იცდის ღმერთი
ფართო ქუჩა, ვდგავარ.
ნელა ჩამიარა წითელი ფერის მანქანამ
და განაგრძო გზა.
ამ გაუგებრობაში მოხვედრილი
ძველი საბჭოთა დროინდელი ე. წ. ,,ჟიგული” იყო.
ქალაქში ადამიანები მოძრაობენ.
ვიღაცას ჯაჭვით დაბმული ბულტერიერი
მოჰყავს,
და არც კი ესმის, რა უნდა მათხოვარს, რომელსაც
გულგრილად ჩაუვლის.
მას კი ჯვარცმული ღმერთივით
ხელები გაუშლია და მთელი ქალაქის ჩახუტებას
აპირებს.
მე მაკვირვებს, რომ ჩემი ცხოვრების გადაღმა
შიშველი წარმოსახვები დგანან, დგანან და იცდიან.
მე მათთვის მოვიგლიჯე ცხადი და უსასრულო ხახაში
ჩავტენე ძალით, როგორც მსუყე ხორცის ნაჭერი.
ჯერ ჩემს ცნობიერში შემიძლია ცხოვრების გაგრძელება,
შემდეგ გავაგრძელებ უწყვეტ სინათლეს.
ასე ვფიქრობ, მიწიდან ამოსულ სუნთქვას პირს ვახვედრებ.
და სევდიანი ვბრუნდები სახლში.
საწოლზე
მიბმულ სიზმარს ვათავისუფლებ.
ნელა ვაღებ ფანჯარას და ცარიელ ოთახში
შემოჭრილ ჰაერს
სენტიმენტალური ღიმილით ვეგებები.
მეორედ მოსვლა აქტუალურია თუ გამაღიზიანებელი?
უფრო საშიშს ვიტყოდი, ჩვენი დაულაგებლობის
გამო.
წვერი უნდა გავიპარსო
და დაველოდო სტუმარს.
ყველა სტუმარი ღმერთია, რადგან
შენ აღარ იცი, როგორ შეგხვდება, როგორ შეხვდები.
თუ არ მოვიდა, შეიძლება, რომელიმე
ქვეყნის ფეხბურთის ჩემპიონატსაც ვუყურო.
მანამდე ვიცდი
ამ ცარიელ ოთახში.
ლოდინის ცა მახურავს თავზე.
არ ვიხსენებ ჟიგულს, არც ბულტერიერს,
მაგრამ ფიქრში ვერ ვიშორებ მათხოვრის ხელებს,
რომლებიც სულაც არ იყო კონკრეტული
ან აბსტრაქტული.
ის უფრო წარუშლელია.
წამიერია და ისარივით ყოვლად გამჭოლი.
მითუმეტეს, რომ ის არ იყო ღმერთი.
მაგრამ ის იდგა უფუნქციო, ჩვენგან გაუქმებული ღმერთივით.
თანდათან ჩემი ოთახი პოეზიის მაგიური რეალიზმით
ივსება.
ჩემი ფიქრები პოლოკის ხაზებივით არეულია,
რომლის შიგნიდან გაცილებით მეტია ყველაფერი
და ამოღწევაც შეუძლიათ აღთქმის გარეშე.
იქ, ქუჩაში კი დგას კაცი ბულტერიერით,
დგას მათხოვარი და მე სტუმარს ველოდები
ცაში კი იცდის ღმერთი.
და ყველანი ისე ვართ, როგორც ეს მოგვიხერხდება…
***
შენს თავში ყვირილი ატეხე,
როგორც უხსოვარმა გემით მოგზაურმა,
დიდი ხნის შემდეგ,
როცა პირველად იხილა
მიწა…
მეტი თქვი შენთვის,
და უფრო მეტი ამ დღისთვის…
ჩაიხედე საგნებში, როგორც
კამკამა წყალში,
ჩამავალ მზეში ამოიყვირე
აქაურთა გულისნადები.
ჩააღწევინე ექოს მცირედი ჟამით
ამ უცნაურ გრაფიკაშიც
და გადადი დროის მეორე მხარეს.
თითქოს ბუნდოვანებაში გადასროლილი ჩრდილი ხარ
უჩვეულოდ ცოცხალი.
იმ დროის პოეტი,
დრო რომ არ არის….
ბავშვი არ იბადები,
ბავშვი შემდეგ ხდები…
მაგრამ შენ უფრო გაფიქრებს
შუქთან ერთად გამორთული
ადამიანებიც.
ამ აწეულ ხელებს შორის, რომელი ცაა შემდეგი?!
არაფერშია იმის გაგება,
ამ არ არსებულ პეიზაჟებში,
ვინ იწყებს ყოფნას,
ან იქ საიდან ჩნდება
პულსაცია?!
* * *
უდაბნოდან გამოვდივარ,
როგორც პირობითი
მოსე
და ვოცნებობ ათასების
თავისუფლებაზე…
,,ჰოდ ყოფნა” ჩემი ახლო კი
არა,
უშორესია.
ეჰეეჰეეეე საკუთარ თავს რომ გავძახო,
ისიც მომთხოვს დადასტურებას.
ამ დროს გარედან ყვირის
პეიზაჟი
და
ქართან ერთად ფოთოლი რჩება.
მარტოობა ისე იშლება,
თითქოს კანკალი და ცრემლია მხოლოდ
მთელი სამყაროს ანაბეჭდი.
ამ ანაბეჭდში იხსნება
თვალი,
ახალი სიტყვა,
და ასე მზის ქვეშ
ვცხოვრობ
აქაურ ცხოვრებაში…
ვარსებობ – ვიტანჯები
მიყვარს – ვიტანჯები
ვმარტოობ ადამიანებში.
და ვიტანჯები…
ჩემი სიტყვა სუნთქვაა
და მას აშრიალებს ხე,
როგორც ფოთოლს.
სიყვარული სინათლის
მეხსიერებით
ამ თვალებს მიღმა
და მხოლოდ გულში.
ჩამავალ მზის შუქზე
აგროვებენ დამსხვრეულ ხმებს
ტალღები.
ახლა ყველაფერი ისაა,
რაც უკვე ითქვა და მომავალშიც
ითქმება
ჩვენ შორის
უმტკივნეულესი სიტყვებით.
ჩემი უსასრულო ფრენები,
არ არის გარდასული ცხოვრება.
ჩემი გავრცელება შეუზღუდავია,
ამიტომ არ რჩება ჩემში,
არც სიზმრებშია.
ის სივრცეში ანათებს,
როგორც წყურვილი დაბალი
ხმით.
***
„ომს დღეს არავის უცხადებენ “
ბახმანი
ომს დღეს არავის უცხადებენ.
ომს მუდმივად ინახავენ.
მერე იწყებენ წამიერად.
ცხელ ლავასავით გვაღვრიან
სულში.
გმირი წარსულის გადასახედიდან:
ოთხი ფიცარი,
ცალი მკლავი
ცალი თვალი ან სიბრმავე ხედვის,
სიბრმავე გონის.
ომისგან ჯილდო –
დაშლილი ფსიქიკა.
გამძლე ვირუსივით
უკვდავი შიში.
თუ მოგვანატრეს ჩვენგან წასულ
მიცვალებულთა ეს ,,ჩუმი გასვლა”?!
სამყარო გმინავს,
მაგრამ ბოლოს ჩვენ ვახმოვანებთ.
ფრთხილად მოდის ყოველი მტერი
უჩინმაჩინის ქუდი ახურავს.
ცა იმახსოვრებს იარაღთა შემზარავ ექოს,
თვალები გრძნობენ გამცემთა
სუნთქვას,
მათი ბაგიდან ჩრდილივით ფრთხილი
ბრძანება ისმის.
მაშინ უზრუნველ არსებობას
ვინღა შეიგრძნობს?!
* * *
სად უნდა გათხარონ ჭა,
რომელ მიწაზე უნდა ჩანდეს
ის ღია თვალივით.
მე მაქვს კარგი იდეა, რომელსაც ვაკონტროლებ.
ის არ უნდა წამომცდეს.
ჯერჯერობით უნდა დავრჩე ხმელეთზე.
მერე წყალი დაფარავს მიწას,
სადაც ოდესღაც გათხარეს ჭა,
ის ჩანს მიცვალებულის ღია
თვალივით.
ჩემს ფესვებს ნუ წამოედებით.
მე ყველგან თუ ვიტოტები,
თქვენ გმართებთ ჩემი მოფრთხილება.
გაუქმებული დღე ვინც დამახვედრა.
მე იმისი ბავშვობა შევისწავლე.
და მივხვდი რომ.
ის გადამწვარ ნათურასავით შორს მოისროლეს.
და დღეს, სხვებს ცდილობს გადაუხადოს სამაგიერო,
იმაზე, რომ ის არასასურველი ჩვილივით მიატოვეს ვნებებისა და გრძნობების
ნაგავსაყრელზე.
ჩვეულებრივად მე არაფერს ვითხოვ თქვენგან.
გადარეულ მხეცს კბილებს არ გავუსინჯავ.
შორიდანვე ვიცი სისხლის წვეთების დანახვისას,
თუ როგორ გაგიჟდება, როცა იყნოსავს ასევე ადამიანის
უმწიკვლო ყოფნის აღუწერელ ნელ-სურნელებას.
მე ხშირად ნათება არ მაქვს,
არ ვჩანვარ და ვერც ჩამაქრობთ.
დიდი ლორწო, რომელსაც იგროვებთ,
თავად გაქცევთ უემოციო არსებებად.
მე ვუმკლავდები ჩემს მძინარე ერთფეროვნებას,
ვეცხადები ადგილებს, სადაც დამივიწყეს.
ჩემი არსებობა მიღწეულია.
მე არ ვანათებ,
მაგრამ თვალს ვჭრი ადამიანებს.
მე ბუნებრივად მინდოდა სიცოცხლე,
მაგრამ ჩემი ქვეყნიდან გავიდნენ ბუნებრივი ადამიანები.
გეყვარებათ ვინმეს დრო, რომელშიც ვერ ჩახტებით
როგორც მდინარეში, ვერ გაიქნევთ მასში ხელებს.
ვერ გაცურავთ და ვერც დაემშვიდობებით.
***
გუშინ რაც მოხდა,
დღეს არ ჩანს.
სანახავია ეს სამყარო
ადრე თუ გვიან.
ვიწრო სივრცეში,
უსასრულობაში.
ცხადი ისე ისმის, თითქოს
დაშვებული ქუთუთოების
მიღმაც
ქარიშხალია.
ფანტაზია, რომელიც ცხოვრების
ნაწილია,
ჯერ არ მომხდარა,
მაგრამ ის იკრებს ძალას
და სიცოცხლეს აგრძელებს.
საგნების ირგვლივ
რომ არ ყოფილიყო,
მისი მოძრაობა არ იქნებოდა
ასეთი მკვეთრი.
მოძრაობას ღვიძავს
და ბუნებრივია,
მინიშნებებზე იწყებს ყველანაირ
რეაქციას.
ვინც მოძრაობს, ბედნიერია,
ჰაერში თუ არა,
ტროტუარებზე მაინც.
ერთი ხელის აქნევით შეუძლია
სახე შეიღებოს
და ქუჩის ბოლოშიც გავიდეს.
ეს ერთი ბიძგია,
შეუყოვნებელი და ყველაფრის
საპირისპირო.
თითქოს არაფერი,
ადამიანები თვალს აშორებენ,
ქარი ხედავს.
ის უმართავია შეგრძნებებითაც.
ზემოთ ხშირად ცა არ არის,
გამძლე სიზმრებია,
და თვალახელილი ბიოგრაფიები.
მდინარეებმა
მდინარეებმა წაიღონ შენი ტანი,
მდინარეებმა უწყვეტი ღიმილით გაგაცილონ,
მდინარეებმა კიდურები დაიგრძელონ,
მდინარეებმა მოგხვიონ ხელი,
ანდა ფეხებით გადაგიარონ.
შენ სიყვარული მდინარეში
უნდა ეძებო,
შენ შენი თავი მდინარიდან უნდა წარმოშვა,
შენ მდინარეში უნდა დარჩე
მთვარესავით, ჩრდილივით უხმო..
არ უნდა უხმო, ვინც წავიდა აღარ ბრუნდება,
უნდა შეიგრძნო ღამეული ჩურჩულის
სხივით, უნდა
გიყვარდეს არა ქალი, არა მხოლოდ.
უნდა ბრუნავდე, ისე, როგორც ეს დედამიწა,
უნდა იწვოდე, დიდი ლურჯი კოცონი
გენთოს.
და ქალის შემდეგ ყველა ნივთი
ისეც მიგიღებს, და არა მხოლოდ ქალი…
და შენს ციმციმზე მგზავრი მოვა ყველა
ქვეყნიდან,
და შენ ცასთან დარღვეულ პირობას გაიხსენებ.
შენ დარღვეული სინტაქსიდან გამოიხედავ და სიტყვა უცებ თვალად გექცევა,
რომელიც გხედავს და თვალობასაც შენ გაზეიმებს.
და ყველაფერს გაიხსენებ, რადგან შენ უკვე მდინარესთან მთლიანი ხარ.
ქვასთან მთლიანი ხარ,
შენ მოდიხარ, მოდიხარ და მოდიხარ,
ადამის მერე რაც იყავი, იმას მოათრევ,
მიეზიდები.
აქ ნაგავია, ამ ნაგავშიც წოლა მოგიწევს,
ამ მცენარეში, ამ სიტყვაში, ამ ყველაფერში.
ოღონდაც წამით დაივიწყე, რომ ,,მიწა ხარ,” ან ისიც დაივიწყე, ,,მიწა იქნები.”
ოღონდაც წამით გარდახვეწე შენი ექო,
რომელიც მოგდევს,
და მდინარეში გაუჩინარდი.
ეს ცხოვრებაა, ეს მდინარეა, აქ შენ ხარ
და კიდევ ის, რაზეც არ ღირს აღარც ფიქრი, აღარც სევდა, აღარც სიცოცხლე,
ის, რაც მოძრაობს და უძრავია და შემართული.
გადასძახე ამ სამყაროდან იმ სამყაროს.
შენი ხმა ყველგან შემოაღწევს
მიმართულების განუსაზღვრელად.
ხმებმა ფრთები გაიმაგრონ,
მერე დატოვონ სამყაროს დედა.
არ დაბრუნდნენ, არ დაბრუნდნენ, არ დაბრუნდნენ…
ვინც ახლა გისმენს, თვალს მოგარიდებს,
რადგან შენს ხმაში მდინარეა,
არა წარსული, ან ,,ძველი აწმყო.”
დასრულებული ცხოვრების შემდეგ, მკრთალად მოჩანს ისევ ცხოვრება.
და ისიც მოჩანს, თუ რამდენი გვაქვს ნაცხოვრები.
რა მეორდება, ან სად ჩავდგებით, ანდა რაში გავნაწილდებით, არავინ იცის.
ის მხოლოდ სადღაც მოჩანს ახდენილი ან აუხდენელი…
მიწა არ არის, ცა არ არის, არაფერია.
ო, ამის მიღმა რა გინდოდა,
ვერავინ გეტყვის.
ეს მდინარეა, ეს ცხოვრება, ეს მდინარეა…
ო, ამის მიღმა რაც გინდოდა, ვერავინ გეტყვის….
* * *
ნუ გაუძალიანდები
არსებობას.
სიცოცხლე ძველი დანაკარგია,
რომელიც დაგიბრუნეს.
გამოართვი.
სული შთაგბერეს, თუ პირში
ლოკოკინა გამოგატარეს,
სულ ერთია,
სადღაც სივრცეს დააკლდი,
სადღაც მიემატე.
პანტერასავით ტკივილებით დაწინწკლულია
შენი ყოველი ნაბიჯი
და გარდასახვა ყოველივეში,
მუდმივად ნაუცბადევია.
განშორებას ლეყეპოსფერი აკრავს
და მისი გემო, მწუთხეა, უგემური.
აქ ვერ გაჩერდები, აქედან დაძვრა
გაუჩინარებას უტოლდება.
ნუ გაუძალიანდები.
ხე მიწას კბილებით ეჭიდება
და ფილტვებიდან ერთი ბეწო ნაგლეჯი
ჰაერი ამოაქვს.
თვითონ ცოცხლობს, შენც გაცოცხლებს.
ღრუბელი არ არის ციანიდი, რომელიც
გრანულირებული მოქმედებს,
ღრუბელი თეთრია და გამჭვირვალე.
გამჭვირვალეა მისი დაბადება, მისი სიკვდილი, გაუჩინარება.
სახეა მისი ნათელი, და ტანი მისი ზევით ადის.
ჩვენ სხვა ქვეყანაში შეგვიპატიჟეს და დაგვახვედრეს
სულ სხვა, რომელიც ქმნადობის რკალში
ვერ მოაქცია დამბადებელმა, რადგან ადამიანი
გველივით იკლაკნებოდა, მისი წარსული მისსავე
თავში გაქრა, მისი მომავალი კი ვერა და ვერ
დაიბადა.
ის მტკივნეული კბილივით მგრძნობიარე გახდა
და საფლავამდე დაუჯერებელი იყო მისთვის
ყველაფერი ის, რაც ხდებოდა, თუ არ ხდებოდა.
ჩვენ გავედინებით, ჩვენ გავედინებით,
და ეს უმისამართოდ, ყოველგვარი წესრიგის გარეშე
ხდება.
ნუ გაუძალიანდები. აი, ის, რაც ქმნის წინაპირობას,
რაც გაძლევს უნარს არ დაიღუპო.
დაღუპვა ყველა ენაზე ერთია სიყვარულივით.
გულწრფელად თუ იღუპები, ისიც უთარგმნელი ხდება..
პატრუქი როცა ჩაქრება, ხორცი უნდა აანთო,
სული ადრეც ენთოთ იმათ, ვინც ჩვენამდე იყვნენ.
ჩვენამდე იყვნენ – უფიქრდები ამ მდგომარეობას?
ჩვენ ვართ, ჩვენამდე მისასვლელი გზა და მანძილიც.
ანუ ჩვენამდე არავინ იყო. ჩვენ ვართ – ჩვენამდე.
ვერც ვერაფერს დავკარგავთ და ვერც რამეს შევიძენთ.
ნუ გავუძალიანდებით.
წრეში დავტრიალდეთ.
ამოვბრუნდეთ.
ქვევიდან კი არ ავხედოთ
ვარსკვლავებიან ზეცას,
ზევიდან დავხედოთ და მის სიღრემშიც ზევიდან
ჩავხტეთ.
ქვევითაც მკაცრ უსასრულობას დაგვახვედრებენ,
რაღაცის ან ვიღაცის…
განუმარტავია ადამიანური ორნატი,
მუქი წვიმა, ჰაეროვანი ბუკის ხმა ქარში,
სუდარად ქცეული კანი,
ან სუდარას შიგნიდან შეხორცებული ძრწოლის ხორცი.
ბაგე, რომელიც ჩალის ღეროა და ხმიანებს.
მეტყველი ნიავი, როგორც უკანასკნელი ბგერა,
რომელსაც გულში უბრწყინავს
გამომწყვდეული ვარსკვლავი.
ბალახის მძიმე ყბები ფქვავენ ძვლებს
და როგორც პუდრას ისე გიყრიან სამშვინველში.
ჩემი გული მწვანე ბუჩქივითაა.
მასში იმალება რამდენიმე ცხოველი, როგორც ფუღუროში,
და გველი ათამაშებს თავის ხვითოს.
ყოველთვის სამყაროს თვალი დაცურავს მის ზედაპირზე,
როგორც დინებას მინებებული ჩვილი,
როგორც მოსე და ათასი მოსე მოსემდე…
მიჭირავს ჩემი ყველა ბიძგი
და დამტვრეული მუხლებით ვიჭერ
უფსკრულის უმძიმეს წონას.
სანუკვარი ღამე არსად არის,
ასატანი ღამეა.
ჰოდა, არ ვუძალიანდები, ავიტან როგორმე
ყველა ღამეს…
***
მთელი ცხოვრება სახლს დავეძებ.
და ეს გრძელდება….
თითქოს დრო მიდიოდეს და მოდიოდეს.
ყოველ ფეხის ნაბიჯზე
სადგური მხვდება
და არაერთი გამცილებელი.
მატარებლები, მგზავრები,
ჩემოდნები…
ჩემი სწორი მისამართი ჯერაც არ ვიცი, ანუ
სახლი…
დაკარგულია ყველა ხაზი ჰორიზონტისკენ.
აწმყოს ძახილით ვერ აივსო
ჩემი ნაბიჯი.
ამ ცარიელი სარკის ელვას წლები დაჭირდა
და სულ ბოლოში თვალიც მეღლება…
სხეული გაცვდა ცხოვრების მსგავსი თამაშებისგან,
მოლოდინებს კი მზერა დარჩათ
წინ მიმავალი…
სხივი, რომელიც შენ იყავი
გზას მინათებდა…
ვფიქრობ, ამიტომ
ჩემი შესაძლო ათი თავიდან ერთმა მაინც შეძლო
ცხოვრება…
***
იმგვარ დროზე გიამბობ
დრო რომ უცვლელია
და არსად გადის,
ხეებიც ნაკლებად სველდებიან
წვიმაში…
იდუმალი კაცი ხელახლა იბადება და თავი ძლივს ამოაქვს ზამთრიდან.,
როგორც მთვარეს ცის ანარეკლი…
ქანაობს და ირხევა მთელი მისი სევდა
ენის ბნელ წვერზე.
ის ჩერდება განუწყვეტლივ. გზა კი გრძელდება.
მაღლიდან ჩამოდის ფოთოლი
და მიწაზე სუნთქვას იწყებს. მისი არეული ნაბიჯების ხმა
ხეებ ქვეშ ტრიალებს.
როგორი სახე აქვს დავიწყებას?
ყველასთვის ნაცნობი.
ზუსტად საკმარისი ცაა დარჩენილი,
საკმარისი სიყვარული.
თამაშის ძიებაში
იქნებ დაგვჭირდეს სათადარიგო სუნთქვაც.
რა არის ჩემი ასაკის ალქიმია?
უმოკლესია მთელი ცხოვრება.
დავრჩი აქ ჩემს გავრცელებამდე…
მომწყინდა
ჩემი ხნის დედამიწა….
ხემ იცის აყვავება
მე ვიცი მოთმინება.
დავუდგები ცივ ქვასაც
და ვეტყვი: მსხმოიარე
გახდები.
ვიმოძრავებ ჩემ თავს ქვემოთ.
რამდენი ნაცნობია,
როცა ბოლი გაიფანტება.
ისევ ზემოთ ავყვები…
მე ხომ ვიცი მოთმინება,
მაგრამ რა გამაჩერებს იქ,
სახლი რომ მხოლოდ სახლია…
***
მხოლოდ ტანსაცმელები,
რომ გამოვიდნენ ფართო ქუჩებზე,
და უჩვეულო რიტმით აცეკვდნენ,
როდის მოიფიქრებენ ისინი
თავიანთ სხეულებს?!
ან ამ დროს ეს სხეულები სად არიან,
უახლოეს მომავალში,
თუ შემდგომ წარსულში?!
გამოუთქმელიც ქვეყანაა.
აღთქმის გარეშე.
© არილი