ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პორტრეტი

ზურაბ კიკნაძე – „ყველაფერი შრომაშია, შედეგია ამაო”

 

I

ჰერაკლიტეს ცნობილი თქმით – და ეს უეჭველია, ადამიანი მდინარის ერთსა და იმავე ნაკადში ორგზის ვერ შედის. სხვა შორს წავიდა: არათუ ორგზის, ერთგზისაც კი შეუძლებელიაო შესვლა. ამით მან თუ დასცინა ჰერაკლიტეს ან აბსურდამდე განავითარა მისი აზრი? ყოველი მეტაფორა აბსურდამდე მივა, თუ პრაგმატულ-უტილიტარული აზრით გავიგეთ. აბსურდია ღვარძლის დატოვება ყანაში მოსავლის აღებამდე იმის შიშით, ვაითუ ყანის გამარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც ამოყვეს. მაგრამ ქრისტეს იგავი ზედმიწევნით ზუსტია, მკაფიო და ცხადი.

ასევე მდინარეში ერთგზისაც კი შეუსვლელობა არ მოგვეჩვენება აბსურდად, თუ გამოვიყენებთ მას იმის სათვალსაჩინოდ, თუ როგორ იაზრებდა მერაბ მამარდაშვილი აზროვნებას, როგორც პროცესს. ერთ-ერთ ლექციაზე (და, ალბათ, სხვაგანაც, სხვადასხვა ვარიაციებით, განსხვავებული პრობლემის გამო გამოუთქვამს მსგავსი რამ, იმჯერად კი ერის მოწოდებაზე ლაპარაკობდა ახალ ისტორიულ ეტაპზე, უფრო კი, დასაწყისზე ამ ისტორიისა) მან თქვა: „შეუძლებელია მოინდომო და დაიწყო აზროვნება, შეუძლებელია მოინდომო და დაიწყო ტრადიცია, თუ უკვე თავად არ ზიხარ ტრადიციაში…”. დრო მიდის, მიედინება, ხანიერია, ვერ გააჩერებ, როგორც მატარებელს გიჩერებენ, რომ ახვიდე. მამარდაშვილი კითხულობს, „შევძლებთ თუ არა, ისევ აღვადგინოთ ისტორიის, ტრადიციის, ჩვენი ისტორიული დანიშნულების და მოწოდების ძაფი”. თუ ისტორია, ტრადიცია – ამბობს ის – შეუქცევადია (როგორც მდინარის ნაკადი, ჩავურთავთ ჩვენ), მაშინ პრობლემატური უნდა იყოს განგრძობა ტრადიციისა, რომელიც შეწყდა და დრო, როგორც მდინარის ნაკადი, გავიდა. შემდეგ რასაც ფილოსოფოსი ამბობს, სრულიად უპრეცედენტოა ჩვენ პუბლიცისტურ ლიტერატურაში. აი, სიტყვები, რომელთა ისტორიოსოფიული სიღრმე შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენილიყო: „ერთი ცხადია: საკუთარი ძალებით ამას ვერ შევძლებთ. ისტორიასა და ტრადიციაში წყვეტა არ უნდა დაგვეშვა. მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც წერტილსა და მომენტში მსოფლიო მისტერიის მეშვეობით, თუ ზეადამიანური ძალის აქტით მოხდეს ჩვენი ხელახალი ჩართვა ისტორიასა და ტრადიციაში”.

ხელახალი ჩართვის ამ სიძნელეს დღეს ძნელად თუ ვინმე იაზრებს. გაწყვეტილის გამთლიანების, გაწყვეტილ ტრადიციაში ჩართვის ან ახალი ტრადიციის დაწყების სიძნელეს, რომელსაც მხოლოდ სიზიფოსის შრომას თუ შევადარებდით. თუ წარვმართავთ საუბარს ამ მეტაფორის (მდინარეში ორგზის შეუსვლელობის) ეროვნულ-პოლიტიკურ ასპექტზე, – იგი აზროვნებისა და მისი მოწოდების, არა მხოლოდ მოწოდების, როგორც ასეთის, ფენომენსაც მოიცავს, – რაც დღესაც (ალბათ, უფრო დღეს) აქტუალურია, გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რატომ ახსენებს მამარდაშვილი ამ კონტექსტში „მსოფლიო მისტერიას” და „ზეადამიანურ ძალას”. არსად სხვაგან ეს კონცეპტები არ განმარტებულა. არც კითხვა ყოფილა დასმული ლექციაზე მათ განსამარტავად. ასე რომ, ცოცხალი სიტყვის ნაცვლად დარჩა ჰერმენევტიკის მომლოდინე ტექსტი, რომლის უშუალო სმენისას, თუნდაც ლექტორის მიმართ კითხვაც არ დასმულიყო, ჰერმენევტიკა საჭირო არ იქნებოდა. ჰერმენევტიკა ტექსტს ესაჭიროება, რომელიც აღარ მოძრაობს, რაკი ავტორი დუმს.

ვფიქრობ, „მსოფლიო მისტერია” და „ზეადამიანური ძალა” იმას ნიშნავს, რომ ისტორიაში ვართ და, ამიტომაც, ისტორია მხოლოდ ჩვენთვის არ არსებობს, როგორც ხშირად დღემდე წარმოგვიდგენია. ამ ცნებებით ისიც არის ნათქვამი, რომ ისტორია არ არის ადამიანთა თვითნებური ჩხირკედელაობის პროცესი. ის მოითხოვს მართლაც ზეადამიანურ ძალისხმევას. ისტორია დროჟამული ფენომენია, დრო კი მტკივნეულად განიცდება. ბერდიაევი ამბობს: „Время есть болезнь к смерти. И есть смертельная печаль в этой болезни, болезни времени. Течение времени безнадежно печально[1]. სად არის საშველი? საშველი დროში ძალისხმევაა. დროში ძალისხმევა, როგორც სიცოცხლის ნიშანი, პრუსტის აზრია, რომელიც მამარდაშვილმა აიტაცა, რუსული ვერსიით მოჰყავს პრუსტზე რუსულ ლექციის დასაწყისშივე «жизнь – усилие во времени»[2]. ეს არის ბერგსონის საკვანძო კონცეპტი élan vital „სასიცოცხლო ძალისხმევა (ან ნახტომი)”. ისტორია თუ არის დიალოგი ღმერთსა და ადამიანს შორის (მ. ბუბერი), ეს ღმერთის ნებისა და ადამიანის ძალისხმევის შეტაკებაა. ამიტომაც გრძელდება ისტორია, მხოლოდ ღმერთი რომ დარჩეს აქტორად, ერთ წამში დასრულდება. მაგრამ ადამიანი ხომ საბედისწეროდ არის ჩართული ისტორიის პროცესში. ღმერთკაცებრივ ქმედებას გულისხმობს სწორედ „მსოფლიო მისტერია“, რომელიც ყოველთვის ხორციელდება ჩვენს თვალწინ. და მამარდაშვილი ამბობდა, რომ ამ პროცესში, რომელიც ღმერთკაცებრივია და საიდუმლოებრივი (მისტერიული), საჭიროა ჩართვა. ხასიდი ამბობს, რომ ებრაელი ყოველ დილით უნდა ამოდიოდეს ეგვიპტიდანო. მაგრამ როგორ მოახერხებს ამოსვლას, თუ მზად არ არის, თუ იმთავითვე მეწამული ზღვის ნაკადში ჩართული არა არის? ასეთი კითხვა პირწმინდად მამარდაშვილისეულია. როგორ ჩაერთვები მისტერიაში, თუ თავიდანვე განდობილი არ ხარ? განდობა კი შენზე არ არის დამოკიდებული. როგორ შეიძლება ადამიანმა დაიწყოს რაიმე, თუ უკვე დაწყებული არა აქვს? როგორ შეძლებს ადამიანი რასმე, თუ უკვე შეძლებული არა აქვს? როგორ დაიწყებს ფიქრს ადამიანი რაიმეზე, რაც ჯერ ნაფიქრი არა აქვს? ან როგორ შევა აზროვნების ნაკადში, თუ უკვე მასში არ იმყოფება? როგორ აღმოცენდება მუხა, თუ იმთავითვე რკოში არ არის? და ა. შ. დაუსრულებლივ – ის გაიგებს, ვისაც დაუწყია. საბოლოოდ, ეს პარადოქსი შეიძლება „მოწოდების ფენომენმა“ გაგვითვალსაჩინოს, რითაც მამარდაშვილმა დაიწყო თავისი ლექცია 1990 წლის 29 ნოემბერს, დღის სამ საათზე (ანუ წელიც იყო, დღეც, თვეც და საათიც, და, რა თქმა უნდა, ადგილიც).

მართლაც, რა არის მოწოდება? ის არის ან არ არის. თუ არის, უკვე არის და მას დაწყება არ ესაჭიროება. თუ მოწოდება არ არის, მხოლოდ ზებუნებრივ-ზეადამიანური ჩარევით თუ მოხდება მისი შემოსვლა ადამიანის ცნობიერებაში. ანუ ძალისხმევით, ნახტომით – élan, ძალისხმევა, ნახტომი. მოწოდება ამ შემთხვევაში სასწაულქმედებაა ადამიანში, როგორც მისტერია. მისტერია სწორედ ის არის, რომელშიც გარედან ვერ შეხვალ. ბოლოს, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ აუცილებელია élan, რომელიც მოხსნის ზენონის აპორიას – არწივი გაუსწრებს კუს, რადგან არწივი ფრენს, კუ კი მხოლოდ სივრცის წერტილიდან წერტილამდე გადაადგილდება. არსებობს ჩვენს სამყაროში ალუდას ნახტომი, რომელიც გამოიწვია მოწოდებამ. საიდან დაიბადა ალუდას მოწოდება, თუ ადრე არ იყო მასში? მისი ეს გამოცდილება უნიკალურია და ტრაგიკული თავისი უნიკალურობით. მოწოდებას, როგორც ბედისწერას, ეწირება ადამიანი. მაგრამ განა შესაძლებელია სხვანაირი გამოსავალი? ალუდასნაირთა წინაშე ორი ამოცანაა და მათ გამოვხატავთ მამარდაშვილის ორი გამონათქვამით – „უნდა გაბედო შეუძლებელი“ და „ჩვენს წინაშე დგას ისტორიული შემოქმედების ამოცანა“. მამარდაშვილი გრძნობდა აზროვნებისა და ისტორიის პროცესის და მოწოდების საიდუმლოს, საიდუმლოს, რომელიც „მსოფლიო მისტერიაში“ იღებს სათავეს. ნახევრადსეკულარულ ენაზე რომ გადავიტანოთ, უნდა მოვიხმოთ გიგი მარგველაშვილის ცნება-კონცეფტი „ეგზისტენციალური შეტყობინება“, როგორც მოწოდება, რომელიც საფუძვლიანად გარდაქმნის ადამიანის მდგომარეობას.

 

I I

დეკარტმა იგი მოხიბლა, ალბათ, იმ ცნობილი გამონათქვამით: „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ”. დეკარტის ეს ფორმულა მას შეეძლო გადმოეკეთებინა ასე: ვაზროვნებ, მაშასადამე, ვცოცხლობ. რისი ძალით? – დროში ძალისხმევით. დეკარტს შემდეგ არასოდეს არ მოსცილებია. კანტს მოსცილდა, დეკარტს – არა, სამუდამოდ მასთან დარჩა. თავისივე აღიარებით, ფილოსოფიის ფრანგულ ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა, რომელიც ფილოსოფოსებს კი არ შეუქმნიათ, არამედ შექმნეს ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობდნენო. ფრანგი ფილოსოფოსები კი, განსხვავებით გერმანელებისაგან, სწორედ რომ ცხოვრობდნენო. თუმცა, შესაძლოა, ფრანგული ფილოსოფიიდან იწყებოდეს სიცოცხლის ფილოსოფია, მაგრამ ფუნდამენტური ნაშრომები ამ სფეროში მაინც გერმანულ ენაზე დაიწერა. ეგზისტენციალიზმის სიტყვიერ-ცნებითი არსენალი მათგან მოდის. მაგრამ პირველი ეგზისტენციალისტი მამარდაშვილისთვის იყო დეკარტი, მეორე კი, თქვენ წარმოიდგინეთ, იყო არა ფილოსოფოსი, არამედ მწერალი მარსელ პრუსტი, რომლის იმ ზემოთ მოყვანილი ერთი ფრაზის გამო, როგორც თავად აღიარებს, ფრანგული ისწავლა. პრუსტის ეს აზრია, ხშირად რომ იმეორებს სხვადასხვა ვარიაციით: „სიცოცხლე, ეს არის ძალისხმევა დროში”. რა არის ეს ძალისხმევა? ძალისხმევა არის აზროვნება და თუ აზროვნებ, ცოცხალი ხარ. ამას მივაბამ მეორე თეზისს: მთავარია პროცესი, არა მაინც და მაინც შედეგი. ჩვენი ფილოსოფოსი პლატონს და განსაკუთრებით სოკრატეს ხშირად ახსენებს. რა ნიშნით იზიდავს მას სოკრატე და პლატონი და შემდეგ მარსელ პრუსტი, რომელსაც, ერთი შეხედვით, რა საერთო უნდა ჰქონდეს ბერძენ ფილოსიფოსებთან? პლატონი „ფედონში” წერს, თოთმა (სიბრძნისა და მეცნიერების ღვთაებამ ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში) რომ ანბანი გამოიგონა, თქვენ გგონიათ, ეს სასიკეთოა? არა, ეს არ არისო სასიკეთო. დაიწერება წიგნი, მოწყდება ავტორს, ყველგან მიდის ეს, კითხულობს მას ის ადამიანიც, ვისთვისაც არ დაწერილა. მაგრამ დამწერლობა არსებობს და წიგნი იწერება მრავალთათვის წასაკითხად. აი, ეს პრობლემაა დღესაც. ძველად, ტრადიციულ საზოგადოებაში პერგამენტზე წერდნენ, ის ძვირი იყო და, ალბათ, უფრთხილდებოდნენ, ჰაიჰარად არავინ მოინდომებდა მასზე თავისი ნაფიქრალის დაწერას, თუ მას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდა (უხილავ ცენზორს არ ეძინა). ახლა საწერი მასალა – ქაღალდი იაფია და რაც გინდა, დაწერე. ქრისტე რომ ამბობს, ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებსო, აი, ეს არის იაფი ქაღალდის პრობლემა. ამ სიიაფით ხდება მნიშვნელოვანი ნააზრევის პროფანაცია, მისი უკუღმართად გაგება.

მამარდაშვილი კანტს ანიჭებდა უპირატესობას ჰეგელის წინაშე, რომელთანაც ტიპოლოგიური მსგავსება უნდა ეგრძნო. ჰეგელის ფენომენი მთლიანად აზროვნების პროცესია. მიედინება აზრი, უკანაც ბრუნდება ახალი თეზისების წამოსახვეტად, მაგრამ ერთ ადგილზე არასოდეს ჩერდება. დინება არ წყდება. ის მუდამ გზაზეა. მამარდაშვილი ამბობს, რომ ჭეშმარიტება იბადება არა სურვილით და მონდომებით, არამედ გზაზე. აი, ეს არის ამ დინების საზრისი: „ქმნადობაა მთავარი, შედეგი ამაოა”. ვერსად ნახავთ რაღაც აღმოჩენისმაგვარ რამეს მამარდაშვილის ლექციებში, ანუ აზროვნების შედეგად მიღებულ დასკვნას და წერტილს, როგორც კვლევის, შედეგს. მისი აზროვნება, თავად პროცესი აზროვნებისა, არ არის გამიზნული რაიმე ჭეშმარიტების აღმოსაჩენად. მას უკვირს, როგორ შეიძლება საკითხი ასე დაისვას: მინდოდეს რაღაცის აღმოჩენა და მერე ის აღმოვაჩინო, რაც მინდა. რომ აღმოვაჩინო, უკვე ხომ უნდა ვიცოდე ის, რაც აღმოსაჩენია, და მაშინ მას აღმოჩენა აღარ სჭირდება. „თუ არა ხარ აზროვნებაში, მასში ვერ შეხვალ”. პარადოქსია. მაგრამ როგორ შედიხარ აზროვნებაში? შედიხარ მადლით. არის შენში რაღაც, რაც შეგიყვანს ამ აზროვნების ნაკადში. სხვანაირად იქ ვერ აღმოჩნდები. ეს იმას ჰგავს, რომ მდინარეში ვერ შეხვიდე, თუ მასში უკვე შესული არ ხარ. მამარდაშვილი ეუბნება მსმენელებს, მე მსურს თქვენ ჩაგითრიოთ აზროვნების მსვლელობაში. ჰეგელის წიგნებიც არის აზროვნების მსვლელობა, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს დასასრული რაღაც კონკრეტული შედეგის სახით აქტუალურ ეონში. კიცხავენ ჰეგელს, რომ აბსოლუტურმა სულმა, რომლის ტრანსფორმაციებს და წინსვლას ვესწრებით მასთან ერთად, თავის განხორციელებას, თავის საბოლოო შედეგს პრუსიის სახელმწიფოში აღწევს და იქ დაივანებს. პრუსიის სახელმწიფო მხოლოდ სიმბოლური რაობაა, რომელსაც მხოლოდ ემპირიული ჰეგელისთვის ჰქონდა ღირებულება. ჰეგელის რომელი მიმდევარი იტყვის, რომ მისი აზროვნების მთელი პროცესი, რომელშიც ჩართული ხარ მთელი შენი ეგზისტენციით, ამ საეჭვო, წარმავალი შედეგისთვის არის მოწოდებული და მას, ამ პროცესს, თავისთავადი მნიშვნელობა არ გააჩნია? რა არის მის ფილოსოფიაში მნიშვნელოვანი – თავად პროცესი თუ შედეგი? ცხადია, დიალექტიკა… პრუსია ვიღას აინტერესებს… აი, რას ამბობს მამარდაშვილი: „შრომაა ყველაფერი”. მაგრამ ჩვენ უკეთესად შეგვიძლია ვთქვათ: „შემოქმედებაა ყველაფერი”. „შრომა” მხოლოდ საშუალებაა შემოქმედებისთვის. მოველოდით, რომ ეს თეზისი ჰპოვებდა განვითარებას, მაგრამ ის გზაში დარჩა უშედეგოდ. შედეგი არაფერია….

„შრომაა ყველაფერი, შედეგი ამაოა. სად არის პირამიდები, სად არის ალექსანდრეს იმპერია?” შეკითხვის ეს კატეგორიულობა მისგან მოულოდნელია, ცოტა არ იყოს, ნაჩქარევად დასმული კითხვაა, მისივე აზრის საწინააღმდეგოა. პირამიდები დგანან, თუმცა მისი შენების პროცესი ჩვენთვის მიუწვდომელია, მხოლოდ შედეგი ჩანს. თუმცა ეგვიპტელთა შრომის ეს შედეგი ამაოა იმ აზრით, რომ „усилие жизни во времени” მკვდარია ამ შედეგში და დღემდე ეგვიპტოლოგია თავს იტეხს იმის გასარკვევად, თუ რა იდუმალმა ჩანაფიქრმა წარმართა ეს პროცესი. პირამიდა დგას და ალექსანდრეს იმპერიაც დგას ანუ არსებობს იმ აზრით, რომ მისი ძალისხმევით დაწყებულმა სწორედ პროცესმა და არა იმდენად შედეგმა, რენე გენონის სიტყვით რომ ვთქვათ, პროცესის სოლიდიფიკაციამ ელინიზმის სახით შეცვალა მსოფლიო ისტორია.

ჩვენი ფილოსოფოსი კიდევ ამბობს, განაგრძობს: „შექმნილი და მიღწეული კი არ უნდა გიყვარდეს, ქმნადი უნდა გიყვარდესო, არა – ღვთიური, არამედ – ღმერთიო… ეს მითითებაა იმ ყოფიერებაზე, რომელიც მუდმივ შექმნაშია… არაფერი დასრულებული არ არისო…” აი, ეს არის უდიდესი ჭეშმარიტება, იმიტომ რომ, ღმერთმა თუმცა ერთხელ, დროჟამის წინარე, „უწინარეს ყოველთა საუკუნეთა”, შექმნა სამყარო, მაგრამ ის ყოველწამიერად იქმნება. ფიზიკის ზოგი თეორიის თუ ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო ფართოვდება, ახალი სივრცეები იქმნება, სივრცე ფართოვდება დროში ძალისხმევით, სხვანაირად, დრო და სივრცე ერთმანეთს ასპარეზს აძლევენ.

მამარდაშვილს სურს უყუროს სამყაროს და, კერძოდ, თავისი აზროვნების მეთოდს – sub specie temporis (დროის ნიშნის ქვეშ). ეს ბიბლიური ხედვაა. ბიბლიაში დროა გადამწყვეტი, არა – სივრცე. ებრაელების ეგვიპტეში ყოფნა ტერიტორიაზე, სივრცეში ყოფნა კი არ არის, არამედ დროში ყოფნაა, ეგვიპტეში ყოფნა გამოცდილებაა, გამოცდილება კი დრო-ჟამული ფენომენია. ბიბლიური სამყარო მედინია, მიმდინარეობს, მიედინება ან რაღაც საზღვრამდე, ან დასასრულისკენ. ებრაელი კაცი, ბიბლიის პერსონაჟი, ყოფნას დროში განიცდის. განსხვავებულია ელინური კოსმოსის აღქმა. კოსმოს – ეს შესანიშნავი, ბრწყინვალე, მწყობრი, მოწესრიგებული, ზევსის თავიდან ამოსული ერთხელ ქმნილი სრულყოფილება სამუდამოა. არ იცვლება, არაფერი არ ემატება, არაფერი აკლდება, არც უმჯობესდება, არც უარესდება. არ არის შემთხვევითი, რომ მამარდაშვილი თავისი აზროვნების მეთოდში ებრაელ მოაზროვნეებს თანაუგრძნობს. პრუსტი თავის მწერლობას, ანრი ბერგსონი ფილოსოფიას ასევე დროის ნიშნით წარმართავენ.

პრუსტი ეძებდა დაკარგულ დროს, ალბათ, ბერგსონისეული ხანიერებას აზრით, მაგრამ მის კვალს სივრცეში მადლენის ნამცხვრის გემოს გახსენებით აღიდგენს. ვფიქრობ, ეძებდა არა დროში მომხდარ ფაქტებს, ხდომილებებს, არამედ განვლილი დროის პროცესს, რომელიც თავის სურნელებას და გემოს ინახავს, და ადამიანი ამ შეგრძნებებით მოიძიებს ანუ გააცოცხლებს დროს ისევ და ისევ სივრცეში და სივრცულ წარმოდგენებში.

პრუსტის „დაკარგული დრო” უნდა ნიშნავდეს განუცდელ, უქმად, ძალისხმევის გარეშე გასულ დროს და ადამიანის მოწოდებაა მისი მოძიება. რთულია. არ მგონია, რომ განვლილი დროის ეს ძიება მართლაც ადამიანის მოწოდება იყოს. ასე მგონია, მარსელ პრუსტი თავისი რომანების სერიას სახელს რომ არქმევდა (დაახლოებით „დაკარგული დროის ძიებაში”), ანრი ბერგსონის თავისებურად გაგებული იდეებით უნდა ყოფილიყო შთაგონებული. ბერგსონისთვის მას შეეძლო მოესმინა ხალხმრავალ აუდიტორიაში, წაეკითხა მისი ნაწერები, შეეძლო შინაურულად ესაუბრა მასთან, როგორც მოყვრულ ნათესავს (ცნობილია, რომ ბერგსონს ცოლად პრუსტის ბიძაშვილი ჰყავდა ცოლად, რომელთა ქორწილში, ჭაბუკი მარსელი მაყრად იყო), „მე-შენის” ურთიერთობით, გაეთავისებინა მისი élan და dureé. (ერთი გადახვევაც: ფილოსოფოს ანრი ბერგსონს ლიტერატურაში მიენიჭა ნობელის პრემია, მამარდაშვილმა კი მწერალ პრუსტში ფილოსოფოსი აღმოაჩინა და, გარკვეულწილად, მასზე დააფუძნა თავისი ფილოსოფოსობა).            იქნებ არ გვხიბლავდეს პრუსტის მწერლობის სტილი, მაგრამ პრუსტის მამარდაშვილისეულმა ანალიზმა და იმ ლექციებმა, შესაძლოა, გაგიტაცოს. ჩამოკიდებს ერთ, თუნდაც ტრივიალურ (არცთუ იშვიათად), თუმცა მისთვის რაღაც საზრისიან გამონათქვამს, რათა კვლავ და კვლავ დაუბრუნდეს მას და მასზე ააგოს თავისი საკუთარი აზრების ჯაჭვი, აზროვნების პროცესი, გზა.           ხანდახან პარადოქსის ჯუნგლებში შეჰყავხარ, სავალი გზიდან გადაგახვევინებს, ახალ ბილიკზე გაგიყვანს და იმასაც მიგატოვებინებს. კითხვაზე პასუხს ელი, კითხვას ღიად დაგიტოვებს. მაგრამ ფიქრობ, რომ ასე სიარული უმჯობესია, ვიდრე ნალახ შარაგზაზე. თავადაც აღიარებს: „ჩემი ლაპარაკი სულ მიხვეულ-მოხვეულად მიდის, მაგრამ ასე სჯობია. ჩემთვის ფილოსოფია და ფიქრი ცხოვრებაა. სიცოცხლეა. რაც უფრო დაულაგებელი და სპონტანურია”. თუმცა უნდა შეინიშნოს, რომ გზას იგი მაინც და მაინც არ აღიქვამს დროჟამულ განზომილებაში. სივრცეს, თუმცა მან „ძალისხმევა” საკვანძო სიტყვა-ცნებად გაიხადა, ვერ მოწყდა. ეს თუნდაც პრუსტის ლექციების სათაურიდან ჩანს: Психологическая топология пути[3], რაც იმას უნდა მიანიშნებდეს, რომ ადამიანის სულის შინაგანი მოძრაობა სივრცეშია (ტოპოს) საძიებელი. თავად პრუსტი დაეთანხმებოდა, მისთვის, როგორც მამარდაშვილი შენიშნავს, ერთმანეთის ეკვივალენტურია „ფსიქოლოგია სივრცეში” და „ფსიქოლოგია დროში”, მაგრამ ანრი ბერგსონი, რომელსაც სძულდა ხანიერების გამყინავი სივრცე, არ მიიღებდა ამ სათაურს, სადაც გზა დროჟამული მახასიათებლისგან დაცლილია. ამ ტოპოლოგიზებულ გზაზე მხოლოდ კუ თუ გადაინაცვლებს წერტილებში, არწივი არ ფრენს. თუმცა ეგზისტენციალურად მისთვის უცხო არ არის ბერგსონისეული ხანიერების (durée) განცდა. ამას აღნიშნავს ის პრუსტის მეთორმეტე ლექციის დასაწყისში: «Мы говорили о том, что есть какая-то внутренная длительность, или длящееся действие, или вечный акт, скритый…»[4]

მამარდაშვილი ამბობს, პირველად რომ წავიკითხე პრუსტის ფრაზა, რომ „სიცოცხლე დროში ძალისხმევაა”, აღმომხდა, ეს მე უნდა მეთქვაო. მისივე ცნობით, ეს იმას ჰგავს, სარტრი და ბოვუარი და კიდევ ვიღაც მესამე რომ ისხდნენ და ითქვა, ფილოსოფიის ამოცანაა, ვარდი აღიწეროს, მეტი არაფერი, ვარდი, როგორც ფენომენი, აღიწეროსო, სარტრი გაფითრდა, შურით მოეღუშა სახე: ხალხო, ეს მე უნდა დამეწერაო. აი, ასეთი ამბავია. მამარდაშვილის ფილოსოფიური გზა, როგორც თავად გვაუწყებს, სასიცოცხლოდ არის დავალებული პრუსტისგან. ერთგან აღიარებს, რომ პრუსტმა მას მეტი მისცა ფენომენოლოგიაში, ვიდრე ჰუსერლმა. ლექციას ვერ მოისმენთ, რომ პრუსტის ხსენება არ იყოს. ანტიკურ ფილოსოფიაზე წაკითხულ ლექციებშიც კი უხილავი ძაფებით აბამს კავშირებს, ზოგჯერ არცთუ ადვილად მისახვედრს, ამბობს, რომ ცნობიერებას ერთი წყარო აქვს და ერთი თვისება, რომ ადამიანის ცნობიერებაში აქვს სათავე და ის ერთბუნებოვან სიმრავლედ არის დანაწევრებული სხვადასხვაგან, სხვადასხვა გონებაში. ეს მაგონებს იოანე პეტრიწის შესანიშნავ ფრაზას, რომლითაც ქართულად გამოთქვამს პროკლე დიადოხოსის აზრს: „ყოველივე სიმრავლე ეზიარების რაითამე ერთსა”. ყველა ცნობიერება ერთი ცნობიერებაა და ერთი ფილოსოფიაა, გვაუწყებს ძალიან ხშირად მამარდაშვილი.

დავუბრუნდეთ სათაურში წარმოდგენილ თეზისს, რომელიც ასეც გამოითქმის: მიუღწეველი უნდა გიყვარდეს, და არა – მიღწეული. დაბეჯითებით გვაუწყებს ჩვენი ფილოსოფოსი. შემოქმედების პროცესი, ისევ და ისევ durée, უნდა გიყვარდეს, ვიდრე მისი ნაყოფი. შემოქმედება ხანიერებაშია, შედეგი სივრცეშია განფენილი. უფრო მეტიც: შემოქმედებითი აქტი ნუმენური აქტია, იგი მიმდინარეობს ეგზისტენციალურ დროის ხანიერებაში, მაგრამ მისი შედეგი ფენომენურ სამყაროს ეკუთვნის, სადაც ის საგნად არის ქცეული, სხვა საგნების გვერდით ვითარდება, რომელიც სხვადასხვა, მაგრამ ერთი და იმავე შინაარსის ტერმინებით გამოითქმის: ბერგსონისთვის ეს არის სულიერი ინტენსივობის ანუ დროჟამული განზომილების გაშლა, განივთება ექსტენსიურობაში; ბერდიაევი მას ობიექტივაციას (ნოუმენის გასაგნებას), ექსტერიორიზაციას (ნოუმენის გარეთ გამოტანას), კრისტალიზაციას, „გაძვალებას” (окостенение) უწოდებს; რენე გენონი ამ შედეგს რეალობის გამყარებად, გაყინვად (solidification) სახელდებს და მთელი აქტუალური ეონის ყოფიერების, რაოდენობრიობის იდეალთა სასუფევლის ნიშნად მიიჩნევს, რომლის საბოლოო მდგომარეობა სივრცედ გარდაქმნილი, შედედებული დროა. და ასე, შემოქმედებითი პროცესი, თავისი არსით სულიერი, შედეგს ნივთიერ სამყაროში იძლევა, რომელიც შემოქმედებითი ცეცხლის მხოლოდ ნაცარია, იშვიათად თუ გამოხატავს ჩანაფიქრს. თუნდაც გენია იშვიათად თუ არის კმაყოფილი თავისი შემოქმედების ნაყოფით. ჩანაფიქრი, რომელიც შემოქმედებით ხანიერებაში იკრებს ძალას, თავისი სრულყოფილებით არასოდეს ხორციელდება. რა შეუძლია ჩვენს საცოდავ ენას, წუხს მამარდაშვილი, „ჩვენი ენა არის მხოლოდ ენა და არაფრის გამკეთებელია. ჩვენი უბედური, საწყალი ენა… თითქმის შეუძლებელია დაწერო ის, რაც იგულისხმება”.

ჩვენს სათაურში გამოფენილი პარადოქსული თეზისი ექვსი ათეული წლის წინათ ამგვარი სახით აქვს გამოთქმული გურამ რჩეულიშვილს: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში” („ალავერდობა”). ავარდება ჭაბუკი ტაძრის გუმბათზე, იქიდან გადმოხედავს ქმნილებას და იგრძნობს, როგორ იქმნებოდა ალავერდის ტაძარი. ახლა კი დგას ალავერდზე, როგორც ნივთი სხვა ნივთთა შორის, ის კი, რომელიც ცოცხალი პროცესის წყალობით შეიქმნა, მკვდარია იმ ხალხისთვის, მის ქვემოთ, მის გარშემო რომ ღრეობს. მამარდაშვილის კვალზე დავძენ: გზა უნდა გიყვარდეს უფრო მეტად, ვიდრე მისაღწევი ადგილი. გზაზე უნდა მოახდინო დროში ძალისხმევა, რომ არც ერთმა წამმა ფუჭად არ ჩაიაროს. ამ გზაზეა შენი გამოცდილება. გზა მიზანსაც გულისხმობს და თავადაც მიზანია, უფრო მეტიც: თვითმიზანი. დიდი ქრისტიანი მამა გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ აქაც და იქაც ადამიანი არის მგზავრი, რომელიც ვერასდროს ვერ მივა საბოლოო მიზნამდე, რადგან საბოლოო არ არსებობს. მის წინაშე სულმუდამ ჰორიზონტებია, საითკენაც, რისკენაც ადამიანი მიდის, ის შეუცნობადი და მიუღწევადი რამ არის. მთელი ქრისტიანული თეოლოგია ამაზეა აგებული. ნიკოლაუს კუზელმა თქვა, მიუწვდომელი თავისი მიუწვდომლობით მიიწვდომებაო (ამ ფრაზის ლათინური დედანი attingitur inattingibile inattingibilter ენის გასატეხივით ჟღერს), ე. ი. მიწვდომის შეუძლებლობა მისი (ღმერთის) არსებითი ბუნებაა. ჩვენ ეს გავიგეთ. რა გავიგეთ? გავიგეთ, რომ ვერ ვწვდებით. გავიგეთ, რომ ღმერთი მიუწვდომადია. ამაზე მეტის გაგება ადამიანს არ შეუძლია. ეს უკანასკნელი ცოდნაა. ეს გნოზისია…

დავუბრუნდეთ, მივხედოთ გზას, როგორც პროცესს. არის ერთი გერმანელი თეოლოგის, ჰუგო რანერის, წიგნი „მოთამაშე ადამიანი” და ამ მომცრო წიგნში არის თავი „მოთამაშე ღმერთი”. რა ნიშნავს ეს – მოთამაშე ღმერთი? მკრეხელობა ხომ არ არის? არა. ღმერთმა სამყარო თამაშით შექმნა… როგორც ბავშვს თამაშს არავინ აიძულებს, ეს მისი თავისუფალი ნების აქტია, მისი შინაგანი მოთხოვნილებაა. ასევეა შემოქმედი ღმერთი, რომელმაც რაც შექმნა, თავისუფალი ნებით შექმნა. ანალოგიას ბოლომდე ვერ მივიყვანთ: თუ ღმერთის თამაშს აქვს იმანენტური მიზანი სამყაროს შექმნა – ბავშვისთვის მიზანი თამაშია, მას თამაშის პროცესი იზიდავს, ის შედეგზე არ ფიქრობს. მას შეუძლია ქვიშაზე სამყაროები ააგოს, მაგრამ ისიც შეუძლია, რომ ეს სამყაროები დაუნანებლად წაშალოს და თავიდან დაიწყოს შენება. ეს არის თამაში თავისი წმინდა სახით, თამაში – თამაშისთვის. თამაში ასეთად შეიქმნა, როცა შეიქმნა, და მხოლოდ პრაგმატულმა გონებამ შესძინა მას ანგარებიანი მხარე. შედეგმა, რომელიც გამარჯვებას და ჯილდოს მოითხოვს, თითქმის დაჩრდილა თამაშის აზარტით გამოწვეული სიტკბოება. აზარტი, როგორც თვითმიზნური თამაშის არსებითი თანმხლები, თავისუფლების სამყაროდან აუცილებლობის სამყაროში ინაცვლებს.

აი, აქედან დავუბრუნდეთ ძირითად თეზისს, რომ მთავარია ქმნადობა, შედეგი კი ამაო. ვერ ვიტყვით ასე კატეგორიულად, რომ შედეგი ამაოა, მაგრამ ქმნადობა შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი რომ არის, ეს განსაკუთრებით სწავლა-სწავლების მაგალითზე ჩანს. ახლა გავრცელებულია ლოზუნგი: შედეგზე ორიენტირებული სწავლა! ეს ლოზუნგი მოუწოდებს იმ მანკიერებისკენ, რომელიც ისედაც გაბატონებული იყო და არის ჩვენს სკოლაში: მოწაფე სწავლობს იმისთვის, რომ მიიღოს ნიშანი. სწავლას მოსწავლისთვის უტილიტარული დანიშნულება აქვს. ეს იცის ყველამ, სკოლამ და მშობლებმა, იცის მოსწავლემაც, ვისთვისაც სწავლის შედეგი მის გარეშე, მისგან გაუცხოებული პროდუქტია, რომელიც დაუყოვნებლივ „გასხვისდება” უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად და იქვე დავიწყებას მიეცემა. მაგრამ ცოდნის პროცესში მიღწეული შედეგის გარდა, რომელიც უდავოდ ფასეულია თავისთავად, არსებობს და უფრო მნიშვნელოვანია ცოდნის მოპოვების, სწავლება-სწავლის პროცესი, ცოდნის მოპოვების გზა, რომელიც არ უნდა იყოს აუცილებლობით ორიენტირებული შედეგზე, არამედ თავად უნდა იყოს მიზანი, მეტიც, თვითმიზანი – სწავლა სწავლისთვის. როგორც მამარდაშვილი ამბობს: „მე მინდა ჩაგითრიოთ ჩემს აზროვნებაში”, მასწავლებელმაც ასე უნდა ჩაითრიოს სწავლების პროცესში ბავშვი, რომ ბავშვმა თვითონ აღმოაჩინოს ცოდნა, და არა ისე, რომ დაუდონ მას გამზადებული ცოდნებით ყუთი. სწავლის გემო, მისი სიტკბო უნდა გაიგოს ბავშვმა. ეს ყველა პრობლემას გადაწყვეტს. თუ ამაზე აეწყობა მთელი სკოლა, ჩვენი სწავლება და დაივიწყებენ შედეგზე ფიქრს, და ნაცვლად ლოზუნგისა, რომელიც შედეგისთვის მოუწოდებს, მოწოდება უნდა აპელირებდეს სწავლის პროცესზე, რომელიც მარადიულია და არ მთავრდება. სწავლა სიბერემდე? რატომ სიბერემდე, სიბერეც ხომ სიცოცხლეა… სწავლა სიკვდილამდე…

სწავლის შედეგი სწავლის პროცესის ყოველწამიერ მომენტშია. და მთლიანად სწავლის პროცესია შედეგი. ვუსმენთ მუსიკალურ ნაწარმოებს. სად არის მუსიკალურ ნაწარმოების შედეგი? შედეგი პროცესშია, თავად პროცესია. ვილჰელმ ჰუმბოლდტის განჭვრეტით, მუსიკის არსი მის მიმდინარეობაშია (ხანიერებაში), არა დასრულებულ შედეგში; მუსიკა არის უფრო ენერგეია ანუ ქმედება, როგორც ენა, და არა ერგონი, როგორც ქმედების ნაწარმოები – ქმნადი, არა ქმნილი… პლატონის რამდენ ჭეშმარიტებას აქვს გასული ყავლი. დღეს არავინ ისურვებს, პლატონის სახელმწიფოში ცხოვრებას, მაგრამ „სახელმწიფო”, როგორც ენერგეია, დიალოგის სახით, სამუდამოდ დარჩა. დარჩა ჭეშმარიტების ძიების მეთოდი, რომლის სემანტიკაში გზა – ჰოდოს (მეტა ჰოდოს მეთოდოს) არის არსებითი, გზაზე დაყენება, რასაც ემსახურებოდა მამარდაშვილი თავის ლექციებში. ხომ ამბობდა, როგორც სოკრატე იტყოდა, აზროვნების პროცესში მსურს ჩაგითრიოთო. ეს ჩათრევაა, როგორც თანამგზავრობა, სწორედ სწავლების მეთოდი.

ამ შუქზე შესაძლებელია სიზიფოსის მითოსის განახლებული ინტერპრეტაცია. სიზიფოსი, როგორც შემოქმედი, ლოდის აგორების პროცესში ბედნიერია, თუმცა მის უანგარო შრომას შედეგი არა აქვს. სიზიფოსის მითოსი გვასწავლის, რომ შედეგი არაფერია, ამაოა. მაგრამ თავად პროცესი ლოდის ათრევისა მთის მწვერვალზე ღირებულია. ამიტომაც, მიუხედავად შედეგის ამაოებისა, სიზიფე კვლავ და კვლავ ეჭიდება ლოდს. პრაგმატულმა გონებამ სიზიფოსის გარჯა სასჯელად მიიჩნია და დღემდე ასე ვფიქრობთ. მაგრამ სიზიფოსი თავისი ქმედებით ამბობს, რომ სიცოცხლე არის დროში ძალისხმევა. არ უნდა გამოხვიდე დროიდან, ამაო შედეგის მიუხედავად, სვლა უნდა განაგრძო…

 

2000-2022

[1] დრო არის სიკვდილის ავადმყოფობა. და არსებობს სასიკვდილო მწუხარება ამ ავადმყოფობაში, დროის ავადმყოფობაში. დროის ნაკადი უიმედოდ მტკივნეულია.

[2] სიცოცხლე დროში ძალისხმევაა.

[3] გზის ფსიქოლოგიური ტოპოლოგია

[4] ჩვენ ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რომ არსებობს რაღაც შინაგანი ხანგრძლივობა ან განგრძობადი აქტი, ფარული…

© არილი

Facebook Comments Box