
2022 წლის ზაფხული და სექტემბრის პირველი დღეები
08.06. გამოვიდა „არილის“ მორიგი ნომერი. ჩემი წერილი „მთავარია შრომა, შედეგია ამაო“ (მამარდაშვილზე) დაიბეჭდა მოწინავედ (?). რეზო[1] ჩამოვა, შეიძენს. მახოც[2] გადამინახავს…
გადავედი 156-ე გვერდზე. კიდევ დარჩა რაღაცეები ჩასამატებელი. გავდივარ ბოლომდე? ალბათ 160-ამდე ავა. დღეს დილით კინაღამ დამეკარგა ნაწერი. არ მახსოვდა, დავიმახსოვრე თუ არა. ტექსტი გაშეშდა. რეზომ გამოასწორა. შენახული ყოფილა. „ევრიკა!“ – მივწერე. რა მეშველება მის გარეშე?
მზია[3] გარდაცვლილა. ირაკლიმ[4], არ შეატყობინოთ, გაწვალდება ჩამოსვლაზეო. გავწვალდები? ჩემით მისვლა-მოსვლას გადავეჩვიე. რეზოზე ვარ დამოკიდებული.
გადმოვიღე „Рудин“[5], ედიშერის[6] ნაჩუქარი 1950 წელს. „ფილოსოფიის მოყვარული ამხანაგისგან“ – ამხანაგიო, მერე ძმას მეძახდა, მეგობრები კი არა, ძმები ვართო. „ძმა ჩემი – მტერი ჩემი“[7] – ასეთი რომანი იყო „ინოსტრანკაში“, ვკითხულობდი. აღარც კი მახსოვს. არც „რუდინი“ მახსოვს. უნდა წავიკითხო.
გუშინ და დღეს გავაკეთე – ალუბლის (ორი ქილა) და ტკბილი ტყემლის მურაბა (სამი ქილა). ალუბალს კიდევ ასხია, ძალიან მაღლა, ვერ მივწვდები დასაკრეფად. ნუნუ დამპირდა, ვინმეს ვთხოვ, მოხერხოს წვერი, რომ დაკრეფა შევძლო. აწი მისაწვდომზე გაიზრდება ტოტები.
დავამთავრე „რუდინის“ კითხვა. სულ არ მხსომებია. ვკითხულობდი თითქოს ედიშერთან ერთად. ეს არის რუდინი დმიტრი – ზედმეტი ადამიანი. წავიკითხავდი Дворянское гнездо-ს. თუმცა აჯობებს Господа Головлевы, ედიშერის ნაჩუქარი 1949 წელს. მიქებდა და მაჩუქა. მე-9 კლასში ვიყავით. ვითომ ერთ კლასში? არა. ედიშერი მე-10 კლასში გადმოვიდა ჩვენთან. ჩემი გულისთვის.
„ბერდიაევი“ თითქოს დავასრულე. ვკითხულობ ამონაბეჭდზე. ზოგიერთი გვერდი არ მომწონს, იმდენად, რომ ხასიათი წამიხდა, ეს რა წავიკითხე-მეთქი. მაგრამ შიგადაშიგ გამოსწორდა ნაწერი. იმ დაწუნებულს მოევლება. 5 გვერდი განმეორებული აღმოჩნდა, ასე რომ 140 გვერდზე ვარ. დაემატება და, ვფიქრობ, 150 გვერდამდე ავიდე. ვნახოთ.
წუხელ ხუთის ნახევარზე (4:30) დავამთავრე სტაინბეკის „ედემის აღმოსავლეთით“ – 800 გვერდი. არ მეგონა, თუ დავამთავრებდი. შესანიშნავია.
ეს ამოვიკითხე სტაინბეკთან: „თქვენ ხართ ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი, რომელიც სტერეოტიპებით არ აზროვნებს. ხალხის უმეტესობა კი იმას ხედავს, რისი დანახვაც სურს“ („ედემის აღმოსავლეთით“).
25.06. შაბათი. მესტუმრა ნაჩესა[8], ბეგი ტაკიძე[9] (მისი ქმარი) და თამარ სამარგულიანი – ისტორიის სტუდენტი. გავუმასპინძლდი ანოს მორთმეული მწვანე ლობიოთი, ყველით. გადმოვიღე კონიაკი. ბეგიმ ყავა მოადუღა. მოტანილი ნაყინი. ვისაუბრეთ, თეოლოგია და სხვა. თავისუფლება, შემოქმედება, პიროვნება, არარა…
29.06. მესიზმრა ედიშერი. ჩამოდიოდა ბელინსკიზე (მგონი), მეგობრებიდან (რომელთანაც ურთიერთობა არ მქონდა) მოდიოდა, გაშვებული, დაუძლურებული, – მარჯვნივ ჩემი სახლისკენ, ანუ ჩემკენ, არ გამოუხვევია, არც გამოუხედავს. „არ მოდის ჩემთან-მეთქი“. დავუძახე, მოვიხმე. წამო ჩემთან-მეთქი. წამომყვა. შინ ვინ დაგვხვდა? არ მახსოვს. სადილად ვემზადებით.
01.07. რეზო ჩავიდა ლიუბეკში ნოდართან[10], სადაც 2-3 დღეს დაჰყოფს, სანამ კოვიდი არ გაივლის (ლუკის[11] შეჰყრია).
გადავედი 150-ე გვერდზე. ვატყობ, 160-მდე ავა. კიდევ ერთხელ გადაკითხვა მომიხდება. ალეკომ[12] მთხოვა, წავიკითხავო; აბა როგორ-მეთქი. რედაქტორი უნდა იყო-მეთქი. redactor-editor ერთი და იგივეა.
02.07. ხუთიოდე ყმაწვილმა, თეთრ პერანგებში გამოწყობილებმა ჩაიარა მე-7 სკოლასთან, გაუსწორდნენ ზაზა გაბაშვილის სადარბაზოს. ერთ მათგანს, მარცხენა მხარეს მიჰყვებოდა მათ, კვერცხის გულისფერი აბრეშუმის პერანგი ეცვა, ხელების ქნევით მიდიოდა, მისაუბრობდა. ეს შოთა ჩანტლაძე იყო. სკოლის კარებთან ვიღაცეები იდგნენ. აი, ესენი არიან-მეთქი, ვუთხარი. რას ვგულისხმობდი? მათში მხოლოდ შოთა გამოვარჩიე, სხვები ყველანი ერთნაირები იყვნენ. თეთრი მერცხლებივით მიდიოდნენ – იქითკენ, საითაც მე სკოლის დამთავრების შემდეგ მივდიოდი, შინისკენ.
ვიღაცას ვესაუბრებოდი. ვეუბნებოდი, შემოქმედმა გონებამ ისე მოაწყო, რომ ნებისმიერ არსებას აქვს თავდაცვის უნარი. გაუჭირდება, გამოსავალიც იქვეა. ყველაფერი ქმნილებაში შეთანხმებულა. რატომ დავუკავშირე კანტს, არ მახსოვს. კანტი გენიალური იყო, მოძღვრება შექმნა, მაგრამ სხვების ხელში მან სახე იცვალა. როგორც გაიგეს, ისე გაავრცელეს. დაამახინჯეს (?) როგორც ცემენტის ჭოკს ჩაარჭობ მიწაში იმ იმედით, რომ ფესვებს გაიდგამს. ასე რაღაც გადმოიღეს კანტიდან და გადარგეს სხვა ნიადაგში, თითქოს უნდა გაეხარა.
05.[07.]2022. გუშინ გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღეზე შევეცადე, მარინას[13] დავკავშირებოდი. ტელეფონი არ კავშირდება. შარშანაც ასე იყო. მერამდენე წელია, (3? 4?), ვეღარ თუ აღარ მივდივართ მათთან. ერთხელ მაინც მოვხვდებით? აღარ არის ბესიკი[14], აღარ არის ლევანი[15], აღარ არის ჩიკო[16] – ეს ბოლოს წასულნი.
ეს მერამდენე დღეა (2-3) ვკითხულობ ლუკიანოვის წიგნს “Соловьев в его молодые годы“, т. 1. რამდენი ხანია თაროზე მედვა. წამოვიღე ალმატში[17] – 4 წიგნი.
ბერდიაევზე გადავედი 151-ე გვერდზე. შიგადაშიგ რაღაცეები მოსაწესრიგებელია. რაღაც ჩასამატებელი. ემატება: იმპერიაზე (სოლოვიოვის[18] მოსაზრება, მერე ჩემი), არისტოკრატია და დემოკრატია. დაზუსტდება და განივრცობა „პიროვნება“ ბუბერის Ich und Du[19].
დამირეკეს პრეზიდენტის კანცელარიიდან. 8-ში მთარგმნელებისთვის პრემიების გადაცემაა, გიწვევთ. გმადლობთ, მაგრამ სამწუხაროდ არ ვარ (არ ვცხოვრობ) თბილისში (რეზოს არ უთქვამს). გადაეცით მადლობა ქ-ნ პრეზიდენტს და ჩემი სიმპათიები.
წუხელ მთელი ღამე არ მეძინა. 10 საათზე გამეღვიძა მსუბუქად ჩაძინებულს.
ალუბლის ხეს კიბე მივადგი. გეახელით.
12.07. პეტრეპავლობა. ხვთისომ[20] მომილოცა.
გადავდივარ 160-ე გვერდზე. რეზო გერმანიიდან ბრუნდება. ალმატში ჩამოვა ამ დღეებში. მერე ისევ, რომ ბუხრის ოთახი მოვაწესრიგოთ ქეთის[21] ჩამოსვლამდე (23-მდე). ტოტოსაც[22] ჩამოვიყვანო…
დაბრუნდება, მეც გავყვები. თბილისში 10 დღეს მაინც მომიხდება ყოფნა. ხარაგაული 25-26-27?
27.07.2022. ზარანი[23]. დავით დვალი. წვერში აქვს აგარაკი. ლესიას[24] და ზაზა აბზიანიძის[25] ნაცნობ-მეგობარი. დედა – გამცემლიძე. დედას ახსოვდა სახელები: მალაქია, ანაპოტისტე, რამაზი, კოტე, სამუელა. ქალიშვილები – თვითონ მიკარნახა – დესპინე, მე დავუმატე – ალექსანდრა. გურამი, ეთერი, რა თქმა უნდა, ახსოვთ, იცნობდნენ.
მალაქიას ეზოში ჩავედით. გაბუნიების სახლი… შინ არავინაა. მეორედ ამოვედი და ამ ეზოში ვერავინ ვნახე.
ისევ დავით დვალის დედამ გაიხსენა – 92 წლის არისო. ვითომ? არ ეტყობოდა. ხარაგოულში ვისაუზმეთ. მე ორი კატლეტი, ნუგზარმა[26] – 2 ქაბაბი, სალათა კიტრით და პამიდვრით. გავიარეთ. შემოგვეგებნენ – ერეკლე თურქაძე[27] და მამა ეფრემი[28] – მომესალმა ძველი ნაცნობივით. მოვიკითხეთ ერთმანეთი. ნუგზარს ვკითხე, ვინ არის-მეთქი. ეს არის ლომიძე, ავსტრიელი მღვდელიო. ავედით სხლითში[29]. აქ ორი სახლი დგას – ავსტრიის გრანტით დადგმული. ორივეგან საძინებელი ოთახები. პირველ სახლში, უფრო მომცროში, დამაბინავეს ცალკე ოთახში. აქვეა ტუალეტი, საშხაპეთი. სამზარეულო, სასადილო მაგიდა.
ზარნიდან ჩამოვედით. მზადდება პურ-მარილი. სუფრა. გოჩა სხილაძე[30], მისი ძმა (მასზე უფროსი), აბაშიძე (სემინარიაში ნასწავლი, გამახსენდა სახე).
გუშინ სუფრაზე დაგვეწვია ავთანდილ ტოროშელიძე[31], ფეხის პროთეზით. ქალიშვილი 38 წლის დაღუპვია. მხნეობს. თბილისის [????] – ვიმუსაიფეთ. თბილად დამათენდა.
28 ივლისი. დილა სხლითში. გუშინდელი წვეულების შემდეგ, ველით ერეკლეს ზესტაფონიდან, კახორზე[32] უნდა წაგვიყვანოს. კახორის შემდეგ ფარცხნალში[33]. მშობლები იქნებიან. სუფრა. დავბრუნდებით სხლითში. ღამეს გავათევთ, მეორე დღეს ხარაგაულში უკან გასამგზავრებლად.
შეხვედრა. ჯერ იყო ლაპარაკი ჩვენს პუბლიკაციებზე. დიდ გრძელ მაგიდაზე წიგნები ეწყო.
მეორე განყოფილება. მაგიდა შეივსო პურ-მარილით. სამი სამღვდელო. მეუფე დოსითეოს (დიმიტრი ბოგვერაძე), მამა იაკობი, მამა თომა, მამა ეფრემი (ყველანი ხარაგაულელები, სხვადასხვა სოფლიდან. თომა მებოძირიდან), ზაირა სამხარაძე. დიდხანს (60 წ.) უცხოვრია რუმინეთში, რუმინეთის რძლად. თარგმნის რუმინულიდან და ესპანურიდან. ახლდა და – თამარი.
თბილისელი კახა აბაშიძე. გამახსენდა ზესტაფონიდან.
წუხელ სიზმარში ვისხედით მე და ედიშერი გვერდი-გვერდ მანქანაში (?). ნაღვლიანი ვიყავი ჩვენი წარმავლობის გამო. გამახსენდა ეჰეუ, fugaces, Postume, Postume…[34] მინდოდა მეთქვა ედიშერისთვის, რა სევდიანია ცხოვრება-მეთქი. ამის ნაცვლად გულზე მივიხუტე მისი თავი და ავტირდი.
ავუყევით კახორის აღმართს. მანქანა დავტოვეთ. ვიარეთ საათ-ნახევარი. ბოლო, ალბათ 1 კმ-ზე, მანქანა გამიჩერეს. მანქანით ავგრიალდით ეკლესიამდე. უამრავი ხალხი, სამღვდელოება. მღვდლები. ჩვენი ეფრემი. ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ზესტაფონიდან. მომეგება, მომიკითხა, ინება სურათის გადაღება ჩემთან ერთად, ორი სიტყვით გააცნო იქაურებს ჩემი თავი. მიშა მღვდელმა (გვარი?) ჩაგვიყვანა ძირს. გადავსხედით ერეკლეს მანქანაში და გავწიეთ ფარცხნალისკენ, ერეკლეს ახალ სახლში. სახლი დამთავრებული არ არის, ეზოში დავსხედით. თამადობდა მიშა[35], ჰომერული ხარხარი – მისი შვილი ლუკა, სათვალიანი. უკანასკნელი კლასის მოსწავლე. აპირებს გერმანიაში თუ ავსტრიაში სწავლის გაგრძელებას (ეფრემთან). კახორზე მანქანიდან რომ გადმოვედი, ბონდო მირეკავს, კახორზე ვარ-მეთქი. რას ამბობო. ფოტო უნახავს ქსელებში “ზურაბ კიკნაძე სხლითში” (ალბათ გოჩა სხილაძის გავრცელებული).
29 ივლ. მამა პეტრე (კურტანიძე)[36]
ღორეშაში სოსო (სამსონ) ორჯონიკიძე (დედა კიკნაძე), პაპულია ორჯონიკიძის შვილიშვილი პავლე (პაპულია) ორჯონიკიძე.[37]
პაპულიას შვილიშვილმა შეინარჩუნა გვართან ერთად ბაბუის და ბაბუის ძმის კარ-მიდამო. სახლში, რაც გადარჩა ძარცვას, წიგნები წაუღიათ, ჭურჭელი და ბევრი რამ. ოთხოთახიანი ოდა. გამოფენილი რეპრესირებულ ორჯონიკიძეთა ფოტოები, პაპულია დახვრიტეს ჯერ კიდევ სერგოს სიცოცხლეში. არ გამოესარჩლა-მეთქი? სერგო 14 წლისა რომ წავიდა ბაქოში, აღარ მობრუნებულა. დიდკაცობისას მხოლოდ ერთხელ მოინახულა თავისი კარ-მიდამოო. მე ვუთხარი პავლეს (პაპულიას)[38], სერგო[39] ტრაგიკული ბედის პიროვნება იყო-მეთქი, როგორც თავისი საქმით, რაც საქართველოში მოიმოქმედა და აღსასრულით – თვითმკვლელობით. მერე თან გაიყოლა ბიძაშვილი ორჯონიკიძეები. თვითმკვლელობით იყო გამოწვეული? ემსახურება ბოლშევიკებს, აზნაური თავად გახდა ბოლშევიკი – ჰაგიოგრაფიის პერსონაჟთა “მიბაძვით” ნათესავიც კი უარყო (როგორც სტალინმა). და ამ სამსახურის საზღაურად რა ელოდა? ეს იგრძნო და თავი გამოასალმა წუთისოფელს. გამოისყიდა დანაშაული? ვინ იცის? რეზოს რომ ველაპარაკებოდი, იუდას თვითმკვლელობაზე ჩამოვარდა სიტყვა. მე ვამბობ, ეკლესია არამართებულად მოექცა იუდას. მან 30 ვერცხლი უკან მიუყარა ფარისევლებს, თქვა კიდეც, უბრალო კაცი გავწირეო… სახარებაში კი მის სააუგოდ ნათქვამია, მპარავი იყოო. მპარავი! რა დამცირებაა. პეტრემ სამგზის უარ-ყო ქრისტე, ცრემლი ღვარა და შეენდო უარყოფა. იუდას რატომ არ შეენდო? ცრემლი კი არა (ალბათ ცრემლიც!), სისხლი, საკუთარი სისხლი (თუმცა ჩამოიხრჩო თავი) გაწირა. რადგან “სისხლში სიცოცხლე” არ შეენდო, სამუდამოდ ჩარჩა თავის ცოდვაში… მეტი რა ექნა, როგორ მოენანიებინა. ქრისტე დატყვევებული იყო…
მამა ეფრემმა წაგვიყვანა უბისაში. ვნახე საიდუმლო სერობის ფრესკა საკურთხევლის კედელზე. ბნელოდა ტაძარში, არ ჩანდა. ფოტო გადავიღე. ეზოში დგას საგანდეგილო სვეტი. უბისიდან ტრასაზე გაგვიყვანა. მოკლე ხანში მოვიდა ტაქსი და დავადექით გზას. ოკრიბაში რეზო დაგვხვდა.
30 ივლ. ვაგრძელებ “ბერდიაევს”. მგონი, საბოლოო ეტაპია. ალადაშვილს უნდა დაერეკა ნაშუადღევს შესახვედრად, ახლა 5 საათია, დარეკა მაია ნათაძემ[40], ამირანის ამბავი აინტერესებდა. ორი სიტყვით ვუთხარი არსი. წყნეთში ცხოვრობს. ნოდარს ტელეფონით უკავშირდება. დაურეკავს, რომ მე უნდა მოვინახულო… „რა ახალგაზრდული ხმა გაქვს”-მეთქი. ეს კომპლიმენტი არ იყო.
02.08. ჩამოვედი ხარაგაულის მოგზაურობიდან.
03.08. ვინახულე ნოდარ ნათაძე. ვისაუბრეთ. უჭირს გადაადგილება. ჩოჩიალას იყენებს. მუშაობს. კითხულობს. წიგნები წავუღე. მეეჭვება, რომ წაიკითხოს. გადაათვალიერებს კი. გია ერქომაიშვილი[41] ვერ ვნახე. ვერ მოვახერხე მისვლა. გადავდე. ჩამოვედით ალმატში და რეზო მეუბნება, გია ერქომაიშვილი ვინ არის, გარდაცვლილა. გადავდე მონახულება. ვფიქრობდი კი, ვნახავ-მეთქი?
06.08. წუხელ მესიზმრა ანდუყაფარ ჭეიშვილი[42]. გზად მიდიოდა. შევეხმიანე, გამიღიმა, ჩემკენ წამოვიდა. შინ დავპატიჟე. დამეთანხმა. რა კარგად არის-მეთქი.
ლევან კაკლიანი[43] მესტუმრა გადამღები ჯგუფით. ხელში დაიჭირა „ამარგი“[44], აჩვენა მაყურებელს. ილაპარაკა. ხუთი კითხვა დამისვა ალუდადან დაწყებული. სულ 27 წუთი.
დავურეკე ზაზა ალექსიძეს[45]. ეს გუშინ იყო. დაბადების დღე უნდა მიმელოცა. დღეს თავად დამირეკა. რას მეუბნებოდა, ვერ გავიგე. „თელავში მინდაო წასვლა?“ მარინას[46] მიეცი-მეთქი ტელეფონი, მარინამ მითხრა, ვერ დადის, ხან წევს, ხან სავარძელში ზის. ვერ გამაგებინა ვერაფერი, ეს არ მითქვამს.
ტატო[47] კი მეუბნებოდა, რაღაცის თქმა უნდა, სხვა რამეს ამბობსო.
გუშინ ჩამოვიდნენ გიორგი, ანეკე, ქეთი, ლუკი კვარიათიდან[48]. ქეთი იატაკზე ზის და ფაზლს აწყობს.
09.08. გუშინ გვეწვივნენ ქეთი, გიორგი, ანეკე, ლუკი გრემიდან, სადაც რამდენიმე დღე გაჩერდნენ. ქეთი შეეჩვია გარემოს: ცოცხი აიღო აიღო და ხვეტავდა თავის ჭკუით. დახტის, თამაშობს. რატომ არ იმღერა. რეზო დიდ ოთახს უწესრიგებს. ოთხივენი აქ გაათევენ ღამეს… წყალი მოჩუხჩუხებს ძველებურად. ბაკი ივსება.
10.08. დავურეკე მალხაზ ლოლაძეს. არ დასწრებია გია ერქომაიშვილის დაკრძალვას. ვეღარ დავდივარო, გარეთ არ გავდივარო. დავბერდიო. შენი იმედი მქონდა-მეთქი. მართლაც რა ვაჟკაცურად იყო, ღვინოსაც სვამდა. ბოლოს როდის იყო, რომ ვნახე? ვახტანგ თოდრიას[49] წლისთავზე?
ჯუმბერ ხანთაძეს[50] არ სცოდნია გიას გარდაცვალება. ვერ გავიგეო. ნუთუ ვერავინ შეატყობინა. ლოლაძეზე რომ ვუთხარი, გარეთ არ გამოდის-მეთქი, მე და შენ დავრჩითო, ახლა სამსახურიდან მოვედიო. სამნი დავრჩით.
11.08. შემხვდა გზაზე რ. გორდეზიანი[51]. გულითადად მომეგება, გადამკოცნა კიდეც. მე ძველი წყენა გავახსენე, ვწუხვარ-მეთქი. წაუყრუა. ამაზე აღარ ვილაპარაკეთ. უცებ გვერდით გაჩნდა ზაზა ალექსიძე. თითქოს სადღაც უნდა წავსულიყავით. არ მახსოვს, ხსოვნა არ გამომყვა სიფხიზლეში.
თამაზ ჩხენკელის[52] მეგობრებმა (ვინ და ვინ?) წამიყვანეს ვითომ თამაზთან. დაგვხვდა უამრავი ხალხი. მე პალტო მეცვა. გახდას არ ვაპირებდი, არ უნდა დავრჩენილიყავი. ვიდექი შუა დარბაზში ხალხში. დავიხედე საათზე, ვანიშნე საზოგადოებას, რომ წასვლას ვაპირებდი. დარბაზში ხალხი გაიკრიფა, დასხდნენ. მე კი დრო ვიხელთე, ჩემთვის თამაზს არ სცალია-მეთქი (თავად არ ჩანდა, არც მინახავს) და გავიქეცი კარებისკენ. ვიღაც ამორბოდა. მე სადღაც დერეფანში მოვხვდი, ვიკითხე, როგორ გავიდე ქუჩაში-მეთქი. მიმითითეს და გავედი.
უცებ კვლავ ვხედავ თავს იმავე დარბაზში, იმავე ხალხში. ოღონდ უკვე ვზივარ სუფრასთან. ვხედავ ნაცნობებს. ახალ ნაცნობებს, ახალ ურთიერთობებს, რას ლაპარაკობენ, აღარ მახსოვს.
უცებ მოვიდა ჩემთან მოღიმარი, შავთმიანი ახალგაზრდა, როგორიც არასდროს მინახავს – რეზო სირაძე[53]. გამიხარდა. რა კარგად ხარ-მეთქი.
12.08. გიორგი და მისი ჯალაბი თელავთან დასასვ. სახლში არიან. ხეხილის ბაღი, ვენახი. დილით რეზო გაუვლის და წაიყვანს თბილისში: 14-ში ღამით გაიყვანს (თუ დილით?) აეროპორტში გასამგზავრებლად. იქიდანვე გამოსწევს ალმატისკენ.
დამირეკა ლევან აბურჯანიამ. გვესტუმრეო ორშაბათს. გადავადებინე შემოდგომისთვის.
187 გვერდი ამოვბეჭდე. უნდა წავიკითხო და შენიშვნები ელექტრონულში შევიტანო. მერე გავუგზავნი ალეკოს და ნაჩესას.
„მიდი, ვანა, შეჲტოია, პირდაპირ ლახანკაში მიდის.“
როდის იყო, უხსოვარ დროს, ალბათ სტუდენტობისას მითხრა ჟორა შაყულაშვილმა, ეცინებოდა. რამდენჯერმე გამიმეორა. დავიმახსოვრე. „შეჲჰტოია“…
ასევე სტუდენტობისას გიგუშამ[54] თავის დედულეთზე, წყნეთში: „ჩუჲჰტები და ფლოჲჰტები სიმდიდრე გგონია“ – ალბათ დააძახა მეზობელს, რამდენი „ფლოჲჰტი“ და „ჩუჲჰტი“ გაქვსო.
13.08. გოგი ჩაგელამ[55] გამომიარა მანქანით თუშეთში წასაყვანად. გუშინ უარი ვუთხარი. დღეს დავურეკე, იქნებ ხუთშაბათისთვის (დღეს შაბათია) გადავდოთ-მეთქი. უკვე გამოსული ვარ, 15 წუთში ალმატში ვიქნებიო. თემო (მისი ნათესავი [??????]დან), ნუკრი ლეჟავა… ლექციებზე მესწრებოდა, მე კი არ მახსოვს. რეზოს ნაცნობია, მიეგება, გადაეხვია კიდეც. ჩავსხედით. რეზოც გამზადებულია. გავიარეთ დიდი და სახიფათო გზა ომალომდე. სადაც ვყოფილვარ 1987 წელს, ის ახალი ომალო ყოფილა. ვეღარ ვიცანი. სად იდგა ის სასადილო, სადაც გავჩერდით, სანამ დავეშვებოდით ბარისკენ. ომალოს ოდნავ ზემოთ გაშლილ ადგილზე დიდ ტერიტორიაზე სასტუმრო, სასადილო, ფიჭვის ტევრი, კეთილმოწყობილი გარემო. საკვები. სასტუმრო ევრო! ორ ადგილიანი, ერთმანეთისგან ნახევრად იზოლირებული. სასადილოში ხინკალი და ლუდი თითო კათხა (მაღალი ჭიქის სასმისი, ზედაზენის დაკვეთით) ხინკალი ბევრი იყო… დაავიწყდათ პამიდვრის სალათა (ან ჯერ არ იყო მოტანილი). ამ პურის ჭამის შემდეგ გავედით გზებზე. ორი უზარმაზარი სასტუმროს შენობა, უქმი. ჩვენ სასტუმროში გვითხრეს, რომ ივლისიდან დაიწყო წელს სეზონი, სექტემბერში [გვიანობამდე ??] ვავსებთო. სულ 2 თვე სეზონი. ზარალში არიან.
ვიარეთ გზებზე, ტრაფარეტი აჩვენებს „ძველ ომალოს“, მაგრამ გზა აღარ გავაგრძელეთ. გადავწყვიტეთ შენაქოში წასვლა. ვიარეთ აღმართ-დაღმართი, ქართველი ტურისტები შეგვხვდა. მივაღწიეთ ხახაბოს – მის თავში ეკლესიაა გუმბათიანი. რამხელა სოფელი ყოფილა, [თუშეთის ?] ცენტრად გამოდგებოდა, მაგრამ მიუვალია (?), დაშორებულია სხვა სოფლებს. სახლები შეფენილა გორაკზე, მის თავში ეკლესიაა. დაფაა, აწერია: 1836-1976 შენაქოს დარბევის მსხვერპლთა სამახსოვროდ, მათ სადიდებლად. ეს თარიღები რას ნიშნავს – 1836 წელს მოხდა დარბევა – 1976 წელს?
ამ დიდი სოფლიდან ზამთარში ერთი კაცი რჩება. დანარჩენი ხალხი გაიკრიფება ბარში. ზაფხულში კვლავ ამოვლენ, ალბათ სექტემბერში უკან ბრუნდებიან. სახლები ფიქლით არის ნაშენები, ხის მოჩუქურთმებული აივნებია. ზოგი არც [?? არტ??] გაკეთებული… დიკლოსკენ აღარ წავსულვართ, შორს კი არ არის.
დიკლო – და შენაქო…
დავრჩით. ძნელი იქნებოდა იმ დღესვე უკან დაბრუნება. 9 საათზე დავწექი და კარგად დამეძინა. თუმცა მეღვიძებოდა ჩვეულებრივ. მერე ძილს განვაგრძობდი. გოგიმ მითხრა, ძილში რამდენჯერმე „დედა“ დაიძახეო. ეს შინ ჩემთვის არავის უთქვამს, ლამარა[56] ხომ გაიგონებდა… ნეტავ, რას ნიშნავს. არ დამსიზმრებია? დილის 7 საათზე ავდექი, ყავა დავლიეთ სასადილოში, იქაც კი ფილები. შენობაც, რა თქმა უნდა, როგორც სასტუმრო, ფიქლებით არის აშენებული. აქ სიგრილეა. გუშინ აქ რატომ არ დავსხედითო, გოგიმ. გარეთ მზე აცხუნებდა. კედლებზე ზ. სულაკაურის[57] ნახატები – თუშეთის ციხეები – ერთფეროვანი. ხახაბოს ხედი არა. რატომ? ან დიკლოსი? ნეტავ როგორია დიკლო? ხახაბოს ჰგავს.[?] აქ მეორედ ვეღარ ამოვალ. რაკი შენაქო ვნახე…
უკანა გზაზე არემარეს სხვანაირად შევხედე. უღელტეხილზე ეკლესია აუშენებიათ. არ დასრულებულა. თუმცა შიგნით არის კანკელი, ხატები… აქ დაბანაკებულან ტურისტები, კარვებია გაშლილი. გოგის, როგორც მესაჭეს, რა გამძლეობა აქვს. ბარში რომ ჩამოვედით, რესტორანს ეძებს. გავიარეთ ლეჩური, ფშაველი, ნაფარეული, არაფერი აღმოჩნდა, თუმც არ გვიკითხავს. იყო ოტელები, მაგრამ არ ისურვა ოტელი. მაგრამ ოტელი სამზარეულოს გარეშე არსებობს? ბოლოს, ყვარლისკენ გავწიეთ და იქ პოლიციის შენობის წინ ოტელში დავსხედით გარეთ. ხაჭაპური, ყველი, სალათი, შემწვარი ბადრიჯანი… რაც დარჩა, გოგიმ ჩაადებინა კოლოფებში და გამომატანა. რად მინდოდა? ვუთხარი, უხერხული იყო უარობაც. მაცივარი სავსეა…
დღეს რეზო ჩამოვა. აეროპორტში გაიყვანს გიორგის, ქეთის, ლუკის, ანეკეს…
ვამბობდი, კახელების ხაჭაპური რა იქნება-მეთქი? ნუკრი იმერელიც დამეთანხმა, მაგრამ ხაჭაპური „იმერული“ გამოდგა. მე ვთქვი, იმერლის გამომცხვარი იქნება-მეთქი. ასეც გამოდგა. გვარიც გვითხრეს – თხელიძე (თუ ჩხეიძე?)…
ფასები ასეთია: იმერული – 11 ლ. მეგრული – 12; აჭარული 13.
18.08. „აფინაჟს“[58] მოთხოვნისამებრ გავუგზავნე სტატია სათაურით „ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა“.
აზროვნების აკადემია[მ] დამატებით სამი ლექცია შემიკვეთა. 1. გილგამეშიანი. 2.-3. თეოლოგიის შესახებ… განაწილდა სექტემბერ-ოქტომბერზე, დეკემბერზე, იანვარზე-მარტზე.
ხვალ ფერისცვალებაა – პარასკევს. ხსნილი თევზით.
შაბათი-კვირა – ორშაბათს რეზო ჩამოვა.
გოგიტამ[59] – პირველი სექტემბრისთვის გავეშუროთო ონისკენ.
ეს თარიღია სწორედ აგვისტო-სექტემბრის გასაყარი. სექტემბერში კი ორი ლექცია მელის „აზროვნების აკადემიაში“ (24-ში და 29-ში).
ვლ. სოლოვიოვის წერილიდან დედასთან: „თუ თქვენთან დრო ისევე სწრაფად გადის, როგორც ჩემთან, მაშ, ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს“ (ლონდონიდან მოსკოვს).
მესიზმრა – ედიშერი. ერთად ვიყავით, ჩემთან უნდა წავსულიყავით… მას კი სადღაც ტაფამწვარი ჰქონდა შედგმული. წავიდა, მივაძახე, სად მიდიხარ-მეთქი. ხვალ მოვალო. რა ხვალ-მეთქი, ჩემთან უნდა წავსულიყავით-მეთქი. ტაფამწვართან აღმოვჩნდი. სულ მოხრუკული იყო. არ იჭმებოდა. ედიშერი აღარ მინახავს.
გზად, ვხედავ, მოდის გაღიმებული მერაბ მამარდაშვილი[60]. მივედი. მიხარია, რომ ჯანმრთელს გხედავ-მეთქი. ალბათ დაესწრები ჩვენს შეკრებებს-მეთქი. სამი ფურცელი დავწერეთ, სამივე დავხიეთ-მეთქი. გაეცინა.
19.08. გავიტანე სასაფლაოზე ოთხი მტევანი ყურძენი. მცირე ხანი დავყავი. მეზობლად ფუსფუსებდნენ, სუფრას თუ აწყობდნენ.
დავასრულე ამონაბეჭდ ფურცლებზე შესწორებები (187 გვ.). ხვალ უკვე ელექტროვერსიაში შევიტან შესწორებებს.
20.08. მესიზმრა დედა. ოთახში ვიყავი ბესიკთან ერთად. დედა შემოვიდა, მწყრალად შემოგვხედა. ამას წინ რაღაც უძღოდა. რაღაცით უკმაყოფილო იყო. არ მახსოვს, რა იყო. რატომ დამავიწყდა? ბესიკი მოღიმარი იყო, უწვერული, ძველი ბესიკი.
24.08. გავუგზავნე (გუშინ) ალეკოს „ბერდიაევი“. ამობეჭდავს და შეუდგება კითხვას. დღეს გავუგზავნე, დაპირებისამებრ, multilingua Nacessa[61]-[ს].
დღეს გვეწვივნენ – ლოიდი, სოფო, ლუკა, ელენე, ლუკას მეგობარი გოგონა, პოეტი, როგორც ლუკამ მითხრა, წიგნის ავტორი, ლუსი. ნინო, რამაზი[62]. გავუმასპინძლდით – რით? საზამთროთი. რეზო წავიდა თბილისში, საღამოს კონცერტი აქვს. სტუმრები – საუბრები გადავდეთ – წავიდნენ შილდაში, სასტუმროში. არ ვიცი, იქ რამდენ ხანს რჩებიან. მოიარეს სიღნაღი. ბუტაფორია არ დაგხვდათ-მეთქი[?]. ადრე რომ ვნახეთ, კი იყო ბუტაფორია. ახლა დაძველდაო, ძველებური სახე აქვს მიღებულიო.
25.08. სადღაც უნდა წავიდე. მაგრამ არც სახსარი მაქვს და, მგონი, არც ის ვიცი, სად უნდა წავსულიყავი – ვრჩები, ვერსად მივდივარ.
ნიკო გამყრელიძემ[63] დამირეკა. სასაფლაოზე ვიყავიო. ხუმრობით ვკითხე, ედიშერის საფლავს მიაგენი-მეთქი? (კარგა ხანია, რაც არ ყოფილხარ-მეთქი). ვერ მივაგენიო. კედელს ავუყევიო, ვერ ვნახეო. სანთელი კი დავანთე ეკლესიაშიო.
28.08. ნიკომ მომილოცა მარიამობა. დღეს მიდის მოსკოვში ერევნის გავლით. სენტიმენტალური გახდა ნიკო. დადის თბილისის ქუჩებში, ძველს იგონებს. გავიარე სახლთან, სადაც ზურაბ კიკნაძე ცხოვრობდაო. ამას წინათ, რომ ჩამოვიდა, ედიშერის ეზოში მოინდომა შევხვედრილიყავით, კაფეში. არ მომინდა. იქ ედიშერის აღარაფერია-მეთქი. გასპარასთან ერთად წავიდა ყველაფერი. მთელი სახლია შესყიდული. ედიშერის ოთახში რაღაც ოფისი იქნება მოწყობილი. ეზოში რესტორანია „ლოლიტა“ – ეზო გაერთიანებულია ალბერტ სომხიევის ეზოსთან…
ოთარ ჯირკვალიშვილის[64] ზარი – ვისაუბრეთ აქეთური-იქითური. ონში დაბადებულხარ-მეთქი, მისი დედულეთი გლოლაა – გავაშელია დედამისი (გარდაცვლილი), ღებიდან გლოლაში გადმოსახლებული. ოთარის მამა გლოლაში (26 წ.) სკოლას დირექტორობდა. იქ დაქორწინდა. ჩაესიძა ჯირკვალიშვილი გლოლას. ჯირკვალიშვილი ქართლელი ვარო, ვაზიანიდან. ოთარი ამბობს, ჟურნალ „ებგურის“ ნომრის რედაქტირება შემომთავაზეს. ზუგდიდში ზეინაბ სარია რედაქტორობს. ჰონორარიანიაო. რაღაცას დავპირდი. ამოვიღე 5 გვერდი „ბერდიაევიდან“ სათაურით „რას გვეუბნება ქართული ენა“ (თავისუფლების შესახებ). ვნახოთ, რა გამოვა.
თბილისში
ჩამოვედი 30.08. ამ დღეს გეოდეზმა აღნიშნა ეზოში კოორდინატები. გაიგზავნება და გეოდეზიურ რუკაზე დაადგენენ წყლის მდებარეობას (თუ იქნა), რა სიღრმეა. ვინ იყვნენ: ვინც წერტილები აღნიშნა ლანჩავა (ქუთაისელი) და ლევან ნემსიწვერიძე, ფილოლოგიური მაქვს დამთავრებული, მაგრამ ამ დარგში არ მიმუშავიაო. ალპინისტობას მისდევდა. ვინც ვუხსენე (მერაბ გვაზავა, ანზორ ამყოლაძე (?), ვახტანგ არაბიძე), ყველა მისი ახლობელი აღმოჩნდა. რეზო ჭეიშვილიც ნაცნობა. მსოფლიო დონის მწერალიაო. ლოთი [??] ლეჩხუმელი ტვიშიდან. ვილაპარაკეთ ლეჩხუმზეც, ნათესავები მყავს-მეთქი, ასათიანი. ერლომიც[65] გაუგია, ლომერიც[66]…
01.09. ოთარ ჯირკვალიშვილს გავუგზავნე სტატია („ბერდიაევიდან“ ამონარიდი) – „რას გვასწავლის ქართული ენა“.
ვიყავი ალეკოსთან „კარპედიემში“, მივუტანე „ვეფხისტყაოსნის“ გზამკვლევი. გამომატანა მარინა მაჭავარიანის[67] „ბოეციუსი“.
ონში
02.09. ცხრა საათზე გამომიარა გოგიტამ, ქალაქიდან 09:30 გავედით. გზა არ აგვბნევია. საუბარ-საუბარში (სოფლის მეურნეობის თემაზე) გავიარეთ გზა.
ტრადიციულად ჩატარდა სუფრა. ძველებიდან: გია, დათო, ამირანი, შურა, თემურა (ჯაჭვლიანი), მიშა ბაჯიხეველი[68]…
04.09. წავიკითხე „Сон смешного человека“[69]. ამოვწერო: „Они узнали стыд и стыд возвели в добродетель“ – მათ გაიცნეს სირცხვილი და სირცხვილი სიქველეში აღამაღლეს“.
05.09. დღეს გლოლაში მპირდებოდა გია ბერიშვილი[70] იმ შემთხვევაში, თუ წვიმა არ იქნებოდა. წვიმა წუხელ იყო, დილას უკვე გადაღებული იყო, მიწაც თითქმის არ დასველებულა. აცივდა. მზე დამალულია.
დაჩი-აზროვნების აკადემიას ვთხოვე, 24 სექტემბრის ლექცია ([??კაბალისტური???] ღვთისმეტყველება) მოეხსნა. დამრჩა 29.09. პირველყოფილი რელიგია, 01.10 წინადოგმატური ხანა (აპოლოგეტიკა).
გუშინ საღამოს გავიარე მთელი ონი – წრე დავარტყი – რუსთაველის ქუჩიდან ზემო ქუჩით. მუზეუმის ახალ შენობას რომ მივუახლოვდი, მოდის იგრი[71] თავისი სახლიდან. ვუთხარი, უსათუოდ იგრი დამხვდება-მეთქი. გაუხარდა, გააღო შენობა და დამათვალიერებინა ორივე სართული – საექსპოზიციო დარბაზი (გია ამბობს, არ გვეყოფაო. კი მარა ამაზე დიდი შენობა?). მეორე სართულზე ფონდები (პირველზეც მგონი), ბიბლიოთეკა, სხდომათა დარბაზი, კაბინეტები, რაღა დარჩა – ექსპონატების განლაგება. მესხეთის, ვანის, დმანისის, გამოცდილებით… იგრი ამბობს, ორი წელი ჭირდებაო. ვითომ?
ებრაელთა უბანში გავუხვიე ცოტაზე. ბააზოვის[72] სახლი სადღაა, ნანგრევები. არც აბრა, სადაც ეწერა, რომ აქ ცხოვრობდნენ დავით[73] და გერცელ ბააზოვები. ნაღვლიანია. ებრაელების კვალი არ რჩება ონში, სინაგოგის გარდა. რა სიჩუმეა. რა ჟივილ-ხივილი იდგა აქ თავის დროზე.
06.09. საღამოს შემაჟრჟოლა. ტემპერატურა 39 გრადუსამდე.
* * *
ამ ჩანაწერით მთავრდება ეს დღიურები, რომლებიც 2010 წლიდან არის შემორჩენილი, დედაჩემის გარდაცვალების დროიდან… არ ვიცი, დამთხვევაა, თუ – მაშინ მიჰყო ხელი ისევ დღიურის წერას…
რეზო კიკნაძე
[1] რეზო კიკნაძე – კომპოზიტორი, პედაგოგი, ზურაბ კიკნაძის შვილი (რედ. შენ.)
[2] მალხაზ ხარბედია – მწერალი, „არილის“ რედაქტორი.
[3] ზურაბ კიკნაძის კარის მეზობელი თბილისში
[4] ირაკლი მეკოკოშვილი, მზიას შვილი.
[5] ივან ტურგენევის პირველი რომანი.
[6] ედიშერ გიორგაძე – მთარგმნელი, ლიტერატორი.
[7] Митчелл Уилсон – Брат мой, враг мой (My Brother, My Enemy), 1956 წელს იბეჭდებოდა ” Иностранная литература”-ში.
[8] ნატალი ტყეშელაშვილი, ფილოლოგი, ებრაისტი, აღმოსავლეთმცოდნე
[9] ბეგი ტაკიძე, თეოლოგი
[10] ნოდარ გაფრინდაშვილი, მხატვარი, რეზო კიკნაძის ძმა
[11] ზურაბ კიკნაძის შვილთაშვილი, გიორგის მეუღლის – ანეკეს შვილი
[12] ალეკო ალადაშვილი – გამომცემლობა „კარპე დიემის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
[13] მარინა რჩეულიშვილი – ლიტერატურისმცოდნე, გურამ რჩეულიშვილის და.
[14] ბესიკ ადეიშვილი – პოეტი და მთარგმნელი.
[15] ლევან მალაზონია, მწერალი
[16] გურამ გეგეშიძე, მწერალი
[17] სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოლო წლების მანძილზე ცხოვრობდა ზურაბ კიკნაძე.
[18] ვლადიმირ სოლოვიოვი – რუსი ფილოსოფოსი.
[19] ავსტრიელ-ისრაელელი ფილოსოფოსის, მარტინ ბუბერის წიგნი.
[20] ხვთისო მამისიმედიშვილი – ფოლკლორისტი, პროფესორი, ზურაბ კიკნაძის მოსწავლე და კოლეგა.
[21] ზურაბ კიკნაძის შვილთაშვილი, გიორგის შვილი
[22] ტოტო მირზაშვილი – რეზო კიკნაძის მეუღლე, თენგის მირზაშვილის შვილი.
[23] სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
[24] ოლესია თავაძე – მწერალი და მხატვარი.
[25] ზაზა აბზიანიძე – მწერალი და ლიტერატურისმცოდნე.
[26] ნუგზარ პაპუაშვილი – ფილოლოგი, ეკლესიის ისტორიის პროფესორი.
[27] ერეკლე თურქაძე – თეოლოგი, თანადამფუძნებელი ხარაგაულის ახალგაზრდული ცენტრისა – „ნისიბის-კავკასია“
[28] იღუმენი ეფრემ გ. ლომიძე, ღვთისმეტყველების დოქტორი.
[29] სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
[30] გოჩა სხილაძე, თეოლოგი, პედაგოგი, პოეტი.
[31] ავთანდილ ტოროშელიძე, ფოტოგრაფი, ხარაგაულის რაიონის სოფელ სხლითის მკვიდრი.
[32] კახორის წმინდა გიორგის ეკლესია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
[33] სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
[34] სიტყვები ჰორაციუსის ოდების მეორე წიგნიდან (ოდა XIV): „ვაი, პოსტუმუს, წლები ვით გარბიან…“. ლათინურიდან თარგმნა მარინე იმნაძემ.
[35] დეკანოზი მიქაელ არაბიძე.
[36] იღუმენი პეტრე კურტანიძე.
[37] საბჭოთა პარტიული მოხელე (დახვრიტეს 1937 წ.).
[38] პავლე (პაპულია) ჯიბუტი, ღორეშას მკვიდრი, სერგო ორჯონიკიძის ერთ-ერთი შთამომავალი.
[39] სერგო ორჯონიკიძე, ბოლშევიკი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე.
[40] მაია ნათაძე – ფილოლოგი, ენათმეცნიერი.
[41] გიორგი ერქომაიშვილი, ბიოქიმიკოსი, დოქტორი.
[42] ანდუყაფარ ჭეიშვილი – მთარგმნელი.
[43] მწერალი, ჟურნალისტი
[44] ზურაბ კიკნაძის წიგნი, „ამარგი. ალუდას ნახტომი“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2021.
[45] ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, არმენოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე.
[46] მარინა ალექსიძე, ზაზა ალექსიძის მეუღლე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
[47] ნიკოლოზ ალექსიძე – ისტორიკოსი, ზაზა ალექსიძის შვილი.
[48] ზურაბ კიკნაძის შვილიშვილი ოჯახითურთ.
[49] ვახტანგ თოდრია – იურისტი
[50] ჯუმბერ ხანთაძე – ქიმიკოსი.
[51] რისმაგ გორდეზიანი – კლასიკური ფილოლოგი.
[52] თამაზ ჩხენკელი – პოეტი, მთარგმნელი, ფილოლოგი.
[53] რეზო სირაძე – ფილოლოგი.
[54] გივი შაჰნაზარი – პოეტი და მთარგმნელი.
[55] გოგი ჩაგელიშვილი – მხატვარი
[56] ლამარა გვარამაძე – ფილოლოგი, ზურაბ კიკნაძის მეუღლე.
[57] ზაალ ან ზურაბ სულაკაურები – მხატვრები.
[58] „აფინაჟი“ – ლიტერატურული ჟურნალი.
[59] გიორგი ჩხეიძე, ეკონომისტი, ზურაბ კიკნაძის დეიდაშვილის შვილი.
[60] მერაბ მამარდაშვილი – ფილოსოფოსი.
[61] მაჩესა იგულისხმება, ნატალი ტყეშელაშვილი.
[62] სოფო და რამაზ ხომერიკები – ლამარა გვარამაძის დისშვილები ოჯახებითურთ.
[63] ნიკო გამყრელიძე, მათემატიკოსი, ახალგაზრდობის მეგობარი.
[64] ოთარ ჯირკვალიშვილი – მწერალი.
[65] ერლომ ახვლედიანი – მწერალი, სცენარისტი.
[66] ლომერ ახვლედიანი – ოპერატორი.
[67] მარინა მაჭავარიანი – ფილოსოფოსი, მთარგმნელი.
[68] მეგობრები, ონის მკვიდრნი.
[69] ფ. დოსტოევსკის მოთხრობა.
[70] მეცნიერი, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელი
[71] ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელი
[72] გერცელ ბააზოვი – მწერალი, დრამატურგი.
[73] დავით ბააზოვი – ფიზიკოსი.
© არილი