პოეზია

ლია სტურუა – ანთებითი პროცესი და სხვა ლექსები

 

სად დადიხარ?

ნორმალურად უნდა იცხოვრო!

სტუმრად იარო, სანამ

ხელშეკრულებას დაგირღვევენ,

ნერვებს გაგიქლიბავენ და ზედ

თავის პროთეზს ჩამოაცმევენ,

უშაკიკოს, მყიფეს, ვინ გაძლიერებს?

შენი მოქანდაკე  დიდი ხნის მკვდარია…

სად დადიხარ? კარებს ვინ გიღებს?

ვინ გეუბნება: – ცხელა, გაიხადეთ!

და რახან აღარაფერი გაქვს გასახდელი,

თავაზიანი ღიმილით გხდის ტყავს?

რა შეუხედაობა და სიღარიბე

ძვირფასი ქურქების გვერდით!

რა უადგილობა ასეთ მასკულინურ

და ქრესტომათიულ ქვეყანაში!

რაც ამ კანით სიტყვები შეგისრუტავს

და გახვრეტილი ვენებიდან

ყაყაჩოები ამოგსვლია!

ამიტომაც გეუბნებიან: – ცხელა, გაიხადეთ?!

და რახან აღარაფერი გაქვს გასახდელი,

თავაზიანი ღიმილით გხდიან ტყავს…

 

დეპრესია

დეპრესიაში რომ არ ჩავარდე,

რა უნდა შეგეძლოს?

აღარ იცი, სად წაიღო ხელებით

ფრენა?

კაცი წავიდა, მის ადგილს

სიცხე ჩაგისახლდა,

აბა, ამხელა ფართობზე მარტო?

ვაშლი რომ დევს მაგიდაზე,

ეს არაფერი? მის შიგნით

მატლი უფრო მეტია

თუ მიზიდულობის კანონი, არ იცი,

გშია, მაგრამ სიმბოლოების ჭამა

რომ დაიწყო, ან გიჟად გამოგაცხადებენ,

ან მკვდრად, პირველი გირჩევნია,

ჰიპერბოლებს დააგუნდავებ

და ვინმეს ესვრი, გახეთქილი თავიდან

პოეტი გამოუჩნდება, თუ სიცარიელე,

შენით წახვალ.

დაბრუნება მაინც, შეიძლებოდეს

იმ წონასწორობადაკარგულ ხესთან

ყოფილ სამოთხეში…

 

ანთებითი პროცესი

სიტყვა გლანდებიდან მოდის

პატარ-პატარა ანთებებით – მწითური ბავშვებით,

ძილშიც რომ ვერ იქრობენ

თმის ძირებს და ჭორფლის კოპლებს.

სახლის კოლოფში ვერ ჩადებენ

თბილად და მორგებულად

და ცოდვის შვილებივით ქალაქს

მიუგდებენ, მიწაში ჩარგავენ,

ვარდებით, ან ტიტებით

გაგიგრძელებენ შთამომავლობას…

ამ დროს კაცი გამოივლის

და მოგეწონება, უფრო სწორედ,

მიზანსცენა მისი მონაწილეობით,

ტექსტის მოლოდინი, მოკარნახეების

აქტიურად ფერადი მასა

და ის, მოულოდნელი ორატორი…

ერთმანეთის პირისპირ დგახართ

ლაპარაკი ვერტიკალური სტიქიაა!

და ანთებიდან წითელი ჯარიც

რომ შეიძლება, ამაზე გიფიქრია?

 

ძნელია პორტრეტობა, ფეხები გიბუჟდება

ასე დაგხატეს –

ბუნდოვანი მიწა ფეხქვეშ,

ცა აშკარა, თოვლის, ან წვიმის აქსესუარი

აღარ გჭირდება მის დასანახად,

რეისების რეალიზმი – ხელშესახებად

ეს შენ გეშინია, რომელიმე სული

ზედმეტად არ გამოქაჩო

და ასიმეტრიით გამოწვეული ნევროზი

არ დაგატყდეს თავზე

გავიწყდება, რომ დახატული ხარ.

მნახველებმა, კიდევ, რეფლექტორი

ჩაგირთეს მუცელში

ელექტრობას თავისი კანონები აქვს,

დაუკითხავად ვერ მოუკვდები,

გასრესილ წვრილმანებს –

ასანთივით ხანმოკლე წვა,

რომელიც იყო და ქვეყანა ვიწროვდებოდა.

მაგრამ როცა პორტრეტი ხარ,

ზეთის საღებავი არ გეტკინება

და გაჩირაღდნებული მუცელი,

ექსპოზიციაც მუდმივია, ისე გაცხოვრებს,

თითქოს, ვიღაცას ესიზმრები

და დაბუჟებულ ფეხებში ჭიანჭველები

რომ ქვეყანას იშენებენ,

ახლა მისი ქვეშევრდომობა?

ერთი-ორი ჭიანჭველა გულთან ახლოს ჯობს,

როცა ვინმე მოგეწონება…

 

თეატრი

როცა ცუდად ხედავ –

მთელი ქვეყანა მინუს შვიდი,

ადამიანის ხმა უფრო გიკვდება,

ვიდრე სახე, რომელიც ლაქაა,

და რაც უფრო ლაქაა, გრიმის გავლით,

პირდაპირ ეროვნულ თეატრს მოითხოვს!

ხმები უნივთოდ გაკლდებიან:

კრინი, ხავერდი, აბრეშუმზე

გასმული ფრჩხილი – მთელი გუნდი,

თუ წერა-კითხვით ირჩენ თავს,

ქორო, ბრინჯაოს ხელები,

რომლებიც ცნობილ ქანდაკებას აკლია

და ლოჟებს ამოსდით, მუდმივი მაყურებლისგან,

ისე ლამაზად მოგახრჩობენ და ტკბილად,

თითქოს, შაქარი გადაგცდა სასულეში…

გულთან რომ კორვალოლის ფლაკონი

ჩაიკერო? კუსტარული მედიცინა

მარტივად კლავს, უეფექტოდ

ბრინჯაოს ხელები?

ბოლო სიტყვის ამოქაჩვის

სხვა ტექნოლოგია არ არსებობს

ყელი ერთჯერადია, სცენა მუდმივი

ნერვები როცა აღმოუჩინე,

მაშინდელი კათარზისი ისევ მუშაობს?

 

                6 თვის წინ

მივდივარ, ბნელა აქაც და იქაც

მაგრამ იქ დამხვდებიან;

იქნებ, ის, კბილები რომ ჩაუმტვრიეს

და ოქროსი ჩაიდგა,

პირში სინათლეს დაიგუბებს,

გზას გამინათებს, მეორეს,

რომელიც ავტობუსმა კედელს მიასრისა,

მუცლიდან წითელი მიხაკები ამოუვა,

ქმარი ყოყმანობს, ცაში ოჯახი

არ გამოვა, ყველა მარტო ზის,

ყველა თავის ფროიდს კითხულობს,

ვაშლი შორიდანაც თვალისმომჭრელია,

მაგრამ უკვე გასინჯული,

ყველამ რომ ცოტა მოაკბიჩოს,

წითელი ფერი გათავდება

და ისეთი მოწყობილობა დაიწყება,

ლამის, კუპრი და ცეცხლი ამჯობინო

მაგრამ იქ ცოდვების ჩამონათვალს მომთხოვენ

კი, ბევრია, მაგრამ არა აღმატებითი ხარისხის,

ამიტომ ქვედა ცისკენ მიბიძგებენ,

ავიარეისების ტერიტორიაზე,

რომელიმე თვითმფრინავმა რომ მომკლას,

როგორც მანქანამ

ჩემს დამხრჩვალ ქალაქში

ასეთი ნაცნობი რეალიზმი

პირდაპირ მშობლებთან დამაბრუნებს,

მაგრამ არ გამოდის მათთან ლაპარაკი

ატალახებულ კუკიის სასაფლაოზე…

 

მაისი, წვიმა

როცა მზე გათბობს,

ისეთ ცას ეხები, რომ

ხელებზე ლურჯი საღებავი გრჩება,

ამაში იმდენი ღმერთია,

სიტყვით ვერ ჩაერევი,

მარტო პიეტეტით, რომელიც

გაგღუნავს და ჰიმნოგრაფიაში ჩაგდებს,

სადაც ყველაფერი აშენებულია:

ქარი-ხეების ხერხემალზე,

ღმერთი-მინანქრის სახედარზე,

ლექსი – ურითმო ჰარმონიაზე…

ეს – ჩემი ურითმობა აბუჟებს კბილებს,

ყურის ნიჟარებს სადაფს გააცლის

და ორკესტრის ორმოებად აქცევს,

ამდენი ლურჯი რაღას მოვახმარო,

ინტიმურ ლირიკას?

არიან ბედის ნებიერები,

ამ საღებავს პირზე ისვამენ

და სიტყვებს უყვართ

ჩემი ყოყმანი ვის უნდა მოეწონოს?

იქნებ იმას, სულ თიხას რომ მისწორებს,

მაუმჯობესებს  თავისი სახისა

და ფერის მიხედვით…

ჩემისთანებს ქარსა და წვიმაში

უფრო უმართლებს,

როცა ღმერთი სევდიანია…

© არილი

Facebook Comments Box