ახალი ამბები

ზელდა ფიცჯერალდი – მწერალი, მუზა და… მხატვარი?

ათწლეულების განმავლობაში ზელდა ფიცჯერალდი, პირველ ყოვლისა, ცნობილი იყო, როგორც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ცოლი და მისი ფიქციური გმირების პროტოტიპი. გვიანი 1960-იანი წლებიდან კი ქალთა მოძრაობებმა საგრძნობლად გაზარდა ინტერესი მის მიმართ – იმ ქალის, რომელიც ნიჭიერი ავტორი და მოცეკვავე გახლდათ.

მაგრამ ამ დრომდე ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა მისი ნამუშევრების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მას ეკუთვნის ასზე მეტი პეიზაჟი იმ ქალაქის, სადაც ცხოვრობდა, ქმნიდა ილუსტრაციებს ზღაპრებისა და ბიბლიური ამბებისთვის და ფიგურებსა და ყვავილებსაც ხატავდა.

ზელდა ფიცჯერალდის შვილიშვილი, ელეანორ ლანაჰანი იხსენებს: „სახლში, სადაც გავიზარდე, ჩემი ბებია-ბაბუის სურათები არ ყოფილა, მაგრამ სკოტი და ზელდა უსიტყვოდ არსებობდნენ. ზელდას პეიზაჟები პირველ სართულზე ეკიდა, ზღაპრების ილუსტრაციები კი – ჩვენს საძინებლებში. ის ჩემი დაბადებიდან ორ თვეში გარდაიცვალა. თავის უკანასკნელ წერილში, რომელიც დედაჩემს მისწერა, ზელდა ამბობს: „მოუთმენლად ველოდი პატარა გოგონას: ქერაა თუ შავგვრემანი?“

როგორ მინდოდა მასთან შეხვედრა! თუმცა, მანუგეშებს ის, რომ ჩემი არსებობის შესახებ იცოდა“.

ელეანორი ჰყვება, რომ პირველად პერსონალური კავშირი ბებიასთან სწორედ მაშინ იგრძნო, როცა მისი დახატული სიცოცხლით სავსე ქაღალდის თოჯინები აღმოაჩინა: დაახლოებით ათი წლის იყო, როცა მათ სხვენის კარადაში გაცრეცილ მუყაოს ყუთში გადააწყდა. მისი საიდუმლო განძი საახალწლო ორცხობილებს ჰგავდა – ქაღალდები ერთმანეთზე ელაგა, ოდნავ გადახლართული. ელეანორი მეტისმეტად დიდი იყო იმისთვის, რომ თოჯინებით ეთამაშა, თუმცა დროდადრო მათი ნახვა მაინც ძალიან სიამოვნებდა.

მან ისიც აღნიშნა, რომ ფიგურებსა და წვრილმან დეტალებში ჩანს ზელდას აღტაცება ცეკვით, ფერებით, ამბებით, კოსტიუმებითა და თამაშით.

ყველა ქაღალდის თოჯინა ფანქრითაა დახატული დაფაზე და გუაშითაა გაფერადებული, გაუმჭვირვალე წყლის საღებავით, რომელსაც ზელდა გაბედულად იყენებდა. მათი კოსტიუმები კი უფრო ნათელ სახატავ ფურცელზეა შესრულებული. უმრავლესობა ამოჭრილია, მაგრამ ზოგიერთი, მაგალითად, მეფე არტურის, ჰენზელისა და გრეტელის და სხვ., ხელუხლებელია. თოჯინები დაახლოებით 12 ინჩის სიმაღლისაა. თუ მათი კოსტიუმები მოიცავს ქუდებს, შარფებს, გვირგვინებს ან ჩაფხუტებს, 14 ინჩსაც აღწევს ხოლმე. ყველაზე მოკლე კი პატარა დათუნიაა, რომელიც 9 ინჩის სიგრძისაა.

თითქმის ყველა თოჯინას ერთი გამოსაცვლელი კოსტიუმი მაინც აქვს. ელეანორის ფავორიტთაგანია, მაგალითად, გამხდარი კარდინალი რიშელიე, ნათელ წითელ საცვალში ცეცხლოვან წითელ მოსასხამთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით შექმნილ თოჯინებს უფრო მრავალფეროვანი გარდერობი აქვთ. კაცები, ჩვეულებრივ, საბრძოლო ტანისამოსით არიან წარმოდგენილნი, ისევე როგორც საცერემონიო კაბებით, რითაც წარსულის ბრწყინვალე ერას განასახიერებენ. მისი ქაღალდის თოჯინები დგანან მაღლა აპყრობილი ხელებით, ბალეტის პოზაში, ისინი ემისრები არიან თვითდაჯერების მიწიდან და ფარდის აწევას ელოდებიან.

სწორედ ასეთ უნიკალურ კოლექციას ეძღვნება წიგნი, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გამოიცა. „ზელდა ფიცჯერალდის ქაღალდის თოჯინები“ ელეანორ ლანაჰანის მიერ შედგენილი კოლექციაა ზელდას ლამაზი, მრავალფეროვანი ნამუშევრებით, კოსტიუმებითა და თოჯინებით, რომლებიც ნამდვილი აღმოჩენა იყო მისთვის.

ნამუშევრების ნაწილი, სამწუხაროდ, დაკარგულია. ისინი ადვილად ზიანდება, ფეხსაცმელი იკარგება, ფრთა უჩინარდება… თვითონ თოჯინებიც დაფანტულია, რადგან შვილიშვილებს, შემდეგ თაობას გადასცემენ.

თუმცა ელეანორი, ზელდას შვილიშვილი, იმედოვნებს, რომ ამ ნამუშევრებს მკითხველებიც მომხიბვლელად და ზელდას იმპულსური სულით გამსჭვალულად ჩათვლიან სწორედ ისე, როგორც თავად აღიქვამს მათ.

© არილი

Facebook Comments Box