პოეზია

ზვიად რატიანი – განდევნა სამოთხეში

წიგნისთვის ‘კოცონი მდინარესთან’

 2. ს ა ს ა ხ ლ ე  ტ ბ ა ს თ ა ნ

(შემოდგომა. LCB, Wannsee)

ჯერ მხოლოდ სამი კვირაა, ვსახლობ

ამ სამოთხეში, სადაც ტბაა და ძველებური

სასახლე ბაღით, შენ საყვარელ ბერლინთან ახლოს,

სრულ სიფხიზლეში, სამარცხვინოდ გაძევებული

სიყვარულიდან, სამშობლოდან; რაღაც გაგებით –

ცხოვრებიდანაც: კი არ მოვკვდი, თითქოს გამაქრეს

ერთში, რომელიც მიყვარდა და მაინც ვანგრევდი,

და გამაჩინეს მეორეში, ტბასთან, ჰამაკზე –

ახალ აკვანში.

ამინდები კარგია – გრილი,

მაგრამ მზიანი. სულ გარეთ ვარ და სასახლეში

მხოლოდ ვიძინებ. უთენია გავდივარ დილით

და გვიანამდე ვხეტიალობ. ორად გახლეჩილ

ტვინსა და გულში არაფერი შეცვლილა. ტვინში

სიცარიელემ თითქოს მხოლოდ იცვალა გვერდი

და არც მიგრძვნია; ხოლო გულში მომავლის შიში

ადგილს უთმობს წარსულისას, როგორც ჩანს, ხედის

წყალობით უფრო, ვიდრე ბედის. ხედი ფანჯრიდან:

რთული მუხები და მინდორი, ტბა და შხუნები.

გაღმა ნაპირთან ნისლის ზოლი ოდნავ აჭრილა,

თითქოს თოლიებს გაეთქვიფოთ. ზოგჯერ შხუილით

წყდება ტოტიდან რაღაც მძიმე – არადა რკოა.

უხმოდ ეცემა. საცოდავად. სიმბოლურადაც –

როგორც ეს ჩემი დღევანდელი ტბის პირას დგომა

ერთწლიანი ვარდნის შემდეგ, როცა ნულამდე

დაეცა შანსი გადარჩენის, და ნულსაც ჩაცდა.

მე კი, დალეწვის მომლოდინე, არც კი დავეცი –

რბილად ჩავეგდე ჭრელ ჰამაკში უფერო ტბასთან;

არა, არ ჰგავდა ეს ტბა ლეთეს, და არც ჰადესი

შემგებებია. სანაპიროს როცა მივყვები,

თითქმის ვიჯერებ, რომ გადავრჩი; უკეთ ვარ. თუმცა

საკმარისია, აიშალონ წყლიდან იხვები

ან ციყვმა ტოტი შეარხიოს, ან კიდევ ღუზამ

გაიჭრიალოს ჩაშვებისას, – საკმარისია

ნებისმიერი უეცარი ხმაური, ბიძგი,

რომ ამოძრავდეს ფეხქვეშ მიწა და ტბის ნისლიან

სითეთრიდან გამოცვივდნენ ყველანი, ვინც კი

მიყვარს და მანგრევს. რა ცოტანი ყოფილან, ღმერთო.

და მაინც ბევრნი, თუნდაც ამით, ამ სიცოტავით.

დაუნდობლებიც: როცა ჩემში ყველანი ერთად

იწყებენ ხმაურს: მამხნევებენ, კვნესენ, ბოდავენ

მსაყვედურობენ… თანაც როდის: ძილი და მადა

ძლივს დამიბრუნდა, როგორც იქნა, რაც გადმოვედი

ამ ცხოვრებაში, – განსხვავებით წინასგან, სადაც

ვერც ვიქართველე, ვერც ვიკაცე, ვერც ვიპოეტე

და ვერც სიკვდილი მოვასწარი. როგორც სიმს – ხემი,

გაწყვეტამდე წამით ადრე, უეცრად დამწვდა

ჩემზე ბოლოჯერ ჩაქნეული მზრუნველი ხელი

და იმ რკოსავით ჩამომაგდო ჯადოსნურ ტბასთან –

თან სად, ბერლინთან!

შენ საყვარელ ქალაქთან ახლოს;

კედლის აჩრდილი – უხილავი სიმწრის ტიხარი

არც კი მაკარებს იმ ადგილებს, იმ ხიდს, იმ ბანჰოფს –

“აქ ერთხელ ერთად დავბრუნდებით” სადაც მითხარი.

 

  1. ო თ ა ხ ი ს ხ ვ ე ნ შ ი

(ზაფხული. თბილისი)

ხომ ყველაფერი თავზე დამემხო,

ზოგჯერ მგონია – კიდეც მაწყობდა.

რამდენჯერ იყო, დავაპირე, დანარჩენზე ხელი ამეღო

და ფეხი აღარსად გამედგა აწმყოდან.

 

არ გამომდიოდა. არ იყო ადვილი.

ხან შენ ბრუნდებოდი იმედივით,

ხან თვითონ იმედი – და ხსნიდა სადინარს,

რომელშიც დღემდე მივედინები

 

და ვიცი, საითაც.

ხომ საზარელია?

არადა მგონია – მაინც მანებივრებს

ის, ვინც ამდენჯერ შეაყინა ჩემი ხელი სამზარეულოს

უჯრას, დანებიანს.

 

  1. კ ო შ კ ი  მ თ ა ზ ე

(ზამთარი. Schlossberg, Graz)

ეს ქალაქი თავის ქალებს აშკარად ჩრდილავს

მოხდენილობით. შესაძლოა, ზამთრის გამოა.

ოთხზე ღამდება, და მანამდეც სულ საღამოა

გათენებიდან; ხოლო ქალებს ზედმეტად თბილად

შეუფუთავთ, შესაძლოა, არანაკლები

მიღწევები ხორციელი არქიტექტურის,

თუმცა საგანი ამ ლექსისა, მისი ვექტორი

მათკენ არ არის მიმართული. ლექსის საკვლევი

ობიექტი ამ ქალაქის ზურგზე კუზივით

თუ მკერდზე ცალი ძუძუსავით მომდგარი მთაა –

მოცული თოვლით და მითებით, ამბობენ, თავად

შუბერტს ჰქონია მასზე რაღაც, მგონი, მუზილიც

სადღაც ახსენებს. მთა შორიდან თითქოს საბანში

მოკუნტული არსებაა; უფრო – ფიტული,

რადგან შიგანი სულ სხვადასხვა სიღრმე-სირთულის

გვირაბებით აქვს გამოხრული, ჭებით, საბავშვო

რკინიგზით, ლიფტით, ღამის კლუბით…

და გულგამოცლილ

მთაზე გარედან მიცოცავენ ქვის ზიგზაგები

კიბის – ოდესღაც პატიმრების ხელით ნაგები

საფეხურები (დავითვალე: ორას სამოცი),

მთაზე კი თეთრი, ჯუჯა კოშკი!

დიახ, აქ უკვე

კადრი ნელდება და მსხვილდება: ეს სავიზიტო

ბარათი არის ამ ქალაქის, რითიც იზიდავს

გადამფრენ ყვავებს და ტურისტებს. თავად დაგუგლე

გრაცი და ნახავ – ამ მთისა და კოშკის რამდენი

შესაძლო ხედი ამოყაროს, ვიდრე დანარჩენს

მოაყოლებდეს; და არცერთში თითქმის არა ჩანს

ვარდების ბაღი კოშკის ქვემოთ – როზენგარტენი,

და ბაღის უკან ჩამალული ორი სართული

ორასწლოვანი შენობისა – სამი სტუმრისთვის;

ოღონდ სტუმარი ვერ იქნება ვინმე ტურისტი,

თუნდაც მდიდარი. პირობაა – იყოს მხატვრული

ლიტერატურის სამსახურში, ანუ ავტორი

და უსათუოდ – უცხოელი; ესეც წესია

სახლის, რომელსაც ასეც ქვია: რეზიდენცია

ავტორებისთვის. თუმცა ახლა, ასე დათოვლილ

ვარდების ბაღში, ვარდს ვინ ჩივის, ბუჩქებიც არ ჩანს

და სახლიც ორი მესამედით ცარიელია –

ორი სტუმარი იქ წასულა, სადაც ელიან:

სამშობლოებში, ოჯახებში. ერთიღა დარჩა

და ის მარტოა შინ თუ გარეთ, რადგან შობაა

და მთაზე ყვავიც აღარ ჩხავის, არათუ ვინმე

მთვრალი ტურისტი გაჰკიოდეს მშობლიურ ჰიმნებს;

ერთიღა დარჩა უმეგობრო, უსამშობლოო

და უაწმყოო.

2018 წელი,

რამაც ოთხი წლის ნაგროვები ერთად დამართა,

ძლივს იწურება. როგორც იქნა, მართლა ამართლებს

და ეცინება, რომ ასეა, “დევნილი მწერლის”

სტატუსს, რომელიც მოუფიქრეს რიგით მეორე

სამოთხის კართან. ეშინია უკან მოხედვის,

რადგან ჯერ კიდევ ენატრება ის ჯოჯოხეთიც,

სადაც შიშხინებს მისი სული, ხოლო სხეული

ყოველ ცისმარე დაძუნძულებს დათოვლილ ბაღში,

ღამით დაჰყურებს საახალწლო ქალაქის ლიცლიცს

იმავე ბაღის ტერასიდან; დროდადრო იცლის

ლექსებისთვისაც, და წერისას ბეჯითად ახშობს

ხმებსა და სიტყვებს, ყურებსა და ყელში მოწოლილს,

როდემდეც შეძლებს, უფრო სწორად, როდემდეც გასტანს

განცდა, რომ სადღაც, მდინარესთან, ჩაქრა კოცონი

და დანარჩენი – კოშკი მთაზე, სასახლე ტბასთან

მხოლოდ კვამლია; ობიექტი, ფონი, მასალა

თავის შექცევის, უფრო სწორად, თავის დაღწევის –

რომ საკუთარზე წერის ნაცვლად ხედის აღწერით

შემოიფარგლოს, არც იმჩნევდეს, რომ იმ მთასავით

მისგანაც დარჩა მხოლოდ გარსი, ხოლო შიგანი

გამოხრულია უთვალავი სიმწრის გვირაბით –

და იწერება შემოვლითი, გნებავთ, ირიბი

ავტოპორტრეტი… არა, შარჟი!.. არა, იგავი!..

ანდა სიმღერა.   ანდა ჰიმნი.   ანდა გალობა.

ლოცვა.   შელოცვა.   გამოლოცვა.

და ყველაფერი –

გარდა იმისა, რაც ყელიდან მკერდში ჩაფენილ

კაშნეს ქვეშ ხდება.

შესაძლოა, ზამთრის გამოა.

© არილი

Facebook Comments Box