რეცენზია

ზურაბ კალანდაძე – პოეტური გამოცდილებანი

 

ნინო დარბაისელი. დიოტიმა. რედაქტორი თეიმურაზ დოიაშვილი, მხატვარი კარლო ფაჩულია. თბ. “მერანი”, 2004.

რუსუდან კაიშაური. ცოცხების გადაფრენა. რედაქტორი შოთა იათაშვილი, მხატვარი გიორგი წერეთელი. თბ. “კავკასიური სახლი”, 2004.
დალილა ბედიანიძე. ნეტავ. რედაქტორი ლია შარვაშიძე, მხატვარი გიორგი წერეთელი. თბ. “მერანი”, 2003.

განსხვავებულია ნინო დარბაისელის, რუსუდან კაიშაურის და დალილა ბედიანიძის ხელწერა, პიროვნული იერი, მსოფლშეგრძნება. ეს განსხვავება მათი სამყაროს ყველაზე უფრო მკაფიო თავისთავადობის გამომხატველია.
ნინო დარბაისელის წიგნი “დიოტიმა” თავისთავადობის ნიშნით პირველივე გვერდებიდან იქცევს ყურადღებას. აქ თითქოს სხვა მელოდია ჟღერს, განსხვავებული ტრადიციულ-პოეტური წარმოდგენებისგან. აქ აზრი მოძრაობს, მაგრამ ეს პოეტური აზრია, ვინაიდან აშკარად არის ხატოვანებაც, რომელიც შეუმჩნევლად ახლავს აზრს. სწორედ ეს შეუმჩნევლობაა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ნინო დარბაისელის ლექსების კითხვისას შეუძლებელია, მკითხველს არ აღეძრას ერთგვარი ძალდაუტანლობის შთაბეჭდილება. ეს ლექსები თითქოს ფიქრთან ერთად იშვა, გრძნობის ნაკადთან ერთად დაკრისტალდა ფრაზებად. შეიძლება ვისაუბროთ მედიტაციურობაზეც, ოღონდ ცალკეული ფრაგმენტების გარდა (… და ერთობაში – ღმერთის ნება თუ უღმერთობა?). ეს არ არის ფილოსოფიური მედიტაციურობა. ნინო დარბაისელი ფიქრობს და ამ ფიქრის წიაღში იბადება ერთადერთი და შეუნაცვლებელი სიტყვები. უნდა ითქვას, რომ ნინო დარბაისელის ლექსების მოცულობით არცთუ ისე დიდი კრებული საკმაოდ ვრცელ სივრცეს შემოწერს, საგანთა და მოვლენათა სიმრავლეს შემოხაზავს. ამგვარი სივრცული ტევადობა პროზაული და პოეტური შტრიხების განზავებამ განაპირობა. ნინო დარბაისელი საკმაოდ ოსტატურად ფლობს ლაკონური ფრაზის მეშვეობით საგანთა კონტურების გამოკვეთის ხელოვნებას, განაფენს და ანაწილებს შუქ-ჩრდილებს, აზრის კვალდაკვალ მარჯვედ წარმართავს ლექსის ინტონაციას: “უფალო, / სულ ერთი ფეხით / თავს რად უსწრებს ადამიანი? / ანგელოზები – / სულ ერთი ფრთით გვიანდებიან”. ან ვთქვათ ასეთი ფრაგმენტი: “ო, არა წლები / ანდა უფროსთა სიმკაცრეები, / ჩვენ ბავშვობიდან / საკუთარი შეცდომები გვერეკებიან”. ან კიდევ ასეთი ფინალი: “თუ ვერ გადავრჩი, / აქ ნუ დამტოვებ / სადმე მივარდნილ ნაპირზე დამწვი, / და მეცხრე ტალღას გამატანე, / მეცხრე სკნელისკენ, ბროლკრიალა / მეცხრე ცისაკენ”.
არცთუ ცოტა დაწერილა და თქმულა პროზაული ნაკადის, პროზაული რეალიების შეტანაზე პოეტურ სუბსტანციაში. ეს თემა შეიძლება კარდინალურიც კი არის თანამედროვე პოეზიისათვის. პოეზის პროზაიზაციის პროცესი, მისი ხარისხი და თვისობრივი ნიშანი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად იჩენს თავს. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელობა ეროვნულ ტრადიციასაც აქვს და უცხოური გამოცდილების გაზიარებასაც. ჩვენში, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ფუნქცია იტვირთა ბესიკ ხარანაულის შემოქმედებამ. ახალგაზრდა თაობის პოეტებისთვის მისი პოეზია ახალი სუნთქვის გამხსნელი და შთამაგონებელი გამოდგა. ვფიქრობ, ეს გამოცდილება შემოქმედებითად აითვისა ნინო დარბაისელმა და თავისი პიროვნული ნიშნით აღბეჭდა. გამოცდილების ათვისებაზე რომ ვლაპარაკობთ, მხოლოდ ლექსწერის ხერხებს არ ვგულისხმობ, იმ ყოფა-ცხოვრებისეული სივრცის დაუფლებაზეც ვაკეთებ აქცენტს, რომელიც ჩვენში მანამდე პოეზიის კუთვნილებად არ იყო მიჩნეული. ბესიკ ხარანაულმა ეს სივრცე გააფართოვა, ახალი რეალიები შეიტანა “პოეზიის წრეში”, განსხვავებული რაკურსი შესძინა თავის პოეტურ ხედვას. ნინო დარბაისელმაც სწორედ აქ მოიძია თავისი სამყაროს საყრდენი, ამ ტრადიციაში მიაგნო თავისი ინდივიდუალური გამოცდილების განფენის გზას. “რუხი პლაჟი, / ჭრელი ქოლგები / და ჭრელი ქვები… / რა პატარა ვარ! / ალბათ ორი წლისა ვიქნები. / თვალმოჭუტული / მუხლზე გიზივარ, კიკინები ამიშვერია. / საოცარია, / რაც ხანი გადის, / ხუნდება ფოტო, / მაგრამ / მძაფრდება მოგონება: / დიდ წყალში როგორ შემიყვანე / მხარზე შესმული და როს ნაპირზე / ბუზისტოლად მოჩანდა ყველა / უეცრად როგორ გადამაგდე / ან ფსკერისაკენ / ტალღამ როგორ ჩამატრიალა / ანდა რა ძალამ ამომაგდო / კვლავ ზედაპირზე”. ეს ლექსი, რომელსაც “მამიანი სურათები” ჰქვია, მამა-შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მამა ცურვას ასწავლის შვილს და ყოველივე ეს ისეა გადმოცემული, რომ აშკარაა პირობითობის ელემენტის არსებობა, – მამა ცხოვრების მასწავლებელია, ცურვის სწავლება ცხოვრების სწავლებასთან არის გაიგივებული. პირობითობის შეგრძნებას თხრობის თავისებურება ქმნის. ამ თავისებურებას ლირიკული აქცენტები, პაუზები, პროზაულ-პოეტური რეალიების შეჯერება ქმნის.
ძალზე შთამბეჭდავი ლექსია “რექვიემი ქეთინოსთვის”. წარმავალობის აბსურდულობა, შემთხვევითობა, უმწეობა და უსუსურობა წუთისოფლის სტუმარი ადამიანისა. ქეთინო სიმსივნის მსხვერპლია, მისი გაუხარელი ყოფა უმწიკვლოა და უანგარო. “ერთხელ ჩანთები შემოგვეცვალა, / შიგ ეწყო ხურდა, პურის ყუა, კრიალოსანი / – სხვა არაფერი არაფერი, არც არაფერი”. აი, ასე მარტივად არის დახატული საცოდავი ქეთინოს პორტრეტი. ლექსის დამაგვირგვინებელ ნაწილს კი პათეტიკა და მედიტაცია იკავებს: “მაგრამ ტანჯვისთვის შენ ხომ შვილიც არ დაინანე”. / “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ვინ გაიგოს შენი სამართალი / ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი, ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი, “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ამის შემდეგ კი გამაწონასწორებელი ირონია და “ცხოვრებისეული” ინტონაცია იჭრება ლექსში: “ნათესავები მორიდებით ფაციფუცობენ, / მანდ, ცაში უკვე ხმას იწმენდენ ანგელოზები / და ზეფიროვან შესამოსელს მზე / აგვირგვინებს, / ო, რამოდენა სამზადისი ჰქონია ქრისტეს! / და ჩვენც მზადა გვყავს შენი სასძლო, / ღმერთო კეთილო, / ღმერთო კეთილო, ჩაიბარე ჩვენი ქეთინო!”
ნინო დარბაისელის ირონია კეთილმოწყალე ირონიაა, ზოგადად ადამიანის ხვედრისადმი დამოკიდებულების გამჟღავნებაა. ეს ირონია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თანაგრძნობით არის შეფერილი.
ჩემი აზრით, ნინო დარბაისელმა უკვე მიაგნო იმ ყალიბებს, რომელიც მის სათქმელს იტევს. სათქმელის არსებობა, თავისთავად ცხადია, სერიოზული წარმატების საწინდარია. მაგრამ როცა პოეტი ეძებს თავისი სათქმელის შესატყვის ფორმას, ეძებს ხმის იმ რეგისტრს, რომელიც ყველაზე ბუნებრივად გახსნის მისსავე ხასიათს და როცა ეს პროცესი სპონტანური კი არ არის, არამედ ცნობიერია, მიღწეული მხატვრული ეფექტი გასაკვირი აღარ უნდა იყოს. ასეთ შთაბეჭდილებას ქმნის ნინო დარბაისელის ლექსების კრებული “დიოტიმა”.
რუსუდან კაიშაურის პოეზიის მუზას ოჯახის კერიის კვამლის სუნი უდის: “იპრანჭებიან ჩემი გოგოები, / სარკეში ადგილი აღარ დამიტოვეს, ჩემი კაბები ჩაიცვეს, / ჩემი თვალები გაიკეთეს, / მე დავუშნოვდი ამიტომაც. / ჩვენს შუა მძივი გაწყდა, / ყველანი ერთად რომ ვატარებდით, / აღარ ვარ ორთქმავალი, / სასადილოს ვაგონად ვიქეცი მატარებლის. / დავსუსტდი, გოგოების სუნთქვები მბერავენ / მივფრინავ საჰაერო ბუშტივით, / მეტი არაფერი, ძირს დედამიწა დავუტოვე / გოგოებს – ჩემი კუთვნილი”.
ეს ლექსი გამონაკლისი არ არის. პოეტი ქალისთვის ოჯახი იმ სივრცედ იქცა, სადაც სიყვარულით, ტკივილით და ტანჯვით გაზავებული პოეზია იბადება. რუსუდან კაიშაურისთვის უცხოა ოჯახთან დაკავშირებული იდილიური განწყობილებები, ის ფიქრობს ადამიანის ბედზე, ბავშვობაზე, საკუთარ მამაზე, ზოგადად ქალის და დედის ხვედრზე, მარტოობაზე და სინანულზე. კრებული “ცოცხების გადაფრენა” ოჯახს დასტრიალებს თავს, აქედან იღებს თავისი დრამატიზმით აღბეჭდილი ვნებათაღელვისთვის საზრდოს.
რუსუდან კაიშაური საკუთარ თავსაც შვილების თვალით უყურებს. ასეთია მისი თვითრეფლექსია: “შვილებისთვის მე რუკა ვარ, / ჯოხით შემოხაზავენ გულს. / ხელით მიფარავენ პირს და / სხვა საჩოთირო ადგილებს. / თვალებს მიტრიალებენ მრგვალებს / და ჩემი მოთმინების ეშინიათ. / სახლში მე ჭუჭყიან კედელს ვმალავ, / როცა გაკრული ვარ, / მაგრამ ცაშიც შემიძლია გაფრიალება. / საყრდენი მეცლება, როცა შვილები / ჩემგან ქაღალდის გემს აკეთებენ / გეოგრაფიაში სამოგზაუროდ”.
რუსუდან კაიშაური ტრაგიზმით აღბეჭდილი მსოფლშეგრძნების მხატვარია, მას არ შეუძლია ჩვეულებრივად ყოფნა, ჩვეულებრივად ცხოვრება. ასეთი ცხოვრება მისთვის ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. ის მძაფრად უნდა გრძნობდეს სიკვდილს და სიცოცხლეს, ადამიანების ბედს და ხვედრს. ეტყობა მეგობარიც ასეთივე შეხვდა, იმიტომაც მიმართავს შემდეგი სიტყვებით: “მე მივხვდი დროა შენი დაკარგვის, / ჩვეულებრივი ყოფნა თუ მინდა”. ძნელია ორი ტრაგიკული ადამიანის მეგობრობა, მაგრამ ესეც ხომ ბედისწერაა! ბედისწერასთან დაურიდებლობით არის ნაკარნახევი სხვა სტრიქონებიც: “კატა ვარ, კალამი იქნება თაგვია, / ვთამაშობთ მე და ის, / სისხლიან თამაშებს, / და ვიდრე ვიცი, რომ სიკვდილი აქვეა, / ასოებს ამოვყრი, რვეულს არ დავამშევ”.
რუსუდან კაიშაურის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია “სიზმარი”. აქ სათქმელი ფაქიზად არის ჩაქსოვილი მთელი ლექსის სახეობრივ სტრუქტურაში. ამ ნაწარმოებისთვის უცხოა მშრალი, დეკლარაციული სტილი, გონებაჭვრეტითი სტრიქონები, აქ თითქოს გული ლაპარაკობს, ლირიკული დინება პოულობს თავის ერთადერთ და სწორ კალაპოტს და ზომიერად მიედინება. არის სტროფები, სადაც შთაგონება შეუნაცვლებელ სიტყვებს აგნებს: “დარდივით აწვა ზამთარი ბაღნარს / ლოჟაზე ცივად მადებდა ლოყას. / და მე ვიგრძენი უეცრად დაღლა, / სიკვდილიც თითქოს ამ ზამთარს მოჰყვა”.
კრებულში “ცოცხების გადაფრენა” სხვადასხვაგვარი ლექსებია თავმოყრილი. ერთმანეთს ენაცვლება ოჯახური რუტინა და რომანტიზმი, ბავშვობის კინოგმირები და ვირტუალური XXI საუკუნე, ვაჟა-ფშაველას გახსენება და ხსოვნაში ამოჭრილი დედის ხატი. ყოველივე ეს ქმნის ერთ საინტერესო მთლიანობას, მკაფიო პოლიფონიურ სურათს, სადაც პოეტი ქალის სულიერი ბიოგრაფიაა განფენილი.
დალილა ბედიანიძის სამყარო ნათელია და გამჭვირვალე. მრავალფეროვანი თემატიკა საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა რაკურსით დავინახოთ ეს სამყარო.
უსათაურო ლექსი “ქუჩაში მივდივარ და საკუთარ ფიქრებს ვუღიმი”, საინტერესოდ წარმოაჩენს კრებულის ლირიკულ გმირს. ეს ლექსი მკაფიოდ გამოკვეთს პოეტის ფიქრთა ნაკადს, მის ღრმა მისწრაფებებს. “ქუჩაში მივდივარ და საკუთარ მუსიკას ვუსმენ” – წერს პოეტი. და მართლაც, დალილა ბედიანიძის მთელი წეგნი ამ “საკუთარი მუსიკით” არის დაწერილი. ეს მუსიკა შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობას აღბეჭდავს. პოეტი მოწყვეტილია ყველას და ყველაფერს და მთლიანად საკუთარ თავშია ჩაღრმავებული. სწორედ ამ სიღრმიდან, პიროვნული უნიკალობის ამ წიაღიდან იბადება ბგერა, მელოდია, მუსიკა, ინტონაცია, რომელიც მთელი წიგნის სტრუქტურას, მის ლირიკულ ტრადიციას, შინაარსობრივ წყობას ქმნის.
დალილა ბედიანიძეს საკმარისი გამოცდილება აქვს. ის მოთმინებით ელოდება შთაგონების წუთებს. მის ლექსებს შორის ერთგვარი პაუზები, დროითი ინტერვალები იგრძნობა. ზოგჯერ ძველ ჭრილობებს ეხსნება პირი და პოეტს გაუყუჩებელი ტკივილები აწუხებს. “დღე ერთია და ფიქრი – ათასი, / დღეს გამიხსენა ყველა ჭრილობამ! / დღე არის თარსი! დღე არის თარსი! ვერაფერს მშველის გამოცდილება”.
და მაინც, გამოცდილებას პოეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს კარგად ჩანს ხალხურ კილოზე დაწერილ ერთ ლექსში: “ხომალდში ჩავჯე, ზღვას გაველ / ჰინდის ქვეყნები ვნახეო, / ბევრი ჰყოლიათ ლამაზი / ვერ ვნახე შენი სახეო. / სადაც არ იყავ, ვერ გავძელ, წამოვე, დაგინახეო / შენთან კი ჯერ ვერ მოვედი – ფეხქვეშ მიგია მახეო, / შორიდან დაგინახე და / შორიდან დაგენახვეო”.
ეს ლექსი ოსტატურად არის შესრულებული არა მხოლოდ აზრის განფენის და ფაბულის განვითარების ნიშნით, არამედ რითმათა სისადავის და ფრაზათა სიმკაცრის თვალსაზრისით. ფოლკლორული სიმკაცრე და სისადავე სხვაგვარ იერს სძენს ამ ლირიკულ ნიმუშს. ეს სიმკაცრე მეტ დრამატიზმს ანიჭებს ლექსს.
დალილა ბედიანიძე სათუთად ეპყრობა ეროვნულ სიძველეთა ხსოვნას. მისი ნატიფი და გამჭვირვალე ლექსი თავის წიაღში იკრებს ძვირფას საუნჯეთა სახელებს, რომელთაც ტრაგიკული ხვედრი ხვდათ წილად: “ბედიის ჯვარი გფარავდეს, / საქართველოო ჩემო, / ის, ვინც წინ იყო არავინ / ბედიის მიწას ჩემობს. / ნეტავ ერთხელაც მამთხვია / ილორის წმინდა კედელს, / ნატყვიარი რომ ატყვია, მაგ მოუდრეკავ ქედზე”.
ლექსების კრებული “ნეტავ” ისეთ თემებს და მოტივებს უყრის თავს, რომელთა მხატვრული ხორცშესხმა კვლავაც გაგრძელდება. არსებობს ისეთი სათქმელი, რომლის სრულყოფა მხოლოდ მუდმივი შრომით და ტანჯვით არის შესაძლებელი. დალილა ბედიანიძე განაგრძობს თავის შთაგონებულ ჯაფას.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box