დრამატურგია,  ინტერვიუ

ინტერვიუ პაატა ციკოლიასთან – არგონავტები ინსტრუმენტები არიან შურისმაძიებელი ქალის ხელში

პაატა ციკოლიას პიესას „მედეა s01e06“ კოლხი უფლისასული არგონავტების  ჩრდილიდან გამოჰყავს და მკითხველს ანაქრონული ელემენტებით გაჯერებულ კოლხურ მითს თანამედროვე ქართული პერსპექტივით უამბობს.

ე.წ. სერიალის პირველი სეზონის მეექვსე ეპიზოდში იასონმა უკვე დაძლია მიფე აიეტის დავალებები და  ქალიშვილის ღალატით შეძრწუნებულმა ხელმწიფემ მედეას საიდუმლო დასჯის ბრძანება გასცა. დამცირებულმა და შეურაცხყოფილმა კოლხმა ასულმა კი დაპირისპირებულ მამასა და ძმაზე შური შემაძრწუნებელი გზით იძია.

პიესაში ერთმანეთს ერწყმის ქართული კულტურის ელემენტები: წარმართულ კოლხეთში შეხვდებით ქრისტიანულ მონასტრებსა და ტურისტულ სასტუმროებს, ბერძნული გალეებით ნაოსნობისა და ფარ-ხმალით ბრძოლის ფონზე პერსონაჟები სოციალურ მედიაზე “პოსტავენ” თავიანთ ვნებათაღელვას.

2021 წელს პაატა ციკოლიას საბას პრემია მიენიჭა ნომინაციაში წლის საუკეთესო პიესა.

 

რამ შთაგაგონათ პიესაში სტრუქტურულად დროითი განზომილებები და კულტურული სიმბოლოები ერთმანეთში აგერიათ და გაგეერთიანებინათ? და რატომ გადაწყვიტეთ უშუალოდ მედეას ისტორიის ამგვარი თხრობა?

ჩვენ, რაც არ უნდა კარგად ვიცნობდეთ ძველ დროს, მოვლენებს, რომლებსაც ისტორია და ან მაშინდელი ლიტერატურა აღგვიწერს, მაინც უსაშველო დისტანციიდან ვაკვირდებით. მხატვრული სინამდვილის გააზრებაც ამ დისტანციიდან ხდება. თუ ძველი დრო ამეტყველდება ჩვენთვის ნაცნობი ნიშნებით, ჩვენთვის ნაცნობი და გასაგები „კულტურული ტექსტებით“ თუ „კულტურული ენით“, მაშინ ის დისტანცია, რომელიც ზევით ვახსენე, მცირდება და მოვლენებზე, პერსონაჟებსა და მათ მოტივებზე დაკვირვების საშუალებას ბევრად უფრო ინტიმური მანძილიდან გვაძლევს. მიმაჩნია, რომ თანამედროვე მაყურებლისთვის ასე უფრო გასაგებია ამბავი, რომლის მოყოლასაც ვცდილობთ. ესაა ამბის მშობლიური კულტურული ნიშნებით თხრობის მცდელობა. ამით, მიმაჩნია, რომ ამბავი თანამედროვე მაყურებლისთვის და განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის ბევრად უფრო მეტყველი და გასაგები ხდება.

თქვენი აზრით, რაა ხელოვნების, როგორც მედიუმის, მთავარი ღირსება მკითხველი/მნახველი კატეგორიზაციების რღვევის დისკომფორტში ჩააგდოს? და რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულს, როცა დახარისხებული ისტორიული ნარატივები ერწყმის ერთმანეთს?

ეს კითხვაც პირველ კითხვას უკავშირდება და დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნებამ ის, რაც მკითხველს თუ მაყურებელს უკვე დაფიქსირებულ ჭეშმარიტებად მიაჩნია, დაანგრიოს და გზა მისცეს ნებისმიერი ფასეულობის თუ კულტურული კონსტრუქციის გადააზრებას, გადაწყობას, ხელახალ ხორცშესხმას, რადგან არ გვარგებს სიყვარულის თუ სიკეთის ზეპირად ცოდნა. მშვენიერება სულიერი შრომით ისწავლება და არა – დაზუთხვით. ამავდროულად, მოლოდინების ნგრევა მაყურებელს აინტრიგებს და ამბავზე ამახვილებინებს ყურადღებას გაცილებით მეტად, ვიდრე მაშინ, როცა ხელოვნება მხოლოდ მორალური თუ ესთეტიკური თვითგანმტკიცების სასიამოვნო საშუალებაა და მეტი არაფერი.

რამ განაპირობა პიესაში კოლხური მითის სინთეზირება სოციალური მედიის, ქრისტიანული თუ პოსტსაბჭოთა ელემენტებთან?

შეიძლება ითქვას, რომ ესაა მცდელობა იმისა, რომ უფრო რელევანტური გახდეს ტექსტი თანამედროვე მაყურებლისთვის, რომ შინაარსები მივაწოდოთ იმ ნიშნებით, რომლებიც მათ უკეთ ესმით. ასეთ კონტექსტში ბევრად უფრო მკაფიო ხდება მათთვის პერსონაჟის ხასიათი, მისი მოტივები. აბსირტო არ არის დრამატული თვალსაზრისით სადღაც არქაულ სივრცეში ჩაკარგული სტერილური პერსონაჟი. ის არის თანამედროვე ადამიანი, რომლის გაგება, რომელთან თუ რომლის იდენტიფიცირებაც ადვილია. შესაბამისად, ისიც ცხადი ხდება, რომ არც მაშინ, იმ შორეულ დროში იქნებოდა სხვანაირად, მაშინაც ასეთი იყო ადამიანი, ისტორიული და კულტურული პროცესების აქტორი მაშინაც ვნებებით მთვრალი ადამიანი იყო.

თქვენს პიესაში კარგად ჩანს, რამდენად შეიძლებაიძალადოსიუჟეტის დეტალებზე, თუმცა ამბავი მაინც შეუცვლელი დარჩეს. რა არის ის, რაც მედეას მითს მედეას მითად ტოვებს?

ალბათ, ჯერ ის უნდა ვთქვათ, რომ მითი, რომელიც ჩვენ ვიცით, არგონავტებისაა და არა მედეასი. მასში ყველაფერი ემორჩილება არგონავტების გმირობით განსაზღვრულ ფასეულობრივ სისტემას. სხვა პერსპექტივიდან, კოლხების პერსპექტივიდან ეს არ იქნებოდა გმირობა, ეს იქნებოდა მეკობრეობა, ბანდიტიზმი, ბოროტება და მარცხი. თუმცა, პერსპექტივის ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ ამბის ძირითადი სიუჟეტი, მისი ფაბულა აუცილებლად შეიცვლება. არა, რა თქმა უნდა! ყველაფერი მოხდება ისევ ისე. უბრალოდ, განსხვავებული პერსპექტივა მოვლენებს და მოტივებს განსხვავებულ შეფასებას მისცემს. პერსონაჟების მოქმედებაც სხვაგვარად აიხსნება. სხვა ნიშნებზე, განსხვავებულ დეტალებზე გაგვამახვილებინებს ყურადღებას სხვაგვარი პერსპექტივა. მაგალითისთვის, მედეა ბერძნული პერსპექტივისთვის სიყვარულით დაბრმავებული ქალია, რომელიც ქალღმერთების ძალისხმევით იასონის საყვარლობას დახარბდა. თუმცა, ეს ახსნა ბერძენთა და იასონის „გმირობის“ პირობის აუცილებელ ატრიბუტად უნდა განვიხილოთ. სხვა პერსპექტივიდან მედეას იდენტური ქმედებების მოტივები, აუცილებლად განსხვავებული იქნებოდა.

როგორ გადაიაზრებს ამგვარი თხრობა უშუალოდ საქართველოს იდეას, „კოლხურ კულტურას“, რომელსაც მედეა ასე გმობს?

ვფიქრობ, კრიტიკულად. მედეა არ არის სიყვარულით დაბრმავებული ქალი. აკი უკვე აღვნიშნე, არა! ის დამოუკიდებელი აქტორია. მოქმედებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ის არის მისი ოჯახის ნამდვილი, შესაფერისი შვილი. ის არის კოლხური კულტურის ნაყოფი და მისი აგრესია მშობლის, ოჯახის, კულტურის მიმართ სხვა ვერაფრით აიხსნება თუ – არა ამავე კულტურის და მშობლის აგრესიულობით. გარემო გვშობს და ისტორია გვზრდის. მედეას ქცევა მეტყველებს იმ კულტურაზე, რომელიც ასეთი ქცევას, თუნდაც დევიაციურად, მაგრამ მაინც ნორმალურად და ბუნებრივად აღიქვამს. მედეა არ არის ემპათიისგან დაცლილი ფსიქოპათი, რომელსაც ჭკუა არ მოეკითხება. ის ანგარიშის უსწორებს მის დროს და ეს, ცხადია, ბოროტმოქმედებაა, მაგრამ არ არის ერთი ინდივიდის ფსიქიკური აშლილობა მხოლოდ. ეს არის რეაქცია, გნებავთ, წინააღმდეგობა, მართალია, უკიდურესი და უსაზიზღრესი ფორმით, მაგრამ მაინც ანგარიშსწორებაა. ანგარიშსწორებას არ აქვს რამე ზნეობრივი განზომილება, მაგრამ პრაგმატული თვალსაზრისით ანგარიშსწორება პირველ რიგში მისი სივრცის გარკვეულ დისბალანსზე, უსამართლობაზე მიუთითებს. სამართლიანობის იდეის დეფიციტია ანგარიშსწორების წყურვილისთვის ნაყოფიერი ნიადაგი. სამართლიანობის იდეაა ის, რაც სივერაგისგან, ბოროტებისგან, სისასტიკისგან პირველ რიგში გვიცავს.

თქვენი აზრით, რას ნიშნავს, რომ ქართული ცნობიერის სათავეში ასეთი მითი დევს, რომლის მნიშვნელობა დღემდე ვერ განგვისაზღვრავს და არც კი ვიცით, მის მიმართ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს? ვინ არის მედეა, რა ქალია?

ვფიქრობ, არ დგას მედეას მითი თუ არგონავტების მითი ქართული ცნობიერის სათავეში, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ეს ბერძნული მითია. არის ამბავი გმირობის შესახებ და იმ კულტურის ცნობიერის სათავეში, თუკი ასე შეიძლება ითქვას, შესაძლოა ნამდვილად იდგეს. ქართულზე რა გავლენა ჰქონდა ამას, ძნელი სათქმელია. ფაქტი ერთია, რომ გვეამაყება მედეა, მის დაცვას ვცდილობთ „თავდასხმებისგან“, რისი გამოცდაც საკუთარ ტყავზე მომიწია. რამდენად და რა თვალსაზრისით არის საამაყო მედეასთან თავის გაიგივება, სადავოა ჩემთვის. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ საამაყოდ მის ბოროტმოქმედებას არ მივიჩნევთ. საამაყო სხვა რამ გვგონია. პირველ რიგში, ალბათ, მისი მსოფლიო პოპულარობა, რაც თავისთავად სიამაყისთვის საეჭვო და ვულგარული საბაბია. არის სხვა მცდელობებიც. მაგალითად – მედეას სიმბოლური გააზრებისთვის. როცა მივიჩნევთ, რომ მითები არამხოლოდ ამბების და იდეოლოგიური სისტემების კომუნიკაციაა, არამედ გარკვეული ისტორიული და პოლიტიკური მოვლენების სიმბოლურ მნიშვნელობას ინახავენ. ამ თვალსაზრისით, მოგვწონს, როცა მიგვაჩნია, რომ მედეა არის მედიცინის სათავეში. ჩემთვის ეს ყველაფერი ფრიად საინტერესოა, მაგრამ არა მგონია ქართული კულტურული ფენომენის შექმნაში ამას რომელიმე ეტაპზე რამე გადამწყვეტი როლი ეთამაშა. თუმცა, ამ კონკრეტული პიესის ფარგლებში მე დიდად, ეს ალბათ ცხადიც არის, არ მაინტერესებდა იმ სამყაროს და მასში კოლხეთის როლის კვლევა. ეს არის დღევანდელი საქართველოს და დღევანდელი ქართული კულტურის კვლევა და მხატვრული ნაწარმოებისთვის, ვფიქრობ, ესთეტიკურ-ეთიკური კომპლექსის თვალსაზრისით ყოველთვის მისი დროის კვლევა განსაზღვრავს.

რატომ შეარჩიეთ არაფორმალურ მთხრობლად ეპოპე, მეფე აიეტის დაცვის ყოფილი უფროსი? ვინ არის ეს პერსონაჟი და მეტწილად მისი პერსპექტივით რატომ ვუყურებთ კოლხურ ტრაგედიას?

ეპოპე სახელმწიფოს კაცია. პერსონაჟი, რომელიც ყველაფერს ამართლებს სახელმწიფო ინტერესით. მისი სტატუსი კოლხეთში ჩემთვის სამაგალითოა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი წონა გააჩნია ინდივიდის კარიერულ წარმატებას საზოგადოებრივი ისტორიის განვითარებაში. „სტეიტსმენი“ ეპოპე, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტების მახინის ერთ-ერთი მთავარი აქტორია, მაინც აღძრავს გარკვეულ სიმპათიას, რაკი აქვს კოლხეთის სახელმწიფოს ინტერესების დაცვით მოტივირებული არგუმენტები, როცა უშფოთველად მიდიან გარკვეულ მორალურ შეღავათზე, რათა დაიკმაყოფილონ პირადი ინტერესები, თუმცა, ამავდროულად ყველაფერი უფრო დიდი მიზნებით გაამართლონ. ამიტომაც არის ეპოპე დაბალი კლასის პერსონაჟი. დიახ, ჩვენ, უაზნონი ვართ ბოროტი საქმის შემსრულებლები. ძალაუფლებას დახარბებულები „ვაშენებთ“ საზოგადოებასაც და სახელმწიფოსაც და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენს სინდისზე რჩება ის, თუ რას შემოინახავს ისტორია, რას და რა ფორმით.

პერსონაჟები ერთმანეთს ესაუბრებიან, თუმცა დიალოგი პიესაში იშვიათად თუ გვხვდება. რატომ შეარჩიეთ თხრობის ამგვარი მონოლოგური სტილი?

უნდა გამოვტყდე, რომ მედეას პირველი ვერსია მონოპიესა იყო, ანუ ერთი მსახიობისთვის დაწერილი დრამატული ტექსტი. უკვე შემდეგ გადაკეთდა სამი მსახიობისთვის და უტყვი ქოროსთვის. ცხადია, ამან იმთავითვე განაპირობა ასეთი ფორმის თხრობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მონოდ გააზრება და მონოში კი ასეთი ფორმების ძიება პრაგმატული მიზეზითაა განპირობებული. ესაა რესურსების სიმცირე. ჩვენ ვცდილობთ, ნაკლები დანახარჯით, მათ შორის მსახიობების მცირე შემადგენლობით მივაღწიოთ დასახულ დრამატულ ამოცანას. თუმცა, თუ ეს ერთგვარი ლაკონიურობა მხატვრულ ხერხად არ იქცა, შედეგს ვერ მივიღებთ. ხშირად, უტყვი ქორო ასრულებს იმ ფუნქციას, რაც მსახიობს სცენაზე პარტნიორისგან სჭირდება. თხრობის ასეთი ფორმა იძლევა საშუალებას დიდი მასშტაბის ისტორია მოვყვეთ ერთი ან ორი მსახიობის დახმარებით.

რატოა მედეას მსხვერპლი მისი უმცროსი ძმა, ეგალე?

მითიდან ვიცით, რომ მედეამ, იასონის სიყვარულით დაბრმავებულმა ჯერ კიდევ კოლხეთში გაიღო მცირეწლოვანი ძმა მსხვერპლად, რათა შეეჩერებინა კოლხი მდევრები (ასეთია ერთ-ერთი ვერსია). ჩემთვის ეს ფაქტი, რომ მედეა ჯერ კიდევ კოლხეთში კლავს მცირეწლოვან ბავშვს, მკაფიოდ მიუთითებს მომავალ ტრაგედიაზეც და მეტიც, ყველაზე დაუცველების როლზეც მეტყველებს. როცა საზოგადოება განსაკუთრებით აგრესიული ხდება, მსხვერპლად ისინი ეწირებიან, ვისაც თავის დაცვა არ შეუძლია. ჩვენს შემთხვევაში კი სურათი კიდევ უფრო მძიმეა, ეგალეს ის ხელი კლავს, რომელსაც ენდობა, რომელიც უყვარს, ვისგანაც ბოროტ განზრახვას არ ელოდება.

ბავშვობაში არგონავტების მითი ტკბილ რომანტიკულ ისტორიად მესახებოდა. წლების შემდეგ კი შეყვარებული წყვილის ამბავი ღალატის, ძალაუფლებისა და სისასტიკის ტრაგედიამ ჩაანაცვლა. რამდენად არის გულუბრყვილო სიყვარულის ადგილი მედეას ისტორიაში? და როგორია ამ გრძნობის (არა მხოლოდ რომანტიკული კუთხით) როლი თქვენს პიესაში?

აკი ზევითაც ვახსენე, რომ ჩემთვის არ არის დამაინტრიგებელი მედეას ბერძნული პერსპექტივიდან შექმნილი ხატი. ჩემთვის ოჯახს და კულტურას დაპირისპირებული, შურისმაძიებელი ბოროტმოქმედი ქალი უფრო საინტერესოა, ვიდრე ბრმა ვნებას აყოლილი, თუნდაც, ბრძენი და გრძნეული ქალი. რამდენად ვაქცევ ამ სასიყვარულო კავშირს პიესაში ყურადღებას? ამაზე, ალბათ, ის ფაქტი მეტყველებს, თუ რამდენჯერ მყავს იასონი ნახსენები ტექსტში, თუ ზოგადად რა კონტექსტში და როგორ ახსენებენ პერსონაჟები იასონს. ჩემი პერსონაჟებისთვის იასონი და არგონავტები ან მეკობრეები და ბარბაროსი ბანდიტები და ან ინსტრუმენტები არიან გრძნეული, შურისმაძიებელი ქალის ხელში.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია (თუ არის) თანამედროვე ქართული ხელოვნება ირეკლავდეს ჩვენს დღევანდელობას? ლიტერატურა გვიყვებოდეს ამბებს, რომლებიც ხდება აქ და ახლა.

ვფიქრობ, ხელოვნებას არ აქვს უნარი აღწეროს რამე სხვა, გარდა მისი სინამდვილისა, მისი დღევანდელობისა (როგორც თქვენ თქვით). შეუძლებელია ხელოვნება იყოს ხელოვნება და სხვა დროს აღწერდეს. ეს პრინციპში გამორიცხულია.

© არილი

Facebook Comments Box