პოეზია (თარგმანი)

ზბიგნევ ჰერბერტი – ლექსები წიგნიდან “ბატონი კოგიტო” (1974)

 

ბატონი კოგიტო ჯოჯოხეთის შესახებ

ქვედა, უკანასკნელი წრე. გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, აქ ვერ შეხვდებით ტირანებს და მამისმკვლელებს, ვერც მათ, ვინც მუდამ გვამებზე ცეკვავდა. ეს არის სივრცე ხელოვანი ხალხისათვის, სარკეებით, მოლბერტებით, ინსტრუმენტებით. ერთი შეხედვით, ჯოჯოხეთის ყველაზე მყუდრო განყოფილება, არსაც კუპრი, არსად ცეცხლი, არავინ კვნესის.

მთელი წელი იმართება კონკურსები, კონცერტები, ფესტივალები. არ არსებობს მკვდარი სეზონი, აპოგეა უწყვეტია და სრულყოფილი. სულ მცირე, ყოველ კვარტალში ერთხელ იბადება ახალი ჟანრი, არის განცდა, რომ ვერაფერი შეაფერხებს ავანგარდის ტრიუმფალურ აღმავლობას.

ბელზებელს უყვარს ხელოვნება. ეამაყება მისი გუნდი, მისი მხატვრები, მისი პოეტები, რომლებმაც, წესით, რახანია გადაუსწრეს სამოთხელ კოლეგებს. ხომ ცნობილია – ის იმარჯვებს, ვინც იმარჯვებს ხელოვნებაში. ცოტაც და, ძალებს მოსინჯავენ ორი სამყაროს ფესტივალზე. მაშინ ვნახოთ ეგ თქვენი დანტე, ფრა ანჯელიკო, ბახი.

 

ბატონი კოგიტო სათნოების შესახებ

1

რა გასაკვირია

თუ ის არ არის ნამდვილი მამაკაცების სატრფო

 

გენერლების

ათლეტების მმართველების

ტირანების

 

რომელთაც მუდამ ფეხდაფეხ დასდევს

ეს წუწუნა შინაბერა

ხსნის არმიის სასაცილო თავსაბურავით

და სულ რაღაცას მოუწოდებს

რაღაცას ახსენებს

 

ხან არქივიდან ამოაძვრენს

სოკრატეს პორტრეტს

პურის გულისგან გამოძერწილ პატარა ჯვარცმას

ობიან სიტყვებს

 

– გარშემო ბობოქრობს ნამდვილი სიცოცხლე

წითელი როგორც სასაკლაო გამთენიისას –

 

პატარავდება და ილევა

სულ ადვილად ჩაიტევდა

იაფი სუვენირებისთვის განკუთვნილი

მოვერცხლილი პატარა ყუთი

 

პატარავდება და ილევა

ემსგავსება თმის ღერს პირში

ზუზუნს ყურებში

 

2

ღმერთო

ყოფილიყო ცოტა ახალგაზრდა

და ცოტა ლამაზი

 

ევლო თავისი ეპოქის მხარდამხარ

და ერხია თეძოები

თავისი დროის მუსიკის რიტმში

 

ჰყვარებოდათ

ნამდვილ მამაკაცებს

გენერლებს ათლეტებს მმართველებს დესპოტებს

 

ეზრუნა თავზე

ყოფილიყო მუდამ ფორმაში

ელიზაბეთ ტეილორივით

თავისუფლების ქალღმერთივით

 

და არ ყარდეს ნაფტალინით

და არ სცრიდეს მოკუმული ბაგეებიდან

ერთადერთ და დიდებულ არას

 

თავისივე სიჯიუტით გაბეზრებული

სასაცილო ანარქისტის სიზმარივით

მოსაწყენი წმინდანების ცხოვრებასავით

 

ბატონ კოგიტოს სული

ადრე

როგორც ცნობილია

სული მაშინ ტოვებდა სხეულს

როცა გული ჩერდებოდა

 

ამოჰყვებოდა

ბოლო ამოსუნთქვას

და ცისკენ ჩუმად  მიფარფატებდა

 

მაგრამ ბატონ კოგიტოს სული

ამითაც გამორჩეულია

 

დროდადრო ტოვებს ცოცხალ სხეულს

გაუფრთხილებლად

 

თვეობით წლობით

მოგზაურობს სხვა ქვეყნებში

ბატონ კოგიტოს საზღვრების მიღმა

 

მისი სამყოფელის დადგენა რთულია

ის გაურბის ურთიერთობებს

არაფერი ისმის მისგან

არ იწერება

 

უცნობია თუ დაბრუნდება

იქნებ ამჯერად სამუდამოდ გადაიკარგა

 

და იგერიებს ბატონი კოგიტო

შურის უკადრის შემოტევებს

 

მხოლოდ კარგს ფიქრობს თავის სულზე

ფიქრობს მასზე მხოლოდ სინაზით

 

უნდა მოსინჯოს რა თქმა უნდა

სხვა სხეულებიც

 

რადგან სხეული მრავალია

სული კი ცოტა

 

და ბედს შეეგუა ბატონი კოგიტო

არც ქონდა დიდი არჩევანი

 

თავსაც იმხნევებს

– ჩემი სული მაინც ჩემია

 

და ფიქრობს სულზე სევდიანად

ფიქრობს მასზე მხოლოდ სინაზით

 

და როდესაც მოულოდნელად

სული ერთხელაც უბრუნდება

ის არ ხვდება მას სიტყვებით

– რა კარგია რომ დამიბრუნდი

 

ჩუმი ალერსით უთვალთვალებს

როგორ ჯდება სული სარკესთან

და თმას ივარცხნის

აბურდულს ჭაღარას

 

ბატონი კოგიტო კითხულობს გაზეთს

პირველ გვერდზე ომის ქრონიკა

მოკლულია 120 მებრძოლი

 

ომი გაიწელა

დროა შევეგუოთ

 

შემდეგ გვერდზე კრიმინალი

სენსაციური ძალადობა

მკვლელის პორტრეტი

 

ბატონ კოგიტოს გულგრილი თვალი

ნაჩქარევად გადაურბენს

მებრძოლების უსულო გვამებს

რათა მალე ნეტარებით ჩაუღრმავდეს

სენსაციურ საშინელებას

 

ოცდაათი წლის ახალგაზრდამ

ნერვიული აშლილობისას

მოკლა ცოლი და ორი შვილი

 

დანაშაულის დეტალური აღწერილობა

მკვლელობების თანმიმდევრობა

და გვამების განლაგება

და ასე შემდეგ

 

უაზრობაა

120 მკვდრის რუკაზე ძებნა

ბრძოლის ველი ისე შორია

და მკვდრების რიცხვიც იმხელაა

წარმოსახვას ვეღარ შეარყევს

ყველაფერს აქცევს აბსტრაქციად

ის ბოლო ნული

 

თემა განსჯისთვის:

თანაგრძნიბის არითმეტიკა

 

 

ბატონ კოგიტოს უფსკრული

სახლში ყოველთვის დაცულია

 

მაგრამ ზღურბლთანვე

როცა დილით ბატონი კოგიტო

გადის სასეირნოდ

იქ ხვდება უფსკრული

 

ეს არ არის პასკალის ქვესკნელი

და არც ქვესკნელი დოსტოევსკის

არამედ არის

ბატონი კოგიტოს ყაიდის უფსკრული

 

მას თავზარს სცემენ

უძირო დღეები

 

უფსკრული დასდევს როგორც ჩრდილი

ელოდება საფუნთუშესთან

და კითხულობს მის გაზეთს პარკში

მისივე მხარზე დაყრდნობილი

 

ეგზამასავით მოურჩენელი

ძაღლივით ერთგული

ჯერ არც იმხელა რათა შთანთქოს

მისი ფეხები ხელები თავი

 

იქნებ ოდესმე

გაღრმავდეს უფსკრული

მომწიფდეს უფსკრული

დასერიოზულდეს

 

იცოდეს მაინც

თუ როგორი წყალი ასვას

თუ როგორი პური აჭამოს

 

ბატონ კოგიტოს შეუძლია

მიაყაროს მუჭით ქვიშა

მუჭა ქვიშით ამოავსოს

მაგრამ არ შვება

 

დაბრუნებული

ტოვებს მას ზღურბლთან

ოღონდ ჯერ ნიღბავს საიმედოდ

ფეხსაწმენდი ბინძური ნაჭრით

 

ბატონი კოგიტო და აზრთა მდინარება

აზრები მდინარებენ თავში

გვამცნობს მოარული დრაზა

 

მოარული ფრაზა

აზვიადებს აზრთა მდინარებას

 

რადგან მათი უმეტესობა

დგას უძრავად

მოსაწყენი ხედის ფონზე

ნაცრისფერი მთების ფონზე

გადამხმარი ხეების ფონზე

 

ზოგჯერ მილასლასდებიან

სხვისი აზრების წყალუხვ მდინარემდე

და ცალ ფეხზე

დგანან ნაპირთან

მშიერ ყანჩასავით

 

დანანებით იხსენებენ

ამომშრალ სათავეს

 

ერთმანეთს ერწყმიან

და თესლს დაეძებენ

 

არსად მიდიან

რადგან ვერსად მიაღწევენ

არსად მიდიან

რადგან არსად აქვთ წასასვლელი

 

სხედან ქვებზე

და თითებს ისრესენ

 

თავისქალის

მოღრუბლული

დაბალი

ცის ქვეშ

 

ბატონი კოგიტო სპინოზას ცდუნების შესახებ

ბარუხ სპინოზამ ამსტერდამიდან

მოინდომა ღმერთთან საუბარი

 

თავის სხვენში

იმდენხანს წმინდა სათვალის ლინზები

რომ გამჭვირვალდა ბნელი ჰაერი

და აღმოჩნდა მის პირისპირ

 

დიდხანს საუბრობდა

(და ლაპარაკისას

ფართოვდებოდა მისი ტვინი

და მისი სული)

სვამდა შეკითხვებს

ადამიანის ბუნების შესახებ

 

– ღმერთი წვერზე ხელს ისვამდა

გაკვირვებული

 

სვამდა შეკითხვებს პირველმიზეზზე

 

– ღმერთი უსასრულობისკენ იხედებოდა

 

სვამდა შეკითხვებს ბოლომიზეზზე

 

– ღმერთი თითებს იტკაცუნებდა

დროგამოშვებით ახველებდა

 

და როცა სპინოზა დადუმდა

ბრძანა

 

– კარგი ლაპარაკი გცოდნია ბარუხ

მომწონს შენი გეომეტრიული ლათინური

მკაფიო სინტაქსი

და მწყობრი მსჯელობა

 

მაგრამ მოდი

მნიშვნელოვან საკითხებზეც

ვილაპარაკოთ

 

– რას გიგავს ხელები

როგორც ცახცახებენ

 

– რატომ იფუჭებ მზერას

წყვდიადში

 

– იყიდე სახლი

და ვენეციურ სარკეებსაც მიუტევე

რომ ირეკლავენ მხოლოდ ზედაპირს

 

– მიუტევე თმაში ჩაწნულ მინდვრის ყვავილებს

მიუტევე მთვრალის სიმღერებს

 

– შენც იზრუნე შემოსავალზეც

როგორც შენივე კოლეგა დეკარტი

 

– იყავი ცბიერი

როგორც ერაზმუსი

 

– და ტრაქტატიც მიუძღვენი

ლუდოვიკო მეთოთხმეტეს

მაინც არ არის წამკითხავი

 

–  მოთოკე შენი

რაციონალური მრისხანება

მრავალი ტახტი დაემხობა შენი შიშით

და ვარსკვლავები ჩაქრებიან

 

– იფიქრე ქალზეც

ვინც შვილს გაგიჩენს

 

– ხომ ხედავ ბარუხ

როგორც იქნა ვლაპარაკობთ მნიშვნელოვანზე

 

– მინდა ვუყვარდე

უგუნურებს და უმართავებს

სინამდვილეში

მხოლოდ მათ ვჭირდები

 

და სწორედ ამ დროს ღმერთი ქრება

სპინოზა მარტოა

 

ვეღარ ხედავს ოქროს ღრუბელს

და სხივს ზენიტში

 

მხოლოდ სიბნელეს

 

საფეხურები აჭრიალდნენ

ვიღაც ჩადის

ალბათ თვითონვე

© არილი

Facebook Comments Box