ათენში, ფილის ქუჩაზე სამი რამ აუცილებლად უნდა ნახოთ:
პირველი – დომნას სახლი, რომელიც მთელ ცხოვრებას იტევს, მათ შორის – ჩემი ცხოვრების დიდ და მნიშვნელოვან ნაწილსაც… უფრო სწორად კი, ამ სახლის ოდესღაც სიმწვანეში ჩაფლულ აივანს შემხმარი მცენარეები უნდა დაინახოთ – ქვემოდან, ქუჩიდან, მეხუთე სართულისკენ მიმართული დაჟინებული მზერით, რათა მიხვდეთ, თუ რა ფორმისა და ფერისაა აივანზე დასახლებული, დომნას სიკვდილი.
მეორე – ბაზარი, რომელიც ყოველ ოთხშაბათს დილის 6 საათზე იწყებს ხმაურსა და მძვინვარებას და სისხამიდან ავსებს მთელ ქუჩას მხიარული შეძახილებით: „აბა, საზამთრო, ღვთაებრივი საზამთრო, გინდათ ნესვი – ორივე აქ გორავს, მოდიიით!“ ან „გაიღვიძეთ, მეზობლებო, წითელ-წითელი პომიდვრები გელიან, რაღას უცდით, გაიღვიძეეთ!“ ან „გოგონა, მოდი ჩემთან, ამ ლამაზ მარწყვებს მარწყვივით კოცნასაც მოვაყოლებ! მოდი, მოდი, ისეც გაჩუქებ!“ – და ასე დაუსრულებლად.
და მესამე – მთელ ქუჩაზე ჩამწკრივებული, ანთებულფანრიანი უცნაური შესასვლელები, რომლებშიც ბაზრის შეძახილთა სულ პირველი მსმენელები შედიან და გამოდიან, შედიან და გამოდიან…
დიახ, ფილის ქუჩა ბორდელების, გნებავთ – საროსკიპოების ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა ათენში. მე ამ ქუჩაზე ვცხოვრობდი, ოღონდ დომნასთან.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ბორდელების ევროპული ლეგალური ისტორია ათენიდან იწყება: ძველი წელთაღრიცხვის 596 წელს დიდმა კაცმა – სოლონმა საროსკიპოები ოფიციალურ დაწესებულებებად გამოაცხადა, ჩვენებურად რომ ვთქვათ, პროსტიტუციის ლეგალიზება მოახდინა, მეძავების საქმიანობას კი პროფესიის სტატუსი მიანიჭა. და ასე, მშვიდად და ბედნიერად მოღვაწეობდა ათენში მცხოვრები ქალების ნაწილი და ამ ნაწილს, სხვათა შორის, კანონი მშვენივრად იცავდა. მაგალითად, თუ რომელიმე კლიენტს ძალადობის მცდელობა ექნებოდა მეძავზე, საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევდა, ხოლო თუ ვინმე იძალადებდა კიდეც, მის მკვლელობას კანონი დანაშაულად არ აღიქვამდა.
იმ დროისთვის კი არა, ამ დროისთვისაც ნამდვილ მიღწევად ჩანს ეს ამბავი, განსაკუთრებით – გარშემო კარგად თუ მიმოვიხედავთ და ქართულ, მამაპაპურ ძალადობათა სტატისტიკასაც ჩავხედავთ. მაგრამ მოდი, არ გვინდა ჩვენს ბედკრულ თანამედროვეობაზე საუბარი მაშინ, როცა წარსული ბევრად უფრო მომხიბლავად გამოიყურება, განსაკუთრებით კი – ათენელ მეძავთა წარსული.
ძველ საბერძნეთში მეძავები რამდენიმე კატეგორიად იყოფოდნენ. მათგან, როგორც ვიცი, ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფნი ე.წ. პორნეები იყვნენ. სწორედ მათი წყალობით ასულდგმულებს თანამედროვე ინდუსტრიათა მონსტრს ბერძნული სიტყვა „პორნოგრაფია“. დემოსთენე ამბობდა – ოჰ, ეგენი, კაცო, ისე გასართობად, ველური ჟინის მოსაკლავად გვჭირდება, მათგან, აბა, სხვა რა ხეირს უნდა მოელოდეო. როგორც წესი, ეს მეძავები, რომლებიც უდაბლეს სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ, დიდად ვერც წარმომავლობით დაიკვეხნიდნენ (მათი უმრავლესობა უცხოელი ან ტყვედ ჩამოყვანილი, ან რამე მსგავსი იყო), ვერც განათლებით (ვინ აღირსებდა ამ ქალებს განათლებას?!) და ვერც სიმდიდრით (დიდი-დიდი თავი გაეტანათ და შიმშილით არ დახოცილიყვნენ), რასაც მეძავთა მეორე კატეგორიაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
და აი, ჩემი სკანდალური აღიარების ჟამმაც მოაწია:
მე სულ მინდოდა ათენელი ვყოფილიყავი! არა, განა ხაშურს რამეს ვუწუნებ (ის ობიექტურად არის საუკეთესო ქალაქი დედამიწის ზურგზე, ოღონდ ათენის შემდეგ!), მაგრამ ასე მგონია, რომ ათენელობა, უფრო სწორად კი ძველი ათენელქალობა უფრო მომიხდებოდა. და როცა ვფიქრობ ხოლმე, ვინ ვიქნებოდი ძველ ათენში რომ დავბადებულიყავი – ერთადერთი პასუხი მომდის თავში და ეს პასუხი არის: ჰეტერა!
ჰეტერები ანუ „მამაკაცთა თანამგზავრები“, მათი ტოლნი და სწორნი, ხშირად – მათზე აღმატებულნიც, ძველ ათენში ელიტარულ მეძავ ქალებს ერქვათ. არა, განა მეძავობა მხიბლავს, მაგრამ ჰეტერები იყვნენ ერთადერთი კატეგორია ქალებისა, რომლებიც განათლებით, ცოდნითა და ხელოვნებისადმი ტრფიალით გამოირჩეოდნენ. სულიერი განვითარების მაღალი მაჩვენებელი ჰეტერასათვის ისეთივე აუცილებელი პირობა იყო, როგორიც დახვეწილობა სიყვარულის ხელოვნებაში. ამიტომაც ამბობდა იგივე დემოსთენე – აი, ჰეტერები, ოოო, ჰეტერები, უჰ ჰეტერებიო… მაგათ გარეშე სიამოვნება არ არსებობსო!
რა თქმა უნდა, არაფერია მომხიბლავი იმაში, რომ ვიღაც რიგითი კაცი ან თუნდაც არარიგითი დემოსთენე სიამოვნების წყაროდ აღგიქვამს და სხვად არაფრად, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია ამ სამყაროში? და შედარებითიც რომ არ იყოს, რაც არ უნდა ეთქვათ კაცებს, ათენელი ჰეტერები პირდაპირი მნიშვნელობით ატრიალებდნენ მათ ქალაქს.
აკროპოლისი კი ვიცით რა სიდიადეცაა, პერიკლეს სახელიც არაერთგზის გვსმენია – დემოკრატიის მამააო, ხშირად ამბობენ მასზე. ფიდიასსაც თაყვანს ვცემთ – ძველი სამყაროს უდიდეს მოქანდაკეს, აი იმ ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების ავტორს, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი რომაა და ძველ ოლიმპიაში რომ იდგა. სოკრატე ხომ ვიცით და ვიცით. ესენი – ყველა და ყველაფერი ერთი ქალის გარშემო ტრიალებდნენ ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის ათენში. ამ ქალს ასპასია ერქვა. მილეტიდან იყო, კარგი განათლებაც ჰქონდა და როგორც ამბობენ, არც მეტი არც ნაკლები, ანტიკურობის ყველაზე უფრო გავლენიანი ქალი გახლდათ. აბა, რანაირად ვერ იქნებოდა გავლენიანი, როცა პერიკლემ მასთან კავშირის გამო საკუთარი ცოლი გაათხოვა! გაამზითვა! დააოჯახა! ასე, ლამაზად… მასზე შეყვარებულმა ფიდიასმა მისი სახე და აღნაგობა მისცა აკროპოლისზე აღმართულ ათენას ქანდაკებას. სოკრატესთან ხომ უახლოესი მეგობრობა აკავშირებდა, მასვე გაუხსნია ათენში ქალთა პირველი აკადემიაც (დიახ, პლატონის აკადემიის მსგავსი), რომელშიც ფილოსოფიას ასწავლიდა გოგონებს სულ რაღაც 20 წლისა და, საერთოდაც, თუკი რამ მნიშვნელოვანი ჩაიდინა პერიკლემ – ყველაფერში მისი ხელი ერია თურმე, პერიკლემ კი რა სასწაულებიც ჩაიდინა, მშვენივრად მოეხსენება მთელ ჩვენს სამყაროს. თუმცა ასპასია ეგეთი ქალი კი არ იყო – არც პერიკლეს სიკვდილის მერე დაუკარგავს ძალა და გავლენა, ეგ კი არა, თავისი ახალი სატრფოს – ლისიკლეს წარმატებაც მისი დამსახურებააო, ამბობენ. გასაკვირი არაა, რომ ასეთი ძალისა და გავლენის მქონე ქალი საშიში იქნებოდა, უპირველესად – კაცებისთვის, უფრო სწორად კი – მათი პატრიარქალური მორალისთვის, ამიტომაც არც სასამართლოები მოაკლეს და არც ბრალდებები სიძვასა და უღმერთობაში.
ასპასიაზე უამრავი რამის თქმა შეიძლება და ვიტყვით კიდეც, ოღონდ მოგვიანებით, აქ კი მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასპასიამ პერიკლეცა და ფიდიასიც და კიდევ ასობით წარჩინებული ათენელი თუ არაათენელი რაინდი, კი ბატონო, ჯერ სილამაზით მოხიბლა, მერე კი, როგორც გადმოგვცემენ, ჭეშმარიტად დაიმორჩილა თავისი სიბრძნით, მჭევრმეტყველებითა და ღვთაებრივი მუსიკალური უნარებით.
მოკლედ, ჰეტერები ათენელ ქალთა განსაკუთრებული წარმომადგენლები იყვნენ. სხვა ქალებისგან განსხვავებით, მათ ნადიმებზეც მიესვლებოდათ – აი, იმ ნადიმებზე, სოკრატე რომ დადიოდა ხოლმე და პლატონი რომ აღგვიწერდა. მათ უმრავლესობას კაი გვარიანი ფულიც ჰქონდა. ეგრე კი არაა საქმე – ჰეტერასთან ყოფნა ძვირად უჯდებოდათ ათენელ მოქალაქეებს. ესენიც აგროვებდნენ და აგროვებდნენ ქონებას.
და ამ ჰეტერათაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო ფრინე. სინამდვილეში, ამ ლამაზ გოგოს მნესარეტე ერქვა, ფრინე კი მისი ჰეტერული სახელი იყო. სიტყვა „φρύνη“ ბერძნულად ნიშნავს კონკრეტული სახეობის ბაყაყს, რომელიც იმით გამოირჩევა, რომ დაბადებისას სრულიად გამჭვირვალე კანი აქვს. ასეთი ჰაეროვანი კანი ჰქონია ფრინესაც.
ფრინე წარმოშობით თესპიელი იყო, მაგრამ ათენში ცხოვრობდა, მე-4 საუკუნეში. აქვე მოღვაწეობდა კიდეც. ამ მოღვაწეობით ისეთი დიდძალი ქონება შეუძენია, რომ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შედეგად დანგრეული თებეს გალავნის აღდგენის დაფინანსება განუზრახავს. ამ ამბავს ათენეოსი გვიყვება და იმასაც გვამცნობს, რომ ფრინეს გალავნის ასაშენებლად ერთადერთი პირობა ჰქონდა: კედელზე ასეთი წარწერა უნდა დატანილიყო – „დაანგრია ალექსანდრემ, აღადგინა ფრინემ – ჰეტერამ“. ცალკე ამბავია ეს წარწერა – რაღაცნაირი, ჰეტერულად ამაყი ამბავი და ვერ დავმალავ, რომ ძალიან მომწონს. ხშირად ასეც ხდება – „დიდი“ კაცები ანგრევენ, ქალები კი ამ ნანგრევებისგან ახალ და დიდებულ ამბებს აშენებენ ხოლმე – ამაყად და თავდაჯერებით.
როგორც ამბობენ, ფრინე ელევსინური მისტერიებისა და პოსეიდონის დღესასწაულის დროს გაიშლიდა თავის მშვენიერ თმას, მიყრიდა სამოსს სანაპიროზე და შიშველი ჩადიოდა ზღვაში. ამ დროს ფრინე ქალღმერთს ჰგავდა. ალბათ ზღვაში ამგვარი ღვთაებრივი შესვლის მომსწრე გახდა დიდი ათენელი მოქანდაკე პრაქსიტელეც, რომელმაც ბერძნული ქანდაკების ისტორიაში პირველმა შექმნა სრულიად შიშველი ქალის სკულპტურა – ფრინე გამოაქანდაკა და მას კნიდოსელი აფროდიტე უწოდა. განა რაა მოულოდნელი იმაში, რომ ჰეტერა ფრინე სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტედ აქცია ხელოვნებამ? არც არაფერი, მით უფრო, რომ არც სხვა ხელოვანები დარჩენილან გულგრილნი ფრინეს მიმართ. მათ შორის იყო ანტიკურობის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი აპელესი, კუნძულ კოსიდან.
ათენეოსის ცნობით, აპელესს ზღვიდან ამომავალი ფრინე რომ უხილავს, უფიქრია – ასე მხოლოდ ახალშობილი აფროდიტე შეიძლება ამოდიოდეს ზღვიდანო და ეს ფიქრი გადაუტანია თავის ტილოზეც, რომელსაც „აფროდიტე ანადიომენე“ ანუ „ზღვიდან ამომავალი აფროდიტე“ ჰქვია. ჩვენ ამ ნახატს ვერასდროს ვიხილავთ, მაგრამ შეგვიძლია ვენდოთ პლინიუსსა და ათენეოსს და მისი დიდებულება დავიჯეროთ. სხვა გზა, სინამდვილეში, არც გვაქვს, ვინაიდან ერთხელ მაინც თუ გინახავთ ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ ან ტიციანის „ზღვიდან ამომავალი ვენერა“, უკვე იცით რა მასშტაბის დიდებულებასთან გვექნებოდა საქმე აპელესის ტილოზე. დიახ, ეს ნახატები, ისევე როგორც ზღვიდან ამომავალი აფროდიტეს სიუჟეტის შემცველ ტილოთა უმრავლესობა, სწორედ აპელესის ნახატით, უფრო ღრმად კი – ზღვის სიღრმიდან ამომავალი თუ შემავალი ფრინეს წარმოსახვითაა განმსჭვალული. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ნახატებზე ასახული ნიჟარაც არაა შემთხვევითი – ჯერ კიდევ ანტიკურ ხელოვნებაში ქალის ვულვის სიმბოლიკა დაჰყვებოდა ამ მშვენიერ ზღვიურ ქმნილებას. და აქ ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ფრინეს ერთი დიდებული ოქროს ქანდაკება – პრაქსიტელეს მიერ შექმნილი, ცხადია – თვით აპოლონის წმინდა მიწაზე, დელფოში იდგა მთელი თავისი დიდებულებით.
ფრინეზე ბევრი ამბავი ვიცით და ამ ამბებს ანტიკური წყაროები გვამცნობენ. მათგან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფრინეს სასამართლოს სცენაა. როგორც ფსევდო-პლუტარქე გვიამბობს, ფრინეს არეოპაგის წინაშე წარდგომა მოუწია. ბრალდება კი „ასებეია“ ანუ მკრეხელობათა მომცველი ურწმუნოება, უღმერთობა თუ რაღაც ეგეთი იყო. პატივს არ სცემს ჩვენს ღმერთებს, წინაპრებს, ტრადიციებს, მოკლედ, ბერძნობას გვართმევსო – ძველ ათენშიც ამბობდნენ ხოლმე ჩვენთვის ესოდენ მშობლიურ ფრაზებს.
ფრინეს სასამართლოში მისი ერთ-ერთი სატრფო – ათენელი რიტორი ჰიპერეიდესი იცავდა. სასამართლოზე საქმე ცუდად მიდიოდა – ვეღარაფერი დაიხსნიდა ფრინეს სასჯელისგან, თვით კარგი ორატორის მჭევრმეტყველებაც კი. და თუ არ იცით, რამ შეიძლება გადაგარჩინოთ მაშინ, როცა თვით ბერძნული სიტყვებიც კი უძლურია, ეს ამბავი გაიხსენეთ:
ჰიპერეიდესმა, რომლის მჭევრმეტყველებაც სასამართლოზე დამარცხდა, ისევ ფრინეს სილამაზით გაიმარჯვა. უეცრად ფრინეს სამოსი შემოაცალა და არეოპაგის წევრების წინაშე სრულიად შიშველი დატოვა. და სასამართლომ ფრინე გაამართლა.
რატომ? იმიტომ, რომ სილამაზე ნიჭია ან უფრო მადლი, რომელიც ასე თავისით არ ეძლევა ადამიანებს. მათში რომელიმე ღმერთის ხელი აუცილებლად ურევია. ამის ბერძნებსაც სწამდათ და მეც მწამს. ამიტომაც, ფრინეს მშვენიერებით დატყვევებულმა მსაჯულებმა იფიქრეს – ეს აფროდიტეს რჩეულია, სხვაგვარად ასეთი სილამაზე შეუძლებელიაო. და იმისათვის, რომ მშვენიერი ჰეტერას დასჯით ქალღმერთის რისხვა არ გამოეწვიათ, ფრინეს ყოველგვარი სასჯელი მოუხსნეს. აი, ასეთ სასწაულებს სჩადის ხოლმე სილამაზე, კი ბატონო – ცრურწმენაც.
ფრინესა და სილამაზეზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოდი, აქვე ვაღიაროთ, რომ ჰეტერები უბრალო ქალები არ იყვნენ. ისინი იმაზე უფრო მაგარი ქალები იყვნენ, ვიდრე მათ საყვარლებს წარმოედგინათ და ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
ამიტომაც, დიდება მათ – ჰეტერებს!
თუმცაღა ძველ საბერძნეთში, ისევე როგორც სხვა ძველ ცივილიზაციებში, არსებობდა მეძავთა კიდევ ერთი კატეგორია. მაგრამ, აბა, ამათ კატეგორია რანაირად უნდა უწოდო, როცა ისინი, არც მეტი, არც ნაკლები – ღვთისმსახურები იყვნენ. ჰო, ცხადია, ახლა შეგიძლიათ გაიხსენოთ „დეკამერონები“ და არანაკლებ ცოცხალი ამბები ჩვენი თანამედროვე ღვთისმსახურთა ცხოვრებიდან, მაგრამ ძალიან გთხოვთ, არაფერი შეგეშალოთ! ის ქალები, ანტიკურობიდან, ნამდვილად იყვნენ ღვთისმსახურები და საკუთარ სხეულსაც ღვთისმსახურების მოტივით ყიდდნენ. მერე ამ ფულით ტაძრებს ამკობდნენ. ისე, ამ მხრივ, ტრადიცია დიდად არც შეცვლილა ანტიკურობის მერე, უბრალოდ ღმერთის სახელით სიძვა უფრო ოკულტურად მასშტაბური გახდა.
ამ ქალებს „ჰიეროდულები“ ანუ წმინდა თუ სიწმინდის მონები ერქვათ. დღეს ეს სიტყვა ბერძნულში, ძირითადად, მეძავის მნიშვნელობით გამოიყენება. არავითარი წმინდა! ხანდახან სიტყვებიც კარგავენ ხოლმე სიწმინდეს.
სხვათა შორის, ძველად მთელ რიგ ქვეყნებში კაცი ქურუმებიც ადგებოდნენ იმავე გზას. მაგრამ მაინც რა ხდებოდა ძველ საბერძნეთში?
რა ხდებოდა და მამები (არ მოგეჩვენათ – მამები!) საგანგებოდ აგზავნიდნენ თავიანთ ქალიშვილებს აფროდიტეს ტაძარში, რათა ქალწულობა ვინმე უცხოსთვის მიებარებინათ, ცხადია, ქალღმერთის მეთვალყურეობის პირობებში. აი, ეს დიდი საქმე იყო! როგორც წყაროები გვამცნობენ, ჩამოსხდებოდნენ აფროდიტეს წმინდა მეძავები ტაძრის წინ და ელოდნენ მას, ვინც რამდენიღაცა დრაქმის სანაცვლოდ შიგ აფროდიტეს ტაძარში მიეცემოდა სიყვარულს ქალღმერთის ქურუმთან. აი, ასეთი დიდებული ღვთისმსახურება იცოდნენ ძველ საბერძნეთში!
ცხადია, იმასაც ამბობენ, რომ ამ ტაძრებში ქალებს დასჯის მიზნით განაწესებდნენ ხოლმე. არ ვიცი, რომელია მართალი, მაგრამ ჰეროდოტეს ერთი ცნობა კი წამიკითხავს, რომელშიც ამ წმინდა მეძავებზე გაგულისებული ისტორიოგრაფი გვამცნობს – კორინთოში მდებარე აფროდიტეს დიდებული ტაძრის მეძავთა ქცევა მთლად სახარბიელო ვერ არისო. აბა, რა საქციელია – ჩამოდგებიან ეს ურცხვები გამჭვირვალე კაბით, მთელი შიშველი სილამაზე რომ მოუჩანთ ისე და საწყალ მეზღვაურ, ვაჭარ და ათასი სხვა პროფესიის კაცებს თავგზას უბნევენო. ოჰ, ეს წმინდა მეძავები, ცოტანი მაინც იყვნენ – მთელი 1000 წმინდა მეძავი იღვწის კორინთოს აფროდიტეს ტაძარშიო.
მე არ ვიცი, რომელმა წმინდა მეძავმა გაანაწყენა ჰეროდოტე, ასე გაბრაზებით რომ წერს მათზე, მაგრამ ერთი ვიცი – წმინდა მეძავების პრაქტიკა მხოლოდ ბერძნული ფენომენი არ არის. მსგავსი ტაძრები ბაბილონშიც მრავლად ჰქონიათ, ეგვიპტეშიც და, თქვენ წარმოიდგინეთ – ჩვენს სამეზობლოში, სომხეთშიც კი. იშთარისა და ანაჰიტის ქურუმი ქალებიც ზუსტად ეგრე იქცეოდნენ თურმე, როგორც აფროდიტეს წმინდა მეძავები.
ყველაზე ამაღელვებელი კი ამ ამბავში ისაა, რომ გარდა აფროდიტეს მსახურების სახელით სიძვისა, წმინდა მეძავებს სხვა პრივილეგიაც ჰქონდათ – ისინი მაღალ სოციალურ საფეხურზე იდგნენ. ასე კეკლუცად მოიხდიდნენ თავიანთ ვალს აფროდიტესთან, გაერთობოდნენ, გაილაღებდნენ, ამ გზით განიწმინდებოდნენ, მერე კი რომელიმე კეთილშობილ ათენელს ან სპარტელს, ან, რა ვიცი, კორინთელს გაჰყვებოდნენ ცოლად და კაი მეოჯახე ქალების სახელსაც თავისუფლად მოიპოვებდნენ ხოლმე. მოკლედ, თუ ჰეტერას ცოლად მოყვანა შეუძლებელი ამბავიც კი იყო, ამ ქურუმ მეძავებს არავინ იწუნებდა, პირიქით – ერთი ამბავი ჰქონდათ სასიძოებს მათ გამო. აბა, ღმერთის სახელით ჩადენილი სიძვა ბოზობა ჰო ვერ იქნება, არა? სიძვა კი არა, ეგ არის განსხივოსნება, განწმენდა, გაფურჩქნა და, რა ვიცი, კიდე რა! მოკლედ, აი ეს სექსქურუმები ყოფილან, ვინც ყოფილან და ამიტომაც, ისევ დიდება მათ – წმინდა მეძავებს!
ფილის ქუჩაზე სამი რამ რომ უნდა ნახოთ, ხომ გახსოვთ? აი, იქ – ფანრებიან შესასვლელებს მიღმა რა ხდება, მე არ ვიცი, მაგრამ მანდედან, როგორც წესი, ყოველდღე გამოდიან ხოლმე გოგოები. რთულია მათი გამოსვლის წუთის მოხელთება, თუმცა როცა ფილის ქუჩაზე ცხოვრობ და ყოველდღე გიწევს ამ ფანრებთან ავლა-ჩავლა, ერთხელ აუცილებლად დაგემართება ასეთი რამ:
– ჰეი, როგორ ხარ? – გეკითხება შემთხვევით უბნის მაღაზიაში გაცნობილი ახალგაზრდა, ლამაზი ქალი, რომელიც ერთ-ერთი ფანრიანი შესასვლელიდან გამოდის.
– კარგად, შენ როგორ ხარ? – კითხვითვე უბრუნებ.
– მეე? ჰჰჰმ, – ჩაიცინებს და თვალებში სევდა, სახეზე დანანება და ირონიანარევი სიხარული ედება, – მეეე? მე – ქალღმერთივით!
და შენ უკვე იცი, რომ ფილის ქუჩის წმინდა მეძავები ზუსტად ისე უხერხულად აქანავებენ მზერას ამ შეკითხვაზე, როგორც შენ – გამოცდის დროს, როცა ლექტორი იმას გეკითხება, რაზედაც უამრავი პასუხი გაქვს, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის სწორი.
© არილი