პოეზია

ნინა სამხარაძე – “დამაგვიანდა” და სხვა ლექსები

* * *

დამაგვიანდა.
ვამოწმებდი ყველა ჯვარედინს,
შენ სულ აღმა ხარ, შენ სულ აღარ ხარ
და გარეთ რგოლებ ჯერ არ გაჩენილ
ტირიფებს ჭრიან.
ირონიაა ჩემი ყველა დიდი ჯავრიდან
ყველაზე უფრო შენზე რომ ვჯავრობ
და ამ ქართული ფართო ჭრილის
თვალების მიღმა
შენზე დარდია უფრო დიდი და უფრო
ფართო.
აი რა ხდება:
ორჯერ მოვკვდი, ბევრჯერ ვეწამე,
მკერდივით ჭრიან ვაზებს ყურძენს
არ არის რთვლობა,
ჯერ ივნისია, შენ განმიხილავ არასწორ
ჭრილში
ისევ და შენი ბუხრიდანაც სიცივე ჟონავს.
კიდევ რა ხდება:
სამშობლოა დღეს ჩემი დარდი,
ჩემი თავიც და მესამე ხარ, სული ხარ
წმინდა,
შიშველი ბავშვის თვალებიდან
შიმშილი ყვავის
ჩემი ქვეყანა აწ და მარადის! აი აქ მოკვდა.
მე? მე კარგად ვარ! ისევ ვამოწმებ
ყველა ჯვარედინს,
ისევ გიჟი ვარ აწ და მარადის მარად და
მარად,
და როგორც შეშლილს ეკადრება
გეძებ და გკარგავ,
არა ხარ კარგი, შენ სისხლი ხარ,
ჩემ სხეულზე რომ ეკლებად ბარდნის.
მე რა გაჩუქე?! – უკვდავება.
დარჩები ფურცლებს,
რა შეუძლიათ გისახსოვრონ ამაზე
დიდი,
მე პოეტი ვარ! ალქაჯი და რკინის
კაუჭზე
ვდებ ჩემ სიცოცხლეს, სიყვარულს და
ხანდახან სიკვდილს.
ახლა გვაცვია ერთი თბილი ჭადრის
ქალაქი
ჩემი ქუჩა კი ემსგავსება ნაცრისფერ
ნაკრძალს
შენ რომ აპურებ იმ ძაღლებმა შობეს
შვილები
და ყოველ დილა ჩემ ფანჯრებთან
უცდიან მამას.
მე აღარავარ ცოცხალი და
მაინც ჩემი ხარ.
შენ პასუხს არ ცემ
მე პასუხს ვაგებ და ასე ვცხოვრობთ
იმ ქალაქში სადაც ხალხს შია,
მარად და მარად…

მძიმე

მძიმედ მიფრინავს პეპელა.
მე ფრთებზე ვუთვლი წერტილებს
ღმერთის ხალივით წმინდას და ფერმკრთალს.
ზუსტად ამდენჯერ მინდოდა შველა
ჩემსავე თავს რომ შევწირე
ჩემივე თავი მსხვერპლად.

კითხვის ნიშანი

საკითხავი არაფერია.
ჩემი სხეული წინ დაგიდე (იქნებ გეპოვე)
და გავაგრძელე შენ ტანზე ჯვარცმა
მაგრამ ყველა ღმერთი უღმერთოა
რადგან თავის თავს კარგავს და
ხელის გულზე იარებთან მარტო გვტოვებენ.

წერტილი

მე მოგიყვები როგორ გადავრჩი.
ამიტომ ახლა უნდა გადავრჩე.

 

* * *

ყველა გადაწერილ პირჯვარს გეფიცები,
ჩემი ღმერთის ხორცი პურის მარცვლებშია –
ახლა ფანჯრის წინ რომ ღრღნიან შოშიები.
ჩემი ღმერთის სისხლი – ყანწის სასმისივით
უბნის ლოთებს ადევთ ტუჩთან მოშიებით.
ხოლო სახარების მე ვარ განმარტება –
ყველა მოუნათლავ ბავშვად შევიცანი,
მიუტევები ხარ ფუჭი აღსარებით
რადგან ყველა ცოდვა ჩემი შენიც არი.
ყველა გადაწერილ პირჯვარს გეფიცები,
ახლა ჩემი წყალი შარის მეძავივით
ნამად ფოთლებზეა, მზეებს ეფიცხება,
ახლა ჩემი ხორცი – ცხენის უნაგირი,
მიწებს შემოივლის როგორც ბედისწერა.
რადგან ჩემი ძვლები შენი ჭიშკარია,
ყველა ჩემი სუნთქვა შენში შევიკარი,
უპატიები ხარ რადგან დამიჯერე,
რადგან ყველა ცოდვა ჩემი შენიც არი.

ყველა გადაწერილ პირჯვარს გეფიცები,
ჩემი ღმერთის ხორცი პურის მარცვლებშია –
ახლა ფანჯრის წინ რომ ღრღნიან შოშიები..

 

* * *

გადაჭრილ ხეზე ვინც მჯდარა იცის
რომ არაფერი არ გვარდება ერთხელ გადაჭრით..
მანამდე თუნდაც გაზომო ასჯერ.
ღამით ყველაფერს ორმაგად ამჩნევ
სხვენში მორბენალ ვირთხების ტანგოს,
წვეთების კაკუნს ფანჯრის მინაზე,
და მთავარია არავინ გნახოს
ჩაცმული როგორ წევხარ დივანთან.
იესოს ლოცვებს ფსკვნილის ნაცვლად
მარგალიტის მძივზე ითვლი და
რა საჭიროა ვეღარ ხვდები ამდენი გარჯა.
აქ არ დადიან მატარებლები,
რელსებზე ძაღლებს სძინავთ
ყინვაში უნდა ინატრო
რომ დაგიფაროს ყინვამ.
ერთხელ გადაჭრილ ხიდან მიათრევს
ასჯერ გაზომილ ბუდეს ფრინველი
და თითქოს სჯერა რომ მიატანს გაზაფხულამდე.
სამყარო მინდა გაუზომავ-უკაცრიელი
საკუთარ ლოკვამ ტკივილები რომ დამიამოს.
ხის თეთრ რაფაზე შემომიწყო კვერცხები ჩიტმა,
და სანამ ჩაი ორთქლად იქცა დამდნარ ქურაზე
მეზობლის ბავშვის ტირის თოფის უმიზნო რისხვამ
შემოაწირა დედა ჩიტი დამპალ ლულას და
ჩემი ცხოვრებაც თვალებს ზუსტად ისე ლულავდა
ჩემი ცხოვრება ზამთრის ერთი დიდი სიმკაცრე
ჩემი ცხოვრება ჩემ წინ იწვა და
მე ვიწვოდი მის წინაშე.

* * *

შენ თუ გინახავს როგორ გლოვობს
ნასეტყვარს გლეხი,
როგორ ელიან სამძიმარზე
მკვდრები მნახველებს,
შეგეზიზღება ყველა კანონი
და ყველა წესი,
ის შენი თავიც, კუთხეში რომ
ცრემელებს ახველებს.

როგორ უცდიან მებადურებს
მხდალი თევზები,
როგორ გაისმის ნააბორტალ
ბავშვთა არია,
მე ვადასტურებ ათ მცნებაზე
მეტჯერ შეცდენით,
რომ ჩემი ყველა აღსარება
შემზარავია.

შენ არ გინახავს გაქცეული
შენიდან ღმერთი,
ვით დაგლეჯილი კლავიშები
სხვენში როიალს,
მაშასადამე ცხოვრებაში
იმდენჯერ შეცდი,
რომ ვაშლის გარდა ყველა ხილი
ცუდი გგონია.

ჰო, მე მინახავს
როგორ გლოვობს ნასეტყვარს გლეხი,
როგორ ელიან სამძიმარზე
მკვდრები მნახველებს,
ასე შემზიზღდა კანონი და
სულ ყველა წესი,
ის ჩემი თავიც კუთხეში რომ
ცრემლებს ახველებს.

 

* * *

ყველას უნდა შველა.
მატარებლის მძღოლს,
იმ შავი ძაღლის პატრონს
და ხესთან რომ შარდავს იმ კაცსაც…
ჩემს სხვენში ბინა ვირთხამ დაიდო
ისევ, და შველა უნდა იმასაც.
მე დღეს ჩიტები არ დავაპურე
ქარია მეთქი.
ქარია მეთქი გესმით?
და მერე მე რომ შველა დამჭირდა
და მერე მე რომ მოვლა დამჭირდა
მე გავუკეთე ჩემს სხეულს ნემსი.
შველა ყველას უნდა
ისევ გაწვიმდა.
არწივებს მიაქვთ თავისი წილი
ლეში სხვენიდან.
მე მკვდარ ჩიტებზე პურის მარცვლებს
ვაწყობ და მტრედებს
ვეპატიჟები მათ სანაცვლოდ
იქნებ დავმშვიდდე.
შველა ყველას უნდა
იმ ქერა ქალსაც აფთიაქის გრძელი რიგიდან,
შაქარდაცემულს რომ დამიდგა წინ და უსიტყვოდ
უსიტყვოდ მომკლა,
იმ შავ მამაკაცს გზაჯვარედინზე უნაგირიდან
დედის გინებით რომ წავიდა,
ყველას გზის მოჭრით.
მეც მინდა შველა,
მაგრამ არა, მჭირდება უფრო..
იმ ავტორების ვერ გავიგე მატარებლებს რომ
უგდებენ ქალებს,
როცა ჩემ სხეულს ყოველ ღამე რელსებზე ვუწყობ
იმ იმედით რომ ვინმე მნახავს
სიკვდილზე ადრე.

ხვალ ჩემს ფანჯრებთან აღარ მოვლენ
ალბათ ჩიტები,
და მზად ვარ ღმერთო მოვისმინო ეგ აღსარება.

 

* * *

ახლა ძლიერ მინდა აალება,
ანდა გაქვავება ყინულივით
მგელიც ვიყავი და სახარებაც
ავი ეშმაკიც და ქერუბიმიც

რადგან თვეც მე მერგო ნაკიანი
ცივი ნაზამთრალი უალერსო
ასე ვერ დაგვტოვებს ნაკლიანებს
სუნთქვა სიკვდილზეა უარესი.

ასე ვერ დაგვტოვებს უიმედოდ,
ასე ვერ დაგვტოვებს უსახლკაროდ
ასე ვერ დავტოვებთ ცას და მიწას
ღმერთიც აღარ დარჩა მოსაკლავი.
ღმერთიც აღარ დარჩა საიმედო
მხეცთან მიგდებული მომთაბარე
წუხელ სიკვდილისთვის გავიმეტე…

ზოგჯერ გზა არ არის აღმართები
ზოგჯერ სახლი ჰქვია ნასახლარებს
და მე ცხოვრებასთან დამარცხებით
სულ სხვა ცხოვრებასაც დავამთავრებ

ღმერთიც კაცია და უიმედო
მხოლოდ ჩვენ გვერჩიან ნაკლიანებს
ახლა ისე ძლიერ დავიღალე
ყელში ამოსული სახარებით
სულ სხვა ცხოვრებასაც დავამთავრებ,
სულ სხვა ცხოვრებასაც დავამთავრებ
სულ სხვა ცხოვრებასაც დავამთავრებ…

ბროწეულები

მე მოვალ
ქვაზე ამოსულ იასავით ჯიუტად მოვალ,
ყოველთვის მოვალ
გვირგვინმოტეხილ ბროწეულივით –
შიგნით ათასად შენ მყავხარ და გარეთ ლამაზად,
ბორდოსტუჩება ღიმილებს და
ხარხარს ვარიგებ.
შენ ვერ გაიგებ
რა ძნელია იყო თავთავი ზამთრის დღეებში,
უნაყოფო და გამოუდეგარ ქრიზანთემებში
ისე გმარხავენ
(თვითონ ღმერთსაც კი დაუმაგრეს ჯვარზე ხელები)
ისე გმარხავენ,
რომ ხელები საერთოდ არ გაქვს…
და სამყაროში ყველა დიდი, დიიდიი მშვენება
სახეს გიფარავს მიწით შემოსილ მონატეხებით.
მე მოვალ, ბევრჯერ მოვალ ამაყად მოვალ,
შენ უნდა მიხვდე რომ ეს მოსვლა ისე რთულია,
როგორც კლოუნის ღიმილი და იესოს როლი
მე თუ შეშლილებს მიმაწერენ იყოს სრულიად
ანდა ყველაზე გიჟი მერქვას შეშლილებს შორის.
ქედს ვერ მოვიხრი –
გვირგვინს მოვიტეხ ბროწეულივით,
შიგნით ათასი ტკივილით და გარეთ ლამაზად
ქვაზე ამოსულ იასავით ჯიუტად მოვალ,
სანამ ჭრილობებს სულ ცოტათი მაინც დავფარავ
მოვალ შენს ზურგთან რომ არ შეგრცხვეს
პირისპირ დგომის.

 

* * *

ღამემ დაგვიფაროს ღმერთებისგან,
იმ უიმედო ღმერთებისგან
ყველა სამრეკლოზე რომ გოლგოთა აქვთ,
გოლგოთა ააქვთ..
და მერე ვიღაც სერაფიტას
(ფერისმჭამელებიანი სახით)
გამოგზავნილს ანგელოზად
(ადამიანური მარცხით)
გოლი გააქვს –
კარში სადაც უკვე დიდი ხანია აღარ დგახარ,
კართან სადაც მარხავ მარხვით
სხვების სამარხს.
დილამ დაგვიფაროს ღმერთებისგან,
იმ უიმედო ღმერთებისგან
თითები რომ ნახშირად გვიქციეს,
და ტკივილებიც ბერდებიან
უფრო ავი ხდება სიმშვიდე და
ღმერთმა დაგვიფაროს ღმერთებისგან
ჩვენ რომ აბორტივით ვიყიდეთ.
მკვლელის ნაცრისფერი სახით და
მეტად გადაშლილი ფეხებით,
რწმენა მოშლილი მუცლიდან
უფლის და უუუფლის შეწევნა
რთული გახდა…
ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთებისგან
რწმენა დაცლილი ღმერთებისგან,
ტკივილგამოცლილი ღმერთებისგან,
ავი, ცინიკოსი ღმერთებისგან
და მერე იქნებ ავიტანოთ ჯვარიც და ჯვარზე სიმარტოვეც…
რომ არ წავხდეთ.

* * *
ყველაფერი ასე იწყება,
რომ წვიმას ყველგან ერთი სუნი აქვს,
ზღვა ზევაზეა მიჯაჭული როგორც პრომეთე
მეზობლის ძაღლი საკვებს ისევ
ჩემგან იპარავს.
ღმერთის ცოლივით შუბლშეკრულ დილას,
ჯერ ისევ ვითმენ, თავს და რუტინას
აწმყო ისევ რიგზე არ არის.
ვიცი რა ჰქვიათ არწივის შვილებს
მაგრამ არ ვიცი ჩემი სამარე
თუ არის სადმე.
“ნუ მიეყრდნობით”
მეტროშიც კი იცვლება კარი,
მე არასოდეს არ ჩავსულვარ “გოცირიძეზე”
და მიხარია რომ არა ვარ ფუჭი და მდარე,
რელსებზე მედო ფიტული და ვერ დამინახე,
რადგან არასდროს გიჭამია ბროწეულები
წელში მოხრისას რომ არ სძვრებათ გვირგვინი თავზე.
ისევ რუტინა
უბედური უკაპილარო,
წვიმა არ იცვლის სუნსა და პრინციპს
ისევ ცა უმზერს ზღვასთან იადონს
მეზობლის ძაღლმაც ჰპოვა სიმშვიდე.
მე ოქტავიდან ოქტავამდე,
მოკლე ხელივით გადაჭიმული
თეთრ კლავიშებზე თითებს არ ვაწყობ
თეთრ კლავიშებზე მიდევს სხეული.

© არილი

Facebook Comments Box