
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
მონტენი თავის მომხიბვლელ და უჩვეულო „ესეებში“ ძველი დროის მწერლებთან და თანამედროვე მკითხველებთან დიალოგისას არათანმიმდევრულ და თვითნებურ ლოგიკას მისდევს. ეს ესეები, რომელთა სახელწოდებები ნაკლებად შეესატყვისება (ან სულაც არ შეესატყვისება) მათსავე მედინ არსს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან პოლემიკაა. უფრო ზუსტად, ისინი გულისხმობს დიალოგს, ამ სიტყვის თავდაპირველი ლათინური მნიშვნელობით, როგორც მასლაათს კარგად ნაცნობ თანამოსაუბრესთან. მონტენი-მწერალი ტკბება მონტენი-ადამიანის სიახლოვით. ორივენი ცდილობენ, თავი აარიდონ თვითკმაყოფილებასა და პედანტიზმს. „ესეების“ ავტორი ამაყობს კიდეც იმით, რომ ზოგჯერ არასწორად იმოწმებს თავის წყაროებს. ციტირებისას ხშირად მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას ემყარება. ამგვარი სითამამე, როგორც ჩანს, მისი პირადი დევიზია. იდეებით ჟონგლირებას მიმართავს და ჭეშმარიტი დილეტანტის სიამოვნებით წერს.
როგორი იყო ეს ყველაზე უფრო არატრადიციული ფილოსოფოსი, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარში – რელიგიური ომების პერიოდში – ცხოვრობდა და წერდა? მდიდარი მიწათმფლობელი, შესაძლოა, ებრაული წარმომავლობისა (ე.წ. „მარანების“ შთამომავალი), დიდმოხელე, ბორდოს პარლამენტის მრჩეველი და ამ ქალაქის მერი (ეს თანამდებობა მამამისსაც ეკავა). ჯერ კიდევ ოცდაათიანი წლების ბოლოს გადაწყვიტა, გარიდებოდა საზოგადოებრივ ცხოვრებას, დასახლებულიყო საგვარეულო მამულში, პერიგორში და მთელი სიცოცხლე გაეტარებინა თავისი ციხე-დარბაზის კოშკში, წიგნების გარემოცვაში, ინტელექტუალურ დიალოგში ანტიკური პერიოდის მწერლებთან. ფაქტობრივად, ლათინური ის ენა იყო, რომელიც მონტენმა ფრანგულზე უფრო ადრე შეისწავლა. ეს მამამისის დაჟინებით მოხდა, რომელსაც ძალზე სპეციფიკური შეხედულებები ჰქონდა თავისი შვილის განათლების შესახებ.
მიშელმა მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი შეირთო ცოლად, მაგრამ ოჯახური მოვალეობებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს როდი იჩენდა. კოშკიდან დროდადრო თვალს ადევნებდა ცოლს, რომელიც ეზოში ან ბაღში მუშაობდა. წიგნებით გარემოცული, ამჯობინებდა დაჰკვირვებოდა საკუთარ თავს, როდესაც კითხულობდა ან ფიქრობდა, და თავისი აზრები ხშირად აოცებდა. გონების ძალა და მოქნილობა მისი „ესეების“ ცენტრალურ თემად იქცა. პირველი გამოცემა 1580 წელს გამოქვეყნდა. მას მოჰყვა სხვა გამოცემები, რომლებსაც გამუდმებით ემატებოდა ახალი ნაწილები. მიუხედავად იმისა, რომ მონტენმა განაცხადა, განცალკევებით ვიცხოვრებ დიადი მწერლების გარემოცვაშიო, ის მაინც ჩართული იყო – ზოგჯერ საიდუმლოდ – თავისი პერიოდის ბობოქარ პოლიტიკაში. იცნობდა ბედკრულ ანრი III-ს. უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანრი ნავარელთან, რომელიც ანრი IV გახდა და რომელიც დიდად აფასებდა მონტენის რჩევებს.
როგორია ტექსტობრივი კომენტარების, ფილოსოფიური დაკვირვებების, ავტობიოგრაფიული დეტალების, თვითანალიზისა და წინააღმდეგობრივი აზრების ნაზავი თუ ერთობლიობა, რომელსაც მონტენმა „ესეები“ უწოდა? თვით ფილოსოფოსი ამ ნაშრომს „ფრიკასეს“ უწოდებდა – კულინარიულ ტერმინს, რომელიც აღნიშნავს „რაგუს“ ან, უფრო ფართო გაგებით, სხვადასხვაგვარი ინგრედიენტების ნარევს. თითოეულ ესეს საკუთარი სახელწოდება აქვს, მაგრამ, ალბათ, არც ერთ მათგანს არა აქვს ზუსტი, გარკვეული თემა. არც ერთი არ გამოირჩევა მეცნიერული სიზუსტით ან თანმიმდევრულობით. ხმა, რომელიც ჩვენ გვესაუბრება, მრავალფეროვან დისკურსებს იყენებს. და ეს ხმა ბევრ რასმე გვაუწყებს თვით მონტენის შესახებ. ავტორის თქმით, „ესეების“ ძირითადი თემა ავტორის „მეს“ უსაზღვრო მრავალფეროვნებაა. რელიგიურმა მოაზროვნემ, ბლეზ პასკალმა, რომელიც ერთი საუკუნის შემდეგ ყურადღებით და ზოგჯერ აღტაცებითაც კითხულობდა „ესეებს“, გაკიცხა ეს თხზულება იმის გამო, რომ ის ავტორის „ამაზრზენ მეს“ (moi haïssable) ეძღვნებოდა. კიდევ ერთი საუკუნის შემდეგ ვოლტერმა გააკრიტიკა პასკალის მკაცრი იანსენისტური შეხედულებები და განაცხადა, რომ მას აღაფრთოვანებდა მონტენის charmant projet (მომხიბვლელი ჩანაფიქრი) – საკუთარი „მეს“ ესოდენ გამოწვლილვითი აღწერა-დახასიათება.
ძნელია, არ დავეთანხმოთ ვოლტერის აზრს მონტენის მომაჯადოებელი თვითანალიზის შესახებ. მას საკუთარი პიროვნების არც ერთი დეტალი არ ეჩვენება უმნიშვნელოდ, ყოველი მათგანი იმსახურებს აღწერას: გარეგნობა, მეტყველების დეფექტები და სიარულის მანერა, ძილთან დაკავშირებული სხვადასხვაგვარი ჩვევები, ქვები თირკმლებში, რაც ასე აწამებდა, საყვარელი კერძები და ღვინოები… მონტენი იცნობს თავის თავს ან ფიქრობს, რომ იცნობს. ის ხომ შეიმეცნებს საკუთარ თავს და, გარკვეულწილად, თხზავს კიდეც მას. „მე“, რომლის აღწერასაც მონტენი ცდილობს, ცვალებადი და ზოგჯერ მოუხელთებელიცაა. ერთ-ერთი საუკეთესო ესეს („დისკუსიის ხელოვნების შესახებ“) ბოლოს ფილოსოფოსი აჯამებს ავტოპორტრეტის შექმნის საკუთარ მცდელობებს: „წარვუდგები მკითხველს ფეხზე მდგარი და დაწოლილი, წინა მხრიდან და ზურგიდან, მარჯვენა მხრიდან და მარცხნიდან, ჩემს ყველა ბუნებრივ პოზაში“.
გულწრფელი თხრობისას მონტენმა მშვენივრად იცის, რომ მისი ბუნებრივი პოზები, მისი naturels plis, ცვალებადია და თვით მასაც კი აოცებს. ის აოგნებს მკითხველსაც აზროვნების საოცარი სილაღითა და უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით. თავისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ესეს („გამოცდილების შესახებ“) დასაწყისში მონტენი შენიშნავს, რომ არაფერია უფრო ბუნებრივი, ვიდრე მისწრაფება ცოდნისადმი. მაგრამ მისი მისწრაფება ცოდნისადმი არ შემოიფარგლება უბრალო ფაქტებით და არგუმენტირებული შეხედულებებით. ის ტკბება იდეებით თამაშით და სიამოვნებას იღებს იმით, რომ აბნევს მკითხველსაც და საკუთარ თავსაც იმის მეოხებით, რომ აბუჩად იგდებს საყოველთაოდ მიღებულ მორალურ და ინტელექტუალურ შეხედულებებს. შემწყნარებლურად ეკიდება საკუთარი თვალსაზრისების საპირისპირო შეხედულებებს, რაც თავისი შეხედულებების გადამოწმების საშუალებას აძლევს: „არავითარი დებულებები არ მაოცებს, არავითარი რწმენა არ შეურაცხმყოფს, როგორც უნდა განსხვავდებოდეს ის ჩემი საკუთარი რწმენისგან. არ არსებობს ისეთი მცდარი და ექსტრავაგანტური ფანტაზია, რომელიც, ჩემი აზრით, არ შეიძლება წარმოშვას ადამიანის სულმა“.
ეს შესანიშნავი სტრიქონები შეგიძლიათ წაიკითხოთ მონტენის ესეში დისკუსიის ხელოვნების შესახებ («De l’art de conferer»).
ესეში „გამოცდილების შესახებ“ მონტენი გადმოგვცემს რელატივიზმის პროგრამას და იმოწმებს არისტოტელესა და ეპიკურეს. „არასოდეს მომხდარა, რომ ორ ადამიანს ერთნაირად ემსჯელა ერთი და იმავე საგნის შესახებ. აბსოლუტურად ერთნაირი თვალსაზრისი არა აქვს არა მარტო ორ განსხვავებულ ადამიანს, არამედ ერთსა და იმავე ადამიანსაც სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე“. საბოლოოდ, მონტენის შინაგანი წინააღმდეგობრიობა მის ღირსებად წარმოგვიდგება. ზემოხსენებულ ესეში, „დისკუსიის შესახებ“ მონტენი ამტკიცებს, რომ წინააღმდეგობრივი თვალსაზრისები მის აზროვნებას აღაგზნებს და გაწაფავს (“…m’éveillent seulement et m’exercent”).
ვოლტერი, რომელიც მოხიბლული იყო მონტენის გადაწყვეტილებით, ესოდენ სრულად გამოემზეურებინა თავისი შინაგანი სამყარო, მიუთითებდა მისი სტილის უჩვეულო მიმზიდველობის შესახებ. მონტენისეული ენერგიული, მოქნილი, კონკრეტული სტილი თითქმის ფიზიკურ ჟესტებს წააგავს. თვით მონტენი ასე აღწერს ენის იმ სახეობას, რომელსაც უპირატესობას ანიჭებდა როგორც ზეპირ მეტყველებაში, ისე – წერილობითში: „ენა, რომელიც მიყვარს, ესაა მარტივი, ბუნებრივი ენა, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი, მსუყე და ძარღვიანი, მოკლე და სხარტი ენა, არა იმდენად დახვეწილი და დავარცხნილი, რამდენადაც – მძლავრი და პირქუში“.
ამ ფრაგმენტისათვის ესედან „ბავშვების აღზრდის შესახებ“ მონტენს შეეძლო დაემატებინა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, უხეში გამოთქმების წინააღმდეგი არ იყო.
ამასთან, მონტენის ენობრივ სტილში თავს იჩენს მტრული დამოკიდებულება ყოველგვარი კონფორმიზმისა და ხისტი შეხედულებებისადმი. განსაკუთრებით შეურაცხყოფს მონტენს სიჯიუტე, როგორც უგუნურების განუყოფელი ნიშან-თვისება: „სიჯიუტე და სიფიცხე კამათის დროს – სისულელის უტყუარი ნიშანია. განა ამქვეყნად არსებობს ვირზე უფრო ჯიუტი, შეუპოვარი, თავდაჯერებული, შეუვალი, მედიდური და სერიოზული არსება?“.
სიფიცხე კამათის დროს (ardeur d’opinion) ნამდვილად არ წარმოადგენდა მონტენის თვისებას. ის, ასევე, მიდრეკილი არ იყო გრძელყურა ცხოველისთვის დამახასიათებელი მედიდურობისა და სიჯიუტისადმი. ამგვარი თვისებები სრულიად არ შეესაბამება მონტენის ლაღ ჰუმანიზმს.
* * *
ბავშვობისას „ესეების“ ავტორს ესმოდა მხოლოდ მშობლიური პერიგორის დიალექტი – ამ დიალექტზე ლაპარაკობდნენ გლეხები, რომლებსაც ის ჩააბარა მამამ, რათა ბავშვი უბრალო ადამიანების ცხოვრებას გასცნობოდა. ცოტათი მოგვიანებით მან შეისწავლა ლათინური ენა, სანამ ფრანგულს დაეუფლებოდა. ესეც მამამისის გადაწყვეტილებით მოხდა. პიერ ეიკემ დე მონტენი, განათლებული მემამულე, გრანდიოზულ გეგმებს ისახავდა შვილთან დაკავშირებით. ამიტომ მას დაუქირავა გერმანელი მასწავლებელი, რომელმაც ფრანგული არ იცოდა, მაგრამ შესანიშნავი ლათინისტი იყო. მიშელი და მისი მასწავლებელი ერთმანეთს მხოლოდ ლათინურ ენაზე ესაუბრებოდნენ. ბიჭი გაეცნო ანტიკური ეპოქის მოაზროვნეთა ნაშრომებს, რამაც მოგვიანებით უშუალოდ განაპირობა მისი „ესეების“ დაწერა. მონტენი ხშირად კითხულობდა სტოიკოსებს, ეპიკურეელებს, სკეპტიკოსებს. კარგად იცნობდა სენეკას, ლუკრეციუსის, ჰორაციუსის თხზულებებს. ბავშვობიდანვე ტკბებოდა ოვიდიუსის „მეტამორფოზებით“, ტაციტუსის ისტორიული ნაწარმოებებით, პლუტარქეს ბიოგრაფიებით და მოსწონდა ვერგილიუსის პოეზია.
ადრეულ თხზულებებში მონტენი იმოწმებდა კლასიკოსი ავტორების ციტატებს და მათ საკუთარ კომენტარებს ურთავდა. ბერძნულ-რომაული მემკვიდრეობიდან ციტატების, აფორიზმების, მაქსიმებისა და მაგალითების ამოკრეფა აღორძინების ხანაში პოპულარული ჟანრი იყო. მონტენის ორიგინალურობა იმთავითვე მდგომარეობდა იმაში, რომ ის წარსულის დიდებულ ავტორებთან დიალოგს ძირითადად იმ მიზნით იყენებდა, რომ დიალოგურად ესაუბრა საკუთარ თავთან. ესეში „განმარტოების შესახებ“ ის გვთავაზობს, გამოვძებნოთ საკუთარი კუთხე (une arrière boutique toute nostre), რათა ვესაუბროთ საკუთარ თავს. ამგვარი საუბარი თვითანალიზად იქცევა: ჩემი მზერა ყოველთვის შიგნითაა მიმართული; არავინ მანაღვლებს, საკუთარი თავის გარდა; გამუდმებით ვაკვირდები ჩემს თავს, ვაფასებ, გემოს ვუსინჯავ“ (ესე „თვითკმაყოფილების შესახებ“).
მონტენმა მშვენივრად იცის, რომ ინტროსპექციისა ან თვითმიყურადების ჩვევა, რომელიც თვითშემეცნების წყურვილითაა ნაკარნახევი, შეიძლება მის ძირითად საზრუნავად იქცეს. ესეში „დისკუსიის ხელოვნების შესახებ“ ის აღიარებს, რომ თვითშემეცნება, როგორ ჩანს, მისი ძირითადი თემაა. „ვბედავ, არა მარტო საკუთარ თავზე ვილაპარაკო, არამედ მხოლოდ საკუთარ თავზე ვილაპარაკო“. მაგრამ ამგვარი კვაზიკლინიკური თვითდაკვირვება ნარცისული სულაც არაა. ესაა ადამიანის აზროვნებისა და ქცევის წვდომის ზოგადი მცდელობა. თავისი თავის შესახებ მსჯელობისას მონტენი ფილოსოფიურ და მეცნიერულ ენას იყენებს. ესე „გამოცდილების შესახებ“ იწყება ზოგადი დებულებით, რომ არ არსებობს იმაზე უფრო ბუნებრივი სურვილი, ვიდრე ცოდნის შეძენის სურვილია. ცოტათი ქვემოთ კი ფილოსოფოსი სრულიად აშკარად გვიმხელს, როგორ წარმოუდგენია ეს კვლევა: „საკუთარი თავის შესწავლა უფრო მაინტერესებს, ვიდრე – ნებისმიერი სხვა საგნისა. ეს ჩემი მეტაფიზიკაა, ჩემი ფიზიკაა“. და ამ თვითდაკვირვების, თვითანალიზის პროგრამის განხორციელებისას „ესეების“ ავტორი ყურადღებით აკვირდება თავის ყოველდღიურ ქცევას. მონტენი იმასაც კი ცდილობდა, ძილის დროს გონების სიფხიზლე შეენარჩუნებინა და თავის მძინარე „მეს“ დაჰკვირვებოდა. ესეს დასასრულს მონტენი იხსენებს, როგორ ითხოვდა, დროდადრო გაეღვიძებინათ, „რათა სიზმრის გახსენებისა და შეფასების საშუალება მქონოდა“.
თვითცნობიერების პრიორიტეტი ინტელექტუალურ თავგადასავლად იქცევა. საკუთარ თავთან მოსაუბრე მონტენი თავისი შინაგანი წინააღმდეგობრიობით ტკბება. თითქოს ვერ განჭვრეტს თავის მომდევნო ნაბიჯს, მაგრამ ეს შთანთქმულობა „მეთი“ რადიკალურად განსხვავდება ჟან-ჟაკ რუსოს გადაწყვეტილებისგან, ისაუბროს თავისი თავის შესახებ, რადგან, მისივე თქმით, არასოდეს ყოფილა და არც იარსებებს მეორე ჟან-ჟაკ რუსო. „აღსარების“ მეორე აბზაცში რუსო, როგორც ცნობილია, აცხადებს, რომ ის არ ჰგავს არავის, ვინც კი შეხვედრია ცხოვრების გზაზე. „გავბედავ ვთქვა, რომ ამქვეყნად არავის ვგავარ“. ფორმა, რომელშიც ის ჩამოყალიბდა, „დაიმსხვრევა“.
მონტენს გააკვირვებდა ამგვარი შეხედულება საკუთარი არსის შესახებ, განსაკუთრებით კი რუსოს განცხადება, რომ ის სრულიად გამოირჩევა სხვებისგან (je suis autre). ჟან-ჟაკის თვითგამოცხადებული უნიკალურობისგან განსხვავებით, მონტენის „მე“ მხოლოდ და მხოლოდ რეპრეზენტატიულია. „ყოველი ადამიანი ატარებს თავის თავში ადამიანურობის მთელ სისრულეს“. ეს შეხედულება აბსოლუტურად უპირისპირდება რუსოს ეგოცენტრიზმს. თვითდაკვირვება მონტენისთვის ადამიანის ცვალებადი აზროვნებისა და ქცევის უფრო ფართო ევრისტიკული კვლევის პირველი ნაბიჯია. მაგრამ „მე“ ისაა, რასაც მონტენი ყველაზე უკეთ ჩასწვდა – არა წარსულში ან აწმყოში, არამედ ქმნადობის პროცესში. შესაძლოა, „ესეების“ წერის მეშვეობით განხორციელებული ქმნადობის პროცესში.
* * *
მონტენი ახალგაზრდების განათლების პრობლემასაც ეხება. მისი შეხედულებით, წიგნები აუცილებელია, მაგრამ დაუშვებელია ავტორთა თვალსაზრისებისადმი მონური მორჩილება. ერთ-ერთი ესე ბავშვების განათლებას ეძღვნება. ბავშვებს სწავლა სიხარულს უნდა ანიჭებდეს და, ამასთან, ეს სიხარული არ უნდა გააქარწყლონ პედანტებმა ან პედანტიზმმა, ან კიდევ – „რიტორიკის“ პედაგოგთა ტირანულმა შეზღუდვებმა. განათლების საკითხი განიხილება სხვა ესეებშიც, ისევე, როგორც ნორმატიული მეტყველების უგულებელყოფა. „ვამჯობინებდი, ჩემს ვაჟს ტავერნებში ესწავლა ლაპარაკი და არა კაზმულსიტყვაობის სკოლებში“ (escoles de la parlerie). ბავშვის გონების გადატვირთვა დაუშვებელია. მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მათ მოსწავლეებს გამოტენილი კი არა, კარგად განვითარებული ტვინი ჰქონდეთ (une tête bien faite). აუცილებელია მასალის შესწავლა და შემდეგ ათვისება და არა ბრმად დაჯერება. ყველა თვალსაზრისი კრიტიკულად უნდა შემოწმდეს და დაუფიქრებლად არ იქნეს გაზიარებული. სწავლებისადმი მონტენის სკეპტიკურ მიდგომაში ახალი ისაა, რომ ავტორი ეწინააღმდეგება ყოველგვარ დოგმატიზმს და იწონებს ინდივიდუალურ გონებრივ მოქნილობას, იდეებისა და კონცეფციების აწონ-დაწონას, ცნობისმოყვარეობისა და აღქმა-გააზრების უშუალობას.
აზროვნების ხელოვნება აუცილებლად გულისხმობს ცხოვრების ხელოვნებასაც. მონტენის უნდობლობა ექიმებისადმი, დაეჭვება მათ ავტორიტეტულ მითითებებში, მოწმობს წუხილს საკუთარი ჯანმრთელობის გამო. და მონტენს საამისო მიზეზები გააჩნდა. თირკმლებში ქვები ჰქონდა და ტკივილებისგან იტანჯებოდა. ის გაემგზავრა ქალაქ ლუკაში (ტოსკანა), რათა აბაზანებით ემკურნალა თავისი ქრონიკული დაავადებისთვის. ამასთან, წუხილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და უნდობლობა ექიმებისა და წამლების მიმართ იპოქონდრიაზე კი არ მიუთითებს, არამედ ბუნებისადმი ნდობაზე (se commettre à nature – მისი საყვარელი გამოთქმა იყო) და იმის რწმენაზე, რომ უნდა შეეგუო იმას, რაც ორგანიზმმა წინაპრებისგან მიიღო მემკვიდრეობად. მოკვდაობის გაცნობიერება არ ნიშნავს, რომ სიცოცხლისა უნდა გეშინოდეს. ცხენიდან ჩამოვარდნის შემდეგ, რასაც მონტენი კინაღამ ემსხვერპლა, ხანგრძლივი გამოჯანსაღების პერიოდის განმავლობაში, მონტენმა გაიაზრა, რომ სიცოცხლე, მისი თქმით, მისივე ჭეშმარიტი საქმიანობა იყო. ტკივილისა და ტანჯვის ზეგავლენით მიხვდა: სიცოცხლე იმდენად ძვირფასია, რომ მისი დაკარგვის შიშით არ უნდა მოიშხამო დარჩენილი დღეები. სიცოცხლით ბოლო წუთამდე უნდა დატკბე. სიცოცხლე ყველაფერია, რაც კი გაგვაჩნია (c’est notre tout). ჰარმონიული ზომიერების ეს გრძნობა metron ariston-ის ძველბერძნულ ცნებას წააგავს. საბოლოოდ, მონტენის დამოკიდებულება სიცოცხლისადმი სხვა არაფერია, თუ არა ეპიკურეიზმი, რომელიც გამძაფრებულია სიცოცხლის წარმავლობისა და ცვალებადობის მძაფრი პიროვნული აღქმით.
* * *
თანამედროვე მკითხველებმა შეიძლება იგრძნონ, რომ მონტენის „ესეები“ თავის ეპოქას უსწრებს, რომ ავტორი ადამიანებს ცვალებად და თვითფორმირებად არსებებად აღიქვამს. ადამიანების ცნებითი განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ ისინი ავლენენ საკუთარ თავს სიცოცხლის აქტში, ისევე, როგორც მონტენი ავლენს ან, უფრო ზუსტად, თხზავს მონტენს „ესეების“ წერის აქტში. „ყოფიერებას არ ავსახავ. გადასვლას ავსახავ“ (Je ne peints pas l’estre. Je peints le passage), აცხადებს ის მონანიებისადმი მიძღვნილი ესეს პირველ აბზაცში. დენადობისა და ქმნადობის ამ ცნებამ თანამედროვე მკითხველს შეიძლება მოაგონოს ეგზისტენციალური შეხედულებები ადამიანის თავისუფლებისა და არაპროგნოზირებადობის შესახებ: „ჩემთვის ძნელია არა მარტო ჩვენი ქმედებების ურთიერთდაკავშირება, არამედ თითოეული მათგანის სათანადოდ დახასიათებაც, იმდენად მრავალფეროვანი და ჭრელია ისინი სხვადასხვა პერსპექტივიდან განხილვისას“.
მაგრამ ადამიანის ქცევის ეს გაურკვევლობა და არათანმიმდევრულობა მხოლოდ ბიძგს აძლევს მონტენს, განაგრძოს საკუთარი აზრებისა და ქმედებების ანალიზი. „ჩვენს კვლევებს ბოლო არ უჩანს…“ – შენიშნავს ის ამავე ესეში. ის, რომ ჩვენი ჩვეულებრივი ქმედებები ხშირად წინააღმდეგობრივი საზრისის მქონეა, ალბათ, მონტენის ყველაზე უფრო თანამედროვე ასპექტია, რადგან ფილოსოფოსს ნაკლებად იზიდავს არაორაზროვანი ჰეროიკული ქცევები და ექსტრემალური სიტუაციები. მისივე აღიარებით, დიდად არ ეპიტნავება ტრანსცენდენტალური იუმორი და თავბრუდამხვევი სიმაღლეები. ეშინია კიდეც მათი. და, პირიქით, საკუთარი თავისადმი დამცინავი დამოკიდებულება უბედურებად წარმოუდგება. ღირსეული ადამიანი ზომიერებას იცავს და თავმდაბალია. მონტენის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მომხიბვლელი დაკვირვება მისი ბოლო ესეს დასასრულს გვხვდება და უხეში ფრანგული სიტყვით მთავრდება. ის ახსენებს მკითხველს, რომ ოჩოფეხებით სიარულისას მაინც საკუთარი ფეხებით დავდივართ, და დასძენს: „და ყველაზე მაღალ ტახტზე ჯდომისას მხოლოდ საკუთარ უკანალზე ვსხედვართ“ (sus nostre cul).
© არილი