ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია

თამაზ ვასაძე – დასავლური პრინციპების იმედით

იმის შესახებ, საქართველო ევროპაა თუ აზია, რა გვაკავშირებს ევროპულ კულტურასთან, რას ნიშნავს ევროპული ორიენტაცია, ხშირად უმსჯელიათ, უკამათიათ და ასეთი მსჯელობა თუ დისკუსია დაუსრულებელი შეიძლება იყოს.

ეს თეორიული პრობლემები საბოლოოდ უნდა გადაჭრას პრაქტიკამ – ჩვენმა პრაქტიკულმა, ქმედითმა არჩევანმა, ვინ და რა გვსურს ვიყოთ, ჩვენმა მყარმა ნებამ, საკუთარი შინაგანი რაობით, არსებით ვიქცეთ ჩვენთვის მიმზიდველი ცივილიზაციის ნაწილად.

თუ მართლაც გვინდა ევროპულ ცივილიზაციაში ვიპოვოთ ჩვენი ადგილი, თუ ეს ჩვენი ცნობიერი და ქმედითი არჩევანია, ახლა არსებობს ობიექტური შესაძლებლობა, რეალურად გავხდეთ ევროპული ნაცია, ქვეყანა, სახელმწიფო.

ამას ბევრი რამ ეწინააღმდეგება ჩვენშივე თუ ჩვენს გარშემო, მაგრამ ევროპის მიმართულებით საქართველოს სვლის დამაბრკოლებელი ფაქტორების საპირწონეა თვით ევროპის, დასავლეთის გამოკვეთილი ნება, შედგეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება დასავლურ ცივილიზაციაში.

მე მგონია, რომ დღეს დასავლეთი იგივეა საქართველოსთვის, რაც ისტორიულად იყო ბიზანტია, მასთან ურთიერთობის თანმდევი კონფლიქტების მიუხედავად – პოლიტიკური მფარველობის გამწევი და ნაყოფიერი კულტურული ზეგავლენის მომხდენი ძალა. თუ ბიზანტია ქართულ ქრისტიანულ კულტურას აძლევდა იმპულსს, დღევანდელი დასავლეთის დახმარებით საქართველოში დემოკრატიული სოციალურ-პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურა ინერგება.

რამდენად ვართ ევროპელები, ეს შეიძლება პრობლემატური იყოს, მაგრამ ევროპისკენ, დასავლეთისკენ ჩვენი ისტორიული სწრაფვა კი თვალსაჩინოა.

დასავლური ცივილიზაციისკენ ქართველების ხანგრძლივი ლტოლვა მეოცე საუკუნის დასაწყისში დაბოლოვდა იმით, რომ როგორც კი საქართველოს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცა, იგი ევროპულ-დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებას შეუდგა.

საქართველოს ევროპული არჩევანის მკვეთრი გამოხატულება იყო ის, რომ აქ, რუსეთისგან განსხვავებით, დომინანტურ ძალად მოგვევლინა არა სოციალიზმის აზიურ-დესპოტური ნაირსახეობა – ბოლშევიზმი, არამედ ევროპული ტიპის სოციალ-დემოკრატია.

მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული კულტურა, მხატვრული თუ თეორიული აზროვნებაც აშკარად ევროპაცენტრისტულია, მაშინაც, როცა კრიტიკულია ევროპის, დასავლეთის მიმართ. ასეთ ფონზეც კი გამოირჩევა მიხეილ ჯავახიშვილის ფიგურა, რადგან მას, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად სწამდა ევროპული იდეალების, ფასეულობების სიცოცხლისუნარიანობა და კეთილმყოფელობა.

მიხეილ ჯავახიშვილისთვის, როგორც ილია ჭავჭავაძის მემკვიდრისთვის, არსებობის ევროპული წესის მთავარი კრიტერიუმებია განმანათლებლობის მიერ დამკვიდრებული რაციონალიზმი, მეცნიერების, ცოდნის და განათლების გადამწყვეტი მნიშვნელობა, მეცნიერებაზე და ტექნიკაზე დაფუძნებული, ორგანიზებული შრომა, მატერიალური, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების პროგრესული გარდაქმნის და განვითარების, სრულყოფის განუწყვეტელი ცდა, ადამიანის თავისუფლების და ღირსების ხელშეუვალობის აღიარება.

მიხეილ ჯავახიშვილს, რომლის მხატვრული ხედვა უპირატესად მწვავედ სკეპტიკურია, ტრაგიკული თუ ტრაგიკომიკურია, ძირეული ევროპული ღირებულებები, პრინციპები მაინც ეიმედება. თუმცა “ჯაყოს ხიზნებში” იგი ამ ღირებულებათა კატასტროფულ მარცხს წარმოსახავს, მაგრამ ეს მარცხი გამოწვეულია არა თვით მათი ნაკლულოვნებით, არამედ ქართულ სინამდვილეში ევროპეიზმის სნობურად ზედაპირული კულტივირებით. ხოლო თავისთავად ევროპული ორიენტირები მწერლისთვის საეჭვო არ არის.

ამის დადასტურებაა 1924-25 წლებში გამოქვეყნებული “ჯაყოს ხიზნების” შემდეგ მალე, 1926 წელს დაწერილი მოთხრობა “პატარა დედაკაციც”. იგი თავისი ფაბულით, პერსონაჟების რაობით და განლაგებით, კონფლიქტით და პრობლემატიკით “ჯაყოს ხიზნების” თანხმიერია, მაგრამ მისგან განირჩევა ოპტიმისტური კონცეფციით – ოპტიმისტური ვარიაციაა “ჯაყოს ხიზნების” თემაზე.

ნიჭიერებით აღბეჭდილ ამ მოთხრობაში, რომელიც სიღრმით და სირთულით “ჯაყოს ხიზნებს”, ცხადია, ვერ გაუტოლდება, ცხოვრების დასავლური ორიენტირები ტრიუმფალურად აღზევებულია, თუმცა ეს, გასაგები მიზეზების გამო, პირდაპირ არ არის წარმოჩენილი და გააზრების საგნად ქცეული, ოსტატურად არის ვუალირებული.

ევროპული ცივილიზაცია, მეცნიერება და ტექნოლოგია, მედიცინა თეიმურაზ ხევისთავის მონათესავე პერსონაჟს, სულიერად დავრდომილ ადამიანს, ნარკომანიით და სქესობრივი უძლურებით დაავადებულს და გამოფიტულს, თითქმის შეშლილს და მომაკვდავს, თავისი საშინელი ბედის გადატეხვას შეაძლებინებს, განკურნავს, სასიცოცხლო ენერგიას და ღირსებას აღუდგენს; ევროპიდან, სადაც ადეკვატური თვითრეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევა, იგი სამშობლოში ბრუნდება როგორც სრულფასოვანი, შემოქმედებითი პიროვნება, დასავლურად განათლებული და გაწაფული პროფესიონალი – მედიკოსი, ქირურგი (ამ ნაწარმოების გარდა, მწერლის საგანგებო ინტერესი მედიცინის ფენომენისადმი თუ მედიკოსის პროფესიისადმი გამოვლენილია მოთხრობებში “ყბაჩამ დაიგვიანა”, “კურდღელი”, “ლამბალო და ყაშა”).

მოთხრობაში უკვე განკურნებული ამირან რიმანიძის სახე ასოცირებულია მითიურ ამირანთან, პრომეთეს – დასავლური ცივილიზაციის თავისებურების სიმბოლოს – ქართულ ანალოგთან. ბედისწერასთან უთანხმოების ნიშანთან ერთად მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟი ატარებს პრომეთესეული საწყისის სხვა არსებით ნიშანსაც – გონების სინათლეს და ნების სიმტკიცეს, მიმართულს ახალი, ჰუმანური, პროგრესის უზრუნველმყოფი ცოდნის და პრაქტიკის დამკვიდრებისკენ.

ამირანის სახეში ამეტყველებულია დასავლური იდეა, რომ ადამიანი არ არის ბედისწერის უღონო მონა, რომ გონებაზე დაყრდნობით, მუდმივად განახლებადი ცოდნის და მისი პრაქტიკული გამოყენების წყალობით შესაძლებელია ადამიანის არსებობის პოზიტიური შეცვლა, ობიექტური ფაქტორებისგან ადამიანის თავისუფლების ხარისხის და ადამიანური ძალების კარდინალური ზრდა, რეალობის ჰუმანიზაცია.

ამირანის ანტაგონისტი სპირიდონ რონველი გარეგანად სახეცვლილი, გროტესკულად ბარბაროსული იერის არმქონე ჯაყოა, რომელიც მარგოს ასევე არაარსებით სახეცვლილებას, სოფიოს, ამჯერად მიიტაცებს, თავისუფლებას ართმევს არა უხეში ძალადობით, არამედ მისთვის დამახასიათებელი, ოღონდ ახლა უფრო დახვეწილი თვალთმაქცობით და ვერაგობით, მანიპულაციებით, თავისი მსხვერპლისთვის გონების ნარკოტიკული დაბანგვით და ფატალიზმის, ბედისწერის წინაშე უმწეობის გრძნობის გაღვივებით.

რონველის არსენალს – ადამიანის გონების და თავისუფალი, აქტიური ნების გამხევებელს, შეუთავსებელს პიროვნების თავისუფლების და ჰუმანიზმის, რაციონალიზმის, პროგრესის დასავლურ პრინციპებთან – ბუნებრივად ესადაგება და აგვირგვინებს მისი, როგორც ქირურგის, საყვარელი, სასტიკი მეთოდი, აღმოსავლური, “არაბული ხერხი”, ცხელი შანთის გამოყენება. ამ პერსონაჟის – მეტაფორულად “აფთრის”, “მიწის მგლის”, “მგელკაცის” – ანტიჰუმანური ბუნება, ფარული მოძალადეობა განსაკუთრებული მხატვრული შთამბეჭდაობით არის გამომჟღავნებული ეპიზოდში, რომელშიც იგი, ევროპეიზებულ ამირანთან პროფესიულ და მამაკაცურ მეტოქეობაში დამარცხებული, მეტოქის რევანშის შედეგად ფსიქიკურად შერყეული, გახურებული შანთით ჯიჯგნის მის ხელში დაღუპული პაციენტების ცხედრებს.

მწერალი ერთბაშად, ერთი გაელვებით ხდის დასანახს რონველის საბჭოურ პროფილს – ცხადია, ამ პროფილის საგულდაგულოდ გამოკვეთა ბოლშევიკური ცენზურის პირობებში შეუძლებელია. რონველის სამედიცინო ნაშრომის კონსპექტში, რომელიც ფსიქიკურად სნეულის მიერ დაწერილ დასმენის წერილს გავს, მისი იდეოლოგიურ – პოლიტიკური თვალთახედვა ჯავახიშვილის სტილისთვის ნიშანდობლივ სარკასტულ შტრიხებში ამოიცნობა. ,,ყველა ქვეყნის განთქმული დოსტაქრები ქართველები იყვნენ… გიუ დე შოლიაკი გივი შილდელია… ჯონ გენტერი გადაკეთებული გიორგი გენტერაშვილი უნდა იყოსო. დასკვნაც შესაფერი ჰქონდა: უცხოელები ჩვენ დოსტოქრობას ვერ გვასწავლიან, თვითონვე მოვიდნენ და ისწავლონო… შინაგანი სეკრეციის თეორია კაცობრიობას დაჰღუპავს, ხოლო ამ მოძღვრების მოციქული ამირან რიმანიძე ხალხის მოსისხლე მტერია და ისიც საზღაპრო ამირანივით კლდეებზე მისაბმელი გიჟიაო… ამირანს და იმის შხამიან წიგნსაც მე თვითონ დავწვავ უნივერსიტეტის მოედანზეო”.

პრიმიტივიზებული ნაციონალიზმი აქ სავსებით კანონზომიერად იღებს საბჭოთა პატრიოტიზმის სახეს, რომელიც უცხოურის მიმართ ყოველივე ,,სამამულოს” უპირატესობის გამუდმებულ მტკიცებას გულისხმობდა. საბჭოთა პატრიოტიზმის პოზიციიდან ხშირად მდარედ, მავნედ და მიუღებლად მიიჩნეოდა უცხოური, დასავლური მეცნიერება (ასევე ლიტერატურა, ხელოვნება), ისე, რომ არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა ობიექტური მეცნიერული ჭეშმარიტების თავისუფალი ძიება, ხოლო დასავლური, ევროპული განათლების მქონე, თავისუფლად მოაზროვნე ინტელიგენტები ,,ხალხის მტრებად” შეირაცხებოდნენ. გავა ათიოდე წელი მოთხრობის დაწერიდან და რონველის აგრესიული იდეოლოგიზირებული ბოდვა უკვე სრულად შეისხამს ხორცს საბჭოეთის შეშლილ, ფანტასმაგორიულ რეალობაში; ,,ხალხის მტრების” – მათ შორის თვით მიხეილ ჯავახიშვილის – საბოლოო დათრგუნვისას, განადგურებისას რონველისეული ცხელი შანთის მსგავსი ინსტრუმენტებიც ექნებათ ხელთ რეპრესიული აპარატის ერთგულ და ენერგიულ მუშაკებს – რონველის ტიპის ადამიანებს…

მიხეილ ჯავახიშვილი მოთხრობის პიკანტურ სიუჟეტს, ისევე როგორც “ჯაყოს ხიზნებისას”, მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური, პოლიტიკური მოტივებით მსჭვალავს, სიმბოლურ განზომილებას სძენს, რომელშიც დასავლური ცივილიზაცია, მისი პრინციპები წარმოდგება ეპოქის ავანსცენაზე გამოსული ანტიჰუმანური, დესტრუქციული, მტაცებლური და ადამიანის თავისუფლებისადმი მტრული ძალების დამმარცხებლად, მათგან მსხნელად.

მიხეილ ჯავახიშვილის და სხვა ქართველი მოაზროვნეების არჩევანი დასავლური ცივილიზაციის სასარგებლოდ თითქოს გაზიარებულია დღევანდელი ქართული საზოგადოების მიერ, მაგრამ მისი დეკლარირებული არჩევანის ქმედით არჩევანად ქცევას ხელს ისიც უშლის, რომ ხშირად დასავლეთს ისევე აღვიქვამთ, როგორც “კვაჭი კვაჭანტირაძის” მთავარი პერსონაჟი: “კვაჭი მსოფლიოს დედაქალაქში (პარიზში) ჰხედავდა და ჰგრძნობდა მხოლოდ შიშველს, ფეხაყრილს პირუტყვს, მუდმივ ნადიმს და ზეიმს, ლხინს და განცხრომას, ფუფუნებას და მოსვენებას”; მისი თვალსაწიერის მიღმაა დასავლეთის კეთილდღეობის საყრდენი – მას შეუმჩნეველი რჩება, რომ დასავლური სამყაროს რიგითი მკვიდრები “თავის ოჯახისთვის და პატიოსნებისთვის დღე-ღამეს ასწორებდნენ, წელებზე ფეხს იდგამდნენ და მთელ თავისს სიცოცხლეს მუდმივს ფუსფუსსა, დაუდგრომელ შრომასა და ჯაფაში ჰლევდნენ”.

© არილი

Facebook Comments Box