ახალი ამბები

პრუდენსიო აგილარის მკვლელობა რეალურ ამბავზეა აგებული

გაბრიელ გარსია მარკესი თავის ავტობიოგრაფიაში ,,იცხოვრო, რომ მოჰყვე’’ ბაბუას ცხოვრებაში მომხდარი ერთი ტრაგედიის ამბავსაც ყვება, რაც შემდგომ ,,მარტოობის ასი წელიწადში’’  საფუძვლად დაედო პრუდენსიო აგილარისა და ხოსე არკადიოს კონფლიქტის ეპიზოდს.

,, ოჯახი ჩემს დაბადებამდე ჩვიდმეტი წლით ადრე გადასახლდა არაკატაკაში. მაშინ, როდესაც United fruit company – ს გარშემო ბანანის კომპანიის მონოპოლიაზე დაპირისპირება დაიწყო. (…) თან ახლდათ ოცდაერთი წლის ვაჟი, ხუან დე დიოსი და ორი ქალიშვილი – ცხრამეტი წლის მარგარიტა  მარია მანიატა და ხუთი წლის დედაჩემი, ლუიზა სანტიაგა. (…) ბაბუასა და ბებიას არაკატაკაში წასვლით წარსულის დავიწყება უნდოდათ (…) პოლკოვნიკს ყველაფერი აუცილებელი თან მიჰქონდა, სურდა, რაც შეიძლებოდა შორს გაჰქცეოდა თავის სევდიან მოგონებებსა და სინდისის ქენჯნის სიმძიმეს დუელში მოკლული ადამიანის გამო. (…)

დრამა ბარანკასში მოხდა, სიერა ნევადას ქედის აყვავებულ და მშვიდობიან სოფელში. (…) მეტოქე თექვსმეტი წლით მასზე უმცროსი, გოლიათი, ბაბუაჩემივით ლიბერალი, მორწმუნე კათოლიკე, ღარიბი მიწათმოქმედი, ახალდაქორწინებული, ორი შვილის მამა და კარგი სახელის მქონე ადამიანი იყო. მედარდე პაჩეკო ერქვა. (…) ეს იყო პირველი რეალური ამბავი, რომელმაც ჩემში მწერლის ინსტინქტი გააღვიძა, თუმცა ჯერ კიდევ ვერ შევძელი მისი გადმოცემა. როგორც კი აზროვნება დავიწყე, მაშინვე გავაცნობიერე, თუ რა გავლენა იქონია ამ ტრაგედიამ ჩვენს სახლზე. (…) ყველაზე სარწმუნო ვერსია მოგვითხრობდა, რომ მედარდო პაჩეკოს დედამ შვილი ღირსების დაცვის მოთხოვნით წააქეზა იმ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო, რომელიც თითქოს მედარდოს დედის მისამართით ბაბუაჩემმა გამოთქვა. ამ უკანასკნელმა სახალხოდ უარყო ბრალდება და მედარდოების ოჯახი სიცრუეში დაადანაშაულა. მედარდო პაჩეკომ თავისი განაგრძო და სულ მალე მსხვერპლიდან მოძალადედ იქცა. ბაბუაჩემს სახალხოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მისი ლიბერალური ქცევების გამო. (…) ღირსებაშელახული ბაბუაჩემი სიკვდილით დაემუქრა, თუმცა დრო არ დაუკონკრეტებია. (…) ნაკლებად სარწმუნო ვერსიებიც კი თანხვდებიან იმაში, რომ იმ დღეს კარიბული ოქტომბრის ჩვეულებრივი ორშაბათი იყო, ნაღვლიანი წვიმით, ჩამოწოლილი ღრუბლებითა და სამგლოვიარო ნიავით. საკვირაოდ გამოწყობილი მედარდო პაჩეკო იმ წუთის შესული იყო პატარა ჩიხში, როდესაც პოლკოვნიკმა მისკენ ნაბიჯი გადადგა. ორივე შეიარაღებული იყო. (…) ბაბუას ნათქვამი ჰქონდა, რომ როდესაც მისი უზარმაზარი სხეული ჯაგნარში ჩავარდა, ისეთი ყრუ კვნესა აღმოხდა, როგორც პატარა, გაწუწულ კნუტს. (…)

მომხდარმა სოფელი, მიცვალებული ნათესავების ჩათვლით, ორად გაიყო. ერთმა ნაწილმა სამაგიეროდ გადახდა დაისახა მიზნად, მეორემ – ტრანკილინა იგუარანი შვილებთან ერთად საკუთარ ჭერქვეშ შეიფარა მანამ, სანამ შურისძიების საფრთხე არ მიინავლა. ამ დეტალებმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ბავშვობაში, რომ არა მხოლოდ მორალურად ვიტვირთე წინაპრების ცოდვა, როგორც საკუთარი დანაშაული, არამედ ახლაც, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, დაღუპულის ოჯახისადმი უფრო მეტ თანაგრძნობას განვიცდი, ვიდრე საკუთარი ოჯახის მიმართ.’’

მარკესის ბაბუა: ნიკოლას რიკარდო მარკესი და ბებია: ტრანკილინა იგუარანი

© არილი

 

 

 

Facebook Comments Box