ინტერვიუ

ინტერვიუ რახელ მარია გრაცფელდთან – “თარგმანების საფუძვლიანი შეფასება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა”

ესაუბრა თაკო წულაია

რახელ მარია გრაცფელდი წელს „საბას“ ჟიურის წევრი იყო. წინამდებარე ინტერვიუში იგი ამ პრემიის მნიშვნელობასა და ჟიურის წევრობის გამოცდილებაზე საუბრობს. იხსენებს, რატომ დაინტერესდა პირველად ქართული ლიტერატურით, ასახელებს ავტორებს, რომელთა წიგნებსაც განსაკუთრებულად ელოდება და ქართულ საგამომცემლო სივრცეზე, მის მახასიათებლებზე მსჯელობს.

წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ შვეიცარიულ გამომცემლობაში მუშაობისას მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ გამოეცით და მაშინ დაინტერესდით ქართული ლიტერატურით. თუ გახსოვთ პირველი შთაბეჭდილება, რა იყო ამ რომანში ისეთი, მანამ სრულიად უცნობი ქართული ლიტერატურის გაცნობის სურვილი რომ გაგიჩინათ?

საერთოდ, ამ რომანმა, პირველ რიგში, სურვილი გამიჩინა, ჯავახიშვილის ქვეყანა მენახა. საქართველო ამ წიგნისა და ცოტაოდენი იმ დროს ხელმისაწვდომი თარგმნილი ქართული ნაწარმოების წყალობით, ასე ვთქვათ, ჩემს რუკაზე გამოჩნდა. სურვილის ასრულებამდე ომის გამო ათიოდე წელი გავიდა. ხოლო მას შემდეგ, კერძოდ, 2002 წლის მერე, საქართველოში ბევრჯერ ვიმოგზაურე, ჩემთვის აქამდე უცნობი ქართული ენის ჟღერადობამ მომხიბლა, ვიგრძენი ქართველების სიყვარული მათი ენის და ლიტერატურის მიმართ და ქვეყანა შემიყვარდა, მისი ლიტერატურის უფრო ახლოს გაცნობისა და ენის სწავლის სურვილიც გამიჩნდა. ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძემ”, რამდენადაც მახსოვს, მომხიბლა თხრობის მანერით, ეპიზოდური თხრობით, იუმორით და ირონიით, მისი მულტიკულტურულობით, რომელიც ვლინდება კვაჭის ანტურაჟში. თან ქართული ენის სიმდიდრე გერმანულ თარგმანში ცხადად ვლინდება, რამაც გამოიწვია ჩემი ინტერესი ქართული ენისა და ქართულად მოლაპარაკეების მიმართ.

როგორც უკვე ვახსენეთ, შვეიცარიაში საგამომცემლო საქმიანობაში იყავით ჩართული და, აქედან გამომდინარე, ერთმანეთს თუ შევადარებთ ორ ქვეყანაში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს, რა განმასხვავებელი ნიშნები გამოიკვეთება? ზოგადად, ქართულ საგამომცემლო პოლიტიკაზე რას ფიქრობთ?

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია და საქართველო ორივე პატარა ქვეყანაა, შვეიცარიის წიგნის გავრცელების სფერო ბევრად უფრო დიდია, ვინაიდან გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურენოვანი წიგნები იყიდება და იკითხება გერმანულენოვან ქვეყნებში, იტალიასა და საფრანგეთში. ასე რომ, ავტორები, მკითხველები და გამომცემლობები მეტია, ვიდრე საქართველოში. რაც შეეხება გადათარგმნილი ნაწარმოებების წილს, გერმანულენოვანი წიგნის ბაზარი გლობალურ ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს. გამომცემლობების “ლანდშაფტიც” უფრო სხვადასხვაგვარია; საქართველოში მხოლოდ ორი გამომცემლობა ფარავს პროდუქციის 50%-ს. გერმანულენოვანი წიგნის ბაზარი გაჯერებულია, კონკურენცია დიდია, შესაბამისად, არსებობს მკაცრი არჩევითობა გამომცემლობებში. სხვათა შორის, მოსახლეობაში მკითხველების წილი ქართულ და გერმანულენოვან სამყაროში დაახლოებით ერთნაირია. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი შემდეგია: ქართულ ბაზართან შედარებით, ევროპულმა წიგნის ბაზრებმა გამოიარა სრულიად განსხვავებული ისტორია და პირობები. ქართული საგამომცემლო სამყარო ძალიან ახალგაზრდაა; წიგნის ბაზარი საბჭოთა კავშირის დაშლის და სამოქალაქო ომის შემდეგ, ძირითადად, ნულიდან შეიქმნა, ესე იგი, მხოლოდ 25 წლისაა. ამ ცოტა დროის განმავლობაში კი, ჩემი აზრით, უზარმაზარი წინსვლა აქვს. დიდი ბიძგი იყო საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს. საგამომცემლო საქმიანობა ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია. ჩემი აზრით, გაუმჯობესების პოტენციალი არსებობს სარედაქციო და სალიცენზიო საქმეში. ვფიქრობ, ბევრი ქართველი ავტორია, რომლებიც შეიძლება უცხო ქვეყნებისთვის საინტერესო იყოს, თუკი ქართული გამომცემლობების “foreign rights”-ის განყოფილებები ინტერესის გამოწვევისა და სტიმულირების პროცესს სისტემატურად და გეგმაზომიერად წარმართავენ. ამის გარდა, ქართველმა გამომცემლებმა ბაზრის სიმწირის გამო თავისებური საშუალებები უნდა გამონახონ მკითხველების მოსაზიდად და მათი რაოდენობის გასაზრდელად, ავტორების აღმოსაჩენად და მოსამზადებლად, წიგნებისთვის ყურადღების მისაპყრობად. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ გამოწვევებს ქართველი გამომცემლები ქართველებისთვის დამახასიათებელი კრეატიულობითა და ინოვაციურობით გაუმკლავდებიან. რაც შეეხება ქართული ლიტერატურის მხარდაჭერას, მწერალთა სახლისა და ყოფილი წიგნის ეროვნული ცენტრის აქტიურობა, ჩემი აზრით, ფასდაუდებელი, სამაგალითო და აუცილებელია და, რაც მთავარია, პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.

როგორ შეაფასებთ პრემია „საბას“? სხვა ქვეყნის ლიტერატურული პრემიებს კონტექსტში რომ ვიმსჯელოთ, რამდენად მნიშვნელოვანი ჯილდოა? თქვენი დაკვირვებით, მისი სტაბილური არსებობა რით არის განპირობებული?

პრიზის სტაბილური არსებობა, ერთ მხრივ, აიხსნება დამაარსებლებისა და ორგანიზატორების პირადი, განუწყვეტელი თავდადებითა და პროფესიონალიზმით, მეორე მხრივ კი (რამდენადაც ამაზე მსჯელობა შემიძლია) – მტკიცე პოლიტიკური დამოუკიდებლობით.
“საბა” ერთადერთი დიდი, ქართული ლიტერატურული პრემიაა, რომელიც, ცოტა კიტჩურად რომ ვთქვათ, შუქურასავით ყოველ წელს აშუქებს ახალი წიგნების ზღვაში გამოჩენილ ნაწარმოებებს. მის ოცწლიან არსებობას თუ მიმოვიხილავთ, შეგვიძლია, თვალი ვადევნოთ ახლო წარსულის ქართული ლიტერატურული პროდუქციის განვითარებას. სხვა ქვეყნების ლიტერატურული პრემიების მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობასთან ძნელია შედარება, თუმცა ეროვნულ დონეზე “საბა”, ალბათ, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც გერმანული წიგნის პრემია (Deutscher Buchpreis). ავტორებისთვის პრემია “საბა”, პრესტიჟის გარდა, ალბათ, ფინანსურადაც მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში თითქმის არ არსებობს ავტორების მხარდაჭერის სხვა საშუალებები. სხვა ქვეყნების კონკურსების გრძელი სიებისგან განსხვავებით, აქ ზოგიერთი ქართული გამომცემლობა თურმე სელექციის გარეშე გზავნის წლის სრულ პროდუქციას. პრემიის არსებობის დასაწყისში, როცა ბევრი წიგნი არ გამოიცემოდა, ასეთი საქციელი აზრიანი იყო, ახლა კი, გამოცემების უფრო და უფრო დიდი რაოდენობის შემთხვევაში, მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ გამომცემლობები ნომინაციაზე წარსადგენ ავტორებს წინასწარ ამოარჩევდნენ. აგრეთვე კარგი იქნებოდა, ჩემი აზრით, ზოგიერთი ჟანრისთვის, როგორებიცაა ფენტეზი ან საბავშვო ლიტერატურა, ცალკე ნომინაციები არსებობდეს, თუნდაც რეგულარული ინტერვალით. თვით დაჯილდოების ოსტატური ცერემონია ყოველთვის შთამბეჭდავი და საოცარი ღონისძიებაა; ჩემი გამოცდილებით, უნიკალურია თავისი არაჩვეულებრივი ხასიათით, ინტიმურობითა და სითბოთი. ამიტომ ჩემთვის, როგორც უცხოელი წევრისთვის, ჟიურიში მოწვევა ძალიან დიდი პატივი იყო.

თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან რომელ ავტორებს გამოარჩევდით? ვის კითხულობთ, ვის ახალ წიგნებს ელოდებით ხოლმე?

ძირითადად, ვკითხულობ და განსაკუთრებულად ველოდები ხოლმე იმ ავტორების წიგნებს, რომლებსაც ვთარგმნი, ესე იგი, აკა მორჩილაძე, დავით გაბუნია, ლაშა ბუღაძე და ა. შ. ან რომლებსაც სიამოვნებით გადავთარგმნიდი, მაგალითად, არჩილ ქიქოძეს. ასევე მოუთმენლად ველოდები იმ ავტორების პირველ რომანებს, რომელთა მოთხრობების კრებულები დიდი სიამოვნებით წავიკითხე. ძალიან დიდხანს ველოდებოდი, რომ ირმა ტაველიძეს დაეწერა რომანი და ჩემი იმედი არ გაეცრუებინა: “ბნელ წყლებში” არაჩვეულებრივი რომანია. ‘საბას” ლაურეატებიც და ნომინანტებიც ყოველთვის წამახალისებენ ხოლმე, აქამდე უცნობი ავტორები წავიკითხო.

შეგიძლიათ, დაასახელოთ ქართული რომანები, რომლებიც განსაკუთრებით მოგწონთ და ღირებულ ტექსტებად მიგაჩნიათ?

ზემოთ აღნიშნული ავტორების გარდა, ძალიან ვაფასებ ორი ავტორის ორიგინალურ ხმებს: თამთა მელაშვილის, რომელმაც სამი აქამდე გამოცემული რომანისთვის იპოვა თითო-თითო განსხვავებული ენა, რომლებიც ბოლომდე მისია და ანა კორძაია-სამადაშვილის, რომლის რომანები და მოთხრობებიც თავისებური, უნიკალური ყაიდით, ქალების შეხედულებით აღწერს წარსულ და დღევანდელ თბილისურ ცხოვრებას. თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის, ჩემი აზრით, უჩვეულოა თემურ ბაბლუანის “მზე, მთვარე და პურის ყანა”, რომელსაც ამჟამად ვთარგმნი: შეიძლება, არ იყოს ეგრეთ წოდებული “მაღალი ლიტერატურა”, მაგრამ ეს რომანი ოსტატურად მოთხრობილი და ძალიან ჩამთრევია. ფსიქოლოგიურად დამაჯერებელი, სიმპათიური გმირის ოდისეას მეშვეობით თავშესაქცევად გვიამბობს  საქართველოს ისტორიის მთელ ეპოქას.

თუ არ ჩავთვლით წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციას, ფინალისტი მთარგმნელებისა და ავტორების უმრავლესობას უკვე  კარგად იცნობდნენ მკითხველებიც და ჟიურის სხვა წევრებიც. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო? აქამდეც წაგიკითხავთ ნომინანტების წიგნები/თარგმანები?

რომანისა და პროზაული კრებულის ნომინაციებში ბევრ ნომინანტს უკვე ვიცნობდი. რამდენიმე ავტორის (ქიქოძე, იაშაღაშვილი, მალაციძე, ბადალაშვილი, ტაველიძე, თოფურია, ჩქვანავა, ქარუმიძე) ზოგი ტექსტი თარგმნილი ან ანთოლოგიისთვის გათვალისწინებული მქონდა, ზოგიერთს უცხოურ გამომცემლობებთან ვუშუამდგომლე. დოკუმენტური პროზისა და კრიტიკის რამდენიმე ავტორიც ცნობილი იყო ჩემთვის; ძირითადად კი ეს კატეგორიები ნამდვილი აღმოჩენა გამოდგა და მათმა მრავალფეროვანმა, საინტერესო და საფუძვლიანმა ნაშრომებმა გამაოცა. ლექსებს მე ხშირად არ ვკითხულობ, არც ქართულ, არც სხვა ენების პოეზიას და შეფასება მხოლოდ სუბიექტური შეხედულებით შემიძლია. პიესების ავტორებიდან ერთი ცნობილი იყო ჩემთვის; საერთოდ, ვფიქრობ, რომ ამ კატეგორიის შეფასება ყველაზე რთულია, რადგან წინასწარ არ ვიცით, გარკვეულ პიესას როგორ გარდაქმნის რეჟისორი, დრამატურგი ან მსახიობი. ჟიურის შეუძლია, შეაფასოს მხოლოდ შინაარსი და პოტენციალი.

როგორც ხათუნა ცხადაძემ ინტერვიუში გვითხრა, წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში გამარჯვებული ჟიურის მხოლოდ ოთხმა წევრმა გამოავლინა. რატომ არ აფასებდით თარგმანს, როცა, მაგალითად, პოეტური კრებულები და რომანები შეაფასეთ? სხვა ნომინაციების შემთხვევაში რამდენად მონაწილეობდით გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

თარგმანების ნომინაციის გარდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მივიღე ყველა ნომინაციაში. ის, რომ თარგმანების შეფასებაში არ ვმონაწილეობდი, შეთანხმებული იყო “საბას” ორგანიზატორებთან. თარგმანების საფუძვლიანი შეფასება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. ამაში ჩემი ჩართვა ამპარტავნული და არაპროფესიონალური იქნებოდა. გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვიცით, რომ თარგმანები მხოლოდ მშობლიურ ენაზე ხერხდება (ძალიან ცოტა გამონაკლისის გარდა) და მათი ხარისხის საფუძვლიანი შეფასებაც მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისთვისაც არის ეს ენა მშობლიური. სხვათა შორის, ძალიან სამწუხაროა, რომ “საბას” წინა დაჯილდოებებისგან განსხვავებით (2018 წლამდე), ქართულიდან სხვა ენებზე თარგმანებს აღარ აჯილდოებენ. ამ ნომინაციის ჯილდო ძალზე მნიშვნელოვანი და დიდი აღიარების ნიშანი იყო ქართული ლიტერატურის მთარგმნელების ძალიან პატარა ჯგუფისთვის.

ტექსტების შეფასებისას ჰქონდა გავლენა იმ ფაქტს, რომ ქართული თქვენი მშობლიური ენა არ არის? ამის გათვალისწინებით, რამდენად მტკიცე პოზიციები გქონდათ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებისას (სხვებისგან განსხვავებით, უფრო მეტად ხომ არ ითვალისწინებდით ჟიურის დანარჩენი წევრების აზრს)? საერთო ჯამში, როგორი გამოცდილება იყო ქართული ლიტერატურული  პრემიის ჟიურის წევრობა?

ფაქტს, რომ ქართული არ არის ჩემი მშობლიური ენა, იმ მხრივ ჰქონდა გავლენა, რომ ზოგიერთი ტექსტის შემთხვევაში, განსაკუთრებით პოეზიის ნომინაციაში, ვერ მივხვდი ან ვერ აღვიქვი ყველა ენობრივი ნიუანსი. ჟიურის ყველა წევრს გვქონდა ჩვენი მიდრეკილებები და ფოკუსები, მაგრამ ეს განსხვავებები მსჯელობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათანასწორდა. მხოლოდ სხვისი აზრი რომ გამეთვალისწინებინა, ჟიურიში ჩემს თავს ვერ დავინახავდი. საერთოდ, აზრებმა გაიარა დემოკრატიული კენჭისყრის პროცესი. ცალკეულ შემთხვევებში უმრავლესობის აზრის გათვალისწინება და უფრო რადიკალური მოსაზრებების დათმობა მომიწია, რაც ჩემთვის, როგორც შვეიცარიელისთვის, ძალიან ნორმალური ნაბიჯია. ყოველ შემთხვევაში, ჟიურის წევრობა, პირველი ჩემს ცხოვრებაში, ძალიან კარგი, ბევრის მომცემი გამოცდილება იყო. გავეცანი ერთი წლის მთელ ლიტერატურულ პროდუქციას, რაც ამ საქმიანობის გარეშე ასე ინტენსიურად არ მოხდებოდა. ახალი ავტორები გავიცანი. ქართული მსჯელობის კულტურასთან შეხვედრამაც ბევრი რამე მომცა. ასე რომ, მადლობა მინდა გადავუხადო “საბას” ორგანიზატორებს ჟიურიში მოწვევისთვის და ჩემს კოლეგებს ერთად გატარებული დროისა და საინტერესო, მეგობრული დისკუსიებისთვის.

© არილი

Facebook Comments Box