როლს ჩვენი სინდისი შეასრულებს თუ ჩვენი ჯგუფის ინტერესები. უდავოა, რომ როგორც მიცკევიჩთან, ისე სენკევიჩთან, ღმერთი ერს დაექვემდებარა, სათნოება კი, პირველ ყოვლისა, კოლექტიური არსებობისთვის ბრძოლის იარაღად იქცა. ჩვენი ინდივიდუალური მორალის სისუსტეს და ჯიუტ, ჯოგურ ინსტინქტს, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო გამოკვეთილი ლაიციზმისკენ[5] უნდა წავეყვანეთ; მაგრამ, სინამდვილეში, სენკევიჩისეული სათნოებები მშვენიერების გასამართლებელ საბაბად იქცა; ეს მდგომარეობა იმ ქალსა ჰგავს, რომელიც ფიქრსა თუ ქმედებაში უბიწოებას ინარჩუნებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს ღმერთის მოსაწონია, არამედ იმიტომ, რომ ინსტინქტურად გრძნობს, ეს მამაკაცებს მოსწონთ. ამიტომ სენკევიჩი მხოლოდ ზედაპირულადაა კათოლიკე მწერალი, ხოლო მისი მომხიბვლელი სათნოება ასი მილითაა დაშორებული ჭეშმარიტ, მტკივნეულ, მახინჯ კათოლიკურ სათნოებას, რომელიც მსუბუქ მომხიბლაობასაც კი კატეგორიულად უარყოფს. სენკევიჩის სათნოება არამხოლოდ ჰარმონიულად ერწყმის სხეულს, არამედ ღიმილივით ამშვენებს მას. სწორედ ამიტომ, სენკევიჩის ნაწარმოებებს შესაძლოა „უშფოთველი ცხოვრების“ სახელმძღვანელო ვუწოდოთ, რადგან მასში სიცოცხლე აბსოლუტურ ფასეულობებს უგულებელყოფს.
ჟიდის შესანიშნავი გამონათქვამი, რომ „კეთილი ზრახვებით არის მოფენილი გზა ჯოჯოხეთისკენ“, ამ შემთხვევაში, იმაზე გაცილებით ზუსტი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა შემთხვევებში… და არც სენკევიჩის კეთილშობილური და პატიოსანი განზრახვების დემონურ შედეგებს (ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს) დაუყოვნებია. მისი „მშვენიერება“ იდეალურ სამოსად იქცა მათთვის, ვისაც საკუთარი საზარელი სიშიშვლისთვის თვალის გასწორებისა შეეშინდა. მემამულე-აზნაურთა ფენამ, რომელიც, უმეტესწილად, უსაქმურ და ჩამორჩენილ ავაზაკთა ხროვას წარმოადგენდა, თავისი გამარტივებული ყოფით, საბოლოოდ იპოვა იდეალური სტილი და მასთან ერთად საკუთარი თავით სრული კმაყოფილებაც მოიპოვა. მათ ეს სიამოვნება ბოლომდე შეისრუტეს. არისტოკრატია, ბურჟუაზია, სამღვდელოება, არმია და ყველა სხვა ფენა, რომელსაც ზედმეტად რთული დაპირისპირებებისთვის თავის არიდება სურდა – და ამასთანავე პატრიოტიზმი, პოლონური პატრიოტიზმი, რომელიც თავისი საწყისით ზარმაცი და მოხერხებული, შედეგით კი – სისხლიანი და გრანდიოზული იყო – ისე დათვრა სენკევიჩისეული პოლონეთის იდეალით, რომ გონება დაკარგა. არაერთმა გრაფინიამ, მშენებელთა თუ ვექილთა ცოლებმა, ქალაქელმა თუ სოფლელმა ქალბატონებმა, საბოლოოდ იპოვეს ის „ქალი-პოლონეთი“, რომელიც მათი ქმრების ფულით ნაკვებ იდეალიზმს განასახიერებდა; შემდეგ კი ამ ქურუმმა ქალებმა, მცველებმა, ამ ჩათქვირულმა სოფლელმა დედაკაცებმა, გარე რეალობის საწინააღმდეგოდ ყრუ კედელი აღმართეს – როგორც ჩანს, რეალობის შეცნობა ზიანს მიაყენებდა მათ „სიწმინდეს“, რადგან მათი მშვენიერება სწორედ ამგვარ გაუმტარობაში მდგომარეობდა. მაგრამ, რაც ყველაზე უარესია, მთელი ერი უგრძნობი გახდა გარე სამყაროს მიმართ, იმ მეოცნებეთა მსგავსად, რომელთაც საკუთარი ოცნებების გარეშე ცხოვრება არ ძალუძთ. მაგრამ არა იმიტომ, რომ დასავლეთიდან მომავალი ახალი ტენდენცია, თავისი მარქსიზმით, ფროიდიზმითა და სიურრეალიზმით, პოლონელთა მასისთვის უინტერესო აღმოჩნდა, არამედ იმიტომ, რომ გულის სიღრმეში შესანიშნავად იცოდნენ – მათი წარმოდგენები საკუთარ თავზე, რომელთაც სენკევიჩი ხორცს ასხამდა, დონ კიხოტეს აბჯარივით იყო – გამოცდას ვერ გაუძლებდა. ბოლოს და ბოლოს, მათ ახალი ტენდენციები არ მოსწონდათ, სიამოვნებას არ ჰგვრიდათ, მათმა „რაინდულმა“ სულმა სხვა რამ ვერ შეიყვარა; ო, ძლევამოსილო ხელოვნებავ! ვაგლახ, რომ გარკვეული სტილი განსაზღვრავს ერის ემოციურ შესაძლებლობებს, თვალს უხვევს და ყურს უხშობს მას და ამგვარად აყალიბებს იმ ფარულ გემოვნებას, რომლის წყალობითაც სამყაროს 90% უგემური ხდება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მხოლოდ სენკევიჩის დამსახურება არ არის.
მას ჰყავდა წინამორბედები; მას ჰყავდა მიმდევრებიც, რომლებმაც ლიტერატურასა და ხელოვნებაში მთელი სკოლა შექმნეს.
***
ჩვენი ერის მშვენიერებასთან ურთიერთმიმართების სურათი, ჩიტის თვალით დანახული სიმაღლიდანაც კი, ცხადყოფს, რომ არ არსებობს უფრო რეალური, უფრო ავთენტური პოლონური მშვენიერება; არც სილამაზე, არც ფორმა და არც სტილი არსებობს; ნუ მოვიტყუებთ თავს იმით, თითქოს ის ფორმა ან სტილი, რომელსაც დღეს ვფლობთ, მართლა სტილი იყოს. ვინაიდან, სტილის, ფორმისა და მშვენიერების შექმნა მხოლოდ იმ ხალხს ხელეწიფება, ვინც ჭეშმარიტად, სულიერად თავისუფალია; ხალხს, რომელიც მიზნისკენ სრული შეუპოვრობით მიისწრაფვის, რომელიც გაბედულად და ვნებით ეძებს, რათა ყოველგვარი გარე მოსაზრება ზიზღით უარყოს და გაგვიმხილოს ის, რაც არასდროს არვის გაუმხელია. სწორედ ასე შეძლებენ პოლონელები რეალობასთან შეგუებას და საკუთარ თავს შესაბამისი თავისუფლებით დაუბრუნდებიან. ჩვენ ვერც პოლონურ მშვენიერებას მოვიხელთებთ და ვერც სათნოებას, თუ პოლონური ცოდვებისა და სიმახინჯის გამოაშკარავებას არ დავიწყებთ.
მაგრამ სენკევიჩს ნუ დავაკნინებთ. ჩვენზეა დამოკიდებული მას ჭეშმარიტების იარაღად მივიჩნევთ თუ სიცრუისა; ასევე, ჩვენი გადასაწყვეტია მისი „სამარცხვინო“ ნაწარმოებები საკუთარი თავის მხილებამდე, სხვაზე მეტად, მიგვიყვანს თუ არა; სენკევიჩის შიშველი, მაცოცხლებელი ძალა, სწორედ ვიწრო, გაუკვალავ ბილიკზე სვლაში მდგომარეობს – იგი წმინდა სიამოვნებაა, იაფფასიანი ოცნებებით დაუსრულებელი ლხენა; თუ მასში მასწავლებელსა და მოძღვარს აღარ დავინახავთ, თუკი მივხვდებით, რომ იგი ჩვენი ყველაზე ფარული ოცნებებისა და სიზმრების მთხრობელია, მისი წიგნები ჩვენთვის უეცრად ხელოვნების ნიმუშად გარდაიქმნება და მათი ანალიზი ჩვენი პიროვნების ბნელ და დახლართულ ლაბირინთში შეგვიძღვება. სენკევიჩის შემოქმედებას ასე რომ აღვიქვამდეთ – ჩვენი ინსტინქტების, სურვილებისა და ფარული მისწრაფებების გამოხატვის საშუალებად – საკუთარ თავზე ჭეშმარიტებას შევიცნობდით და ჭეშმარიტებას შესაძლოა ჩვენთვის თმა ყალყზე დაეყენებინა. სენკევიჩი, სხვა მწერალთაგან განსხვავებით, სულის იმ კუნჭულებში მიგვიძღვება, სადაც პოლონური ცხოვრებისა და პოლონური რეალობისგან გაქცეული ჩვენი პიროვნება იმალება. ჩვენი ზედაპირულობა, სიმჩატე, ჩვენი უპასუხისმგებლო, ბავშვური დამოკიდებულება ცხოვრებისა და კულტურისადმი, ჩვენი ურწმუნოება რეალობის მიმართ, (რაც, ალბათ, იმითაა განპირობებული, რომ არც ნამდვილი ევროპა ვართ და არც აზია) – ეს ყველაფერი მით უფრო მძლავრად იგრძნობა, რაც უფრო გვერცხვინება მისი. თუ თანამედროვე პოლონური აზროვნება სათანადო სიმახვილეს არ შეიძენს, მაშინ ამ აღმოჩენით შეძრწუნებული და დასავლეთის (ან აღმოსავლეთის) მიბაძვის სურვილით დაბრმავებული პოლონური ლიტერატურა, საკუთარი ნაკლოვანებების დევნას და ჩვენი ხასიათის შელამაზებას დაიწყებს – რაც კიდევ ერთ გროტესკამდე მიგვიყვანს. მაგრამ თუ სათანადო დასკვნების გამოსატანად გონიერება გვეყოფა, უდავოდ აღმოვაჩენთ უხილავ და ახალ შესაძლებლობებს და იმ მშვენიერებას შევქმნით, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ყოველივე იმისგან, რაც აქამდე გვქონია.
თანამედროვე პოლონურ აზროვნებასა და განვითარებაზე მსჯელობა, როცა პირზე ალიკაპი გვაქვს აკრული, როცა უკიდურეს სიღარიბესა და ჩამორჩენილობაში ვცხოვრობთ, შესაძლოა, ცარიელ ლაყბობად მოგეჩვენოთ. მაგრამ ასე არ არის! ყოფითობა რთული რამაა. მთავარი მოვლენების მიღმა გონებრივი სამუშაო გრძელდება. ჩვენი სიცოცხლე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, არცერთი წამით არ ჩამქრალა; უბრალოდ, მას ზედაპირზე ამოსვლის საშუალება არ აქვს. თანამედროვე პოლონეთში, დღეს, მასები იმ ხელოვნური ესთეტიკის „ბორკილებით“ არიან შებოჭილნი, რომელიც თავს „პროლეტარული სათნოების“ სახელით მოახვიეს. უფრო მეტიც, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე გახლეჩილი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ეს ორი სამყარო, რომლებიც ერთმანეთს ჩვენ თვალწინ ანადგურებენ, იმ სიცარიელეს ქმნიან, რომლის შევსება მხოლოდ ჩვენივე შინაარსით შეგვიძლია. ადრე თუ გვიან, ნამდვილი ეშმაკი გამოგვეცხადება და მაშინ დანამდვილებით გვეცოდინება, რომელ ღმერთს უნდა ვცეთ თაყვანი.
[1] სენკევიჩის ნაწარმოებების გმირები, რომლებიც პოლონეთის ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.
[2] მე-18 საუკუნის პოლონეთს, საქსონიელი მეფეების (ავგუსტ II და ავგუსტ III) მმართველობის ხანა. ისტორიულად ეს იყო პოლონეთის ყველაზე დიდი დაცემის, უზნეობისა და ქაოსის ხანა.
[3] სენკევიჩის ისტორიული რომანის – „ცეცხლითა და მახვილით“– მთავარი გმირი. იდეალური რაინდი – მორალური, სათნო და შეუვალი.
[4] სენკევიჩის რომანის – „წარღვნა, გმირი – ცოდვილი, ადამიანური სისუსტით სავსე პერსონაჟი.
[5] ლაიციზმი – დამოკიდებულებათა და კონცეფციათა ერთობლიობა, რომელთაც ახასიათებს თვისებრივი ხაზგასმა ღირსებისა და მიწიერ და საერო ღირებულებათა სრული დამოუკიდებლობისა რელიგიურ ღირებულებებთან მიმართებაში.
© არილი