გაზაფხულზე გადაბელილი ხეები ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს მუშტებმოღერებული ბოქსიორებივით ჩამწკრივებულიყვნენ და მთელი უბნის ბეღურებიც ერთადერთ, სასწაულით გადარჩენილ, უკვე ფოთლებგაყვითლებულ ჭადარზე შეყუჟული ჟივჟივებდნენ.
სასწაული კი ნახევრადმელოტია. თეთრი ხალათი აცვია, ხის ქვეშ პლინტუსებით შეკრულ ფარდულში დგას, პარიკმახერი ელდარა ჰქვია, წვრილად შეკრეჭილი ულვაში აქვს და ოდესღაც “საწერად” სახელდებულ მაგიდის კიდეზე დარჭობილ ლურსმანზე წამოცმულ ტყავის ქამარზე წაღმა-უკუღმა ატყაპუნებს სამართებელს. ზუსტად ისე, როგორც ნახევარი საუკუნის წინ, მთელი თბილისის დალაქები ლესავდნენ იარაღს “შიპრისა” და “ტრაინოი ადეკალონის” სუნით გაჟღენთილ საპარიკმახეროებში.
– ცივი ქარია დღეს, აი. – გადაულაპარაკა ელდარამ კლიენტს.
– ჰოო?
კლიენტი, გოგი რომ ჰქვია, სტომატოლოგიურ სავარძელში ჩამჯდარიც, ელდარას სიმაღლეა; დილიდან ხასიათზე ვერ არის, არანაირ პროვოკაციაზე არ ეგება და ყველაფერზე მხოლოდ “ჰო”-ს და “ჰოო”-ს პასუხობს.
– ეს ხე ჩემი გადარჩენილია, ხო იცი? – ქარმა ბეღურის პატარა, მრგვალი, თეთრი სკინტი მოატყიპა ფანჯარას და ელდარმაც თავისი ტუზი გააძრო.
– ეგ ხო ვიცი.
– რა იცი აბა? – კლიენტმა, როგორც იქნა, ორი სიტყვა ერთმანეთს გადააბა და დალაქს რაღა გააჩერებდა, – ისიც იცი რო ბრიგადირი თავის პამოშნიკიანად უფასოდ გავკრიჭე იმ დღეს?
– ჰოო, ჰო ვიცი.
– ისიც იცი რო, მერე რო გეუბნება, მაინც უნდა გადავჭრაო? აზრზე ხარ გოგიჯან? მერე მე ვეუბნები: შენ იცი ეს ხე ამა და ამის, დიდი კაცის სახელი ვუთხარი რა, ამა და ამ მამის დარგულია მეთქი! აზრობ რა მოვიფიქრე?
– ჩრდილი გინდა არა, ზაფხულობით?
– ეგრეა, კი, ხო, მაგრამ მარტო ეგრეც ხომ არ არის? არა, შენ აზრობ მეთქი?
– ვაზრობ, ვაზრობ, ელდარ, მაგრამ ერთი რამე ვერ გამიგია, ქართველი კაცი ხარ და ეს სომხური ბაზარი საიდან?
– იქიდან, ჯიგარ, რო ოცდაათი წელიწადი სუ სომხების გვერდით ვმუშაობდი დიდუბეშიც, ვორონცოვზეც, მერე ვერაზე…
– ხუთი წელია აქ მარტო ხარ, მაინც ვერ მორჯულდი, არა? რა არიან ეს სომხები?!
– ხუთი კი არა, შვიდი წელი და ნახევარი. ეეე, რო მახსენდება რამდენი მუშტარი დადიოდა მაშინ აქა. საღამომდე ვერა ვჯდებოდი, თმებს ხო სუ ვგვიდი და ვგვიდი. ეხლა…
– რას იზამ, ეხლა ზოგი ინგლისშია, ზოგი ამერიკაში, ზოგი…
– ზოგიც ჰალსტუხით დადის, აქ როგორ იკადრებს; ეგ უნდა გეთქვა გოგიჯან?
– რა ვიცი აბა, რა უნდა მეთქვა.
– შენ გიკაკუნებენ!
ელდარა მიტრიალდა, საქაფე კრემი და ფუნჯი გამოიღო.
გოგიმ ფანჯარას შეხედა.
გამხდარი თითი და ფერმკრთალი სახე მინას მოშორდა. სამაგიეროდ ფარდულის კარმა გაიჭრიალა და ქარმა გამხმარ ფოთოლს სუფთად გაპარსული, მხრებში მოხრილი, ჭაღარაშერეული კაცი შემოაყოლა.
– ვაა, ვაა… ყველანი აქა ხართ? გაასწორა აი!
ახალმოსულს ჩიჟიკას ეძახდა ყველა. მოკლე “დუბლიონკა” ეცვა, ნიკაპი თეთრი სვიტრის საყელოში ჩაემალა და როგორც ყოველთვის, ტუჩებიდან სიგარეტი ჰქონდა გადმოკიდებული.
– ვინ ყველანი, ბევრნი ვართ? ელდარ, არ ჯობია ჯერ თმა შემისწორო? – გოგი წამოდგა, პალტო გაიხადა და ლურსმანზე ჩამოკიდა.
– ნაღდი ბუკლეა, აი. – დალაქმა ხელი დაუსვა პალტოს.
– უკან, ელდარ, მარტო უკან… ჰო, რაო აბა, ჩიჟიკ, ბევრნი ვართ მეთქი?
ჩიჟიკა რაღაცას ეძებდა, ბოლოს ტაბურეტი იპოვა, გავარვარებულ რეფლექტორს მიუჯდა და მერეღა ახედა მეგობარს.
– რავა ხარ, გოგია?.. ცივა აი!
– ცივა კი არა, რას გევხარ. იჯექი რა სახლში, არ დაგიჭირონ.
– რაზე უნდა დამიჭირონ? ფაქტი მე არა მაქვს…
– ეგ ვიცი ტო! სულ გაიჩხერდი რაც გექნებოდა, მაგრამ ეხლა რომ მაგაზეც იჭერენ, იცი?
– ეეე! რა გამიტრაკა ამან საქმე. რო ვკაიფობ იმიტომ უნდა დამიჭირონ? შენ რო წვერს იპარსავ კაია? ელდარ, მიდი რა ერთი თავი გადაპარსე მაგას.
– შენზე რო ნაწყენი ვარ იცი? – ელდარამ გოგის თავს უკან მაკრატელი ააწკაპუნა.
– შენ რაღა დაგიშავე, ა? მოიხედე აქეთ!
– გუშინ სად გაიკრიჭე, იქ არა? დაგინახე აი, რო შედიოდი.
ფარდულის ფანჯრიდან, ქუჩის მეორე მხარეს, ორ სამსართულიან სახლს შორის ჩაკვეხებული კორპუსის ქვეშ, შავად შემინული სუპერ-სალონი ჩანდა.
– კარგი რა, ელდარ, წვერს ხომ შენთან ვიპარსავ.
– კანეშნა, ეგეთ სალონებში არა პარსავენ და…
– ისე, გოგია, შენ ნამყოფი ხარ მანდ? რა ნაშები მუშაობენ…
– ქალის გაკრეჭილი არ გაიშვა, თარსები არიან!
– საღოლ გოგიჯან, აი საღოლ! – ელდარამ თმის საქმე მოამთავრა და განსაკუთრებული სიფრთხილით ამოაცალა საფენი გოგის კისრიდან, – ჯიგარი ხარ!
– თან გინდა როო ნაშები? – ახლა გოგი არ ჩუმდებოდა.
ჩიჟიკას თავი ჩამოეკიდა და, ცოტა არ იყოს, თავის ტაბურეტიანად რეფლექტორისაკენ გადახრილიყო.
– ვითომ რატომ არა?! მითხარი ერთი.
– ამას შეხედე რა! არ დაიწვა, ბიჭო. ვაბშე სახლში წადი, აქ არ დაიბრიდო.
– ეეე! ეს ვინ არი ე! ხან დაგიჭერენო, ხან დაიბრიდოო. თუ გაგიტყდა ჩემი მოსვლა, ვაბშე წავალ მართლა.
ჩიჟიკა წამოდგა, ძალიან ნაწყენი და კიდევ უფრო ნაღვლიანი სახე ჰქონდა.
გოგიმ მაჯაზე მოჰკიდა ხელი, მიხვდა – დააშავა:
– რა იყო, შენ ჩემგან რამე გწყინს?
– აბა, რა არის, ცუდ ხასიათზე ხარ და ჩემზე იყრი?
– ჰო, რაღაც ვერა ვარ…
– რატო, მერე, რატო? – ჩიჟიკამ ტაბურეტი გაასწორა და ისევ დაჯდა.
– მიტო, ბიჭო, მიტო, რომ შენ რომ მაგ ხასიათზე ყოფილიყავი ეხლა, მაგისთვის ჯერ ბუნებამ იმუშავა, მერე ფარმაცევტულმა მრეწველობამ, მეტალურგიამ…
– ჯიგარ, თავს ნუ აქანავებ რა, – ელდარს თავისი საქმე ჰქონდა.
– მეტალურგია რაღა შუაშია, მითხარი აბა. თან შენ მალბორო გექნება; გააძრე, მოვწიოთ.
– ნემსი, ნემსი! ჰო, სულ თავიდან კიდე მამაშენმა.
– ეგრე რა, ცოტა მხიარულად, ძმაო… სადა გაქვს სიგარეტი? – წერტილი დაუსვა ჩიჟიკამ შერიგების პროცესს.
– პალტოს ჯიბეშია, მაგიდაზე დადე, ელდარაც მოწევს.
ჩიჟიკა ნახევრადდახუჭული თვალებით გემრიელად ეწეოდა სიგარეტს, მერე კიდევ უფრო მოწკურა თვალები და რაღაც გაიხსენა:
– ე! ელდარ! მე რო აქ რაღაც დავტოვე გუშინ, სად არი?
– სადაც დადე ჯიგარ, მე ხო ხელს არ ვახლებდი. – ელდარამ პატარა სარკე აიღო და გოგის უკან დადგა: – კაია?
– მაგარი ხარ! ეს რას ეძებს, ეს?
ჩიჟიკა მაგიდის უჯრებს სათითაოდ აღებდა და “ე-ე”-ს ძახილით ხურავდა.
– მანდ რა უნდა კაცო, ზემოთ პოლკაზე არ დადე? აი აქა რა! – ელდარამ თაროზე შემოდებული ჩემოდნის ქვეშიდან გაზეთისაგან გაკეთებული პატარა პაკეტი გამოაძრო: – აჰა! – მერე გოგის დახედა: –
– სანამ გავპარსავ, მეც მოვწევ, კარგი გოგიჯან? – კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, ნაფაზი დაარტყა და ფანჯრიდან სალონს გახედა:
– ესენი, მე გული მიგრძნობს, გადამასახლებენ.
ჩიჟიკამ ორი თითით გამოართვა პაკეტი.
– გოგია, პლანს მოწევ? არ მითხრა ეხლა არაო.
– რა ვი აბა, მოიცა გავიპარსო და მოვიფიქრებ.
ელდარამ მაგიდის ქვემოდან მეორე ტაბურეტი გამოიღო, თვითონაც რეფლექტორს მიუჯდა, იდაყვი მუხლებს ჩამოაყრდნო, საფეთქლები ხელისგულებს და გაწითლებულ სპირალს დააშტერდა. ეს მოკლე პანტომიმა ასე იშიფრებოდა: “ეჰ, ამათ სუ ფეხებზე ვკიდივარ მე და ჩემი ბუტკაცო.”
– რა იყო, ელდარ, მაგათმა შეგაშინეს? – გოგის პარიკმახერი შეებრალა, – აქ არა ვართ? დედას ვუტირებთ.
– იცი რაზე მტკივა ეს მუდრეგი და ოხერი ესა? – გულზე მუშტი მიიბრახუნა დალაქმა, – აქ, აი, ხანდახან ქალები შემოდიან. მაღაზიაში კიტრი პამიდორი, კიდე რამე იყიდიან, სუმკა ხო მძიმეა. მეტყვიან: აქ დავტოვებ ელდარ ძია – ჩემი ქმარი ჩამოვა, აიტანს. მე ხო უარს არ ვეტყვი. აბა, მიდი იქ შეიტანე.
– ეს რა ბოღმაა მართლა, – ჩიჟიკა პლანს სიგარეტში აკეთებდა, – მოიხედე აქეთ; გინდა? შენც მოწევ?
– ეეჰ, ნეტაი შენა.
– ეჰ კი არა, აგე ფანჯარაზე თეთრ სკინტს ხომ ხედავ? დაჟე დიდ მაყუთს იშოვი.
– ეგ ჩიტებიც არ იქნებოდნენ აი, ეგ ხეც რო გადაეჭრათ.
– ისე, რა ბედი ქონიათ მაგ ბეღურებს, ჩინელებიც არ არიან ამ ქუჩაზე. – თავისთვის ჩაილაპარაკა ჩიჟიკამ.
– ბეღურები კი, მაგრამ ეს რაღა წრეებს ურტყამს ბუტკას? – გოგიმ შუბლი მოიჩრდილა.
– ვინ არი ე?! – ჩიჟიკამ შეკეთებული სიგარეტი მაგიდის კუთხეში, საკანცელარიო ჟურნალის ქვეშ შეაგორა, “ბომბია” თქვა და გოგის ჩამოეყრდნო მხარზე: – ვა, დუდუ?! გაასწორა აი, ალბათ ლარიანს დაარბენინებს ქარი და ეგეც დასდევს, ხედავ? – იდაყვი დააჭირა ძმაკაცს, – ეგრე აი, ლოთობამ იცის! – თითი კი ასწია, მაგრამ ბოლომდე გაშლა დაეზარა.
დუდუს, წვერ-ულვაში ერთ ზომაზე რომ ჰქონდა დაყენებული, შავი, გაბერილი ქურთუკი, ჯინსი და თეთრი ადიდასები ეცვა. ლურჯი ნაქსოვი ქუდი წარბებამდე ჩამოეფხატა, თავჩაღუნული, წელშიმოხრილი, მართლა რაღაცას ეძებდა ასფალტზე. მერე უცებ ჩაიცუცქა, ასევე სწრაფად წამოდგა და ფარდულისაკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა.
ის იყო ელდარს ქაფი უნდა წაეცხო გოგის ლოყაზე, რომ კარმა გაიჭრიალა.
– სტოპ! – დაიძახა დუდუმ, მაგიდაზე ბეღურის ბარტყი დასვა და გოგისაკენ დაიძრა: – ეს კაცი ერთი თვეა არ მინახავს. ჯერ უნდა გადავკოცნო! – წაბარბაცდა და გოგის ჩაეხუტა.
– დანარჩენებს ჩემი სიცოცხლე შემოგევლოთ, მაგრამ ამდენი ზასაობის თავი არა მაქვს. ელდარ! ეხლა შეგიძლია აგნეტუშიტელი მოუშვა, – თავის ნათქვამზე თვითონ გაიცინა დუდუმ და ტაბურეტზე ჩამოჯდა.
– რაო, რა თქვი? – გოგი სავარძელში გასწორდა, – რამდენი ხანია არ გინახივარ?
– ჰო რა იყო? ერთი კვირა იყოს, თუ ეგრე გინდა.
– მოიცა, აბა წუხელ ვინ აგიყვანა სახლში?
– შეენ ტო?! შეენ? ვა, თან ასაყვანიც ვიყავი? – ვერც ერთს ვერ იჯერებდა დუდუ.
– დაიწყო ეხლა ამან. შეენ, მეე, ისინი… ეს ვინ არი, ძმაო? – ჩიჟიკა შეშინებულ ბარტყს ნეკათითს უსვამდა თავზე.
– მაგას დასდევდი ნახევარი საათი?
-აი, შენ ნუ ლაპარაკობ, თორემ ქაფი ჩაგივა, არა ელდარ? ეს არის, ძმებო, სიცოცხლის აპოგეა!
– გაიგე ჩიჟიკ, აი, ეგ ყოფილა აპოგეა! – გოგი უკვე დაბალი ამპლიტუდით ამოძრავებდა ტუჩებს, – მე მეგონა კონიაკის ბოთლი იყო.
– რატომ მიტრაკებ ძმაკაც?
– ეგ ეგრეა მთელი დილაა. – ჩიჟიკას მტევნის ზურგზე გადმოესვა ბარტყი და აქეთ-იქიდან ათვალიერებდა.
– აბა, რა არის რას გევხართ ორივენი ამ დილაადრიან?
– ვა, შენ რო წვერს იპარსავ კაია? მე მინდოდა და ნახევარი ბოთლი კონიაკი დავლიე. აი, ასე! გასაგებია?!
– თან რა ერთ ჭკუაზე ხართ მოწყობილები!.. ე აპოგეა რაღას მოგყავდა აქ?
– წრიპინებდა, ბიჭო, წრიპინებდა ეგ საწყალი.
– ბარტყია და იწრიპინებს. აბა შენ რა გინდა…
– მაიცა რა, რა გესმის, – დუდუმ თავის ხელისგულზე დაისვა ბარტყი: აი, ეს ხო აზრზე არ არის მაგის წრიპინს თავის დედიკო უფრო ადრე გაიგონებს თუ კატა?
– ასპროცენტიანი ხარ, – ჩიჟიკამ თავი კედელს მიაყრდნო და თვალები მილულა, მერე ცალი გაახილა – პლანს მოწევ?
– ე! მა-რა! სად არი როო?.. კაია?
– მოწევ და ნახავ. აი, მანდ არის ელდარას ჟურნალის ქვეშ.
– ვა, ელდარას ჟურნალიც აქვს? მე მეგონა მარტო დენს იპარავდა… სადა გაქვს, ელდარჩიკ, ჟურნალი?
ელდარამ არაფერი შეიმჩნია და თავით მაგიდის ბნელი კუთხისაკენ ანიშნა.
– თქვენ კიდე ეგ გინდათ ვითომ? – ძალიან ფრთხილად ჩაიცინა გოგიმ.
– ელდარ! სასწრაფოდ ქაფი მაგას ტუჩებზე! – დუდუმ შეკეთებული სიგარეტი თითებშუა აათამაშა, – შენ რა, ვითომ არ მოწევ?
– არა, არა. მე თავი გამანებეთ, თქვენ გაიხარეთ.
შენი საქმე შენ იციო, დუდუმ მოუკიდა, ერთი-ორი ნაფაზი დაარტყა და ისევ ბარტყი გაახსენდა:
– ოო, ეს რო უნდა დავაბინავო?
ანაშის სუნზე ჩიჟიკამ თავი წამოსწია:
– სად უნდა დააბინაო, სახლში უნდა წაიყვანო?
– ხეზე უნდა შევსვა, ბიჭო, რა სახლში.
– რავი, აპოგეააო და… გადმომაწოდე ეხლა ეგ, მარტო შენთვის კი არ შემიკეთებია.
მალე ფარდული ანაშის არომატით აივსო.
– კარგი რამე ჩანს აი. აფსუს, წასასვლელი არ ვიყო, – თავი გააქნია გოგიმ.
– რა, არ იცი სად დავდე? როცა გინდა მოხვალ და აიღებ… ისე სად მიდიხარ? სულ კი გატყობ რო რაღაც… რაღაც… თმა, წვერი, რამე… დუდუ, შენ არ გაინტერესებს?
– ჰო, კი, მოყევი აბა, მოყევი გოგია!
– რა მოვყვე. მანქანა რომ მივეცი გუშინწინ ერთს, წუხელ ნახევარი ფული მოიტანა. დღეს 10-ზე უნდა მოეტანა მთლიანად…
– მერე ჯერ თორმეტია რა! ამ კვირაუთენია უნდა მიადგე?
– რა არი იცი, დუდუ? კაცი რომ იტყვის ათზე, უნდა მოვიდეს ათზე. მე ეგრე ვიცი. არ მოვიდა? ეხლა მე მივალ.
კვამლში ჩიჟიკას ხელი გამოიკვეთა.
– აჰა! მოწიე. მეც არა ვთქვი… ჩვენი წამოყოლა ხომ არ არის საჭირო?
– მაიტა, ჰო, მაიტა!
გოგიმ სამი ისეთი ნაფაზი დაარტყა – ფილტრის მაგიერ შეკვეხებული კარდონის ცილინდრიღა დატოვა.
– ვერ გავიგე წამოგყვეთ?
– არა, კაცო, რა წამოყოლა მინდა. თქვენ აპოგეას მიხედეთ. დაბოლდა ეგ საწყალი, როგორ ნაბავს თვალებს.
– მართალია ეს კაცი, – დუდუ წამოდგა, – ჩიჟიკ, წამო, ეს ჯიგარი თავისიანებს ჩავაბაროთ. ნახე ფართხალებს, სახლში უნდა, ოჯახში!
– მე რა შუაში ვარ? ვერ მოვდივარ რაღაც აზრზე.
– ვა, აბა მიწაზე დავსვა? თავისით ავიდეს?
– ჩემგან რა გინდა მეთქი, ჩემგან?
– მე აგწევ, შენ დასვამ. ტოტები რო იწყება აი იქ.
– ეე! ტურტლიანი როა?
– მაშინ, აბა, ვაბანაოთ ჯერ!.. ადე, ადე, ცოდოა რა, ქარიც ჩადგა.
ქარი მართლაც აღარ უბერავდა და სანამ ჩიჟიკა გულშიბარტყჩახუტებულ დუდუს წაუჯიკავებდა: “ჰა, წამო, ჯანდაბას შენი თავიო”, მზემაც გამოანათა.
ფარდულში ისევ ორნი დარჩნენ.
– ელდარ, ფანჯარა გააღე, თორემ შეიძლება ისეთმა ვინმემ შემოიხედოს, რომ ორივე დაგვაჯარიმონ, თან სერიოზულად.
– მეცა ტო?
– ჰო, შენცა ტო, შენცა.
ელდარა სასწრაფოდ ეცა ფანჯარას. მერე კლიენტი შეათვალიერა, საკუთარი ნაშრომით კმაყოფილმა სიგარეტი ამოიღო და გააბოლა.
ღია ფანჯრიდან სუფთა ჰაერს, ჩიტების წრიპინთან ერთად, მოკლე ფრაზებიც შემოჰქონდა.
– ჰოო… ოპ! ჰე, მიდი!
– რა ოოპ ტო, ნუ ქანაობ.
– ხელი აწიე, ბიჭო! ოოპ!
– დამაგდებ შენ მე!
– დასვი?
– ვერა, შემეშვი. ჩამომსვი, თორემ შემომეჭყლიტება.
– აბა, შენა ხარ, შენ ვერ ამწევ, არა?
– რას აგწევ?! უბერავ? წადი კიბე იშოვე!
გოგის თან ეცინებოდა, თან ფრანგული ლოსიონით დასველებულ ხელის გულებს იტყაპუნებდა ყელზე, მერე ვეღარ მოითმინა და კარს ხელი ჰკრა:
– იმდენს ყვიროდით, მეთქი უკვე კენწეროში არიან.
– გიჟია ეს. თვითონ ფეხზე ძლივს დგას… ნახე რა, რა დავისვარე – ჩიჟიკა დუბლიონკას იბერტყავდა.
– ბიჭო, ამასაც მოფიქრება უნდოდა? ნახეთ, აი ჭკვიანი კაცი.
ფარდულიდან გამოსულ ელდარას ოქროგადაკრული სიბრძნის კბილები უჩანდა, ხელში ტაბურეტი ეჭირა:
– მეორეს ფეხი ძვრება, სანდო არ არის.
გოგიმ ტაბურეტი ჩამოართვა, ჭადრის ქვეშ დადგა და ხელი დაარტყა.
– ჰე, დადექი ეხლა ამაზე.
დუდუმ დიდი სიფრთხილით გამოართვა ჩიჟიკას ბარტყი, ტაბურეტზე შედგა, ხელი ასწია, მაგრამ:
– მაინც ვერა!
– მოიყვა ეგ აქ, მოიყვა.
ახლა გოგიამ აიყვანა ჩიტი, ტაბურეტზე დადგა, ფეხის წვერებზეც აიწია, აიხედა, ისევ ჩამოხტა:
– არაა! არ გამოვა… ჩიჟიკ, გამოართვი, შენ მაგაზე მსუბუქი ხარ.
– ვაა… არ გადამაყოლა, ამ ჩემისამ, ამ ზღმურტლიანს?!
ბარტყი ისევ ჩიჟიკასთან იყო:
– ჰა, აქა მყავს, რა გინდა აბა?
– დადექი ტაბურეტზე.
– აჰა, დავდექი.
გოგი დაიხარა, ბარძაყებზე ხელი შემოხვია ჩიჟიკას, ასწია და თვითონ ავიდა ტაბურეტზე.
– დასვი დროზე!
– დავსვი, დავსვი.
დუდუ მაინც ვერ ისვენებდა:
– ჩიჟიკ, არ გადმოვარდება? ხო კარგად ზის?
– წადი, შენი!..
ჩიჟიკას კიდევ ერთხელ მოუწია ტანსაცმლის გაბერტყვა-გასწორება.
– მამა!.. ხეზე რა გინდოდა, მამა?!
ვერცერთმა შეამჩნია საიდან მიუახლოვდა ახალგაზრდა ქალი. ჯერ თვითონაც ბავშვს, მზისგან მოჭუტული თვალებით ძალიან რომ ჰგავდა მამას, ორივე ხელით ლურჯ კომბინეზონში გამოკვართული, წითელი კაშნეთი ცხვირპირახვეული ყრმა ჰყავდა გულზე მიხუტებული.
უცებ შეიცვალა ჩიჟიკა, მინაბული თვალები გაუფართოვდა, გაუბრწყინდა.
– ვაახ, თქვენ კი გენაცვალეთ… სად მიდიხართ ამ სიცივეში?
– არაფერიც არ ცივა. ცოტა უნდა მიეჩვიოს. თან ნახე, როგორ თბილად ვართ ჩაცმულები.
– ეს ვინ მოსულა, კაცო! – გოგის ჩაცმა მოესწრო, ხელში ელდარას ჯაგრისი ეჭირა, – რამხელა გაზრდილა! ბაბუას ჩამოაკითხე, რომ არ დაგეკარგოს?
ბიჭუნას ცხვირზე თითი შეახო, მერე გვერდზე გადგა და შარვლის ტოტზე ჯაგრისი დაისვა.
– გოგი ბიძია, თქვენც ხეზე იყავით? – ქალი ბედნიერი იღიმებოდა, – და ის თქვენი ძმაკაცი ახლა აპირებს?
დუდუ წრეს ურტყამდა ჭადარს და ისევ ზემოთ იყურებოდა.
– აი, მაგის ბრალია ყველაფერი… შეეშვი ბიჭოO მაგ ჩიტს, – დაუძახა გოგიმ.
დუდუმ მოიხედა.
– ვაა, ვაა, რა სტუმრები გვყოლია!.. უხ, წვერი არ მქონდეს!.. რა ჩასაკოცნია ეს ბაბუაძაღლი, ესა!
ჩიჟიკა ამაყად იდგა. ტუჩის ერთ კუთხეში სიგარეტი გაეჩარა, მეორე კუთხე კი სიხარულისაგან ყურის ბიბილოზე უღიტინებდა.
– წადით ჰო, გაისეირნეთ, ცოტა კი დათბა მართლა.
– შენც წამოდი და წავალთ, ბაბუა მოენატრა, ხედავ?
ბავშვი ჩიჟიკასაკენ იშვერდა ხელთათმანში ჩაფუთნულ პატარა მუშტს.
– მოდი, მოდი, ჩემი… ჩემი… – ჩიჟიკამ სიგარეტი ურნისკენ მოისროლა, თვალები ისევ მილულა და პატარა ჩაიხუტა, – ჩვენ წავედით. დაუქნიე ხელი, ბაბუ.
წავიდნენ.
გოგიმ ტაქსს აუწია ხელი: – მეც წავედი!
– მე და შენ რა ვქნათ, ელდარ, არ დავლიოთ? – დუდუმ ელდარას გადახედა.
– ჯანი გავარდეს დუდუჯან, დავლიოთ.
– ჩემი წასაყვანი არ გახდე დღესაც! – გაჯახუნდა ტაქსის კარი.
ბერლინის კედლის დანგრევამდე გამოშვებული “ოპელის” კარბურატორმა ისე იბუთქა, რომ ბეღურების უზარმაზარი გუნდი ჭადარს ფრიალით მოსწყდა.
ერთ წამს თითქოს ჰაერში გაშეშდნენ ჩიტები, მერე მთელი გუნდი ისე გაქანდა, იფიქრებდი სადაცაა მოპირდაპირე შენობის კედელს და ფანჯრებს შეახეთქებენ თავებსო, მაგრამ ერთბაშად გაიშალნენ, ჭადარი ალყაში მოაქციეს, სათითაოდ დასხდნენ და აჟივჟივდნენ.
– მაგრები არიან არა? – თქვა დუდუმ.
– მაშ როგორ! – დაუმოწმა ელდარამ, – თანაც ჩერეზჩურ! – დაამატა და ფარდულის თეთრად გადასკლინტული სახურავისკენ ანიშნა დუდუს.
მარტი, 2009
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
One Comment
Simon Deans
Sparrow picture from: http://www.birds.deansfamily.com