პროზა (თარგმანი)

ვუდი ალენი – ჩემი აპოლოგია და სხვ. მოთხრობები

woody_allen_ilustracja

ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუბელიანმა

ჩემი აპოლოგიავუდი ალენის, თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სცენარისტის, მსახიობის და რეჟისორის, იუმორისტული მოთხრობების კრებულია, რომელსაცინტელექტიგამოსცემს ამ ზაფხულს. კრებულში თავმოყრიალია 1971-1980 წლებში შექმნილი ორმოცდაექვსი ნაწარმოები

ვის არ შეხვდებით ამ მოთხრობებში, ნიუიორკში გადმოსახლებულ მადამ ბოვარისა თუ თევზის კონსერვებზე მოთევზავე ერნესტ ჰემინგუეის, დანტისტად გადაქცეულ ვან გოგსა და პოლ გოგენს, ჰიტლერს, რომელსაც ბაკენბარდების მოშვება სურს, ძაღლად ქცეულ იოზეფ .- და თავად ვუდი ალენს, ხან სოკრატეს ეპოქაში მოხვედრილს, ხანაც თავის საძინებელში შეყუჟულს

ამ მოთხრობებს, ზოგი რომ პირველი სენდვიჩის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს და ზოგისლენგის წარმოშობისას, აერთიანებთ ვუდი ალენის დახვეწილი, ნატიფი, ინტელექტუალური იუმორი.

 

ჩემი აპოლოგია

ყველა იმ სახელგანთქმულ კაცთაგან, ვისაც კი უცხოვრიათ, ყველაზე მეტად სოკრატედ ყოფნა მინატრია. არა მხოლოდ იმის გამო, რომ უდიდესი მოაზროვნე იყო, არამედ იმიტომაც, თვითონ მეც რომ მაწუხებს ბრძნული აზრები, თუმცა კი ჩემი ფიქრები სულ მუდამ „შვეიცარიის ავიახაზების” სტიუარდესებსა და ხელბორკილებს დასტრიალებს.

ყველაზე მეტად, ეს ბრძენთა შორის უბრძენესი, იმით მიზიდავდა, სიკვდილის პირისპირ აღმოჩენილმა თავისი შეხედულებები რომ არ უარყო და გაწირა კიდეც სიცოცხლე თავისი შეხედულებების დასაცავად. მე თვითონ ამდენად უშიშრად ვერ შევხვდები სიკვდილს, საკმარისია უეცრად მაღალი ხმა გამოსცეს მანქანამ, რომ მაშინვე მოსაუბრეს ვუხტები მკლავებში. სოკრატეს გმირულმა სიკვდილმა მის სიცოცხლეს აზრი შესძინა, რასაც ჩემი სიცოცხლე სრულიად მოკლებულია, თუმცა კი მცირეოდენი მნიშვნელობა მაინც აქვს ვალების ამოღების ფედერალური დეპარტამენტისთვის. უნდა გამოგიტყდეთ, ამ უდიდესი ფილოსოფოსის კანში შეძრომა არაერთხელ მიცდია, მაგრამ მაშინვე ჩამომეყვინთება ხოლმე და ამ სიზმარს ვხედავ:

მოქმედება ხდება ჩემს ციხის საკანში. როგორც წესი, აქ მარტო ვზივარ ხოლმე და ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ვარ ჩაფიქრებული, როგორიცაა, თუნდაც, აი, ეს – შესაძლოა თუ არა ხელოვნების ნიმუში ეწოდეს იმას, რითიც ამასთანავე ქურის გაწმენდაცაა მოსახერხებელი? ამჟამად აგათონი და სიმია არიან ჩემთან სტუმრად.

აგათონი: ოჰ, ჩემო კარგო მეგობარო და ჩემო გონიერო! ტუსაღობაში დღეებს როგორ ატარებ?

ალენი: რა შეიძლება ტუსაღობაზე ითქვას, აგათონ? მხოლოდ ის, რომ ჩემი სხეულია დატუსაღებული. ჩემი გონება თავისუფლად დაწანწალებს, გათავისუფლებული დაქრის ამ ოთხ კედელს მიღმა, და ამიტომაც გეკითხები, არსებობს კი ტუსაღობა?

აგათონი: გასეირნება რომ მოგინდეს?

ალენი: კარგი რამ მკითხე. ეგ არ შემიძლია.

(ჩვენ სამნი კლასიკურ პოზაში ვსხედვართ. ბოლოს აგათონი იწყებს ლაპარაკს).

აგათონი: ვშიშობ, ცუდი ამბავი მაქვს. სიკვდილი მოგესაჯა.

ალენი: მხოლოდ ის მასევდიანებს, სენატში რომ უთანხმოებას გამოვიწვევდი.

აგათონი: ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო.

ალენი: ნუთუ?

აგათონი: პირველივე კენჭისყრით.

ალენი: ჰმ. მეტ მხარდაჭერას ვიმსახურებდი.

აგათონი: სენატი განარისხა უტოპიური შტატის შესახებ შენმა იდეებმა.

ალენი: როგორც ჩანს, ფილოსოფოსი მეფე არ უნდა მეხსენებინა.

სიმია: განსაკუთრებით მაშინ, შენს თავზე რომ მიუთითებდი და ჩაახველებდი ხოლმე.

ალენი: მაინც არ მივიჩნევ ჩემს ჯალათებს ბოროტებად.

აგათონი: არც მე.

ალენი: ნუთუ?!. და განა, ბოროტება სიკეთის მოჭარბება არ არის?

აგათონი: ეგ როგორ?

ალენი: აბა, ასე შეხედე საკითხს. სიმღერა ჯერ ყურს ატკბობს. მაგრამ თუ მომღერალი დიდხანს არ გაჩუმდება, სხვებს თავს აატკივებს.

აგათონი: მართალს ბრძანებ.

ალენი: და სულ თუ არ შეწყვეტს სიმღერას, ბოლოს ადგები და ყელში წინდას ჩაჩრი.

აგათონი: მართალს ბრძანებ. მართალს.

ალენი: განაჩენი როდის უნდა აღსრულდეს?

აგათონი: რომელი საათია?

ალენი: ნუთუ დღეს?

აგათონი: საკნები გადაჭედილია.

ალენი: დაე, აღსრულდეს. დაე, წამართვან სიცოცხლე. დაე, შთამამომავლობამ იცოდეს, რომ ჩემს პრინციპებზე უარი არ ვთქვი და ამას შევეწირე. ნუ ტირი, აგათონ.

აგათონი: ეს ცრემლები არაა, ალერგიაა.

ალენი: გონისმიერი კაცისთვის, სიკვდილი დასაწყისია, დასასრული კი არა.

სიმია: ეგ როგორ?

ალენი: აბა, ერთი წუთი დამაცადე.

სიმია: რამდენიც გენებოს.

ალენი: განა, სიმართლე არაა, სიმია, რომ კაცი იქამდე არ არსებობს, ვიდრე არ დაიბადება?

სიმია: მართალს ბრძანებ.

ალენი: და არც სიკვდილის შემდეგ არსებობს.

სიმია: მართალს ბრძანებ ახლაც.

ალენი: ჰმ.

სიმია: მერე?

ალენი: მოიცა ერთი წუთით. ოდნავ დავიბენი. ხომ იცი, მხოლოდ ბატკნის ხორცით მკვებავენ და თან უგემურად ამზადებენ.

სიმია: ბევრს სიკვდილი დასასრულად მიაჩნია. შესაბამისად ეშინიათ კიდეც მისი.

ალენი: სიკვდილი არყოფნის მდგომარეობაა. რაც არ არის, ის არც არსებობს. შესაბამისად, სიკვდილი არ არსებობს. მხოლოდ სიმართლე არსებობს. სიმართლე და მშვენიერება. ისინი ერთმანეთის შემცვლელნი არიან, მაგრამ ერთმანეთის ასპექტებს მოიცავენ. რა თქვეს, კერძოდ, რა განუზრახავთ?

აგათონი: ჩაქუჩი.

ალენი (დაბნეულია): ჩაქუჩი?

აგათონი: გახსოვს ის შავი სითხე, შენი ფაიფურის მაგიდის ზედაპირი რომ შეჭამა?

ალენი: ნუთუ?

აგათონი: მხოლოდ ერთი ფინჯანი. მეტი არც აქვთ თუ გადმოაფურთხებ.

ალენი: მტკივნეულია?

აგათონი: გადმოგცეს, სცენის მოწყობას ნუ ეცდები, სხვა პატიმრებს ნუ შეაწუხებო.

ალენი: ჰმ.

აგათონი: ყველას ვუთხარი, რომ შენი პრინციპების დათმობას მამაცად სიკვდილი გირჩევნია.

ალენი: კარგი… კარგი… გადასახლება არავის უხსენებია?

აგათონი: წინა წელს შეწყვიტეს გადასახლებები. ზედმეტად სახლაფორთოა.

ალენი: მართალია… ეგრეა… (ჩაფიქრებულია და დაბნეული, მაგრამ ცდილობს თავი ხელში აიყვანოს). კიდევ რა არის ახალი?

აგათონი: ისოსქელეს გადავეყარე. ახალი სამკუთხედის იდეა გასჩენია.

ალენი: ასეა… ასეა… (უეცრად სიმამაცეს სულ ივიწყებს). უნდა გამოგიტყდეთ, არ მინდა სიკვდილი, მეტისმეტად ახალგაზრდა ვარ.

აგათონი: მაგრამ ეს შენი შანსია, სიმართლეს შესწირო სიცოცხლე.

ალენი: არასწორად ნუ გამიგებთ, მთელი არსებით სიმართლის მხარეს ვარ. მაგრამ, მეორე მხრივ, იქით კვირას სპარტაში პაემანი მაქვს დანიშნული და მინდა იქ მივიდე. თან ამჯერად მე ვეპატიჟები. ხომ იცით, სპარტელები როგორები არიან.

სიმია: ნუთუ ჩვენი ყველაზე ბრძენი ფილოსოფოსი მხდალია?

ალენი: ლაჩარი არ ვარ, მაგრამ არც გმირი ვარ…

სიმია: მოცახცახე ლაჩარი ხარ.

ალენი: შეიძლება ასეც ითქვას.

აგათონი: მაგრამ განა თვითონ არ ამტკიცებდი, რომ სიკვდილი არ არსებობს?

ალენი: მომისმინეთ, ბევრ რამეს ვამტკიცებდი მე. მაგითაა, ბინის ქირას რომ ვიხდი. თეორიებითა და ცოტაოდენი აღმოჩენებით. აქა-იქ აფორიზმს ვიტყვი. დროდადრო რაღაც წამომცდება. ეს ზეთისხილის მოგროვებასავით ადვილი ნუ გეგონებათ, მაგრამ მოდით, ნურც თავს დავკარგავთ.

აგათონი: მაგრამ შენ ხომ უამრავჯერ დაამტკიცე, რომ სული უკვდავია.

ალენი: და ასეც იყო. ოღონდ ეგ ქაღალდზე. ეგაა სწორედ ფილოსოფია – გამოხვალ თუ არა აუდიტორიიდან, უფუნქციო ხდება.

სიმია: და სამუდამო „ფორმები“? ამბობდი, ყველაფერი ყოველთვის არსებობდა და მუდამ იარსებებსო.

ალენი: მე იმ დროს მძიმეწონიან ნივთებზე ვყვებოდი. ძეგლზე და რაღაც მაგდაგვარებზე. ადამიანებს ეგ არ ეხება.

აგათონი: მაგრამ როცა ამბობდი, სიკვდილი ძილსა ჰგავსო?

ალენი: დიახ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ როცა მკვდარი ხარ და დაგყვირის ვინმე: ადექი ფეხზე, დილააო, ძალიან რთულდება ფლოსტების მოძებნა.

(ჯალათი მოდის ფინჯანი კონიოთი. ირლანდიელ კომედიანტს, სპაიკ მილიგანს წააგავს).

ჯალათი: აი, ჩვენც აქა ვართ. ვინ უნდა შესვას საწამლავი?

აგათონი (ჩემზე უთითებს): ამ კაცმა.

ალენი: დიდი ფინჯანია. განა ასეთი სუნი უნდა უდიოდეს?

მსაჯული: დიახ. დალიე მთლიანად, რადგან, როგორც წესი, საწამლავი ფსკერზეა ხოლმე დალექილი.

ალენი (როგორც წესი, ამ დროს ჩემი ქცევა სრულიად განსხვავებულია სოკრატეს ქცევისგან და როგორც მეუბნებიან, სიზმარში ვყვირი ხოლმე): არა, არ დავლევ! არ მინდა სიკვდილი. დამეხმარეთ! არა! გთხოვთ!

მიწვდის საწამლავს, მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, და ყველაფერი დაკარგულად მეჩვენება. ამ დროს, როგორც ჩანს, ჩემი ქვეცნობიერი გადარჩენის ინსტინქტის გამო, სიზმარი ყოველთვის იცვლება და მოდის მაცნე.

მაცნე: შეჩერდით! სენატმა შეცვალა გადაწყვეტილება. ბრალდებები მოხსნილია. თქვენი საქმე გადაისინჯა და დასჯის ნაცვლად პატივი მოგეგებათ!

ალენი: როგორც იქნა! როგორც იქნა, გონს მოეგნენ. თავისუფალი ვარ, თავისუფალი! და თან პატივიც უნდა მომაგონ. სწრაფად, აგათონ და სიმია, ჩემი ბარგი აიღეთ. უნდა წავიდე. პრაქსიტელესი ჩემი ბიუსტის დადგმას მოინდომებს. და წასვლამდე ერთი პატარა არაკიც უნდა ვთქვა.

სიმია: ჯანდაბას, მართლაც, სრულიად შემოტრიალდა მოვლენები! ნეტა თუ იციან, რას სჩადიან?

ალენი: კაცების ჯგუფი ცხოვრობს ბნელ გამოქვაბულში. ისიც კი არ იციან, გარეთ რომ მზე ანათებს. მათ მხოლოდ ის ნათელი უნახავთ, რომელსაც პატარა სანთლები ანათებენ, აქეთ-იქით რომ დააქვთ.

აგათონი: საიდან მოაქვთ ეგ სანთლები?

ალენი: მოდით, ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ აქვთ.

აგათონი: ისინი გამოქვაბულში ცხოვრობენ და სანთლები აქვთ? რაღაც სიმართლეს არ ჰგავს.

ალენი: განა არ შეგიძლია ერთხელ მაინც მომისმინო?

აგათონი: ოკეი. ოკეი. თქვი, რასაც ამბობდი.

ალენი: და ერთ დღესაც ერთი გამოქვაბულის მკვიდრი გამოდის გამოქვაბულიდან და ხედავს გარესამყაროს.

სიმია: სრული სიცხადით.

ალენი: ზუსტად. სრული სიცხადით.

აგათონი: მერე კი ის ცდილობს ეს სხვებსაც უთხრას, ისინი კი არ უჯერებენ.

ალენი: არა, ასე არაა.

აგათონი: ნუთუ?

ალენი: არა, ის ხსნის ხორცის მაღაზიას, ცოლად მოცეკვავეს ირთავს და ორმოცდაორი წლის ასაკში ცერებრალური დამბლით კვდება.

ხელს მტაცებენ და საწამლავს ძალით მასმევენ. ამ დროს, როგორც წესი, გაოფლიანებული ვიღვიძებ და მხოლოდ კვერცხითა და შებოლილი ორაგულით საუზმობა მამშვიდებს.

 

მუცელღმერთის ჩანაწერები

თვითმფრინავში გაკეთებული, დოსტოევსკისა და

ჟურნალ “წონის კონტროლის” ახალი ნომრის წაკითხვის შემდეგ

მსუქანი ვარ. გულისამრევად მსუქანი. ყველაზე მსუქანი. ყველგან ქონი მკიდია. თითებიც მსუქანი მაქვს, მაჯებიც, თვალებიც კი მსუქანი მაქვს (წარმოგიდგენიათ მაინც, მსუქანი თვალები?). ქონები ისე მკიდია, როგორც ნაყინიდან იღვენთება ცხელი კარამელი. მე რომ მხედავენ, თვალებს არ უჯერებენ. რაც გინდა თქვი, მსუქანი ვარ! ახლა მკითხველმა შეიძლება იკითხოს, ბურთივით მრგვალი რომ ხარ, იმას, ან რა ნაკლი აქვს, ან რა სარგებელიო. არც მასხრობას ვაპირებ და არც პარადოქსებზე ლაპარაკს, ის კი უნდა ვთქვა, რომ ქონი თავისთავად დგას ბურჟუაზიულ მორალზე მაღლა. ქონი უბრალოდ ქონია. ის, რომ ქონს შეიძლება თავისთავადი ღირებულება გააჩნდეს, რომ ქონი შეიძლება იყოს, ვთქვათ, ბოროტი ან საბრალო, რა თქმა უნდა, სასაცილოა. რა სისულელეა, აბა! ბოლოს და ბოლოს, რა არის ქონი, თუ არა ფუტების გროვა? და ფუტები რაღა არის? რა, თუ არა უჯრედები. და შესაძლოა თუ არა უჯრედს მორალი გააჩნდეს? თუ უჯრედი სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგას? ვინ იცის, ისინი ხომ ასეთი პაწაწინებია. არა, ჩემო კარგო, ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ცუდ და კარგ ქონს შორის ზღვარის გავლებას. უნდა ვეცადოთ, სიმსუქნე მივიღოთ ყოველგვარი განსჯის გარეშე და იმას განსაზღვრას კი არ უნდა ვესწრაფვოდეთ, ამ კაცის ცხიმი უმაღლესი ხარისხის რომაა და იმ ბედკრულისა კი ტურტლიანი. კ-ს მაგალითი განვიხილოთ. ეს ახალგაზრდა ისე იყო გასიებული, რომ კარში ძალაყინის დახმარების გარეშე ვერ შედიოდა. საცხოვრებლის ოთახიდან ოთახში ისე ვერ გავიდოდა, ჯერ თუ არ გაშიშვლდებოდა და კარგად არ გაიქონებოდა. ჩემთვის უცხო არ არის ის, რა დამცირების ატანა მოუწევდა კ-ს ახალგაზრდა ხულიგნების ბანდებისგან. რამდენად ხშირად დაუძახებდნენ, შე ძონძროხაო, შე გასიებულოო. და ალბათ რა მტკივნეული უნდა ყოფილიყო, ერთხელ ის დიდკაცი რომ მიუბრუნდა წმინდა მიხეილობაზე და ასე შესძახა, დახეთ, ჩვენი ფაფის ქვაბიც მოსულაო.

ერთ დღეს, როცა კ-ს უკვე მეტის ატანა აღარ შეეძლო, დიეტის დაწყება განიზრახა. დიახ, დიახ, დიეტა დაიწყო! ჯერ ტკბილეული ამოიღო რაციონიდან. მერე ცომეული, ალკოჰოლი, სახამებელი, სოუსები. მოკლედ რომ ვთქვათ, კ-მ უარი თქვა ყველაფერზე, რაც კაცს ფეხსაცმლის თასმების ძმები სანტინების დახმარების გარეშე შეკვრის უუნაროს ხდის. თანდათან წონაში კლებაც დაიწყო, ხელ-ფეხი დაუწვრილდა. ოდესღაც ხომ ფუნთუშას ჰგავდა, უცებ ნორმალური აღნაგობის მქონე გამოჩნდა საზოგადოებაში. მიმზიდველი გარეგნობაც კი აღმოაჩნდა. ყველაზე ბედნიერი კაცი ჩანდა. 18 წლის შემდეგაა რომ ვამბობ, ჩანდა-მეთქი, რადგან სიკვდილის ზღვარზე მყოფს, მაღალმა ტემპერატურამ წამოაძახებინა: “ჩემო ქონო! დამიბრუნეთ ჩემი ქონი. გევედრებით. უნდა დავიბრუნო. რა სულელი ვყოფილვარ. როგორ შეიძლება ქონს გაეყარო! სული ეშმაკისთვის მიმიყიდია!”

ახლა ალბათ მკითხველი იმაზე ფიქრობს, მოსიარულე ქონი თუ ბრძანდები, რატომ ცირკში არ დაიწყებ მუშაობასო, იმიტომ, რომ მრცხვენია. თან ისიც უნდა ვაღიარო, სახლიდან ვერ გამოვალ.

სახლიდან კი იმიტომ ვერ გამოვალ, რომ შარვალს ვერ ვიცვამ. მეტისმეტად სქელი ფეხები მაქვს. მეორე ავენიუს მთელი დამარილებული ძროხის ხორცი მე მაქვს ათვისებული – თითო ფეხი თორმეტი ათასი სენდვიჩის დამსახურებაა. და თან პატარა სენდვიჩები იყო-მეთქი, მაგასაც ვერ ვიტყვი. დარწმუნებული ვარ, ჩემს ქონს რომ ლაპარაკი შესძლებოდა, აუცილებლად კაცის მარტოობაზე აბუტბუტდებოდა – და შესაძლოა კიდევ ერთი-ორი რჩევა მოეცა იმის შესახებ, როგორ უნდა გავაკეთოთ ქაღალდის გემი. ჩემს ცხიმს უნდა, რომ ხმა მიაწვდინოს სხვებს. გასაოცარი ცხიმი მაქვს! უამრავი რამის მნახველი! მარტო ჩემს კანჭებს რა არ უნახავთ! მართალია, ბედნიერი ქონი არ მაქვს, მაგრამ ნაღდი ცხიმია, ფალსიფიცირებული კი არა. ფალსიფიცირებულ ქონზე უარესი რა უნდა იყოს. ისე, არც კი ვიცი, აქამდე იყიდება თუ არა.

ახლა იმ ამბავს მოგითხრობთ, როგორ გავსუქდი. ყოველთვის მსუქანი როდი ვიყავი. ეკლესია არის, ასეთად რომ მაქცია. ერთ დროს გამხდარი ვიყავი – გაკნაჭული. იმდენად გალეული, რომ საღ ჭკუაზე მყოფი მსუქანს ვერ მიწოდებდა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც, მგონი, ოცი წლისა გავხდი იმ დღეს, ბიძაჩემმა უეცრად რაღაც შეკითხვა არ დამისვა (იმ საღამოს მასთან ერთად ერთ კარგ რესტორანში ჩაისა და ფხვიერ ნამცხვრებს შევექცეოდი).

– ღმერთის გწამს? და, შენი აზრით, უზენაესი რამდენს იწონის?

იკითხა თუ არა ეს, ისეთი თავდაჯერებით მოქაჩა სიგარა, თან კი ისეთი სინატიფით! მაგრამ მაშინვე ისეთი საზარელი ხველა აუტყდა, მეგონა, ჰემორაგია განუვითარდება-მეთქი.

– არ მწამს ღმერთის. თუ ღმერთი არსებობს, ბიძია, მითხარი ერთი, სიღარიბე და სიმელოტე რატომ არსებობს? ერთნი რატომ გაიჩენენ ცხოვრების გზაზე ათასობით მტერს, სხვანი კი კვირების მანძილზე შაკიკით იტანჯებიან? რატომ არის ჩვენი დღეები დათვლილი და ვთქვათ, არა ასოებით აღნიშნული? პასუხი გამეცი, ბიძაჩემო. ნუთუ გაგაოგნე?

ამის თქმა თავისუფლად შემეძლო, ამ კაცს ხომ არაფერი აოგნებდა. ეგ კი არა, ის ენახა, მისი ჭადრაკის მასწავლებლის დედა როგორ გააბახეს თურქებმა. ეს ყველაფერი სახალისოდაც კი მოეჩვენებოდა, ამდენი დრო რომ არ წაეღო.

– საყვარელო ძმისწულო, მიუხედავად შენი ამგვარი აზრებისა, ღმერთი მაინც არსებობს, და ის ყველგანაა. დიახ, ყველგან!

– ყველგანო, ამბობ, ბიძაჩემო? მაგას როგორ ამბობ, როცა ისიც არ ვიცით ზუსტად, ჩვენ თუ ვარსებობთ? მართალია, ახლა მეჭეჭზე გეხები, მაგრამ განა შეუძლებელია, ესეც რომ ილუზია იყოს? და იქნებ ცხოვრება ილუზიაა? განა არ არის წმინდანების ისეთი სექტები აღმოსავლეთში, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ჩვენი გონის მიღმა არაფერი არსებობს, ცენტრალურ სადგურში გახსნილი ხამანწკების ბარის გარდა? განა ეს არ შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ მარტონი ვართ და თან არანაირი მიზანიც არ გაგვაჩნია, განწირული ვართ ამ უსულგულო სამყაროში სახეტიალოდ, და არც ხსნის იმედი უნდა გვქონდეს, და ვერც სხვა გზას დავადგებით, გარდა უბედურებისას, გარდა სიკვდილისას, გარდა სამარადჟამო სიცარიელისას?

მივხვდი, დიდი გავლენა რომ მოვახდინე ამით ბიძაჩემზე.

– შენ კი გიკვირს, რატომ წვეულებებზე არ გეპატიჟებიან! – შესძახა კაცმა, – ოჰ, ღმერთო! ავადმყოფი ხარ! – მისაყვედურა ნიჰილისტობის გამო, და მერე მოხუცებისთვის დამახასიათებელი იდუმალებით მომიგო, – ღმერთი ყოველთვის იქ კი არაა, სადაც ვეძებთ, მაგრამ გარწმუნებ, ძმისწულო, ის ყველგანაა. აი, ამ ფხვიერ ნამცხვრებშიც კი.

ამის შემდეგ წავიდა, ლოცვა-კურთხევა და იმხელა ანგარიში დამიტოვა გადასახდელად, გეგონებოდა, მთელმა ჯარმა აქ ივახშმაო.

სახლში დაბრუნებისას იმაზე ვფიქრობდი, მაინც რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, ის ყველგანაა, აი, ამ ფხვიერ ნამცხვრებშიც კიო. თან უკვე მეძინებოდა, თან გადაღლილი ვიყავი, ამიტომ ჩავწექი და წავუძინე. ისეთი რამ მესიზმრა, მთელი ჩემი ცხოვრება რომ თავდაყირა დააყენა. სიზმრად აქეთ-იქით დავეხეტებოდი, როცა უეცრად შიმშილი ვიგრძენი. კუჭი მიხმებოდა. რესტორანში შევედი. სენდვიჩი ცხელი შემწვარი საქონლის ხორცით და კარტოფილი ფრი შევუკვეთე. მიმტანმა, რომელიც ჩემს დიასახლისს მაგონებდა (ეს მოსაწყენი ქალი სინამდვილეში თმიან სირსველასა ჰგავდა), ცდილობდა ეიძულებინა ჩემთვის, ქათმის სალათა შემეკვეთა, რომელიც ახალს არ ჰგავდა. ამ ქალს ველაპარაკები, როცა ის უეცრად ვერცხლის ოცდაოთხკაციანი სერვისის ჭურჭლად გადაიქცა. სიცილისაგან ისტერიკაში ჩავვარდი, მერე ტირილზე გადავედი, ბოლოს კი ყურში ინფექცია შემეჭრა. ოთახი უცნაურად განათდა და თეთრ რაშზე ამხედრებული მთრთოლვარე ფიგურა მომიახლოვდა. ჩემი ორთოპედი აღმოჩნდა, მე კი სირცხვილისაგან დავეცი.

აი, ასეთი სიზმარი ვნახე. როცა გამომეღვიძა, თავს უკიდურესად კარგად ვგრძნობდი. უეცრად დამეუფლა ოპტიმისტური განწყობა. ყველაფერი ნათელი გახდა. ბიძაჩემის სიტყვებმა ჩემს არსებაში გამოძახილი ჰპოვა. სამზარეულოში შევედი და ჭამა დავიწყე. რაც კი მომხვდა ხელში – ნამცხვრები, ცომეული, ბურღულეული, ხილი, შოკოლადები, სოუსში ჩაწყობილი ბოსტნეული, ღვინო, თევზი და ატრია, ეკლერები და ძეხვეული, სულ ექვსი ათასი დოლარის ღირებულებისა, ყველაფერი შევსანსლე. დავასკვენი, თუ ღმერთი ყველგანაა, მაშინ საჭმელშიც იქნება-მეთქი. და თან, რაც მეტს ვჭამ, უფრო უნდა ვივსებოდე ღმერთით-მეთქი. ამ რელიგიური ფანატიზმით აღტყინებული, გამოვსკდი. ექვსი თვის შემდეგ წმინდათა წმინდა ვიყავი, გული სულ ლოცვით მქონდა სავსე, მუცელი კი იმხელა გამიხდა, უკვე ქვეყნის საზღვარსა ჰკვეთდა.

ბოლოს ჩემი ფეხები ერთ ხუთშაბათს ვნახე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დღემდე მაბია. ვჭამდი და ვჭამდი, და თან ვსუქდებოდი და ვსუქდებოდი. ჩემი წონაში დაკლება დიდი სისულელე იქნებოდა, ცოდვაც კი! რადგან მაშინ, როდესაც ოც ფუტსა ვკარგავთ, ძვირფასო მკითხველო (და შემიძლია ვივარაუდო, რომ ჩემსავით მსუქანი არ იქნებით), გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი საუკეთესო ოცი ფუტი შეიძლება იყოს! შესაძლოა იმ წონას ვკარგავდეთ, რომელიც ჩვენს გენიას, ან ჩვენს ჰუმანურობას, ჩვენს სიყვარულს, პატიოსნებას მოიცავს, ან კიდევ, როგორც ერთ გენერალურ ინსპექტორს მოუვიდა, ჩემს ნაცნობს, სხვა არაფერი დავკარგოთ, მხოლოდ და მხოლოდ ხორცის მოთანთალებული ნაწილი ბარძაყებთან.

ვიცი, რაზეც ლაპარაკობთ ახლა. ახლა ამბობთ, რომ ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, საერთოდ ყველაფერს, რაც აქამდე ვთქვი. ახლა მე ბერწ ხორცზე ვლაპარაკობ! დიახ, ასეა და რა მერე? და განა ცხოვრება ურთიერთგამომრიცხავი რამეებით არ არის სავსე? დამოკიდებულება ცხიმგროვის მიმართ, შესაძლოა სეზონებივით შეიცვალოს, ან ჩვენი თმასავით, ან ცხოვრებასავით. ცხოვრება ცვლილებაა, ქონი კი ცხოვრება და ქონი ასევე სიკვდილიც არის. განა ვერ ხვდებით? ქონია ყველაფერი! სულ ყველაფერი! თუ, რა თქმა უნდა, ჭარბწონიანი ხართ!

 

ოციანი წლების მოგონებები

ჩიკაგოში პირველად ოციან წლებში ჩამოვედი, თან ჩხუბის სანახავად. ჩემთან ერთად ერნესტ ჰემინგუეი იყო, ორივენი ჯეკ დემპსის საწვრთნელ ბანაკში გავჩერდით. ჰემინგუეის ორი მოთხრობა ახლახან დაეწერა მუშტი-კრივზე, და მართალია, მე და გერტრუდ შტაინს მიგვაჩნდა, რომ რიგიანი მოთხრობები იყო, მაინც ორივენი იმ აზრს ვიზიარებდით, რომ უფრო მეტად სჭირდებოდა დახვეწა. ჰემინგუეის მის დაუმთავრებელ რომანზე ვემასხრებოდი, ჯერ დიდხანს ვიცინეთ, გული ვიჯერეთ, მერე კი ბოქსიორის ხელთათმანები ჩავიცვით და ცხვირი გამიტეხა.

იმ ზამთარს, მე, ელის ტოკლასმა და პიკასომ სამხრეთ საფრანგეთში ვილა ვიქირავეთ. იმ დროს ერთ რომანზე ვმუშაობდი, რომელსაც, ჩემი აზრით, დიდი გავლენა უნდა მოეხდინა ამერიკულ ლიტერატურაზე, მაგრამ ჯერ ბევრი არაფერი დამეწერა და საქმე წინ არ მიდიოდა.

დღისით მე და გერტრუდ შტაინი ანტიკვარიატზე სანადიროდ გავდიოდით ადგილობრივ მაღაზიებში და მახსოვს, ერთხელ ვკითხე, როგორ ფიქრობ, ჩემგან მწერალი თუ დადგება-მეთქი. ჩვენ ყველანი რაღაცით ისე ვიყავით მოჯადოებული, რომ პირდაპირ მიპასუხა, არაო. ეს უარი თანხმობად მივიღე და ორი დღით იტალიას გავემგზავრე. იტალიამ ჩიკაგო მომაგონა, ნაწილობრივ ვენეციაც, ორივე ქალაქში ხომ არხებია, ქუჩები კი ძეგლებითა და რენესანსის ეპოქის კათედრალებითაა გადაჭედილი.

იმ თვეში, აპრილში, პიკასოს სტუდიას ვესტუმრეთ, რუანი ერქვა თუ ციურიხი იმ ქალაქს, კარგად აღარ მახსოვს, მოგვიანებით, 1589 წელს, ფრანგებმა ამ ქალაქს სახელი სულ გადაარქვეს. პიკასო იმ დროს იმ ნამუშევრებზე იწყებდა მუშაობას, რომელიც მოგვიანებით ცისფერი ეპოქის სახელით გახდა ცნობილი, მაგრამ მე და გერტრუდ შტაინმა მასთან ერთად ყავა დავლიეთ, ამიტომ საქმეს ათი წუთის დაგვიანებით შეუდგა. ეს ეპოქა ოთხი წელი გაგრძელდა, ასე რომ, იმ დაკარგულ ათ წუთს არაფერი შეუცვლია. პიკასო დაბალი კაცი იყო, რომელსაც სიარულის უცნაური მანერა ჰქონდა. მისი წარმოსახვის უნარი ოცდაათიანი წლების ბოლომდე გვხიბლავდა, მერე კი უკვე ფაშიზმი იკრებდა ძალ-ღონეს და სასაცილო ბევრი არაფერი იყო. მე და გერტრუდ შტაინმა პიკასოს უახლესი ნამუშევრები საგულდაგულოდ შევისწავლეთ, გერტრუდ შტაინი, აი, ამ აზრზე იდგა: „ხელოვნება, ხელოვნება, ეს უბრალოდ რაღაცის გამოხატულებაა, სხვა არაფერი”, პიკასო შეეკამათა: „დამტოვეთ მარტო. თქვენს მოსვლამდე ვჭამდი”. აი, მე რაც შემეხება, მიმაჩნდა, რომ მართალი იყო პიკასო – ის, მართლაც, ჭამდა.

პიკასოს სტუდიას კი არ ჰგავდა მატისისა, პიკასოს სტუდია არეულ-დარეული იყო, მატისს კი ყველაფერი მოწესრიგებული ჰქონდა. იმ წელს, სექტემბერში, მატისს ალეგორიის დახატვა შეუკვეთეს, მაგრამ მისი ცოლი ავადმყოფობდა, ამიტომ ვერ მოიცალა და საბოლოოდ შპალერი გაიკრა. ეს ამბები ასეთი სიცხადით იმიტომ მახსოვს, რომ იქამდე ხდებოდა, ვიდრე ერთ ზამთარს ჩრდილოეთ შვეიცარიის ერთ იაფფასიან ბინაში  გადავიდოდით საცხოვრებლად, სადაც უეცრად გაწვიმდებოდა ხოლმე და ასევე უეცრად წყდებოდა წვიმა.

ხუან გრისმა, ესპანელმა მხატვარმა, დაარწმუნა ელის ტოკლასი – ეპოზიორა, და თავისი ტიპური საგნების აბსტრაქტული აღქმებით, მისი სახისა და ტანის დაჭრა დაიწყო გეომეტრიულ ფიგურებად, ეს იქამდე გაგრძელდა, ვიდრე პოლიცია არ დაადგა თავს და არ დააპატიმრეს. გრისი პროვინციელი ესპანელი იყო და გერტრუდ შტაინი იტყოდა ხოლმე მასზე, მხოლოდ ესპანელი თუ მოიქცეოდა ასეო. ის ხომ ესპანურად ლაპარაკობდა და ზოგჯერ ოჯახის მოსანახულებლად ჩადიოდა კიდეც ესპანეთში. საოცარი კი იყო ეს ამბავი.

მახსოვს, ერთხელ, დღისით, სამხრეთ საფრანგეთში გეი ბარში ვისხედით და ფეხები ჩრდილოეთ საფრანგეთში ჩადგმულ სკამებზე შემოგვეწყო, როცა გერტრუდ შტაინმა მითხრა: „გული მერევა”. ამაზე პიკასომ იცინა, მე და მატისმა კი ეს რაღაცის ნიშნად მივიღეთ და აფრიკაში გავემგზავრეთ. კენიაში გატარებული შვიდი კვირის შემდეგ ჰემინგუეის გადავაწყდით. ახლა, გარუჯულსა და წვერმოშვებულს, დაეწყო თავისი ბრტყელი პროზაული სტილის განვითარება თვალებისა და პირის გარშემო.

– აბა, როგორ ხარ, ერნესტ? – დავეკითხე მე. მჭევრმეტყველებას მოჰყვა სიკვდილსა და თავგადასავლებზე, ასეთებზე ლაპარაკი მხოლოდ მას თუ შეეძლო.

რომ გავიღვიძე, კოცონთან იჯდა. წვერზე დავცინე, მერე ერთადაც ვიცინეთ ბევრი, მერე კონიაკი მოყლურწა, ბოქსიორის ხელთათმანები ჩავიცვით და ცხვირი გამიტეხა.

იმ წელს მეორედ ჩავედი პარიზში, ერთ გამხდარ, ნერვულ ევროპელ კომპოზიტორთან გამოსალაპარაკებლად, რომელსაც არწივისებრი პროფილი და საოცრად სწრაფი თვალები ჰქონდა, იმ კაცთან შესახვედრად, რომელიც ერთ დღესაც იგორ სტრავინსკიდ იქცეოდა, მერე კი, მოგვიანებით, თავისი თავის საუკეთესო მეგობრადაც.

მასთან დავრჩი სახლში და რამდენჯერმე სადილად სალვადორ დალიც გვეწვია. დალის გადაწყვეტილი ჰქონდა, ერთი კაცის შოუ გაემართა. ასეც მოიქცა, დიდი წარმატებაც ხვდა წილად, შოუ, აი, ასეთი იყო – გამოდიოდა ერთი კაცი სცენაზე და თვითონვე ასრულებდა გეისა და ფრანგული ზამთრის როლებს.

მახსოვს, ერთხელ, ღამით სკოტ ფიცჯერალდი და მისი ცოლი დაბრუნდნენ სახლში მათ მიერ გამართული საახალწლო წვეულებიდან. აპრილი იყო. ბოლო სამი თვის მანძილზე, შამპანურის გარდა, არაფერი მიეღოთ და წინა კვირას ლიმუზინს რომ მართავდნენ, 90 ფუტი სიმაღლის კლდიდან ოკეანეში გადაცვენილან. ფიცჯერალდები უბრალო, მართალ ადამიანებსა ჰგავდნენ. ისეთი მოკრძალებული იყვნენ, რომ როცა გრანტ ვუსმა მოგვიანებით სთხოვა მათ, ამერიკული გოთიკისთვის იპოზიორეთო, მახსოვს, რაოდენ აღტაცებული დარჩნენ. ერთხელ ზელდამ ისიც მითხრა, სკოტს ფიწალი ხელიდან უვარდებოდაო.

მომდევნო წლებში სკოტს ძალიან დავუმეგობრდი და ჩვენს ბევრ მეგობარს სჯეროდა, რომ მისი ბოლო რომანის მთავარი პერსონაჟი მე ვიყავი, და რომ მე ჩემი ცხოვრება მისი წინა რომანის გმირს მივამსგავსე, და რომ ბოლოს გამოგონილ პერსონაჟად გადავიქცეოდი.

სკოტი უდისციპლინო იყო და მართალია, სულ მთლად აღმერთებდა ზელდას, მაგრამ გარშემო ყველა იმაზე თანხმდებოდა, რომ ქალს ქმრის შემოქმედებაზე ყოვლად ცუდი ზემოქმედება ჰქონდა, და სწორედ ცოლის გამოისობით სკოტი წელიწადში ერთი რომანის დაწერის ნაცვლად, ახლა უკვე ზღვის პროდუქტებით მომზადებული კერძების რეცეპტებსა და მძიმეების ხროვასღა წერდა.

ბოლოს, 1929 წელს, ყველა ერთად ესპანეთში წავედით, სადაც ჰემინგუეიმ გაგვაცნო მანოლეტე, რომელიც ქალივით განაზებულიყო. ტორეადორის მოტკეცილ შარვალს იცვამდა ხოლმე მანოლეტე, თუმცა დიდებული ხელოვანი იყო. ხარებთან მებრძოლი რომ არ გამხდარიყო, ისეთი დიდებული ვინმე იყო, რომ მისგან აუცილებლად საქვეყნოდ ცნობილი ბუღალტერი დადგებოდა. ესპანეთში კარგად გავერთეთ იმ წელს, ვიმოგზაურეთ, ვწერეთ. ჰემინგუეიმ თინუსზე სათევზაოდაც წამიყვანა. თინუსის კონსერვის ოთხი ქილა დავიჭირე. ბევრი ვიცინეთ, ელის ტოკლასმა მკითხა, გერტრუდ შტაინზე ხარ შეყვარებულიო? ალბათ, იმის გამო, გერტრუდ შტაინს რომ ლექსების წიგნი მივუძღვენი (მიუხედავად იმისა, რომ ეგ ლექსები თ. ს. ელიოტისა იყო), და მე მივუგე, დიახ, დიახ, შეყვარებული ვარ მასზე, მაგრამ არაფერი გამოგვივა, რადგან ჩემზე ბევრად განათლებულია-მეთქი, ამაზე ელის ტოკლასი დამეთანხმა, მერე კი ბოქსიორის ხელთათმანები ჩავიცვით და გერტრუდ შტაინმა ცხვირი გამიტეხა.

 

ზეინტელექტუალი მეძავი

კერძო დეტექტივი, პირველ ყოვლისა, თავის გუმანს უნდა ენდობოდეს. ის გასიებული უორდ ბაბკოკი რომ შემოვიდა ჩემს ოფისში და მაგიდაზე კარტები გადმომილაგა, ზურგზე ცივმა ოფლმა დამასხა და მაგისთვის უნდა მიმექცია ყურადღება.

– კაიზერ ლუპოვიცი არა ხარ?

– ჩემს ლიცენზიას თუ დავუჯერებთ, ასეა.

– უნდა დამეხმარო. შანტაჟს მიწყობენ. გემუდარები!

რუმბა ბენდის ვოკალისტივით არ ცახცახებდა? მაგიდაზე მისკენ გავაცურე ჭიქა და პურის არყის ბოთლი, რომელიც არასამედიცინო მიზნებისთვის გადამენახა.

– რომ დამშვიდდე და მითხრა, რა ხდება?

– ჩემს ცოლს ხომ არაფერს ეტყვი?

– სწორად გამიგე, უორდ. ვერაფერს დაგპირდები.

სცადა სასმელი ჩამოესხა. ბოთლის ყელის ჭიქაზე შეხების ხმას ქუჩის გადაღმაც გაიგონებდით, თან ფეხსაცმელშიც გვარიანად ჩაისხა.

– მე უბრალო ტიპი ვარ, კაიზერ. ხელოსანი. „მხიარული ბზუილები“ ხომ იცი?! აი, ის პაწაწინა მოწყობილობები, ხელის ჩამორთმევის დროს, დენს რომ გირტყამს? მაგათი აწყობა და გამართვა მავალია.

– მერე?

– რომ იცოდე, მაღალი თანამდებობის პირებს როგორ მოსწონთ ასეთი რამეები. ძირითადად უოლ სტრიტზე მომუშავეებს.

– საქმეზე გადადი.

– ხომ იცი, როგორც ხდება. სულ მუშაობ და დრო აღარაფრისათვის გრჩება – მარტო ხარ. არა, მაგას არ ვგულისხმობ. მე ინტელექტუალი ვარ, კაიზერ, სწორად გამიგე. მართალია, კაცი რამდენსაც უნდა, იმდენ ლამაზმანს გადაეყრება, მაგრამ ჭკვიანი ქალების პოვნა ასე მარტივი როდია.

– განაგრძე.

– ყური მოვკარი, რომ ერთი ახალგაზრდა გოგოა. თვრამეტი წლისა. ვასარის სტუდენტი. რაღაცას გადაუხდი, მოვა და რასაც გინდა, განიხილავს შენთან ერთად – პრუსტი გინდა, იეიტსი თუ ანთროპოლოგია. ხვდები, რასაც ვგულისხმობ?

– ჯერ ვერა.

– იცი რა, დიდებული ცოლი მყავს, სწორად გამიგე. მაგრამ პაუნდზე არაფრის დიდებით არ დაგელაპარაკება. არც ელიოტზე. რა ვიცოდი, ასე თუ იქნებოდა. მე ისეთი ქალი მჭირდება, კაიზერ, რომელიც მენტალურ სტიმულაციას მომცემს. და მზად ვარ ამაში გადავიხადო კიდეც. ურთიერთობა არ მინდა – სწრაფი ინტელექტუალური თავგადასავალი მჭირდება, მერე კი თავის საქმეს რომ მორჩება, მინდა ადგეს და წავიდეს. მერწმუნე, კაიზერ, ბედნიერი კაცი ვარ, ასეთი ცოლი რომ მყავს.

– რამდენი ხანია, რაც ეს გრძელდება?

– ექვსი თვეა. სურვილი რომ ამიტანს, ფლოსის ვურეკავ. უმჯობესი იყო, მადამ ფლოსი მეთქვა. შედარებით ლიტერატურისმცოდნეობაში აქვს სამაგისტრო დაცული. ეგაა, გოგონასთან რომ მაკავშირებს, გესმის?

ერთი იმათგანი იყო, ვისი სისუსტეც ჭკვიანი ქალებია. შემებრალა ეგ გასიებული. წარმოვიდგინე, რამდენი ვინმე იქნება საპირისპირო სქესთან კარგ ინტელექტუალურ საუბარს მოწყურებული და რამდენი ვინმე იქნება მზად ამაში კარგად გადაიხადოს!

– ახლა მაშანტაჟებს, შენს ცოლს ვეტყვიო!

– ვისზე ამბობ?

– ფლოსიზე. სასტუმროს ოთახში კამერები დაუყენებიათ. ჩანაწერი აქვთ, სადაც            „უნაყოფო მიწას” განვიხილავთ მე და ის გოგონა, და მართლა ზედმეტი მოგვდის. ათი ათასს მთხოვენ, თუ არა და კლარასთან დამაბეზღებენ. კაიზერ, უნდა დამეხმარო. კლარა მოკვდება, თუ გაიგებს, რომ ინტელექტუალურად ვერ მაკმაყოფილებს.

ოჰ, გამომძალველი ინტელექტუალები! რაღაც ამბებისთვის ყური მომეკრა. ჩვენი ბიჭები ინტელექტუალ ქალებზე გასულან, მაგრამ ვიღაცას ხელი შეუშლია მათთვის.

– ფლოსის დამალაპარაკე.

– რაო?

– ხელს მოვკიდებ შენს საქმეს, უორდ. მაგრამ ყოველდღიურად ორმოცდაათი დოლარის გადახდა მოგიწევს, სხვა ხარჯებიც შენ უნდა გაიღო. უამრავი „მხიარული ბზუილას” შეკეთება მოგიწევს.

– ათი ათასის გადახდა მაინც არ მომიწევს, დარწმუნებული ვარ, – გაიღიმა, ტელეფონს დაავლო ხელი და ნომერი აკრიფა. ყურმილი გამოვართვი და თვალი ჩავუკარი. თანდათან მომწონდა ეს ტიპი.

წამების შემდეგ ვიღაცამ შემპარავი ხმით მიპასუხა. ვუთხარი, რაც მინდოდა.

– გავიგე, რომ ერთსაათიანი სასიამოვნო საუბრის მოწყობა შეგძლებიათ.

– კი, ჩემო კარგო. აბა, რას მოისურვებ?

– მელვილზე ლაპარაკი მინდა.

– „მობი დიკი” თუ სხვა წიგნები?

– განსხვავება რაშია?

– ფასში. ეგაა და ეგ. სიმბოლიზმში ცალკე უნდა გადაიხადო.

– რა დამიჯდება.

– ორმოცდაათი, შეიძლება ასიც კი დაგიჯდეს „მობი დიკი”. შედარებითი ანალიზი გინდა მელვილისა და ჰოთორნისა? მაგის მოწყობა ორმოცდაათად შემიძლია.

– მაწყობს. – პლაზაში ოთახის ნომერი შევუთანხმე.

– შავგვრემანი გირჩევნია თუ ქერა?

– შენთვის მომინდვია. – ყურმილი დავკიდე.

პირი გავიპარსე და ვიდრე ლიტერატურის სასკოლო ქრესტომათიას ვფურცლავდი, მაგარი ყავაც დავლიე. ერთი საათიც არ გასულა, კარზე რომ მომიკაკუნეს. გავაღე და წითური ახალგაზრდა გოგონა დამიხვდა იქ, რომელიც ვიწრო შარვალში ისე გამოიყურებოდა, როგორც ორი პორცია ვანილის ნაყინის ბურთულა.

– მე შერი ვარ.

კარგად იცოდნენ, შენს ფანტაზიაზე როგორ ემოქმედათ. გრძელი სწორი თმა ჰქონდა, ტყავის ჩანთა, ვერცხლის საყურეები, და მაკიაჟი არ ეკეთა.

– მიკვირს, რომ შემოგიშვეს სასტუმროში ასე ჩაცმული. ინტელექტუალებს მაშინვე ცნობენ.

– ხუთიანიც კმარა მაგათ გასაჩუმებლად.

– ხომ არ დაგვეწყო? – ვუთხარი და დივნისკენ წავიყვანე. სიგარეტს მოუკიდა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

– მე მგონი შეგვიძლია ბილი ბადით დავიწყოთ, ასე, მელვილი ცდილობს ღმერთი გაამართლოს ადამიანთან, n’estce pas?

– საინტერესოა, მაგრამ არა მილტონისეული გაგებით, არა? – ბლეფი იყო, მაინტერესებდა, თუ ამყვებოდა.

– არა. „დაკარგულ სამოთხეში“ ასეთი პესიმისტური კონტექსტი არაა.

– მართალი ხარ, ნამდვილად. გეთანხმები, – ამოვილუღლუღე მე.

– მიმაჩნია, რომ მელვილმა უმანკოების საგალობელი შექმნა, მიამიტურად, თუმცა კი მაინც ღრმა მნიშვნელობისა, შენ როგორ ფიქრობ?

ლაპარაკი ვაცალე. ცხრამეტი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ უკვე ფსევდოინტელექტუალობაში კარგად გაწვრთნილიყო. მჭევრმეტყველება არ უჭირდა, მაგრამ მექანიკურად ლაპარაკობდა. როცა მე რამე განსხვავებულ აზრს გამოვთქვამდი, ყალბ პასუხს მცემდა:

– კი, კაიზერ, კი, საყვარელო, რა ჭკვიანურია. ქრისტიანობაზე პლატონური შეხედულება, არა? აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე?

დაახლოებით ერთ საათს ვლაპარაკობდით და მერე განაცხადა, უნდა წავიდეო. ადგა და ასდოლარიანი გავუწოდე.

– გმადლობ, საყვარელო.

– კიდევ ბევრი მაქვს.

– რას მთავაზობ?

ცნობისმოყვარეობა გავუღვიძე. ისევ ჩამოჯდა.

– წვეულების მოწყობა რომ მოვინდომო?

– მაინც რა წვეულებას გულისხმობ?

– ვთქვათ, თუ მინდა ნოან ჩომსკი ორმა გოგონამ ამიხსნას?

– ოჰ! დიდებული აზრია.

– თუ არ გინდა, რომ…

– ჯობს ამაზე ფლოსის დაელაპარაკო. ცოტა მეტი დაგიჯდება.

ნიღბის ჩამოხსნის დრო მოვიდა. ჩემი კერძო დეტექტივის საბუთი ამოვიღე და განვუცხადე, დაპატიმრებული ხარ-მეთქი.

– სამართალდამცავი ვარ, პატარავ, და მელვილის განხილვა 802-ე მუხლით ისჯება. რამდენწლიანია, იცი?

– ნაბიჭვარო!

– მოდი, სხვანაირად მოვიქცეთ. თუ, რა თქმა უნდა, არ გინდა, რომ ალფრედ კაზინის ყურამდე მივიდეს შენი ამბავი, არა მგონია, იმას ესიამოვნოს.

ტირილი დაიწყო.

– ასე ნუ მომექცევი, კაიზერ. ფული მჭირდებოდა სამაგისტროს გასაკეთებლად. გრანტზე უარი მითხრეს. ორჯერ. ოჰ, ღმერთო!

და აი ასე, მთელი ამბავი გავიგე. ბავშვობა ცენტრალურ პარკში გაუტარებია, სოციალისტურ საზაფხულო ბანაკებში უვლია, ბრანდაის უნივერსიტეტში უსწავლია. ჩვეულებრივი ამბავია, რა. ჯერ საავტორო კინოს რიგებში დგანან, შემდეგ კი კანტის წიგნების გვერდებზე მიაწერენ ხოლმე – „მართლაც, ასეა“. მერე კი ერთ დიდ შეცდომას დაუშვებენ და!..

– ფული მჭირდებოდა. ერთმა მეგობარმა გოგონამ მითხრა, ერთ ტიპს ვიცნობ, რომლის ცოლი მაინცდამაინც განათლებული არააო. ეგ კაცი ბლეიკზე იყო გადარეული. ქალს კი არაფერი გაეგებოდა ბლეიკისა. ვუთხარი, თუ გადამიხდის, ბლეიკზე დაველაპარაკები-მეთქი. თავიდან ვნერვიულობდი. ხშირად ვთვალთმაქცობდი. სულ არ ადარდებდა. მეგობარმა მითხრა, სხვებიც არიან ასეთებიო და, აი, ასე ამოვყავი თავი ამ საქმეში. ერთხელ გაჩერებულ მანქანაში რომ ვკითხულობდი, მაშინ ჩამავლეს, ერთხელ კი ტანგელვუდში გამაჩერეს და გამჩხრიკეს, ერთხელაც და…

– მაშინ ფლოსის დამალაპარაკე.

ტუჩზე იკბინა.

– ჰანტერ კოლეჯის წიგნის მაღაზიაა მაგათი სამალავი.

– რაო, რაო?

– აი, როგორც ფსონებს იღებენ ბუქმეიკერები საპარიკმახეროებში, ისეა მოწყობილი. შენ თვითონაც მიხვდები.

სწრაფად გადავრეკე სათავო ოფისში და მერე გოგონას მივუბრუნდი ისევ.

– კარგი, პატარავ, შეგიძლია წახვიდე. მაგრამ ქალაქიდან ნუ გახვალ.

მადლიერებით სავსე თვალები შემომანათა.

– დუაიტ მაკდონალდსი რომ წიგნს კითხულობს, ეგ ფოტოები შემიძლია გიშოვო.

– სხვა დროს იყოს.

ჰანტერ კოლეჯის წიგნის მაღაზიაში შევედი. გამყიდველი, ახალგაზრდა ყმაწვილი მომიახლოვდა.

– რით შემიძლია დაგეხმაროთ?

– სპეციალურ გამოცემას ვეძებ – „რეკლამები ჩემთვის“. როგორც ვიცი, ავტორს რამდენიმე ათასი ოქროსფურცლიანი ეგზემპლარი დაუბეჭდავს მეგობრებისთვის.

– უნდა გადავამოწმო. ჩვენ WATS კავშირი გვაქვს მეილერის სახლთან.

თვალი თვალში გავუყარე.

– შერიმ გამომგზავნა.

– ოჰ, თუ ასეა, უკან უნდა მიბრძანდეთ.

რაღაც ღილაკს დააჭირა. წიგნებით სავსე კედელი გაიღო და ცხვარივით შევედი ფლოსის სიამოვნების მომგვრელ სასახლეში. წითელი კედლები, ვიქტორიანული ეპოქის ავეჯი თავისებურ განწყობას ქმნიდა. ფერმიხდილი, ნერვული გოგონები, შავჩარჩოიანი სათვალეებით, მოკლე ვარცხნილობით, დივნებზე გართხმულიყვნენ და გამომწვევად ფურცლავდნენ გამომცემლობა „პინგვინის” სერიის წიგნებს. ქერათმიანმა ფართოდ გამიღიმა, მაღლა სართულზე ოთახისკენ მიმანიშნა თავით და მკითხა, უოლას სტივენსზე რას იტყვიო.

როგორც აღმოჩნდა, აქ ინტელექტუალურ საუბრებზე მეტის მიღება შეიძლებოდა. როგორც მითხრეს, ორმოცდაათ დოლარად შეგეძლო „რაღაც არასერიოზულზე გელაპარაკა“. ას დოლარად გოგონა თავის ბარტოკის ფირფიტებს გათხოვებდა, შენთან ერთად ისადილებდა და მერე უფლებას მოგცემდა, მისთვის ნერვული შეტევის დროს გეყურებინა. ას ორმოცდაათად ტყუპებთან ერთად შეგეძლო მოგესმინა რადიოსთვის. სამასად კი – გამხდარი ებრაელი შავგვრემანი მომას მუზეუმთან შეგხვდებოდა, ნებას დაგრთავდა მისი სამაგისტრო ნაშრომი წაგეკითხა და „ელეინთან“ ჩაგრთავდა ხმამაღალ კამათში ფროიდის მიერ ქალების აღქმასთან დაკავშირებით, მერე კი შენი სურვილისამებრ აირჩევდა თვითმკვლელობის ხერხს და სუიციდის სცენას დადგამდა – ზოგიერთი ბიჭისთვის იდეალური საღამოა. აი, ასეთი დიდებული ქალაქია ნიუ-იორკი.

– მოგწონს აქაურობა? – ჩემ ზურგსუკან ლაპარაკობდა ვიღაც. შევტრიალდი და ოცდათვრამეტკალიბრიანის ლულა არ მომაბჯინეს? მართალია, ძლიერი ნერვები მაქვს, მაგრამ ამჯერად მართლა შემეშინდა. ფლოსი აღმოჩნდა. ხმა იგივე იყო, მაგრამ ფლოსი კაცი ყოფილა, სახე ნიღბით დაეფარა.

– არასდროს დამიჯერებ, მაგრამ აკადემიური ხარისხი არ
მაქვს. დაბალი ნიშნების გამო გამომრიცხეს.

– მაგიტომაა, ნიღაბს რომ ატარებ?

– ერთი მზაკვრული გეგმა შევიმუშავე „ნიუ-იორკ ტაიმსის” წიგნების რევიუებში მოსახვედრად, მაგრამ ამისთვის ლაიონელ ტრილინგად უნდა გამესაღებინა თავი. მექსიკაში წავედი ოპერაციის გასაკეთებლად. იქ ექიმი ხუარესი იყო, რომელიც ქირურგიულ ოპერაციებს ატარებდა და ტრილინგს ამსგავსებდა ხალხს. რაღაც აირია. ოდენს ვგავდი იქიდან გამოსული, ხმა კი მერი მაკარტისა მქონდა. სწორედ მაშინ დავიწყე უკანონო საქმიანობა.

სწრაფად, იქამდე, ვიდრე სასხლეტზე თითის გამოკვრას მოასწრებდა, წინ გადავქანდი, ყბაში იდაყვი მოვდე და ვიდრე წაიქცეოდა, იარაღიც გამოვტაცე, იატაკს აგურებივით დაეხალა. პოლიცია რომ მოვიდა, ჯერ კიდევ კვნესოდა.

– კაიზერ, ყოჩაღ! – სერჟანტმა ჰოლმსმა შემაქო, – ჩვენ რომ მოვრჩებით ამ ტიპთან ლაპარაკს, მერე ფედერალური ბიუროს აგენტს უნდა მასთან დალაპარაკება. რაღაც ამბავია მოთამაშეებთან და დანტეს „ჯოჯოხეთის” ანოტირებულ ვერსიასთან დაკავშირებით. წაიყვანეთ, ბიჭებო.

იმ ღამით გვიან, ერთ ჩემს ძველ მეგობარ გლორიას ვესტუმრე. ქერაა. სხვათა შორის, მაგასაც კარგი ნიშნები ჰყავდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სპორტში დაიცვა სამაგისტრო. დრო კარგად გავატარეთ.

 

იმპრესიონისტები რომ დანტისტები ყოფილიყვნენ

ფანტასტიკა ადამიანის ბუნების ცვლილებებზე

ძვირფასო თეო,

ნუთუ ცხოვრებაში არასდროს გამიმართლებს? სასოწარკვეთილი ვარ! მისკდება თავი! მისის სოლ შვიმერი მხოლოდ იმის გამო მიჩივის სასამართლოში, რომ ხიდი ისე გავუკეთე, როგორც მომეგუნება, და არა ისე, მაგის სასაცილო პირს რომ მორგებოდა! დიახაც! ერთი უბრალო გამყიდველივით ვერ მოვიქცევი! მსურდა მისი ხიდი უზარმაზარი და მშფოთვარე ყოფილიყო, ველურ, ფეთქებად კბილებს ცეცხლივით უნდა ეგიზგიზათ ყველა მხრიდან! ის კი ისეთი ბურჟუაა და სულელი, რომ მინდა კედელზე თავით მივანარცხო! ვცადე, რომ ყბა ჩამესვა, მაგრამ ჭაღივით ბრდღვიალებდა იქიდან. მაინც ლამაზი მგონია. ეს სულელი ქალი კი გაიძახის, ვერ ვღეჭავო! მე რაში მადარდებს, ღეჭავს თუ ვერა! თეო, ამის ატანა აღარ შემიძლია. სეზანს ვკითხე, ჩემთან ერთად ხომ არ იმუშავებ-მეთქი, მაგრამ იმდენად დაბერებულია და დაძაბუნებული, ინსტრუმენტების ხელში დაჭერაც კი აღარ შეუძლია და მაჯაზე აქვს დამაგრებული, ამის გამო ფაქიზად ვეღარ მუშაობს პირში და უფრო მეტ კბილს იღებს, ვიდრე საჭიროა. აბა, რა ვქნა?

ვინსენტი

 

ძვირფასო თეო,

რამდენიმე რენტგენი გადავიღე ამ კვირაში, მე ფრიად კმაყოფილი ვიყავი. დეგას ვაჩვენე და გამაკრიტიკა. მითხრა, რომ კომპოზიციურად ცუდია. ყველა ღრმული მარცხენა ქვედა ყბის კუთხეში იყო მოქცეული. ავუხსენი, მისის სლოტკინის პირი ასე გამოიყურება-მეთქი, მაგრამ ყური არ მათხოვა! მითხრა, მძაგს ჩარჩოები, თან წითელი ხე მეტისმეტად მძიმეაო. როცა წავიდა, ნაფლეთებად ვაქციე ყველაფერი. თითქოს ეგ არ ყოფილიყო საკმარისი, მისის ვილმა ზარდისის არხზე ვცადე წამუშავება, მაგრამ შუა გზაზე ყველაფრის სურვილი დავკარგე. უეცრად მივხვდი, რომ არხზე მუშაობა ის არაა, რაც მინდა, ვაკეთო! სახე წამომიწითლდა და თავბრუ დამეხვა. ოფისიდან გავიქეცი სუფთა ჰაერზე, რომ სუნთქვა შემძლებოდა! გონება დავკარგე და რამდენიმე დღის შემდეგ ზღვის სანაპიროზე გამომეღვიძა. როცა უკან დავბრუნდი, ქალი ისევ სკამზე იჯდა. მისი პირი დავასრულე მოვალეობის მოხდის მიზნით, მაგრამ ვერ შევძელი ხელი მომეწერა.

ვინსენტი

 

ძვირფასო თეო,

აი, კიდევ ერთხელ დამჭირდა ფული. ვიცი, რამხელა ტვირთი ვარ შენთვის, მაგრამ აბა, ვის მივმართო? მასალისთვის მჭირდება ფული. თითქმის ექსკლუზიურად ვმუშაობ ახლა ძაფებით წმენდის მიმართულებით და რამდენადაც შემიძლია იმპროვიზაციას მივმართავ, შედეგიც გამაოგნებელია! ღმერთო, ერთი პენიც კი აღარ დამრჩა ნოვოკაინისთვის! დღეს კბილი უნდა ამომეღო და პაციენტს ანესთეზია დრაიზერის კითხვით გავუკეთე. დამეხმარე.

ვინსენტი

 

ძვირფასო თეო,

გადავწყვიტე გოგენთან ერთად ვიმუშავო. მშვენიერი დანტისტია, რომელიც ხიდებზეა დაოსტატებული, და როგორც ჩანს, ჩემდამი კეთილგანწყობილია. მისტერ ჯეი გრინგლასზე ნამუშევარი ძალიან შემიქო. თუ გახსოვს, მე მისი ქვედა მეშვიდე დავპლომბე, მერე კი იმდენად არ მომეწონა პლომბი, მისი ამოღება ვცადე. გრინგლასი უდრეკი ვინმე აღმოჩნდა და სასამართლოში მიჩივლა. საკუთრებაზე უფლება მას ეკუთვნოდა და ამიტომ, ჩემი ადვოკატის რჩევით, მთელს კბილს ვითხოვდი, მაგრამ მხოლოდ პლომბი მარგუნეს. ჩემი ოფისის კუთხეში ვიღაცამ შენიშნა ეგ პლომბი და უნდა, რომ შოუ დადგას ამის შესახებ. უკვე რეტროსპექტივაზეც კი ლაპარაკობენ.

ვინსენტი

 

ძვირფასო თეო,

მგონი შევცდი, გოგენს რომ ჩემს ოფისში მუშაობის უფლება მივეცი. შემაწუხებელი კაცია. ბევრს სვამს. როცა შენიშვნა მივეცი, განრისხდა და კედლიდან ჩემი DDS ჩამოგლიჯა. ოდნავ რომ დამშვიდდა, დავაჯერე, კბილები გარეთ დავპლომბოთ-მეთქი და მწვანე და ოქროსფერში ჩაფლულ მინდორში გავედით სამუშაოდ. ის გვირგვინს ადგამდა მის ანჟელა ტონატოს, მე კი დროებით პლომბს ვუსვამდი მისტერ ლუის კაუფმანს. და აი, ასე ვმუშაობდით ერთად სუფთა ჰაერზე! წარმოიდგინე აბა, დამაბრმავებლად თეთრი კბილები რომ ელვარებენ მზის შუქზე. მერე ქარი ამოვარდა და მისტერ კაუფმანს პარიკი გადაუგდო ბუჩქებში. კაცი გაიქცა პარიკის ასაღებად, ამ დროს გოგენის ინტრუმენტებს გამოედო და მიწაზე გადმოყარა. გოგენმა მე დამადანაშაულა და სცადა გაერტყა, მაგრამ შემთხვევით მისტერ კაუფმანს მოხვდა, რომელიც წაიქცა და ბურღს დააჯდა. ბურღზე წამომჯდარმა მისტერ კაუფმანმა უსწრაფესად ჩამიქროლა და მის ტონატოც თან წაიყვანა. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ „რიფკინ, რიფკინ, რიფკინმა“ ჩემი ანგარიში გაყინა. თუ რამე გაქვს, გამომიგზავნე.

ვინსენტი

 

ძვირფასო თეო,

ტულუზ-ლოტრეკი ამქვეყნად ყველაზე სევდიანი კაცია. მას ყველაზე მეტად ის სურს, კარგი დანტისტი გახდეს და ნიჭი მართლა აქვს, მაგრამ ძალიან დაბალია იმისთვის, რომ პაციენტის პირს მიწვდეს და ძალიან ამაყი იმისთვის, რომ რამეზე შედგეს. ხელები თავს ზემოთ აქვს აწეული და ასე ბრმად უფათურებს პაციენტს პირში, გუშინ კი მისის ფიტელსტონს გვირგვინი ნიკაპზე დაადგა. ჩემი ძველი მეგობარი მონე კი ყველაფერზე უარს ამბობს, მხოლოდ და მხოლოდ უზარმაზარ პირებზე მუშაობს, ჟორჟ სერამ კი, რომელიც დიდი ჭირვეული ვინმეა, გამოიმუშავა თითო კბილის გაწმენდის მეთოდი და იმას, რასაც ქმნის, „სავსე, ჯანსაღ პირს“ უწოდებს. მართალია, არქიტექტურულად სოლიდურია, მაგრამ განა ეს ჩვენი პროფესიის შესაფერისი საქმეა?

ვინსენტი

 

ძვირფასო თეო,

შეყვარებული ვარ. კლერ მემლინგი წინა კვირას პროფილაქტიკისთვის მესტუმრა (მას ღია ბარათი გავუგზავნე, შევატყობინე, კბილების ბოლო გაწმენდიდან ექვსი თვე გავიდა-მეთქი, სინამდვილეში კი მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული). თეო, ჭკუიდან მშლის ეგ ქალი! ისეთი სასურველია! ისეთი ტყიური! მერე მისი ნაკბენი! ასე არავის უკბენია ჩემთვის! იდეალური კბილები აქვს, მისის იტკინს კი არ უგავს, რომლის ქვედა ყბის კბილები ზედა ყბისას ერთი ინჩითაა აცდენილი და მისი ნაკბენი მაქციისას მოგაგონებს! არა! კლერს ჩაწიკწიკებული კბილები აქვს! ამ დროს ვხვდები, ღმერთი რომ არსებობს! და მაინც ის სრულყოფილი არაა. იმდენად უმწიკვლო არაა, რომ უინტერესო იყოს. ქვედა მეცხრესა და მეთერთმეტეს შორის ღრიჭო აქვს. მეათე ყმაწვილქალობაში ამოუღია. მომითხრო, რომ უეცრად, მოულოდნელად ღრუ გაუკეთებია, ადვილად ამოუღიათ (სინამდვილეში ლაპარაკის დროს თავისით ამოვარდნილა) და აღარ ჩაუსვამთ. ქვედა მეათეს ვერაფერი შეცვლისო, მითხრა. „ის ხომ კბილზე მეტი იყო, ეგ კბილი კი არა, ცხოვრების აზრი იყოო“. წლები გადიოდა და ნაკლებს ლაპარაკობდა ამ კბილზე, მჯერა, რომ მენდობა და ჩემთან ამაზე იმიტომ ილაპარაკა. ო, თეო! ისე მიყვარს. დღეს ჩავყურებდი პირში და ისევ პატარა სტომატოლოგ სტუდენტად ვიქეცი, ტამპონები და სარკეები რომ პირის ღრუში უცვივა. მოგვიანებით ხელები შემოვხვიე და ვასწავლიდი, სწორად როგორ უნდა გამოიხეხოს კბილები. ეგ პატარა სულელი თურმე ჯაგრისს გაუნძრევლად იჭერდა და თავს ამოძრავებდა ხოლმე. მომავალ ხუთშაბათს გაზს ვაყნოსებ და ცოლობას ვთხოვ.

ვინსენტი

 

ძვირფასო თეო,

გოგენმა და მე კიდევ ერთხელ ვიჩხუბეთ და ტაიტიზე წავიდა. კბილს უღებდა პაციენტს, ხელი რომ შევუშალე. მუხლი მისტერ ნეტ ფელდმანის გულმკერდზე მიებჯინა და ბრტყელტუჩათი მისდგომოდა იმ კაცის ზედა მარჯვენა უკანა კბილს. ჩვეული ძიძგილაობა გაემართათ და, სამწუხაროდ, ამ დროს შევედი, გოგენისთვის უნდა მეკითხა, ჩემი თექის ქუდისთვის ხომ არ მოეკრა თვალი. გოგენს ხელი შეეშალა, ამით ისარგებლა ფელმანმა, ჩამოძვრა სკამიდან და გახოხდა კაბინეტიდან. გოგენი ჭკუიდან შეიშალა. რენტგენის დანადგარის ქვეშ ჩემი თავი ზუსტად ათი წუთი ეკავა და შემდეგი რამდენიმე საათი თვალებს ერთდროულად ვერ ვახამხამებდი. ახლა მარტო ვარ.

ვინსენტი

 

ძვირფასო თეო,

ყველაფერი წყალში ჩამეყარა! დღეს ვაპირებდი კლერისთვის ხელის თხოვნას და ოდნავ დაძაბული ვიყავი. მომაჯადოებელი იყო იმ თავის თეთრ ატლასის კაბაში, ჩალის ქუდსა და მოშიშვლებულ ღრძილებში. სკამზე რომ ჩამოჯდა, დრენაჟის კავი პირში ჩავუდე, გული ამითრთოლდა. ვცადე რომანტიკული გარემო შემექმნა. შუქებს დავუწიე და ვცადე გეების თემებზე მელაპარაკა. ორივემ ცოტაოდენი გაზი შევისუნთქეთ. როცა დრო შევარჩიე, თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, გთხოვ, ამოირეცხე-მეთქი. ამაზე გაეცინა. დიახ, თეო, დამცინა და მერე გაბრაზდა. „რა გგონია, შენნაირი კაცის გამო ამოვირეცხავ? რა სისულელეა!“ ვცადე დამემშვიდებინა, ამას არ ვგულისხმობდი-მეთქი. „კარგად მიგიხვდი, რასაც გულისხმობ! ლიცენზირებული ორთოდონტისთვის კი ამოირეცხავდა კაცი. რამ გაფიქრებინა, რომ მაგას ვიზამ. მომშორდი თავიდან!“ ეს თქვა და ქვითინით გაიქცა. თეო! მინდა მოვკვდე! ვუყურებ ჩემს ანარეკლს სარკეში და მინდა დავამსხვრიო! დავამტვრიო! იმედი მაქვს, შენ კარგად ხარ.

ვინსენტი

 

ძვირფასო თეო,

დიახ, ყველაფერი სიმართლეა. ძმები ფლაიშმენების მაღაზიაში რომ ყური იყიდება, ჩემია. ვხვდები, რომ სისულელე ჩავიდინე, მაგრამ გასულ კვირას კლერისთვის დაბადების დღის საჩუქრის გაგზავნა მინდოდა და ყველაფერი გაყიდული იყო. რას ვიზამთ. ზოგჯერ იმაზე ვფიქრობ, ნეტა მამაჩემისთვის დამეგდო ყური და მხატვარი გავმხდარიყავი, ამ ცხოვრებას კი აჯობებდა.

ვინსენტი

© არილი

Facebook Comments Box