ინტერვიუ

ზაალ სამადაშვილი – ჩემი ცხოვრების წიგნები

მწერალი ზაალ სამადაშვილი თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:

კითხვის პირველი მოგონება

კარგად მახსოვს სამოცი წლის წინანდელი საბავშვო წიგნები, მსხვილშრიფტიანები, უხვად ილუსტრირებულები, პატარებსაც რომ არ უჭირდათ ასოების გარჩევა და ბებია-ბაბუებიც იოლად, უსათვალოდ რომ მიუყვებოდნენ სტრიქონებს შვილიშვილებისთვის ხმამაღლა კითხვის დროს. განსხვავებული „ნაცარქექია“ მახსოვს – ნატვრისთვალს რომ ჰპარავდა დევებს და შინისაკენ მავალი ჯადოსნურ ნივთებს შოულობდა მისი მეშვეობით.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

რუდოლფ ერიხ რასპეს „მიუნჰაუზენის თავგადასავალი“, მოზრდილი სახატავი რვეულისხელა, ლამაზი წიგნი, არაჩვეულებრივად, მართლა ზღაპრულად დასურათებული დიმიტრი ხახუტაშვილის მიერ. დღემდე მგონია, რომ ამ წიგნის გმირ ჭარმაგ, კაფანდარა ბარონზე უკეთ ცოტა ვინმე თუ ჰყვება ერთიმეორეზე დაუჯერებელი, სრულიად წარმოუდგენელ ისტორიებს.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

რადიარდ კიპლინგის დიდი და ყოვლისმომცველი „მაუგლი“, რომელიც ცამეტი წლის ბიჭსაც აღაფრთოვანებს და ხუთჯერ ცამეტი წლის კაცსაც. ვფიქრობ, რომ მისი წაკითხვის შემდეგ დაიწყო ჩემი ქცევის კოდექსის ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

სანამ გურამ გეგეშიძის მოთხრობას წავიკითხავდი, მოძალადისთვის სამაგიეროს გადახდას, შურისძიებას აუცილებლად აღსასრულებელ ქმედებად, ღირსების საქმედ მივიჩნევდი. ზუსტად ისე ვფიქრობდი, როგორც ყველა ბიჭი, რომელსაც, ნებით თუ უნებლიეთ, ძალადობრივ სამყაროში მოხვედრა, ამ სამყაროსთან შეხება უწევდა. ჰოდა, რომ წავიკითხე მოთხრობა, რომელსაც „შურისძიება“ ერქვა, მასში მოყოლილმა ამბავმა, ანუ მისმა ავტორმა „მითხრა“, რომ – როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს შეურაცხყოფით მოყენებული ტკივილი, რაოდენ სამართლიანიც არ უნდა იყოს რისხვა, შეურაცხმყოფლის დამცირება და დათრგუნვა გამარჯვების განცდით კი არ აღგავსებს, პირიქით, გაცარიელებს და იოტისოდენა შვებასაც არ განიჭებს.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

გურამ რჩეულიშვილის მოთხრობების კრებულმა გიორგი შატბერაშვილის წინასიტყვაობით, უფრო სწორად, ერთმა მოთხრობამ ამ კრებულიდან, სახელად „ირინამ“, მისმა დასაწყისმა – ახალგაზრდა მწერალი, რომელიც ნოველას ამთავრებს ხევსურებზე, ამღელ სამუკა წიკლაურსა და მის ძმადნაფიცებზე, ორკვირიანი გამოკეტვის შემდეგ თავისი არეულ-დარეული, თამბაქოს ბოლით გაბუღული ოთახიდან რომ გამოდის არყის საყიდლად, წვიმაში მიაბიჯებს და ხარბად ისუნთქავს სუფთა ჰაერს… პირველად, სულ პირველად ამის წაკითხვამ მომანდომა და თანდათან გამიძლიერა სურვილი, ჩემს ცხოვრებასაც დამატებოდა მსგავსი ეპიზოდები – მეც მეწერა, მეც „მომეხსნა“ დაღლილობა არყით და მეც მევლო წვიმაში.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

ფრანსუა ვიიონის „დიდი და მცირე ანდერძი“, ამოჩემებული თავები ჰიუგოს „საბრალონიდან“ და მელვილის „მობი დიკიდან“, ორი-სამი მოთხრობა ჯოისის „დუბლინელებიდან“, ბორხესის „მცირე პროზა“ და მის მიერვე შედგენილი „ფანტასტიკური ლიტერატურის ანთოლოგია“.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

ფლენერი ო’კონორი და მისი კრებული „კარგი კაცი სანთლით საძებარია“. არ მიყვარს სისასტიკის შთამბეჭდავად აღმწერი თავზარდამცემი პროზა.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

მოგვიანებით აღმოჩენილს ვუწოდებ ყველა იმ წიგნს, რომელთა წაკითხვაც ჯერ უცხო, ოღონდ არა ორიგინალის ენაზე მომიხდა და მერე, კარგა ხნის დაგვიანებით – მშობლიურზე. ასეთ წიგნებს მივაკუთვნებ თომას ვულფის, ბორხესის, უმბერტო ეკოს, ლიოსას, ჰენრი მილერის, მილან კუნდერას, პიტერ აკროიდის, ჯულიან ბარნსის რომანებსა და მოთხრობების კრებულებს.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

პერსონაჟის რა მოგახსენოთ და ბოლო წლებია „პაბიტელს“ ვამსგავსებ თავს. ამბობენ, ეს სიტყვა ბოჰუმილ ჰრაბალის გამოგონილია და ენის დაუღლელად მორატრატე, ნამდვილი და გამოგონილი ამბების ერთმანეთში აღმრევ, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ფაქტის გამზვიადებელ ვინმეს აღწერსო.

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

ფიოდორ დოსტოევსკი თავის მიშკინებით და პრიგოჟინებით, მწერალი, რომელსაც „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთ შემოქმედად მივიჩნევ, სამყაროსი, რომლის წარმომადგენლები სიყვარულის სახელით ძალადობენ და უკვირთ, რატომ არ უნდა ხალხს (ასე ძალიან რომ უყვართ) მათთან ერთად და მათსავით ცხოვრება და რატომ ხდიან იძულებულებს, ტანკებით ასწავლონ – რას ნიშნავს სიყვარული.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

როგორც კი ვატყობ, რომ ტექსტის მიმართ ინტერესი მინელდება, ადრინდელისგან განსხვავებით, როცა კითხვის ბოლომდე მიყვანას სავალდებულოდ მივიჩნევდი, თავს ძალას აღარ ვატან და წიგნს ვხურავ.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

„წერა-კითხვის ლაბორატორია“, შესანიშნავი ქართველი ლიტერატორებისა და პედაგოგების მიერ შექმნილი წიგნი, რომლის მიზანია ტექსტის კითხვა და წერა გაუადვილოს მოზარდებს და არამხოლოდ მათ.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

საქართველოდან იძულებით გადახვეწილი კაცის, 1921 წელს რუსის ჯარის წინააღმდეგ მებრძოლი, მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის არმიის ოფიცრის, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის, ივანე ნანუაშვილის ფუნდამენტურ ნაშრომს – „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

კითხვა ისეა დასმული, რომ შემიძლია, პასუხი გავცე, როგორც მკითხველმა და რაკი ეს ასეცაა – მე მკითხველი ვარ და არა მთარგმნელი, ვიტყვი – ვისურვებდი ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“ ითარგმნოს ხელახლა. რაც გვაქვს, იმის წაკითხვა ჩემს შესაძლებლობებს აღემატება და თაროდან იმიტომ გადმოვიღებ ხოლმე, რომ გუსტავ დორეს ილუსტრაციები დავათვალიერო.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

რომანს, რომელიც ლამის ჩემ თვალწინ იწერებოდა და მისი ცხრაგვერდიანი ეპიზოდები ორ კვირაში ერთხელ იბეჭდებოდა იმ გაზეთში, სადაც პროზაული ტექსტების შერჩევა მე მევალებოდა. თავად ავტორს ნათქვამი აქვს – ცუღლუტური, პიკარესკული თხრობის ფორმა შევარჩიე მოსაყოლი ამბისთვისო, თუმცა, მგონია, რომ მისი წარმოსახვა ამ ფორმის ჩარჩოებს გასცდა და დედამიწიდან ცაში აიჭრა ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ლონდონის სახურავებს გადაუფრინა თავზე. გიო ახვლედიანის რომანზე მოგახსენებთ, რომელსაც მან, აკა მორჩილაძედ ცნობილმა, „გენერალი როდიონოვი და პორტობელოელი შავი სემი“ დაარქვა, გამომცემელმა კი – ამხელა სათაური ყდაზე არ დაეტეოდაო – „შენი თავგადასავალი“.

© არილი

Facebook Comments Box