ესე

ზურა ჯიშკარიანი – ფიქრების სიხშირე

ერთი კვირის წინ ახალმა ექიმებმა რაღაც მოწყობილობაზე შემაერთეს, სულელურ კითხვებს მისვამდნენ, მაგალითად: „ახლა დღეა?”

და ექიმი დებილი მსახიობივით ასავსავებდა ხელებს იმის საჩვენებლად, რომ ახლა დღეა.

– თქვენ 23 წლის ხართ?

– თქვენ მამაკაცი ხართ?

და ა. შ. ნახევარი საათი ყველასთვის გასაგებ თემებზე. მე, რა თქმა უნდა, ყველანაირი საუბარი მიყვარს და მიხარია, მაგრამ მალე მომბეზრდა ეს რობოტული თეატრი, ამიტომ  თავის გასართობად ყოველ კითხვაზე ახალი ისტორიის მოგონება დავიწყე. სქესზე ვუპასუხე, რომ გოგო ვარ და გამეცინა, ასაკი ძალით გავიდიდე, სახელი კატეგორიულად უარვყავი და ყოველ მეორე კითხვაზე მოჩვენებითი სიბრაზით კითხვაზე კითხვით ვპასუხობდი:

– რას ლაპარაკობთ, მართლა?

სესიები სასაცილო / სახალისო იყო, იმიტომ რომ ეს ადამიანი ერთი კვირა მოდიოდა ერთი და იმავე კითხვებით, მაგრამ ცოტა ხნის მერე კითხვები შეიცვალა და ამან ნელ-ნელა არეულობა შემოიტანა. მხოლოდ ახლა ვხვდები, რა სისულელე ჩავიდინე ამ თამაშ-თამაშით.

ყველასთვის ცხადი კითხვების შემდეგ, ექიმმა უცნაური კითხვების დასმა დაიწყო, მაგალითად: 

– შავი თეთრია?

– არა, რა თქმა უნდა, შავი წითელია, ბატონო ექიმო

– თქვენ 100 წლის ხართ?

– იცით რა?! მოდით ნუ დავამრგვალებთ, 100-მდე კიდევ ორი წელიწადი დამრჩა, ასეთი ბებერიც არ ვარ.

მე ასე ვპასუხობდი ამ კითხვებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ავრიე და გავაფუჭე.

ახლა ჩემს ოთახში მთელი ჩემი ოჯახია წარმოდგენილი: დედა – ჩემი ბავშვობის საყვარელი საზამთრო ქუდით და ისეთი გამომეტყველებით, თითქოს მისი საყვარელი მთავრობა დაამხეს. არ მეცოდება დედა, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ საშინელი შეგრძნებაა, როცა შენი 20 წლიანი ინვესტიცია (შვილის სახით) ერთ ღამეში უჩინარდება. დედა კიდე ნაკლებად მაღიზიანებს. მართალია, რომ ამბობენ, რაღაც უხილავი კავშირი არის დედა-შვილს შორისო, ხშირად შემიმჩნევია, რომ როცა შემოვა, თუ ტელევიზორი ჩართულია, მიუახლოვდება და თითქოს თავისთვის ისწორებს, მაგრამ ისე ასწორებს, რომ მე უკეთესად დავინახო. რა იცის, რომ ყველაფერს ვგრძნობ? არ იცის. მაგრამ სჯერა ან გრძნობს. მოაქვს ხოლმე ჩემი საყვარელი ათასგვარი ნივთები, ხან მუსიკას მირთავს – ეს მეხმარება, რომ ახალ თემებში გადავიდე, როცა ფიქრი მბეზრდება. არადა ფიქრის გარდა არაფერი მაქვს დარჩენილი. იცით, რა საშინელებაა, როცა ფიქრი გბეზრდება და გინდა, არ იფიქრო, მაგრამ იძულებული ხარ, იფიქრო? ფიქრი კაცობრიობის დიდი ევოლუციური შეცდომაა. საშინელი ტანჯვაა. მხოლოდ ამ მდგომარეობაში მივხვდი, რომ ცხოვრებაში აქამდე არასოდეს მიფიქრია. მე რო მეგონა, ფიქრისგან თავის მისკდებოდა, არაფერი ყოფილა მართლა ფიქრთან შედარებით. ხშირად აქ ყოფნისას ვფიქრობ, რომ ადამიანები საერთოდ თითქმის არ ფიქრობენ, სამგანზომილებიან სამყაროში ისინი მოქმედებენ, მაგრამ არ ფიქრობენ. ფიქრი იწყება, როცა გაჩერდები, უარს იტყვი მოქმედებაზე.

დედას უკან მამაჩემი დგას თავისი იდიოტური ჯვრებიანი ქუდით. მე უკვე წინა თვიდან ვიცოდი, რომ ასე დამთავრდებოდა, როცა მამაჩემმა პალატაში მღვდელი მომიყვანა. თითქოს ის იტყოდა: „ლაზარე, ადექი” და მეც წამოვჩიტდებოდი. მამაომ ბევრი ილოცა, კარგი იქნებოდა, სიტყვები ოდნავ გარკვევით მაინც რომ ეთქვა – არ ვიცი, დავიმახსოვრებდი, ახალი საფიქრალი თემა მექნებოდა, მაგრამ არაუშვას, სამაგიეროდ ჩემი უვარგისი სხეული და იმედის მომცემი სული აკურთხეს. საინტერესოა ისე, ღმერთისთვის (თეოლოგიისთვის) მე ვინ ვარ? სხეული ვარ-მეთქი, რომ ვთქვა, მთლად სწორი არ იქნება, ექიმებმა ნახევარი წლის წინ locked-in syndrome დამიდგინეს, რაც გამოიხატა იმაში, რომ დიაგნოზიდან ერთ თვეში – ცხოვრების ლატარეაში მონაწილეობაზე ჯერ უარი ჩემმა ფეხებმა გამოაცხადეს, შემდეგ უარი თქვა მარცხენა ხელმა, მერე ტუჩმა, მერე მეორე ხელმა და ა.შ. ერთი თვის წინ მე ჯერ კიდევ თვალების მეშვეობით ვპასუხობდი მომნახულებლებს, მაგრამ ავადმყოფობამ ჩემი თვალებიც გააჩერა და მას შემდეგ მე და სამყარო ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით. ის ცალკეა, თავისთვის ბუინობს, მე ჩემთვის, ცალკე ვარ აქ, ვზივარ ჩემს თავში, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობს. მაგრამ, რომ ვთქვა, რომ სული ვარ, ეგეც მთლად სწორი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი „მე“-სგან მხოლოდ არამატერიალური რამე – ფიქრია დარჩენილი. 

მე არ ვარ ჩემი გარეგნობა, ჩემი ქმედებები, ცხოვრებაში ჭიანჭველასაც არ და ვერ ვაწყენინებ, მე არც ხმა მაქვს, არც საუბრის მანერა, არც სიარულის მანერა, არც საყვარელი ქალაქები, არც საკუთარი ფეისბუქის გვერდი — ერთადერთი, რაც მე მაქვს და რაც მე ვარ, ეს არის ჩემი ფიქრი. გამოდის, რომ ცარიელი ფიქრი ვარ. 

საინტერესოა, უფალი როგორც ადამიანს ისე განმსჯის, თუ როგორც ფიქრს, ისე? 

რამდენი ფიქრი წარდგება მის წინაშე ჩემ გარდა? ჩვენ რომ ტელეპათიურ სამყაროში ვცხოვრობდეთ, ჩვენ ფიქრებს, საკუთარი ენჯეო გვექნებოდა. ყველას აქვს თავისი პროფესიული ენჯეო – ჩვენ კი ასე ვართ მიმოფანტულები უპატრონოდ. მეტიც, ფიქრები არჩევნებშიც მივიღებდით მონაწილეობას და, საერთოდ, ზოგადად, უფრო აქტიურად ჩავერთვებოდით საზოგადოების ცხოვრებაში, მერე რა, რომ სხეულები არ გვაქვს. ბევრ ადამიანს ეგრე ტვინი არ აქვს, მაგრამ მოდებულები არიან მთელ სპექტრს. ისევ წამიღო მსჯელობამ.

ეს რას შვება, ზასაობს თუ მეჩვენება? ყოფილი ათეისტიდან სუპერმორწმუნედ გადაქცეული მამაჩემის გვერდით ჩემი მაზალო ძმა დგას, თავის უარეს შეყვარებულთან ერთად და ამ წამს ფიქრებში ჩაძირულს მომეჩვენა, რომ ზასაობდნენ. არა, არ მომეჩვენა, აი, ისევ კოცნიან ერთმანეთს, ღმერთო გადამარჩინე ამ საცოდაობას. ჩემი ძმა ცალკე ისტორია კი არა, ცალკე კატასტროფაა. 

არის ბიჭების ასეთი კატეგორია, საკუთარი საცოდაობით რომ კერავენ გოგოებს, ჩემი ძმისთვის მე ვარ დაკერვის მითოლოგიის მთავარი ღვთაება, გოგოებს უყვება, თუ როგორ განიცდის, რამდენს ღელავს ჩემზე, როგორ მივლის და ა.შ. ძალიან გამოსადეგი ამბავია, მე ხომ ვერასდროს ჩავუშვებ. ესეც სარგებლობს და დაჰყავს ასე ყოველ მეორე თვეს ახალი, გულმოწყალე გოგო, სხდებიან ჩემ წინ და მიწევს იმის სმენა, თუ რგორ კერავს ეს ბიჭი ამ გოგოს. ერთხელ ისეც მოხდა, რომ, არ ვიცი, ასეთი რა ტრიგერები ჰქონდა ტვინში, ამ გოგოს, მე მგონი, მარინა ერქვა, ჩემი ცქერით ისე აუდგა, რომ ჩემმა ძმამ პირდაპირ ჩემს პალატაში მოტყნა. ასეთ დროს ტვინის ყველაზე შორ კუნძულებზე უნდა წახვიდე. როცა სხეული გაქვს, ადვილია – მინიმუმ ოთახიდან გახვალ, თუ ძაან გაგაბრაზეს, ქალაქს დატოვებ ან საერთოდ, სხვა კონტინენტზე გადახვალ საცხოვრებლად, მაგრამ როცა სხეულს ვერ ამოძრავებ, ფიქრებით უნდა გაფრინდე. ამისთვის საჭიროა რამდენიმე ხმაგაუმტარი ოთახი შექმნა შენს წარმოსახვაში. მე აქ უკვე მთელი ქალაქი მაქვს შექმნილი – ფიქრობ საათობით და წარმოიდგენ ყველა დეტალს და ნელ-ნელა ქმნი მთელ ობიექტებს, მთელ ოთახს, სახლს, გზებს და ხიდებს. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ მთელი ეს ქალაქი ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს — საკმარისია, შევწყვიტო მასზე ფიქრი, დამავიწყდეს მისი რომელიმე დეტალი, რომ ეს ბზარი ნელ-ნელა მთელ ქალაქს მოედება და ის დაიღუპება. რამდენი ქალაქი მოესწრო აპოკალიფს ჩემს ფიქრებში.

იქნებ, აჯობებდეს მოვკვდე? რამდენჯერ მიფიქრია ამაზე, მე ხომ ისედაც ნახევრად მკვდრის პოზიციაში გავდივარ ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რომლებსაც ბოლომდე ვერ დაუდგენიათ ჩემი ონტოლოგიური სტატუსი. მაგრამ ვინ დამეხმარება სიკვდილში? ჩემით თავს ვერ მოვიკლავ, სხეული არ მემორჩილება, რომ შეიძლებოდეს ფიქრებით ტვინის გათიშვა – დაუყოვნებლივ ვიზამდი ამას, მაგრამ, სამწუხაროდ, ფიქრები მხოლოდ იმ ტვინის ფანტომებია, რომელიც ალბათ მალე გამეთიშება კიდეც. მაგრამ იქნება კი ეს სიკვდილი? თუ მე მცენარე ვიქნები, ადამიანი-მცენარე – მწოლიარე თეთრ პალატაში, უნებლიედ რომ ისაქმებს ხოლმე პერიოდულად და ჩემთვის უცნობი მედდები იძულებულები არიან, ზომბის ფეკალიებს ებრძოლონ. დიახ, მე ზომბი ვარ, არადა არასდროს ვოცნებობდი ამაზე ბავშვობაში. მე ყოველთვის მინდოდა გავმხდარიყავი მეხანძრე, ცეცხლმოკიდებულ სახლებს რომ აქრობს, ახლა კი საკუთარი ცეცხლმოკიდებული ტვინის ჩაქრობა მიწევს. ”ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ”, არა? ჩემი არსებობა სამარეში უფრო საინტერესო იქნებოდა, აქტიურ ქიმიურ პროცესებს მაინც გავივლიდი, საყვარელ ჭიებს მივცემდი საკვებად სხეულს – ვინმეს მაინც გამოვადგებოდი.

ფიქრები კოშმარია, რომელიც არ მთავრდება. ნეტავ მალე გაითიშებოდეს ეს ორგანოც, ტვინიც – ჩემთვის ეს სანეტარო კუნძულებზე დასასვენებლად წასვლა იქნებოდა.

© არილი

Facebook Comments Box