ესე,  რეცენზია

თაკო წულაია – ცხოვრება ვეზუვის ძირში ანუ ალბანური სიზმრების სასახლე

„დიქტატურა და ნამდვილი ლიტერატურა შეუთავსებელია… მწერალი დიქტატურის ბუნებრივი მტერია.“

ისმაილ კადარე

ისმაილ კადარე 1936 წელს, ალბანეთის სამხრეთში, ქალაქ გიროკასტრაში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, როცა ენვერ ხოჯამ კომუნისტური მთავრობა ჩამოაყალიბა, სულ რაღაც ცხრა წლის იყო. მოგვიანებით, საკუთარ ბავშვობაზე წერისას, კადარემ ომისა და ოკუპაციის წლებიც აღწერა. ქალაქი, სადაც იგი იზრდებოდა, შერეული ქრისტიანული და მუსლიმური პოპულაციით, მომავალი დიქტატორისა და მმართველი კლანის სხვა წევრების დაბადების ადგილიც იყო. კადარე, მეტისმეტად პატარა იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია, იქცა იმის ჩამოყალიბების მოწმედ, რასაც საბოლოოდ თავისი შემოქმედებით დაუპირისპირდა.

კადარეს ცხოვრება და წერა უწევდა ხოჯას რეჟიმის დროს, დიქტატორის, რომელიც სრულად აკონტროლებდა ალბანეთს 1945 წლიდან 1985 წლამდე. კადარემ საერთაშორისო რეპუტაცია თითქმის მაშინვე მოიპოვა, როცა მისი რომანი „მკვდარი არმიის გენერალი“ საფრანგეთში გამოიცა. სავარაუდოა, რომ ხოჯასგან კადარეს სწორედ ეს რეპუტაცია იცავდა. შემდეგ წლებში ისმაილ კადარე ხშირად აკრიტიკებდა დიქტატორული მმართველობის სხვადასხვა ასპექტს, თუმცა, ძირითადად, წერდა სხვა ისტორიულ დროსა და ვითარებაზე, წარსულს იყენებდა როგორც აწმყოს მეტაფორას და ქმნიდა ძალაუფლების ხატებს, რომლებიც არა მხოლოდ კონკრეტული მმართველობის სისტემის სიმახინჯეს, არამედ ზოგადად ტოტალიტარული მექანიზმების აბსურდულობასა და მანკიერებებს ასახავდა.

ამ კონტექსტში იწერება „სიზმრების სასახლე“, ადრეულ 80-იან წლებში. კადარე მოგვიანებით, The Paris Review-სთან ინტერვიუში იხსენებს რომანის დაბადებას:

„ჩემს რომანში „სირცხვილის კუთხე“ არის ერთი გვერდი, სადაც პირველად ჩნდება სიზმრების კონტროლის იდეა. მოგვიანებით ვიფიქრე, რომ სამწუხარო იქნებოდა ამ იდეის ასე მოკლედ, ზედაპირულად გამოყენება. ამიტომ ამ თემაზე მცირე მოთხრობა დავწერე, გამოქვეყნების იმედის გარეშე. მაგრამ ორი თავი მაინც გამოქვეყნდა მოთხრობების კრებულში. როდესაც მივხვდი, რომ ხელისუფლებამ ეს ტექსტი ვერ შეამჩნია, გამბედაობა მოვიკრიბე და რომანადაც ვაქციე.“

იმავე ინტერვიუში ჰყვება იმის შესახებ, რაც ამ რომანის გამოქვეყნებას მოჰყვა:

„ალბანეთში გამოქვეყნებისწინა ცენზურა არ არსებობდა; იმდენად დიდი იყო შიში და ტერორი, რომ თვითცენზურაც საკმარისი იყო. ეს ხოჯას ერთ-ერთი ახირება გახლდათ – როგორც უკვე ვთქვი, თავი ინტელექტუალად მიაჩნდა. ასე რომ, წიგნის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილებას გამომცემლები იღებდნენ.

როცა „სიზმრების სასახლის“ ხელნაწერი მივიტანე გამომცემლობაში, ვიცოდი, რომ საშიში წიგნი იყო. გამომცემელმა წაიკითხა და მითხრა, რომ ვერ გარისკავდა მის გამოქვეყნებას. მაშინ ვუპასუხე, რომ მე ვიღებდი პასუხისმგებლობას: თუ პრობლემებს შეგიქმნიან, უთხარი, რომ ჩემმა სახელმა და გავლენამ გაიძულა, დამთანხმებოდი-მეთქი. ასეთ ვითარებაში ისინი ყოველთვის ავტორს სჯიდნენ და არა გამომცემელს. ასეც მოხდა. გამომცემელმა ხელისუფლებას უთხრა, რომ ჩემი ავტორიტეტის გამო ვერ გაბედა ხელნაწერის გამოქვეყნებაზე უარის თქმა“.

მიუხედავად იმისა, რომ „სიზმრების სასახლეში“ მოქმედების ადგილი ოსმალეთის იმპერიაა, ხოჯას პოლიტიკურ რეჟიმთან ტექსტის აშკარა მსგავსებები მკითხველებმა იოლად შენიშნეს, ამიტომაც 1982 წელს ალბანელი მწერლების ნაწილი, პოლიტბიუროს წევრებთან ერთად, სასწრაფოდ შეიკრიბა და რომანის აკრძალვა გადაწყვიტა. კადარე კომუნისტურ მთავრობაზე შეტევაში დაადანაშაულეს, თუმცა არ დაუპატიმრებიათ, შესაძლოა, იმიტომ, რომ უკვე მსოფლიოში ცნობილი მწერალი და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. საბედნიეროდ, აკრძალვამდე რომანის უკვე ათასობით ეგზემპლარი იყო გაყიდული.

ინტერვიუერის შეკითხვას, სასწაულმა იხსნა თუ არა სასჯელისგან, კადარე ასე პასუხობს:

„ყველა რეჟიმს სჭირდება სახის შენარჩუნება საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და თუ ცნობილი მწერალი ხარ, იძულებულია, ფრთხილად იყოს. ხოჯას უნდოდა, რომ იგი პოეტად აღექვათ, სორბონის სტუდენტად, მწერლად დაენახათ და არა მკვლელად.

ასეთ დიქტატურაში მწერალს მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეუძლია: სცადოს, შექმნას ნამდვილი ლიტერატურა. ეს არის მისი ვალი მარადისობის წინაშე. სხვა რამის იმედი ცინიზმი და დანაშაულია. ალბანელებს ჩემი სახით ჰყავდათ მწერალი, რომელიც მათ მსოფლიოსთან აკავშირებდა. მე ვმართავდი ჩვენს კულტურულ ცხოვრებას და ჩემი შემოქმედებით ალბანურ კულტურას ვდარაჯობდი. ერთ მხარეს იყო ჩემი ნამუშევრები, ხოლო მეორე მხარეს – კომუნისტური პროდუქტი, რომელიც არაფრად ვარგოდა.

როცა ჩემი წიგნი გამოქვეყნდა, თხუთმეტ წუთში სრულად გაიყიდა – თითოეული ეგზემპლარი მაშინვე იყიდეს. ხალხმა იცოდა, რომ წიგნი, სავარაუდოდ, აიკრძალებოდა და ჩქარობდნენ, მანამ ეყიდათ, ვიდრე ეს მოხდებოდა.“

მაინც რამ აქცია „სიზმრების სასახლე“ ასეთ საშიშ და, ამავე დროს, მნიშვნელოვან ლიტერატურულ ნაწარმოებად? ზამიატინის, ორუელის, ჰაქსლის, კაფკას შემდეგ ამჯერად ალბანელმა ისმაილ კადარემ შექმნა ძალაუფლების კიდევ ერთი ალეგორია – რომანი ხელშეუხებელი მმართველის, უხილავი დამკვირვებლის (ხან დიდ ძმად რომ მოვიხსენიებთ და ხან სულთნად), ბიუროკრატიის ბნელი დერეფნებისა და ამ დერეფნებში სახეტიალოდ მიტოვებული უძალო ადამიანების შესახებ. ამბავი ჩინოვნიკებზე, საჯარო მოხელეებზე, შორეულ პროვინციებში, ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ხალხზე, მათ სიზმრებზე და ინტერნალიზებულ შიშზე, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი რამ შეიძლება შეგემთხვეს და უბედურება იმალება არა მხოლოდ სინამდვილეში, რომელშიც იღვიძებ, არამედ სიზმრებშიც, რომლებსაც გაღვიძებამდე ხედავ. პირველ ყოვლისა კი, კადარემ დაწერა რომანი მარტოობის შესახებ – მარტოობაზე ტოტალიტარულ სისტემაში. უკეთ რომ გავიაზროთ ამ მარტოობის არსი, ჰანა არენდტი უნდა გავიხსენოთ და მისი „იდეოლოგია და ტერორი: მმართველობის ახალი ფორმა“: როგორც არენდტი წერს, ტოტალიტარული მთავრობა ვერ იარსებებს საზოგადოებრივი ცხოვრების განადგურების გარეშე, მისთვის აუცილებელია, შეძლოს ადამიანების იზოლირება და ამ გზით ჩაახშოს მათი პოლიტიკური უნარები; იგი ეფუძნება ადამიანების მარტოობას და მათთვის სამყაროსთან მიკუთვნებულობის განცდის გაქრობას, რაც ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური და სასოწარმკვეთი გამოცდილებაა ადამიანისთვის. მეტიც, სწორედ მარტოობა ის, რაც ტოტალიტარული დომინაციისთვის ამზადებს არატოტალიტარულ საზოგადოებებს: მარტოობა, რომლითაც ოდესღაც მხოლოდ კონკრეტულ მარგინალურ მდგომარეობებში აღმოჩენილი ადამიანები იტანჯებოდნენ, გადაიქცა ყოველდღიურ გამოცდილებად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის. სწორედ ასეთი მზარდი, ყოვლისმომცველი მარტოსულობის ანაბეჭდები ჩანს როგორც სიზმრების სასახლის ყოველ კუთხეში, ასევე ქალაქში, რომელიც კრძალვითა და ცახცახით შეჰყურებს ქალაქის შუაგულში აღმართულ სიზმრების სასახლეს.

გავყვეთ რომანის სიუჟეტსაც: „სიზმრების სასახლის“ მთავარი მოქმედი პირი მარკ-ალემია, ცნობილი და გავლენიანი ქუფრილიუების გვარიდან. ამ გვარს მძიმე ბედისწერა დაჰყვება თან: ისინი თვითმპყრობელს ემსახურებიან, ფაქტობრივად, „ვეზუვის ძირას ამუშავებენ მიწას“ (რადგან ხელისუფალთან სიახლოვე სწორედ ამ შეუძლებელ აქტს ჰგავს თავისი ბუნებით) და მისგან იღებენ სასჯელსაც და ჯილდოსაც. ამ საგვარეულოში იმდენივე მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და გუბერნატორია, რამდენიც პატიმარი, სიკვდილმისჯილი და თავმოკვეთილი. ამ „უკიდურესობების“ საგვარეულო წყევლისგან თავდასაღწევად, მარკ-ალემის დედა თავისი ერთადერთი შვილისთვის შედარებით უსაფრთხო, თუმცა პრესტიჟულ სამსახურს ეძებს. მარკ-ალემს ისეთი სამუშაო უნდა გამოუძებნონ, სადაც კარიერის გაკეთების შესაძლებლობა ყველაზე დიდი იქნება, ციხეში მოხვედრის კი – ყველაზე პატარა. ამ საკითხზე მთელი ოჯახი მსჯელობს და საბოლოოდ, ყველა მარკ-ალემის ბიძის, გავლენიანი ვეზირის აზრს ემხრობა: მარკ-ალემმა სიზმრების სასახლეში, ანუ თაბირ სარაიში უნდა დაიწყოს მუშაობა.

მთხრობელი სწორედ თაბირ სარაის ბნელ დარბაზში მოხვედრილ ახალგაზრდა კაცს მიჰყვება. მკითხველმა ზუსტად იმდენივე იცის ამ უცნაურ დაწესებულებაზე, რამდენიც თავად მარკ-ალემმა და ნელ-ნელა, სხვა თანამშრომლების ჩურჩულში, გამოხედვაში ცდილობს სიზმრების სასახლის საიდუმლოს ამოხსნას. სასახლის შემდეგ კი იმ სახელმწიფოს მუშაობის პრინციპების გაგებას, რომელსაც ოსმალეთის იმპერიის სახელით ვეცნობით.

იმპერიული სახელმწიფო, რომელიც რომანის მოქმედების ადგილია, პირველია კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც სიზმრების ინსტიტუციონალიზაცია შეძლო. ამ სახელმწიფოში სჯერათ, რომ ყოველი ადამიანის (და არა მხოლოდ განსაკუთრებული წინასწარმეტყველური უნარებით დაჯილდოებული რჩეულების) სიზმარში შეიძლება იმალებოდეს ისეთი ნიშნები, რომელთა ამოცნობით ქვეყნისა და მისი მმართველების უბედურების, ომებისა თუ ეპიდემიების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. რაკი სანამ აზრი გეგმად, გეგმა კი ქმედებად იქცევა, ჯერ მისი ჩრდილი სიზმარში, ქვეცნობიერში უნდა გამოჩნდეს, იმპერიაში მიიჩნევენ, რომ სიზმრებში ყველაზე ზუსტად აისახება აწმყოც და მომავალიც. შესაბამისად, ფადიშაჰის განკარგულებით, როგორც ცენტრალურ ნაწილში, ისე ქვეყნის ყველაზე შორეულ კუთხეში მცხოვრები თითოეული ადამიანის სიზმარი შესწავლისა და ინტერპრეტაციის საგანია.  ამიტომაც არსებობს უამრავი სიზმრის გადამწერი, შიკრიკი და, რაც მთავარია, სელექციისა და ინტერპრეტაციის განყოფილებები: „სელექციაში“ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო სიზმრების გადარჩევა ევალებათ, „ინტერპრეტაციაში“ – გადარჩეული სიზმრების განმარტება და მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ზესიზმრის შერჩევა სულთნისთვის.

მარკ-ალემი, როგორც გავლენიანი ოჯახის წევრი, მუშაობას სელექციის განყოფილებიდან იწყებს, შემდეგ კი ეტაპობრივად მიიწევს უფრო მაღალი პოზიციებისაკენ, თაბირ სარაის სიღრმეში, ვიდრე საბოლოოდ დაწესებულების უმაღლეს თანამდებობასაც არ დაიკავებს.

სიზმრების სასახლე განსაკუთრებით კაფკას გოდოლს ენათესავება: უსასრულო კორიდორები, ბნელი დერეფნები, ბიუროები, რომელთა შესასვლელსაც ვერასდროს იპოვი, უკუნეთიდან მოულოდნელად გამოჩენილი უსახელო, ერთნაირი თანამშრომლები, რომლებიც გზის გაგნებაში გეხმარებიან ან ისე ეჭვით გიყურებენ, თითქოს დანაშაულზე წაგასწრეს, მოხელეები, რომელთა გამომეტყველებაც არასოდეს ამჟღავნებს ემოციას… კადარესთან ყველაფერია, რაც ბიუროკრატიის ჯოჯოხეთს ქმნის; ყველაფერი, რაც ქვეშევრდომებს შიშსა და მორჩილებას უნერგავს. ამ პირქუში ნაგებობის ფონზე თავიდან სასაცილოდ გამოიყურება გარესამყაროდან სასახლის წესრიგში პირველად მოხვედრილი მარკ-ალემი, უცხო, ის, ვინც ჯერ კიდევ არ არის შინაური თაბირ სარაისთვის და რომელმაც ალალბედზე უნდა დააკაკუნოს ათობით იდენტურ კარზე, ვიდრე სასურველ ოთახს იპოვის; თუმცა მალევე კარგავს პერსონაჟი კომიკურობას, თითქმის მაშინვე, როგორც კი მთელი რიგი ფატალური შემთხვევითობების პირისპირ აღმოჩნდება.

დავუბრუნდეთ კვლავ ჰანა არენდტს: როდესაც სისტემა ნამდვილად ტოტალიტარული ხდება, ის იწყებს მოქმედებას ისეთი ღირებულებათა სისტემის შესაბამისად, რომელიც იმდენად რადიკალურად განსხვავებულია ყველა სხვა სისტემისგან, რომ ჩვენთვის ნაცნობი, ტრადიციული (მორალური, საღი აზრის თუ იურიდიული) კრიტერიუმები ვეღარ გვეხმარება მისი მოქმედებების შეფასებაში, გაგებასა თუ მოვლენების განვითარების პროგნოზირებაში.

ამ კუთხით, კადარეს შექმნილი რეალობა, სრულიად იდენტურია არენდტის მიერ აღწერილი ტოტალიტარიზმის: ოსმალეთში თაბირ სარაის ავტორიტეტი მოქალაქეთა ცხოვრებაზე ეჭვშეუტანელი და აბსოლუტურია. ესაა ბრმა ინსტიტუცია, რომელმაც ნებისმიერ დროს შეიძლება შეიწიროს ადამიანები, ოჯახები და საგვარეულოები ყოველგვარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიებისა და ლოგიკის გარეშე. მტკიცებულებები საჭირო არ არის, დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისია ერთი რიგითი ადამიანის სიზმარში გამოჩენილი სიმბოლო, რომელსაც სხვა, ასევე რიგითი ინტერპრეტატორი განმარტავს როგორც ავისმომასწავებელს და იმპერიისთვის საფრთხის შემცველს. ასეთ დროს დაცული არავინაა, მათ შორის არც სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რადგან კადარეს რეალობაში სასჯელი წინ უსწრებს დანაშაულს და სიზმარს რეალობაზე დიდი ძალაუფლება აქვს. ამიტომაცაა ოსმალეთის იმპერია პარანოიდული პოლიტიკური სისტემა, რომელიც საღი აზრის ნაცვლად სიზმრების ლოგიკას ეყრდნობა და პოტენციური ქმედებისთვის სჯის მოქალაქეებს. რომანში აღწერილი ძალაუფლების მექანიზმის სიმძლავრეს სწორედ ეს განაპირობებს – მისი შთამბეჭდავი, ყოვლისმომცველი აბსურდულობა და არაპროგნოზირებადობა. იგი საკმარისადაა რეალობას მოწყვეტილი იმისათვის, რომ მისი შემდეგი ნაბიჯების განჭვრეტა შეუძლებელი იყოს, თუმცა არა იმდენად, რომ გარე სამყაროს გავლენებს დაუსხლტეს და წმინდად ცრურწმენებსა და სიზმარ-ჩვენებებზე დამოკიდებული ობიექტური მანქანა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ თაბირ სარაი ენვერ ხოჯას მმართველობასთან დააკავშირეს, ვფიქრობ, კადარე მაინც უფრო განზოგადებულ სახეს ქმნის, აბსტრაქტულ სურათს და არანაირად არ ისახავს მიზნად კონკრეტული პირის მმართველობის პერიოდის ისტორიულად ზუსტ ასახვას.

ეს განსაკუთრებით აშკარა რომანის კულმინაციურ ეპიზოდშია:

როგორც აღმოჩნდება, მარკ-ალემს გავლენიანმა ბიძამ, ვეზირმა, ტყუილად არ ურჩია სამსახურის თაბირ-სარაიში ძებნა. თანდათან ცხადდება, რომ სიზმრების სასახლის ჰერმეტულობა მითია და მასზე დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკური ინტრიგები. მეტიც, ხშირად პოლიტიკური კლანები სიზმრებს პოლიტიკური ძვრების გამოსაწვევად იყენებენ და თავად თხზავენ ზესიზმრებს სულთნისთვის, რათა მეტოქეები ჩამოიშორონ ან ძალაუფლება მოიპოვონ მის კარზე. მარკ-ალემი ასეთი პოლიტიკური ინტრიგებისთვის გამოუცდელი აღმოჩნდება და გამოეპარება ერთი უწყინარი სიზმარი, რომელსაც სხვა ინტერპრეტატორი „ზესიზმრად“ მიიჩნევს, სულთანს გადასცემს და გაშიფრავს როგორც აჯანყების მომასწავებელს. სწორედ ერთი სიზმრის ინტერპრეტაცია იწვევს მარკ-ალემის ოჯახისთვის, ქუფრილიუების გვარისთვის კატასტროფულ შედეგებს და მარკ-ალემი პირველად აცნობიერებს სიზმრების დამანგრეველ ძალასა და თაბირ-სარაის ძალაუფლების მასშტაბურობას. აცნობიერებს იმასაც, რომ თაბირ-სარაი, „ყველაზე უფრო ბრმა, ყველაზე უფრო საბედისწერო და, ამიტომაც, ყველაზე უფრო სახელმწიფოებრივი“ ინსტიტუცია სინამდვილეში არც ისეთი დამოუკიდებელია, როგორადაც გააცნეს და სინამდვილეში მხოლოდ შიშისა და მართვის ინსტრუმენტია, რადგან იმპერიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები ხშირად მიზანმიმართულად თესავენ ცრუ ზესიზმრებს და სიზმარი, თავისთავად არასანდო ხილვა, კიდევ უფრო საშიშ ჩვენებად გარდაისახება მათ ხელში.

„სიზმრების სასახლე“ გარდატეხის გარეშე სრულდება. თაბირ სარაი თხრობის დასასრულს ისეთივე ძლევამოსილია, როგორიც თხრობის დასაწყისში იყო. თუმცა რომანის ბოლოს მარკ-ალემს აღარაფერი აქვს საერთო იმ გულუბრყვილო ახალგაზრდასთან, რომელმაც პირველად ჩაიარა სიზმრების სასახლის დერეფანში. მარკ-ალემი ტირის და როცა კიდევ ერთხელ უსწორებს ცრემლით დაბინდულ თვალებს ქალაქს, ხვდება – ის, რასაც მთელი ცხოვრება უყურებდა, მხოლოდ პირქუში უფსკრულია, შემაძრწუნებელი და უფსკერო წყვდიადი, რომელშიც სინათლის ნამცეცებს უშედეგოდ დაეძებენ ადამიანები. მარკ-ალემის მდგომარეობა სხვა არაფერია, თუ არა ყოვლისმომცველი მარტოობა და განცდა, რომ სრულიად მოწყვეტილია ქვეყანას, რომელიც მისი სამშობლო უნდა ყოფილიყო.

როდესაც კადარემ ინტერვიუში თქვა, დიქტატურაში მწერალს მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეუძლია – უნდა სცადოს, შექმნას ნამდვილი ლიტერატურაო, ინტერვიუერმა სთხოვა, დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა ნამდვილ ლიტერატურაში.

მას მაშინვე ამოიცნობთ, ინსტინქტურად. ყოველ ჯერზე, როცა წიგნს ვწერდი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს დიქტატურას ხანჯალს ვასობდი და ამავდროულად ხალხს ვამხნევებდი.“ – უპასუხა კადარემ.

„სიზმრების სასახლეც“ ხანჯალია და ალბათ, ოდესღაც, ხანჯალთან ერთად, ნუგეშიც იყო ალბანელი მკითხველებისთვის, რომლებიც მარკ-ალემივით კარგად იცნობდნენ სიბნელისა და უძირო უფსკრულების ბუნებას.

© არილი

Facebook Comments Box