ესე (თარგმანი)

ვ.ს. ნაიპოლი – მწერლის არსის შესახებ

ინგლისურიდან თარგმნა თინათინ ფალიაშვილმა

მართალი გითხრათ, თვითონაც არ ვიცი, როგორ გავხდი მწერალი. შემიძლია დავასახელო რამდენიმე თარიღი და ჩემი ლიტერატურული კარიერის ზოგიერთი ფაქტი, მაგრამ თვით ეს პროცესი ჩემთვის ახლაც იდუმალია. მაგალითად, გაუგებარია, რატომ დავისახე მიზნად მწერლობა, თანაც, ეს მიზანი დავისახე გაცილებით ადრე, სანამ მოვიფიქრებდი თემებსა და სიუჟეტებს, რომლებზეც უნდა ამეგო ჩემი ნაწარმოებები.

მახსენდება, რომ 1950 წელს, როდესაც ოქსფორდში სწავლა დავიწყე, დიდხანს ვსეირნობდი ხოლმე. მახსოვს გზები, ავტომანქანები, რომელთა ბორბლებისგან მონაბერი ქარი შემოდგომის ფოთლებს აფრიალებდა. თავს ვეკითხებოდი, რაზე უნდა ვწერო-მეთქი. მანამდე ძალ-ღონე არ დამიშურებია, რომ სახელმწიფო სტიპენდია მიმეღო, ოქსფორდში მესწავლა და მწერალი გავმხდარიყავი. მაგრამ ახლა, ოქსფორდში, წარმოდგენა არ მქონდა, რაზე უნდა მეწერა. და რომ არა მწვავე მოთხოვნილება, – თითქმის პანიკა, – ალბათ, წერას ვერასოდეს დავიწყებდი. ძალზე მაცდუნებელი იყო აზრი იმის შესახებ, რომ შემეძლო ამ მიზნის განხორციელება გაურკვეველი დროით გადამევადებინა, ისე, როგორც მოსკოვიდან უკან დახევის დროს ნაპოლეონის ჯარისკაცები სამომავლოდ გადადებდნენ ხოლმე ნანატრ ძილს.

ვფიქრობდი, დაჯდომა და ნაწარმოების წერა არაბუნებრივი, ხელოვნური საქმიანობაა-მეთქი. ამ გრძნობას კვლავაც განვიცდი მრავალი წლის შემდეგ, როდესაც წიგნის დაწერის სურვილი მიჩნდება (შემოქმედებით მუშაობას ვგულისხმობ). ვერავითარ მიმზიდველ თემას ან სიუჟეტს ვერ ვპოულობ ხოლმე. ასე რომ, ბევრი რამ უცვლელი დარჩა. თავდაპირველად ვწერ ნაწარმოების შესავალი ნაწილის რამდენიმე უხეირო ვარიანტს, სანამ, ბოლოს, ჭეშმარიტი იმპულსის კარნახით, ერთი წლის განმავლობაში ჩავუჯდებოდე სამუშაოს. მაგრამ ესეც იდუმალია – როგორ ხდება, რომ ადამიანი (ყოველგვარი საგანგებო მცდელობის გარეშე) სწვდება საკუთარი სულისა და შინაგანი გამოცდილების ყველაზე ღრმა შრეებს?

ზოგადად, ლიტერატურული ფორმები ხელოვნური ხასიათისაა. კულტურის ევოლუციასთან, ახალი სტილებისა და მიმართულებების წარმოშობასთან ერთად, ეს ფორმებიც იცვლება. მაგალითად, გარკვეულ ეპოქებში მწერლები ძირითადად თეატრისთვის წერენ; დრამატული ფორმით – სცენებისა და მოქმედებების სახით – წარმოადგენენ მასალას (რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება); წერენ „როლებს“ მსახიობებისთვის და – როგორც ერთმა დრამატურგმა მითხრა – წერის პროცესის გასაადვილებლად წარმოიდგენენ ხოლმე, რომ პარტერიდან უცქერენ სცენაზე მიმდინარე მოქმედებას.

სხვა პერიოდებში, როდესაც ჯერ არ არსებობდა რადიო ან აუდიოჩაწერის ტექნიკა, მაგრამ გავრცელებული იყო ინფორმაციის გადაცემის ბეჭდვითი საშუალებები, მწერლის მიერ შექმნილი თხრობითი ნაწარმოების გამოქვეყნება შეიძლებოდა გაგრძელებულიყო თანმიმდევრულად, მცირე ნაწილების ან რამდენიმე ტომის სახით. ზოგჯერ მწერალი თხრობით ნაწარმოებებს ლექსითი ფორმით ან გალექსილი დრამის სახით წერდა,იყენებდა (ან არ იყენებდა) რითმას; ის ლექსითი   ეპოსის ფორმასაც მიმართავდა.

ამჟამად ყველა ეს ფორმა არაბუნებრივია და იშვიათად გამოიყენება, მაგრამ ისინი ისეთივე ბუნებრივი და ადეკვატური იყო შესაბამის ეპოქებში, როგორიც დღეს რომანია. თუმცა, რომანიც აუცილებლად მოითხოვს გარკვეული იდეებისა ან მოვლენების გამარტივებასა და გაყალბებას და არაბუნებრივ სცენებსაც მოიცავს. აქ ძალზე ზოგადად ვახასიათებ ლიტერატურული ფორმის ხელოვნურობის შეგრძნებას, რომელიც მქონდა ჩემი ლიტერატურული საქმიანობის დასაწყისში. ვჭოჭმანობდი – ვერ გადამეწყვიტა, ჩემი გამოცდილების რომელი ნაწილი შეესაბამებოდა რომანის ფორმას და მაინტერესებდა, როგორ უნდა მიმესადაგებინა ან შემეცვალა ჩემი გამოცდილება ისე, რომ ის მსხვილი ფორმის შესაბამისი ყოფილიყო.

ლიტერატურული ფორმები აუცილებელია: გამოცდილება უნდა გადაიცეს საყოველთაოდ გავრცელებული ან აღქმადი ფორმით. მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ფორმა, ზოგჯერ აღიქმება, როგორც მიუღებელი ან ზედმეტი რამ. როდესაც ტროლოპი, – რომლის ცოდნა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და შრომითი სამყაროს შესახებ გაცილებით აღემატებოდა დიკენსისას – გვიხატავს ზოგად სიტუაციას, ის ძალზე მიმზიდველი და საინტერესოა. მაგრამ ტროლოპი ძალზე წელავს ხოლმე სიუჟეტს და ვინაიდან მისი ძირითადი სოციალური ან ფილოსოფიური იდეები გადმოცემულია მისივე რომანების პირველსავე გვერდებზე, ამდენად, ეს ნაწარმოებები ინტერესს არ იწვევს. იგივე შეგრძნება მიჩნდება თეკერეის კითხვისას: ვგრძნობ, რომ მწერალს უმძიმს თხრობა და სიუჟეტის გაშლა.

ჩვენი წარმოდგენა ლიტერატურული ნარატივებისა და ლიტერატურით ტკბობის შესახებ ბოლო ასი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. გასული საუკუნის ლიტერატურამ, კინომ და ტელევიზიამ უფრო სწრაფ აზროვნებას მიგვაჩვია. მეცხრამეტე საუკუნის ის ინგლისელი მწერლები, რომლებიც ახლა ყველაზე უფრო „რომანულ“ სიამოვნებას მანიჭებენ – „შიგნიდან“ გვიჩვენებენ ადამიანთა ცხოვრებას, ხელს უწყობენ რეფლექსიას – მათ ეპოქაში საერთოდ არ მიიჩნეოდნენ რომანისტებად.

მახსენდება მწერალი რიჩარდ ჯეფერი, რომლის ესეებში ფერმერთა ცხოვრების შესახებ თავს იჩენს უდიდესი ცოდნა და გამოცდილება. ან უილიამ ჰეზლიტი. ან მგზნებარე და მელანქოლიური ჩარლზ ლემი (რომელიც სულაც არ გახლდათ ნაზი და მეოცნებე ესეისტი, როგორსაც ლეგენდა გვიხატავს). ან ჟურნალისტი და პამფლეტისტი უილიამ კობეტი, რომელიც თავის ბრწყინვალე პროზაში აღწერდა სოფელს და დაგვიტოვა გზებისა და მინდვრების, ადამიანების, სასტუმროებისა და საკვების ყველაზე ზუსტი და მკაფიო სურათები. ყველა ამ ავტორს შეეძლო მიესადაგებინა – ესე იგი, განაზავებინა ან გაეყალბებინა – თავიანთი სათქმელი რომანის იმდროინდელ ფორმის შესაბამისად. და ყველა მათგანმა იპოვა გამოხატვის საკუთარი ფორმები.

ყოველი სერიოზული მწერალი ორიგინალური უნდა იყოს; ის არ უნდა დაკმაყოფილდეს მიღწეულით და არ უნდა გაიმეოროს ის, რაც უკვე დაწერილია. ამასთან, ყოველი სერიოზული მწერალი გაიაზრებს ფორმის საკითხს, რადგან, განურჩევლად იმისა, თუ რაოდენ აფასებს ის წინამორბედ მწერლებს, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ მწერალთა მიერ გამოყენებული ფორმები შეესაბამება მათ გამოცდილებას და არა – მის საკუთარ გამოცდილებას.

ძალზე ორიგინალური (განსაკუთრებით – გვიანდელ შემოქმედებაში) მწერალი, განსვენებული ფილიპ ლარკინი ფიქრობდა, რომ ფორმა და შინაარსი განუყოფელია. ლარკინის თქმით, ის ნელა მუშაობდა, რადგან „ბევრი დრო სჭირდება იმის განსაზღვრას, თუ რა და როგორ უნდა დაწერო“. ამ ამოცანის გადაჭრა, ერთი შეხედვით, თითქოს ძნელი არ უნდა იყოს, რეალურად კი მეტად რთული პროცესია. ლიტერატურა მუსიკას არ ჰგავს. ის ახალგაზრდებისთვის არაა განკუთვნილი. ლიტერატურაში ვუნდერკინდებს არაფერი ესაქმებათ. ცოდნა ან გამოცდილება, რომლის ასახვასაც ცდილობს მწერალი, სოციალური ან ემოციური ხასიათისაა; ამ გამოცდილების დამუშავებას და გააზრებას სჭირდება დრო, სჭირდება მრავალი წელი, და, ასევე, საჭიროა სიფრთხილე და ტაქტი, რათა არ დაიკარგოს გამოცდილების არსი, არ განზავდეს ის შეუსაბამო ფორმებში. კვლავ შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი მწერლის მიერ გამოყენებული ფორმები ემსახურება სწორედ ამ ავტორის აზრების გადმოცემას და არა სხვისას.

ყოველთვის მაღელვებდა ფორმისა და სიტყვიერი მარაგის პრობლემაც, რადგან საკმაოდ სწრაფად მივხვდი, რომ ჩემ მიერ წაკითხულ ლიტერატურასა და ჩემ მიერ დასაწერ ლიტერატურას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იყო. და მაშინვე მივხვდი, რომ, უბრალოდ, ლიტერატურული ფორმების მიმიკრია საქმეს არ უშველიდა.

თავის ერთ-ერთ ადრეულ წიგნში ჯეიმს ჯოისი წერდა იმ სიძნელეების შესახებ, რომლებიც წამოიჭრებოდა მის წინაშე – ისევე, როგორც მისი გმირის წინაშე – ინგლისურ ენასთან დაკავშირებით. „ენა, რომელზეც ჩვენ ვმეტყველებთ, თავდაპირველად მისია და შემდეგ – ჩემი. როგორ განსხვავდება მის მიერ წარმოთქმული სიტყვები home, Christ, ale, master, ჩემ მიერ წარმოთქმული ამავე სიტყვებისგან! სულიერი მღელვარების გარეშემათ ვერ გამოვთქვამ და ვერ დავწერ… ჩემი სული მძვინვარებს მისი ენის წყვდიადში“.

ჯეიმს ჯოისის ექსპერიმენტები ფორმის სფეროს ეხებოდა. მისი დამოკიდებულება ენისადმი არსებითად განსხვავდება ჩემი დამოკიდებულებისგან. მე მაღელვებდა ლექსიკა, სიტყვების სხვადასხვაგვარი მნიშვნელობები ან ასოციაციები. Garden, house, plantation, gardener, estate – ამ სიტყვებს ერთი მნიშვნელობა აქვს ინგლისში და სრულიად სხვა – ტრინიდადში, აგრარულ კოლონიაში. ჰოდა, როგორ უნდა მეწერა, თუკი ჩემ მიერ გამოყენებულ სიტყვებს მკითხველი ძველი ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ასოციაციების საფუძველზე აღიქვამდა? ვგრძნობდი, რომ უნდა განმესაზღვრა ჩემი, როგორც მწერლის ან მთხრობლის კონკრეტული იერსახე; უნდა გადამეაზრებინა – ჩემს სამწერლო სტილთან დაკავშირებით – ყოველივე. სამწერლო მოღვაწეობის განმავლობაში ამას სხვადასხვანაირად ვახორციელებდი. ახლახან, ორი წლის მუშაობის შემდეგ, დავასრულე წიგნი, რომელშიც, ჩემი აზრით, შევძელი ამ ამოცანის გადაჭრა და ჩემი ნარატივის გადააზრება.

მსურდა გავრკვეულიყავი ჩემი კერძო გამოცდილების არსშიც, რაც გულისხმობდა ჩემივე ლიტერატურული „მე“-ს დეფინიციასაც. მიუხედავად ამისა, წიგნის წერის დასასრულს შემოქმედებით პროცესს თავისი იდუმალება არ დაუკარგავს.

ფრანგი კრიტიკოსი სენტ-ბევი ფიქრობდა, რომ მწერლის პირადი ცხოვრების დეტალები ნათელს ჰფენს მისი შემოქმედების ფაქტებს. სენტ-ბევის ეს მეთოდი გააკრიტიკა პრუსტმა თავის უჩვეულო თხზულებაში, რომლის უცნაური, ორიგინალური და მშვენიერი ფორმა ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია, ნაწილობრივ – კრიტიკული და ნაწილობრივ – მხატვრული. ამ თხზულებას ეწოდება „სენტ-ბევის წინააღმდეგ“. კრიტიკოსისა და მისი მეთოდის კრიტიკის დროს იგრძნობა პრუსტის ღრმა სიყვარული ლიტერატურისადმი და, ასევე, თავს იჩენს თხზულების ავტობიოგრაფიული და გამოგონილი ელემენტები.

„ეს მეთოდი, – წერს პრუსტი და გულისხმობს სენტ-ბევის მეთოდს, – ეწინააღმდეგება იმას, რასაც შეიძლება ჩავწვდეთ უფრო ღრმა თვითშემეცნების საფუძველზე, რომლის თანახმად, ნაწარმოებს ქმნის ის „მე“, რომელიც განსხვავდება ჩვენი ჩვევების, ჩვენი სოციალური ცხოვრების, ჩვენი ნაკლოვანებების განმაპირობებელი „მესგან“. ცოტათი ქვემოთ პრუსტი განმარტავს: „სინამდვილეში საზოგადოებას წარედგინება მარტოობაში, საკუთარი თავისთვის დაწერილი, ესე იგი, ჭეშმარიტად პირადული ქმნილება… ხოლო ურთიერთობისას, ესე იგი, საუბრისას -როგორი დახვეწილიც უნდა იყოს ეს საუბარი… – თავს იჩენს გარეგნული „მე“და არა სიღრმისეული, რომელიც შეიძლება აღმოაჩინო, თუკი მოახდენ აბსტრაჰირებას სხვებისგან და იმ „მესგან“, რომელსაც ეს სხვები იცნობენ“.

საინტერესოა – მაგრამ არა გასაკვირი, – რომ თითქმის იგივე შეხედულება მწერლობის შესახებ გამოთქვა სრულიად სხვა ყაიდის მწერალმა, სომერსეტ მოემმა. რომანში „ღვეზელები და ლუდი“ მან შექმნა ტომას ჰარდის შესანიშნავი მხატვრული პორტრეტი (რის გამოც მოემს ბევრი შეურაცხყოფის ატანა მოუხდა) და გვიჩვენა, რომ ტრაგიკული რომანების უესექსელი ავტორი პირად ცხოვრებაში ძალზე ორდინარული იყო და, ამის გამო, იდუმალიც. „გავიფიქრე, – ასკვნის მოემი, – რომ ჭეშმარიტი, რეალური, ყველასთვის უცნობი და მარტოსული „მე“ მდუმარე აჩრდილის სახით უჩინრად არსებობდა მწერალსა და იმ ადამიანს შორის, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, და მას ირონიულად ეღიმებოდა ამ ორ მარიონეტზე…“

The New York Review of Books, 1987, 23 აპრილი

Facebook Comments Box