თარგმანი,  ინტერვიუ

ჯონ ბენვილი – “ეს წიგნი არც ისე ცუდია. რატომ ვიმალებოდი ფსევდონიმს მიღმა?“

ჯონ ბენვილი 26 წიგნის ავტორია, მათ შორის შვიდი კრიმინალური რომანისა, რომლებიც ბენჟამინ ბლექის ფსევდონიმით გამოაქვეყნა. მისი ახალი რომანის მოქმედება პარალელურ რეალობაში მიმდინარეობს, რომელსაც ბერძენი ღმერთი მეთვალყურეობს. ესაა „სინგულარობები“, 2009 წელს გამოცემული “უსასრულობების“ გაგრძელება და მასში ის პერსონაჟებიც გვხვდებიან, რომლებიც მის წინა ტექსტებში გავიცანით. როცა ბენვილმა, ვექსფორდში დაბადებულმა და აღზრდილმა (მწერალი მას მოსაწყენ და პროვინციულ ქალაქად მიიჩნევდა), 2005 წელს ბუკერის პრემია მიიღო წიგნისთვის „ზღვა“, ასეთი რამ თქვა: „სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ხელოვნების ნაწარმოებმა გაიმარჯვა“. მოგვიანებით ინტერვიუში თავისი სიტყვები ასე განმარტა: „უბრალოდ, ვერთობოდი და სხვების გაღიზიანებას ვცდილობდი, რაც გამომივიდა“.

ჯონ ბენვილი ცნობილი პერფექციონისტია – იმ ტიპის მწერალი, რომელმაც ერთ წინადადებაზე შეიძლება მთელი დღე იფიქროს. მისი ტექსტების უმრავლესობა პირველ პირშია დაწერილი, მკითხველების ნაწილი კი საყვედურობს, რომ სტილი მეტად ადარდებს, ვიდრე ამბის თხრობა. თანაც გამუდმებით ამტკიცებს, მკითხველზე დიდი ლექსიკური მარაგი რომ აქვს. ბენვილს რომანების დასასრულებლად, ჩვეულებრივ, ოთხი ან ხუთ მძიმე წელი სჭირდება ხოლმე, დასრულების შემდეგ კი კვლავ უკმაყოფილოა. 2009 წელს „The Paris Review“-სთან ინტერვიუში თქვა, რომ საკუთარი წიგნები სძულს და დასძინა: „სხვების წიგნებზე უკეთესია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის საკმარისად კარგი არ არის“.

2005 წელს, როცა იტალიაში მეგობართან იყო სტუმრად, ერთ დილით დაჯდა და რატომღაც მისტიკური რომანის წერა დაიწყო, რომლის მოქმედებაც 50-იანი წლების დუბლინში ხდებოდა. საუზმემდე უკვე 1500 სიტყვა ჰქონდა დაწერილი – იმდენი, რამდენსაც მანამ კვირის განმავლობაში წერდა. ბენვილმა წერა განაგრძო და ოთხ-ხუთ თვეში რომანი დაასრულა. იგი 2007 წელს გამოქვეყნდა ბენჟამინ ბლექის ფსევდონიმით. სინამდვილეში, კრიტიკოსებმა და წიგნის გამავრცელებლებმა თავიდანვე იცოდნენ, ვინ იდგა ფსევდონიმის მიღმა, მაგრამ საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ ჯონ ბენვილს მეორე, „ბნელი“ მხარეც აღმოაჩნდა.

„The Guardian“-თან ნოემბრის ინტერვიუში ჯონ ბენვილმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, რომ ბოლო რომანმა „სინგულარობები“ წინა რომანების გადახედვა აიძულა:

რომანის გაგრძელებასთან ერთად, უფრო და უფრო ვაცნობიერებდი, რომ ეს შეჯამება იყო. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ამ ტიპის უკანასკნელი წიგნი, რომელსაც დავწერ. პრაქტიკულად, ჩემი ყოველი რომანი ამისკენ იყო მიმართული. ის მთავრდება სიტყვებით: „სრული გაჩერება“ და ვეღარ ვხედავ ჩემს თავს, როგორ იწყებს სხვა ასეთ პროექტს. ვგულისხმობ იმას, რომ ხუთი ან ექვსი წელი სჭირდება და ახლა უკვე ბებერი ვარ. გავაგრძელებ კრიმინალური თავგადასავლების წერას – მათ ოთხ ან ხუთი თვეში ვწერ – მაგრამ, ვფიქრობ, აღარ დავწერ ასეთ რთულად გასაგებ წიგნს, ალუზიებითა და განუსაზღვრელობებით“.

მწერალმა ბენჟამინ ბლექის „მოკვლის“ მიზეზიც ახსნა:

„მახსოვს, როცა ერთ-ერთი კრიმინალური წიგნის გაგრძელებაზე ვმუშაობდი, პირველთან დაბრუნება მომიწია და ვერ გავუმკლავდი, სანამ არ მომაფიქრდა, რომ აუდიოწიგნად მომესმინა. ინსომნიაკი ვარ, ამიტომაც გვიან ღამით ვუსმენდი, სიბნელეში. ხმა მელაპარაკებოდა, რამაც საშუალება მომცა, ობიექტური პოზიცია მქონოდა და სწორედ ეს იყო ბენჟამინ ბლექის მოკვლის მიზეზი. მე ვფიქრობდი: ეს წიგნი არც ისე ცუდია. რატომ ვიმალებოდი ფსევდონიმს მიღმა?“

ინტერვიუ შეეხო ზემოხსენებულ საყვედურსაც, რომელსაც ტექსტებში მკითხველისთვის გაუგებარი სიტყვების გამოყენების გამო იღებს ხოლმე:

„ინგლისური ენა მშვენიერია. უზომოდ მდიდარი და დაბინძურებული სხვა კულტურების გავლენებით და ამას ვადიდებ. ხალხი მეუბნება, რომ ლექსიკონების ნახვა უწევთ. ეს დიდი პრობლემაა? ლექსიკონი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც სახლში გაქვს. მადლობა უნდა მითხრან. მე მათ ვპასუხობ: „დარწმუნებული ვარ, როცა რომელიმე სიტყვას ეძებთ, შემთხვევით ოთხ ან ხუთ სხვასაც პოულობთ. ასე რომ, თქვენ რაღაც შეიძინეთ. მე კი დაგეხმარეთ“.

გთავაზობთ ინტერვიუს იმ ფრაგმენტსაც, სადაც ირლანდიელი რომანისტების ახალ თაობაზე, ლიტერატურულ კულტურასა და წერის ინსპირაციაზე საუბრობს:

რამდენად შეიცვალა ლიტერატურული კულტურა 1970-იანი წლების შემდეგ?
ჯონ ბენვილი:  ასაკოვანი ადამიანები ყოველთვის ამას ამბობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ნელ-ნელა უკან ვიხევთ ინფანტილიზმისაკენ. როცა შუა ხნის ვიყავი, ადამიანთა შედარებით დიდი ჯგუფები მოუთმენლად ელოდნენ აირის მერდოკის ახალ რომანს ან რობერტ ლოუელის პოეტურ კრებულს.  ახლა კი აღარ გვინდა რთული წიგნები. მეგობარმა მითხრა: მატარებელში ზრდასრულები ურცხვად კითხულობენ „ჰარი პოტერის“ წიგნებს. მათ ზრდასრულების წიგნები უნდა იკითხონ და არა საბავშვო ლიტერატურაო. როცა პატარა ბიჭმა კითხვა დავიწყე, ცხადია, გაქცევა მინდოდა პატარა ქალაქიდან, რომელშიც ვცხოვრობდი. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ სამყაროდან გაქცევა, რის საშუალებასაც ხელოვნება გაძლევს, შესვლაა უსასრულოდ უფრო დიდ რამეში – ცხოვრებაში.

როგორია თქვენი ხედვა ირლანდიელი რომანისტების ახალ თაობაზე?

ჯონ ბენვილი: როცა ახალგაზრდა ვიყავი, მახსოვს, ჯორჯ შტაინერთან ვკამათობდი მისი ესეს შესახებ, რომელშიც ამბობს, რომ ასაკოვანი კაცები აღარ კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას. მოკლედ, მე ასაკოვანი კაცი ვარ და ფიქციას დიდად აღარ ვკითხულობ. რასაც უნდა გაძლევდეს ფიქცია, უკვე არა მგონია, მჭირდებოდეს. მხატვრული ლიტერატურის მწერლები ირლანდიაში ახლა თავიანთ აწმყოზე ან თავიანთი მეგობრების ცხოვრებაზე წერენ. ამას ჩემი თაობა ყურადღებას არ აქცევდა. ჩვენ იმით ვიყავით დაინტერესებულნი, როგორები იყვნენ ადამიანები და არა იმით, თუ რას აკეთებდნენ. ჩემს იმ წიგნებში, რომლებიც კრიმინალური არაა, მე არ მაღელვებს, ვინ რას აკეთებს. მე ვიკვლევ ენის პოეტურ შესაძლებლობებს და ვცდილობ, ყოფიერების საკითხზე მივუთითო.

იცით, ერთმა მკითხა ახლახან: „ჯონ, ვიმედოვნებ დაწერთ „კოვიდ რომანს“. მე ვთქვი: „რა თქმა უნდა, არა და, იმედი მაქვს, არც სხვები დაწერენ“. ფიქციის ხელოვნება  მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისთვის არ არის. შესაძლოა, ასეც მოიქცეს, მაგრამ ეს მისი ობიექტი არაა, ის სამყაროს წარმოსადგენადაა. მეგობარმა მითხრა ერთ დღეს: „სინგულარობებში“ არის კაცი, რომელიც ციხიდან გამოდის, მაგრამ წინა წიგნში ის ხომ უკვე გამოვიდა ციხიდან?“ მე ვუპასუხე: „ეს ფიქციაა! შემიძლია ის გავაკეთო, რაც მომწონს!“.

რომელი წიგნი იყო წერის ინსპირაცია თქვენთვის?

ჯონ ბენვილი: დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა ჩემმა დამ ჯეიმს ჯოისის „დუბლინელები“ მომცა. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ფიქცია შეიძლება იყოს ცხოვრების არსზე: ეს არ იყო დეტექტიური ამბავი, ეს არ იყო ინგლისელ მოსწავლე ბიჭებზე, რომლებიც მაიმუნებივით იქცეოდნენ; მოზარდობისას ყველა ამ ამბის საშინელი იმიტაციები დავწერე. ვფიქრობ, ჯოისის საუკეთესო წიგნია: ექსტრაორდინარულია, ახალგაზრდა კაცი წერდეს ასეთი ბალანსით, სიცხადით, ელეგანტურობით, სიბრძნით. არაჩვეულებრივი ამბავია, როგორ ესტუმრა ძველი დუბლინელი მეგობარი პარიზში ჯოისს თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში და უთხრა: „იცი, ჯიმი, „ულისე“ და „ფინეგანის ქელეხი“ ვცადე, მაგრამ შენი საუკეთესო წიგნი „დუბლინელებია“ და ჯოისმა უპასუხა – „გეთანხმები“. ნამდვილად მოხდა თუ არა, ეს ამბავი მომწონს“.

© არილი

Facebook Comments Box