ესე,  რეცენზია

ელისაბედ გველესიანი – „ტყის ჩეხა“ – რომანი გასაღებით

თომას ბერნჰარდს მისი ნახევარძმა, პიტერ ფაბიანი, ბეთჰოვენს ადარებს: თუკი ბეთჰოვენი მეცხრე სიმფონიაზე უსმენობის მდგომარეობაში მუშაობდა, ბერნჰარდი სრულ შინაგან უსმენობაში იმყოფებოდა თავისი ნაწარმოებების შექმნის პროცესშიო – წერს. ფაბიანის თქმით, ბერნჰარდს არ ჰქონდა საკუთარი თავის შეგრძნების არანაირი უნარი. ის დისციპლინირებული ადამიანი იყო, რომელიც ახლობლების გარემოცვაში რაღაცნაირად მოწყვლად ტიპად იქცეოდა. ერთდროულად მოსიყვარულეც იყო და ყინულივით ცივიც.

ბერნჰარდის „ტყის ჩეხა“ ფრანგული „roman à clef“-ის (რომანი გასაღებით) – ტრადიციას აგრძელებს, რადგან მასში ფიქციური პერსონაჟებისა და გამოგონილი ამბების მიღმა რეალური ადამიანები თუ მოვლენები ინიღბებიან. ტექსტში ავტორი ახალგაზრდობაში ამბიციებითა და იდეალებით შეპყრობილ, შემდგომ კი „სოციალურ ფარისევლებად“ ჩამოყალიბებულ პერსონაჟებს შემოიყვანს, მათთან ერთად კი მათივე ამბიციების ზუსტ საზომად რეალურ, ისტორიულ გმირებს (რიხარდ ვაგნერი, ვირჯინია ვულფი…) „ქმნის“. ცხადია, შემთხვევითი არ არის, რომ ტექსტში რეალური და გამოგონილი პერსონაჟები ერთმანეთში ირევიან. ალბათ, ეს სწორედ ის გასაღებია, რომელმაც უნდა მიგვანიშნოს, რომ რომანში ყველა პერსონაჟი ნამდვილია, ისინი თომას ბერნჰარდის სანაცნობო წრის, გარემოცვის წევრები არიან. ადამიანები, რომლებიც პერსონაჟები „შემთხვევით“, დაუკითხავად გახდნენ – ალბათ არც იცოდნენ, რომ როდესაც სალონური საუბრებით, ვახშმითა თუ თავიანთი ცოდნისა და მიღწევების წარმოჩენით ტკბებოდნენ, ამ დროს მათივე წრის წარმომადგენელი ჩრდილიდან აკვირდებოდა და ჩანაწერებს აკეთებდა.

ბერნჰარდი ის შემთხვევაა, როცა მწერლის პიროვნების გაგება გვეხმარება მისი ტექსტის გაგებაში. ავტორის თვითიდენტიფიკაციის სირთულეები, სხვა ადამიანებისადმი დროებითად აღძრული და მალევე ჩამქრალი ინტერესი, მისი ასექსუალობა – ეს ყველაფერი რომანში – „ტყის ჩეხა“ – ტექსტის მთავარი პერსონაჟის შფოთვით ფიქრებად ითარგმნა. მკითხველს თხრობის სტილიც  არ დარჩება შეუმჩნეველი – ტექსტი პირველ პირშია დაწერილი, წინადადებები ზოგჯერ გვერდების ზომისაა, აბზაცები კი – თავებისა. თხრობის ტემპი ამოსუნთქვის და გვერდით გახედვის საშუალებას არ გაძლევს. ავტორი თითქოს შენგან სრულ მორჩილებას თუ არა, თანამზრახველობას მაინც ითხოვს – მარტივად შეიძლება აჰყვე მთხრობლის აზრებს, რომელიც მკვეთრად კრიტიკულია ყველასა და ყველაფრის მიმართ.

მოვლენები ავსტრიაში, ვენაში მიმდინარეობს. შესაძლოა, სიტყვა „მოვლენების“ ნაცვლად მისი მხოლობითი ფორმა – მოვლენა გამოვიყენოთ, ვინაიდან სიუჟეტი თავიდან ბოლომდე ერთ საღამოს ეძღვნება – შემოქმედებით ვახშამს ცოლ-ქმარ აუერსბერგერებთან სახლში. ტექსტიც მთლიანად საღამოს მიმდინარეობას მიჰყვება, თუმცაღა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ფიზიკურად ცოლ-ქმარი აუერსბერგერების მისაღებ ოთახში, ყურებიან სავარძელში მჯდომი მთხრობლის ფიქრები შორეულ თუ ახლო წარსულში დაქრის, გადაუვლის ახალგაზრდობის სიხარულის, სიყვარულის ისტორიებს, მეგობრებთან ერთად გატარებულ დროს, გაიხსენებს მისი ახლახან გარდაცვლილი მეგობრის – ჯოანას დაკრძალვას, აღიდგენს იმ პერიოდსაც, როცა უყვარდა ის ადამიანები, ვინც ახლა მის გარშემო იმყოფებიან… აი, ისინი, ახლა, დროის ამ მონაკვეთში უეცრად, მოულოდნელად განსასჯელის სკამზე რომ აღმოჩნდებიან.

ავტორი აღწერს ვენის მაღალი საზოგადოების ცხოვრებას ისე, როგორც ერთი ადამიანის. გამოყოფს მის თვისებებს – ბერნჰარდის აღქმით, ეს ერთობა სიცოცხლით აღსავსე და მეგობრულია, მაგრამ, ამავე დროს, თვალთმაქცი და მანკიერებებით სავსე. ტექსტში აღწერილი საზოგადოება მართლაც სავსეა სიცოცხლის ელემენტებით – ის მზად არის ყველაფერში იპოვოს იგი – თავი შეიქციოს შემოქმედებითი საღამოებით, მუსიკითა და თეატრალური წარმოდგენებით, დრამატული მოვლენებით ან თუნდაც გასტრონომიულ სიამოვნებას მიეცეს. ხელოვნების რომელ და როგორ გამოვლინებებს არ შეხვდებით აუერსბერგერების სახლში, თუმცაღა იქ ვერსად იხილავთ ხელოვნურობისგან დაცლილ ცხოვრებას.

ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მთხრობელი აკრიტიკებს ყველას – თეატრში მოსიარულეებს, მსახიობებს და მათთვის ტაშის დამკვრელებს, შეუმდგარ კომპოზიტორებს და ახალგაზრდობაში ნიჭიერ, თუმცა, საბოლოოდ, უნიჭო გრაფომანებად შემდგარ ტიპებს, ფსევდო-ხელოვანებს და ფსევდო-ხელოვანების თაყვანისმცემლებს… ისინი, ყველანი აუერსბერგერების სახლში იყრიან თავს ავბედით შემოქმედებით ვახშამზე და დამკვირვებლად ყურებიან სავარძელში მჯდომი ძველი მეგობარი ჰყავთ მიჩენილი. ტექსტი იმითაა განსაკუთრებით საინტერესო, რომ ავტორის მსხვერპლი არამხოლოდ ვენის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები აღმოჩნდებიან, არამედ მთხრობელი განსასჯელის სკამზე საკუთარ თავსაც დასვამს.

მწერლის მიერ ყველასა და ყველაფრისადმი მიმართული კრიტიკა, მისი ნეგატიური ნარატივი, ნეგატიური თხრობა მკითხველს ეგზისტენციალური დაეჭვების მდგომარეობაში აგდებს. როგორ ვიცხოვროთ? რაშია გამოსავალი? ავტორმა კარგად იცის ადამიანური შეცდომების ღირებულება და ისიც, რომ ერთადერთი გზა სწორად ცხოვრებისა – არცხოვრებაა. მაგრამ მთავარი, ალბათ, მაინც სულ სხვა რამაა…

იმის განსაზღვრა, თუ როგორი ხარ სინამდვილეში, ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალებაა. ბერნჰარდი თითქოს მკითხველისგან ითხოვს საკუთარი თავის დანახვის, შეცნობის და გამოხატვის სიმამაცეს. მის პერსონაჟებს კი ერთადერთი ლტოლვა ამოძრავებთ, ერთადერთი ინსტინქტი – საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება და სოციალური, როლური სტაბილურობა. მაგრამ, მთხრობლის, როგორც დამკვირვებლის თვალი კარგად ხედავს რეალობას ამოშენებული ფასადის უკან. მეტიც, იმდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ტექსტის პერსონაჟები თავიანთ გამოგონილ რეალობაში ცხოვრობენ, რომ უკვე გაფერმკრთალდა ზღვარი მათი იდენტობის ასლსა და დედანს შორის. ამოშენებული ფასადი სინამდვილედ იქცა და პირიქით, სინამდვილე – ფასადად.

ტექსტს ეპიგრაფად ვოლტერის სიტყვები უძღვის: „რადგან ვერ შევძელი ადამიანების გონზე მოყვანა, ვარჩიე, მათგან შორს ვყოფილიყავი ბედნიერი“. სიმპტომატურია ის ფაქტიც, რომ რომანის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდობაში ლონდონში გაექცა თავის მკვიდრ ქალაქს. ვენაში დაბრუნების შემდგომ კი მუდამ ემალებოდა იმ ადამიანებს, რომლებთანაც გაატარა ახალგაზრდობის წლები და რომლებთანაც აღარაფერი უნდოდა რომ საერთო ჰქონოდა. თუმცა სიმამაცე არ ეყო იმისთვის, რომ საბოლოოდ გაეწყვიტა ეგზისტენციალური კავშირი წარსულის ადამიანებთან ანუ სიმამაცე, რომ საკუთარი თავი მათგან დამოუკიდებლად ეპოვა და არა მათგან გაქცევის მცდელობაში. ეს შეუძლებლობა იქცა შიშად, შეიძლება ითქვას, თვითიდენტიფიკაციის შეუძლებლობის შიშადაც – რომ ნამდვილი არ ხარ, ნამდვილი საკუთარი თავი. სწორედ ამით აიხსნება მთხრობლის დაუნდობლობა, კრიტიკის ნაკადი, რომელსაც ის, პირველ რიგში, საკუთარი თავისკენ მიმართავს.

აქვე ერთი საგულისხმო ასპექტი – ალბათ, გამბედაობის ნაკლებობაა იმის მიზეზი, რომ მთხრობლის ცხოვრებაში სიუჟეტები ასე დაუსრულებლად და პერმანენტულად მეორდება. შემოქმედებით საღამოზე მისდაუნებურად, თითქოს შემთხვევით, ჩემი აზრით კი, გამიზნულად, ბედისწერის ძალით თუ მეტაფიზიკური ძალების ჩარევით, აღმოჩენილი მთავარი გმირი ისეთ სცენებს შეესწრება, რაც 30 წლის წინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაგროვებული მოგონებების ასლებია. ამ წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ დრო შეიცვალა, პერსონაჟები კი იგივენი დარჩნენ; მათი ამბიციები „პოზებად“ ჩამოყალიბდა, ისინი მაინც „აღმოჩნდნენ სახელმწიფოს მაამებელ სალიტერატურო ხელოვნებაში“, რადგან „გაუშინაურდნენ ვიღაც მინისტრებსა და დირექტორებს“. შედეგად, ავტორისთვის კიდევ უფრო საძულველი და აუტანელი ხდება გარემო.

რომანში ყველას თავისი გზა აქვს რეალობისგან გასაქცევად, ზოგისთვის ეს მოჩვენებითი წარმატებაა, ზოგისთვის მუდმივად მეგობრების წრეში ტრიალი და ფიქრის დროის შეზღუდვა. ბურგთეატრის მსახიობი, რომლის პროფესიაც ნელ-ნელა მისი ცხოვრების სტილადაც იქცა, გვეტყვის, რომ „ბუნებაში, ტყეში გაქცევაშია“ ხსნა. პერსონაჟთა ამ კლასისგან შეიძლება გამოვარჩიოთ გმირი, სახელად ჯოანა, რომელიც ახალგაზრდობის წლებშივე გაექცევა სოციალურ წნეხს და ნამდვილ, ავთენტურ სიყვარულში პოულობს შვებას. ის, ალბათ, ტექსტის ყველაზე ბედნიერი გმირია – ასეთია ბერნჰარდის ჩანაფიქრი. როგორი ფინალიც არ უნდა ელოდეს მას, როგორც ჩანს, მოახერხა და ცოტა ხნით მაინც შეიგრძნო ნამდვილი ცხოვრება…

ლიტერატურაში, საბავშვო ზღაპრებშიც კი, თუკი მთავარი პერსონაჟი ტყეში აღმოჩნდა, მისი თავგადასავალი, დიდი ალბათობით, ამ უკანასკნელთან იქნება დაკავშირებული. ერთი მხრივ, ტყე შეუცნობლის, ამ შეუცნობელში ჩაკარგვის და მისგან თავის დაღწევის მეტაფორაა, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანის ყველაზე დაფარული, თვითონ მისთვისაც კი მიუღწეველი ადგილის, ქვეცნობიერის და მასში მიძინებული შიშებისა და კომპლექსების გამომზეურების სიმბოლო. იმ ტყიდან გამოღწევა, რომელშიც მთხრობელი იმყოფება და რომელიც არა კონკრეტული პიროვნების, არამედ კოლექტიური ქვეცნობიერის სახე უნდა იყოს, შეუძლებელია, გზა მეტისმეტადაა ჩახლართული. ერთადერთი გამოსავალი, ტყის განადგურებაა, სათითაოდ, სახელდახელოდ ამოძირკვა თითოეული კომპლექსისა. თომას ბერნჰარდი რომანისთვის შერჩეული სათაურით წინდაწინვე გვკარნახობს, რომ დანდობა გამორიცხულია და ტექსტიც ზუსტად ამართლებს სათაურს.

შეიძლება ითქვას, „ტყის ჩეხა“ ცხოვრებისგან გაქცევის, მისგან თავდახსნის, მისი გადადების ტექნოლოგიების რომანია. თუმცა მთხრობლისგან განსხვავებით, თავად ავტორი არამცთუ გაურბის ცხოვრებას, არამედ პირიქით, კალამს აიღებს და ნაჯახივით მოიქნევს მას. მიუხედავად იმისა, რომ ბერნჰარდის რომანი, თავისივე დასახელებით, ვენის საზოგადოების ბევრ, სრულიად რეალურ წარმომადგენელს გულზე მოხვდა და საქმე სასამართლო დავებამდეც კი მივიდა, ავტორი არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს დანებებას. სწორედ ასეთია მისი პათოსი და ტექსტის დასასრულიც: „ეს ვენა მძულს და მაინც იძულებული ვარ მიყვარდეს… ეს ადამიანები ჩემიანები არიან და მუდამ ჩემიანები იქნებიან… დაუყოვნებლივ დავწერ… ახლავე, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან“ – შემდგომ დაწერა და შედეგმაც არ დააყოვნა…

© არილი

Facebook Comments Box