პროზა

ზვიად კვარაცხელია – სქუაშ დიხა

ეპისტოლე გერიაშ-ქალაქელთა მიმართ

თავი I

1. ღვთის შიშით და გულის კარნახით ვწერ-მეთქი, ვიტყოდი ამას, მარტო ღმერთის და სინდისის ანაბარა დარჩენილი რომ მეგულებოდეს ეს ქალაქი.

2. მაგრამ სხვანაირად ჯობია ვთქვა. ნაბიჯს მოზომვა უნდა და სიტყვას – ანგარიში.

3. გასაღები რომ ჩააბარა და ეზო-კარი კიდევ ერთხელ მოიარა, ტაძრის წინამძღვრისთვის უთქვამს, – დღეიდან თქვენ უნდა იყოთ აქ, ბევრს არ ვითხოვ, კანდელი არ ჩაქრეს ჩემი შვილის სახელზე და ლოცვაში არ გამომიტოვოთო.

4. თავი დაუკრეს, უარს ვინ ეტყოდა შვილმკვდარ მამას. კომუნისტი კაცი ერთადერთი შვილის გაქრობამ და ცოლის ჩაგონებამ მიიყვანა ეკლესიაში, თორემ კაბიანი მხოლოდ ქალები სწამდა.

5. ვინც მაშინ კაი ცხოვრებას დაეჩვია, მარტო კაი ცხოვრებაზე ფიქრობდა, სხვა არაფერზე. ცუდი რატომ უნდა იაზრო, გიჟი თუ არ ხარ, მაგრამ ცუდი ამბები უწადინოთაც ხდება – თავისით.

6. სანამ ის დღეები იყო – ფიქრის, ფიქრის, რა დავაშავე ან ვის რა დავუშავეო, მაგ განცდის ტყავში ჩაძრომის – ვინ რაზე შეაწუხებდა, თავისთვის იჯდა, იღებდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ გამხნევების სიტყვას, მაგრამ იმის იქით არაფერი.

7. მერე ცოტა გამობრუნდა აქაურობისკენ, ლუკმა გადაუვიდა და ცოლის ნათქვამიც გაიგო. დაეფიცება, ქალის ჭკუაზე არასდროს გაუვლია, მაგრამ მისთვის საჭირო რამეს მიაგნო ცოლის სიტყვებში და მიჰყვა. რაც იქნება, იქნებაო.

8. ბრაზი აიტანდა ხოლმე, ბიჭისთვის უნდა მიმეხედა, უფრო მიმეყურადებინა, საქმეს და ქეიფს ჩავანთხიე მთელი დროო. მას დაეძებდა სიზმარში. რაც აქ ვერ მოასწრო, სიზმრის იოლად ასახდენ სივრცეებში ეგულებოდა.

9. იქაც რომ გაუჭირდა და ძილის ყოველ შებრუნებაზე დაუსხლტა, შვილის მეგობრებს მიაკითხა, საათობით დაისვამდა, გაუთავებლად აყოლინებდა და ერთი-ორი დღით როგორღაც ყოფნიდა მტყუან-მართალი.

10. მარაშნა-დღე იყო, დილიდანვე ხვეწნით აიკლო ცოლმა, – წამოდი, ხალხში გაერიე, ნაცნობებსაც ნახავ და გულს გადააყოლებო. ჯერ უარობდა, მერე უცებ დაქოქა მანქანა და ტაძრის შესასვლელთან ძლივს იპოვნა ადგილი. გერია-მიტროპოლიტიც იმ დღეს გაიცნო.

თავი II

1. ვინც იშოვა, შოვნა ვინც საქმედ გაიხადა – მხოლოდ ის კაცობს ჩვენს ქალაქში.

2. გერია-მიტროპოლიტს ყველა შორიდან იცნობდა. ჩამოსულ კაცებს რომ თავიდან კრძალვით ექცევიან და მერე, გაშინაურებულები, ტალახს ზელენ მისთვის – ეს ერისკაცობაშივე იცოდა მიტროპოლიტმა, ამიტომ სხვად და უცხოდ დარჩენა არჩია პროვინციაში.

3. ამ მხარეს დიდი ტკივილების გადატანა მოუხდაო… – თქვა გამომგზავრებისწინა ქადაგებაში, – და ეს ყოველივე ორმაგად საპასუხისმგებლოს ხდის ჩემს მომავალ მოღვაწეობასო.

4. ღვწა. მოღვაწება. ღვაწლი. ფეხსაცმელების ბიზნესის არხი რომ გაიჭრა იტალიაში და მოცვის პლანტაციებმა მოიცვა გერიაშ-ქალაქი, მისი კურთხევით იყოო. მაშინვე ითქვა ეს.

5. ტანად ახოვანს ხიბლავდა, შესაფერისი კრძალულებით რომ ექცეოდნენ, გარეშე თვალისთვის გასამეტებელი თავმდაბლობა კი ზებუნებრივ იერს უნარჩუნებდა. ერთხანს სტიქაროსნად ყოფილიყო იმპერიის მეგაპოლისში, საიდანაც ეგზარქოსებს მოავლენდნენ ხოლმე დაპყრობილ ქვეყნებში.

6. ბერად პაისი ათონელის კრებულთა გამომცემელმა ეპისკოპოსმა აღკვეცა. პაისი ათონელი ერთგან, როცა ამსოფლიურ სურვილებზე ეკითხებიან, ამბობს: „როდესაც რომელიმე სახლს ჩაუვლი და ხედავ მის მდიდრულ მორთულობას – მარმარილოს, მოწყობილობას – აღფრთოვანდები კედლებითა და სამშენებლო მასალით, ყოველივე ამაში შენს გულს ტოვებ…“

7. გერიაშ-ქალაქში ჩამოსული პირველივე დღეს მიხვდა, რომ აქ მაცხოვრებელთა შესამჩნევ უმრავლესობას სწორედ ეს გული უცემდა მკერდში. ძალუმად და ვნებით. ერთურთის წამხედურობით, ახალი დახლებისა და წერტილების მოსახვეტად.

8. მიტროპოლიტს ერთთავად კელიაში მყოფის სახელი ჰქონდა დაგდებული, მაგრამ მიპატიჟებაზეც არ ამბობდა უარს, თუკი წონიანი ხალხი თავს გამოიდებდა და ქორწილების თუ ქელეხების დალოცვას სთხოვდნენ.

9. ეს იმიტომ კი არა, რომ მათგან უხვ წყალობას მოელოდა – მხოლოდ იმისთვის, სულიერებისკენ რომ მოებრუნებინა მდიდარი ცოდვილები.

10. ალბათ ეს განზრახვა ამოძრავებდა საოლქო პროკურორის წმ. გიორგის ორდენით შემკობისას, გერიაშ-ქალაქის უწმინდურმა ავყიებმა კი ისე მოუნათლეს, თითქოს დიდი საკათედრო ტაძრის შენების ფული დაიბევაო.

11. საკათედროს საძირკველში ქალაქის ყველა მორწმუნემ ჩაატანა გულის ფორმის ქვა, სადაც ახლობელ-ნათესავთა (ცოცხლებისა და მკვდრების) სახელები ფლომასტერით იყო ჩამონუსხული.

12. მეც მათ შორის ვიყავი. ვეცადე ქვა გამოსაჩენ ადგილას დამედო.

თავი III

1. ბაქარ არდაშელია ის კაცი არ იყო, მხოლოდ ერთი შეხვედრით და ტკბილი ლაპარაკით მისაღებოდა ვინმეს. იცოდა მღვდლების ენამჭევრობის ამბავი და თუმცა დიდად არ ენდობოდა, მაინც უცნაურად ააფორიაქა ერთმა აზრმა.

2. აქ რაც უნდა ჰქონოდა და დარჩენოდა, იქ მაინც შეეწიოს ჩემს უბედურ ბიჭსო, – ცოლი და ოთხი კაცი წაიყვანა სანათესაოდან და გერია-მიტროპოლიტის რეზიდენციას მიადგნენ.

3. მონასტრის ეზო წალკოტად ექცია შაოსანი ქალების დაუღლელ შრომას მკაცრი და მოწესრიგებული იღუმენიას მეთვალყურეობით. საქმე არ ილეოდა და არც საქმეს ელეოდა მკეთებელი.

4. დიდხანს არ უსაუბრიათ. მიტროპოლიტმა მიიღო მოქალაქე არდაშელიას შეთავაზება. „ჩემი შვილის სახელზე“. დიახ. „დიდი სახლია, ათოთახიანი“. გასაგებია. „ეზოში სახლის გარდა ხის ოდაც დგას“. ღმერთმა შეგიწიროთ.

5. გერიაშ-ქალაქში გვიან მობრუნდნენ. „ის ხომ ვუთხარი, უფასოდ რომ გადავცემ და ჩემი შვილის მიწისთვის კაპიკიც არ მინდა“ – გზაში აეკვიატა ბაქარს. „კი, მაგით დავიწყე“.

6. ჩქიმ სქუაშ დიხა. ცხელოდა, პერანგი გაიხადა, ცივი წყალი დაისხა ჭიქაში. „სქუა“ – უნდოდა გაეხსენებინა, როდის დაუძახა თავის შვილს ბოლოჯერ, რა უთხრა ცოცხალს, ცოცხალს, თორემ მკვდრისთვის ყველა სიტყვა ნათქვამი ჰქონდა უკვე.

7. მოსაფერებელი. მონატრებული, ბავშვობის, მერმინდელი – რისი გონებიდან გამოფხეკაც შეძლო. ერთი ქალი მოეყვანა და ერთი შვილი დარჩენოდაო, –ეს ფიქრი არ ეშვებოდა, –ახლა მან ჩაკეტა ყველაფერი. არა, იმან და მე. წინ – ის, უკან – მე, მკვდარი და მკვდარს მიმსგავსებულიო.

8. დიხა. აი, ეს მიწა! „კარგად მიმიღო ხომ მიტროპოლიტმა? – გააკითხა ცოლს სამზარეულოში, – შეგვპირდა, წესიერ მღვდელს ჩავაბარებ, მიხედავს, სანთელ-საკმეველი არ გამოილევა შენი შვილის სახელზე, ეზო არ აბალახდება, ბაღნარად ვაქცევთო.

9. ეეხ, არ იციან გერიაშ-ქალაქში არავის დანდობა! იცოდნენ მაინც, რამდენს აკეთებს ეს ჩამოსული კაცი, ასე რომ ლანძღავენ ქვეშქვეშები!ჟალკა, ჟალკა! – სავარძელში ჩამჯდარს ჩამოეძინა.

თავი IV

1. დიქტოფონი რედაქციაში დამრჩა. სანამ ტაქსი დავიჭირე და უკან მივბრუნდი, არდაშელიების სახლთან აქცია უკვე დაშლილი იყო. „მორჩა, შვილო, ყველაფერი“, – ჩრდილში იჯდა ხის მაგიდაზე ხელებდაყრილი კაცი.

2. „ასე უთქმელად სიკვდილიც არ მოდის, – ჩაილაპარაკა თავისთვის, – ისიც რაღაცით განიშნებს ხოლმე“. გვერდით მივუჯდები-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ბოლო წამს მომერიდა.

3. „თურმე მიწა რომ გაეყიდათ, ჯერ უნდა მეჩუქებინა, ჯერ ჩემი შვილის სახელი დამერქმია ამ საჩუქრისთვის, ასე იოლად, უთქმელად რომ აეღოთ დიდი ფულიანაფორიანებს“.

4. ფეხზე ვიდექი, ზემოდან დავყურებდი დარდისა და დაღლილობისგან დაბნეულ კაცს, რომელსაც გახსნილი შავი პერანგიდან უბრალო ძაფზე ასხმული ჯვარი მოუჩანდა. ზოგჯერ ხელს წაიღებდა ჯვარისკენ, მოისინჯავდა, თითქოს ამოწმებს მის თანაყოფნასო.

5. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ბოძები ჩაედგათ სოფელში და ენერგოკომპანიას არდაშელიების სახლიც შეერჩია ერთი ბოძისთვის. „რუკა შედგა, ეს ეზო მოექცა შიგ. ნაყიდი აქვს სახელმწიფოს ეს ეზო და თუ დავაა, მაგათ ედავოსო, შემოუთვლია მიტროპოლიტს“.

6. „ბატონო ბაქარ, თქვენ რას აპირებთ?“ – რაღაც ხომ უნდა მეკითხა. „გერია არის ცხოვრებაო, ეს მითხრეს. ჯობნა, მორევა და ადგილის მოსუფთავება“, – ამომხედა ნაღვლიანად, სიბრაზისგან ხელები უცახცახებდა.

7. „არ დაწერო, ასე რომ მნახე. დაწერე, ჩვილის ცუილივით რომ ქრება უბრალო ადამიანი“.

© არილი

Facebook Comments Box