თავისუფალი ლიტერა პრემია ლიტერას მხარდამჭერი კონკურსია, რომელზეც მხოლოდ კულტურის სამინისტროსთან უთანხმოებით ჩაშლილ ლიტერაზე წარდგენილი წიგნები განიხილებოდა.
“წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ. მჯერა ამ ფრაზის, სხვათა შორის და ასევე, მჯერა, რომ თავისუფალი ლიტერას მიზანიც შეიძლება ისიც იყოს, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა წიგნმა იძიოს შური ჩვენზე და რაც შეიძლება მეტ წიგნს მივცეთ შანსი და საშუალება მივიდეს კარგ მკითხველამდე,” – პაატა შამუგია, პოეტი.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, თქვენთან ერთად ვიზეიმო ლიტერატურა და გამოხატვის თავისუფლება. მე, როგორც ამერიკის პენ ცენტრის წარმომადგენელმა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ხშირად ხდებოდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არც ისე ახლო წარსულში. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ინსტიტუტები, მაინც იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი თავისუფლების შეზღუდვას შეეცდებიან. შესაბამისად, მინდა მივესალმო ქართველი მწერლების სიმტკიცესა და ქართული საზოგადოების ღირსებას, რომელიც იცავს არა მხოლოდ ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, არამედ მთელი თაობის, აქ მცხოვრები ყველა ადამიანის თავისუფლებას. მე მინდა მივულოცო პაატასა და მთელ გუნდს, რომელმაც ეს დღე შექმნა. როგორც ვიცი, ეს იყო კოლექტიური, რაც კიდევ უფრო ძლიერს ხდის საქმიანობას. სულმოუთქმელად ველი გამარჯვებული ავტორების წიგნების წაკითხვას – ჯერ თარგმნილს, ერთ დღეს, იმედია, ქართულადაც,” – პოლინა სადოვსკაია, ამერიკის პენ ცენტრის წარმომადგენელი.
ჟიურის წევრები იყვნენ:
ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე;
გიორგი ლობჟანიძე – პოეტი, მთარგმნელი;
ლანა კალანდია – მთარგმნელი;
ლელა კოდალაშვილი – კრიტიკოსი;
ოქტაი ქამუზოვი – ლიტერატორი;
ანასტასია ინასარიძე – კონსულტანტი დიზაინის ნომინაციაში.
ჟიურიმ ფარული კენჭისყრით გამარჯვებულები გამოავლინა:
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- ალეკო შუღლაძე – „ლაბირინთი მანუელისთვის “, გამომცემლობა „პალიტრა L“
“დღეს მე გადავრჩი. გაიყო ეს თანხა და მე დღეს გადავრჩი. მე ვულოცავ რუსუდანს.”
- რუსუდან რუხაძე – „სიყვარულის წონა“, გამომცემლობა „ინტელექტი“
“ეს იყო ჩვენი განაცხადი, რომ ლიტერატურასა და თავისუფალ სიტყვას სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა და არა ზედამხედველობა. მე მიხარია, რომ ერთმანეთის მკითხველები და გულშემატკივრები ვართ.”
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა:
- როსტომ ჩხეიძე – „მუხა უდაბნოში“, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება
“არსებობს აფორისტული გამოთქმა, რომ ხელნაწერები არ იწვის. როგორც ჩანს, არც ლიტერატურული კონკურსები იწვის. ის, რაც თითქოს გაბუგული იყო და განწირული, აღდგა ფერფლისგან. მოწმენი ვართ მისი განახლებისა და დიდი სიცოცხლის.”
წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:
- ნატალია ავალიანი – შოთა იათაშვილი, „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
“ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ პრემიის ფლობა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვარ თავისუფლების მხარეს.”
წლის საუკეთესო დებიუტი:
- ნანა აბულაძე – „აკუმი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
“ამ წიგნის დაწერა ძალიან დიდ წვალებად დამიჯდა და ეს უკვე მეორე ჯილდოა, რომელიც მას ენიჭება. მადლობა ყველას რომ ლიტერა შედგა და ჩატარდა.”
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ბათუ დანელია – „თოვლის ტენორი“, გამომცემლობა „პეგასი“
“ძალიან კარგი სია იყო. დიდი მადლობა მწერალთა სახლს, რადგან არსებობს ეს პრემია. დიდი მადლობა ჟიურის, ვინც მომცა ხმა, ვინც არ მომცა ხმა. მადლობა თქვენ”
ილიას უნივერსიტეტის პრემია „სამოქალაქო თემების ასახვისთვის ლიტერატურაში“:
- ეკა ქევანიშვილი, პოეტი, გამომცემლობა „ინტელექტი“
წლის საუკეთესო რომანი:
- შოთა იათაშვილი – „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
“ჩემი შემოქმედების განმავლობაში ბევრგან მიხეტიალია – პოეზია, თარგმანი, მოთხრობები და ა.შ. მე მგონი, მარტო რომანი მქონდა დარჩენილი და ასაკმაც ესეც კი მოიტანა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია. ჩემი ცხოვრების წიგნია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაფასდა ეს წიგნი”
- ბექა ქურხული – „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
“მადლობა ყველას. ყველა ჩემს თანანომინანტებს. მე ლიტერა უკვე მოგებული მაქვს 2018-ში, მაგრამ იქ არ ეწერა ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანი, უძვირფასესი და უდიადესი სიტყვა – თავისუფლება. გაუმარჯოს თავისუფლებას, გაუმარჯოს ქართულ ლიტერატურას.”
არილი ულოცავს „თავისუფალი ლიტერა 2021“-ის ლაურეატებს.
© არილი