Uncategorized

ზაალ სამადაშვილი – ის დღე…

ჩვენი, მთის კალთაზე შეფენილი სოფლიდან ქვევით, დაბლობზე, პატარა ქალაქი მოჩანდა. ქალაქი შორს იყო, მხოლოდ სახურავებს ვხედავდით მისას, თუმცა, ხმა ამოაღწევდა ხოლმე იქიდან დროდადრო, უმეტესად გრგვინვის, ზათქის მაგვარი ხმა, რომელსაც ერთდროულად გასროლილი რამდენიმე ასეული თოფი, ანდა ორი ან სამი ზარბაზანი გამოსცემდა. ჯარი იდგა ქალაქის განაპირას, ადრე ჩვენების, ახლა – რუსების. იმ რუსების, სამი წლის წინ კალიებივით რომ მოედნენ მთელ ქვეყანას და ყველგან, მათ შორის ყაზარმებზეც, თავიანთი დროშები ააფრიალეს.

ადრე უფრო ხშირად ირღვეოდა ხოლმე მთებს შორის გაწოლილი სიჩუმე, ახლა, თითქმის არა. გიგო, ჩემი უფროსი ძმა ამბობდა, ჩვენები სულ ვარჯიშობდნენ სროლაში, სულ მტერთან საბრძოლველად ემზადებოდნენ, ამათ კიდევ, ამ რუსებს, საქმე მოთავებული ჰგონიათ, თავდასხმას არ ელოდებიან და არიან წამოგორებულები მხართეძოზეო… და ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე დაუსრულებელ წინადადებას ამატებდა, ერთხელაც იქნება და…

ძროხა გვყავდა წაყვანილი საბალახოდ. წიგნები გვქონდა წაღებული, მე – ქართული ხალხური ზღაპრები, გიგოს – ალექსანდრე ყაზბეგის „ელგუჯა“. „ჭრელა“ იცოხნებოდა, ჩვენ მინდორზე წამომართულ ლოდებზე ვისხედით და გადაშლილი წიგნები მუხლებზე გვედო.

კანტიკუნტი სროლის ხმა რომ მოგვესმა, ვიფიქრეთ მონადირეები არიან ალბათო და კითხვა გავაგრძელეთ. ბათქიც რომ გავიგონეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, წამოვხტით და გავიქეცით, იმ ადგილს მივაშურეთ, საიდანაც უკეთ დავხედავდით ქალაქს.

კვამლს დაეფარა მისი გარეუბანი, რომ არა უწყვეტი ზალპები, იფიქრებდი, დილის ნისლი ჩაცოცდა მთის კალთებიდანო. სროლის შეწყვეტის შემდეგ კაი ხანი დასჭირდა მონაცრისფრო საბურვლის გაფანტვას და როდის-როდის, ისევ დავინახეთ ყაზარმების მოგრძო, თუნუქის სახურავები.

ამბავმა, ვინ ისროდა და რატომ, მეორე დღეს ამოაღწია სოფლამდე. ქალაქში ყველის გასაყიდად ჩასული და მშვიდობიანად ამობრუნებული კაცები ჰყვებოდნენ, რუსის ჯარს დაეცნენ ჩვენები და დიდი ზიანი მიაყენესო, სულ ერთიმეორეზე უკეთესი ვაჟკაცები იყვნენ, სულ თოფ-იარაღებში ჩამსხდრები, ქალაქიდან რომ გადიოდნენ, გვეძახდნენ, არ შეშინდეთ და არ გატყდეთ, მალე დავბრუნდებითო…

გაიმართა წელში ჩემი ძმა, ხომ უწიათ რუსებს ჩემმა მუქარამო, სხვებსაც, მასზე უფროსებსაც დაეტყოთ გაყოჩაღება, თუმცა ისეთებიც იყვნენ, ვისი თვალებიდანაც  შიშის გამოდევნა იოლი საქმე არ იყო, ეს ერთი ამბავი საკმარისი არ გახლდათ მათთვის.

გიგოსთვის კიდევ ის არ კმაროდა, რაც მოისმინა, მეტის გაგება უნდოდა, ვერ ისვენებდა, მთელი საღამო ცქმუტავდა. მეორე დილას, „ჭრელა“ რომ გავიგდეთ წინ და  ლორთქო ბალახებით გადამწვანებული მდელოებისკენ ავაღებინეთ გეზი, მითხრა, რა იქნება, ერთი დღე შენ რომ მიხედო ძროხასო… ვკითხე, რატომ-მეთქი… უმალ მიპასუხა, ქალაქში ჩავირბენ და დაბინდებამდე ამოგაკითხავ, დედა ვერაფერს გაიგებს, შინ ერთად დავბრუნდებითო…

დედა გვზრდიდა, მამა დიდ ომში გვყავდა დაღუპული, საომრად რომ წაუყვანიათ, მე ორი წლისა ვყოფილვარ, გიგო – ოთხის, ჩემს ძმას ბუნდოვნად ახსოვდა მისი გარეგნობა, მე – არა. ორივეს მისი მშობლების სახელები გვერქვა, გიგოს – მამამისის, მე – დედამისის, ეფემია…

ცოტა ვებუზღუნე, მარტო ცოდო არა ვარ-მეთქი?..  მაგრამ ბოლოს მაინც დავყაბულდი. ისე გაუხარდა, საჩუქრის ამოტანას დამპირდა. რა უნდა ეჩუქებინა, გვირილებს თუ დამიკრეფდა უკანა გზაზე. სასწრაფოდ გამოათავისუფლა თოფრაკი წიგნებისგან და საგზლისგან, თავისთვის პურის ნატეხიც კი არ დაიტოვა და სანამ ამის გამო ვუსაყვედურებდი, თავქუდმოგლეჯილი დაეშვა დაღმართში.

მთელი დღე ყოჩაღად მეჭირა თავი – „ჭრელასაც“ არ ვუშვებდი თვალთახედვის არიდან და კითხვისთვისაც ვიცლიდი. ჩემს ზღაპრებს ნაკლებად, გიგოს დატოვებულ წიგნს ჩავკირკიტებდი. თხელყდიან, გაცრეცილ წიგნაკს, რომელიც მოხევე ბიჭზე იყო, ჩერქეზეთიდან ვერაგულად გამოტაცებული გოგო რომ შეჰყვარებოდა და მის გასათავისუფლებლად ბატონის წინააღმდეგ წასულიყო…

შებინდებას ბევრი აღარაფერი აკლდა, ჩხაკაჩხუკის ხმა რომ მომესმა ქვემოდან. ვინ უნდა ყოფილიყო გიგოს გარდა, მაგრამ მაინც გული გადამიქანდა, როგორც კი ნაცნობი სილუეტი დავლანდე, წამოვდექი და გავიქეცი შესაგებებლად. ის იყო, ჩემი ძმა, მოდიოდა და მოაჩხაკუნებდა რაღაცას. ის „რაღაცა“ თოფრაკში უნდა ყოფილიყო, ცარიელი რომ წაიღო დილით და ახლა შევსებული რომ ჩანდა.

სანამ მოკრულ პირს გადახსნიდა და შიგ ჩამახედებდა, რა არ ვიფიქრე, ისიც კი გავივლე თავში, ჩემ გასახარებლად, შეპირებულ საჩუქრად, შაქარყინულის ნატეხები ხომ არ გამოართვა ნისიად ნაცნობ აფთიაქარს-მეთქი. ქალაქის რამდენიმე მაცხოვრებლის მსგავსად აფთიაქარიც დედაჩვენის ამოყვანილი ყველის მუშტარი იყო და ნისიაზე გვენდობოდა.

რას უნდა გავეოცებინე ისე, როგორც იმ საგნების დანახვამ გამაოცა, თოფრაკის ძირზე რომ ლაპლაპებდნენ ოქროსფრად, ორი თუ სამი დუჟინი ლითონის მილაკი იყო – ყველა ერთნაირი, ყველა თავღია და ბოლოდახურული.  

ესენი რეებია-მეთქი, ვკითხე გიგოს და რომ მიპასუხა, ტყვიების მასრებიო, და მიხვდა, ვერაფერი რომ ვერ გამაგებინა ამ ორი სიტყვით, ამაჩქარა, წავიდეთ და გზადაგზა აგიხსნიო.

თოფი ასეთ მილაკებში,  მასრებში ჩადებულ ტყვიებს ისროდა თურმე, ტყვია ლულის გავლით გარეთ მიფრინავდა, ცარიელი მასრა კი თოფში რჩებოდა. ისიც გარეთ რომ აღმოჩენილიყო და მისი ადგილი სხვა ვაზნას დაეკავებინა, მსროლელს ხელახლა უნდა გადაეტენა იარაღი…

იქაურობა სულ ასეთი მასრებით იყო მოფენილიო, თქვა მოულოდნელად. რომელი „იქაურობა“-მეთქი?..  ბუჩქნარი, რუსის ჯარის ადგილსამყოფლის სიახლოვესო…

ბაზრის წინ მოყიალე, არეულ-დარეულად მოლაპარაკე ბიჭებისგან შეეტყო ის, რაც თანასოფლელი კაცებისგან ვერ მოესმინა, მართალია, ერთი ერთს ამბობდა თურმე, მეორე – მეორეს – ხან თხუთმეტნი იყვნენ დამცემები, ხან ოცნი, მათი შიშით ხან ორასი სიკვდილს გადარჩენილი რუსი სალდათი კანკალებდა ყაზარმის კედლებში, ხან ორასორმოცდაათი… მაგრამ ერთ რამეზე ყველა თანხმდებოდა, ყველა იმას ამბობდა, რომ თავდამსხმელებს „შეფიცულები“ ერქვათ, ხოლო მათ წინამძღოლს „ბელადი“…

იმ ადგილას, საიდანაც რუსის ჯარს ესროდნენ, ამ ბიჭებთან ლაპარაკის მერე მისულა, ბუჩქნარს მიახლოებულს სულ წელში მოხრილს უვლია, ერთი-ორჯერ მიწასაც გართხმია საგუშაგოზე მდგარმა სალდათმა თვალი არ მომკრასო. მასრები ასკილისა და მაყვლის ბუჩქებთან ყოფილა მიმოფანტული…   

სახლს რომ მივუახლოვდით, მკითხა, ხო არ გაგაწვალა „ჭრელამო“?… არა-მეთქი, ვუთხარი და იმის საჩვენებლად, თუ როგორი ნაბალახევი ბრუნდებოდა შინ, თითი მივაშვირე მის რუმბივით გამობერილ მუცელს.

შინ მისულები დედამ ვახშმად დაგვსხა და პურჩაფხვნილი მაწვნის შეჭამანდიანი ჯამები დაგვიდგა წინ. სული მოვითქვით, გიგომ უფრო და ისევ ავლაპარაკდით, ოღონდ, იმაზე არა, რაზეც გზაში, წიგნზე – ყაზბეგის „ელგუჯაზე“. გიგო მაქებდა, სადიდო მოთხრობების კითხვა დაიწყო უკვეო, მე კი, მისი შექებით ნასიამოვნები, ვამბობდი, კარგი წიგნია, მაგრამ ძალიან სატირალი-მეთქი. ჰოო, კვერს მიკრავდა გიგო, რუსები და მათ მხარეზე გადასული ქართველები, სულ ეგრე, სატირლად გვიხდიდნენ საქმესო… დედას სიამაყე ნაკლებად, შეშფოთება უფრო ეტყობოდა სახეზე ცამეტი წლის შვილის დიდურ, ჯავრიან ლაპარაკს რომ ისმენდა…

……………

ჩამოზამთრება მალე იცოდა ჩვენთან, ბუნება ფერს რომ შეიცვლიდა, „წყალში ყინული რომ ჩავარდებოდა“, ჯერ წვიმები გახშირდებოდა, წვიმებს ქარები მოჰყვებოდა, გამოიფშიკებოდა და გამოყვითლდებოდა ბალახი და ხანდახან ისეც მოხდებოდა, რომ სექტემბრის ბოლოს, წვრილი თოვლით დაფიფქული დაგვხვდებოდა საძოვრად შერჩეული ადგილი.

შეძლებისდაგვარად ჩათბუნებულებს გაგვყავდა დილაობით „ჭრელა“, მე დედაჩემის თავშალში გამოხვეულს, გიგოს – მამის ნაქონ, გვარიანად დაძენძილ ჯუბაში ლამის მთელი ტანით ჩავარდნილს. რაკი ასე აჯაჯულ-დაჯაჯულებს გვიწევდა ზევით-ქვევით სიარული, ხანდახან თავი შეგვეცოდებოდა ხოლმე და მოხდენილ ტანისამოსს მოვინატრებდით. გიგოს ჩოხა ჰქონდა ამოჭრილი გულში, მე ხევსური ქალების სამოსი – თვლებით გაწყობილ კაბა. სწორედ ასეთი მონატრების დროს თქვა გიგომ, ჩემს ჩოხას შეფიცულების მასრებით გავაწყობო, არც მე ჩამოვრჩი, მე კიდევ, ყელსაბამს გავიკეთებ მაგ მასრებისგან, ისეთს, ჩვენში დაღესტნურს რომ ეძახიან-მეთქი…

ბოლო დრომდე სოფლის კაცები, ისინიც კი, თვალებში შიში რომ ედგათ მუდამ, ხშირად და რიხიანად ახსენებდნენ შეფიცულებს, მათგან, ქალაქში ხშირად ჩამსვლელთა და იქ გაგონილ ჭორ-მართლის სოფელში ამომტანთაგან ვიგებდით  აჯანყებულთა ამბებს, სად და როდის ესხმოდნენ ისინი თავს რუს სალდათებს.  მერე ეს რიხი სადღაც გაქრა და მოგვიანებით, ზამთრისპირზე, ყველაზე გაბედულებიც კი ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით თუ გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს, ნეტავ სად არიან ეხლა, რომელ მხარეს აფარებენ თავსო…

იმ დღეს ნაადრევად ჩამობნელდა, უცბად ამოვარდნილმა ქარმა ფარასავით მორეკა შავი ღრუბლები და თვალის დახამხამებაში მთლიანად გადაფარა მთელი ცა, მოვიმარჯვეთ ჯოხები, გამოვდენეთ ძროხა და დავეშვით თავქვე. წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა – ხშირზე ხშირი წვიმა გრგვინვა-გრუხუნის თანხლებით, აიჭიჭყნა ბილიკი, გიგო მეძახდა, ნელა იარე, არ წაიქცეო. მშრალები ხომ კარგი სანახავები ვიყავით, ტალახიანები რაღას დავემსგავსებოდით. არც ნაბიჯის შენელებამ მიშველა და არც ჯოხის დაბჯენამ, წავბორძიკდი, ამისრიალდა ფეხი და დავეცი გულაღმა…

წამოდგომა ვცადე და ვერ წამოვდექი, ცრემლები მომაწვა, ცოტაც და, ავტირდებოდი… მკლავზე ხელის მოჭიდება ვიგრძენი მოულოდნელად, თავი მივაბრუნე, თვალების გასწვრივ ნაბდის კალთების მეტი ვერაფერი დავინახე. ავაყოლე მზერა ამ კალთებს და აღმოვაჩინე რომ კაცი მედგა თავზე, ისიც კაი მაგარი სველი. ამწია ამ კაცმა, დამაყენა ფეხზე და გამომიწოდა ჯოხი, სანამ გამომიწოდებდა, ხელი ჩამოუსვა და გაწმინდა ტალახისაგან. გიგოც მოვარდა აქოშინებული, ის წინ მიდიოდა, „ჭრელა“ მიჰყავდა თოკჩაბმული.

ადრე ამ გზაზე უცხოს არავის გადავყრივართ არც დარში, არც ავდარში, არც უიარაღოს და არც შეიარაღებულს, ამ კაცს კი ნაბდის ქვეშ, ორი იარაღი მოუჩანდა, ქამარში ჰქონდა გარჭობილი ორივე. არ შეგვშინებია, რაღაცნაირად გვიყურებდა, კეთილად, თითქოს ვიღაც მონატრებოდა და ჩვენი დანახვით იმ მონატრებას იკმაყოფილებდა. აქაურები ხართო? გვკითხა. თავები დავუქნიეთ. მგზავრებს თუ შეიფარებთ მცირე ხნითო… გიგოს შევხედე, მთელი დღე გარეთ ყურყუტით და ატალახებულ დაღმართებში სიარულით გაბეზრებული ბიჭისა აღარაფერი ეცხო,  უცხო კაცის გამოჩენას მოეყოჩაღებინა თითქოს. მისმა პასუხმაც დამარწმუნა ამაში, დარბაისელი მასპინძელივით წარმოთქმულმა – სტუმარი ღვთისააო…

ამის გაგონებაზე, ნაბდიანი კაცი ბილიკიდან გადავიდა, გორაკის მიღმა გაუჩინარდა და სულ მალე მასავით ნაბდებში გახვეულ სამ კაცთან ერთად დაბრუნდა. ცხენები მოჰყავდათ სადავეებით იმ სამს, თავიანთებიც და მისიც. ცხენების დანახვაზე „ჭრელა“ დაფრთხა, თავის ქნევა დაიწყო აქეთ-იქით და გაქცევა დააპირა, მაგრამ გიგომ ძალა აგრძნობინა, ღონივრად დაქაჩა თოკი და როგორც მანამდე მიაჩაქჩაქებდა, ისევე გააგრძელებინა სვლა, ოღონდ ამჯერად მხოლოდ ჩემ წინ კი არა, კიდევ ოთხი კაცისა და ოთხი ცხენის სათავეში…

შესაგებებლად ეზოს კართან გამოსულ დედასაც იგივე უთხრეს უცხო მგზავრებმა, რაც ჩვენ, მცირე ხნით, წვიმის გადაღებამდე შეგეფარებითო და დედამაც ისე უპასუხა, როგორც გიგომ – სტუმარი ღვთისააო…

ცხენები საჩეხში დავაბინავეთ და სტუმრებს შინ, ჩვენ ორთვალიან, სიპი ქვებით ნაშენ და ბრტყელი სიპებითვე გადახურულ სახლში შევუძეხით. სანამ ზღურბლს გადააბიჯებდნენ, კაცებმა ნაბდები მოიხსნეს და კართან მიაყუდეს, ქამარში გარჭობილი იარაღების გარდა, თოფებიც გამოუჩნდათ, ლულებით ქვევით დაკიდებულები.

გიგოს შემხედველს, ციბრუტივით რომ ტრიალებდა, დაუზარებლად რომ მოარბენინებდა შეშას ბუხრის დასანთებად, მე და დედას რომ გვეხმარებოდა  განჯინიდან ჯამ-ჭურჭლის გამოლაგებასა და სუფრის გაწყობაში, ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემი ძმა დარწმუნებული იყო, ის ხალხი გვსტუმრობდა, ვისი სახელებიც ეკერა პირზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ვინც რუსის ჯარს ესხმოდა თავს მთასა თუ ბარში, დიდსა თუ პატარა ქალაქებში…

გარეთ, სიბნელეში რას დავინახავდი და ოთახში, ჭრაქის შუქზე, კარგად შევავლე თვალი თითოეულ მათგანს, მაღლებს და მხარბეჭიანებს, მოუხერხებლად რომ ისხდნენ დაბალ, სამფეხა სკამებზე და დიდრონ, დაძარღვულ ხელებს ბუხარში ატკაცუნებულ ცეცხლს რომ უშვერდნენ.

სამ სტუმარს წვერ-ულვაში უფარავდა ტუჩ-ნიკაპს და ლოყებს, ერთს, ასაკით ოდნავ უფროსს, კოხტა ულვაში უმშვენებდა სახეს. დიდი, ბრიალა თვალები ჰქონდა ოთხივეს, გინდა მათთვის გეყურებინა და გინდა აგიზგიზებული ალისთვის მიგეპყრო თვალი, სითბო და სინათლე მოედინებოდა თითოეულის მზერიდან. ვცდილობდი გამეხსენებინა იმის გარეგნობა, ვინც ატალახებულ ბილიკზე  წაქცეული წამომაყენა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა… ანდა, როგორ გავიხსენებდი, როცა იმ წვიმასა და დელგმაში, ლანდებად ვხედავდი ყველაფერს.

ამ ფიქრებში წასულს, ძილმა წამართვა თავი. მეორე ოთახში გამომეღვიძა, ჩაძინებული გამომიყვანეს ალბათ და კარი ოდნავ შეღებული დატოვეს, სითბო რომ დატრიალებულიყო აქეთაც. თვალები რომ მოვიფშვნიტე და ცოტა მოვფხიზლდი, შეღებული კარისკენ დავიწყე ცქერა. დედა და გიგო დავინახე, ნაბადი ეჭირათ და გასაშრობად ბუხარს უშვერდნენ, ოხშივარი ასდიოდა სველ ბეწვს. კაცები არ ჩანდნენ, მხოლოდ ხმა ისმოდა მათი, ერთ-ერთი ამბობდა, მგონი გადაიღოსავით და დავიძრათ ნელ-ნელაო… მეორე ეთანხმებოდა, დავიძრათ, სანამ ირიჟრაჟაო…  

გიგოსი არ იყოს, მეც აღარ მეპარებოდა ეჭვი ჩვენი სტუმრების ვინაობაში – ღამე სიარული ერჩიათ, ვინ იცის, იქნებ მდევრებიც ედგნენ კვალში… სკამების სუსტი ხრიგინით მივხვდი, რომ დგებოდნენ და წასასვლელად ემზადებოდნენ, მეც წამოვდექი და კარის ღიობთან მივედი, თავი გავყავი. თოფები უკვე გადაეკიდათ, ნაბდებს ისხამდნენ. პირველმა, ულვაშიანმა კაცმა შემამჩნია, გამიღიმა და მითხრა, რად არ გძინავს, პატარა ქალოო?.. შემრცხვა, მაგრამ არ დავიმალე, კარს უკან არ გავუჩინარდი, თვალები დავხარე მხოლოდ…

თუმცა, ცოტა ხანში მორცხვობას ვძლიე და გარეთ გასულებს, გასაცილებლად გავყევი, დედას და გიგოს ამოვუდექი გვერდით. გამოიყვანეს სტუმრებმა საჩეხიდან ცხენები და შედგნენ ჩვენ წინ. აღარ წვიმდა, დედას ჭრაქი ეჭირა ხელში, მისი  სუსტი ალი ოდნავ, სულ ოდნავ ანათებდა უკუნი სიბნელის უმცირეს ნაწილს. კაცებს სახეები არ უჩანდათ, მაგრამ ამის მიზეზი კუნაპეტი ღამე არ იყო – თავები ჰქონდათ დახრილი, ქუდებზე და მხრებზე ეფინებოდათ სანათის შუქი, იფიქრებდი, ნაბდების კალთებს დასცქერიანო…

დიდხანს არ მდგარან ასე, ასწია ულვაშიანმა კაცმა თავი, შემოგვხედა და გვითხრა, აბა, ყოჩაღად იყავით, ღვთისნიერო ხალხოო… გვერდით რომ ედგა იმან, ვალში ვართ თქვენთან,  მადლობის მეტი რა გვეთქმისო… დანარჩენმა ორმა კიდევ, უსიტყვოდ, მკერდზე ხელის მიდებით გამოგვიხატეს მადლიერება…

არ ამხედრებულან, სადავეებით წაიყვანეს ცხენები და წავიდნენ, მალევე შეერივნენ სიბნელეს. გიგომ თქვა, სოფელს არ გადაჭრიან, ზევიდან გადავლენ, ძაღლების აღავღავებას აერიდებიანო…

შინ რომ შევედით, დედას ვკითხე, ღვთისნიერი რა არის-მეთქი, ღვთისნიერი კეთილს ნიშნავსო, მითხრა, ასე იმათ მოიხსენიებენ, ვინც კეთილ საქმეებს ჩადისო…

……….

თითქოს არაფერი შეცვლილა ჩვენს ცხოვრებაში…

ისევ ისე დავატარებდით „ჭრელას“ საძოვრიდან საძოვარზე, ისევ ისე ვკითხულობდით წიგნებს ლოდებზე ჩამომსხდრები, ისევ ისე ვუსმენდით სოფლის წყაროსთან შეკრებილ ბერიკაცებს წყლის ამოსატანად ჩასულები, ისევ ისე ვნატრულობდით ჯოხზე წამოცმულ შაქარყინულს, დამზადებულს ქალაქელი აფთიაქარის მიერ, ისევ ისე გვიწვიმდებოდა გზაში, შინისკენ მიმავლებს, ისევ ისე გველოდებოდა დედა ეზოს კართან, ისევ ისე ვიკლავდით შიმშილს მაწონში ჩამბალი პურის ნატეხებით, მაგრამ…

მოლოდინი დაგვჩემდა…

მჭახე ხმებისა, ქვევიდან რომ უნდა ამოეღწია ჩვენამდე… გინდა შინ და გინდა გარეთ მყოფები, იმ ადგილისკენ რომ უნდა გავექანებინეთ, საიდანაც უკეთ დავინახავდით, როგორ ასდიოდა ბოლი რუსის ჯარის ყაზარმებს…

ძლიერი მარჯვენის შეშველებისა, წაქცეულები რომ წამოვეყენებინეთ…

ჩვენკენ მომართული მზერებისა, რომ გავემხნევებინეთ და გავეთბეთ…

ნეტავ თუ იმახსოვრებენ და იაზრებენ ადამიანები იმ დღეს, რომლის დადგომისა და ჩავლის შემდეგ მათი ცხოვრება სხვანაირად გრძელდება, მომდევნო კვირები, თვეები და წლები სხვა ელფერს იძენს, სხვა სურვილებით და სხვა მიზნებით ივსება…

„იმ დღის“ შემდეგ, ნისლი რაა, მთის თავზე წამომდგარ ნისლსაც რომ სხვაგვარად აღვიქვამდი, მისი დანახვისას დიდი, თავსხმა წვიმაში დასველებული ნაბადი რომ მახსენდებოდა, ბუხარს მიშვერილს ოხშივარი რომ ასდიოდა, მსუბუქი, მოთეთრო კვამლი…

© არილი

Facebook Comments Box