დიდი შუადღე. უშგული. ლამარიას ეკლესია. სალოცავის გარშემო ზორბა სვანი კაცები ფერხულში ჩამწკრივებულან და გველისებრ კლაკნილებს მიუყვებიან: თითოეულს ხელები წინმდგომის თეძოებზე უდევს და უქაქუნებს. მოფერხულეებს პატარა ბავშვები მისდევენ, მუჭით ნაკელს ესვრიან და აფურთხებენ, თან ერთმანეთსაც მიაყრიან, ძახილ-ძახილით: “ფუი, ლამარია! ფუი, ლამარია!” მთელს ამ პროცესიას წინამძღოლი კაცი ჰყავს — წვერმოშვებული, გრძელი კეხიანი ცხვირით და დიდრონი თვალებით; გულზე თიხის ფირფიტა უკიდია, წარწერით: ადრეკილა; შარვალი ჩახდილი აქვს, პერანგი აწეული, ბანჯგვლიანი ღიპი უთანთალებს, ხოლო ღიპის ქვემოდან წითელი მამლაყინწა ამოზრდია, რომელსაც ორივე ხელით ათამაშებს… “ადრეკილაც” ქაქუნით დაიარება და ხანგამოშვებით დაიძახებს: “ა, თქვენისთანა ბალღებს, დედის სკორემც გვიჭამია, გვიჭამია, გვიჭამია!” ამაზე კიდევ დანარჩენები მიუგებენ: “მელიაი ტულეფიაი! Foxtrot! Foxtrot! მელიაი ტულეფიაი! Foxtrot! Foxtrot!” … გვერდით თეთრთავსაფრიანი ქალები შექუჩებულან, კვარცხლბეკივით შემაღლბულ ალაგას მანაზე რამოდენიმე თხა დაუბამთ და იმათ წინაშე იჩოქებენ; თხები შარდავენ, დაჩოქილი ქალები კიდევ შარდის ჭავლს პირს უხვედრებენ და დალევას ლამობენ; მლაშე შარდს რომ გადაყლაპავენ, თავსაფრის კიდით ტუჩებს მოიწმენდენ და ჩურჩულით იტყვიან: “მარილი ჩვენი მოგვეც ჩვენ, ჯიმშერ! Mon cher! ჯიმშერ! Mon cher!”… “ფუი, ლამარია! ფუი, ლამარია!” — ჟრიამულობენ ნაკელში ამოგანგლული ბავშვები… “ა, თქვენისთანა ბალღებს, დედის სკორემც გვიჭამია, გვიჭამია, გვიჭამია!” – გაიძახის “ადრეკილა”… “მელიაი ტულეფიაი! Foxtrot! Foxtrot! მელიაი ტულეფიაი! Foxtrot! Foxtrot!” — მღერიან მოფერხულეები… უეცრად, შიშის ჟრუანტელი დაუვლის იქაურობას – მოშორებით, შხარას მთის ძირას გიგანტურ ცეცხლისფერ მელიას დალანდავენ, რომელიც ძალუმი ნახტომებით ხალხისკენ გამოქანდება: თვალები ოქროსფრად უელავს, ბროლივით ეშვებს შორის ხასხასა წითელი ენა მოუჩანს… მორბის, მოგელავს, აქეთ-იქეთ იმზირება… მერე შედგება – კბილებდაკრეჭილი ქშინავს და სისინებს; არემარეს დრუნჩს შეავლებს და მფეთქავი ნესტოებით ყნოსავს… თანდათან მთელ სურათს მისი სახე გადაფარავს, უფრო და უფრო აქეთ მოიწევს, მერე კი ერთბაშად რაღაცა მუხტი დაუვლის და ამოიხავლებს: “ადე, შაქრო, კისლავოდსკში ვართ!”…
“… ადე, შაქრო, კისლავოდსკში ვართ,” – ჩაესმა ძილბურანიდან გამორკვეულ შაქრო კარმელს. ხელი საბნისქვეშ შეაცურა და ყვერები მოიფხანა. მერე სირიც მოისინჯა – ქვასავით გამაგრებოდა; ძილში დაგროვებული ენერგიით დატენილი: “ის” უკვე ამდგარიყო! სიზმრის ლატენტიური მოქმედება, როგორც რომ იტყვის პროფესორი ფრეიდ… და კიდევ – ფიზიოლოგიურის წვენთა შერევა და ურთიერთქმედება ძილის დროს; აი, რა ახდენს გაღვიძებისას ხოლმე ამ ეროტიულის ენერგიის გენერირებას, – გაიფიქრა შაქრომ და გაიზმორა… გაზმორებისას სირმა “თავისაკენ მოქაჩა.” “ადე, შაქრო, კისლავოდსკში ვართ,” – უთხრა სირმა პატრონს.
არა, კისლავოდსკში არ იყო, თბილისში იყო, სერგიევის ქუჩაზე, სახლში #2 – ერთოთახიან ბინაში, კომუნალური სამზარეულო და საპირფარეშო რომ აკავშირებდა სხვა მდგმურებთან ამა სოფლისა: მოხარშული კომბოსტოს ყროლი და კლასიკური ქართული ჩეჩმა, მთელი თავისი ფეკალური ატრიბუტიკით… ხოლო კისლავოდსკში ნადია იყო, ნადეჟდა დაშკოვა – შაქრო კარმელის ყოფილი ხასა, რომელიც იჩემებდა, რომ კავკასიის გენერალ-გუბერნატორის, დიდი თავადის, ილარიონ ივანიჩ ვორონცოვ-დაშკოვის ნაბოლარა ქალისშვილი გახლდათ. იქ საშოვარზე იყო წასული – კისლავოდსკის მთავარ კურზალში ოფიციანტად მუშაობდა. ესეც შენი მთავარგამგებლობა და გუბერნატორობა, თავისი აქსელბანტებითა და ფრეილინებით, ჰა, ჰა, ჰა… თუმცა, შაქრო კარმელიც ხომ ნათავადარია, ჩემო ბატონო, და ნააფიცრალიც – პრაპორჩიკიდან ლეიტენანტამდე, და, სხვათა შორის – ნადეზერტირალიც: ევროპის ომში მოუწია მცირე ხანს გარევა, თუმცა მსუბუქად რომ დაიჭრა, მოახერხა და იქაურობას თავი დააღწია, მერე კიდევ ის რევოლუციაც მოხდა და სხვა ყველაფერი… ხოლო იმ “სხვა ყველაფრის” შედეგი კი ისაა, რომ დღეს შაქრო კარმელი ტფილისის ერთად-ერთი და სწორუპოვარი სატაქსო “გარრაჟის” მუშაკია – იზვოშჩიკი, ოღონდ მოტორიზებული… ასე და ამგვარად, შაქროს ბედის ტრაექტორიაც ნადიასას ეპარალელურება. მაგრამ, რუსის ქალს განა რა ქალი სჯობია?!
საბანი გადაიხადა და წამომდგარ სირს დახედა: დასაბამიერი, თაურმდგომი ასო, ჭეშმარიტი “ალფა,” ხოლო ყვერები – “ომეგასაებრ” მომრგვალებულნი: ალფა და ომეგა! დასაბამი და დასასრული! ნაწილი (სირი), რომელიც მთელს (შაქროს) მოიცავს და მთელი (შაქრო), რომელიც ნაწილში (სირში) განსრულდება იდუმალის დიალექტიკით! რამეთუ იყო იგი სხვა მისი… არა – ერთადერთი და მისი საკუთრება, როგორც იტყოდა მაქს შტირნერ… დილისმიერმა სექსუალურმა მუხტმა ამგვარი “ლაზღანდარობის” იშტაზე დააყენა შაქრო. ხოლო მის ნააზრევს რუსის ქალის შიშველი ხორცები ლანდებად ედებოდა… “ეპოქის სტილი სენსუალობაშია და სენსუალობა – სიტიტვლეში,” დასძინა შაქრომ, თითქო ვინმე ახლანდელ, ყავახანის ინტელექტუალს, ვინმე მოლაყბე “ესტეტს” მიუგდო ეს აზრი უგულისყუროდ… მერე საწოლზე წამოჯდა და ბალიშს მიეყუდა. ბანჯგვლიანი ბარძაყი მოიფხანა. ბარძაყიდან ჭრილობა ეღრიჯებოდა, ომიდან წამოღებული – ტევტონური ფოლადის ნამსხვრევით დანატოვარი…
ამასობაში კი სირმა, როგორც დირიჟორის ჯოხმა, ერთის გზნეულის მოძრაობით, შაქროს შიგადის ორკესტრი მონუსხა და მის ტანს ხურუშის ტალღამ ისე დაუარა, როგორც რომ ბეთჰოვენის საფორტეპიანო-საკონცერტო ინტროდუქციამ! სირი კი არა, მეტალურგიული ქარხნის ახალგაზრდა ინჟინერია, სარკესთან მდგარი, ახლადგაპარსული… სირი კი არა, ტატლინის კოშკია – ძეგლი “მესამე ინტერნაციონალისა” და ჭეშმარიტი “ჟან კრისტოფია” რომენ როლანისა – უდახვეწილესი თხზულება! სირი, როგორც ცხენი პატმოსის კუნძულიდან, მისი ნესტოები სეისმოგრაფია ყველა მიწისძვრების; კარდუს მონოლიტი, რისხვარი მარტორქა; ხოლო მისი სუნთქვა მოდის როგორც “მალშტრემ” ედგარ პოესი, რომელზეც რემბომ მიუშვა ულაყი ჰიპოპოტამ… ეს იყო ჰამადანში: საცა ერთ ღამეს დიდმა ალექსანდრემ ათიათასს მხედარს ათიათასი ქალი მოთენთილ ბალახზე ცოლებათ გაუფინა… ცირა წარბი, წარბენილი, ცაკუთხური, წაკუზული, წაკუთხური – კუბისტური: დედა დადა გოგირდმჟავა მოთუთო და თხელი უმბო ბბადაბუბა დადა-დედა-ფუტურ-ფუჩურ-ინდუსტრია და ხევსური-ჯვაროსანი…
სწორედ ამდაგვარ, შეიძლება ითქვას, სიმბოლისტურ-ფუტურისტულ შტრიხებში იკვეთება შაქრო კარმელის დილა (1926 წლის ივნისისა), იმიტომ, რომ შაქრო კარმელი ბუნებით ხელოვანია, მეტიც – იგი არა პერსონაა, არამედ პერსონაჟი; ხოლო სულით იგი არისტოკრატია და სოციალისტი იმავდროულად, თვითმგვემი ნარცისისტი და ნეტარი მაზოხისტი, რასსისტი-კაცთმოყვარე, წარმართი მართლმადიდებელი და უკუღმართი მოწამე, დაღლილი დენდი და ლუმპენ-პროლეტარი, უპოვარი ფაშა-ეფენდი – ეფექტების მოყვარული: ჰაფიზის ვარდი პრიუდომის უკანალში! არწივი დაჭრილი და ფრთოსანი გველი, ლომი და რწყილი, ნიჭი და ყიყვი, რაღაცა შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული… შაქრო კარმელი კაცი კი არა, დეკადანსია – დეკადანსი დროთა ნაღრძობი კავშირის წყვეტისას, როცა ლანდები თავიანთ საგნებს ჰკარგავენ!
დიახ, მე ვფიქრობ, ქართული მოდერნიზმის, თბილისური ავანგარდის ჩარჩო ზედგამოჭრილია შაქრო კარმელის პორტრეტისათვის. “ცისფერყანწელნი” – ჭლექიანი სიმბოლისტები, გრაალით მსმელნი; აპოკალიფსის და სიგიჟის, ვაჟას და ვაგნერის, ნიცშეს და ქართული მითოსის სინთეზი, აზარფეშებით ჩამოტარებული. დასტურ რომ ნადიმია მთავარი ჰანგი ჩვენი ნაბეჭდი სიტყვის და ჯერ არ გათავებულან სადღეგრძელონი იმა ნადიმის. ჩვენს მხრებს ჯერ არ მოსხმიათ მელანქოლიის წამოსახამი! ხოლო აქეთა ფლანგზე კი ახმაურებულ და ენერგიულ ჯგუფად დგანან და მერე შეტევაზე გადმოდიან ახალგაზრდები – საქართველო-ფენიქსის ფრთაშესხმული ფუტურისტები: ელექტრობამ ისე ჩააქრო მთვარე, როგორც ათაშანგმა – კაცის გული; აეროპლანების წყობილი შაირი და ლოკომოტივების მუსიკა გაგვიტაცებს ახალი სიმაღლეებისკენ – ცათმბჯენების სახურავებისაკენ, სადაც რკინის კალიები დახტიან, ცეპელინთა პროჟეკტორების შუქზე; კონსტრუქტივიზმი, ნიჰილიზმი და ალკოჰოლიზმი ისე სერავენ შეშუპებულ ტვინებს და გადიდებულ ღვიძლებს, როგორც დრედნაუტები და კრეისერები სერავენ ტრანსრაციონალური წარმოსახვის ზღვას; იქ, სადღაც, შორს, საქართველო ჩვენით იწყება!
თუმცა, არის ყველაფერ ამაში რაღაცა ზედაპირული: შაქრო კარმელი კაცი კი არა, სხვათა ყოფიერების კიდეზე გამოყვანილი ორნამენტია, ერთი რამ დეკორატიული პარაზიტი, ინდივიდუალური ბიო-სოციალური არშია. მისი ენერგია გარეშე მყოფთაგან მოდის, როგორც ენერგია ჭიისა, როცა მას ფეხს აჭერენ. საკუთარ ლოგინში წამომჯდარი, და სირწამომდგარი, იგი იმყოფება დიდი იმპერიის კიდეზე – იმპერიისა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინგრა და ახლა ნელ-ნელა აღდგენას იწყებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მთელისა და ნაწილის თავისებურ დიალექტიკასთან გვაქვს საქმე: 1926 წლის ივნისის ამ დილას, შაქრო კარმელში თავს იყრიან რაღაცა არტისტული ილუზიები, სიმბოლიზმიან-ფუტურიზმიანად, რაღაცა “თვალღია ფანტასმაგორიები,” რომლებიც წარმომავლობენ იმდროინდელი ქართული ხელოვნებიდან საერთოდ, რომელიც, თავის მხრივ, ჩამოყალიბდა დასავლური ცივილიზაციის პერიფერიაზე, როგორც თავადვე პერიფერიული და ორნამენტული წარმონაქმნი. “განა ოსიპ მანდელშტამმა, ამ ურიას ჭონჭოლმა, სულ რაღაც ორ წინადადებაში არ მოათავსა ჩვენი კულტურის არსი?! ისეთი ნათქვამია, გონებაში პირდაპირ ლურსმანივით ჩაგესობა კაცს…” – ეს ერთმა მდრტვინავმა ლიტერატორმა, ფსევდონიმით “ლოტრეამონ მალდორორი,” განუცხადა შაქროს, “ავეტიკას დუქნის” გაბოლილ ღრიანცელში, და ჟურნალიდან ამოხეული ფურცელიც მიაჩეჩა, საცა ქიმიური ფანქრით შემოხაზული იყო სიტყვები: “ია ბი პრიჩისლილ გრუზინსკუიუ კულტურუ კ ტიპუ კულტურ ორნომენტალნიხ. ოკაიმლიაია ოგრომნუიუ ი ზაკონჩენნუიუ ობლასტ ჩუჟოგო, ონი ვპიტივაიუტ ვ სებია გლავნიმ ობრზაომ ეგო უზორ, ვ ტო ჟე ვრემია ოჟესტოჩონნო სოპროტივლიაიას ვნუტრენნე ვრაჟდებნოი სუტი მოგუშჩესტვენნიხ სოსედნიხ ობლასტეი.” “გაგვაბითურა, ბატონო; ასეა ეს!” – დაურთო ლოტრეამონ მალდორორმა, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ერმილე ტუსკია გახლდათ.
“საქართველო — ცივილიზებული დასავლეთის მხრიდან აღმოსავლეთის ბოსტანში გადმოგდებული კენჭი!” – ტვინის მარცხენა ჰემისფეროში აღმოცენებული ამ მეტაფორით შაქრომ მარჯვენა ყვერი მოიფხანა, მერე ლოგინში ჩაცურდა, ხელები თავქვეშ ამოიდო, გაიზმორა და მთქნარებაც ზედ მიაყოლა. “რეჟისორის შეცდომით ხუთი საუკუნე დაიგვიანა!” შაქრო კარმელი ერთ-ერთი იმ ბურგუნდიელ რაინდთაგანის შთამომავალი გახლდათ, გურიელმა რომ დაატყვევა ბათუმთან. ეს მოხდა 1445 წელს…
ბურგუნდიის დუკას – ფილიპე კეთილს – კუნძულ როდოსზე მყოფმა ჰოსპიტალიერმა რაინდებმა შველა სთხოვეს: “ოტომანები გვიტევენ, თავს გვესხმიან, გვძარცვავენ! მთელს აქაურს საქრისტიანოს ავიწროვებენ! დიადი კონსტანტინოპოლი მათი დარტყმის საფრთხის ქვეშაა! შენ შეგთხოვთ სამხედრო ძალით დაგვეხმარო, რომ ერთობლივად აღვუდგეთ ამ წინდაცვეთილ ძაღლთა თარეშს!” რომის პაპის კურთხევით და ფულით ფილიპე კეთილმა თავისი ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყება განიზრახა და სამზადისს შეუდგა. ოთხი გალერა ააშენეს და ორასი რაინდი, სრული აღჭურვილობით, განაწესეს საზღვაოსნო ბრძოლებისათვის. ბურგუნდიელთა ფლოტილიას ხელმძღვანელობდნენ ფილიპეს მიერვე 1430 წელს დაარსებული “ოქროს საწმისის” ორდენის მაგისტრები – მესირ ჟოფრუა დე ტუასი და მესირ ვალერან დე ვავრენი. პირველივე შეტაკება, რომელიც კუნძულ როდოსთან მოხდა, ბურგუნდიელთა მარცხით დასრულდა და ფლოტილიამ შავი ზღვისაკენ დაიხია. მაგრამ, ოტომანთა რამოდენიმე მცირე რეიდი იქაც დაატყდათ თავს. ბურგუნდიელთა მდგომარეობა სავალალო შეიქნა. განახევრებული ძალებით და უსახსროდ დარჩენილებმა მეკობრეობა დაიწყეს – სურსათისა და სასმელის გარდა რაინდ-მეზღვაურებს ქალებიც ესაჭიროებოდათ, ქალი კი ფული ღირდა… ფილიპე კეთილის გალერები საქართველოს სანაპიროსკენ დაიძრა. აქვე უნდა ითქვას, რომ მეკობრეობა მხოლოდ დე ტუასიმ განიზრახა, ხოლო დე ვავრენს ერთადერთი და კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა: იგი ეძებდა კოლხეთს – “ოქროს საწმისის” მიწას! ტრაპიზონელმა ბერძნებმა დე ტუასის უთხრეს: ქართველებს ნუ დაესხმი, ეგენი მუსლიმები არ გეგონოს, ქრისტიანები არიანო. მაგრამ, დე ტუასიმ არად ჩააგდო მათი ნათქვამი: “ვინაც რომის პაპს არ ემორჩილება, სქიზმატია, ხოლო სქიზმატის ძარცვა ისეთივე ღვთისსათნო საქმეა, როგორც ძარცვა ოტომანისა!” მაშინ ტრაპიზონელებმა მაცნე აფრინეს გურიელთან და მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს. გურიელმაც კარგი თადარიგი დაიჭირა – მცირე ლაშქარი შეკრიბა და ბათუმთან ჩაუსაფრდა მეკობრეებს. ნაპირზე გადმოსული ბურგუნდიელები (“ვინცხა ბრანჯები,” ანუ ფრანგები, ანუ კათოლიკეები) ხუთასამდე გადარეულმა გურულმა უბრძოლველად დაატყვევა. ბურგუნდიელთა ამ ტყვევნილებამ თითქმის ორ თვეს გასტანა, სწორედ ამდენი დრო დასჭირდა ვატიკანს და ფილიპე კეთილს, რომ ტრაპიზონის მეფე იოანე IV-ის შუამავლობით გურიელთან მოლაპარაკება ეწარმოებინა “ჯვაროსნების” გამოსაშვებად. ორი თვის თავზე, იტალიის გავლით, სამშობლოში დაბრუნებული რაინდები ახლობლებისთვის მთლად საცნაურნი აღარ იყვნენ. ვალერან დე ვავრენის ბიძა, “ასწლიანი ომის” ჟამთააღმწერელი და აჟინკურის ბრძოლის მონაწილე, ჟან დე ვავრენი წერდა, რომ ძმისწული მისი, ვალერან, მცირედი სიშლეგით იყო აღბეჭდილი, დროდადრო მამლის ყივილის მსგავს ბგერებს გამოსცემდა, თითქოს მღეროდაო, მერე კი დაბალი ხმით იმ თავისსავე “ნამღერს” ცდილობდა რომ აჰყოლოდა; განუზავებელ ღვინოს ეძალებოდა და ხელფეხის კლაკვნით აცეკვდებოდა ხოლმე, ვითომდა წმინდა ვიტუსის სენმა შეიპყროო. აღმოჩნდა, რომ იმ ორი თვის განმავლობაში, გურიელის კარზე, ისევე როგორც ყველა ალაგას, საცა “ბრანჯი ტყვეები” ჰყავდათ, იმგვარი ღვინის სმა და მღერა-შექცევა სუფევდა, რომ ბურგუნდიელებს დღე-ღამეც არეული ჰქონდათ და ზენა-ქვენაც. განსაკუთრებული პატივი, ცხადია, დე ტუასის და დე ვავრენს ერგო – ამათ თავად გურიელი მასპინძლობდა, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ ესენი კოლხეთის მაძებარნი და “ოქროს საწმისის” რაინდები იყვნენ, გურულ-ბურგუნდიულმა ლხინმა კიდევ უფრო მძაფრი და მხურვალე ხასიათი შეიძინა. რამოდენიმე სუფრა გონიო-აფსაროსის ციხეშიც გაიშალა, იმ ალაგას, საცა იასონმა მოჰკლა მედეას ძმა – აფსირტე. გურულებმა და ბურგუნდიელებმა ძმობაც შეჰფიცეს ერთმანეთს, ხოლო დე ტუასის ვასალი და მარჯვენა ხელი, რაინდი ჰუგო დე კარმიუ გურიელის ქალს ისე მოეწონა, რომ მამას შესთხოვა, ამ კაცს გამაყოლეო. ჰუგო დე კარმის გულშიც გაღვივდა გურიელის ქალისადმი ვნება, და ოქროს საწმისის რაინდმა მართლაც და რაინდული საქციელი ჩაიდინა – იასონის ცოდვა უნდა გამოვისყიდოო, კოლხი ხალხის წინაშე ჩადენილიო, საწმისი და ულამაზესი ქალი რომ მოგტაცათო! გურიელს ჩაესიძა და ბურგუნდიაში აღარ დაბრუნებულა. სწორედ იმ ჰუგო დე კარმიუს და გურიელის ქალის ჩამომავალი გახლდათ შაქრო კარმელი.
ამ ისტორიას შაქრო განსაკუთრებული სიამოვნებით უამბობდა ხოლმე ახლადგაცნობილ ხალხს – სუფრასთან, თუ სადმე დუქანში. მწერალი რომ ყოფილიყო, ვთქვათ, როგორც ჩვენი ავალონ იუნგარო, ანდა მერეჟკოვსკი, ამ ამბავს რომანსაც მიუძღვნიდა. მაგრამ, შაქრო შორიდან ეტრფოდა ლიტერატურას – პერიფერიიდან, თუმცა ნაკითხობას ვერ დაუწუნებდა კაცი – კლასიკა გინდა, თუ ახლანდელები; კითხულობდა, ოღონდ კითხულობდა იმგვარადვე, როგორც რომ ღვინოსა სვამდა: არ აგემოვნებდა, უბრალოდ შთანთქავდა. ცხადია, წაკითხულიდან მცირედს იხსომებდა კიდევაც, რომ მერმე ერთი-ორი რამ “ლამაზი აზრი” ეთქვა სხვათა და, განსაკუთრებით, საკუთარი თავის მოსაწონად.
ფილიპე კეთილის “მცირე ჯვაროსნობის” გურული ეპიზოდი ისტორიული ფაქტია, მაგრამ აი შაქრო კარმელის დიდი წინაპარი – ბურგუნდიელი რაინდი ჰუგო დე კარმიუ – შაქროსივე ქმნილება იყო. თუმცა, შაქრო ამას არ იმჩნევდა, ისევ და ისევ რაღაც არტისტულ ილუზიებში გაფანტული გონებით… გრიგოლ რობაქიძის “ენგადი” თავიდან არ ამოსდიოდა შაქროს: ხევსურთა ხმლებზე ამოტვიფრული “A.M.D.” — “Ave Mater Dei!” რაღა თქმა უნდა, სწორედ ასე უნდა წავიკითხოთ! იმიტომ, რომ ხევსური დანაშთია რომელიღაც კულტუროსანი ხალხისა. რიჩარდ ლომგულის ჯვაროსნებიც მოსულან აქ: მისი დედის, ელეონორა აკვიტანელის სადიდებელ ლოცვას ხევსურები დღესაც ამბობენ. ხოლო რიჩარდ ლომგულის ფარზე ვეფხთან შებმული მოყმე იყო გამოსახული – ვეფხისტყაოსანი, იდუმალ სიბრძნეს განდობილი და ნაზიარები მისტაგოგი! რისთვის ჩამოვიდა “მალულად” დავით აღმაშენებელთან ბოლდუინ იერუსალიმელი – წმინდა მიწის იმდროინდელი მეფე? ეგრეთ წოდებული “გრაალისათვის” ჩამოვიდა, როგორც რომ ორი ათასზე მეტი წლით ადრე, არგონავტები ჩამოვიდნენ ეგრეთ წოდებული “საწმისისათვის”… დიახ, “გრაალის ბარძიმიცა” და “ოქროს საწმისიც” სიმვოლებია მხოლოდღა – სიმვოლები იმ საიდუმლოსი, რომელიც ქართულ ენაშია დამარხული… ივლისის ამ დილას ასე გაღვივდა შაქროს გონებაში, “ეროტიულ სურათებთან” ერთად, ისტორიულ-მითოლოგიური ჰალუცინაციები… გარნა რა უნდა იყოს ეს საიდუმლო, რომელიც სიმვოლიურად “კირბების,” “ლაზარეს,” “გრაალის,” “ოქროს საწმისის,” “ღვთისმშობლის წილხვედრი მიწისა” და კიდევ სხვათა და სხვათა სახელით მოიხსენიება? ეს “ტემა” განსაკუთრებულ კვლევას საჭიროებს, საგანგებო გამჭრიახობით აღჭურვილ მენტალიტეტს; შესძლებს, ვთქვათ, ამგვარი კვლევა-მოძიების ჩატარებას იგივე ავალონ იუნგარო გარრი გოლენდი?
შაქრო კვლავ საწოლზე წამოჯდა. ამ ღამით ისევ სვანეთი ესიზმრა: სვანეთი, თავისი მთავარი მისტერიით – მელია-ტულეფია… განა სრულიად საქართველოც მისტერია არ არის?! გეო-ორგია: მიწის ღრეობა და ჯვარი ვაზისა: ჯვარი – ტანჯვა, ვაზი – ყვავილობა! მიწაში ჩაფლული თიხის ჭურჭელი და ამ ჭურჭელში აღსრულებული მოწამეობა თეთრი გიორგისა, რომელიც არის ჭეშმარიტი დიონისო, რომელიც სილამაზისთვის ეწამა, იმიტომ რომ ადამინი სილამაზით გადარეული ცხოველია. აქამდე სწორედ მშვენიერისაკენ სწრაფვამ გადაარჩინა ეს ცხოველი, რომელსაც არც ფიზიკური ძალა აქვს, არც კლანჭი, ბრჭყალი, სისწრაფე, თუ ეშვები… მშვენიერება მზისა და მიწის იდუმალი კავშირიდან იშვის – ამ კავშირს, ამ შერწყმას ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანი ეთაყვანებოდა. ვაზი პირველადი განსხეულებაა ამ კავშირისა, ღვინო – პირველადი სუბსტანციაა მისი. საქართველო სილამაზის მისტერიაა, ხოლო სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს: დოსტოევსკი. ამიტომაცაა, რომ ქართველი ერი მგოსანია ბუნებით! სილამაზისთვის ჯვარცმული ერი ვართ – სილამაზე უპირველეს ყოვლისა! აქ ზნეობაც სილამაზის კანონებს ემორჩილება – ამორალური საქციელი ულამაზოა… ხოლო სვანეთიში პირწმინდა სილამაზის საიდუმლო ინახება – მზე და მიწა, ხურუში და თესლი, ნათელი და ბნელი, ხედვა და გზნება, აპოლონი და დიონისო, დაფარულის დაუფარაობა, სხეულყოფილი შთაგონება!.. არადა, სვანეთში არასოდეს ყოფილა შაქრო, მხოლოდ სურათებით იცნობდა – გრაფ-ფოტოგრაფ სენიორ ვიტტორიო სელლას “კამერა ობსკურადან” აღმოცემებული ხატებით… სვანეთშია ალმოდებული მაყვლოვანი, რომელიც არ იწვის – მიწის მიერ შთანთქმული მზის ნათება! მანათობელი წყვდიადი, მზიანი ღამე: საქართველო მზიანი ღამის ქვეყანაა, ხოლო სვანეთი ჰიმნია, მზიანი ღამის მიმართ ამოთქმული! დიახ, მზე თვალია, რომელიც სვანეთის მიწას, სვანეთის ლანდშაფტს კითხულობს, როგორც ტექსტს ამ ჰიმნისას: ტექსტი-ლანდშაფტი, რომელიც ჯერ ვერცერთ მოკვდავს ვერ ამოუკითხავს… ამ ტექსტის წასაკითხად მესამე თვალია საჭირო, რომელიც მზის თვალით შეხედავს მიწას… სწორედ ამ ტექსტშია კოსმიური სიბრძნე, უმალ ორფიული! უშგული, როგორც უმაღლეს ალაგას განლაგებული სოფელი, უმაღლესი წერტილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გამავალ სამანზე, სწორედ ის ტრაპეზია, რომელზეც გადაშლილია ტექსტი-ლანშაფტი, სადაც მზის თვალი მზიანი ღამის ჰიმნს კითხულობს… ორფიული ჰიმნი – სილამაზის საიდუმლოს განმსიტყვებელი! ო, ეს არ გახლავთ მორიგი “ფანტასმაგორია” შაქროს თავში; ეს ყველაფერი შაქრომ ერთი ღირშესანიშნავი ადამიანისგან შეიტყო, იგივე ლოტრეამონ მალდორორმა რომ გააცნო, რამოდენიმე წლის წინ, იური დეგენის “ფანტასტიურ დუქანში” – გიორგი გურჯიევი ერქვა იმ კაცს: იგი კოსმოსის მსჭვალავ საკრალურ რხევებს იკვლევდა და მერე თავისებურ ქორეოგრაფიულ მოძრაობებში გადმოჰქონდა, რასაც რომ ადამიანის ჰარმონიული განვითარების ფსიქო-ფიზიკური ძალა მოჰქონდა. მანვე, გურჯიევმა, გამოთვალა, რომ ხსენებული კოსმიური რხევების ყველაზე ინტენსიური აღქმა სწორედ უშგულშია შესაძლებელი, მეორე ასეთივე ალაგი მხოლოდ ტიბეტშია. იმხანად იგი საგანგებო ექსპედიციის მოწყობასაც კი აპირებდა სვანეთში, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით და საზომი ხელსაწყოებით, მაგრამ არ დასცალდა – ბოლშევიკები შემოვიდნენ და გურჯიევიც გაიქცა; ამბობენ, ახლა პარიზში მოღვაწეობს და უამრავი მიმდევარი ჰყავსო… სხვათა შორის, გურჯიევმა ისიც თქვა, რომ მალე აქ დიდი სისხლი დაიღვრება, რომ მალე ჩვენს თავებს წიხლებს ჩასცემენ და თიხას მოზილავენ, რომ იმ თიხიდან ახალი ადამიანი გამოძერწონ… ორფიული მუსიკაც ხომ ცთომილთაგან გამოცემულ ბგერებს ემყარებოდა, როგორც წერდა ედუარდ შიურე… ვიტორიო სელლას ერთი ფოტოსურათი წარმოუდგა თვალწინ: უშგულში განცალკევებულად მდგარი სამი შავი მურყვამი – იმ ალაგს “ჩაჟაში” ჰქვიან; ამათგან ორი ისე დგას, როგორც გიგანტური რქები ორფეოსის გიგანტური ქნარისა; მართლაცდა რაღაცა კოსმიური ნაგებობაა, საკრალური ვიბრაციების გამტარი – გურჯიევის თვალი სწორედ ამას დაინახავდა… და ასევე – როგორც ორფევსი იზიდავდა ტყის ნადირს თავისი სიმღერით, ისე იზიდავდა საქართველო სხვა მოდგმის ხალხებს: ბერძენ არგონავტებს, შუმერებს, რომაელებს, სპარსებს, სარკინოზებს, ჯვაროსნებს, მონღოლ-თათრებს, კათოლიკე მისსიონერებს, რუსებსა და ევროპულ სოციალისტთა დელეგაციებს. სილამაზე ჰარმონიაა განსხვავებულთა შორის, დაპირისპირებულთა შორის, შეუთავსებელთა შორის აღმოცენებული! აქ, საქართველოში იპოვის დასავლეთი თავის აღმოსავლეთს, ხოლო აღმოსავლეთი – დასავლეთს. ალბათ ეს ქვეცნობიერი აზრი ძევს იმაში, რომ სიზმრად ნანახი სვანური მისტერია “ფოქსტროტით” იყო შეზავებული: “ფოქსტროტი” – მწუხრის ქვეყნიდან წამოსული როკვა ქალ-ვაჟისა, რომელთაც წყურვილი ჰკლავთ – წყურვილი პირველყოფილისა, ანუ პირველმიწისა და პირველმზისა, და აღდგინება სქესთა დასაბამიერი ერთობისა: მზიან ღამეში რომ ეკონებოდნენ ერთმანეთს, ხოლო ტანთ არაფერი ემოსათ გარდა ვნებისა და ხურვებისა!
აქ კვლავ რუსის ქალის შიშველი ხორცები წარმოუდგა ეროტიულის სიმძაფრით: ერთხელ ნადიასთან ერთად სულ რომ გაშიშვლდნენ და “ფოქსტროტი” წაიცეკვეს, მერე ლოგინზე რომ გადაგორდნენ, ბღლარძუნ-ბღლარძუნით…
და კვლავ დაუქნია შაქროს სირმა დირიჟორის ჯოხი მისი შიგადის სიმფონიურ ორკესტრს… მზის ხურუში და მზის თესლი! და ივნისის ამ დილას შაქრო კარმელმა მუჭურით დაიცხრო მოძალებული ჟინი სექსუალობისა, გვერდზე გადაბრუნდა და ისევ დაიძინა…
2. უილიამ ბებიტ უოსერსტაინის მემუარებიდან
ნუ მკითხავთ, როგორ აღმოვჩნდი სვანეთში, იმ ადრე-შუასაუკუნოვან წესჩვეულებათა მიმდევარი ხალხით დასახლებულ მაღალმთიან რეგიონში, მე – ახალგაზრდა და ფრიად წარმატებული ბიზნესმენი ფილადელფიიდან, რუსეთში კონცესიების შესაძენად ჩასული. დამეთანხმებით, ფრიად შთამბეჭდავი “ვირაჟი” გამიკეთებია! იმიტომ, რომ დრო იყო ასეთი: “ბობოქარი 20-იანები,” “ჯაზის ეპოქა,” “ლამაზად დამთვრალი წლები”… ჩემი თაობის ხალხი, ყველანი ერთად, ოდნავ შერყეულები ვიყავით…
თუმცა, ამ მთვრალი და ბობოქარი ჯაზის თანხლებით, ამერიკა ინტენსიური მოდერნიზაციის გზას დაადგა: პირველი მსოფლიო ომიდან გამარჯვებით გამოსული ქვეყანა ერთბაშად სახეს იცვლიდა – სოციალურად, ეკონომიკურად, კულტურულად. ბიზნესის ციებ-ცხელება, ტექნოლოგიური ბუმი, სამეცნიერო გარღვევები – ამათ დაიპყრეს ხალხის გონება და გულები და იქედან ხელოვნება, რელიგია და პოეზია განდევნეს. ფორდის საავტომობილო ქარხნის კონვეიერები არა მხოლოდ მანქანებს, არამედ ადამიანებს უშვებდა, მუშათა სოციალური მოწყობისა და ორგანიზაციის ახალი, მეცნიერული მეთოდების დანერგვით. ეს ეგრეთწოდებული “ფორდიზმი” ლამისაა ქვეყნის პოლიტიკურ სისტემად იქცა, როგორც რუსეთში – ბოლშევიზმი. ჩვენში მასობრივი წარმოება-მოხმარებისა და სოციალურად უზრუნველყოფილი საყოველთაო კეთილდღეობის ქვეყანა ყალიბდებოდა. ხოლო ამ “ფორდიზმის” გვერდით იყო “ფროიდიზმი” – საშუალო ფენის წარმომადგენელმა ამერიკელმა ზიგმუნდ ფროიდის იდეები საკუთარ სექსუალურ პრობლემებზე ისე მოირგო, რომ ლამისაა რელიგიური შვება იგრძნო. მახსოვს, ნიუ-იორკ ტაიმსი წერდა: “რელიგია განწირულია, აცხადებს პროფესორი ფროიდი, მისი ალაგი მეცნიერებამ უნდა დაიკავოსო!” იმ ხანად, ყოველი მეორე ამერიკელი დიასახლისი ისევე ეტანებოდა პოპულარულ ჟურნალებში ფსიქოანალიზის შეასახებ გამოქვეყნებულ სტატიებს, როგორც ბეტი კროკერის სამზარეულო წიგნს. სარეკლამო ტექსტები და სლოგანებიც კი ფროიდისტულ თემატიკას იყენებდნენ: “ჰალიტოზისი, ანუ პირში ცუდი სუნი გაქვთ, ქალბატონო? მამაკაცები ზურგს შეგაქცევენ, მარტოობისთვის განწირული ყოფილხართ! გზა მიეცით თქვენს ლიბიდოს – შეიძინეთ უებარი პირის სავლები საშუალება: ლისტერინი!” სხვათა შორის, სარეკლამო საქმემ თვით იესო ნაზარეველიც თავის საბრენდო სახედ აქცია: “ისეოს უყვარხარ მაშინ, თუ ხარ ჯანსაღი და წარმატებული!!!” გაყიდვების თუ მარკეტინგის მენეჯერების ხელიდან-ხელში გადადიოდა ბრიუს ბარტონის წიგნი: კაცი, რომელსაც არავინ იცნობს – სადაც გამოყვანილი იყო იესო ქრისტე, როგორც ენერგიული მარკეტოლოგი, რომელმაც თორმეტი მენეჯერის მეშვეობით დააარსა უაღრესად წარმატებული გლობალური კორპორაცია “ქრისიტანობა.” საზოგადოების ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღე დემოკრატიის უცილობელ პირობად იქცა. მაშინ დაიწყეს კალორიების დათვლა ისევე, როგორც მანმადე ფულს ითვლიდნენ და ვიტამინების გამო ზრუნვაც იმდროინდელი წამოწყებაა. “მშრალი კანონის” შემოღებაც ჯანსაღი ცხოვრების ახალმა წესმა დააჩქარა – ანგლო-საქსმა პურიტანებმა ერის გენეტიკური სიწმინდე დაისახეს რელიგიურ საზრისად, ლოთბაზარა იტალიელ და ირლანდიელ კათოლიკეებსა და ასეთსავე ურიებს ანტი-ალკოჰოლური ბრძოლა გამოუცხადეს; ამ საქმეში რასისტი “კუკლუკსკლანელებიც” გვერდით დაუდგნენ, განსაკუთრებით – ქალები.
მაგრამ ახალგაზრდა ხალხი მაინც სვამდა -აკრძალული ხილისადმი სწრაფვის ძალით – და სიმთვრალე “პრესტიჟულ და ელიტურ” მდგომარეობად მიიჩნეოდა, იმიტომ რომ, როგორც გითხარით, მაშინდელი ახალგაზრდები ცოტა შერყეულები გახლდით და, საერთოდ, ეპოქა იყო პარადოქსული. ფროიდიზმის კვალობაზე, აინშტაინის ფარდობითობის თეორია ისეთივე პოპულარული იყო, როგორც “ჩარლსტონი” – ულტრა-მოდური ცეკვა, რომელმაც წალეკა ამერიკა, პირდაპირი გაგებით: 1925-ში, ორას ორმოცდაათი მოცეკვავის მიერ ერთდროულად შესრულებულმა “ჩალსტონმა” ბოსტონის ერთ-ერთი კლუბი ჩამოანგრია, ხოლო იმ კლუბს “პიკვიკის კლუბი” ერქვა. დიახ, ასე იყო, ძველი და ტრადიციული ცხოვრება ინგრეოდა განახლების საცეკვაო რიტმში – აინშტაინისეული “ფარდობითი ჩარლსტონის” კანონებით… და, რაღა თქმა უნდა – ფულის ყოვლისშემძლე ძალითაც, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ-საცეკვაო ფარდობითობაზე, არამედ დროის შექცევადობაზეც იხარჯებოდა. იმ ჩვენი შერყეულ თაობის კრებითი სახე შექმნა ახალგაზრდა ფრენსის სკოტ-ფიცჯ ერალდმა, რომანში “დიადი გეტსბი” – კაცი, რომელსაც სწამდა რომ დიდი ფულით შესძლებდა წარსულის მობრუნებას და ერთ-დროს აუხდენელი სიყვარულ ის გაცოცხლებას… იმ გეტსბისაც სწორედ ის “ექსისტენციალურ-ფინანსური ჩარლსტონი” უთამაშებდა თავში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მთელი ჩენი ეკონომიკა დაანგრია იმ ბოსტონური კლუბივით – “საფონდო ბაზრის დაქცევა!” “დიდი დეპრესია!”
ამ მემუარებს ორი წელია რაც ვწერ, 1967-ში დავიწყე: პარიზის ქუჩებში და ამერიკის საუნივერსიტეტო კამპუსებში სტუდენტები ბარიკადებს აგებენ და “ბურჟუაზიულ მორალსა და მომხვეჭელობას” ეომებიან; ვინ იცის საით წავა ეს ყველაფერი…
რუსეთი ახალგაზრდობიდან მიზიდავდა; კოლეჯში სწავლისას ტურგენევის რომანების კითხვა მიყვარდა. ჩემი ოცნება უფრო შორსაც მიდიოდა – რუსეთის თურქესტანისკენ, სადაც ბინადრობს მარკო პოლოს მიერ აღწერილი ვეება ერკემალი, სახელწოდებით ოვის პოლი, აი სწორედ მაგაზე მინდოდა ნადირობა… არა, ერნესტ ჰემინგუეისა არაფერი მცხია; ეგ უფრო ჩემი მეუღლის სტიქიაა – ჩემი უტკბესი და უსაყვარლესი მერიონისა; მართლაც რა ტკბილად შევაბერდით ერთმანეთს, ზუსტად მეოცე საუკუნის ტოლები ვართ ახლა…ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ დავიწყე მუშაობა საშუამავლო ფირმაში “პორტნოი, დოკტოროუ & კუგელმას.” 1926 წლის გაზაფხულზე გავიცანი აიზეკ ტრეიდერი, საბჭოთა რუსეთთან მოვაჭრე კომპანია “ამტორგის” კაცი. სწორედ მისგან შევიტყვე იმ ეკონომიკური ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ წამოიწყო. იმ ხანად რუსები ე.წ. “ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე” გადავიდნენ, იმიტომ რომ მყარი ვალუტა ესაჭიროებოდათ, საამისოდ კი შიდა ბაზარი და წარმოება უცხოური კაპიტალისთვის უნდა გაეხსნათ, მათ შორის ჩვენთვის – ამერიკელებისთვის, ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს რომ ვფლობდით და დიდ კაპიტალსაც. მყარი ვალუტის მოსაზიდად საბჭოთა მთავრობამ უცხოელ ბიზნესმენებს კონცესიები შესთავაზა, ანუ – შესაძლებელი გახდა რუსულ ეკონომიკაში კაპიტალის დაბანდება და მოგების ამღება, რაც იმათ ეკონომიკასაც დაძრავდა მკვდარი წერტილიდან და ჩვენეულ კაპიტალსაც ფართო საინვესტიციო სივრცეს უხსნიდა. ამგვარი კონცესიები ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს მოიცავდა – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით დაწყებული, ხიზილალისა თუ ხალიჩების დამზადების ჩათვლით. როცა მე ამ საქმეში ჩართვა განვიზრახე, საბჭოთა რუსეთში დაახლოებით ოთხმოცდაათამდე კონცესია ოპერირებდა, თუმცა ამათგან სულ ხუთი თუ ექვსი წარმოადგენდა სერიოზულ ინვესტიციას, ხოლო მათ შორის გამოირჩეოდა: ბრიტანული კომპანიების მიერ ამოქმედებული მაღაროები და საწამოები ურალის რეგიონში; ხე-ტყისა და მერქნის გადამამუშავებელი კონცესია გერმანული ფირმის – “ვალდუნგსინდუსტრი” – ხელში; კრუპის და დრუადის სასოფლო-სამეურნეო კონცესიები დონისა და ვოლგის რეგიონებში; და მსოფლიოში უდიდესი მანგანუმის საბადო ჭიათურაში, საქართველო, რომელსაც ფლობდა ავერილ ჰარიმანი, ერთ დროს “იუნიონ პასიფიკის” აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო შემდგომში სახელოვანი დიპლომატი და საერთაშორისო მოღვაწე – მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის ელჩი რუსეთში, შემდეგ ბრიტანეთში, შემდეგ “მარშალის გეგმის” კოორდინატორი, პრეზიდენტ კენედის საერთაშორისო მრჩეველი, ხოლო ამჟამად – პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონისა. ავერილ ჰარიმანი მართლაც რომ გამჭრიახი, დიპლომატიური გონების კაცი გახლდათ და მალევე მიხვდა, რომ ბოლშევიკური მთავრობა არცერთ კონცესიას, საბოლოო ჯამში, გასაქანს არ მისცემდა: ყოველი წარმატებული საქმე კიდევ ერთი დადასტურება იქნებოდა კაპიტალისტური წარმოების წესის უპირატესობისა და ეფექტურობისა კომუნისტურის პირისპირ. ეს უკვე იდეოლოგიისა და პოლიტიკის სფეროა, ხოლო ტოტალიტარული რეჟიმები, რაც უნდა ეკონომიკურ შეჭირვებაში იყვნენ, თავიანთ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ პრიორიტეტებს არ ღალატობენ. ამიტომაც, მთელი ეს საკონცესიო საქმიანობა ბლეფით დასრულდა… მხოლოდ ჰარიმანმა მოახერხა და მისთვის კუთვნილი მოგების საკმაოდ მსუყე ლუკმა მაინც ასწაპნა ბოლშევიკებს, მეტიც – თავისი დიპლომატიური ნიჭით მათი “მეგობრის” რეპუტაციაც დაიმკვიდრა…
“პორტნოი, დოქტოროუ & კუგელმასში” ინტერესით შეხვდნენ ჩემს საბჭოურ-რუსულ საკონცესიო წამოწყებას და გადავწყვიტეთ, რომ მე ჩავიდოდი რუსეთში საინვესტიციო პირობებისა და მომგებიანობის შესასწავლად, ხოლო ჩემი მეუღლე, მერიონი, რომელიც ჟურნალისტი გახლდათ, “ეიჟა მეგეზინის” კორესპონდენტის სტატუსით იქაური ქალების სოციალურ მდგომარეობას განჩხრეკდა და პერიოდულად სტატიებს გამოაქვეყნებდა ხსენებულ ჟურნალში. არ დაგიმალავთ, დიდი ენთუზიაზმი დამეუფლა, ვფიქრობდი რომ წინ უაღრესად საინტერესო შეხვედრები მელოდა, ამათ შორის კი უმთავრესი – მარკო პოლოს ერკემალთან, ოვის პოლი-სთან… აიზეკ ტრეიდერმაც (“ამტორგიდან”) მზადყოფნა გამოხატა დამხმარებოდა და დამაკავშირა პარიზში მცხოვრებ ვინმე პოლკოვნიკ სლოუნთან, რომელიც საფრანგეთში საბჭოთა რუსეთის მაშინდელ ელჩს ახლოს იცნობდა.
დიახ, მოსკოვისკენ ჩვენი გზა პარიზზე გადიოდა. პარიზი, ჩემი მერიონის მშობლიურ ქალაქი… ალბათ უნდა ვიამაყო იმით, რომ მე, ამერიკელ ებრაელს, ფრანგული არისტოკრატული ოჯახიდან გამოსული ქალი მყავს ცოლად. ერთმანეთი პენსილვანიის უნივესიტეტში გავიცანით, სადაც საფრანგეთიდან ჩამოსული მერიონი ლიტერატურას ეუფლებოდა, ხოლო მე – ბიზნეს-ადმინისტრირებას. მერიონს შეეძლო ფრანგი პოეტის, სენ-ჟონ პერსის ცოლი გამხდარიყო, მერე ნობელის პრემიაც რომ მიიღო, ჰო – სენ-ჟონ პერსმა მას ხელი სთხოვა, მაგრამ მერიონმა უარი უთხრა. საქმე ის გახლავთ, რომ, მართალია, მერინოს ძალიან უყვარს პოეზია და მწერლობა საერთოდ, მაგრამ არ უყვარს საფრანგეთი და ევროპა როგორც ასეთი – “დრომოჭმულ ტადიციებში ჩარჩენილი ბებერი ევროპა…” ჩემი მეუღლე ნამდვილი ლიბერტარიანელია – თავისუფლების, დემოკრატიის, სქესთა თანასწორობის, სოციალური სამართლიანობის მხურვალე ქომაგი. ვერ ვიტყვი, რომ იგი მებრძოლი ფემინისტია, სულაც არა, მაგრამ მუდამ მიაჩნდა, რომ საზოგადოებრივ პროგრესში ქალს განსაკუთრებლი როლი უნდა მინიჭოს. 20-იან წლებში მასაც და მეც გვწამდა, რომ ამერიკა სწორედაც ამგვარი საზოგადოებრივი პროგრესის გზას დაადგა – მოდერნიზაციის გზას, რომელიც ევროპაში ანტი-დემოკრატიულ, ტოტალიტარულ-კომუნისტურ დეფორმაციას განიცდიდა. ამიტომაც გააკეთა მერიონმა არჩევანი ამერიკაზე და ჩემზე – იქაურ ებრაელზე. მერიონის სანათესავო, “არისტოკრატულად შუასაუკუნეებში ჩარჩენილი,” დიდი აღტაცებით ამ ნაბიჯს არ შეხვედრია, მაგრამა ყველაფერი მალევე მოგვარდა – მე ხომ საკმაოდ შეძლებული ოჯახის საკმაოდ პერსპექტიული წევრი გახლდით და მათ ეს დაინახეს…
პარიზში ჩასვლისთანავე პოლკოვნიკ სლოუნს დავუკავშირდი და ორიოდ დღეში, მისი მეშვეობით, რუსეთის ელჩთან სადილზე მიპატიჟებაც მივიღე. სადილი ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მასპინძლები მეტად წააგავდნენ ტურგენევის რომანებში ამოკითხულ პერსონაჟებს, მაგრამ სუფრა მართლაც რომ რუსულად მდიდრული იყო – შავი ხიზილალით, შებოლილი ზუთხით და მისთანა დელიკატესებით გაჯერებული. ელჩი იმთავითვე დაინტერესდა ჩემი პერსონით – როგორც ჩანდა, პოლკოვნიკმა სლოუნმა მანამდე ჩემი საკმაოდ “შთამბეჭდავი” პორტრეტი დაუხატა: რომ მე არ გახლდით ჩვეულებრივი ვაჭარი ნეგოციანტი, არამედ ამერიკული ბიზნეს-წრეების მიერ გამოგზავნილი “მზვერავი,” რომელსაც უნდა დაედგინა თუ რამდენად სანდოა საბჭოთა რუსეთი კონცესიების განხორციელებისა და სასესხო ურთიერთობების თვალსაზრისით, განსხვავებით, ვთქვათ, იგივე პოლონეთის მთავრობისგან, რომელიც დიდი სანდოობით არ გამოირჩეოდა. ელჩს უკვე გამზადებული ჰქონდა მოსკოვში ჩემს მიერ წარსადგენი რამდენიმე სარეკომენდაციო წერილი, მათ შორის – საგარეო საქმეთა მინისტრ ლიტვინოვთან. უცხოური კაპიტალდაბანდება უმნიშვნელოვანესი თემა იყო მაშინდელი რუსეთის ხელისუფლებისთვის და ამ საქმეში საგარეო უწყებას წამყვანი ფუნქცია ენიჭებოდა. ელჩი სიამაყით საუბრობდა “ამხანაგ ლიტვინოვის” შესახებ, რომ იგი უაღრესად განათლებული და გონებაგახსნილი პიროვნება იყო, ისევე როგორც მისის წინამორბედი – ჩიჩერინი, ბოლშევიკების მხარეზე გადასული არისტოკრატი, შესანიშნავი პიანისტი და მუსიკოლოგი, რომელმაც ბრწყინვალე წიგნი მიუძღვნა გენიალური მოცარტის ცხოვებასა და შემოქმედებას…
ღირშესანიშნავ საბჭოთა დიპლომატთა შესახებ საუბრის ბოლოს, დესერტის მირთმევისას, “მაიმუნების პროცესზე” გადავერთეთ. ბატონი ელჩი მერიონის საქმიანობით დაინტერესდა და მისი ჟურნალისტობის ამბავი რომ შეიტყო, ჩაეძია – ალბათ თქვენს ჟურნალში სტატიების ციკლსაც მიუძღვნით ჩვენს ქვეყანას. მერიონმა მიუგო, რომ მას აინტერესებდა ქალის მდგომარეობა დღევანდელ რუსეთში, მისი უფლებები და, საერთოდ, პირონების თავისუფლების საკითხი რევოლუციური გარდაქმნების პერიოდში. ელჩმა სხარტად აიტაცა ადამიანის უფლებათა თემა და მცირე საბჭოურ-პროპაგანდისტული ტირადის შემდეგ, რომელიც შეეხო “განთავისუფლებულ ქალს,” “განთავისუფლებულ შრომას” და ა.შ., ყურადღება გაამახვილა განათლების უფლებაზე, როგორც ადამიანის უფლებათა უმნიშვნელოვანეს შემადგენელზე. განათლების საბჭოური სისტემა მსოფლიოში ყველაზე პროგრესულია და, მომიტევეთ, მაგრამ – ამერიკულსაც კი უსწრებსო, აი, თუნდაც, დარვინიზმის სწავლების პრობლემა ავიღოთო: დარვინიზმსა და ევოლუციის თეორიას ჩვენში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ასწავლიანო, ხოლო ამერიკაში ჯერაც კატეგორიულად ითხოვენ ამ საგნის სწავლების აკრძალვასო – “დეიტონელი მასწავლებლის, ჯონ სკოუპის პროცესი მაქვს მხედველობაში, რომელიც დარვინიზმის სწავლებისთვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო…” მერიონი დაეთანხმა ელჩს იმ საკითხში, რომ გარკვეული რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ტრადიციონალიზმი ჯერაც საკმაოდ ღრმადაა გამჯდარი საშუალო ამერიკელის, თეთრკანიანი ანგლო-საქსი პროტესტანტის გონებაში, მაგრამ ეს ე.წ. “მაიმუნების პროცესი” განსაკუთრებულ მოვლენად იქცა ჩვენი საზოგადოებისთვის: “სკოუპის ადვოკატი კლარენს დაროუ ლიბერალურ ფასეულობათა ნამდვილ ადეპტად მოგვევლინა ამ პროცესზე და, მიუხედავად საქმის წაგებისა, დაროუს მხურვალე გამოსვლებმა, ხოლო პროცესს მთელი პრესა და რადიო საშუალებები აშუქებდა, ნათელყო, რომ სამეცნიერო პროგრესს ამერიკაში ვეღარაფერი შეაჩერებს. მის ირგვლივ წამოწყებული საჯარო განხილვებისა და იქ გაჟღერებული მოსაზრებების წყალობით, ეს სასამართლო პროცესი, მთლიანობაში, არა მხოლოდ დარვინიზმის, არამედ დემოკრატიზმის შესანიშნავ გაკვეთილად მოგვევლინა, შეიძლება ითქვას…” დასძინა მერიონმა. იმ ხანად არც მე, არც მერინოს საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ახირება არ გვქონდა – რომ იგი ტოტალიტარისტულია და ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს; მეტიც, მე ხომ იქ ბიზნეს-კონცესიების პერსპექტივები მაინტერესებდა, უპირველეს ყოვლისა, და სწორედ ამ თვალსაზრისით ველოდი იმის გარკვევას, თუ რა შედეგები გამოიღო კომუნისტების მიერ განხორციელებულმა სოციალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ექსპერიმენტმა. (აბა რას წამოვიდგენდით, თუ რა ელოდა საბჭოთა რუსეთს, იქ მცხოვრებ ხალხს და მათ უფლებებს)… და ის დიპლომატიური ვახშამიც ოპტიმისტურ ნოტაზე დასრულდა – საბჭოტა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და წარმატებული განვითარების იმედით. ელჩს გულითადი მადლობა მოვახსენე სარეკომენდაციო წრილებისთვის, თბილი მიღებისთვის და დავემშვიდობე – მეორე დღეს, დილაადრიან, მოსკოვში მივემგზავრებოდით.
მოსკოვის რკინიგზის სადგურზე საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი დაგვხვდა, რომელმაც საკმაოდ კარგად შენახულ (რევოლუციური ქარტეხილების მიუხედავად) სასტუმროში დაგვაბინავა. იმავე სასტუმროში დაედო ოფისი მოსკოვში “ნიუ-იორკ ტაიმსის” კორესპონდენტს, უოლტერ დიურანტის , უაღრესად სიმპათიურ კაცს, რომელიც შესანიშნავად ფლობდა რუსულს. პირველ ხანებში სწორედ იგი მიწევდა მეგზურობას ბოლშევიკთა ქვეყნის დედაქალაქში –– დიურანტის კარგი კავშირები გაება სხვადასხვა იქაურ წრეებთან, საგარეო თუ სავაჭრო ორგანიზაციების თანამშრომლებთან. არაფორმალური ურთიერთობების საქმეც კარგად ჰქონდა აწყობილი – ხელოვნების ხალხთან, მწერლებთან და ა.შ. იმ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლება თავის მოქალაქეებს არ უკრძალავდა ამერიკელებთან ახლო ურთიერთობას, იმიტომ რომ ქვეყანას დოლარები ესაჭიროებოდა, ხოლო დოლარები სწორედ ამ ამერიკელებს უნდა მოეზიდათ. უოლტერ დიურანტის სახლში ერთი უსახელო კატა ჰყავდა და ერთიც მოსამსახურე, სახელად კატია – საამო გარეგნობის რუსი ქალი, რომელიც ღამღამობითაც მასთან რჩებოდა და მომსახურების უფრო ინტიმურ სახეობებს სთავაზობდა ამერიკელ დამქირავებელს. არა, კატიას მართლა უყვარდა ეს ამერიკელი, სულ თვალებში შესციცინებდა, და არა იმიტომ, რომ მისგან სამსახური და ფული ჰქონდა, არამედ, იმიტომ, რომ რუსი ქალი, საერთოდ, მამაკაცის მიმართ გაცილებით უფრო თბილი, მიმნდომბი და ვნებიანია, ვიდრე ეს ჩვენშია მიღებული. რუსეთში მოგზაურობისას დავრწმუნდი, რომ რუსული ხასიათის, რუსული სულის საიდუმლო რუსი ქალის მკერდში სცემს და არა რუსი მამაკცისა, რომელიც ალკოჰოლისადმი ავადმყოფურმა მიდრეკილებამ ერთობ დააკნინა.
ერთ საღამოს უოლტერმა მოსკოვის ახალგაზრდა კომუნისტთა კავშირის, ეგრეთ წოდებული “კომსომოლის” მესვეურთა მიერ გამართულ ვახშამზე მიგვიყვანა. სუფრის თავში ლენინის დიდი ბიუსტი დაედგათ, ხოლო თავად სუფრაზე – არყის ბოთლები. გვერდით ახალგაზრდა ქალი მომიჯდა: სადად ეცვა, რაღაცა სამხედრო უნიფორმის მაგვარი, მაგრამ ისეთი ლამაზი და მომხიბლავი იყო, როგორც, რა გითხრათ? აი როგორც ჩვენი კლარა ბოუ, ჰოლივუდის მაშინდელი მშვენება. მაგრამ, ამ რუს ქალს მომწვანო მონაცრისფრო თვალებში სულ სხვა ცეცხლი უთამაშებდა. მომიბრუნდა და პირდაპირ მახალა: “ჩემი ქმარი უნგრეთში იყო შეგზავნილი, ბოლშევიკური აგიტ-პროპაგანდისთვის; ორი კვირის წინ იქაურმა საიდუმლო პოლიციამ შეიპყრო, ჯერ აწამეს, მაგრამ ვერაფერი ათქმემევინეს, და მერე დახვრიტეს… ჩვენს ხელისუფლებას ვთხოვ, ახლა მე გამაგზავნოს სააგიტაციო საქმეზე; დღე-დღეზე პასუხს ველი…” აღელვებული იყო, პაპიროსს ღრმად ექაჩებოდა, ხშირხშირად აფერფლებდა. ამ გულახდილმა პათოსმა ცოტა არ იყოს გამაოგნა და მივუგე: “ჩემო ლამაზო ქალბატონო, განა თქვენც იგივე არ გემუქრებათ იქ – ჯერ წამება და მერე დახრეტა?!” “მეც ვიცი რომ ლამაზი ვარ, ხოლო ქალურ სილამაზეს ისეთივე ფუნქცია უნდა ჰქონდეს კლასობრივი ბრძოლის არსენალში, როგორც მაუზერს ანდა დივერსიულ ლიტერატურეს… ჩემი სილამაზით ბევრ მტარვალს მოვუღებდი ბოლოს და მერე თუნდაც დავეხვრიტე – ასეთ აღსასრულს ვერც კი ვინატრებდი…” “კლეოპატრასეული შარმი, პროლეტარიატის რევოლუციური ბრძოლის სამსახურში…” – გავიფიქრე მე; რუსეთის სიტორიიდან იმ “დეკაბრისტების” ცოლები გამახსენდნენ, ციმბირის მაღაროებში თავიანთ ქმრებს სურავანდით დამსკდარ ტუჩებს რომ უკოცნიდნენ… ნეტავი კლარა ბოუ თუ შეაკლავდა ვინმეს თავს რაიმე იდეისათვის?! ჩემს გვერდით მჯდომი არსება ქალური სილამაზისა და ზელოტური ფანატიზმის გასაოცარ ნაზავს წარმოადგენდა. ლენინის ვეება ბიუსტს მივაჩერდი: ამ კაცმა შესძლო და რუსეთში კომუნიზმი რელიგიად დაამკვიდრა; ჩვენი პოლიტიკოსები კი გაიძახიან – კომუნისტური რეჟიმი რუსეთში დიდხანს ვერ გაძლებსო, რა სისულელეა?! ბოლშევიკმა იდეოლოგებმა ისეთი მექანიზმი აამოქმედეს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებდა. ამაზრზენი იყო მათი მთავრობის დამოკიდებულება ხალხის მიმართ: ამ იდეოლოგების მიერ ხალხი მოიაზრებოდა რაღაცა პოლიტიკური მატერიად, რომელიც მუდმივი პროპაგანდისტული ზემოქმედების შედეგად ძალაუფლების მკვებავ ენერგიას გამოყოფს. მაგრამ, განა ფორდის კონვეიერები და საზოგადოებრივი კონტროლის სისტემები იგივე ვერაგ “სოციალურ ინჟინერიას” არ გულისხმობდა?! არა, ამერიკელები თავისუფალი ეკონომიკური მატერიისგან ნაწარმოები ხალხი ვართ – ჩვენ ვაკეთებთ ფულს, ხოლო გონივრული მიდგომის პირობებში, ფული პირადი თავისუფლების ენერგიას გამოყოფს. აკი შემდგომში თავად ფორდმაც აიცრუა გული თავის “ფორდისტულ ინჟინერიაზე” და ტრადიციულ პურიტანულ ყოფას დაუბრუნდა, ხოლო ეს მისივე თავისუფალი არჩევანის ძალით მოხდა. თან ქველმოქმედებაზეც უზარმაზარი კაპიტალი გაიღო, რომ სხვებსაც მისცემპოდათ ამ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება…
მოსკოვში თვენახევარი დავყავი, ბ-ნ ლიტვინოვსაც შევხვდი და ვესაუბრე, ასევე – საგარეო სავაჭრო უწყების ხელმძღვანელებსაც, მაგრამ რაც უფრო ღრმად ვიკვლევდი საკონცესიო პერსპექტივებს ბოლშევიკურ რუსეთში, მით უფრო ღრმად ვრწმუნდებოდი ამ საქმის უპერსპექტივობაში. ყველაფერს პარტიული ელიტა განკარგავდა, იქ კი ისეთი “ენთუზიასტები” ისხდნენ, ვისთვისაც ამერიკული ტექნოლოგიების იმპორტზე უფრო მნიშვნელოვანი რევოლუციის ექსპორტი გახლდათ. ჰოდა, მეც და მერიონმაც გადავწყვიტეთ ჩვენი დრო უფრო სახალისო აქტივობისთვის დაგვეთმო – მაშინ ხომ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. ერთი კინო-თეატრი აღმოვაჩინეთ, სადაც სეანსის დაწყებამდე რუსები ჯაზურ მუსიკას უკრავდნენ – ანსამბლი ვინმე პარნახის ხელმძღვანელობით. არ ვიცი, როგორ შეაღწია ამ მუსიკამ რუსეთში, წინა წელს იქ თურმე კრეოლმა საქსოფონისტმა სიდნი ბეშემ იმოგზაურა. თავად ის ფაქტი, რომ რუსები ჯაზს უკრავდნენ და უსმენდნენ, იმედისმომცემი იყო – ეგებ პოლიტიკაშიც გამოვლინდეს ამგვარი ინტერესი. თუმცა, რუსების დაკრულს მთლად ჯაზზსაც ვერ დავარქმევდი – ინსტრუმენტებით ოხუნჯობას უფრო წარმოადგენდა…
ერთი გერმანელი ჟურნალისტი გამაცნეს, მოსკოვში აკრედიტებული, გაზეთ ბერლინ თაგენბლატტ-ის კორესპონდენტი ბერტოლდ ბრეხერი. იგი საკმაოდ კარგად იცნობდა რუსეთსა და რუსულ კულტურას, მეტიც – რომანოვების საგვარეულოდან გამოსული ქალბატონი შეირთო ცოლად. თუმცა, გაუგებარია, ჟურნალისტური საქმიანობის გარდა სხვა რა ინტერესები ამოძრავებდა ბრეხერს – მოგვიანებით საბჭთა ხელისუფლებამ იგი გააძევა. ქალბატონი ბრეხერ-რომანოვა რუსულ ხატწერაში ფრიად გათვითცნობიერებული პიროვნება გახლდათ და როგორც კი შევიტყვეთ, რომ ხლისუფლება ძველი ხატების აუქციონზე გატანას აპირებდა – რაღა თქმა უნდა მხოლოდ უცხოელებისათვის და მხოლოდ მყარი ვალუტის მოსაზიდად – ვთხოვეთ ჩვენთვის საექსპერტო კონსულტაცია გაეწია. ჩემი გათვლებით, რუსულ იკონებში ფულის ჩადება კარგი ინვესტიცია იქნებოდა და ამ გათვლამ გამიმართლა: ამერიკაში ეს ხატები ათმაგ და ოცმაგ ფასში გავყიდე. თუმცა ერთი შესანიშნავი ტრიპტიქი მაინც დავიტოვე – რუბლიოვის სკოლისა, რომელიც დღესაც ამშვენებს ჩვენი სასტუმრო ოთახის კედელს.
აუქციონის შემდეგ ბრეხერი და მისი დიდგვაროვანი ესთეტი მეუღლე ჩვენთან დავპატიჟეთ – როგორც რუსეთში სჩვეოდათ, ახლად შეძენილი ნივთების “განსაბანველად” – შამპანურის დასალევად. ხოლო შამპანურს თან საუბარიც მოჰყვა: რუსული და გერმანული ნაციონალური ხასიათების მსგავსება-განსხვავებაზე. “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის მუდამ გაუგებრობა იყო, იმდენად, რომ რუსული სიტყვა, გერმანელის აღმნიშვნელი – “ნემეც” – მუნჯს ნიშნავს, ჩვენ, ტევტონებს მუდამ რაღაც გვიზიდავდა სლავებისაკენ…” – ღიმილით დასძინა ბრეხერმა, მეუღლეს მკლავზე ხელი მოუთათუნა და განაგრძო: “ავიღოთ თანამედროვე გერმანულენოვანი პოეზიის მშვენება – რაინერ-მარია რილკე, რომელმაც სწორედ აქ, რუსეთში აღმოაჩინა ჭეშმარიტი რელიგიურობა, როცა მოსკოვიში მართლმადიდებლურ საეკლესიო წირვას დაესწრო; მისი შთაბეჭდილებები იმდენად მძაფრი იყო, რომ რილკემ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო კრებული – “ჟამნი” – რუსულ რელიგიურობასთან ზიარების შედეგად შექმნა… ვიღაც უცხო ხარ, დედა ხარ და შენ ხარ სიკვდილი… ყველა საგანთა ღრმა აზრი ხარ, შენსას კი მალავ; ყველას სხვადასხვად ეჩვენები, სხვადასხვა ძალად, ხომალდს ნაპირად ეგულვი და ნაპირს – ხომალდად… განა დიდებული არ არის ასეთი წვდომა ტრანსცენდენტური ღვთაებრივობისა? თვით მაისტერ ეკხარტსაც კი შეშურდებოდა… და ერთ მშვენიერ დღეს, ვლადიმირ ულიანოვის შეძახილზე, ამ რელიგიურმა ერმა ეკლესიების ნგრევა დაიწყო. გასაოცარია…” “როგორც ჩანს, რუსებმა ერთი რელიგია მეორით ჩაანაცვლეს” – ჩაერთო მერიონი – “კომუნიზმი ქრისტიანობის ნაცვლად – კომუნისტური ქრისტიანობა… ამ ქვეყანას სოციალური პროგრესი არ უწერია, ზედმეტად მიდრეკილია ‘მისტიკისადმი,’ დოსტოევსკის “დიდი ინკვიზიტორი” ამის თაობაზე შექმნილი საუკეთესო ტექსტია.” მერიონის ეს შენიშვნა ბეხერის მეუღლეს არ ესიამოვნა: “მაგ ‘მისტიკისადმი’ მიდრეკილება არც გერმანელებს აკლია.” ამან კი ბეხერი აალაპარაკა: “გეთანხმები, არ აკლიათ, მაგრამ სოციალურ და ეკონომიკურ გონივრულობას რაც შეეხება, ამაში გერმანელებს ბადალი არა ჰყავთ. მისტიკა და სამეურნეო გონივრულობა მათში ისეა შეზავებული, რომ იქ ვერასოდეს იბატონებენ ბოლშევიკები.” (მისტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური გონივრულობის შერწყმის გერმანული ვარიანტი ათიოდე წლის შემდეგ გამოვლინდა – ებრაული საკითხის “საბოლოო გადაწყვეტის” ნაცისტურ პოლიტიკაში. თუმცა ამ საშინელებას მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, ისევე როგორც სტალინურ წმენდებს და რეპრესიებს – მოსკოვშიც და “ვაიმარის რესპუბლიკაშიც” მომავალს ენთუზიასმით უყურებდნენ.) მერიონმა საუბარი ამერიკულ პრაგმატიზმზე გადაიტანა, ახსენა ჯონ დიუი, მაშინ ერთობ აღიარებული ფილოსოფოსი, -აუცილებლად წაიკითხეთო, ურჩია. “რელიგიური სენტიმენტი ამერიკელებშიც საკმაოდ ძლიერია – ორთოდოქს პროტესტანტებში, მაგრამ ამათშიც კი პირადი კეთილდღეობა და ფულის კეთება ღვთისმოსაობის გამოხატულებაა – კარგი ქრისტიანი მდიდარი უნდა იყოს – ჟან კალვინის ეს შეგონება დღეს ყველაზე უკეთ ამერიკაში მუშაობს…” – დასძინა მერიონმა და შამპანურის დასხმა მთხოვა. ამის შემდეგ ფრანგი და რუსი არისტოკრატი ქალბატონები ხატების თვალიერებას შეუდგნენ, ხოლო მე ბრეხერი მოვიხელთე და რუსეთში გერმანულ კონცესიებზე დავუწყე გამოკითხვა. მისი მოსაზრებებიც დაემთხვა ჩემსას – ამ კონცესიებს დიდი მომავალი არ ეწერა. და საერთოდ: კონცესიების წარმატებული შედეგი მიუღებელი იყო საბჭოთა ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ მას ესაჭიროებოდა “მტრის ხატი” – ამერიკა როგორც პოტენციური აგრესორი; ამ დემაგოგიის მეშვეობით ბოლშევიკები საზოგადოებრივ აზრს აკონტროლებდნენ და საკუთარ პოლიტიკურ შეცდომებს ჩქმალავდნენ. ასე და ამგვარად, შუასაუკუნოვანი რუსული ხატების ფონზე, პოლიტიკურ “ხატებზე” ვისაუბრეთ.
მინისტრ ლიტვინოვთან კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა. ამჯერად მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიურ მოქნილობაზე მელაპარაკა, მარწმუნებდა, რომ ეს სისტემა დიალექტიკის უდახვეწილესი გამოხატულებაა და სწორედ ამ დიალექტიკის წყალობით მან შეიძლება კაპიტალიზმის გარკვეული ელემენტებიც გადახარშოს, გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე და, ამდენად, დასავლური კაპიტალის ჩართვა კომუნისტური სახელმწიფოს მშენებლობაში სრულიად შესაძლებელი და გამართლებულიც იყო. ვერ გეტყვით, რა “დიალექტიკამ” მიბიძგა მაშინ და მათქმევინა: “ბატონო მინისტრო, დიდი მადლობა რომ თქვენი ძვირფასი დრო დამითმეთ და ჩემს მიმართ ყურადღება არ დაიშურეთ. იმედია, ამ პატარა საქმეზეც არ მეტყვით უარს – შუააზიაში მინდა გამგზავრება, იქაურ მთებში მობინადრე ერკემალზე სანადიროდ, ეს ცხოველი თვით მარკო პოლომ აღწერა თავის წიგნში…” ლიტვინოვს ეტყობოდა, რომ იუმორის გრძნობა არ აკლდა და მიპასუხა: “ბატონო ვასერშტეინ, როგორც ჩანს თქვენს ამერიკულ პრაგმატიზმსაც აქვს საზღვარი: ბიზნეს-კონცესიებიდან ფინანსური მოგების ძიება მოგბეზრდათ და ახლა თავგადასავლების ძიება განიზრახეთ… სიამოვნებით მოგცემდით თურქესტანის რესპუბლიკაში გამგზავრების უფლებას, რომ ბუხარა და სამარყანდი გენახათ, მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ, ჩვენს ხელისუფლებას იქაურ კონტრ-რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლა ჯერ არ დაუსრულებია და სიტუაცია მთლად სტაბილური არ გახლავთ – სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მოგცემთ.” ეს, ცოტა არ იყოს, დელიკატური საკითხი გახლდათ, დასავლეთში ყველას გვეგონა, რომ საბჭოთა ხელისუფლება მთელს ტერიტორიას აკონტროლებდა და ყველა კონტრ-რევოლუციური კერა უკვე ჩაეხშო. “ამის ნაცვლად, ბატონო ვასერშტაინ, გთავაზობთ გაემგზავროთ კავკასიაში, დედამიწის ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში, სადაც ჩვენ უკვე ყველაფერს ვაკონტროლებთ; ნახოთ კისლოვოდსკი, მუშებისა და გლეხებისათვის გადაცემული მეფის სასახლე-აგარაკი, სადაც შესანიშნავი გამაჯანსაღებელი კურორტია განთასებული; იქედან კი საქართველოში გადახვალთ – ეს ის ქვეყანაა, რომელიც ოდითგანვე იზიდავდა რუს პოეტ-კლასიკოსებს, პუშკინს, ლერმონტოვს, დღეს კი ამერიკული კაპიალიც მიიზიდა – თქვენი ავერილ ჰარიმანი იქ ერთ-ერთ უდიდეს კონცესიას ფლობს, ჭიათურის მანგანუმის საბადოს კონცესიას. ხვალვე გაგიმზადებენ სარეკომენდაციო წერილს ჩვენს იქაურ პარტიულ ამხანაგებთან და, მერწმუნეთ, შესანიშნავი მოგზაურობა გელით.”
საქართველოში გამგზავრების იდეა მერინოს ძალიან მოეწონა. ბრეხერმა და დიურანტიმაც იგივე მირჩიეს. ამას კიდევ ჰარიმანის ფაქტორიც დაემატა – მისი ჭიათურული კონცესია იმ ხანად ჯერ კიდევ წარმატებული ბიზნესის შთაბეჭდილებას ტოვებდა – და მეც საქართველოში გამგზავრება გადავწყვიტე. რკინიგზის სადგურში ლიტვინოვის თანაშემწემ გაგვაცილა, მინისტრის სარეკომენდაციო წერილიც გადმომცა და ჩვენთვის შერჩეული თარჯიმანიც წარმიდგინა – ვლადა გერმესოვა: “ამხანაგი” ვლადა, მეტად უღიმღამო ქალბატონი, რომელიც ასეთსავე უღიმღამო ინგლისურს ლაპარაკობდა, იქაური საიდუმლო სამსახურის – “ჩეკას” წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ. მინისტრის მოადგილე გაბადრული იდგა და ხელს გვიქნევდა, მატარებელი ადგილიდან დაიძრა და ასე დაიწყო ჩემი და მერიონის კავკასიური “გასეირნება.”
რუსეთის სტეპები, რომელთა გავლითაც ჩვენი მატარებელი კავკასიისკენ მიჩუქჩუქებდა, ისეთივე უღიმღამო იყო, როგორც ჩვენივე თარჯიმანი. მერიონმა ჩვეული ოსტატობით მოახერხა ვლადა გერმესოვას “ნეიტრალიზაცია” – ჯერ მცირე ექსკურსი ჩაუტარა ამერიკული საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მოდის თაობაზე: სწრაფი მომზადების ნახევარფაბრიკატებზე, რომლებიც გაზისა თუ ელექტრო ღუმელებში შესანიშნავ კერძებად იქცეოდნენ, ასევე ტოსტერებსა და ვაფლისა თუ ბლინების საცხობ მინი-დანადგარებზე, მაცივრებზე, საყინულეებზე, ასევე – კოსმეტიკისა და მაკიაჟის, ვარცხნილობისა და საცვლების ისეთ მოდიფიკაციებზე, რომელსაც თანამედროვე ქალისათვის მეტი სოციალური დატვირთვა უნდა მიენიჭებინა. ამის შემდეგ კი, თვალსაჩინოებისათვის, რამდენიმე პოპულარული ამერიკული ჟურნალიც აჩუქა: სეტრდეი ივნინგ პოსტი, ვენიტი ფეარი, ლეიდის ჰოუმ ჯორნალი და მისთანა. და ვლადა გერასიმოვაც საათობით იკეტებოდა თავის კუპეში და თვალებით შთანთქავდა პრიალა ფერადოვან სამყაროს, როგორც მამაკაცები შთანთქავენ პორნოგრაფიულ სურათებს…
თუმცა, ვლადას დახმარება მაინც დაგვჭირდა – როგორც თარჯიმანისა. ჩვენს ვაგონში “კომსომოლის” აქტივისტები მგზავრობდნენ და აქ კი უკვე მე გამოვხატე მათთან გასაუბრების ინტერესი. ახალგაზრდებმა ჩეული ენთუზიაზმით მიამბეს საბჭოთა ცხოვრების სიკეთეებზე, რომ მანმადე, მათი მშობლები წყვდიადში ცხოვრობდნენ, ოჯახებში ლოთობა და ცემა-ტყეპა ბატონობდა, მაგრამ რევოლუციის შედეგად ყველაფერი შეიცვალა, რომ მათთვის გაიხსნა პროფესიული განათელების კარები, ფაბრიკა-ქარხნები, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობები… ამგვარ ენთუზიაზმს ვერაფერს დავუპირისპირებდი – ვერც “თავისუფლებათა შეზღუდვისა” და ვერც “ცენტრალიზებული ეკონომიკის არაეფექტურობის” პრობლემას. მათ დაწვრილებით გამომკითხეს ამერიკელი ახალგაზრდების ყოფის შესახებ, შავკანიანთა ბედზე, პროლეტარულ მოძრაობაზე და ა.შ. მერიონმა ხუმრობით მიუგო, რომ ამრიკელ პროლეტართა უმრავლესობას ერთი ოცნება აქვს – გახდნენ “ბურჟუა,” ხოლო ახალგაზრდები უმეტეს დროს ავტომობილების უკანა დასაჯდომებზე ატარებენ, ქალაქგარეთ, და იქ ხვეწენ თავიანთ სექსუალურ გამოცდილებას. კომკავშირელებს სიცილი წასკდათ, ხოლო მათმა მეთაურმა განაცხადა: “თავისუფალი და უკონტროლო სქესობრივი ურთიერთობები ბურჟუაზიული გადმონაშთია. ადამიანაის სხეული ბევრად უფრო დიდი პროლეტარული მატერიის შემადგენელი ნაწილია, ხოლო ეს მატერია რევოლუციურ გარდაქმნებს უნდა მოხმარდეს და არა კერძო-მესაკუთრულ ლტოლვებს. სექსუალური ენერგია უნდა დაიხარჯოს ოჯახის, როგორც საზოგადოებრივი უჯრედის ფარგლებში, რომ მოხდეს ამ პროლეტარული მატერიის აღწარმოება,” და ა.შ. და ა.შ. ეს კაცი უმაღლესი “პარტიული სკოლის” ახალი კურსდამთავრებული იყო. მერიონმა შემომხედა და სხვების გასაგონად მითხრა: “აი, ხომ გაიგე, რა საჭირო ენერგიას ვხარჯავთ ფუჭად ღამღამობით; ამიერიდან მხოლოდ ბავშვის ჩასასახად გაგიკარებ…” კომკავშირელებს აქაც სიცილი წასკდათ, შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი ყველამ ერთად სიმღერები წამოიწყეს – მატარებელზე, რომელიც წინ მიიჩქარის და კომუნაში გაჩერდება, სამოქალაქო ომის წითელარმიელ გმირებზე, ავიატორებზე, მაღაროელებზე, მეტალურგებზე… მათთან ერთად მე და მერიონიც წავიმღერებდი ხოლმე, ვლადა გერმესოვას დახმარებით…
მეორე დილით დანიშნულების ადგილზე ჩავედით – საკურორტო ქალაქ კისლოვოდსკში. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ნაცნობი კომკავშირელები სპორტული ლაშქრობის მოწყობას აპირებდნენ ერთ არც ისე მაღალ მწვერვალზე, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლებოდა კავკასიონის უმაღლეს მთაზე – იალბუზზე. მე ბევრი არც მიფიქრია, ისე დავთანხმდი მათ წინადადებას ლაშქრობაში მიმეღო მონაწილეობა, თუმცა საამისო არც ტანსაცმელი მქონდა და არც სხვა რამ აქსესუარი. მერიონმა სასტუმროში დარჩენა და დასვენება ამჯობინა, ვლადა გერმესოვა კი მე შევიბრალე – ეს შუახნის ქალბატონი მთაზე ამსვლელი არ იყო. კომკავშირელთა ხელმძღვანელს იმ უმაღლეს პარტიულ სკოლაში, დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის გარდა, ინგლისური ენის მოკლე კურსიც გაევლო და მეც ვიფიქრე, იმისი ცოდნა საკმარისი იქნებოდა, რომ კავკასიის მთიან ბილიკებზე არ დავკარგულიყავი.
იალბუზის ხედი მართლაც შთამბეჭდავი იყო. თავიდან ეს მთიანი მხარე რაღაცით კოლორადოს მაგონებდა, ეს ალბათ ყველა ამერიკელს მოუვიდოდა… მაგრამ, სამწუხაროდ, იალბუზის სილამაზით კარგად ვერ დავტკბი, სალაშქროდ ჩემი მოუმზადებლობის გამო. ასვლისას კომკავშირელებმა ტანს ზემოთ გაიხადეს, მეც საკმაოდ დამცხა ჩემს საზაფხულო პერანგში და მივბაძე. აი, სწორედ ეს არ უნდა მექნა – საშინელი დამწვრობა მივიღე; იმდენად გამირთულდა, რომ ქალაქამდე ჩასვლასაც ვერ შევძლებდი და ჩემი თანამგზავრები იძულებულნი გახდნენ პირველსავე მაღალმთიან სოფელში დავეტოვებინე, სადაც ყარაჩაი-ჩერქეზელთა ტომის ხალხი ცხოვრობდა, მაჰმადიანური რელიგიის მიმდევარი. ერთი კომკავშირელი ჩემთან დარჩა, წარმოშობით იქაური იყო.
მთელი ღამე ბოდვებში გავატარე – დამწვრობისგან სიცხემ ამიწია. რაღაცა თიხით შელესილ სახლში შემასვენეს და გულდაღმა დამაწვინეს. მოხუცი ქალი მადგა თავზე, თხის რძეში დამბალ საფენებს მადებდა. მოკლედ, ჩემი კავკასიური “ნათლობა” ასე შედგა: ჯერ იქაურმა მზემ დამთუთქა, ხოლო მერე იქაური თხის რძეში “განმბანეს.” და ცხადია “ნათლიაც” მომევლინებოდა – იმ სახლის პატრონი კაცი, რომელსაც ყველანი “თავადს” უწოდებდნენე – “პრინცს.” ტანადი და ახოვანი ვინმე იყო, როგორც ჩვენი რედ გრანჯი, ფეხბურთის იმდროინდელი ვარსკვლავი. ის თავადიც ჩემს სასთუმალთან იმყოფებოდა – “ღამეს მითევდა,” ჩერქეზულ ენაზე ჩამძახოდა რაღაცას, რასაც ვერაფერი გავუგე, გარდა ერთი სიტყვისა, რომელსაც ხშირად იმეორებდა – “ამრიქა,” “ამრიქა!” ალბათ “ამერიკას” გულისხმობდა, მე კიდევ ჩემთვის ერთადერთ ნაცნობ რუსულ სიტყვას ვიძახდი, ბოდვის ბურანში დანთქმული – “დააა, დაააა!” დილით საღ გონებაზე გავიღვიძე. “თავადი” უკვე ჩემთან იყო, მხევალ ქალს თხის ხორცის ნახარში მოატანინა და იქაური, ახლადმოხარშული ლუდი. მერე, ქამარზე გრძელი დანა რომ ეკიდა, ის დაიძრო და თითი ოდნავ გადაისერა, ჩემს ხელსაც დასწვდა და იგივე ნასერი დამადო თითზე, ამის შემდეგ კი თავისი ნაჭრილობევი თითი ჩემსას მიადო და ხმამაღლა რაღაც წარმოთქვა, რაც, ცხადია, ვერ გავიგე. მეგონა, ამ “სისხლის შერევით” ჩემი იმუნიტეტის გამაგრება სცადა, მაგრამ შემდგომში როგორც ამიხსნეს, ამ რიტუალით ძმობა შემფიცა, თურმე… მაშინ გავიფიქრე, ნეტავი ჩემი ებრაელობის ამბავი რომ სცოდნოდა, იგივეს გააკეთებდა თუ არა-მეთქი. როგორც გაირკვა, კავკასიელები ერთობ ტოლერანტულნი არიან ებრაელების მიმართ და, უმეტესწილად, ერთმანეთს ეკონფლიქტებიან.
“მონათლული” და ჩერქეზი თავადის სისხლით “სტიმულირებული” დავბრუნდი კისლოვოდსკში და მე და მერიონი ამ მაღალმთიანი საკურორტო ქალაქის დამსვენებლებში გავერიეთ: ვსვამდით რკინით გაჯერებულ “მჟავე წყალს” და სუფთა ჰაერზე ვსერნობდით. ერთხელაც, იქაურ რესტორანში, ე.წ. “კურზალში” შევედით სავახშმოდ. ჩემი ყურადღება ოფიციანტი ქალის ხელებმა მიიპყრო: გრძელი და თლილი თითები ჰქონდა, ასეთი ლამაზი ხელის მტევნები იშვიათად მინახავს. თავადაც ერთობ მომხიბლავი იყო – ყორნის ფრთის ფერი თმა, შავი თვალები და ფერმკრთალი სახე ჰქონდა, ეტყობოდა რომ გლეხური წარმომავლობისა არ უნდა ყოფილიყო. მერიონმა ჩემი მზერა დაიჭირა და მითხრა: “მოდი ერთი, ამ ქალს ფრანგულად დაველაპარაკები, ვნახოთ, რას მიპასუხებს.” და მართლაც, ჩვენმა ოფიციანტმა ქალმა მერიონს შესანიშნავი ფრანგული შეაგება. როგორც გაირკვა, იგი კავკასიის უკანასკნელი გენერალ გუბერნატორის, პრინც ვორონცოვ-დაშკოვის ქალიშვილი იყო, სახელად ნადეჟდა, ნადია; თბილისში დაბადებული და გაზრდილი, იქაურობას კარგად იცნობდა. ბევრი არც მიფიქრია, საუბარში ჩავერთე და ნადიას შევთავაზე თბილისში გამოგვყოლოდა, როგორც გიდი და თარჯიმანი, თან კარგ ანაზღაურებასაც ვპირდებოდი. მერიონიც ეგრევე დამეთანხმა, გახარებული იმით, რომ იმ აბეზარ ვლადა გერმესოვას თავიდან მოვიშორებდით. “სიამოვებით წამოგყვებით,” გვითხრა ნადიამ, “ერთი სული მაქვს აქაურობას მოვშორდე.” საუბარი მუსიკის გრუხუნმა შეგვაწყვეტინა: “კურზალის” სცენაზე ადგილობრივი გლეხების ანსამბლი გამოეფინა და ეთნიკური კავკასიური ცეკვების წარმოდგენა დაიწყო… მხოლოდ ინტერმისიებისას ვახერხებდით ერთმანეთისთვის ორიოდ სიტყვის გადაგდებას – მოცეკვავეთა აღტაცებული შეძახილების, აკორდეონებისა და დასარტყამების ხმაურით გაბრუებულები…
ორი დღის შემდეგ, კვლავ მატარებლით, ოსურ ქალაქ ორჯონიკიძეში უნდა გავმგზავრებულიყავით, იქედან კიდევ, ამჯერად ავტომობილით, თბილისისკენ ავიღებდით გეზს, ულამაზესი “საქართველოს სამხედრო გზის” გავლით, რომელიც მთელს რეგიონს კვეთდა. ვლადა გერმესოვას მოსკოვის მატარებელზე ბილეთი ვუყიდე და არც თუ მცირედი ფინანსური ბონუსიც გავუკეთე – ისიც კმაყოფილი დარჩა და ჩვენც დიდი კმაყოფილებით დავემშვიდობეთ.
კისლოვიდსკის სადგურში ერთი სიურპრიზიც მელოდა. ბაქანზე ის ჩემი “ნათლიმამა-ძმადნაფიცი” ჩერქეზი თავადი დამხვდა, ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი, მხარზე გადაკიდებული ორმაგი ჩანთით. “ამრიქა! ამრიქა!” გაიძახოდა თავადი. როგორც გაირკვა, იმ ღამეს, მის სახლში დასიცხული რომ ვბოდავდი და ერთადერთ რუსულ სიტყვას რომ ვიმეორებდი: “დააა, დააა!” ის თურმე მეკითხებოდა, ამერიკაში თუ წამიყვანო, მსმენია – კარგი მსროლელი მოჯირითეები გყავთ და იმათ მინდა გავეჯიბროო… თავადმა ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდი ამოიღო, გაშალა და მაჩვენა – ჟურნალიდან ამოხეული ფოტოსურათი, რომელზეც მერი პიკფორდი იყო გამოსახული, და მითხრა რომ ამ ქალის მოტაცებაც განეზრახა, აქ საცოლე ვერ შეერჩია და ბედი ამერიკაში უნდა ეცადა… თვალწინ მერი პიკფორდის ქორწილი წარმომიდგა, მაღალმთიან ჩერქეზულ სოფელში – მოხარშული თხის ხორცით და ლუდით გაწყობილი სუფრა, აცეკვებული მთიელები, როგორც “კურზალში”… ღიმილი შევიკავე და ნადიას მეშვეობით თავადს ავუხსენი, რომ ამერიკაში ჯერ არ ვაპირებდი დაბრუნებას, ჯერ თბილისი და საქართველო უნდა მომევლო. მაშ თბილისში წამოგყვებიო, მიპასუხა თავადმა, იქ რამე ხიფათს თუ გადაეყრები, შენს გვერდით ვიქნები და დაგიცავო – ვიცნობ ქართველებს, ხშირად გადმოდიან ჩვენს მხარეს, საქონლის მოსაპარავადო… გაპროტესტება ვერც კი მოვასწარი, თავადი ვაგონის კიბეს შეახტა და ხელი დამიქნია – მომყევიო. მერიონმა დამამშვიდა და ფრანგულ-პარიზული უდარდელობით მითხრა, “რაც იქნება, იქნება…”
მატარებლით რამდენიმე საათს ვიმგზავრეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ჩემსა და ნადიას შორის რაღაც მწიფდებოდა – ამას მეუბნებოდა მის დიდრონ შავ თვალებში ჩამდგარი სევდანარევი შიმშილი. სხვა, უფრო ხატოვან გამოთქმას ვერ ვპოულობ, ბელეტრისტი არ გახლავართ… დანარჩენი თავისით მოხდა.
ქალაქ ორჯონიკიძის ერთ პატარა სასტუმროში გავჩერდით. იმ სასტუმროს კოხტა შიდა ეზო ჰქონდა. ნასადილევს მერიონი პორტატიულ საბეჭდ მანქანას მიუჯდა, ჟურნალში გასაგზავნი მორიგი ნარკვევის საწერად, ხოლო თავადმა კუთხეში თავისი “ბურკა” დაიგო, წამოწვა და წაიძინა. მე და ნადია შიდა ეზოში გავედით – სიგარეტის მოწევა შევთავაზე. ერთ მოყუჩებულ ალაგას განვმარტოვდით, გრძელ სკამზე ჩამოვჯექით და გავაბოლეთ. მახსოვს, ვუთხარი, რომ მიუხედავად მთიანი ადგილმდებარეობისა, სიცხე მაინც იგრძნობა-მეთქი. ჰო, ცხელაო, დამეთანხმა, და თხელი პერანგის საკინძე შეიხსნა. მის თვალებში ისევ ის “შიმშილი” გაკრთა. უცებ, ხელზე ალერსი დამიწყო, მერე მომეტმასნა, მერე მისმა კოცნამ გამაბრუა და ჩახსნილი პერანგიდან ამობურცული მისი ნოტიო მკერდის სურნელმა. შეიძლება ითქვას, გონება დამიბნელდა… სრულფასოვანი კოპულაციის საშუალება იქ არ გვქონდა, არც დრო. ქალმა შარვალი ჩამიხსნა და ჩემს გაქვავებულ პენისს დაეწაფა… ვერც მაშინ ვიტყოდი ვერაფერს, ვერც ახლა გეტყვით… იმ წლებში ამერიკელები ადიულტერისადმი ერთობ “ლიბერალურ” დამოკიდებულებაში ვიმყოფებოდით, დაოჯახებამდე და მერეც არაერთ ქალთან მქონია სექსი, მაგრამ იმ ნაშუადღევს, იმ პატარა სასტუმროს შიდა ეზოში, ნადიასთან იმ ეროტიკული ეპიზოდის შემდეგ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ტუსაღი, რომელსაც ბორკილები მოხსნეს და ციხის საკნიდან პირდაპირ მზით გაჩახჩახებულ ქუჩაში გააგდეს – “თავისუფალი ბრაძანდებით!” ვკოცნიდი ნადიას აწითლებულ სახეს და თავისუფლების აღუწერელი გრძნობა დამეუფლა. არ ვიცი, რა მაგიის ძალით, მაგრამ იმ ქალთან ფიზიკური სიახლოვით შევიტყვე, რომ თავისუფლება გაცილებით უფრა იდუმალი გრძნობაა, ვიდრე მანმადე წარმომედგინა – თავისუფალ ქვეყანაში გაზრდილ, ახალგაზრდა და წარმატებულ ბიზნესმენს. შემდგომში ნადიასთან ურთიერთობამ რაღაც უხილავი კარი შემიღო იმ ლამაზ სამყაროში, რომელიც მხოლოდ ფერწერულ ტილოზე ანდა რომანის ფურცლებზე ამომიკითხავს. ან ეგებ, უბრალოდ, დრო იყო ასეთი და თავში მთვრალი ჯაზი მიგუგუნებდა…
დილაადრიან ავტომობილში ჩავბარგდით და თბილისისკენ მიმავალ “სამხედრო გზას” გავუყევით. ეს მართლაც თვალწარმტაცი გზაა, რომელიც პირქუშ კლდეებში, უღელტეხილებზე და ხასხასა ბალახმოდებულ ვეება ფერდობებში გადის. მძღოლის გვერდით თავადი იჯდა – ავტომობილით აღტაცებული, ხოლო უკან ვისხედით მერიონი, მე და ნადია – ახლადწარმოქმნილ სასიყვარულო სამკუთხედად. თბილისამდე ისე ჩავაღწიეთ, კონცესიები აღარც კი გამხსენებია, თავის პორტნოი- დოქტოროუ-კიუგელმასიანად.
თბილისში ჩვენთვის განკუთვნილი სასტუმრო “გრანდ ოტელის” შესასვლელთან მძღოლსაც დავემშვიდობეთ და… თავადსაც (!) დიახ, ქალაქში შემოვედით თუ არა, ნერვიულობა დაეტყო, ბოლოს კი განგვიცხადა, რომ მშობლიური სოფელი მოენატრა და უკან უნდა გაბრუნებულიყო… თუმცა, სულ მალე, ჩერქეზი თავადი ქართველმა ჩაანაცვლა, რომელიც ასევე ჩვენი მძღოლი უნდა გამხდარიყო, და რომელიც ნადიამ წარგვიდგინა, როგორც მისი “ძველი ნაცნობი” – ტანმაღალი, შარმიანი წვეროსანი კაცი, რომლის ლამაზ სახესაც დიდრონ თვალებს შორის ამოზრდილი კეხიანი ცხვირი ამშვენებდა. ეს გახლდათ შაქრო კარმელი.
გაგრძელება იქნება
© kalmasoba.com