მათი ტექსტები წაგიკითხავთ, მათ პერსონაჟებს კარგად იცნობთ და იმ პერსონაჟების სახლებშიც არაერთხელ ყოფილხართ სტუმრად (ან იმდენჯერ ყოფილხართ, რომ სტუმრად უკვე აღარც კი გრძნობთ თავს), მაგრამ ჯერ არ გინახავთ მათი ფანჯრები და არც ის, რასაც ისინი ხედავენ იმ ფანჯრებიდან.
ამიტომაც დაიწყო არილმა რუბრიკა – ავტორის ფანჯრიდან. მთავარი პირობაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებმა, რომლებსაც არილისთვის დაწერენ, მათი ფანჯრებიდან გაგვახედოს და სულ ერთია, როგორი იქნება ხედი, რომელსაც დავინახავთ. ზოგჯერ, შეიძლება, ამ ხედებმა სხვა ხედები გამოიხმოს მათი მოგონებებიდან, ზოგჯერ კი მხოლოდ ის იქნება, რაც ნამდვილად არის – საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე ქუჩა.
მონათხრობის უკეთ აღსაქმელად სტატიებს თან დავურთავთ მათივე გადაღებულ ფოტოს – ასე მოგვიყვება ერთი კადრი და ერთი ტექსტი ამბავს იმის შესახებ, რა და როგორ ჩანს ავტორის ფანჯრიდან.
ფანჯარასთან, საიდანაც ეს ხედი იშლება, უმეტესად დილაობით ვდგები, ძალიან ადრე, გამთენიისას. იმ დღეებში, როცა „წერას ვყავარ ატანილი“ ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ როცა მოთხრობას ვწერ. ფანჯრიდან ყურებისას „ვაწყობ“ წინადადებებს, ვაბამ ერთმანეთს, ვიმახსოვრებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვჯდები მაგიდასთან, რომ ჩავიწერო, რაც „დავაგროვე“, მწვანემელნიანი კალმით ან ფანქრით შევავსო სულ მცირე ნახევარი გვერდი. ფიქრს ცარიელ ფურცელთან არ ვიწყებ, მასთან – ცალხაზიან ან უხაზოსთან, მორუხო-მოყვითალოსთან ან ქათქათა თეთრთან, მოფიქრებული სტრიქონებით მივდივარ.
ფანჯრის კიდესთან აყუდებას და გარეთ ცქერას აზრების უკეთ ჩამოსაყალიბებლად თავისი წარმომავლობა აქვს, რომელიც ბავშვობიდან იღებს სათავეს. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, როცა წიგნების მოძიება და მათი „შთანთქმა“ ახალი დაწყებული მქონდა, კითხვისთვის საუკეთესო ადგილად ფანჯრის ნიშა მიმაჩნდა, მისი რაფა, რომელზეც თავისუფლად შემეძლო მოკალათება და განრიდება ყველაფრისგან, რაც სტრიქონებისთვის თვალის გადევნებაში ხელს შემიშლიდა. მერე და მერე, ამ ძველებურ თახჩასავით ღრმა ნიშამ ჯადოსნური ელფერი შეიძინა, რადგან სწორედ იქ, მუხლებზე გადაშლილი წიგნით, კედლის ჭრილს ზურგით მიყრდნობილს გამომეცხადნენ თუ დამესიზმრნენ უკვე წაკითხული ამბების პერსონაჟები. ერთხელ კი არა, რამდენჯერმე, ხან ყოველდღე, ხან ინტერვალებით დღეებს შორის.
მოგვიანებით, მსგავსი ხილვები სხვაგანაც რომ მეწვივნენ, სხვა ბინის შედარებით ვიწრორაფიან, განსხვავებული ხედის მქონე ფანჯარასთან, შევეჭვდი და ცოტა ხანში ლამის ვირწმუნე, რომ რაღაცა იდუმალი, აუხსნელი კავშირი არსებობდა ჩემსა და მართკუთხა ჩარჩოებიან, შემინულ სარკმლებს შორის. ამუშავდა ბავშვური ფანტაზია…
რომ მე მათ მიღმა არსებული უხილავი სამყაროს რჩეული ვიყავი და ის სამყარო, სახელად „წიგნების სამეფო“ წახალისების მიზნით – მეტი რომ მეკითხა – ჩემ საყვარელ გმირებს მიგზავნიდა: რობინზონ კრუზოს და კაპიტან ნემოს, ჟაკ პაგანელს და შევალიე დ’არტანიანს…
ჩაიარა ბავშვობამ და შეწყდა უჩვეულო სტუმრების მოფარფატება ფანჯრებთან. უკვე მოწიფულმა კითხვა არ ვიკმარე და წერას – მოთხრობების თხზვას მივყავი ხელი. შევუდექი საქმეს, რომელსაც შრომასთან ერთად გონების გამონათებებიც სჭირდება დროდადრო თხრობის გასაგრძელებლად, იოლად ფონს გასვლის, ათასჯერ გამეორებულის ათასმეერთედ თქმის სურვილის დასაძლევად. რა აღარ ვცადე ამის მისაღწევად – თამბაქოს ბოლითაც გავბუღე ოთახი, ყავასაც მივეძალე, ღვინოც ვწრუპე ბარაქიანი ჭიქებით, მაგრამ არაფერი გამომივიდა – მბჟუტავი შუქითაც ვერ გავანათე ტვინის ხვეულები…
ერთხელაც, ღამენათევი და გვარიანად გაწვალებული ფანჯარასთან მივედი, გახურებული შუბლი შეჭირხლულ მინას მივაბჯინე გასაგრილებლად და გარეთ გავიხედე. ასეთ ვითარებაში რაც არაერთხელ მომხდარა, მეც იგივე დამემართა, მზერა გამიშეშდა და რომელიღაც მომენტში მომეჩვენა, რომ მე კი არ გავყურებდი პეიზაჟს, ის შემომყურებდა მე – რუხი და თეთრი ფერებით, „შესრულებული“ ზამთრის მიერ. ცა კი… ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ახლაა, ცხელი ზაფხულის ადრიან დილას, ან ალბათ ისეთიც, როგორსაც ქართველი ჯარისკაცები აჰყურებდნენ ას ორი წლის წინათ ამ ფერდობზე გაჭრილი სანგრებიდან მტრის, რუსის ჯარის მორიგი შემოტევის მოლოდინში…
არ ვიცი, სინათლის როგორმა ნაკადმა შემოაღწია ჩემს გონებაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უმალ საწერ მაგიდას მივუბრუნდი მოზღვავებული სიტყვების ფურცლებზე გადასატანად, უნდა ვივარაუდო, რომ – მძლავრმა…
განახლდა და გაგრძელდა ოდესღაც დაწყებული და დროებით შეწყვეტილი კავშირი ფანჯრებთან, ერთგვარ ხილულ ხიდებთან ჩემსა და უხილავ სამყაროებს შორის.
© არილი