კრიტიკა,  რეცენზია

ზაზა აბზიანიძე – სონეტი, როგორც გვირგვინი

vakhushti-sonets

 ესაა იშვიათი წიგნი, უკანასკნელი წიგნი ვახუშტი კოტეტიშვილისა, ვისაც ქართული აუდიტორიის წინაშე წარდგენა არ ესაჭიროება. ამ წინათქმის სათაურმა, უნებლიეთ, ვინმე რომ არ შეაცდინოს, აქვე დავძენ, რომ აქ შეკრებილი ლექსები პოეტიკაში კარგად ცნობილ „სონეტების გვირგვინად“ ვერ მოინათლება: აქ არც ოდენ 15 სონეტია და არც კიდევ სხვა, „სონეტების გვირგვინისათვის“ დაკანონებული ფორმალური ნიშნები.

და მაინც, ვახუშტი კოტეტიშვილის სიცოცხლის დასალიერზე დაწერილ ამ 55 სონეტს ისევ და ისევ „გვირგვინად“ აღიქვამთ: ისეა გაცხადებული აქ „გვირგვინის“, როგორც სიმბოლოს მთელი სპექტრი; ისე რკალავს და მართლაც აგვირგვინებს სონეტების ეს წიგნი მათი ავტორის ბიოგრაფიას; ისე ხატოვნად აღიქმება ეს გვირგვინი, როგორც მისი ზეობისა და აღიარების დასტური და, ვაი რომ მასთან დამშვიდობებისაც. თავისი ორსახოვნებით, თავისი ფერთა გამით, თავისი ყვავილოვნებითაც და თავისი ჭკნობითაც – ამ „გვირგვინმა“, სონეტების ამ გამოსათხოვარმა რვეულმა, სიცოცხლის დასალიერზე შექმნილმა ამ პოეტურმა დღიურმა იშვიათი სისათუთითა და გულახდილობით ასახა ვახუშტი კოტეტიშვილის ცხოვრების უკანასკნელი, ესოდენ დრამატული პერიოდი. ამასთან ერთად, ამ პოეტურ აღსარებაში, ამ მონოლოგში უკურნებლად დასნეულებული, მაგრამ დაუთრგუნავი ადამიანისა – მკითხველი დაინახავს საზოგადოდ მის პორტრეტს, მის კეთილშობილ თვისებებს, ჭირთათმენის იმ უნარს, მშობლებმა რაღაც გრძნეული წინათგრძნობით რომ გადასცეს, რათა მათ ვაჟიშვილს ღირსეულად გაევლო საბედისწერო ნიშნით აღბეჭდილი ცხოვრების გზა. მშობიარობას გადაყოლილი დედისა და „ჩეკას“ ჯურღმულებში გაუჩინარებული მამის გარეშე დარჩენილს, ჯერ თავისი კეთილი ანგელოზის – უფროსი დისათვის ხელჩაჭიდებულს უნდა ევლო, მერე კი უკვე თვითონ გამკლავებოდა ხიფათსა თუ განსაცდელს (მკითხველი, რომელსაც ვახუშტი კოტეტიშვილის სონეტები პოეტის ცხოვრებისეული გზისაკენ მიბრუნებას მოანდომებს, უთუოდ ჩაუღრმავდება მის მრავლისმეტყველ ავტობიოგრაფიულ წიგნს – „ჩემი წუთისოფელი“).

ამ პოეტური კრებულის ხელნაწერის თავდაპირველი ავტორისეული სათაური – „ქართული სონეტები“ ნიშანდობლივად მეჩვენება: ვახუშტი რაღაც კლასიკურად განასახიერებდა ქართულ გენს, ქართულ ფენომენს თავისი ნიჭიერებით, ზეაწეულობით, პათეტიკით; თუნდაც – თავისი მალემრწმენობითა და ილუზიებით, ზღვარს გადაცდენილი ემოციურობით. მოკლედ, თვისებათა იმ ერთობლიობით, რომელთა გარეშეც ძნელი წარმოსადგენია საზოგადოდ პოეტი, მით უფრო ქართველი პოეტი, მაგრამ რომელნიც ესოდენ ფატალურად ხლართავენ ხოლმე ადამიანის ბიოგრაფიას…

ახლა ქართულ სონეტებს მივუბრუნდეთ წინწკლების გარეშე: „…მოკლე მიმოხილვაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ, როგორი ყურადღებით ეკიდება ქართული პოეზია სონეტს. – წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი 1919 წელს, – ჩვენ, ქართველები, ელლინელების, რომაელების და ფრანგების მემკვიდრეები ვართ ფორმის სიყვარულში. ჩვენი ბუნება იმდენად მჭერმეტყველია, რომ შეუძლებელია აქ ფორმის პრიმატის დაგმობა და უარყოფა. ქართველ პოეტებს სწამთ სონეტი, როგორც უნივერსალური ფორმა შემოქმედებისა. სონეტი ამნაირად გაგებული უახლოვდება სიმბოლოს და მის მაგივრობას ასრულებს“ („სონეტის პრობლემა“).

თითქმის ერთი საუკუნის წინ პათეტიკურად წარმოთქმული ამ დაკვირვების დამადასტურებელ გამოძახილად ჩაგვესმის დღეს ვახუშტი კოტეტიშვილის სონეტები.

ბევრი წინაპირობა იყო საჭირო მათ შესაქმნელად: ზეგარდმო მომადლებულ ნიჭზე აღარ ვლაპარაკობ – ეს იგულისხმება, ისევე, როგორც ვახტანგ კოტეტიშვილის შვილობა. საჭირო იყო, ის პოეტური (და ხაზს გავუსვამ – ვერსიფიკაციული) კულტურა, რომელიც წლობით ყალიბდება და რომელიც სრულყოფილი არ იქნებოდა, რომ არა ფანატიკური სიყვარული და წვდომა ქართული ხალხური პოეზიისა (ლიტერატურულ ახალთაობას, რომელიც ვეღარ იხილავს „ვახუშტისეულ“ ფოლკლორულ საღამოებს, განძად დარჩება მის მიერ შედგენილი კრებული – „ლექსის თქმა მწადის ერთისა“); რომ არა მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრების თანმდევი ამოცანა – აღმოსავლური და ევროპული პოეზიის საუკეთესო ნიმუშების ქართულ ენაზე ამეტყველება (შედეგად – კრებული „აღმოსავლურ–დასავლური დივანი“, რომელსაც მალევე მიემატა რუსული პოეზიის შედევრების თარგმანთა ერთტომეული); დაბოლოს, „სონეტების“ უვერტიურად აღქმული, 2005 წელს გამოცემული ფაქიზი ლირიკული რვეული – „ქვიშის საათი“.

რამდენი წინაპირობა ჩამოვთვალეთ, მაგრამ „სონეტებში“ არის რაღაც, რაც, ვგონებ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინემ ამ უღრმესი კულტურული პლასტის წარმოჩენა. ეს „რაღაც“, რომელიც თითქმის ყველა ფრაზის, ყველა სიმბოლოს, ყველა პოეტური შტრიხისა თუ მეტაფორის ელფერს განაპირობებს – „ზურგით ნაგრძნობი“, დამზაფრავი, მოახლოებული სიკვდილის სუნთქვაა – ასე რომ აფაქიზებს ყურთასმენასა და თვალთახედვას, ასე რომ ამძაფრებს ცხოვრების სიტკბოს შეგრძნებას და ასე ულმობლად რომ აცალკევებს ერთმანეთისაგან წარმავალსა და მარადიულს…

„ფიქრები ლეთეს ნაპირზე“ (თუ პირობითად ამ სათაურითაც გავაერთიანებდით აქ წარმოდგენილ სონეტებს) ახალი თვალით დაგვანახებს ვახუშტი კოტეტიშვილს. შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ მან თვითონ, ცხოვრების დასალიერზე, ნათელხილვის ერთ წამს თითქოს ხელახლა აღმოაჩინა თავისი თავიც და გარესამყაროც. ამ სამყაროს ვახუშტი რაღაც იშვიათად დაწმენდილი, ბრძნული და მშვიდი მზერით გამოეთხოვა. არ იყო გასაკვირი, რომ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იგი მარადიულ, ჰამლეტურ კითხვას უბრუნდებოდა:

„ყოფნა-არყოფნა?!“ – აი, კითხვა შენი მორიგი,

ჭაბუკო ჰამლეტ, მაგრამ არსი ყოფნა-არყოფნის

ვინ განგიმარტოს?! დუმს გონება, ვით იორიკი,

რომელსაც ამის საპასუხოდ ჟამი არ ჰყოფნის.

(„ყოფნა-არყოფნის სონეტი“)

ვახუშტი კოტეტიშვილი შეეცადა თავისი პასუხი გაეცა ამ მარადიული კითხვისათვის. გადავიკითხოთ „ყოფნა-არყოფნის სონეტს“ მალევე მიდევნებული „მადლის სონეტი“:

ცხოვრებისაგან დაქანცულსა და სასომიხდილს

წამლეკავს ზოგჯერ შემზარავი ტალღა უცები,

დავმწუხრდები და ნაადრევად მოვუხმობ სიკვდილს,

შინაგანად კი კვლავ სიცოცხლეს ვებღაუჭები.

 

გმირი არ ვიყავ, არც მესიის მქონდა მისია,

რომ უდრტვინველად ამეტანა ტანჯვა და ჯვარცმა.

ცხოვრებამ ყველა განსაცდელი შემომისია,

მაგრამ გავუძელ ამ ყველაფერს უბრალო კაცმა.

 

რა ძალა იყო, რამაც მომცა ამის შეძლება

და შემომაჭდო ჯადოსნური ჯაჭვის ბეგთარი?!

როგორც ჩანს, ქვეყნად ჩემებრ ტანჯულს შვებად ეძლევა

ღვთიური მადლის თუნდ წვეთ-წვეთი წმინდა ნექტარი.

 

და მივხვდი, რამაც უკუნეთში ამავსო ნათლით,

ეს იყო თურმე პოეზიის ღვთიური მადლი.

ეს „დაქანცულობაცა და სასომიხდილობაც“ ისე იყო დაგმანული, რომ ვახუშტის მოსაკითხავად (უთუოდ – მისაფერებლადაც) მისული, აქეთ დაიმუხტებოდი მისი უშრეტი ენერგიით და გაოგნებული უცქერდი, როგორ ახერხებს ეს, სასუნთქ აპარატზე მიერთებული, უკვე ხანდაზმული კაცი, ასეთი ჭაბუკური გზნებით იკითხოს ახალი ლექსები (მათ შორის, სწორედ ის სონეტები, ახლა რომ დავცქერით) და როგორ სხვაფერდება, თუ თქვენს საუბარს მისი რომელიმე ახალგაზრდა თაყვანისმცემელი ქალი შეესწრება; როგორი ექსპრომტების, ფრთიანი ფრაზების, მოგონებების ფოიერვერკი ააელვარებს მის გარემოს….

მოსაგონარი ვახუშტი კოტეტიშვილს კი მართლაც ბევრი ჰქონდა: ცოტა მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც ამდენი მეგობარი და ერთგული მკითხველი ჰყოლოდეს, რომელიც ასეთი სასურველი სტუმარი და თამადა ყოფილიყოს ნებისმიერ ქართულ ოჯახში და რომლის საქებარ სიტყვას ამდენი, სხვათაგან შეუმჩნეველი ტალანტი გაემხნევებინოს.

ჩვენც, ვახუშტი კოტეტიშვილის მეგობრებსა თუ თანამედროვეთ, ბევრი დაგვრჩა მოსაგონარი – მისი განუმეორებელი იერი; მისი ხიბლი და სითბო; მისი, ყველასათვის ნაცნობი, ჩახლეჩილი ხმა; მისი კაფიებითა და იუმორით გაჯერებული ფოლკლორული საღამოები; და, არანაკლებად (ან, ეგების, კიდევ უფრო) დასახსომებელი – მასთან განმარტოებით ყოფნისას, განდობილი ლაპარაკი ჩვენთვის ყველაზე მტკივან და სათუთ თემებზე.…

ისიც ცხადია, რომ მთელ ამ თავდაუზოგავ ცხოვრებას ნათელ სხივს ჰფენდა „პოეზიის ღვთიური მადლი“, რომელმაც ზეგარდმო საჩუქრის ადრესატს ერთ-ერთი საუკეთესო სონეტი შთააგონა, ხოლო ჩვენ, ვახუშტი კოტეტიშვილის პოეტური ანდერძის – „სონეტების“ მკითხველებს კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, როგორი მომაჯადოებელი და სრულყოფილია „პოეზიის ღვთიური მადლით“ განათებული ქართული სიტყვა.

© არილი

Facebook Comments Box