ესე,  პროზა

ზაზა ფირალიშვილი – ბოგანო

ამ რამდენიმე წლის წინ სამსახურში მიმავალს, თითქმის ყოველდღე, გზად ერთი მათხოვარი მხვდებოდა – საშუალო ტანის, მსხვილი, მოკლეფეხება და შავგვრემანი, ალბათ, 40-ს გადაცილებული ქალი. უზომო მწუხარებისა და ტანჯვის გამოსახატავად სახეს უცნაურად მოიქცევდა ხოლმე, თან დამცინავი და ეშმაკური ნაპერწკალი უკიაფებდა მზერაში. ის, რითაც მისი თავი უკავშირდებოდა მხრებს, ძნელად თუ იწოდებოდა კისრად. საერთოდაც, მთელი მისი სხეული თითქოს ვიღაც უმეცარის თუ ავის მზრახველის მიერ სახელდახელოდ იყო შეკოწიწებული; თითქოს, ვიღაც ავსული ჩაერეულიყოს იმის გროტესკის შესაქმნელად, რასაც ადამიანის სხეული ჰქვია.

ერთხანს მხარმოშიშვლებული იჯდა მიწაზე გაშლილ ქსოვილზე, გამვლელ-გამომვლელს ამოგდებულ მარჯვენა ბეჭს უშვერდა და ლამის დაუფარავი ირონიით გამოხატავდა  აუტანელ ტკივილებს, ტანჯვას მძიმე ბედის გამო – მოკლედ, ყველაფერ იმას, რასაც გამვლელ-გამომვლელში მოწყალების გაღების სურვილი უნდა აღეძრა. აშკარა იყო, გატაცებით თამაშობდა. შეიძლება გეფიქრა, ასეთი აშკარა თვალთმაქცობისა და ყალბი, უცრემლო ტირილის გარეშე რომ „ემუშავა“, მეტ თანამგრძნობს მოიპოვებდაო, მაგრამ არა. მას საშოვართან ერთად კიდევ რაღაც სხვაც უნდოდა. თითქოს გეუბნებოდა, – აი, ხომ ხედავ, ვთაღლითობ და თუ შეგიძლია, ისე ჩამიარე, რომ შენი გულგრილობის გამო სინანული არ გაგყვესო. გამვლელთა თანაგრძნობის მოპოვებაზე მეტად თითქოს მათი ჯობნება სურდა. უმალ, ეთამაშებოდა გამვლელებს, ვიდრე სთხოვდა. ისე აშკარად ეტყობოდა ჯობნების ეს სურვილი, რომ, უმალ, თავიდან მოსაშორებლად ვაძლევდი ხურდას, თუმცა, ვხედავდი, რომ მაბითურებდა. ხელისგულზე ხურდას დავუგდებდი და კიდევ ერთხელ გამიელვებდა მისი პირველი ნახვისთანავე საიდანღაც გაჩენილი ფიქრი,  ნეტავ, როგორია თავის მარტოობაში-მეთქი.

ეს იყო და ეს. მეტი – თითქოს არც არაფერი. ამ ქალბატონის ხანგამოშვებით ხილვა გახლდათ ერთ-ერთი მეორე თუ მესამე რიგის შთაბეჭდილება, რომელთა მსგავსიც მეხსიერების საწყობებში ყოველდღიურად  გროვდება და მნიშვნელობათა იერარქიაში ადგილს მისნაირთა შორის იკავებს – არც გაწუხებს და არც გახარებს, არც გახსენებას გაურბიხარ და არც მონატრებას გრძნობ. უბრალოდ, არის და ეგაა. რაღაც მიზეზის გამო შეიძლება წამოტივტივდეს და ისევ გაქრეს.

ერთ საღამოს იმასაც შევესწარი, როგორ წამოდგა, გამვლელებისკენ ზურგით უხეიროდ მოხრილმა  სკამი  დაკეცა,  იღლიაში ამოიდო, ეჭვიანი და მკაცრი მზერით მიმოიხედა და  სწორედ იმ ვითომ ამოგდებული მკლავის საქმიანი, ღონიერი ქნევით  წამოვიდა ჩემკენ. სქელ ფეხებს ძალას ატანდა. განურჩეველი მზერით იყურებოდა. ქშენით ჩამიარა და ასაკის, სიმსუქნისა და ოფლის  სუნი დატოვა. კარგახანს ვადევნებდი თვალს, როგორ მიჰქონდა მოტორტმანე სხეული.  უცნაური სხეული იყო – სულის მახინჯი და თავისი სიმახინჯით დამთრგუნველი სატუსაღო, შენივთებული და ულმობელი ბედისწერა: მოკლე ფეხები, წინ წამოგდებული მუცელი, მსხვილნაკვთება სახე და მორგვივით კისერი. თითქოს იმასაც ვხვდებოდი, თუ რა ვალისა თუ მოვალეობის გამო ვაძლევდი ხურდას. ვალის  განცდას, როგორც ჩანს, სწორედ ამ ცხიმითა და ოფლით გაჯერებული სხეული-სატუსაღოს ხილვა მიჩენდა.

ჩანს, მისი არსებობა ამ ციკლში იყო ჩაკეტილი: სადღაც თავშესაფარი, დილით ხელის ღონიერი და საქმიანი ქნევით ასფალტის კუთვნილ მონაკვეთამდე მისვლა,  მეზობელ საქმოსნებთან მისალმება, ქუჩაში მთელი დღის გატარება და უკან დაბრუნება. ალბათ, ასეთი ციკლებია, შანსს რომ არ გვაძლევს, შევჩერდეთ და გარედან შევხედოთ საკუთარ თავსაც და იმ გზასაც, რომელსაც კვლავ და კვლავ გავდივართ, იმ მოძრაობებს, რომლებსაც წმინდა ვიტეს როკვაში ჩაჭერილებივით ლამის უნებურად ვიმეორებთ და ასე ნამცეც-ნამცეც გაგვყავს დრო – ტვირთი, რომელიც სადღაც და ოდესღაც მხრებზე დაგვადეს. თუ არა ციკლების ეს ნარკოტიკი, დროის რომელიღაც წამი ჩაგვიჭერდა და  თავის უსასრულობაში ჩაგვითრევდა – იქ სადაც ჩვენი უსასრულო სიშიშვლე და მარტოობაა და კიდევ ზღვრული სიცხადეა ჩვენივე თავის შესახებ, ის სიცხადე, რომელსაც ისევ და ისევ ამ ციკლების მეშვეობით გავურბივართ იმ იმედით, რომ დასაწყისსა და დასასრულს შორის რაღაც ისეთი შემოგვხვდება, მყისიერად რომ შეცვლის ყველაფერს და იმ ბედნიერებას მოგვგვრის, ჩვენს დიდ მარტოობაში  რომ გვეგულება. მანამ კი ბეჯითი მოწაფეებივით ულუფა-ულუფა ვხარჯავთ მხრებზე აკიდებულ  ტვირთს – დროს. საღამოს საწოლთან მიხვალ და აღმოაჩენ, რომ ეს დღეც ჩაგილევია, რომ დრო ულმობელი გარდუვალობით იხარჯება ისე, რომ არაფრად გაგდებს და შენს დიდ მარტოობაში დაგულებული ხატება ისევ მის  გარეთ დარჩა.

ჩამოჯდები საწოლზე და გაიფიქრებ, რომ ხვალ ამ დროს ზუსტად ასევე მოხვალ აქ და ზუსტად ასევე იგრძნობ ლოგინის სიგრილეს და კიდევ საიდანღაც შემოპარულ შიშს იმისა, რომ უძილობა შეიძლება მოგეპაროს და მთელი ღამე ძილ-ბურანში გაგატარებინოს: თან ცხადში რომ ხარ და თან სიზმარში და ვერც იქით გასხლტომიხარ და ვერც – აქეთ. ახლა უკვე რაღაც  განკარგულებაში ხარ და ის განაგებს, რაც შენს თავს ხდება.

მეორე დილიდან კი ისევ ახალი ციკლი, შანსს რომ გაძლევს, როგორმე გაექცე აქ და ახლა ყოფნის ძრწოლას იმის გამო, რომ უკვე დახარჯული დროის მიუხედავად დიდი მარტოობის წიაღში დაგულებული არსებობის სისავსე და სიხარული არ გიგრძვნია. მხოლოდ იმედებითა და ილუზიებით თუ მოგიტყუებია თავი, რომ ამ ციკლებში რაღაც ყოვლად მნიშვნელოვანი და ყველასათვის საჭირო იგულისხმება და ერთხელაც იქნება, აღმოაჩენ მას.

და მაინც, უცნაურად დამათრობელია ეს ციკლები თუ ციკლი. ესეც საღამოს ხვნეშით წამოდგება თავისი სხეულის სიმძიმით მორყეული სკამიდან, ტანისამოსს გაისწორებს, თანდათან გათავისუფლდება იმ ნიღბისაგან, რომელიც ასობით ადამიანის ყურადღების მისაპყრობად ჰქონდა აკრული, ჩამოფერთხავს არტისტულ თვალთმაქცობას და გარემომცველების მიმართ გულგრილი დაიძრება სახლისაკენ საიმისოდ, რომ დილიდანვე ხელახლა შეუდგეს საქმეს. შიგადაშიგ მზესუმზირის გამყიდველისათვის პროცენტით მიცემულ ვალსაც მოიკითხავს, ეგებ, ისინიც მოინახულოს, ვინც მისგან ელოდება ორიოდე კაპიკს; ალბათ, იმ გალოთებულ კაცსაც მიაკითხავს, ოდესღაც რომ მიეწება, ფულს რომ ძალავს და დროდადრო ვნებიანად მოიწევს მისკენ. კარგად იცის, რომ ამის გარეშე ვერც ვერაფერს ეღირსება და ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მის ქალურ ღირსებებს აღიარებს. ისე ესეც ხომ შურისძიებაა?! იმ მავანსაც მიხედავს, მისთანებისაგან რომ კრეფს ფულს და ბრიგადირს ეძახიან. მერე კვლავ მოვა საღამო და კიდევ ერთხელ გაიფიქრებს, რომ ეს დღეც ჩამთავრდა ისე, რომ ლოგინის სიგრილის ერთი შეგრძნებიდან მეორემდე არც არაფერი მომხდარა და თუ დაჰყვა ამ ფიქრით მოგვრილ შიშს, მერე აღარც უწერია ძილი. თუმცა, ეგებ, ამ შიშს იოლადაც გაურბის. ის ხომ უკვე ისეთი მოთამაშეა, რომელსაც ძალუძს, ამ შიშსაც გაექცეს თამაშ-თამაშით და თავის ბედისწერასაც თვალი ჩაუკრას. ეს შიშები ჩემისთანების წილია, ვინც ჯერაც თავის სოციალურ ღირსებას ეფერება და თავის თვალთმაქცობაზე თვალს ხუჭავს.  უნდა ვაღიარო, ამით მაჯობა მეც და ჩემისთანებსაც და ახლა ნიშნის მოგებით გვეთამაშება ჩვენ, ასეთ სერიოზულებს და საკუთარ ღირსებებში შეყვარებულებს. გაგვაბითურებს და, ხომ კარგი! ვერ გაგვაბითურებს და კისერიც გვიმტვრევია. სხვა ასეულებთან ერთად ჩავივლით და ეგაა.

 

მაინც რისი თქმა უნდოდათ ამ სხეულის მეშვეობით, როდესაც მას ქმნიდნენ? ვინ იყო ის ულმობელი, რომელმაც თან ვიტრუვიუსის ყველა პროპორცია დაიცვა და თან ეს შემოგვთავაზა? ესეც ხომ, თუ ფეხებს გაშლიდა იმგვარად, რომ ტანის სიმაღლე ერთი მეთოთხმეტედით შეემცირებინა, ხოლო მკლავებს – ისე, რომ შუა თითებით შეხებოდა თავის ყველაზე მაღალ წერტილს,  მაშინ ჭიპი აღმოჩნდებოდა იმ წრეხაზის ცენტრში, გაშლილი კიდურების ბოლოებით რომ შეიქმნებოდა და წვივებს შორის სივრცე ტოლფერდა სამკუთხედად მოგვევლინებოდა. მის გაშლილ მკლავებს შორის მოქცეული მანძილი მისივე სიმაღლის, ხოლო საქოჩრიდან ნიკაპის ყველაზე დაბალ წერტილამდე მანძილი მისი სიმაღლის მეათედი იქნებოდა. ასე და ასე (ისევ ვიტრუვიუსს თუ მივყვებით) მის სხეულში წრიულ მოხაზულობასაც აღმოვაჩენდით და კვადრატისასაც („თუ ადამიანს გავზომავთ თავიდან ფეხებამდე და ამ ზომას შევადარებთ მისი გაშლილი ხელებით შექმნილ ხაზს, სიგანე სიმაღლის ტოლი აღმოჩნდება“). როგორ მოხერხდა, რომ ამ პროპორციებსა და თანაზომადობაში ტკივილი და უსასობა ჩაბუდებელიყო. ამ სხეულის სიტლანქე და სიმძიმე თითქოს სხვა არაფერი იყო, თუ არა გამოუვალობისა და უსასობის სიმძიმე.

ალბათ, სიუშნოვეშიც არის თავისი კანონზომიერება. მოკლე ფეხები, წინ გადმოგდებული მუცელი, და დაბერილ თვალებში გაყინული დადარაჯებული მზერა თანხმობაში იყო, ოღონდ ისეთ თანხმობაში, რომლის მიღებაც გვიჭირს. არადა, სწორედ სხეული გამოთქვამს იმას, რასაც ადამიანის ხვედრი ჰქვია. სწორედ გარდუვალ პროპორციებში მოქცეული ნაკვთების რაგვარობაში ჩანს ის გზა, რომელიც მისმა პატრონმა უნდა განვლოს, ან, სხვაგვარად,  ის გზა, რომელთანაც ის თავის თავს გააიგივებს და განჩინებულს ნებით თუ უნებურად აღასრულებს. ასეც ვიტყოდი: ამ სხეულში ის ისევე იმოძრავებს, როგორც – მწერი მებიუსის სიბრტყეზე. ამ სხეულის სუბსტანციით აიგება მისი ცხოვრებაც, გრძნობებიცა და ფიქრებიც.

 

ჰო, როგორც ჩანს, სწორედ ეს სხეული იყო, მკრთალი ჭიატით რომ დაძვრებოდა ჩემს მეხსიერებაში და ელოდა, მისთვის როდის მოვიცლიდი. ამ მცირე, მუდმივი, თითქოს ეფემერული ჭიატის წინაშე მარტო ხარ და სრულ მარტოობაშივე უნდა სცადო მისი მოხელვა. სხვებს მხოლოდ ის შეუძლიათ, მიგანიშნონ, როგორ არ უნდა მოექცე ამ ძახილს, ხოლო ის, თუ როგორ უნდა მოექცე, მთლიანად შენი გონების, გულისა და ნების წყალობით იბადება, იქვე იკარგება, რადგან, როგორც წესი, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ის გაგება, რომელიც მასთან ერთად დაიბადა, მხოლოდ ნიღაბი ყოფილა იმისა, რაც უნდა დაბადებულიყო, რათა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის ხარჯზე, ძველ ნიღაბთან აღსრულებული მრავალი მაგიური ოპერაციის შემდეგ ახალი ნიღბით მომვლინებოდა და თანაც იქედან, საიდანაც არც ველოდი. თურმე, კვლავ კარიბჭესთან დარჩენილხარ და ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ინატრო, სწორედ ნიღაბთა კარნავალის აღქმაა და არა მეხსიერების საწყობში განთავსებული რომელიმე ნიღბის ისტერიული და არქისერიოზული ერთგულება. რომ ეს კარნავალია სწორედ ის, რასაც მდინარის პირას ქვიშაში მოთამაშე ბავშვი მიეცემა მას შემდეგ, რაც ნიღაბთა სიმძიმესა და შეუვალობას გაერიდება, შესცინებს და სადღაც და ოდესღაც აკიდებული ტვირთისგანაც გათავისუფლდება.

ამ ვითარებაში სხვა რა შემიძლია, თუ არა ის, რომ კვლავ და კვლავ მივუბრუნდე მას იმის იმედით, რომ კიდევ ერთხელ ვიგრძნო გაგების კარიბჭესთან ყოფნის, რაღაც უსასრულოდ ნაცნობთან შეხვედრის  მტკივნეული ხიბლი და შემდეგ კვლავ  დავშორდე მას. თავად კარიბჭესთან ყოფნის ჰიპნოზურობაა ის, რაც შეიძლება მეძახოდეს, თუ შეიძლება ითქვას – კარიბჭესთან ყოფნის მტკივნეული ყოვლადსისავსე. კარიბჭემდე კი ეს სხეულია, ჩემს მეხსიერებაში ადგილი რომ მოუპოვებია და სხვას არაფერს უშვებს თავისთან.

 

მცირე ხანში  ეს ქალბატონი  მხარსაც აღარ იგდებდა და, უბრალოდ, შებღაოდა გამვლელებს. თვალებს მოჭუტავდა, სახეს მოიქცევდა და ისე წამოიძახებდა ხოლმე დაუკავშირებელ სიტყვებსა და ფრაზებს. მაინც არავინ დაუგდებდა ყურს. მთავარია, გამვლელის წამიერი ყურადღებისათვის უსაზღვრო გაჭირვება და სასოწარკვეთა შეეფეთებინა და კიდევ რამდენიმე მოწყალების გაღების სურვილის აღმძვრელი ფრაზა: „ჩემი საბრალო ცხოვრება“, „უბედურება თან დამდევს“, „ღმერთი გიშველით“ და მსგავსნი. ზოგჯერ ცოტა ხნით შეჩერდებოდა, რომელიმე მეზობელს რაღაცას გადაულაპარაკებდა და მერე ისევ წამოიბღავლებდა.

მალე ასფალტზეც აღარ ჯდებოდა. პატარა დასაკეც სკამზე განთავსდებოდა, მოკლე, სქელ ფეხებს ულაზათოდ გაშლიდა და  ხმაჩახლეჩილი ისე ისროდა სიტყვებს, ერთდროულად სიმღერაც გეგონებოდა და ტირილიც. ხშირად  მხოლოდ ხმას გამოსცემდა, რაღაც ხმადაბალი ბღავილის მსგავსს და გადარაჯებული მზერით უცქერდა გამვლელებს.

უჩვეულო ხმას გამოსცემდა – აი, ისეთს, თითქმის რომ არ ეტყობა, მის პატრონს ოდესმე მის დახვეწაზე ეზრუნოს. უბრალოდ, ხმას გამოსცემდა და ეგ იყო. რომელიღაც ცხოველისა თუ ფრინველის ხმა ჰქონდა. ასეთი ხმები, ალბათ, ჩვენს შორეულ წინაპრებს ჰქონდათ, ვისთვისაც მეტყველება, უმალ, გრძნობების გაზვიადებული გამოხატვის საშუალება იყო, ვიდრე აზრისა ან, უბრალოდ, განწყობისა. ეს უფრო საკუთარი არსებობის შესახებ განცხადება იყო. ასეთ ხმას, თითქოს რომელიღაც ჩემთვის უცნობი ფრინველი უნდა გამოსცემდეს, ერთ-ერთი იმათგანი, უფალმა ადამიანის შექმნამდე რომ გააჩინა, როგორც მისი ერთ-ერთი პირველსახე სხვა პირველსახეთა შორის. სხეულთან ერთად ხომ ხმაც იხვეწებოდა, რადგან ეს ყველაზე გვიან შექმნილი არსება ყველაზე ახლოს უნდა ყოფილიყო უფალთან, იმდენად ახლოს, რომ ხანგამოშვებით მისი მოდგმის რომელიღაც წარმომადგენელს თავის შემოქმედთან მიბრუნება უნდა მოეხერხებინა სხეულთან ერთად ხმის დათრგუნვით – შესაბამისად, მარხვასა და მდუმარებაში. მართალია, სხეულსა და მის მიერ გამოცემულ ხმას შორის არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული, ცალსახა კავშირი და მშვენიერი სხეული ჯერ კიდევ არ ნიშნავს მშვენიერ ხმას, მაგრამ ამ სხეულისაგან სხვაგვარი ხმა მაინც ვერ წარმომედგინა. გამომეტყველება, რომლითაც ის იცქირებოდა, უბრალოდ, სხვა ხმად ვერ გამჟღავნდებოდა. მისი სხეულიც  მხოლოდ ამგვარს თუ შეითავსებდა,  მხოლოდ ასე  თუ გამოხატავდა ხმის გამომცემ ასოთა ვიბრაციებად გარდაქმნილ გრძნობებს და შეიძლება, შევმკრთალიყავი კიდეც, ქალის რბილი, შემპარავი და, თუ შეიძლება ითქვას, ჰიპნოტური  ხმა რომ გამეგო.

 

და ასე, ამ  ლამის დაუფარავი დაცინვით, ყალბი თეატრალური პათეტიკით გათამაშებული წარმოდგენით გვაიძულებდა, ქრისტიანული სათნოების თუ მოწყალების ნიღბები მოგვემარჯვებინა. ცხადია, ხურდის მიმცემთა შორის გულწრფელად შეწუხებულებიც იყვნენ, მაგრამ მისთვის ასეთები, ალბათ, არც იყვნენ საინტერესო. უფრო მეტიც, ასეთები, ალბათ, მასვე აწუხებდნენ – ისევე, როგორც უმანკოების შერყვნა ან ვინმე გულუბრყვილო ნდობის გამოყენება აწუხებს თუნდაც გამოუსწორებელ თაღლითს. გაცილებით უფრო საინტერესოები იყვნენ ისინი, ვინც გრძნობდა, რომ აბითურებდნენ, მაგრამ პასუხად ზერელე თანაგრძნობის მომარჯვების მეტს ვერაფერს ახერხებდა და უნებურად ამ წარმოდგენის მონაწილე ხდებოდა. მთავარი, ალბათ, ძალაუფლების მოპოვების ეს აქტი იყო და არა მხოლოდ ფულის შოვნა და ქუჩაშიც დიდწილად, ალბათ, ის ამ უცნაური წარმოდგენის გამართვის სურვილს, ძალაუფლების ამგვარი უცნაური წესით მოპოვების იმედს გამოჰყავდა.

მოკლედ, ეს ქალბატონი თითქმის არც მალავდა, რომ თვალთმაქცი იყო და, როგორც ვთქვი, დროდადრო მომეძალებოდა ხოლმე სურვილი, არ დავყოლოდი ამ დაუფარავ გაბითურებას. მას კი გუნებაში მხოლოდ თუ გაეცინებოდა ამაზე. ჯერ ერთი, ის ხომ არასოდეს „მუშაობდა“ რომელიმე კონკრეტულ გამვლელზე. მხედველობაში ყველა, ან, უფრო სწორად, ის აბსტრაქტული გამვლელი ჰყავდა, იოლად რომ ემორჩილება პირობითობებსა და თამაშის წესებს. ასეთებია კაცობრიობის ყველა უბედურების წყარო, სწორედ ასეთებს ეყრდნობიან ათასი ჯურის დემაგოგები და ავანტიურისტები. როგორც ჩანს, არსებობს ყოველ ჩვენგანში განაბული პატარა იდიოტი, სულის კოლბებში სათუთად ნაზარდი და ზერელე პირობითობებით გამონაკვები ბრიყვი ჰომუნკულუსი, რომლისთვისაც არ არსებობს განსხვავება მოწყალებასა და უფლის თუ საკუთარი თავის წინაშე თავის მოწონების წადილს შორის და ვისაც ამ ქალბატონის დანახვა სინამდვილეში იმიტომ გაუხარდებოდა, რომ საკუთარი სოციალური ღირსების შეგრძნების შანსი ეძლეოდა.

ჰოდა, მეც ხომ ერთი ვიყავი მსგავს მრავალთა შორის. ისიცაა, ვთქვათ, გავჯიუტებულიყავი და მისთვის ყურადღება არ მიმექცია. მხოლოდ თუ გაეცინებოდა, რადგან იცოდა, რომ მისთვის ფულის მიცემით ერთხელ მაინც მოვსინჯე საკუთარი ღირსების, უფლისთვის თავის მოწონებისა და ყოველივე ამის თანამდევი სინანულისა თუ გაორების გემო, უკვე ჩათრეული ვყავდი თამაშში. რომ მომეხერხებინა კიდეც, სულ მალე დამღლიდა ჩემი გაჯიუტება და სიავე – სიავეც ხომ გღლის ადამიანს – და ისევ მორჩილად მოვჩხრიკავდი ჯიბეში წვრილ ფულს. ბოლოს და ბოლოს, ეს გაორებული ფიქრებისაგან თავის დაღწევაშიც მშველოდა. მან ეს ყველაფერი იცოდა. ასეთებმა ყოველთვის ჩვენზე კარგად იციან ყველა ჩვენი სისუსტე და ეჭვი, იციან, რა ვნებიანად შეიძლება გავეხვიოთ გაორებულ და გასამებულ ფიქრებსა და ხატებებში და ისიც იციან, რომ შედეგი ყოველთვის  ჩვენი დანებება იქნება.

 

მაინც, როგორი იყო თავის დიდ მარტოობაში-მეთქი, სულის იმ იდუმალ კუნჭულში, სადაც წამიერად მაინც გათავისუფლდებოდა, რაც ხვედრით განეჩინა და საიდანაც პინოქიოსავით გარედან შეეძლო  დაეთვალიერებინა – თანაც, ვინძლო, უკვე კეთილი მზერით – თავისი სხეული და ამ სხეულის თანაზომადი ფიქრები და ვნებები? ჩვენ ხომ იმთავითვე გვეგულება რაღაც უაღრესად საკუთრივი ადგილი ჩვენი ყოფნისა, ჩვენი იდუმალი მარტოობა, რაღაც მადლად რომ მოგვცემია და სადაც თავს უფლისწულებად ვგრძნობთ. ხოლო ის, რაც ჩვენი სხეულის, ფიქრებისა და ვნებების ცოცხალი კავშირითა და სხვების კარნახით იბადება, მხოლოდ გზაა, რომელსაც ჩვენივე იდუმალი მარტოობა გადის და ამ უკანასკნელს სხვაგვარად ხვედრს თუ ბედისწერაც ვუწოდებთ. ჰოდა, სწორედ ეს აზრი გამირბენდა ხოლმე, ნეტავ როგორია ამ თავისი ხვედრის გარეშე-მეთქი? პირველ რიგში სწორედ მას სჭირდებოდა თავისი დიდი მარტოობა, შვებით რომ შეაფარებდა თავს. ან, ეგებ, ისე ჩაიკეტა სხეულის ტყვეობაში, რომ მის გარეშე არსებობა აღარც ეგულება და თუკი რაიმე დარჩა, მხოლოდ ამ სხეულის მიღმა არსებული უცხო და ულმობელი სამყაროა? თუ მისთვის ეს მხოლოდ ასეა, ალბათ, თავადვე გაურბის თავის დიდ მარტოობას და ისევ გადარაჯებული მზერისა და თაღლითის თვითკმაყოფილების ნიღბით ამჯობინებს არსებობას. თავისი დიდი მარტოობით კი არ იცავს თავს, არამედ ნიღბით, რომლის გარეშეც მხოლოდ განდევნის ტკივილია თუ შერჩება ხელთ, იმდენად დიდი ტკივილი, რაღაც ზღვრის შემდეგ ღირსებადაც რომ აღიქმება და ტანჯვით ტკბობად გადაიქცევა. ეგებ, მის სხეულშიც, როგორც პრიზმაში  გამოტარებული აზრიც მხოლოდ ველურ პრაგმატიზმად და ასეთივე ველურ და მდაბიო ცინიზმად ითარგმნება და კიდევ – მთელ სამყაროზე შურისძიების სურვილად? ეგებ, მთელი მისი არსებობა მთლიანად იკითხება ქერომანტიით, ფრენოლოგიითა და მსგავსი ოკულტური მეცნიერებებით, რომლებიც სხეულს კითხულობენ და ცდილობენ გაარკვიონ, თუ მთელი ვარსკვლავიერი ცა თავისი მნათობებითა და თანავარსკვლავედებით, თავისი ცთომილებითა და თანამგზავრებით როგორ გამჟღავნებულა ადამიანის სხეულსა და სულში?

ალბათ, მის ჩვილობაშიც ისეთი დროც იყო, როდესაც მოხიბლული და გაოცებული თრთოლით ითვალიერებდა თითებს და გრძნობდა, სადღაც წიაღიდან როგორ ამოდიოდა სიხარული: ეს მე ვარ. შემდეგ კი გაჩნდა  ჭია, რომელმაც ამ სიხარულისაგან  აღარაფერი დატოვა. გახსოვთ რიჩარდი გლოსტერი?
„მე კი არა ვარ გაჩენილი ლაღობისათვის… და არც სარკის წინ კოხტაობა შემეფერება. მე, დაგვაჯული, კუზიანი, დამარცხებული მუხანათი ბუნების მიერ, ნაადრევი გამოგდებული დედის საშოდან, რომელსაც ეზოს ძაღლებიც კი შიშით მყეფენ, გვერდს რომ ჩავუვლი . . . როდემდე ვიდგე ამ ცის მზვარეში და შევყურებდე ჩემსავე ჩრდილს, დედამიწაზე მახინჯად ფენილს?“ ხოლო  ხურდის მიღების შემდეგ კი კმაყოფილი და გადარაჯებული მზერით გამაცილებდა და კვლავ რაღაც გლოსტერისეულს გაივლებდა გულში: „უარშიყნია ვინმეს ასე საოცრად? ვინმეს თუ მოუხიბლავს ასე საოცრად მავანის გული? მერედა როდის? იწყევლებოდა, ცრემლად იღვრებოდა, მაფურთხებდა. მასთან იყო ღმერთი, სინდისი და მართლმსაჯულება. ცა და მიწა მას ედგა მხარში! და მაინც მოვინადირე მისი გული“. ჰოდა, მეც ამ სახიობის მსხვერპლი, გაორებული და დაბნეული გავეცლებოდი და სასწრაფოდ მივივიწყებდი მეორე დილამდე, სანამ სამსახურში მიმავალი მასთან ერთად კიდევ ერთხელ ლამის უნებურად არ გავითამაშებდი მოწყალების გაღების რიტუალს.

ცხადია, ყველაფერ ამას სხვა სიტყვებით, სულაც სულ ორიოდე სიტყვით, ან, უბრალოდ, განწყობით გამოხატავდა, მაგრამ ამით მისი სასოწარკვეთა ნაკლები სულაც არ იქნებოდა. ერთხელაც აღიარებდა, რომ ვერასოდეს ვერავისთვის იქნებოდა სასურველი, რომ არავის არასოდეს დააინტერესებდა მისი დიდი მარტოობა და რომ მისი სხეული იყო მისი სამარადისოდ მისჯილი საკანი; ასე უნდა ევლო ამ უცნაურ და განდევნილ ანთროპოლოგიურ ნაშთად და არც ღმერთი ეგულებოდა საიმისოდ, რომ ხსნის მთელი წყურვილი მისკენ მიემართა. ერთადერთი, რაც დარჩენოდა, ის იყო, რომ ამავე პრიზმიდან შეეხედა სამყაროსათვის და ასე ეძია მასზე შური. ეს სხეული თავისი სუნით, ხმითა და ფორმებით, იქნებ, წამიერადაც არ აძლევდა დიდი მარტოობის შანსს?!

 

ჰო, სუნიც. ესეც ხომ ფიქრებისა და გრძნობების არაჩვეულებრივად^ ზუსტი ეკვივალენტია, თითქოს შეგრძნებებში მოცემული სამშვინველია და მეტყველია იმდენად, რამდენადაც კი შეგრძნება შეიძლება იყოს მეტყველი. ამიტომაც არის, რომ ადამიანის სუნის შეგრძნება მასთან შეხვედრის ძალზე მკვეთრად გამოხატული შემთხვევაა და ამიტომ არის, რომ ადამიანს ყველაზე ნათლად მისი სუნი გვახსენებს.

 

ცხადია, ჩვენს სხეულთან მხოლოდ ის არ გვაკავშირებს, რომ ის ჩვენია და რომ კუთვნების  ზღვრულ შემთხვევას წარმოადგენს. ეს კუთვნება იმდენად ცხადია, რომ ძნელი წარმოსადგენია უფრო მეტი სიცხადე.  თითქოს ის პირველი განცდა – ეს მე ვარ – ოდესღაც ჩვილობაში რომ გაგჩენია საკუთარი თავის თვალიერებისას წლების განმავლობაში შენი თანამდევია და ხანგამოშვებით და კვლავ და კვლავ გიბრუნდება ისეთივე ბავშვური უშუალობითა და სიხარულით თუ უკიდურესი ნაცობობის ტკივილით: ეს მე ვარ!  ალბათ, ამ განცდით მოგვრილი ჰიპნოზური ხიბლის გამოა, რომ ყველაზე უშნო სხეულიც კი მისი პატრონისათვის არა მხოლოდ მისაღები და საკუთარია, არამედ თითქოს მთელს სამყაროს მოუყრია თავი საიმისოდ, რომ მისით ამეტყველებულიყო.

ისევ და ისევ: თუკი რაიმე გამოხატავს ადამიანის ბედს მთელი სიცხადითა და უშუალობით, სწორედ – სხეული. მისი  უსასრულოდ ნაცნობი კონტურები თითქოს  თვითობის ყოვლისმომცველ განცდაში მატყვევებენ – იქ სადაც მთელი ჩემი არსებობაა შედედებული, მთელი მისი კავშირი კოსმიურ სხეულებთან თუ ასტროლოგიურ მიმართებებთან, ელემენტთა მთელს პერიოდულ სისტემასთან თუ სიცოცხლის ნებისმიერ ფორმასთან, მოკლედ, მთელს იმ ჰარმონიასა და წესრიგთან, რომელსაც კოსმოსს ვუწოდებთ. ამ უკანასკნელს ერთ კონტურში მოუყრია თავი, რათა ჩემი თვითობა-სხეული შეექმნა. ცხადია, გადის წლები და სხეული ცვეთას იწყებს – არა მხოლოდ სხეული, არამედ – მთელი თვითობა. სხეული, უბრალოდ,  ცხადად ასახავს ამ ცვეთას. ცნობიერების ცვეთაც ისაა, რომ იგი თანდათან პოულობს მასსა და სხეულს შორის არსებულ ბზარებს და გრძნობს ამ ბზარების უცნაურ მიმზიდველობას, სადღაც მოუხელთებელ, ძენონისეულ წერტილში დაგულებული „შინისაკენ“ რომ მოუწოდებენ. დგება მომენტი, როდესაც სხეული აღარ არის ჩემი ნების ინსტრუმენტი და ადამიანიც თავის იდუმალ ფიქრებში ცდილობს გაარკვიოს, თუ რაღა იქნება მისი თვითობა დროსა და სივრცეში განსაზღვრულობის გარეშე. სურს თუ არა, კვლავ და კვლავ უბრუნდება ამ ფიქრს, თუმცა კი სულმოკლე ფორმულით „ასი წლის შემდეგ“ ცდილობდეს მისგან გაქცევას.

ჰო, ჩემი ბოგანოს ცქერამ გამახსენა, თუ  სხეული, როგორც შენივთული თვითობა, იმთავითვე როგორ განსაზღვრავს  ფიქრების, განცდებისა და ნებელობის ჰორიზონტს. მთელი ჩემი სხეულია აზროვნებისა და გრძნობის ორგანო და ნებელობის წყარო. ამიტომაც ჰგავს ადამიანი საკუთარ აზრებს და, პირიქით, აზრები ჰგვანან ადამიანს. მისი სხეულის კონტურებში თითქოს იმთავითვე შეიძლება მისი ფიქრებისა და განცდების მდინარების ამოცნობა. ამიტომაცაა, რომ ბედისწერა არ არის მხოლოდ გარედან შემომთხვეული რამ, იგი, პირველ რიგში, ეს უსაკუთრივესი ნივთია, რომელიც, პირიქით, იქეთ განსაზღვრავს ჩემგან გამომავალსაც და ჩემთან შემომთხვეულსაც. ამ ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევა, ალბათ, მხოლოდ წმინდანებს თუ შეუძლიათ.

ამით, ჩვენი სხეული ის კომპრაჩიკოსის ქოთანია, რომლის ყალიბშიც ექცევა აღქმულიც და გამოთქმულიც. ერთი და იგივე ვარსკვლავიერი ცა თავისი იდუმალებით ვიღაცაში იდუმალ, მეტაფიზიკურ ძრწოლას აღძრავს და  აიძულებს, დაუნჯებულმა, საკუთარი სულის ვიბრაციებში იდუმალი უწყება ამოიცნოს, ვიღაც კი ამავე იდუმალების შეგრძნებით ფრთაშესხმული რაიმე ბანალურ სისულელეს გააკეთებინებს, ან კიდევ ჩემი ბოგანოსავით იდუმალი მხნეობით ფრთაშესხმული დააწყებინებს თავის სამუშაო დღეს. ნება და სხეული ერთიანად განსაზღვრავენ, თუ რა ენაზე ითარგმნება ეს იდუმალი  მეტაფიზიკური თრთოლა.

სხეული თითქოს თავმოყრაა მთელი იმ თავგადასავლებისა და ხდომილებებისა, რომლებიც უკვე გაგივლია, ან რომელთაც მომავალში გაივლი და ეს გზა მხოლოდ მის გაცვეთასთან ერთად თუ ჩამთავრდება. იგი ადამიანური ბედისწერის საიდუმლოს ინახავს და ხან რაღაც შენიღბული ფიქრების, ხან კიდევ ტკივილისა თუ ავადმყოფობის სახით აგზავნის უწყებას მის შესახებ.

რაც უფრო უახლოვდები შენი არსებობის ძენონისეულ წერტილს, მით უფრო ნათლად იაზრებ, რომ შენ და შენი სხეული ერთნი არა ხართ. იგი თითქოს შენი ნაშთი ხდება, შენი წარსულის საწყობი, მთელი იმ გზისა, რომელიც შენ განვლე. შენი წარსულის ფიქრებსა და განცდებს შეუცვლიათ იგი, გაუცვეთიათ და დაუღლიათ. სწორედ რომ წარსულისა. სენი, რომელიც მის რომელიღაც წერტილში იწყებს ციალს და ნელ-ნელა ვრცელდება მთელს ხეულში, თითქოს სხვა არაფერია, თუ არა წარსულის მთავარი თავმოყრის წერტილი. იგი აქ არის, იმ მე-ნივთში, რომელიც თითქოს შენ გეკუთვნოდა, მაგრამ, თურმე, ამასთანავე შენი ბედისწერის საკუთრება იყო და შენ და შენი ბედისწერა ერთად ძერწავდი თმას. ჰოდა, სენიც აქ იბუდებს. იგი ისევეა „შენი“, როგორც სხეული. იგი უსაკუთრივესად შენია. რაღაც უცნაური წესით მე საკუთარი სენის შემოქმედი ვარ. ჩემი სენი ჩემივე კონცენტრირებული რაობაა, რომელსაც მანამდე მხოლოდ სხეულის კონტურებით, ხმითა და სუნით გამოვთქვამდი.

სხეულის ცვეთა დასტურია იმისა, რომ ჩემმა წარსულმა დაქანცა იგი, ხოლო აწმყოს მანათობელი წერტილი ვეღარ შეაქვს მასში. წარსულმა დახარჯა ის, რაც მადლად მიეცა და სხვა გზა არ არის, ახლა სხვა საბინადრო უნდა ეძიოს. სიკვდილი სხვა საბინადროში გადასახლებაა და კიდევ თავის დაღწევა იმ ყროლისაგან, რომელიც წარსულმა დააყენა. სიკვდილი თავის დაღწევაა საკუთარი წარსულისაგან, მაშინ, როდესაც სხვაგვარად ვეღარ დაგიღწევია თავი და უფალი გეწვევა და გიხსნის. და სხვა არაფერი გრჩება, თუ არა სინანული და სირცხვილი საკუთარი სხეულის გამო, რომელსაც უკვე სიხარულით უთმობ ყოვლისდამტევ და ყოვლისმომცველ მიწას. ისიც იწოვს მას და განაქარებს, თუმცა კი რჩება ერთი რამ, რომელიც არ უნდა განქარდეს და არ უნდა შეიმუსროს: შენი ძვალი, როგორც დასტური შენი  ამქვეყნად ყოფნისა. სუნი და ხორცი ერთად იწოვება მიწაში და რჩება შენი ძვალი, რომელიც არ უნდა შეიმუსროს.

 

ყველაფერი ეს, ალბათ, იმაზე მისანიშნებლად ვთქვი, თუ ამ ტლანქი და უფორმო სხეულის ფორმასა და სუნს, ამ დამცინავ მზერას და ისტორიამდელი მტაცებელი ფრინველის ამ ხმას როგორ შეიძლებოდა ეშვა ეს ჰიპერტროფირებული არტისტიზმი. ამით იმაზეც მინდოდა მიმენიშნებინა, როგორ ჩნდებოდა ჩემი  ქველმოქმედებაც. რა უცნაურია სამყარო და როგორ შეიძლება, ამ უცნაური არსებების ათასეულებიდან სოციალური დარვინიზმის გზით დიადი არტისტები იშვან, დიადი მსახიობები თუ თვალთმაქცები და რომ პირველსახე ამ დიადი ადამიანებისა, ისევე, როგორც ნებისმიერი იმისა, ვინც სანახაობისა და გართობის წარმოებით ცდილობს ლუკმა-პურის შოვნას, ამ ათასეულებშია, პირველებმა რომ სცადეს გამვლელ-გამომვლელთა ყურადღების მიპყრობა, პირველებმა რომ სცადეს, მათში სიბრალული, თანაგრძნობა თუ, უბრალოდ, კეთილი განწყობა აღეძრათ – ამ საბრალო ათასეულებში, ვისთვისაც ცხოვრება დაუძლეველ ამოცანად იქცა და ახლა ლამის დაუფარავი ცინიზმით იძიებენ შურს მათზე, ვისაც ბედმა იოლი არსებობა არგუნა.  ალბათ, სპონტანურად სწორედ ამ ბოგანო ათასეულებში ჩნდება არტისტული ოსტატობის პირველი ნიმუშები, რომლებიც შემდეგ უკვე სოციალური დარვინიზმის გზით ერთეულებს უკიდურეს დახვეწილობამდე მიჰყავთ და ამით აღასრულებენ ათასეულთათვის აღუსრულებელ ამოცანას – როგორმე სხვა ადამიანებივით განთავსდნენ არსებობაში. ან, იქნებ, არცა აქვთ ეს ამოცანა და თავისთავად ამ ბოგანო არსებობაშიც არის რაღაც ისეთი ხიბლი, რომელსაც რიგითი მოქალაქის ყოველდღიური არსებობა ვერ შეცვლის – სოციალურ პირობითობებსა და კონვენციებზე უარის თქმის, სოციალური ასოციაციებისაგან თავისუფლების, ტერმიტის მსგავსი სოციალიზაციისაგან უარის თქმის ხიბლი და, ვინძლო, ბედნიერებაც, ხოლო ისინი, ვინც ზემონახსენები სოციალური დარვინიზმის შედეგად ჩნდებიან, უბრალოდ, უარყოფენ თავის წინამორბედთა ამ ძირეულ მისწრაფებას. ვინ იცის, იქნებ, ასედაც არის და მათი სიბრალული ისეთივე აბსურდულია, როგორიც მეძავისა თუ ბაცაცასი, რადგან არ შეიძლება გებრალებოდეს ადამიანი, ვინც თავისუფლების რაღაც, თუნდაც მარგინალური განზომილება მოიპოვა და ახლა ნარკოტიკული თრობით მისცემია მას.

 

ასე იყო თუ ისე, ამ ქალბატონმა რიტუალში ჩამითრია. ჩვენი არსებობაც, ალბათ, ასეთი რიტუალური პირობითობებისაგან შედგება და  სხვაგვარად ჩვენი თანაყოფნა ვერც აიგება. სოკრატეც ხომ იმიტომ არ განიდევნა, რომ რაიმე ალტერნატიულ თუ ზღვრულ ჭეშმარიტებას ატარებდა, არამედ, უბრალოდ, იმთავითვე უარი თქვა აზრის საყოველთაოდ მიღებულ რიტუალურ პირობითობებზე და მეტი არაფერი?! მას არც კი უფიქრია ახალი ცისა და ახალი ქვეყნის შესახებ ექადაგა და ერთადერთი, რაც ეწადა, ის იყო, რომ რიტუალური პირობითობებით ნაგები კომპრაჩიკოსის ქოთანი ემხილებინა. უბრალოდ, ვერც მან და ვერც სხვა მისთანებმა ვერ გაითვალისწინეს, ამ პირობითობების მიზანია არა ჭეშმარიტება, არამედ  კონტექსტის კომფორტი. ამგვარი კომფორტით თუ ვიოკებთ გონების იმ მშფოთვარე და მუდამ ჯანყისთვის გამზადებულ კუნჭულებს, მოსვენებას რომ არ გვაძლევენ და დღისით და ღამით  თვალთმაქცობაში გვამხელენ – სულ მცირე ხნით, მაგრამ – მაინც. ჰოდა, ამ ქალბატონმაც იცოდა ეს და კატათაგვობანას გვეთამაშებოდა. ამგვარებმა ყველაზე კარგად იციან, რა ფასი აქვს ჩვენს მცდელობას, გავთავისუფლდეთ და ისე მოვიქცეთ, როგორც ამას ჩვენგან ჩვენი სულის მშფოთვარე უბნები მოითხოვენ. ვითომც, გულდაწყვეტილი დაგვადევნებს სევდიან მზერას, რომელშიც მსხვერპლის დანახვაზე განაბული წვრილი მტაცებლის ნაპერწკალი მოუხელთებლად დაქრის. თითქოს გვიშვებს და გვათავისუფლებს კიდეც, თუმცა იცის, რომ სულ მალე მომწყინდება გონების აჯანყებული კუნჭულების ჟრიამულიც, კონტექსტიდან გაქცევისთვის ბრძოლაც და ისევ მივუბრუნდები მას – სხვებთან რიტუალურ პირობითობებში თანაარსებობის კომფორტულ წიაღს. ჰოდა, რა ძალა ჰქონდა, ჩამჭიდებოდა და ასე გავეხადე იძულებული, ჯიბისკენ წამეღო ხელი? იმ წამს კი მიაღწევდა მიზანს, მაგრამ სამუდამოდ დამკარგავდა?! განა, არ ჯობდა, საკუთარი გულგრილობით შეძრული ჩემივე ნებით მივბრუნებოდი რიტუალს და შერიგების ნიშნად მცირედი ხარკიც გამეღო?! მოკლედ, ის გაცილებით ბრძენი იყო, ვიდრე შეიძლება გეფიქრა კაცს და მისი ყალბი არტისტიზმიც სალოსური ნიღაბი იყო ამ სიბრძნისა, ოდესღაც და სადღაც სარკის წინ მყოფმა რომ მოიპოვა: დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი, და ღამე, როცა ითქვა, კაცი ჩაისახაო! დაბნელდეს ის დღე, აღარ მოხედოს მას უფალმა ზეგარდამო, აღარ ინათოს მასზე ნათელმა. მოიცვას წყვდიადმა და აჩრდილმა სიკვდილისა, ღრუბელი გადაეფაროს, თავზე და დღის სიშავემ შეაძრწუნოს…  რომ საშოშივე არ ჩამიკეტა კარი და არ განმარიდა ამ სატანჯველსო!

ჰოდა, ეს რომ ვიცოდი, ამიტომაც იყო ამაო ჩემი ყველა მცდელობა, რიტუალს გავქცეოდი, რადგან ამ წამოძახილის წინაშე ისეთივე უძლური იყვნენ გონების მოჯანყე კუნჭულები, როგორც იობის მეგობრების დაუსრულებელი ბჭობა იმის შესახებ, თუ რატომ მოუვლინა უფალმა მას ასეთი ხვედრი. არის რაღაც, რის წინაშეც ხევდება ყოველივე: საღი აზრიც, თავისუფლების წყურვილიც, თვითკმაყოფილებაც იმის გამო, რომ არც ისე იოლი მოსატყუებელი ხარ და არის რაღაც, რის წინაშეც უძლურია თავისუფლებისა და სოციალური პირობითობებიდან საკუთარ თავთან დაბრუნების წყურვილიც.

ეს იყო მისი მთავარი არგუმენტი და მსურდა თუ არა, რიტუალს ვუბრუნდებოდი და დავუბრუნდებოდი თუ არა, მზერაში წამსვე დამახვედრებდა გამარჯვებული წვრილი მტაცებლის  ნაპერწკალს. ეს იყო ის საბოლოო არგუმენტი, რომელსაც თავს ვერასოდეს დავაღწევდი, თუნდაც კარგად გამეაზრებინა, თუ რა უგვანად და უკეთურად იშველიებდნენ მას ჩემს წინააღმდეგ, რადგან ვიცოდი, რომ ის, ვინც მას იშველიებს, იმთავითვე მართალია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს არგუმენტი მას მისმა ხვედრმა არგუნა და ოდესღაც, ალბათ, დიდი სიხარულითაც იტყოდა უარს მასზე. ახლა კი, ვინძლო უკვე გადასული იყო იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ტანჯვით უგვანი ტკბობა იწყება? ეს ტკბობაც მას თავისმა ხვედრმა არგუნა,  ტკბობაც, არტისტული თვალთმაქცობაც, მოწყალების გაღების რიტუალში ჩემი ჩათრევის აზარტიც, მოკლედ, მთელი მისი საჯაროდ გამოტანილი თვითობა.

ასე აღმოვჩნდით ჩვენ ორნი რიტუალური ქცევის ერთ წრეში მოქცეულები, თურმე, სწორედ ეს იყო მისი მიზანი და არა თავის შებრალება ან რაიმე სხვა მსგავსი. ეგებ, მის გულში ჯერაც ჭიატებდა უნიადაგო იმედი, თავისი ბედის მწერალთ  დაანახებს, რა მორჩილად და უდრტვინველად აღასრულა მათი განჩინება, ხოლო მე, მსურს თუ არა, გულის სიღრმეში მაინც გამიჩნდება კმაყოფილების გრძნობა გაღებული მოწყალებისა და ოდესმე მომავალში მოსალოდნელი კეთილი ნაცვალგების გამო. ერთიცა და მეორეც ჩვენს მომავალს საშენი მასალით უზრუნველვყოფდით და გულის სიღრმეში ორივეს ბავშვურად გვწამდა, ჩვენს დიდ მარტოობაში დაგულებული სინამდვილე დადგებოდა და ის შეუდარებლად უკეთესი იქნებოდა იმაზე, რომელშიც ვიყავით; რომ მთავარი ეს იყო, ამ ახალი სამყაროსათვის ადგილის გამზადების, მის გამო მუცლადღების მდგომარეობაში ვვყოფილიყავით მეც და ჩემი ბოგანოც და თუნდაც ყველაფერ ამას ათასი ეჭვი, დაცინვა, ერთმანეთის გამასხრება თუ ფარულ ზრახვათა სააშკარაოზე გამოტანა ახლდა, მაინც კარგი იყო. მთავარია, ეს სასურველი მომავალი სწორედ მაშინ დადგეს, როდესაც მისი საშენი მასალა ბოლო მარცვლამდე გვექნება გამზადებული. ჰოდა, გვეთვალთმაქცა მე და ჩემს ბოგანოს, მერე რა?! მთავარია, თავი მაინც მოვიტყუოთ, რომ ამით  მომავალს ვქმნით.

 

მოკლედ, მეც ვთვალთმაქცობდი და იგიც. ეგებ, იგი უფრო გულწრფელიც იყო თავის თვალთმაქცობაში? თავისი ნამდვილი არსებობა, თავისი დიდი მარტოობა ხომ, ალბათ, სადღაც სხვაგან ეგულებოდა – ამ ნიღბისა და რიტუალის მიღმა. ნიღბით კი მხოლოდ თავს იცავს, მხოლოდ იმას ცდილობს, გადაურჩეს თავსდამტყდარ გარემოებებს, თავის გარეგნობას თუ გარემომცველთა გულგრილობას, დაღლილობას, რომელიც მისი ასაკისა და ბედის ადამიანს ყოველ უჯრედში უნდა ჰქონოდა გამჯდარი, ადამიანებს, რომლებიც ვერასოდეს შენიშნავდნენ დედოფალს მის  სხეულში და მათზე შურს იძიებდა იმით, რომ ამ უცნაურ რიტუალში ითრევდა – თანაც ისე, რომ მისთვის წამიერი თვალის შევლების განმავლობაში ვერც კი ასწრებდნენ ამის გააზრებას – მაშინაც კი, როდესაც დაცინვის ნაპერწკალს შეამჩნევდნენ მზერაში, დაცინვას, ან კიდევ – უსასრულო გულგრილობას, სიძულვილში გადასულ შურს ან რაიმე მსგავსს. ჩვენ ყველანი მისთვის ხომ ლამის უსიცოცხლო საგნები ვიყავით, რომლისთვისაც ხელი უნდა ჩაევლო, ორიოდე წამის განმავლობაში თავის ჭკუაზე ეტარებინა და ისევ მიეშვა ისე, რომ აღარც მას და აღარც მის მსხვერპლს აღარ უნდა ხსომებოდა მომხდარი. ლამის შეუმჩნევლად შემოიტყუებდა და გაისტუმრებდა. მართალია, გამვლელთაგან მხოლოდ ნაწილი თუ დაჰყვებოდა მის ნებას და  ჩაერთვებოდა ამ სახიობაში, მაგრამ სწორედ ამას ჰქონდა ფასი – იმ ერთეულებს, რომლებიც მისი ნებით ისე აღასრულებდნენ თავის როლს, რომ ვერც კი გაიაზრებდენ ამას. სწორედ ეს ერთეულები – და მეც ხშირად  მათ შორის – უდასტურებდნენ გამარჯვებას, მას, სოციალური სივრცის პერიფერიაზე თუ სოციალური პირამიდის ძირში გადასროლილ არსებას, სადღაც გარეთ რომ დარჩენილიყო სხვა თავისნაირებთან ერთად. ამ ამაყად მავალ, საკუთარი ღირსების გრძნობით გაჯერებულ, კარგად გამოწყობილ გამვლელებს წამიერად მაინც ათამაშებდა თავის ჭკუაზე და მხოლოდ მან და მისნაირებმა თუ იცოდნენ, რა ფასი აქვს ასეთ გამარჯვებას.

ჩემი დიდი მარტოობიდან კი ისევ და ისევ გაისმის იმედიანი ხმა: ეგებ, მთავარი მაშინ ხდება, როდესაც შევძლებ და მეორე ადამიანში ამოვიცნობ იმ გზას, რომელსაც ის გადის: გზას საგნებისა, ადამიანებისა, მოვლენებისა, გზას საკუთარი სხეულისა, გადის იმ ბილიკებს, რომლებიც სადღაც და ოდესღაც მონიშნეს იობმა, აჰასფერმა, რიჩარდ გლოსტერმა და თავად მაცხოვარმაც. ეგებ, მისი მეშვეობითაც ცდილობს ეს უკანასკნელი თავისი გზა განვლოს? ეგებ, ჩვენ ყველანი – გვსურს თუ არა – გავდივართ ამ გზას, ჩვენ ყველანი ერთ მშვენიერ წამს სასოწარკვეთით შევძახებთ: მამავ, მამავ, რაიზედ დამიტევე მე და ისე მივნებდებით ულმობელ განჩინებას, რათა სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენს გარშემო წყვდიადი სრული შთანთქმით გვემუქრება, ვიღაცის მეშვეობით მოვლენილმა მაცხოვრის მზერამ გვიხსნას – ოღონდ ვიღაცის სხეულის, ფიქრებისა და ცხოვრების ბილიკებით მომავალი მაცხოვრისამ. და მეც შევცქერი ამ სხვას და, ეგებ, ისიც მოვახერხო, აჰასფერივით უარი არ ვუთხრა თანალმობაზე. ამით ყოველი ადამიანი, ვისაც კი ვხვდები, შანსია ჩემთვის, რომ მაცხოვრის მარადიული სვლის თანაზიარი ვიყო, შანსია იმისა, რომ თავი დავაღწიო ნამყო მყოფობის ტყვეობას და მომავლისკენ მივმართო საკუთარი თავი? ამავდროულად, ეს შანსია იმისა, რომ იმას, ვისაც უფალი მახვედრებს, ჩემი „ნათელი ჭეშმარიტის“ მეშვეობით შევუმსუბუქო ჯვარცმის ტკივილიცა და აღდგომაც? აჰასფერი ის საფრთხეა, რომელსაც მე ჩემი გულგრილობითა და მონობით ვინახავ საკუთარ თავში და ხშირად რუდუნებითაც კი ვზრდი ჩემი სილაჩრისა და სიწუწკის გამო. გზაზე, რომელსაც გავდივარ, უამრავი ადამიანი მხვდება აჰასფერად და უამრავ ადამიანს ვხვდები მე აჰასფერად, თუმცა კი მთავარი ის ერთი მცირე წამია, როდესაც შევძლებ და მაცხოვრის მზერით შევხედავ მას და ბორკილებს შევუხსნი..

გატაცებით, როგორც ხსნას, მივყვებოდი ამგვარ ფიქრებს. ვინ იცის, ეგებ, ამ ტლანქი კონტურებიდან და თაღლითურად მოჭუტული თვალებიდან ის მეთამაშება, ის ეშმაკობს, რათა მეც თვალთმაქცობათა უსასრულო გზაზე დამაყენოს და მანამ მატრიალოს ამ კუნაპეტ მორევში, სანამ მყისიერად ნათელი არ გახდება ჩემთვის, თუ რატომ მარგუნა ბედმა აჰასფერის გზის მოსინჯვა, ეს დაუსრულებელი ხეტიალი საკუთარ ნიღბებს შორის, ეს დაუსრულებელი მცდელობები იმისა, რომ როგორმე რომელიმე ნიღაბს ექსტატურად შევერწყა და მოვისვენო? ვინ იცის, იქნებ სწორედ მაშინ, როდესაც ბოგანო თაღლითური ღრეჯით მიშვერს ხელს და თან ცდილობს, რომ კარგად დავინახო მისი ამოგდებული მხარი, სწორედ მაშინ, როდესაც თვალებში უკიაფებს დამცინავი ღიმილი იმ ასეულობით გულუბრყვილოს გამო, თამაშში რომ აჰყოლიან და ხურდა ჩაუყრიათ მისთვის, სწორედ მაშინ, როდესაც თვალს ვარიდებდი მის უშნოდ გაშლილ დაბერებულ ბარძაყებს და მოღეღილ ოფლიან და ქონმოდებულ მკერდს, სწორედ მაშინ, როდესაც მისი ასაკმორეული და თაღლითობას მორგებული სხეულის სუნი მეცემოდა, სწორედ მაშინ, როდესაც დამცინავ ნაპერწკალს მოვხელავდი კიდევ ერთი მოტყუებულის გამო, ამ ნიღბით სწორედ ის მეთამაშებოდა და მაიძულებდა, საკუთარ ნიღაბთა შორის ხეტიალის მთელი სასოწარმკვეთი უსასრულობა, ამ ნიღბებით ნაგებ წრეზე სიარულისა და ნიღბების კალეიდოსკოპის უსასოობა მეგრძნო და იმ წამის სიახლოვეც, როდესაც თავად ჩამავლებდა ხელს და მთელი ამ მორევისაგან გათავისუფლებულს უცნობ ბილიკებზე გამიძღვებოდა. ვინ იცის, იქნებ, ასეც იყო და ამ ბოგანოს სახით მომევლინა ის, ვინც უნდა გამომცადოს – არა იმ აზრით, შემიძლია თუ არა გაღება, არამედ შემიძლია თუ არა ამ გაღების შემდეგ ჩემი სულის მოზიმზიმე უფსკრული ვიგრძნო, ის ბზარი, რომელიც ადამის სამოთხიდან განდევნის შემდეგ დამყვა და რომელმაც კიდევ ერთხელ შემახსენა თავი, როდესაც სადღაც და ოდესღაც, ვინ იცის, მრავალჯერაც ჩემს სახლთან ჩავლილსა და ადამიანთა მიერ განწირულს აჰასფერთან ერთად ყორეზე მიყუდების უფლება არ მივეცი. ვინ იცის?! ჰოდა მომესაჯა ახლა მარადი სიცოცხლე, უფრო კი მარადი ბრუნვა ჩემი სულის კალეიდოსკოპისა და მარადი ცქერა იმ სახე-ნიღბებისა, რომლებშიც ოდესმე გავნივთებულვარ.

 

დიდხანს ვერ გრძელდებოდა ეს მხსნელი ფიქრები. ამ ქალბატონის დადარაჯებული მზერა განდევნიდა ხოლმე მათ და ჯიუტად მარწმუნებდა, რომ ეს იყო მხოლოდ წარმოდგენა, მხოლოდ და მხოლოდ  ერთგვარი სახიობა, რომელშიც ორი თვალთმაქცი ვმონაწილეობდით, მარტივი ტექნოლოგიით რომ ვცდილობდით ჩვენი მიზნების მიღწევას და სხვა არაფერი. უფრო მეტიც, სხვა რაიმე, აქედან თავის დაღწევის მიმტანი, არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენ ხომ ჩვენი დროის შვილები ვართ – ტექნოლოგიების ეპოქისა. თუკი წმინდა ისააკ ასური საკუთარი სულის ჯოჯოხეთისკენ მიიმართებოდა, რათა მის წიაღში, თავისი სულის უღრმეს შრეებში ნათლის ციალი წამიერად მოეხელა, რაღაც გამოუთქმელის კარიბჭესთან მისულიყო,  ჩვენთვის ეს ტექნოლოგიებია თვითღირებული. ჩვენი ეპოქა ახერხებს, ხსნის მთელი ვნებიანი შინაარსი კომფორტის ტექნოლოგიებად და ალგორითმებად დაანაწილოს. ის, რასაც ოდესღაც სულის ხსნას უწოდებდნენ, ახლა კომფორტია თავისი განშუალებული და წუხილის მინიმუმზე დაყვანილი არსებობით. ჰოდა, ეს ქალბატონიც სხვას რას აკეთებდა? უბრალოდ, საკუთარ თავს გვთავაზობდა საიმისოდ, რომ გაჭირვებულისათვის მოწყალების გაღების ალგორითმში მოვქცეულიყავით, თან ისე, რომ ამაზე ბევრი დრო, ფიქრი და ძალისხმევა არ დაგვეხარჯა, მერე კი კეთილი საქმის აღსრულებით კმაყოფილებს გზა განგვეგრძო.

ჩვენი ეპოქა რაციონალური კომუნიკაციებისა და საკომუნიკაციო რაციონალიზმის ეპოქაა. კომუნიკაციათა და ალგორითმთა გამართულობა მასში  ჭეშმარიტებისაკენ ვნებიან  სვლას ცვლის, როდესაც სასოწარკვეთა და ტკივილი მუდმივად თან დაგდევს და მუდმივად ჩაგძახის, რომ რაღაც არ არის წესრიგში და რომ შენი სვლის გზები კიდევ და კიდევ უნდა გადასინჯო. ჩვენს დროში მთავარია, კომუნიკაციათა ტექნოლოგიებს დაეუფლო და ისე განთავსდე იმ გიგანტურ ეგალიტარულ მატრიცაში, გლობალური სამყარო რომ ჰქვია. ამ უკანასკნელს მხოლოდ ზღვრამდე ფორმალიზებული კომუნიკაციებითა და ზღვრამდე დახვეწილი ალგორითმებით შეუძლია არსებობა. თუ ვერ მოექცევი ამ ქსელის კონტექსტში და ის განგდევნის, როგორც უცხო სხეულს, როგორც იმგვარ მავანს, რომელიც ვერ დაეუფლა მის ენასა და რიტმს და ყოველ ნაბიჯზე ბორძიკობს, ჩერდება, აკვირდება, სწავლობს და ამით სხვებსაც ხელს უშლის; მის არქაულ აზროვნებას ჯერაც ვერ გადაულახავს ჭეშმარიტების ილუზია, ვერ გაუგია, რომ მთავარი ამოცანაა, კომუნიკაციათა ერთიან მნიშვნელზე დაყვანილი პარადიგმების ათვისება და არა ეჭვი, შიში, ირაციონალური მოლოდინები, სინდისის ქენჯნა, მეორე ადამიანის აღმოჩენით მოგვრილი სიხარული, დანაშაულის ირაციონალური გრძნობა, სიკვდილის ხსოვნა და ათასი სხვა რამ – ყველაფერი, რაც ხელს უშლის კომფორტს, როგორც ხსნას. ამ უკანასკნელს ყოველივე ამის განკურნება თუ არა, დაამება მაინც ძალუძს, ან მათი დავიწყება და საკომუნიკაციო მატრიცის ორეულებით ჩანაცვლება. ასე დაიძლევა სიკვდილის შიში კლონირებით, სიყვარული – სექსით, სულის მოულოდნელად აჟღერებული მეტაფიზიკური ბზარები – ფსიქოანალიტიკური სეანსებით, ხოლო თუ საქმეს ამანაც ვერ უშველა, თუ მეტაფიზიკური ბზარები მოსვენებას არ გვაძლევენ, არსებობს თანამედროვე სამყაროს კიდევ ერთი უნივერსალური პროდუქტი – ე.წ. „რელიგიური მომსახურეობა“, რომლის შეძენაც ისევე შეიძლება, როგორც კომიქსისა თუ დეტექტივისა.

ეს ქალბატონი სწორედ ამას მთავაზობდა. ამით იგი გლობალური სამყაროს ერთგვარი მისიონერიც კი იყო, თუმცა კი თავად ამის შესახებ არაფერი გაეგებოდა. უბრალოდ, იგი ეპოქის შვილი იყო და სულის ხსნის მარტივ და იოლად აღსასრულებელ ტექნოლოგიას მთავაზობდა ისევე, როგორც ამას მისი წინამორბედები ათასობით წლის განმავლობაში აკეთებდნენ. უბრალოდ, გლობალურმა სამყარომ დღეს თავის სამსახურში ჩააყენა მისი საქმიანობა, თავისი ელფერი მისცა და თავისი იმპერატივებით დაავალდებულა.  მის მიერ გამართულმა სახიობამაც ახლა უკვე ეს გლობალისტური ელფერი შეიძინა და მეც, ცხადია, ხანგამოშვებით წინააღმდეგობას კი ვუწევდი, მაგრამ შემდეგ ეპოქის კონტექსტი ისევ თავისკენ გამიტყუებდა ხოლმე. ისევ ჩავიყოფდი ხელს ჯიბეში და გასაღებებსა და ასანთს შორის თითებით ხურდას გამოვარჩევდი.

 

მოკლედ, ამ ისტორიაში ორნი ვმონაწილეობდით. ჩვენ ორნი  და კიდევ იყო ის დრო-სივრცე, რომელიც გვაკავშირებდა. ან, ეგებ, ეს დრო-სივრცითი კონტინუუმიც იმის წყალობთ იყო, რომ ვიყავით ჩვენ და ჩვენი შეხვედრის წყალობით ეძლეოდა არსებობა,  როგორც სარკეს, რომელშიც (ახლა უკვე ჩემს დიდ მარტოობაში  არ მეშვება იმედი, რომ) ის თავის ანარეკლებს განათავსებს და ამით დასტურს აძლევს თავის არსებობას, თანაც ამ დასტურის უსასრულო და გარდუვალი ვნებით გადმოღვრის თავს მათში. ყოველგვარი არსებობა ხომ ვნებაა და რაოდენ უსასრულო უნდა იყოს ეს ვნება ანარეკლებისათვის სულის ჩაბერვის  მეტაფიზიკურ ვითარებებში. ჩვენც ჩვენი  შეხვედრით  ვადასტურებდით მის ქმედით ვნებას. სწორედ რომ შეხვედრით, რადგან თავადვე ხომ ამბობს, რომ ჭეშმარიტების მატარებელი მხოლოდ ეს შეხვედრა შეიძლება იყოსო: რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა. ან ვადასტურებდით და ამით მისი პირველადი სიტყვის დაძაბულობაში ვიყავით ჩართულნი, ან, უბრალოდ, ვცდილობდით ამას, ან, უფრო ხშირად, რამდენადაც თავისუფლება მოგვეცა, უბრალოდ, თავს ვიკატუნებდით, ვადასტურებთო. თუმცა რა?! ეს თავის მოკატუნებაც, ეგებ, ირიბად ადასტურებდა იმას, რისთვისაც ის ამ სარკულ ანარეკლებში  მთელს თავის არსებას გაიღებდა. თუნდაც, უარი გვეთქვა ამ დასტურზე, ამით ირიბად მაინც დავადასტურებდით იმ კოსმიურ ისტორიას, რომელშიც გავჩნდით, ან, უფრო სწორად, რომლის შესაქმნელადაც ჩვენ გაგვაჩინეს. ერთადერთი, რითაც ამ ისტორიის შეწყვეტა შეგვეძლო, თუკი თავს გლობალურ მატრიცას – ლავდიკიის ნელ-თბილ ეკლესიას შევაფარებდით და ისიც  აღმოგვაგდებდა პირისაგან მისისა. გახსოვთ? და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყვის ამენ, მოწამე იგი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ და არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაითამცა ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არც აგრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა. ხოლო სანამ უკიდურეს სიცხესა და უკიდურეს სიცივეს შორის მიმოვიქცეოდით, ჯერ კიდევ გვრჩებოდა შესაძლებლობა, რომ მარადიული სასუფევლის რომელიმე სივრცეში აღმოვჩენილიყავით – ან – სამოთხეში, ან კიდევ – ჯოჯოხეთში და ლავდიკიის ეკლესიას – სამუდამოდ ჯოჯოხეთის ჯარიბჭესთან მქროლავ სხვა გულგრილთა სულებს არ შევერთებოდით.

ასე იყო თუ ისე, ერთმანეთს ვეთამაშებით  ორი ბოგანო და ორი თაღლითი. ასე თვალთვმაქცობდით საკუთარი პატივმოყვარეობისა და (ჩემს დიდ მარტოობა მაწვდის იმედებს) მის წინაშე. და ასე ვასრულებთ რიტუალს და (იმედი მქონდა), რომ  მიუხედავად ჩვენი გაბნეული და მრავალშრიანი მისწრაფებებისა, შედეგად მისი თანაყოფნა ექნებოდა. ერთხელაც შევძლებდი, რომ აჰასფერის გულგრილობით ცოტაოდენი ხურდით კი არ მომეშორებინა თავიდან, არამედ, როგორც უკვე ვთქვი, მისი გზა, მისი ხვედრი გამეტარებინა ჩემს გულში, ხოლო მას, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ ერთხელაც მის ხვედრს ბზარები გაუჩნდებოდა და ამ ბზარებიდან შვება შემოეყრებოდა – შვება და ნაცვალგება ათწლეულების განმავლობაში განცდილის გამო. ესაა, ალბათ ყოველგვარი რიტუალის საზრისი. რიტუალი ხომ იწყება იქ, სადაც მე და მას არ ხელგვეწიფება საკუთარ თავში მიგნება იმ მყარი რაობისა, სადაც მის მიერ ბოძებული „ნათელი ჭეშმარიტი“ დაივანებდა, სადაც უმწეოა ჩვენი გონება, ნება და გული, სადაც ერთიც, მეორეცა და მესამეც თავისი უძირო შრეების ხილვით შეძრწუნებული ხევდებიან და რიტუალითღა ახერხებენ, თავი დააღწიონ უსასრულო ვარდნას, უსასრულო დაშვებას სადღაც იმგვარ მღვიმეებში სულისა, სადაც აღარაფერი რჩება არც გონებისა, არც ნებისა და არც გულისა. ეგებ, აქედანაა გარდუვალობა იმ რიტუალისა, რომელსაც მე და იგი ვასრულებთ საკუთარი მეტაფიზიკური ღირსებისა თუ მნიშვნელობის შეგრძნებით მთვრალი მავანი მღვდლის ხელმძღვანელობით, თუ – მის გარეშე. აქედანაა ის ფარული იმედი, რომელიც დაგვდევს მასაც და მეც. რადგან თუ არა მისი თვალი,  რომელიც, ამავდროულად მისი შემომქმედი ხელია, მებიუსის სიბრტყეზე სახეტიალოდ ვიქნებოდით განწირულები. რიტუალი ჩემი და ამ ქალბატონის გარდუვალი უმწეობის თანამდევი რამ არის, ისაა, რაც არსებობას გვინარჩუნებს და უფსკრულში ჩაშვების საშუალებას არ გვაძლევს, თორემ მხოლოდ ჩვენი გონება, ნება და გრძნობა რომ იყოს,  რუბენსის რომაელი ჯარისკაცივით წავუძღვებოდით მას გოლგოთისაკენ, ან, ბოსხისეული მღვდელივით, ჯვარცმას ღვთისმსახურებად წარმოვიდგენდით და სხვებსაც მოვუწოდებდით. თუმცა, რა?! ჩვენ, მე და ის ხომ მუდმივად ან ერთს ვაკეთებთ ან – მეორეს, და მისი ეშმაკობის წყალობით ერთიცა და მეორეც ჯვარცმისა და აღდგომის იდუმალ რიტუალად და მისტერიად იქცევა. და ასე გამოდის, რომ იგი მაინც მიგვიძღვის წინ, რათა ჩვენი სიავის წყალობით მაინც აღასრულოს კეთილი საქმე, შემდეგ ამ კეთილ საქმეში დაგვავანოს და კიდევ ერთი საყრდენი მოგვცეს, რათა საკუთარი სულის რომელიღაც მღვიმეში არ მივიკარგოთ. ჭეშმარიტი ბოგანო და უსახლკარო სწორედ იგია, უსასრულოდ დახეტიალობს ჩემსა და ბოგანოს შორის, არა აქუს, თავი სადა მიიყუდოს და ორი აჰასფერის მიერ აღსრულებული სიქველისა თუ თავის დამცრობის რიტუალით ცდილობს, თავისი თავშესაფარი მოქსოვოს.

ვუცქერდი ამ სხეულს და ვფიქრობდი იმ ბილიკებზე, რომელიც უნდა განვლოს მარადიულმა ჭაბუკმა, სანამ მიაგნებდეს ამ სხეულში მიმალულ თექვსმეტ ოქროს კვეთას, სანამ მიაგნებდეს იმ წერტილს, საიდანაც ფაბონაჩის სპირალზე მისი სვლა დაიწყება, სანამ გზას გაიგნებდეს ამ სხეულის მიერ ნაშობ ფანტომურ იმედებსა და ანგარიშებს შორის, სანამ შეძლებს და გააღწევს იმ უკუნში მიმალულ ავსულებს, რომლებიც ამ სხეულში კეტავენ ჩემს ბოგანოს. ხომ თავად სხეულშია მოსაძებნი მისგან თავის დაღწევის მეტაფიზიკური ბზარები?! თავად ამ სხეულშია მოსახელი ფიბონაჩის სპირალი და ზეციურ სხეულთა მუსიკის ანარეკლი. აქ არის საძიებელი ის, რისთვისაც იგი უფალმა შექმნა და მოავლინა ამქვეყნად, რათა საკუთარი უკუნის ზღვრამდე მისულიყო და შვებით ამოესუნთქა იმ წამს, რა წამსაც მეტაფიზიკური ბზარის არსებობას დალანდავდა და ამით მოინიშნავდა იმას, იმ მთავარ იმედს, რომელიც, მის ფანტომურ იმედთა მიუხედავად, მასში ყოფილა. ჰოდა, მშვიდი და ღიმილიანი მარადი ჭაბუკი ელის, როდის ამოწურავს უკუნი საკუთარ თავს, როდის დაიღლება იგი თავისი უსაზრისო დაძაბულობით და როდის გაუთავისუფლებს მას სავალ ბილიკებს, უსასოდ დამსხვრეულ იმედებსა და ოცნებებს, ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლაში უსაზრისოდ გაბნეულ წლებს შორის და როდის მოიმარჯვებს მისი ცხოვრების ფრაგმენტებს, რათა მათი მეშვეობით ააგოს ის ბილიკი, რომელიც სულს მთვარის მატყუარა ბილიკებიდან მზის სხივისკენ გაუძღვება, თუნდაც ეს ბილიკი სენის, ტანჯვისა და სასოწარკვეთის ნიღბით იყოს შემოსილი. ეს სამეული ხომ მარადი ჭაბუკის საბოლოო იარაღია. რომლითაც ამსხვრევს ფანტომური ფიქრებისა და იმედების ყრუ კედელს და თავისუფლებას გვანიჭებს.

ამიტომაც არის (ისევ და ისევ, ჩემი დიდი მარტოობის იმედებისათვის) მარადი ჭაბუკი ყოველთვის გამარჯვებული. მისი მშვიდი ღიმილი ნიშანია იმისა, რომ ოდესღაც და სადღაც პალესტინაში გაკვალულა ის გზა, რომელსაც ყოველი სული  გაივლის, თუნდაც თავისი მიწიერი არსებობის განმავლობაში ავსულებს შორის ერთადერთხელ ჰქონდეს შორეულად მაინც მონიშნული სიკეთის, მშვენიერებისა და ჭეშმარიტების ციალი, მონიშნული და თუნდაც, ერთი შეხედვით, უიმედოდ დაძირული სულის წყვდიადში. ამას ვერაფერი დაუდგება წინ – ვერც ამ ზონზროხა სხეულში დატყვევებული ფიქრები, ვერც სული, რომლის მოძრაობის მთელს ჰორიზონტსაც, ერთი შეხედვით, ეს სხეული ქმნის, ვერც ის პატარ-პატარა გამარჯვებები და შურისძიებები იმის გამო, რომ მისი ბედისწერა სხვა არაფერია, თუ არა საგნებად, მოვლენებად და ადამიანებად განფენილი ეს სხეული და რომ თავს ვერსად დააღწევს ამას. მარადი ჭაბუკი მუდამ გამარჯვებულია, რადგან მის ხელშია ის უზენაესი ჩანაფიქრი, რომელიც ამ სხეულშია ჩამალული, თუმცა კი ჩემთვისვე მოულოდნელად გამოიჭიატებს ხოლმე და მოულოდნელ სიხარულს მაგრძნობინებს ამ ჩანაფიქრის გამო.

ასეა, რიტუალების ჩაკეტილ და თავისი თავის იგივურ საკომუნიკაციო მატრიცაში მას არა არა აქუს, თავი სადა მიიყუდოს. ეს აჰასფერის საუფლოა, დაუსრულებლად რომ მოძრაობს სრულიად ამ ერთგვაროვან სივრცეზე და რამდენადაც ის ერთგვაროვანია, მას დასასრულიც არა აქვს და, მაშასადამე, არც აჰასფერს უწერია სიკვდილი. უსასრულოდ დაეხეტება ეს საშუალო- ყოველდღიური, ჰაიდეგერისეული ლაყბობით, ცნობისმოყვარეობითა და ორაზროვნებით დასნეულებული არსება იმის იმედით, რომ სადღაც მაინც წააწყდება იმ ბზარს, საიდანაც თავს დააღწევს ამ ყოვლისმომცველ საკომუნიკაციო საპყრობილეს. ასეთი წერტილი არ ჩანს, მირაჟივით სულ სადღაც ეგულება და მიიწევს იქეთ.

 

ჰოდა, როგორც ვთქვი, ვიყავით ასე სიცივესა და სიცხეს შორის მოქცეული ორი არსება. გულგრილობით თუ ვითავისუფლებდით თავს შეხვედრის ამ დაძაბულობისაგან, მაგრამ მე, ჩემდათავად, ფარვანასავით კვლავ და კვლავ მივბრუნებოდი უკიდურეს სიცხესა და უკიდურეს სიცივეს, სცილასა და ქარიბდას შორის გამავალ ბილიკებს. არავინ მაიძულებდა ამას. უბრალოდ, გულგრილობა ისევე მღლიდა, როგორც სიავე. თუკი მისთვის ჩვენ ორის შეხვედრა იყო სარკე, რომელშიც ვნების სისრულით გადაჰქონდა თავი, ჩემთვის ოდესღაც და სადღაც მიღებული ხვედრი იყო იგივე, სადაც ვნებიანად – სიცივით ან სიცხით – უნდა გადამეღვარა ჩემი არსებობა. ლავდიკიის ეკლესია კი მუდამ იქნებოდა და იქნება სადღაც გვერდით, როგორც ფარული, ცოდვიანი, წუწკი და სულმოკლე ოცნება.

 

მანამ კი, სანამ ჩემი და მისი დიდი მარტოობა აღსრულდება, უნდა განვაგრძოთ ეს უგვანი რიტუალური სახიობა – მან თავისი არტისტულად მოქცეული სახითა და თვალებში ჩაბუდებული გაიძვერა ნაპერწკლით, ხოლო მე – მოწყალების გულგრილი და ქედმაღალი გაღებით, განვაგრძოთ და თან ფარულად ვატაროთ სათუთად შენახული იმედები.

© არილი

Facebook Comments Box