ესე (თარგმანი),  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პორტრეტი

ზედი სმითი  – ჩარლზ დიკენსის მკვლელობაზე

ინგლისურიდან თარგმნა ია ჯეჯელავამ

ჩემი ცხოვრების პირველი ოცდაათი წელი გავატარე მეტროსადგურ უილსდენ გრინიდან ერთი მილის რადიუსში. მართალია, კოლეჯში ვსწავლობდი – ცოტა ხნით ისტ ლონდონშიც კი გადავედი – მაგრამ მცირე შესვენებები იყო; მალევე დავუბრუნდი ჩემს პატარა კუთხეს ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში. შემდეგ უეცრად, სრულიად მოულოდნელად, არა მხოლოდ ქალაქიდან, ინგლისიდანაც წავედი – ჯერ რომში, შემდეგ ბოსტონში, ბოლოს კი ჩემს საყვარელ ნიუ-იორკში, სადაც ათი წლით დავრჩი. მეგობრები რომ მეკითხებოდნენ, ქვეყანა რატომ დავტოვე, ხანდახან ხუმრობით ვუპასუხებდი: რადგანაც არ მსურს, ისტორიული რომანი დავწერო. ალბათ, ყველა ვერ, მაგრამ სხვა ინგლისელი რომანისტები აუცილებლად მიხვდებოდნენ, რაც ვიგულისხმე. და უფრო გასაგები მიზეზებიც არსებობდა. ჩემი ინგლისელი მამა გარდაიცვალა. ჩემი იამაიკელი დედა სასიყვარულო ურთიერთობამ განაში წაიყვანა. რაც შემეხება მე, დავქორწინდი ირლანდიელ პოეტზე, რომელსაც მოგზაურობა და თავგადასავლები უყვარდა, დაბადების ადგილი კი, კუნძული, თვრამეტი წლის ასაკში დაეტოვებინა. ინგლისთან, თითქოს, აღარაფერი მაკავშირებდა. ვერ ვიტყვი, რომ ლონდონი ყელში ამომსვლოდა – არა, ჯერ არ ვიყავი „სიცოცხლით დაღლილი“, როგორც სემუელ ჯონსონის ცნობილ გამონათქვამშია; მაგრამ ლონდონის კლაუსტროფობიულ ლიტერატურულ სივრცეს ნამდვილად დავექანცე – ან იმ როლს მაინც, რომელიც განესაზღვრათ: მულტიკულტურული (ყავლგასულია) ვუნდერკინდი. მეც წავედი.

არაერთი ექსპატის მსგავსად, დაბრუნებაზე ჩვენც დავფიქრდით. საზღვარგარეთ უამრავმა ფაქტორმა დაგვტოვა, უმთავრესად, ბავშვთან დაკავშირებულმა სირთულეებმა და მალევე დამკვიდრებამ. დროდადრო მაინც გვიტევდა სინანული და ნოსტალგია – ორი მწერალი დასტიროდა, რომ თავიანთი ნაწერების სათავიდან ძალიან შორს გამგზავრებულიყვნენ. ბოლოსდაბოლოს მწერალი, შეიძლება, სიკვდილამდე ფესვებს იყოს მოწყვეტილი… თავი რომ გვენუგეშებინა, ხანდახან პირიქით ვიქცეოდით. ვიტყოდით, წარმოვიდგინოთ ირლანდიელი მწერლები – წარმოვიდგინოთ ბეკეტი და ჯოისი; იხილეთ ედნა ო’ბრაიენი; იხილეთ ქოლუმი და ქოლმი[1]. განა სამივე ათასობით მილით დაშორებულ სახლზე არ წერდა? ეჭვი ისევ შემოგვეპარებოდა (ირლანდიელი ყოველთვის უჩვეულო შემთხვევაა). და ფრანგი მწერლები? კარიბელი მწერლები? აფრიკელი მწერლები? ამჯერად მონაცემები ნაკლებ სარწმუნო ჩანდა. ამ ნართაულში იმ ფაქტს ვეჭიდებოდი, რომელშიც ეჭვი არ შემპარვია – ნებისმიერი მწერალი, რომელიც რაღაც დროით მაინც ცხოვრობს ინგლისში, ადრე თუ გვიან აღმოაჩენს, ნებსით თუ უნებლიეთ, ისტორიულ რომანს წერს. რატომ ხდება ასე? ხანდახან ვფიქრობ, ნოსტალგიის მარყუჟია ძალზე პატარა და ვიწრო. ინგლისში, მაგალითად, დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც პრუსტის ცრემლებით მისტირიან Spice Girls-ს ან მინიდისკს, ან ტელეფონის ჯიხურებს – სულ ესაა; და ეს აისახება ჩვენს ლიტერატურულ კულტურაზე. ფრანგებს სჩვევიათ, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგონ ტერმინი nouveau roman, ხოლო ინგლისელებს, ასე მგონია, შინაგანად აჯადოებთ წარსული. „მიდლმარჩიც“ კი ისტორიული რომანია! მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად ინგლისელი ვარ, წინ აღვუდექი ფორმაზე შექმნილ მცდარ წარმოდგენას, სტუდენტობის დროიდან რომ მსმენოდა, როდესაც ვიზიარებდით განმარტებას – ისტორიული რომანი ესთეტიკურად და პოლიტიკურად კონსერვატიულია.

თუ აიღებთ რომანს და აღმოაჩენთ, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება დაწერილიყო, მაშინ ეს რომანი იმას არ გამოხატავს, რასაც ამბობს, რომ გამოხატავს, ასე არაა? მართლაც, რომანის დნმ მოითხოვს, იყოს ახალი. ყოველთვის ასე მეგონა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ სტუდენტური არგუმენტების დამაბნეველი ლოგიკა წნეხში აღმოჩნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჟანრის რამდენიმე შთამბეჭდავი ნიმუში წავიკითხე. მარგარეტ იურსენარის „ადრიანეს მოგონებები“ ლათინურად არ არის დაწერილი; ჩემი მეგობრის, დანიელ კელმანის, „მსოფლიოს აზომვა“ ძველი გერმანულით არ შექმნილა. „ვულფ ჰოლის“ ენასაც კი თითქმის არაფერი აქვს საერთო ტიუდორებისეულ სინტაქსთან – სულით ხორცამდე მანტელისეულია[2]. სამივეს სიახლე შემოაქვს. ყველა ისტორიული რომანი არ აცოცხლებს საკუთარ ეპოქას, წარსულის კვლევაც მისი ზედმიწევნით მიბაძვა არ უნდა იყოს. წარსულს შემსწავლელის თვალთახედვით უნდა უყურო, კითხვები დასვა, ცოტა იეშმაკო და ისტორიული პროზა სრულიად გარდაქმნის თქვენს წარმოდგენას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ აწმყოზე. ეს აზრები ახალი არაა მათთვის, ვინც დიდი ხანია, ისტორიულ პროზას ეტრფის, მაგრამ ჩემთვის სიახლე იყო. გადავდე იდეოლოგიური უკმაყოფილება. გამიმართლა და დამეხმარა, რადგანაც დაახლოებით 2012 წელს მეცხრამეტე საუკუნის ერთ ამბავს წავაწყდი და მაშინვე მივხვდი, ჩემთვის საინტერესო საკითხი იყო; 1873 წლის სასამართლო დავას ეხებოდა, ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ დავას – ართურ ორტონი, უოფინგელ ყასაბი, ამტკიცებდა, რომ იყო დიდი ხნით ადრე დაკარგული სერ როჯერ თიჩბორნი, დაუთი-თიჩბორნის მამულის მემკვიდრე, რომელიც, სავარაუდოდ, დამხრჩვალიყო.

თიჩბორნ კლეიმენტის[3] – ამ სახელით გახდა ცნობილი – საქმე იმ დროს გახმაურებული პროცესი იყო, რადგანაც აღმოჩნდა, რომ კლეიმენტის მთავარი მოწმე და შეუპოვარი დამცველი იყო იამაიკელი ყოფილი მონა, სახელად ენდრიუ ბოგლი, რომელიც თიჩბორნებთან მუშაობდა და ამტკიცებდა, რომ სერ როჯერი ამოიცნო. ახლა შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ 1873 წელს ღარიბი შავკანიანის სასამართლო ჩვენებას საყოველთაო უნდობლობით შეხვდებოდნენ, მაგრამ ბრიტანელ საზოგადოებას, როგორც მის მონათესავე ამერიკელ ხალხს, გაოცება სჩვევია – რადგანაც ნახეს, ამდენ მშრომელ განსასჯელს ბურჟუა ნაფიცი მსაჯულები, იტონელი ადვოკატები და არისტოკრატი მოსამართლეები ჩაგრავდნენ, ყველა მზად აღმოჩნდა, დაედასტურებინა ღარიბი კაცის განაცხადი, რომ მდიდარი გახლდათ. სასამართლო დარბაზი გაავსო ხალხის უზარმაზარმა ტალღამ – სურდათ, ენახათ, ერთ-ერთი მათგანი როგორ იმარჯვებდა… ერთხელ მაინც (ახირებაა, ალბათ, მაგრამ ო ჯეის[4] სასამართლო გაგვახსენდება). ბოგლი და მისი ყასაბი ეროვნულ გმირებად იქცნენ.

ამ საკვირველმა ამბავმა ისე გამაოცა, თითქოს, ხელოვნების ნიმუში აღმომეჩინა – ზედგამოჭრილი იყო ჩემი მიზნისთვის. მწერალი სამყაროსგან ასეთ საჩუქარს ცხოვრებაში ერთხელ იღებს. მას შემდეგ რვა წელი დამჭირდა, სანამ ბოლოსდაბოლოს სამუშაო მაგიდას მივუჯდებოდი და ყუთს გავხსნიდი. ამასობაში ძალისხმევა არ დამიშურებია, რომ ჩემი ისტორიული რომანი არ დამეწერა. ამერიკაში დავრჩი, ბრიტანული ბიბლიოთეკებისა და სასამართლო ჩანაწერებისაგან შორს. კიდევ ერთი შვილი შეგვეძინა. კიდევ ოთხი წიგნი დავწერე. ყველაფრის მიუხედავად, თემას ძველებურად ვუტრიალებდი, როგორც აღელვებული ქალი – გაცნობის აპლიკაციას, თითის მარჯვნივ გადასმა რომ მაინც ვერ გაუბედავს. წავიკითხავდი ისტორიულ წიგნებს, შენიშვნებს ვიწერდი, მოუსვენრობა მომეძალებოდა და იდეას ისევ საგულდაგულოდ ვივიწყებდი. ისევ არ მინდოდა, ისტორიული რომანი დამეწერა. ის შრომა მაშინებდა, რომელსაც საქმე მოითხოვდა. ეს სადარდებელი ჩემი ნიუ-იორკელი მეზობლის, ზემოხსენებული დანიელ კელმანის, დაკვირვებას არ შეუმსუბუქებია – ვხედავდი, რამდენს კითხულობდა კიდევ ერთი ისტორიული რომანისათვის, „ტილი“, რომლის მოქმედებაც მიმდინარეობს გერმანიაში ოცდაათწლიანი ომის დროს. ამ საქმით იყო დაკავებული ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მოედანზე, მისი შვილები კი ჩვენებთან ერთად თამაშობდნენ. ამ საქმით იყო დაკავებული პარკის ძელსკამებზე. ამ საქმით იყო დაკავებული ბიბლიოთეკებში. თითქოს, ხუთი წლის განმავლობაში დღე და ღამე ამ საქმით იყო დაკავებული. როცა ვკითხავდი, საქმე როგორ მიდიოდა, მიპასუხებდა, რომ დაქანცულიყო და მთელი ცხოვრება ამაზე რთული არაფერი გაეკეთებინა: „ისეთია, სადოქტორო და რომანი ერთდროულად რომ წერო. იმდენი ჩანაწერია!“ მოსმენილმა არ მომხიბლა. საერთოდ, შენიშვნებს არ ვიწერ. ვჯდები. ვწერ რომანს. მაგრამ ამ ვითომრომანმა, რომლის დაწერასაც ვუარობდი, უჯრა ჩანაწერებით გამომივსო, თარო კი – წიგნებით. გავიფიქრე: შესწავლა დასრულდა. გავიფიქრე: თუ დაუშვებ, შენს ყველაზე ბნელ, ყველაზე ენამჭევრ, ყველაზე დიკენსურ ინსტინქტებს გააღვიძებ. თიჩბორნის საქმეში ყოველი ნასკვის გახსნას მივყავდი მეცხრამეტე საუკუნის კიდევ ერთ დიდებულ ორნამენტთან, რაც კიდევ უფრო მეტი წიგნის შეკვეთასა და ჩანაწერებისათვის კიდევ ერთი საქაღალდის შექმნას ხდიდა საჭიროს. ოჯახში ყველას ყელში ვყავდი ამოსული: „იცოდი, რომ 1848 წელს…“ გავიფიქრე: ზედი, შენი რომანები მაშინაც კი საკმაოდ დიდია, როცა არაფერზეა! რა მოხდება, როცა უშუალოდ ფაქტებზე დაიწყებ წერას? შეეშვი, სმით, შეეშვი!

 ამ მღელვარებას დიკენსის დიადი აჩრდილი ჩამოსწოლოდა. იყო ჩემი ხნის, ნაკითხი, ინგლისში დაბადებული, ნიშნავს, აღიზარდო გულისგამაწვრილებლად გოლიათური გავლენით. დიკენსი იყო ყველგან. ის იყო სკოლასა და სახლის თაროებსა და ბიბლიოთეკებში. მან გამოიგონა შობა. ის იყო პოლიტიკოსი, გავლენა იქონია შრომის კანონმდებლობაზე, საგანმანათლებლო კანონმდებლობაზე, საავტორო უფლების კანონზეც კი. ის იყო მუშათა კლასის პირველი გმირი, ჩვენს ეგრეთ წოდებულ ღვაწლმოსილთა ბრწყინვალე სიმბოლო, აგრეთვე „ინგლისური მემკვიდრეობის“ ტურისტული ინდუსტრიის სამეფო რეგალია (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი გარდაცვალების შემდეგ ამ სახელით მანიპულირებს ბრიტანელი საზოგადოების სხვადასხვა სექტორი, რათა პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს). ის იქაც იყო, სადაც მსურდა, რომ მე ვყოფილიყავი: თეატრში, იტალიაში, ამერიკაში. მისი წიგნების სატელევიზიო ვერსიები ტრიალებდა – ისიც ფაქტია, რომ, უპირველეს ყოვლისა, დიკენსის დამსახურებით გვაქვს პრესტიჟული სატელევიზიო მინისერიალები; და წყეულ „მაფეთ შოუშიც“ იყო და მთელი ჰოლივუდის გაცნობიერებულ ადაპტაციებსა თუ გაუცნობიერებელ ნაქურდალშიც. ბავშვობაში ძალიან ბევრი ვიკითხე დიკენსი; რაც გავიზარდე, მასთან მიმართებით ჩვეული ეჭვი და წინააღმდეგობა მაწუხებს – ზედმეტად სენტიმენტალურია, ზედმეტად თეატრალურია, ზედმეტად ზნეობრივია, ზედმეტად მოზომილია – მაგრამ სრულად მაინც ვერ მოვახერხე, ამ უხერხული გავლენისათვის დამეღწია თავი, რაც ძალიან მინდოდა. ეს ბედი ეწია ჩემს ფარულ კვლევასაც. მეცხრამეტე საუკუნის ლონდონში, სადაც უნდა აღმოვჩენილიყავი, დიკენსს ვეფეთებოდი. მთავარ თემებში, საძიებელში, ფრჩხილსა თუ ფრჩხილს გარეთ – ყველა გზა ჩარლზთან ბრუნდება. მგონი, მეცხრამეტე საუკუნეში ისე არაფერი გაკეთებულა, დიკენსი არ ყოფილიყო გარეული. ჩემთვის ვიჯექი, ვკითხულობდი, ვთქვათ, იამაიკის აჯანყების შესახებ და აი, ისევ მას ვხვდებოდი – ხელს აწერდა ამ საკითხთან დაკავშირებულ პეტიციას. ვკითხულობდი დიდი ხნის წინ გარდაცვლილ და ყველასგან დავიწყებულ მწერალზე, უილიამ ჰარისონ ეინსუორთზე, რომელსაც ჩემ მეზობლად ეცხოვრა, და იქვე იყო დიკენსი, მას უმეგობრდებოდა. ვკითხულობდი წიგნს ამერიკაში მონობაზე და სქოლიოში მის სახელს აღმოვაჩენდი! დავაკვირდი, რომ ასეთ დროს ნამდვილი გიჟივით ვამბობდი: ოჰ, გამარჯობა, ჩარლზ! მერე დაიწყო კარანტინი და მეც, როგორც ყველა სხვამ, ცოტა გავაფრინე. უილიამ ჰარისონ ეინსუორთის ყველა ტირაჟამოწურული რომანი ვიგდე ხელთ (ორმოცზე მეტი დაუწერია, მათი უმეტესობა საშინელებაა). განსაკუთრებით დამაინტერესა უილიამის შინამოსამსახურემ, ქალმა, სახელად ელაიზა ტუშემ. ვერ ვივიწყებდი როგორც იმ პლანტაციას, სადაც ენდრიუ ბოგლი დაემონებინათ, ჰოუფ ისთეითს, ისე ინგლისისა და იამაიკის ულმობელ კავშირს. რამდენიმე წიგნი წავიკითხე თიჩბორნ კლეიმენტზე და ბევრი ვიფიქრე თაღლითობაზე: გაყალბებულ ვინაობაზე, გაყალბებულ ახალ ამბებზე, გაყალბებულ ურთიერთობებსა და გაყალბებულ ისტორიაზე. როდესაც ვცდილობდი, ამეხსნა, როგორ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი ერთმანეთს, ვერავინ ხვდებოდა, რომ ისტორიულ რომანს ვწერდი; დაასკვნიდნენ, რომ სრულიად დამკარგვოდა სიუჟეტი ან იქნებ, ხელახლა აღმომეჩინა ის. რომანს დავარქვი „თაღლითი“. შემდეგ, 2020 წლის მაისში, როდესაც ბოლოსდაბოლოს კლავიატურას მივუჯექი, ინგლისში გადმოვედით, სწორედ რომ დროულად – ბრიტანეთში კარანტინი დაიწყო.

საქმე არაფერი მქონდა, არსად მეჩქარებოდა; წესად მექცა, მოძმე ბრიტების მსგავსად, ქუჩებში მესეირნა, მაგრამ სხვაობა ის იყო, რომ ჩემი მზერა მაღაზიებს სცდებოდა – სწვდებოდა ლავგარდნებს, კარნიზებსა და საკვამურებს… მეცხრამეტე საუკუნეს, რაც, თუ კარგად დააკვირდებით, მთელი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონია. ვსტუმრობდი ადგილობრივ სასაფლაოებს. ვიპოვე უილიამ ეინსუორთისა და ელაიზა ტუშეს საფლავები, შემეძლო, რუკაზე მეჩვენებინა თიჩბორნ კლეიმენტის საფლავი, ასევე ქინგზ ქროსის კუთხე, სადაც ბოგლს ამოხდა სული. 2020 წელი იდგა, მაგრამ გონებაში 1870 წელი გამეფებულიყო. სრულიად დავნებდი: ისევ ინგლისში ვიყავი და ისტორიულ რომანს ვწერდი. ახლა ჩემი ღირსება ერთადერთ პრინციპზე იდგა: არავითარი დიკენსი. ეს, სულ მცირე, ნიშნავდა შემდეგს: არავითარი ობლები, არავითარი უსასრულო დიკენსური აღწერები, და არავითარ შემთხვევაში ქალბატონები, სახელად მისის სპაიტლი ან ლაჩრები, სახელად მისტერ ფეარფეინტი ან რამე მსგავსი. თავი რომ დამეზღვია, ვიზრუნე, არ გადამეკითხა დიკენსი, კვლევისათვის საჭირო მასალებს თუ არ ჩავთვლით და უნდა მეცადა, მასზე არ მეფიქრა. მაგრამ მხატვრული ლიტერატურის წერა გვასწავლის, რომ სიმართლე შეთხზულზე უფრო უცნაურია. ვწერდი ნამდვილ ადამიანზე, სახელად ელაიზა ტუშეზე, ქალი ჩემს გონებაში იფურჩქნებოდა და ყველა სხვა გმირს ჩრდილავდა – ეს ნიშნავდა, რომ ჩემს რომანს ეყოლებოდა გამოკვეთილი ქალი პერსონაჟი, რომლის სახელს დიკენსიც კი არაჩვეულებრივად ჩათვლიდა. ტუშე, მისის ტუშე! მაგრამ დიკენსი საფლავიდან კიდევ არაერთ ოინს მიმზადებდა.

კვლევა ნახევრად დამესრულებინა, მისი სახელი კი სქოლიოდან მთავარ ტექსტში ახტა, როგორც ჩემთვის საინტერესო მოვლენათა ნამდვილი მონაწილე; ცხადი გახდა, ეს ნამდვილი ამბავი სრულყოფილი ვერ იქნებოდა, თუ მისტერ ჩარლზ დიკენსი გვერდებზე არ გამოჩნდებოდა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში გამუდმებით სტუმრობდა სადილად ეინსუორთს. ის მონაწილეობდა იამაიკის მომავალთან დაკავშირებულ დავაში (ამ დავაში მან არასწორად აირჩია მხარე). ყველაზე წარმოუდგენელი კი ისაა, რომ დაუთი სტრიტი, სადაც ერთ დროს დიკენსი ცხოვრობდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ბლუმსბერის იმ ნაწილშია, რომელიც დაუთი-თიჩბორნის მამულს ეკუთვნის. ეს ნიშნავდა, რომ დიკენსის ყოფილი სახლი იმის ნაწილი გახლდათ, რის მიღებასაც ჩემი კლეიმენტი ცდილობდა. დიკენსი ჰაერივით ყველგან იყო.

ხანდახან წერისას უნდა მოდუნდე და ძენის პოზიცია გაიზიარო – გაჰყვე, საითაც მიჰყავხართ, რაც ხშირად ის ადგილია, საიდანაც მოხვედი. მისტერ დიკენსს ასე ვუთხარი: მისმინეთ, შეგიძლიათ, მეორეხარისხოვანი გმირი იყოთ, მაგრამ მომდევნო თავში მაშინვე მოგკლავთ. თქვენ ნებაზე ვერ ივლით, მახვილგონივრულ გამოსვლებსა და სიბრძნის გაზიარებას ვერ შეძლებთ. სიტყვა შევასრულე, ერთ თავში მოვკალი, ძალიან მოკლე, არადიკენსურ თავში, სახელწოდებით „დიკენსი მოკვდა!“ ისეთი კათარსისი იყო, რომელიც, ხალხის რწმენით, წერას ხშირად ახლავს, მე კი იშვიათად განმიცდია. შემომხედეთ (გავიფიქრე)! ამ წუთას დიკენსი მოვკალი! (აღვწერე მისი უცაბედი სიკვდილი და შემდგომ უესტმინსტერის სააბატოში დაკრძალვა.) ეს დიდებული სცენა დავწერე და საჭირო გახდა (რეტროსპექცია), ჩარლზი აუცილებლად დაბრუნებულიყო, როგორც უფრო ახალგაზრდა და დაუმორჩილებელი ძალა, ვიდრე წინა ორმოც გვერდზე გახლდათ. მაშინ დავნებდი. დავრთე ნება, ჩემს გვერდებზე ისევე ეთარეშა, როგორც მეცხრამეტე საუკუნის ლონდონში დააბიჯებდა. ის ჰაერშია, კომედიაში, ტრაგედიაში, პოლიტიკასა და ლიტერატურაში. ის იქაა, სადაც არაფერი ესაქმება (მაგალითად, იამაიკის მომავლის გადამწყვეტ დავაში მონაწილეობს). ხანდახან დამთრგუნველია, ხანდახან მომაჯადოებელი, ხანდახან მომხიბვლელი, ხანდახან უდიდესი გავლენა აქვს. სწორედ ისეთია, როგორიც სიცოცხლეში იყო. სწორედ ისეთია, როგორიც ჩემთვის იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ბავშვობის გავლენა ასეთია – გაგიჟებს, რადგანაც ბევრად მეტი გმართებს მისი, ვიდრე გინდა, რომ იგრძნო ან აღიარო. იხილეთ მშობლები.

თერთმეტი წლის შემდეგ, როდესაც იდეა მომწიფდა და ჩემი ისტორიული რომანის წერა დასრულდა, ლეპტოპი დავკეცე და გავიფიქრე: ვიცი, ხშირად მაცოფებს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მის გარეშე ამას ვერ დაწერდი. ამ ვალზე ვფიქრობდი და გადავწყვიტე, ის გამეკეთებინა, რასაც ლონდონში ცხოვრების განმავლობაში მუდამ ვერიდებოდი: უესტმინსტერის სააბატო მოვილოცე. პოეტების კუთხე მოვინახულე და ზუსტად ჩარლზ დიკენსის საფლავთან დავდექი. ოჰ. გამარჯობა, ჩარლზ. ბოლოსდაბოლოს, იმედი მაქვს, ვალი სრულად მოვიხადე. და როდესაც სახლში დავბრუნდი – საერთოდ აღარ ვიფიქრებდი აბეზარ მისტერ დიკენსსა და მის გავლენასა და კითხვასთან დაკავშირებულ საქმესა და ჩანაწერებსა და კვლევაზე – ვიფიქრე, ცოტა ხნით ტელევიზორისთვის შემეხედა; ჩავრთე ყველასთვის საყვარელი BBC და რა ვნახე პროგრამაში? ახალი „დიდი იმედები“. ჰო, ამ ვერსიაში რასების თანასწორობის იდეა დაცულია, მაგრამ მაინც „დიდი იმედებია“. ოჰ, გამარჯობა, ჩარლზ. გამარჯობა და ნახვამდის და კიდევ გამარჯობა!

დაიბეჭდა The New Yorker-ში

2023


[1] ქოლუმ მაკკენი და ქოლმ ტოიბინი.

[2] იგულისხმება ბრიტანელი მწერალი ჰილარი მანტელი.

[3] (ინგლ.) Claimant – მოლაპარაკე სახელი; ინგლისური სიტყვა claimant ნიშნავს პრეტენდენტს.

[4] იგულისხმება ო. ჯ. სიმპსონი.

© არილი

Facebook Comments Box