ესე (თარგმანი)

უმბერტო ეკო – თავბრუდამხვევი სიები

eco 333

იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა

1963 წელს, ჩემს ბიჭს, რომელიც სულ რამდენიმე თვის იყო, წერილი მივწერე. შემდეგ ეს წერილი “მცირე დღიურში” დაიბეჭდა. ვწერდი, როგორც კი იმ სათამაშოებს მიატოვებ, რომელსაც ბავშვები პირისკენ მიაქანებენ, თოფებს გიყიდი-მეთქი. ჩემი ამოსავალი პრინციპი, დღემდე უჯანსაღესი რომ მგონია, ის იყო, რომ ბავშვობაში სამხედრო აღჭურვილობით გართობა (ისევე, როგორც ოცნებაში წარმოდგენილი, სალგარის წიგნებში აღწერილი ხომალდების შეჯახება ან დილიჟანსზე თავდასხმა) თავისუფალ გასაქანს აძლევს ჩვენს ბუნებრივ აგრესიას და გვასწავლის, რომ იარაღი სათამაშოა და დიდობაში აღარ უნდა გამოვიყენოთ. და ვამტკიცებდი, რომ მენგელე და ეიხმანი[1] მთელი ბავშვობა, ალბათ, ამაზრზენი კონსტრუქტორებით და ნორჩი ქიმიკოსის სათამაშო ლაბორატორიით ერთობოდნენ. და ამ წერილში ვადგენდი ჩემი ლიტერატურული ცხოვრების, ალბათ, პირველ სიას.

ჰოდა გაჩუქებ თოფებს. ორლულიანს. მრავალჯერიანს. ავტომატს. ზარბაზნებს. ბაზუკას. დაშნებს. საომრად გაწყობილ სათამაშო ჯარისკაცთა არმიებს. ასაწევ ხიდიან ციხე-კოშკებს. საალყო ციხესიმაგრეებს. საარტილერიო ბუნკერებს. ტყვია-წამლის საწყობებს. ჯავშნოსნებს. რეაქტორებს. ტყვიამფრქვევებს. სატევარებს. დოლურიან პისტოლეტებს. კოლტებს. ვინჩესტერს. რაიფლებს. ხიშტიან თოფებს. კარკანოს, გარანდს, ჰაუბიცებს, კულევრინებს, ბომბარდებს, მათრახებს. მშვილდებს. შურდულებს. არბალეტს. ტყვიის ბურთულებს. კატაპულტებს. ალმოდებულ შუბებს. ხელყუმბარებს. ლოდსატყორცნებს. მახვილებს, ყვავის ნისკარტა საბრძოლო ჩაქუჩებს. ჰარპუნებს. ალებარდებს, აბორდაჟის კაუჭებს.

კაპიტან ფლინტის ვერცხლის მონეტებს (ლონგ ჯონ სილვერის და ბენ განის მოსაგონებლად). დონ ბარეხოს მოსაწონ დიდ იატაგანს და ტოლედურ ლაპლაპა დაშნას, სამი პისტოლეტის გასროლაზე უფრო მაგარს, მარკიზ დე მონტელიმარსაც წამში რომ მოცელავდა[2], ან ბარონ დე სიგონიაკის[3] ილეთს, ნეაპოლელმა მაესტრომ რომ ასწავლა, რომლითაც წირვას გამოუყვანდა ყოველ თავხედს, ვინც მის საყვარელ იზაბელას თვალს დაადგამდა.

კიდევ გაჩუქებ საბრძოლო ცულებს, ჰასტებს, სარისებს, კრისს, მიზერიკორდს, ოროლებს, შიმშერს, არბალეტის ისრებს, და სტილეტიან ხელჯოხს, რომლის მსგავსი ჯონ კერადაინის გმირს მესამე რელსზე მოუხვდება და დენი დაწვავს, და ვისაც არ ახსოვს, საკუთარ თავს დააბრალოს. ისეთ სააბორდაჟე ხმალს გაჩუქებ, კარმოს და ვან სტილერს რომ გააშავებდა. არაბესკებით შემკულ დამბაჩებს, სერ ჯეიმს ბრუკს თავის დღეში რომ არ ჰქონია (თორემ მუდამ პირში სიგარაგაჩრილი, ცინიკოსი პორტუგალიელის წინაშე ხომ არ დაყრიდა ფარხმალს)[4] და სამლესულ სტილეტს, რომლითაც სერ უილიამის მოწაფემ სიცოცხლეს გამოასალმა ჯერ დედობილი – ბებრუხანა და ბინძური ფიპარი, მერე ქილერი ძამპა[5], იმ დროს, როდესაც კლინიანკურზე ნაზი დაისი ეშვებოდა. და რკინის ბურთებს, დილეგის მცველ ლა რამეს რომ ჩასჩარეს პირში, ამ დროს კი ცხენზე ამხედრებული, ტყვიის სავარცხლით ნალოლიავები ჟღალი წვერით დამშვენებული ჰერცოგი ბოფორი[6] არხეინად ტოვებდა ციხეს და წინასწარ ტკბებოდა გაცოფებული მაზარინის წარმოდგენაზე. და ლურსმნისმფრქვეველ ცეცხლოვან თოფებს, ბეტელით კბილებდაწითლებულმა რომ უნდა დააქუხო, და სადაფით შემკულ ლამაზ იარაღს, პრიალაბეწვიან, ფეხმარდ არაბულ მერანზე ამხედრებულმა რომ უნდა ჩაბღუჯო. ნოტინგემის შერიფის გულის გასახეთქ ფრთამალ მშვილ-ისრებს. სკალპის ასაძრობ დანებს, მინეჰაჰას[7] რომ ჰქონდა, ისეთს… ფრაკით სატარებელ, პატარა და ბრტყელ დამბაჩებს, ჯენტლმენი ქურდი რომ ისროდა, ან ტყვიასავით პარაბელუმს, ჯიბეს რომ ჩაგახევს ან იღლიას რომ გამოგიბერავს, მაიკლ შეინივით[8] და კიდევ თოფებს. თოფებს, რინგოსნაირს, უილდ ბილ ჰიკოკისნაირს[9], ან სამბილიონგის მსგავს[10] ფილთა თოფს. იარაღს, ბევრ იარაღს, მხოლოდ იარაღს, ჩემო ბიჭო. ამათ მიიღებ საშობაო საჩუქრად ჩემგან.

სიები (ნუსხები, ჩამონათვალები, კატალოგები) მას შემდეგ მიყვარს, რაც შუა საუკუნეების ტექსტებში და მერე ჯოისის ულისეს თითქმის ასგვერდიან ბოლოსწინა თავში, ლეოპოლდ ბლუმის სამზარეულოს ნივთების ჩამონათვალში წავაწყდი – ამაზეც გიამბობთ. შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ პირველი სია ჰომეროსთან გვხვდება, ილიადაში, დაპირისპირებული მის ანტონიმთან – ფორმის აღწერასთან.

ჰომეროსმა XVIII სიმღერის ნაწილი უძღვნა ფარის აღწერას, რომელსაც ჰეფესტო აქილევსს უტვიფრავს. მოგვიანებით, ნეოკლასიკოსმა მხატვრებმა, ფარის რეპროდუქციის მცდელობისას, ჭირის ოფლი ღვარეს, რომ ამ მრგვალ სივრცეში დაეტიათ ყოველი, რასაც იქ ჰეფესტომ ადგილი მიუჩინა: მიწა, ზღვა, მზე, მთვარე, მნათობები, ორი ხალხმრავალი ქალაქი, ალყები და ბრძოლები, მიწის სამუშაოები და დღესასწაულები.

ყველაფერი, რისი გააზრება ან წარმოდგენაც შეიძლება, ფარის ტონდოშია და არაფერი არსებობს ფარის გარეთ. აქილევსის ფარი არის ფორმის ეპიფანია, გაცხადება იმისა, რითაც ხელოვნება ახერხებს ჰარმონიული სახეების აგებას, სადაც დგინდება წესრიგი, იერარქია, ურთიერთობა ფიგურასა და ფონს შორის. და ეს იმიტომ, რომ ჰომეროსს ნათელი წარმოდგენა ჰქონდა, რა იყო მისი დროის სასოფლო და მეომრული ცივილიზაცია. სამყარო, რომელზეც გვიყვებოდა, არ იყო მისთვის უცნობი, და შეძლო მისთვის ფორმის მიცემა.

თუმცა არის მომენტი (პოემის II სიმღერაში), სადაც ჰომეროსს სურს, გადმოსცეს ბერძენთა ლაშქრის უსასრულობა, რომელიც ზღვის პირას ეწყობა, და რომელსაც დაზაფრული ტროელები გადმოჰყურებენ, და ხვდება, რომ ვერ შეძლებს გამოთქვას ის, რაც გამოუთქმელია. ჯერ ცდილობს რამე შედარება მოუძებნოს და ამბობს, რომ ადამიანთა სიმრავლე, იარაღზე მზის სხივებს რომ აელვებს, ჰგავს ალმოდებულ ტყეს, ჰგავს ბატების ან წეროების გუნდს, ცის კაბადონზე რომ ყივიან, მაგრამ ვერცერთი მეტაფორა ვერ შველის და შეწევნას მუზებს სთხოვს:

“მიმღერეთ ახლა, ო, მუზებო, ოლიმპოს მკვიდრნო,

თქვენ ღმერთები ხართ, შეგიძლიათ ჭვრეტა ყოველის,

ჩვენ კი უმეცართ, მხოლოდ ძველი თქმულებით ვიცით

წინამძღოლები დანაელთა და მესვეურნი.

მე ბევრს ვერ ვიტყვი და ვერ შევძლებ ყველას ჩამოთვლას,

ათი ენა და ათი პირი რომ მქონდეს კიდეც,

ხმამოუღლელი და ძლიერი, სპილენძის მკერდი”.[11]

ამიტომ მხოლოდ კაპიტნებს და ხომალდებს ჩამოთვლის.Aამგვარად, ასახელებს სქედიოსს და ეპისტროფოსს ფოკეელების მეთაურად, ლოკრების წინამძღოლ აიაქსს, ევბეელ აბანტებს, სტირელებს – ელფენორის წინამძღოლობით, დიომედეს და სთენელოსს – არგოსელთა და ტირინთოელთა მეთაურად, აგამემნონს – მიკენელებთან ერთად და ასე შემდეგ, პოემის მთელი 350 სტროფი. ერთი შეხედვით, ჩამონათვალი თითქოს დასრულდა, მაგრამ რაკი ვერავინ იტყვის, რამდენი კაცი უნდა ვიგულისხმოთ ყოველ წინამძღოლზე, რიცხვი, რომელზეც მიგვანიშნებს, განუსაზღვრელია. ჰომეროსის ხომალდთა კატალოგში იგულისხმება “და ასე შემდეგ”.

არსებობენ კი ვიზუალური სიები? ზოგადად, გამოსახულება, თუ ქანდაკებაა, სივრცეშია შემოსაზღვრული (ძნელია წარმოიდგინო ქანდაკება, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ საკუთარი ფიზიკური საზღვრის მიღმა გრძელდება), ხოლო თუ ნახატია, იგი შემოსაზღვრულია ჩარჩოთი. მიუხედავად იმისა, რომ მონა ლიზა პეიზაჟის ფონზეა წარმოდგენილი, რომელიც, ცხადია, ჩარჩოს გარეთ უნდა გრძელდებოდეს, არავინ იკითხავს, სად მთავრდება ტყე ან ტევრი, მის უკან რომ ჩანს, და არც არავინ ფიქრობს, რომ ლეონარდოს სურდა, ჩვენ წარმოგვედგინა, როგორი ფეხები ჰქონდა ამ ქალბატონს.

და მაინც, არსებობს სხვა ფიგურატიული ნაწარმოებები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ რასაც ჩარჩოში ვხედავთ, ყველაფერი როდია, არამედ მხოლოდ ერთი მაგალითია ძნელად დასაზუსტებელი სიმრავლიდან, ჰომეროსის მეომართა რიცხვისა არ იყოს. გავიხსენოთ ჯოვანი პაოლო პანინის ვედუტები: ისინი, როგორც მხოლოდ ერთ-ერთი ნიმუში, წარმოადგენენ მთელ კოლექციას, და არა მხოლოდ მას, რასაც ვხედავთ. ან – ბოსხის “ტკბობის ბაღი”: სურათი გვეუბნება, რომ მინიშნებული საოცრებები საკუთარ საზღვარს მიღმაც უნდა გრძელდებოდეს. ვნახოთ კარპაჩოს ტილო “არარატის მთის ათი ათასი მოწამის ჯვარცმა და აპოთეოზი”, სადაც, ბუნებრივია, გამოსახული არ არის ათი ათასი ჯვარცმა, და ჯალათი სინამდვილეში ბევრად მეტია, ვიდრე ვხედავთ, მაგრამ ცხადია, რომ სურათს სურს გვიამბოს ტილოს საზღვრის მიღმა, აგონიაში მყოფ სხეულთა შესახებ.

მაგრამ, ამასთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა დავაზუსტოთ: განსხვავება პრაქტიკულ და “პოეტურ” სიას შორის. პრაქტიკული სიის მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ საყიდლების სია, წვეულების სტუმართაAსია, ბიბლიოთეკის კატალოგი, ანდერძში ჩამოთვლილი ქონების სია.

ეს სიები, პირველ რიგში, ეხება გარე სამყაროს ობიექტებს და, წმინდად პრაქტიკული თვალსაზრისით, მათ დასახელებას და ჩამოთვლას ისახავს მიზნად. ასეთ სიებს დასრულებული სახე აქვს, იმიტომ, რომ რეალურად არსებულ და ნაცნობ საგნებს ჩამოთვლის, და კიდევ იმიტომ, რომ მიზნად ისახავს იმ საგნების ჩამოთვლას, რომელსაც ეხება, და არაფერს სხვას.Dდა ბოლოს, ეს სიები უცვლელია, რადგან არაკორექტული იქნებოდა და, გარდა ამისა, უაზროც, ლუვრის კატალოგში დაგვემატებინა უფიცის გალერეაში დაცული სურათი, ან პირიქით.

პრაქტიკული სიის მშვენიერი მაგალითია, მუსიკისა და ლექსის ფორმით, ლეპორელოს სია მოცარტის დონ ჟუანში. დონ ჟუანმა მრავალი გლეხის ქალი, გრაფინია, ბარონესა, მარკიზა, პრინცესა და ყოველი რანგის, ფორმის და ასაკის ქალი აცდუნა, მაგრამ ლეპორელო პედანტი მოანგარიშეა და მისი კატალოგი მათემატიკურად სრულყოფილია: “იტალიაში – 640, გერმანიაში – 231, 100 – საფრანგეთში, თურქეთში – 91, ესპანეთში კი უკვე 1003”. მოკლედ, სულ 2065, არცერთით მეტი, არცერთით ნაკლები. ხვალ თუ დონა ანას ან ცერლინას გული დაიპყრო, ახალი სია შედგება.

პოეტური სია როგორიღაა? პირველ რიგში, აუცილებელი არ არის ჩამოთვლილი საგნები რეალურად არსებობდნენ, და ჰომეროსის კატალოგი მაშინაც მოგვხიბლავდა, ყველა იქ ჩამოთვლილი წინამძღოლი მითიური არსება რომ ყოფილიყო. მეორეც, ეს სია, უკვე ვთქვით, იქმნება ყველაფრის თქმის შეუძლებლობის გამო და მაშ, გვკარნახობს თავბრუსდამსხმელ “და ასე შემდეგს”.

გავიხსენოთ იესოს გენეალოგია მათეს სახარების დასაწყისში. შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს კიდეც ამ ნათესავთაგან ბევრის ისტორიულ არსებობაში, მაგრამ მათეს (ან ვინც ამ წიგნს წერდა) სურდა, ჩვენთვის წარმოედგინა მისი რწმენისთვის შესაძლებელი სამყაროს “რეალური” პერსონაჟები, ამიტომ სიას პრაქტიკული ღირებულება და რეკომენდაცია-დახასიათების ფუნქცია ჰქონდა.

ახლა ვნახოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლიტანია: ეს არის წმინდა წერილის ტექსტს ან ეკლესიის ტრადიციას დასესხებული თვისებების, სახელების, ეპითეტების ჩამონათვალი, რომელიც უნდა წაიკითხო, როგორც მანტრა, ან ბუდისტების ომ მან პადმე ჰუმი, და მნიშვნელოვანია არა იმდენად Virgo potens იქნება თუ clemens (მართლაც, ვატიკანის მეორე კრებამდე მორწმუნენი ლიტანიებს ლათინურად აღავლენდნენ და დიდ უმრავლესობას ეს ენა არ ესმოდა): მთავარი იყო ჩამონათვალის ბგერითი მხარის თავბრუსხვევას მინდობოდნენ, და მთავარი იყო ზედსართავთა რიტმი, დროში საკმაოდ ხანგრძლივად განფენილი. ლიტანიები მთავრდება მღვდელმსახურების წესის მიხედვით, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, შესაძლებელია მათი უსასრულოდ გაგრძელება.

ერთი შეხედვით პრაქტიკულს ჰგავდა, მაგრამ პოეტურ სიებად ფატალურად იქცა საოცრებათა ბერძნულ-რომაული და შუა საუკუნეების ენციკლოპედიებისთვის დამახასიათებელი გრძელი ჩამონათვალი, როგორიცაა, მაგალითად, პლინიუსის Historia Naturalis. ეს სიები ნამდვილი გროვაა, რომელსაც არავითარი სისტემური მონახაზი არ შეესაბამება, თითქოს იმიტომ, რომ “შეუძლებელია რამე დასრულებულმა მონახაზმა ან წესრიგმა უნივერსუმის საოცრებათა უსასრულობა დაიტიოს”.

გერვასი ტილბერელის (XIIIს.) Otia Imperialia-ს – საოცრებათა წიგნის გახსენებაც იკმარებდა, სადაც, სხვათა შორის, ნახსენებია მაგნიტი, აგრიჯენტოს მარილი, აზბესტი, ეგვიპტური ლეღვი, პენტაპოლისის ხილი, ქვა, რომელიც მთვარის ფაზებს დაჰყვება, ნეაპოლური უხრწნელი ხორცი, პოცუოლის აბანოები, მუხუდო, ჯოჯოხეთის ბჭე, ედესის ხელთუქმნელი ხატი, ხოჭოების ორთაბრძოლა, ცხელი ქვიშები, ფანჯრები, სადაც ბანოვანები გაიელვებენ, წყალი, რომელიც არასდროს დუღდება, აბრეშუმი, დელფინები, სირინოზები, მელია, ცხენისთავა არსებები, წვერიანი ქალები, ფენიქსი, რვაფეხა კაცები, ღამის მატლები, ყვავის კვერცხი ყარყატის ბუდეში, ჩიტები, რომლებიც ხეებისგან ჩნდებიან…

საოცრებათა ჩამონათვალი წმინდად პოეტურ ფუნქციას იძენს ერთ თანამედროვე ავტორთან, რომელიც ანტიკურ ცნობებს იყენებს, თუმცა იცის, რომ ეს სია არაფერს არსებულს არ მიუთითებს და რომ ამ წმინდად ფანტასტიკური კატალოგით ტკბობა შესაძლებელია, რამდენადაც ეს მხოლოდ flatus vocis – შინაარსს მოკლებული სიტყვებია, და აი, ბორხესი “წარმოსახვით არსებათა კატალოგში” ჩამოთვლის პიგმეებს, დრაკონს, აბტუ და ანეტს, სპილოს რომელმაც განჭვრიტა ბუდას დაბადება, ელფებს, სილფებს, ბანშის, ჰაოკას, ქუხილის ღმერთს, გნომებს, ლილითს, ჩინურ მელიას, იუვარკის, ჩეშირის კატას და კილკენის კატებს, ნიმფებს, ორეულს, ფატისტოკალონს, სვედენბორგის ანგელოზებს და დემონებს, ლამედ ვუფნიკებს, ინებს, ბრაუნებს, ვალკირიებს, ნორნებს, ებრაიზმის დემონებს, აჩიგანს, ელოებს და მორლოკებს, ტროლებს, ფერიებს, ლამიებს, ლემურებს, გიგანტურ ხარ კუიატას, სატირებს, სამფეხა ციურ მამალს, წვიმის ფრინველს და ასე შემდეგ.

მუზეუმის კატალოგი პრაქტიკული სიის მაგალითია, რომელიც აღრიცხავს გარკვეულ ადგილზე არსებულ საგნებს, და როგორც ასეთი, უცილობლად დასრულებულია. მაგრამ თავისთავად მუზეუმი, ან რომელიმე კოლექცია, როგორ უნდა განვიხილოთ?

ვინმე, კოსმოსიდან მოსული სტუმარი, წარმოდგენა რომ არ აქვს ხელოვნების ნაწარმოების ჩვენეულ კონცეფციაზე, თავს ჰკითხავდა, რატომ მოუყრია თავი ლუვრში ყოველდღიური დანიშნულების სამშვენისებს, როგორიცაა ლარნაკები, თეფშები ან სამარილეები, ღვთაების ხატებას, როგორიცაა ვენერა მილოსელი, პეიზაჟებს, რიგითი ადამიანების პორტრეტებს, საფლავის ნეშტებს, მათ შორის მუმიებს, მონსტრების გამოსახულებებს, საკულტო ნივთებს, მოწამეთა ხატებს, ბრძოლის სურათებს, სექსუალური ლტოლვის აღმძვრელ შიშველ ფიგურებს, არქიტექტურულ ნაშთებსაც კი.

შუა საუკუნეების ყველაზე პატივდებული საოცრებები რელიკვიები იყო. ეს კულტი მხოლოდ ქრისტიანული როდია. პლინიუსი გვიამბობს ბერძნულ-რომაული სამყაროს რელიკვიებზე, როგორიცაა ორფეოსის ლირა, ელენეს სანდალი, ან ურჩხულის ძვლები, რომელიც ანდრომედას ემუქრებოდა. შუა საუკუნეებში რელიკვიები მიმზიდველს ხდიდა ქალაქს ან ტაძარს და, გარდა სიწმინდისა, ძვირფას ტურისტულ “საქონლადაც” იქცეოდა.

პრაღის წმინდა ვიტეს კათედრალში ინახება წმინდა ადალბერტის და წმინდა ვინცესლავის თხემის ნაწილები, წმინდა სტეფანეს მახვილი, ძელიცხოვლის ნაწილი, საიდუმლო სერობის სუფრა, წმინდა მარგარიტას კბილი, წმინდა ვიტალის ბარძაყის ძვლის ნაწილი, წმინდა სოფიოს ნეკნი, წმინდა ევბანეს ნიკაპი, მოსეს კვერთხი, ღვთისმშობლის სამოსელი. ბერის ჰერცოგის კატალოგში ნახსენები იყო იოსების ნიშნობის ბეჭედი, ვენაში დღესაც თაყვანს სცემენ ბეთლემის ბაგას; წმინდა სტეფანეს აბგა, ლახვარი, რომელიც იესოს გვერდში უგმირეს, ძელიცხოვლის ერთ სამსჭვალთან ერთად, კარლოს დიდის მახვილი, იოანე ნათლისმცემლის კბილი, წმინდა ანას მკლავის ძვალი, მოციქულთა ჯაჭვები, იოანე მახარებლის სამოსლის ნაწილი, საიდუმლო სერობის სუფრის სხვა ფრაგმენტი, რომ აღარაფერი ვთქვათ წმინდა კარლო ბორომეოს ხორხზე, რომელიც მილანის კათედრალში ინახება. ურწმუნო ადამიანიც კი ვერ დარჩება გულგრილი ამ უსახო, გაყვითლებული, მისტიკურად ზიზღისმომგვრელი, პათეტიკური და საიდუმლოებით აღსავსე ხრტილების წინაშე. ვინ იცის, როდინდელი სამოსლის ეს ნაკუწები, გახუნებული, ფერგადასული, დაძენძილი, ზოგჯერ ფიალაში დახვეული, როგორც საიდუმლო მანუსკრიპტის გრაგნილი ბოთლში, მასალა, რომელიც ხშირად დანამცეცებულია და ვერ გაარჩევ ქსოვილის ან ლითონის ან ძვლის საფენისგან, რომელზეც დევს. და მეორე მხრივ ლუსკუმები, ხშირად წარმოუდგენლად მდიდრული, ზოგჯერ კი ღვთისმოსავი ჩხირკედელას მიერ სხვა რელიკვიარიუმის ნაწილებით შეკოწიწებული, კოშკის ფორმის, შეისრულ თაღებიანი და გუმბათებიანი პაწია კათედრალის ფორმის, და ბაროკოს სტილის ციცქნა სკულპტურებისაგან შექმნილი რელიკვიარიუმები (ყველაზე ლამაზები ვენაშია), რომლებიც საათებს, მუსიკალურ ყუთს, ჯადოსნურ კოლოფებს გვანან. ზოგი მათგანი თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთ აგონებს ჯოზეფ კორნელის[12] სურრეალისტურ კოლოფებს, პიერ ფერნანდეს არმანის[13] საათებით ან სათვალეებით გაძეძგილ ბუდეებს, ან სხვა საერო რელიკვიებს, რომელთა გემოვნება ვერ მალავს მოხვეჭის დაუძლეველ ჟინს.

ერთ მშვენიერ დღეს კოლექციონიზმის ისტორიაში დგება პაუზა. რენესანსის დროიდან, საოცრებად აღარ ითვლება შორეული ქვეყნების საოცრებები. XV საუკუნიდან მაინც, შორეული ქვეყნები რეალურად აღიქმება და არა ლეგენდარულად. საოცრებად აღარ მიიჩნევა უცნაური საგნები ან წმინდანთა რელიკვიები. საოცრებად ითვლება ამ დრომდე იდუმალებით მოცული, ადამიანის სხეული და მისი საიდუმლოები. ამ თვალსაზრისით, იცვლება ნიშთა და სასწაულთა მიმართ რეაქცია, რომელმაც, აწ უკვე, საერო და სამეცნიერო ხასიათი მიიღო. თუAადრე მათ უყურებდნენ, როგორც რაღაც ღვთაებრივი მოვლენის წინასწარ მაუწყებელ ნიშნებს, ახლა განიხილებიან, როგორც მეცნიერული ან წინარემეცნიერული უცნაურობის ობიექტები. ჩნდებიან Wunderkammern-ები, ანუ საოცრებათა ოთახები, და ცნობისწადილის აღმძვრელი კაბინეტები, დღევანდელი ბუნების ისტორიის მუზეუმების წინამორბედი, სადაც მავანნი ცდილობდნენ სისტემურად ეგროვებინათ ყველაფერი, რისი ცნობაც გვევალება, სხვები თავს უყრიდნენ ყველაფერს უცნაურს ან აქამდე უცნობს, მათ შორის ექსცენტრულ საგნებს, ან ცხოველთა ფიტულებს, რომლებიც თაღებიდან თავს დაფარფატებდა გარემოს.

დე სეპიბუსის 1678 წლის Museum Celeberrimum და ბონანის 1709 წლის Muzeum Kircherrimum-ის ილუსტრირებული კატალოგებიდან ვიგებთ, რომ კირხერის[14] მიერ რომის კოლეგიის კოლექციაში დაცული იყო ანტიკური ქანდაკებები, წარმართული საკულტო ნივთები, ამულეტები, ჩინური კერპები, ვოტივური დაფები, ორი ფირფიტა ბრაჰმას 50 ინკარნაციით, რომაული ეპიტაფიები, კანდელები, ბეჭდები, ლუქები, ბალთები, გველისთავიანი ლითონის სამაჯურები, სასწორის გირები, ზანზალაკები, ქვები და ფოსილური ნაშთები ბუნების მიერ ზედ აღბეჭდილი გამოსახულებებით, ex variis orbis plagis collectum – მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან თავმოყრილი ეგზოტიკური საგნები, სადაც შეხვდებოდით ბრაზილიელი აბორიგენების ქამრებს, მათ მიერ შესანსლული მსხვერპლის კბილებით გამშვენებულს, ეგზოტიკურ ფრინველებს და სხვა დაბალზამებულ ცხოველებს, პალმის ფოთლებზე დაწერილ მალაბარულ სარიტუალო წიგნს, თურქულ არტეფაქტებს, ჩინურ სასწორს, ბარბაროსთა საბრძოლო იარაღებს, ინდურ ხილს, ეგვიპტური მუმიის ფეხს, ორმოცი დღიდან შვიდ თვემდე ასაკის ნაყოფებს, არწივის ჩონჩხებს, ოფოფს, კაჭკაჭებს, შაშვს, ბრაზილიურ მაიმუნს, კატას თაგვთან ერთად, თხუნელას, მაჩვზღარბას, ბაყაყს, ქამელეონს, ზღვის მცენარეებს, ზვიგენს, სელაპის კბილს, ნიანგს, ჭიანჭველაჭამიას, ქამელეონის ჩონჩხს, ტარანტულს, ბეჰემოთის თავს, მარტორქის რქას, ქილაში დაბალზამებულ ძაღლ-მონსტრს, გიგანტთა ძვლებს, მუსიკალურ და მათემატიკურ ინსტრუმენტებს, მუდმივი ძრავის ექსპერიმენტების პროექტებს, არქიმედეს და ჰერონის მანქანების მიბაძვით შექმნილ რობოტებს და სხვა ხელსაწყოებს, არქიმედეს სპირალებს, ოპტიკური ილუზიის ოქტაგონს, რომელიც ერთ სპილოს “სრულიად აზიიდან და აფრიკიდან მორეკილ სპილოების ჯოგად მოგაჩვენებს”, ჰიდრავლიკურ მანქანებს, ტელესკოპებს და მიკროსკოპებს მწერებზე დასაკვირვებლად, გლობუსებს, ჩვეულებრივ და სფერულ ასტროლაბებს, პლანისფეროებს, მზის, ჰიდრავლიკურ, მექანიკურ, მაგნიტურ საათებს, ლინზებს, ქვიშის საათებს, თერმომეტრებს და ბარომეტრებს, მთის უფსკრულთა, ხეობის ვიწრო ყელთა, ტყის ლაბირინთთა, აქაფებულ ტალღათა, ზღვის უფსკრულთა, ბორცვთა, არქიტექტურულ პერსპექტივათა, ნანგრევთა, ანტიკურ ძეგლთა, ბრძოლების, ხოცვა-ჟლეტის, დუელების, ტრიუმფების, სასახლეების, ბიბლიური მისტერიების, ღვთაებების ამსახველ სხვადასხვა სურათ-ხატებს.

ამ გემოვნებითაა გაჯერებული ბაროკოს სტილის კოლექციები, ისევე როგორც ამავე პერიოდის პოეზია. გავიხსენოთ ჯოვან ბატისტა მარინოს გასაოცარი ჩამონათვალი (ადონისი, 10, 136-138):

უმზირე ირგვლივ ასტროლაბებს და კალენდრებს,

გაცვეთილ ქლიბებს,

ხაფანგებს და კლიტის კაუჭებს,

გალიებს, ქისებს, მოსასხამებს, მასრებს და ტომრებს,

ლაბირინთებს და თარაზოებს, და გონიოებს

კამათელს, ბანქოს, ჭადრაკის დაფას, ფიგურებს, ბურთებს,

ეჟვნებს, ჭოჭონაქს, დაგრეხილ ბურღებს,

ნართის დასახვევ თითისტარებს და ტარაბუას,

ანძის ასახვევ რგოლს და საათებს,

კოლბებს და სურებს, და საბერველს,

უმზირე ქარით გაბერილ ტიკებს,

ბურთებს, და საპნის ბუშტებს ფარფატას

ცად ასულ კვამლს და ჭინჭრის ფოთლებს,

გოგრის ყვავილებს, და წითელ და ყვითელ ბუმბულებს,

ობობებს, ხოჭოს, ჭიანჭველებს,

ჭრიჭინებს, ბზიკებს,

კოღოებს, პეპლებს, მოციმციმე ციცინათელებს

თაგვებს და კატებს, აბრეშუმის ჭიებს

და მათ მსგავს

ასობით ათას უცნაურობას – ნივთებს, ცხოველებს;

რასაც ხედავ, და კიდევ სხვები,

სასწაული მოჩვენებები,

ადამიანის ჭკუის ნაყოფი,

ფანტაზიაა, შეშლილობა და ქიმერები.

იქ დაინახავ მბრუნავ წისქვილებს, ბზრიალა ჩიკორს,

ჭის ოწინარებს, აზარმაცებს, ბორბალს ნაირგვარს,

ზოგს თევზის ფორმა მიუღია, ზოგსაც ფრინველის,

სულ ცვალებადი, როგორც არის

კაცის გონება.

მაგრამ სიის შექმნის მიზეზი მხოლოდ ჩვენი კოგნიტური შესაძლებლობების შეზღუდულობა არ არის. ფორმასა და ჩამონათვალს შორის დაპირისპირება შეგვახსენებს საგანთა შეცნობის და დეფინიციის ორ სახეს, ორივეს სამართლიანს. ბერძნული პერიოდიდან მოყოლებული, ყოველი ფილოსოფია და მეცნიერება ოცნებობდა, შეეცნო და განესაზღვრა საგნები მათი ესენციის მიხედვით. და არისტოტელეს დროიდან, ესენციის მიხედვით განსაზღვრა ნიშნავდა მის დეფინიციას, როგორც მოცემული სახეობის არსებისა, რომელიც თავის მხრივ განისაზღვრებოდა, როგორც მოცემული გვარის ელემენტი. განსაზღვრო ადამიანი, როგორც გონიერი მოკვდავი ცხოველი, ნიშნავს, აღიქვა ის, როგორც მოკვდავი ცხოველების სახეობა (რომელსაც განეკუთვნება ვირი და ცხენიც, რომლებიც თავის მხრივ, ცოცხალი არსებებია).

კარგად რომ დავფიქრდეთ, ამგვარადვე იქცევა თანამედროვე ტაქსონომია ვეფხვის და იხვნისკარტას დეფინიციისას. ბუნებრივია, კლასების და ქვეკლასების სისტემა უფრო რთულია, ამიტომ ვეფხვი უნდა მივაკუთვნოთ Felis Tigris სახეობას, პანტერათა გვარს, კატისებრთა ოჯახს, მტაცებელთა რიგს, პლაცენტურ ძუძუმწოვართა კლასს, იხვნისკარტა კი მიეკუთვნება ერთგასავლიან ძუძუმწოვართა კლასს.

მაგრამ, შემდგომ აღმოჩენამდე, სანამ იხვნისკარტას განსაზღვრავდნენ, როგორც ერთგასავლიან ძუძუმწოვარას, ბარე 80-მა წელმა გაიარა და საჭირო გახდა მისი რომელიმე კლასიფიკაციაში მოქცევა. მანამდე კი, შფოთვისმომგვრელად რჩებოდა თხუნელას მსგავს რაღაც დიდ ცხოველად, რომელსაც ჰქონდა პატარა თვალები, წინა თათებზე აპკით გაერთიანებული ოთხი თითი, ეს აპკი უფრო დიდი იყო, ვიდრე უკანა თათებისა, ჰქონდა იხვივით კუდი, ნისკარტი, თათებით ცურავდა და მათვე იყენებდა სოროს გამოსათხრელად, დებდა კვერცხს და ნაშიერს რძით კვებავდა. ზუსტად ისე, როგორც დღეს, მასზე დაკვირვების შემდეგ, ისაუბრებდა ვინმე არამეცნიერი. აღსანიშნავია, რომ ამ აღწერის (სხვათა შორის, არასრულის) საფუძველზე, ჩამოთვლილ თვისებათა გამო ვინმე ალბათ შეძლებდა იხვნისკარტას გარჩევას ხარისგან, ხოლო რომ ეთქვათ, რომ ერთგასავლიანი ძუძუმწოვარაა, ძნელად თუ იცნობდა მას, შემთხვევით სადმე რომ გადაყროდა. მეორე მხრივ, ბავშვის შეკითხვაზე, რა არის და როგორია ვეფხვი, ალბათ, არცერთი დედა არ უპასუხებს, რომ პლაცენტური ძუძუმწოვარაა ან პანტერათა გვარის ცხოველი, არამედ, სავარაუდოდ, უფრო იმას ეტყვის, რომ კატის მსგავსი, მაგრამ მასზე დიდი გარეული მხეცია, მოქნილი, ყვითელ და შავზოლიანი, ცხოვრობს ჯუნგლებში, თუ გაუჭირდა, ადამიანსაც ჭამს, და ა.შ.

ვეფხვის საცნობად და, თუ საჭიროა, თავის ასარიდებლად, მშვენიერი აღწერაა.

თვისებების საფუძველზე დეფინიციას მაშინ მიმართავენ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობს ესენციის მიხედვით დეფინიცია (და ამ შემთხვევაში საქმე ეხება პრიმიტიულ კულტურას, სადაც ჯერ ვერ შეუქმნიათ გვარსა და სახეობზე დაფუძნებული იერარქიები), და მიმართავენ მაშინაც, როდესაც უკვე არსებული, ესენციის მიხედვით დეფინიცია აღარ აკმაყოფილებთ (და ამიტომ მომწიფებული, შესაძლოა, უკვე კრიზისის ფაზაში შესული კულტურის ნიშანია, რომელსაც განუზრახავს ეჭვქვეშ დააყენოს ყველა წინა დეფინიცია).

ლიტერატურაშიც, აღორძინების ეპოქიდან, სწორედ სიები იქნება ძალა, რომელიც პირველ დარტყმას მიაყენებს შუა საუკუნეების დიდი სუმებით დამყარებულ სამყაროს წესრიგს. ანტიკური და შუა საუკუნეების ენციკლოპედიებისთვის სია თითქოს pis aller-ია – საბაბია, მასში თითქოს ილანდება შესაძლო წესრიგის ესკიზი, ფორმის მიცემის სურვილი, ხოლო თანამედროვე სამყაროსთვის სია გაიაზრება, როგორც ფორმის რღვევის სიამოვნება.

ავტორი, რომლის სიები მისი თანამედროვე სორბონელი სწავლულების მიერ შთაგონებული წესრიგის ჯიბრით შეიქმნა, რაბლეა. ცხადია, არავითარი მიზეზი არ არსებობს, კაცმა ჩამოთვალოს უკანალის გამოწმენდის ამდენი და ასე გაუგონარი მანერა, მამაკაცის ასოს ამდენი ეპითეტი, მტრის გაფატვრის ამდენი სახე, წმინდა ვიქტორის სააბატოს ამდენი და ასე უსარგებლო წიგნი, ამდენნაირი გველი, და ამდენი თამაში, გარგანტუამ რომ იცოდა (და მხოლოდ ღმერთმა უწყის, სად პოულობდა ყველა ამ თამაშით თავის შექცევის დროს): თამაშობდა დოყლაპიობანას, ჭაპანწყვეტას, თულფობანას, ყომარს, დაჭერობანას, წაგებით მოგებას, ასობანას, ჩალიჩს, დედავმიშველეს, ათიანის გასვლას, ოცდათერთმეტს, მელა-ბატობანას, უბედურქალობანას, დაჭერობას, კუკუმალობას, სკუპდა სკუპდა გადასკუპდას, გულნაკლულობანას, გამურვას, ჩილიკაობას, კოჭობანას, კოზალ-მოზალს, რიკ-ტაფელას, აპრუწუწუნას, ოთურმას, შაშს, ვირს ნალები აჰყარესა, ვირიღლეტიაობას, საბან-ბუმბულაობას, ბრანწობანას, დაჭერობანას, ასკინკილას, ალჩუ-თოხანს, ქალაქობანას, თვალხუჭობანას, კუკუნაობას, ჩხირზედ გადახტომას, წაკუილობას, ლახტს, ჰკა-მაგასა, ყაჩაღობანას, ღორმუცელობანას, ყვანჩალობას, ხიბლიხვანჯარას, წკიპურტობანას, ქორობანას, ხახუნობანას, თავს უშველესა…

და ასე შემდეგ, უამრავ გვერდზე.

ისევე, როგორც გარგანტუაში აღწერილი მტრის შემუსრვის ასი ხერხი (I,27):

“ზოგსა კინკრიხო გაუპო, ზოგსა ხელ-ფეხი მოამტვრია, ზოგს კისერი მოსტეხა, ზოგსა წელი მოსწყვიტა, კინწიცა ზედ მიაყოლა, ვის ცხვირი ბუკივით გაუხადა, ვის თვალნი ჩაულურჯა, ვის ყბანი გვერდზედ მოუქცია, ვის კბილნი აღარ შეარჩინა, ანდა ლავიწი ულეწა, ან წვივ-ბარკალი შეუმუსრა, თეძონი უღრძო და იდაყვისა ძვალი ამოუგდო.

თუ ვინმე სადმე ფოთოლშერჩენილ ვაზთ მიეფარებოდა და თავსა იპარავდა, იმასა იქავ ძაღლსავითა წელსა აათრევინებდა და კუდუსუნსა ჩაუნაყავდა.

თუ ვიმე გაქცევას დააპირებდა, ვაი ოტებულისა ბრალი, უმალ საქოჩრეში სდრუზავდა და ცხავის ძვალსა დაუჩენჩხავდა.

თუ ვინმე ხეზე აძვრებოდა, ეგებისა აქ მაინც გადავრჩეო, იფნისა ძელსა შიგ ყიტაწელში შესთხრიდა.

უკეთუ ვინმე ნეკნებჩაუმტვრეველი გადაურჩებოდა, იმას კუჭნაწლავსა გადმოუბრუნებდა და იმავ წამსა სულს გააფრთხობინებდა. ზოგ-ზოგსა ჭიპში აძგერებდა და სულ ნაჭყაპურტებს გადმოადენდა, თუ არადა წყვილში გაუყრიდა ან უკან გაუქანებდა. ღმერთი, რჯული, ესდენ საშინელი რამ ქვეყნად ჯერ არ მომხდარა და არც მოხდება.

ვინ სულს ლევდა და ლაპარაკისა თავი არა ჰქონდა, ვინ ენად იყო გაკრეფილი და სიკვდილს მაინც არ მიჰყავდა. ვის ლაპარაკი ჰკლავდა, ვის კიდევ სიკვდილი ალაპარაკებდა.”[15]

რაბლეთი იწყება სია სიისთვის, სიის სიყვარულით შექმნილი სია, გაზვიადების ნიშნით შექმნილი სია, რომლის თვალსაჩინო მაგალითი, თანამედროვე ლიტერატურაში, არის ჯოისის ულისეს ბოლოსწინა თავი.

“რა იდო პირველ უჯრაში? ვირა ფოსტერის ხელნაწერის ნიმუშების რვეული, მილი (მილისენტ) ბლუმის საკუთრება, რომლის ზოგიერთ გვერდზე სქემატური ნახატები იყო მინაწერით მამიკო, რომელიც გამოხატავდა დიდბურთისებრ თავს 5 გაშვერილი თმის ღერით, ორი თვალით პროფილში, ტანი ანფაზში სამი დიდრონი ღილითა და ერთი სამკუთხა ფეხით, 2 გახუნებული ფოტოსურათი ინგლისის დედოფალ ელიგზანდრასი და მსახიობისა და სილამაზით განთქმული ქალის მოდ ბრენსკომისა; მხატვრულად შესრულებული პარაზიტულმცენარიანი საშობაო ბარათი მინაწერით Mizpah, დათარიღებული 1892 წლის შობით, გამომგზავნის სახელებით “ბ-ნ და ქ-ნ მ. კამერფორდისგან” და ლექსად “დე, ამ შობამ მოგცეს შვება”; Nნაწილობრივ დამდნარი ლუქის ჩხირი, შეძენილი შპსჰელის სასაწყობო განყოფილებაში, დეიმ-სტრიტზე 89,90,91; კოლოფი, რომელშიც ერთი გროსიდან მორჩენილი მოოქრული წვერები ეწყო, შეძენილი იმავე ფირმის იმავე განყოფილებაში; ძველი ქვიშის საათი, რომელიც გადაბრუნებისას ქვიშასაც უკან აბრუნებდა; დალუქული წინასწარმეტყველება (არასოდეს რომ არ გახსნილა) დაწერილი ლეოპოლდ ბლუმის მიერ 1886 წელს, რომელიც ეხებოდა იუარტ გლედსტოუნის 1886 წლის ჰოუმრულის კანონის ძალაში შესვლის შედეგებს (ძალაში არასდროს შესულა); წმ. კევინის საქველმოქმედო ბაზრობის ლატარიის ბილეთი №2004, ფასი 6 პენი…[16]

და ასე თითქმის 100 გვერდზე.

ზოგისთვის ეს სია ქაოტური ჩამონათვალის შემთხვევაა, სადაც ელემენტთა შორის, გარეგნულად, არავითარი კავშირი არ არსებობს. მაგრამ კარგი იქნება გავიხსენოთ, რა განსხვავებაა მაჯგუფებელ და მაცალკევებელ ჩამონათვალს შორის.

მაჯგუფებელი ჩამონათვალი თავს უყრის განსხვავებულ საგნებსაც და აძლევს მათ ლოგიკურ ერთობას, როგორც ერთი და იგივე სუბიექტისგან აღქმულს ან ერთსა და იმავე კონტექსტში გააზრებულს. ამისგან განსხვავებით, მაცალკევებელი ჩამონათვალი გამოხატავს დაქუცმაცებას, სუბიექტის ერთგვარ შიზოფრენიას, რომელიც აღიქვამს დანაწევრებული შთაბეჭდილებების თანმიმდევრობას, თუმცა მათთვის ლოგიკური ერთობა ვერ მოუძებნია.

ამ თვალსაზრისით, ბლუმის სამზარეულო მაჯგუფებელი ჩამოთვალის მაგალითია, რადგან ყველა ეს ნივთი, სულ სხვადასხვა რამ, ერთობას იძენს იმით, რომ ერთსა და იმავე წვრილბურჟუაზიულ სამზარეულოში დევს, – და მნიშვნელობას იძენს, სწორედ მათი ბანალური შემთხვევითობის წყალობით, ყოველდღიური უფერულობის და უღიმღამობის გამოსახატავად.

გვიჩნდება კითხვა, შეგნებული გაზვიადებაა თუ შემთხვევითი, პერეკის აღწერილ იმ საგანთა სია, პარიზში, სენ სულპისის მოედანზე ერთი დღის განმავლობაში რომ ნახა, და რეესტრის სიზუსტით ჩაინიშნა საათი, მოვლენა და მოედნის წერტილი, საიდანაც ის დაინახა.

ჩამონათვალი მხოლოდ შემთხვევითი და უწესრიგო შეიძლება იყოს, რაკი იმ დღეს ასი ათასი სხვა ამბავიც მოხდებოდა იმ მოედანზე, რომელიც პერეკს არ დაუნახავს და არ ჩაუნიშნავს; მაგრამ, მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ სია მხოლოდ იმას მოიცავს, რაც მან შენიშნა, უჩვეულოდ ჰომოგენურს ხდის მას.

ამავე მონათესავე კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ვისლავა შიმბორსკას ბრწყინვალე და უჩვეულო სია, რომლის წყალობით მას მშვენიერებად ეჩვენება სამყაროს გამოცდილება, სადაც ცხოვრების იღბალი ერგო (დაბადების დღე):

რამდენი წუთი წუთისოფელს უძღვნია ჩქარი:

რამდენი ზვავი, რამდენი ზღვა, რამდენი ზღვარი,

რამდენი ხევი, რამდენი ხე, რამდენი ახო –

სად ჩავისახლო ეს სამოთხე, სად შევინახო?

პირი, ნაპირი, კაპარჭინა, ხალი, ხელები,

სად დავატიო მოცვი, ლოცვა და მლოცველები,

ჩიტის რაკრაკი, ჩიჩახვში რომ არ ჩაეტია?

მადლობელი ვარ, თუმცა, მგონი, მეტისმეტია.

ოროვანდები, ლავანდები ­- რკალად, პწკალებად,

პანიკა, ელდა, ბრჭყალი, წყალი და ბრწყინვალება?

ვერცხლის დამმალავ კოლიბრისთვის არ ვკვერავ კომბალს,

ხელთ როგორ ვიგდო ხეპრე ზებრა და ზორბა დომბა?

ნახშირბადს ვბადებ. ჟანგბადს ჟანგის ჭანგით ვეხები,

ცხრა ადლს გადიან რვაფეხები, ორმოცფეხები.

ფასები იწევს აგვისტოში – ძვირდება ხომლიც…

გმადლობ ამ ძღვნისთვის, ღირსი არ ვარ, თუმცაღა, რომლის.

მზის სწრაფ ამოსვლას არ მოჰყვება ჩასვლა გვიანი?

ვერ ინეტარებს ნატვრის ნატვრით ადამიანი?

აქ და ახლა ვარ – ნაცთუნებიც, ვნებადამცხრალიც,

ოღონდ იმაზე მეტჯერ მეტი, ქვეყნად რაც არის.

მგზავრის მზერაში იის ელვა სჯობნის იელებს,

უუცხოვდება სვის სისავსე სიცარიელეს.

მჭრელი ჭავლებით მეხეთქება შლეგი ეროსი:

ვწუხვარ პრობლემით ფოთლის, ფითრის, მარცვლის, ღეროსი.

ამ სივრცესავით ვკრთები ელდით, ნაუცბათევით,

სუსტი, საეჭვო წუთისოფლის წუთში დატევით.[17]

აქ ალბათ შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობენ ნამდვილად და ტოტალურად ქაოტური სიები, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ავტორს მართლა სურს ქაოსის მდგომარეობის გადმოცემა. ქაოტური სიის თვალსაჩინო მაგალითები გვაქვს რემბოსთან, მაგრამ ამჯერად ნება მომეცით გაგიზიაროთ ეპითეტები, რომლითაც კოლ პორტერი You are the top!-ში ამკობს თავის გულისსწორს, როდესაც მას ადარებს კოლიზეუმს, ლუვრს, შტრაუსის სიმფონიას, შექსპირის სონეტს, მიკი მაუსს, ნილოსს, მონა ლიზას ღიმილს, მაჰათმა განდის, ბრენდ ნაპოლეონს, ესპანური ზაფხულის ღამის იისფერ ნათელს, ლონდონის ეროვნულ გალერეას, გრეტა გარბოს, ცელოფანს, ფრედ ასტერის ფეხებს, ო’ნილის დრამას, ვისტლერის დედას, კამამბერს, ვარდს, ჯიმი დურანტეს ცხვირს, ბოტიჩელის ტილოს, კიტსს, შელის, მთვარეს, მეა ვესტის მხრებს, ზუიდერზეზე მცურავ თბომავალს, მოხუც ჰოლანდიელ მაესტროს, ლედი ასტორს, რუსულ სტეპებს, და ასე შემდეგ, და მისთვის ბროკოლის და დანტეს ჯოჯოხეთს ერთი ფასი აქვს.

ჩვენ კი სათანადოდ არ ვაფასებსთ მიუზიკლს. კოლ პორტერის სიას ჯეროვანი პატივი უნდა ვცეთ.

მისგან განსხვავებულ აზრს იძენს სია მასმედიის სამყაროში.

სიის პოეტიკამ წალეკა მასკულტურის ბევრი ასპექტი. გავიხსენოთ ვიზუალური მოდელი, როგორიცაა ბუმბულებით დამშვენებული გოგონების პარადი ZiegfieldFollie-ს კიბეებზე ან დიდი სტილისტების დეფილე ჩვენს დროში. მაგრამ მომხიბლავ არსებათა დეფილეს აქ ერთი მიზანი აქვს: ჩვენთვის სიუხვის შთაგონება, კოლოსალის საჭიროების დაკმაყოფილება, არა მხოლოდ მომხიბლავი სურათის ჩვენება, არამედ მომხმარებელში ამოუწურავი მაცდუნებელი მოთხოვნილებების გაჩენა, იმ ამერიკული რესტორნების არ იყოს, შესვლისას რომ ფიქსირებულ თანხას იხდი, მერე კი მიირთვი, სულო და გულო, უზარმაზარი ბუფეტიდან.

სიის ეს ტექნიკა მიზნად არ ისახავს სამყაროს წესრიგის ეჭვქვეშ დაყენებას, პირიქით, ის განამტკიცებს აზრს, რომ სიუხვის და მოხმარების სამყარო – ყველასთვის ხელმისაწვდომი, მოწესრიგებული საზოგადოების ერთადერთი მოდელია.

კაპიტალის” დასაწყისში მარქსი შეგვახსენებს, რომ “საზოგადოების სიმდიდრე, სადაც წარმოების კაპიტალისტური წესი დომინირებს, წარმოგვიდგება, როგორც საქონლის უზარმაზარი საწყობი”.Aამ გლობალური საწყობის მრავალი სიმბოლური ადგილი არსებობს: ვიტრინა, სადაც ზოგჯერ მეტისმეტად ბევრი საგანია გამოფენილი, მაგრამ სინამდვილეში მიგვახვედრებენ, რომ გამოფენილია მხოლოდ თითო ნიმუში იმ ყველაფრისა, რასაც შიგნით ვიპოვით; ნიმუშების გამოფენა, სადაც პროგრამულად გაცხადებულია, რომ მის მიერ მინიშნებული ნივთების რაოდენობა უსასრულოა; ვალტერ ბენიამინისეული “პასაჟები” ან ზოლას “ქალთა ბედნიერებაში” აღწერილი უნივერმაღები, ბალზაკის “ესკიზები და ფანტაზიების” ჩამონათვალს რომ მოგვაგონებს: “უცნაური სახლი იყო, თავისებური პანორამა, ფიზიონომიების გალერეა, ფიგურების, სიმდიდრის, აზრების ბაზარი: მომხიბლავი ქალები, დახვეწილი ქალები, უმანკო ქალები, მფრთხალი ქალები, ჯიბეგასქელებული ქალები, პრანჭია ქალები, ავტორები, მსახიობები, ორატორები, პროზაიკოსები, პოეტები, მოსამართლეები, ადვოკატები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბირჟის აგენტები, გალიკანისტები, ულტრამონტანისტები, რესპუბლიკელები, მონარქისტები, პაპისტები, ბონაპარტისტები, კარტისტები, ორლეანისტები, ანარქისტები, ალარმისტები, ნოველისტები, ფელეტონისტები, პამფლეტისტები, პუბლიცისტები, ჟურნალისტები, არტისტები, ყველა აქ იყრის თავს, მხარდამხარ დგანან, ერთმანეთს დასცილდებიან, ერთმანეთზე ქილიკობენ…”

დაბოლოს, აი, ყველა სიის დიადი დედა, დეფინიციითვე უსასრულო, რადგან ყოველწამიერად ვითარდება, World Wide Web, რომელიც სწორედ აბლაბუდა და ლაბირინთია და არა მოწესრიგებული ქსელი. ის ყველა თავბრუსხვევიდან ყველაზე მისტიკურს გვპირდება, მთლიანად ვირტუალურს, და გვთავაზობს ინფორმაციის კატალოგებს, რომელიც საკუთარ თავს მდიდრად და ყოვლისშემძლედ გვაგრძნობინებს, ოღონდ არ ვიცით, მათგან რომელი გვაწვდის რეალური სამყაროს მონაცემებს და რომელი არა, და ტყუილ-მართალი ვეღარ გაგვირჩევია.

რა განსხავებაა მასმედიის გრძელ ჩამონათვალსა და ხელოვნების ქაოტურ ჩამონათვალს შორის?

ვნახოთ ნამდვილად ქაოტური ჩამონათვალის რამდენიმე ნიმუში:

კალვინოს “სამყაროს მეხსიერება და სხვა კოსმიკომიკური ისტორიები”:

“ვჩერდებოდი და ვაკვირვებოდი ღამისგან მოტანილ უცხო საგნებს: ხარის თავის სკულპტურას, კაქტუსს, ურმის თვალს, თვითნაბად ოქროს, კინოპროექტორს. ხელში ვწონიდი და ვატრიალებდი მათ, ვილოკავდი კაქტუსით დაჩხვლეტილ თითს და მართობდა აზრი, რომ ამ ყოვლად შეუსაბამო საგნებს შორის არსებობდა მისტიური კავშირი, რომელსაც მე უნდა ჩავწვდომოდი (…). ზოგჯერ ამგვარად იქმნებოდა ჯგუფი ან გროვა: ხალიჩები, ქვიშის დიუნები, ყურანის გამოცემები, ნავთობის ჭაბურღილები, უაზრო ნივთების უაზრო გროვა, (…) დედამიწა ნელნელა იძენდა ფორმას, როგორსაც ვიცნობთ. მეტეორების ნამსხვრევები ახლაც გვაწვიმს, ახალ დეტალებს ამატებს სურათს, ფანჯრის ჩარჩოში სვამს, ფარდას ჰკიდებს, ტელეფონის ხაზებს ხლართავს, ცარიელ სივრცეს ავსებს ნაწილებით, კარგად რომ ეხამებიან ერთმანეთს, შუქნიშნებს, ობელისკებს, ბარებს, აფსიდებს, წყალდიდობებს, დენტისტის კაბინეტს, “დომენიკა დელ კორიერეს” ყდას, სადაც მონადირე ლომს კბენს, და ყოველთვის რაღაცით ზვიადდება უმნიშვნელო დეტალები, მაგალითად პეპლის ფრთის შეფერილობაში, და რაიმე შეუსაბამო დეტალი, მაგალითად ომი ქაშმირში, და სულ მგონია, რომ რაღაც ისეთი მაინც აკლია, რომელიც მოვა, შესაძლოა მხოლოდ ნევიუსის სატურნიები, რათა ამოავსოს პოემის ორ ნაწილს შორის შუალედი, ან დეზოქსირიბონუკლეინმჟავის ქრომოსომებად ქცევის ფორმულა, და აი, მაშინ, ეს სურათი სრული იქნება”.

ნერუდა ფედერიკო გარსია ლორკას ოდაში:

რომ შემეძლოს მჭვარტლით ავავსო მერიები და

ძირს დავანარცხო საათები მოთქმა-გოდებით

დავინახავდი

როგორ შემოდის შენს სახლში ზაფხული, გაპობილი ტუჩებით,

მოდის ზღვა ხალხი აგონიურად შემოსილი

მოდიან სევდიანად ბრწყინვალე მხარეები

მოდიან მკვდარი სახნისები და ყაყაჩოები

მოდიან მესაფლავეები და რაინდები

მოდიან პლანეტები და სისხლიანი რუკები

მოდიან ფერფლით დაფარული მყვინთავები

მოდიან ნიღბიანი კაცები და მოათრევენ დანით გაფატრულ გოგონებს

მოდიან ფესვები, ვენები, საავადმყოფოები, წყაროები, ჭიანჭველები,

მოდის ღამე საწოლით, რომელზეც კვდება, ობობებს შორის, მარტოსული ჰუსარი

მოდის სიძულვილის და ქინძისთავის ვარდი,

მოდის მოყვითალო გემი,

და ქარიან დღეს ციმციმ მოჰყავს პატარა ბავშვი…

და აი, ბოლოს, აბსურდული სიის ყველაზე დიდი ნიმუში (იმდენად დიდი, რომ თავს შემოკლების უფლება მივცეთ), ანუ ჩინური ენციკლოპედიის ცხოველთა ჩამონათვალი, ბორხესის შეთხზული კეთილგანსწავლულობის ციური საუნჯე, რომელსაც შემდეგ მიშელ ფუკო დაესესხა და ციტატად წაუმძღვარა სიტყვებს და საგნებს. მის მიხედვით, ცხოველები შემდეგ ჯგუფებად იყოფიან: “1) იმპერატორის კუთვნილი; 2) დაბალზამებული; 3) მოთვინიერებული: 4) ძუძუთა გოჭები; 5) სირინოზები; 6) ზღაპრულები; 7) მაწანწალა ძაღლები, 8) აქ კლასიფიცირებული ზოგი ცხოველი; 9) გიჟივით აწყვეტილები; 10) ურიცხვნი; 11) აქლემის ბეწვის ფუნჯით დახატულები; 12) და ასე შემდეგ; 13) ლარნაკი რომ დაამსხვრიეს; 14) შორიდან ბუზებს რომ გვანან”.

თუ დავაკვირდებით როგორც ჭკუასთან ახლო მყოფ გაზვიადებებს, ისე ქაოტურ ჩამონათვალებს, ვხვდებით, რომ ანტიკური დროის სიებთან შედარებით რაღაც განსხვავებული მოხდა. ჰომეროსი, როგორც ვნახეთ, სიას მიმართავდა, რადგან სიტყვები, ენა, ბაგე არ ჰყოფნიდა, და საუკუნეების განმავლობაში გამოუთქმელის ტოპოსი ბატონობდა სიის პოეტიკაზე. მაგრამ ჯოისის და ბორხესის, კალვინოს და ნერუდას სიებში აშკარაა, რომ ავტორი სულაც არ ადგენს სიებს, რაკი არ იცის, სხვაგვარად როგორ თქვას, არამედ სწორედ იმიტომ, რომ სურს თქვას გაზვიადებით, სიტყვის Hybris-ით – გაზვიადებით და გაუმაძღრობით, მრავლობითის და უსაზღვროების მხიარული (იშვიათად ობსესიური) მეცნიერების[18] საშუალებით, და, განსაკუთრებით, ქვეყნიერების ხელახლა, კარტივით აჭრის სურვილით, თვისებათა დახვავების გზით შორეულ საგანთა შორის ახალი კავშირების გამოყვანით. ყველა შემთხვევაში, სურს ეჭვქვეშ დააყენოს საზოგადოდ დამკვიდრებული კავშირები.

ქაოტური სია ამგვარად ხდება ფორმის რღვევის ერთ-ერთ მანერათაგანი, რომელიც სხვადასხვაგვარად განახორციელა ფუტურიზმმა, კუბიზმა, დადაიზმა, სურრეალიზმმა, პოპ არტმა.

ერთი წამით გადავხედოთ ბორხესის ცხოველთა ჩამონათვალს. ეს სია დაჯგუფებადობის ყოველგვარი გონივრული კრიტერიუმის გამოწვევაა, რადგან აქ შეიძლება იხილოთ უთვალავი სირინოზი, ზღაპრული მაწანწალა ძაღლი და იმპერატორის კუთვნილი გოჭები, რომლებმაც ლარნაკი დაამსხვრიეს, და განსაკუთრებით, გაუგებარია რა აზრი უნდა გააჩნდეს ამ “ასე შემდეგს”, არა სხვა ელემენტების ბოლოს, არამედ ამავე სიის სხვა ელემენტთა შორის. და მხოლოდ ეს რომ იყოს, რა გვიჭირდა. ის, რაც ამ სიაში ნამდვილ შფოთვას იწვევს, არის კლასიფიცირებული ელემენტები, რომლებიც კლასიფიკაციაში უკვე კლასიფიცირებულია. გამოუცდელ მკითხველს აქ, მაქსიმუმ, რეტი ესხმის. მაგრამ დაჯგუფებების ლოგიკაში გამობრძმედილი მკითხველი შეიგრძნობს თავბრუსხვევას, როგორმაც თავის დროზე მონუსხა ფრეგე, ახალგაზრდა რასელის სიტყვისგებაზე გულუბრყვილო სიმრავლეთა პარადოქსთან დაკავშირებით – მისი განხილვით აქ თავს აღარ შეგაწყენთ. ეს პარადოქსი თანამედროვე ლოგიკის ერთ-ერთ საჭირბოროტო ელემენტს წარმოადგენს, რომელშიც გონება ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ თავს და საკუთარ წესებს.

ბორხესის კლასიფიკაციაში სიის პოეტიკა თავის მაქსიმალურ ერეტიკულ წერტილს აღწევს და ლაფს ასხამს ყოველგვარ წინასწარდადგენილ ლოგიკურ წესრიგს. აქ არ გვაქვს მხოლოდ სია სიისთვის. აქ ამტკიცებენ, რომ სია მხოლოდ სათამაშო ხელსაწყოა, ლიტერატურული თავშექცევა კი არა, შემეცნების ფორმაა, ანუ შეუმეცნებლობის ფორმა, ჩვენს თავში დალაგებული ცოდნის ნიადაგის რყევაა, და, შესაბამისად, რიტორიკული ფორმაა, რომელსაც დიდი პატივით უნდა მოვეპყრათ.

სწორედ ეს ვცადეთ დღეს, თუმცა შემდგომი ცდებისთვის შემიძლია მხოლოდ გირჩიოთ “და ასე შემდეგ”.

© არილი


[1] იოზეფ მენგელე, ადოლფ აიხმანი – ნაცისტური გერმანიის სს-ის განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ოფიცერი და ექიმი.

[2] ემილიო სალგარის სათავგადასავლო წიგნების პერსონაჟები.

[3] ბარონი დე სიგონიაკი – ტეოფილ გოტიეს “კაპიტან ფრაკასის” პერსონაჟი

[4]იგულისხმება სალგარის პერსონაჟი იანეს დე გომერა, რომელმაც ჯეიმს ბრუკის მიერ დატყვევებული სანდოკანი ციხიდან გააპარა.

[5] პიერ ალექსის პონსონ დიუ ტერაის პერსონაჟები. «როკამბოლი, ველურის სიკვდილი”. 1857 წ.

[6] ფრანსუა დე ბოფორი (1616-1669წ.) – კარდინალ მაზარინის წინააღდეგ კონსპირაციის გამო ვენსენის ციხეში დატყვევებულმა 5 წლის შემდეგ გაპარვა მოახერხა. გახდა დიუმას რომანის “20 წლის შემდეგ” პერსონაჟი.

[8] მაიკლ შეინი – ბრეტ ჰალიდეის დეტექტივების სერიის პერსონაჟი.

[9] “ველური დასავლეთის” ცნობილი პისტოლეროები, რეალური ადამიანები, რომლებიც ვესტერნის გმირები გახდნენ.

[10] სამბილიონგი – ემილიო სალგარის “მალაიზიელი მეკობრეების” პერსონაჟი.

[11]რომან მიმინოშვილის თარგმანი. 1988.

[12] ჯოზეფ კორნელი 1903-1972. ამერიკული სიურრეალიზმის წარმომადგენელი.

[13]პიერ ფერნანდეს არმანი 1928-2005. Fფრანგი მხატვარი და მოქანდაკე,Aპოპ არტის წარმომადგენელი.

[14]ათანასიუს კირხერი XVIIს. Gგერმანელი სწავლული ბერი.

[15]გურამ გოგიაშვილის თარგმანი. 2013წ.

[16]ნიკო ყიასაშვილის თარგმანი 1983წ.

[17] გია ჯოხაძის თარგმანი 2014წ.

[18]ნიცშეს თხზულება “მხიარული მეცნიერება” (1881წ); ამ ტერმინით პროვანსელი ტრუბადურები საკუთარ პოეტურ ხელოვნებას აღნიშნავდნენ.

Facebook Comments Box