გამომცემლობა ,,დიოგენემ” მაია ბადრიძის მიერ თარგმნილი ვ. გ.ზებალდის უკანასკნელი რომანი ,,აუსტერლიცი” გამოსცა.
მწერალი, რომელიც 2001 წელს, ალბერ კამიუს მსგავსად, ავტოკატასტროფისას დაიღუპა, ქართველმა მკითხველმა პირველად ,,ემიგრანტებით” გაიცნო ( 2017).
ზებალდის რომანების სტრუქტურული თავისებურებებიდან, უპირველეს ყოვლისა, შავ-თეთრი ფოტოები სახელდება, ოღონდ აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვა მწერლებისგან განსხვავებით,ზებალდის ფოტოები ილუსტრაციაზე მეტად სინტაქსის ნაწილია. მწერალი ორ განზომილებაში ,,ატყვევებს’’ შეგრძნებებს: სიტყვებად და ,,ფიზიკურად’’, ეს ყოველივე კი მკითხველზე მძაფრად მოქმედებს.
სხვათა შორის, ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით როლან ბარტი ამბობს, რომ მას ,,შეუძლია უსასრულობამდე აწარმოოს ის, რაც მხოლოდ ერთხელ იყო. ის უსასრულობამდე იმეორებს იმას, რაც ექსისტენციურად ვეღარასოდეს გამეორდება.’’
,,აუსტერლიცის” სინტაქსი მელანქოლიის მუსიკის აუხსნელი, გადამდები ვიბრაციითა დამუხტული. ერთ-ერთ ეპიზოდში ჟაკ აუსტერლიცი ანონიმ მთხრობელს (რომელიც ძალიან ჰგავს თავად ზებალდს) ეუბნება:
,,სულ უფრო მეტად მეჩვენება, რომ დრო არ არსებობს, არამედ რაღაც უმაღლესი სტერეომეტრიის მიხედვით ერთმანეთში ჩადგმული სხვადასხვა სივრცე, რომელთა შორისაც ცოცხლები და მკვდრები იმისდა მიხედვით, როგორი სულიერი მდგომარეობა აქვთ, აქეთ-იქით თავისუფლად მოძრაობენ და რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო მეტად მეჩვენება, რომ ჩვენ, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, მკვდრებს არარეალურ არსებებად ვეჩვენებით გარკვეული განათებისა და ატმოსფერული პირობების შემთხვევაში კი მათთვის ხილულები ვხვდებით. რაც თავი მახსოვს, თქვა აუსტერლიცმა, სულ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რეალურ სამყაროში ჩემი ადგილი არ არის, თითქოს არ ვარსებობ’’…
რომანი ტრავმული მეხსიერების ( წარსულის) კვლევის მტკივნეულ პროცესს და ხეტიალს, როგორც საკუთარი თავის ( პიროვნების) შეცნობის გზასაც ასახავს.
ზებალდის პერსონაჟების ხეტიალი ერთგვარი ოდისეაა, ოღონდ ხედვის რაკურსი საკუთარ არსებაში, შიგნითაა ჩაბრუნებული.
© არილი