პოეზია

თამარ არდიშვილი – ჩემი საღამო და სხვა ლექსები

***
სიყვარულიც ფლობაა _
სანამ სისხლის ნაკადულები
ჟრუანტელით იპყრობენ ძარღვებს,
მათ ვიწრო ტალანებში გადაადგილდებიან
და განიტოტებიან…
სიყვარულიც ფლობაა და ამ ფლობაში
არის რაღაც დამთრგუნველი…
ხან კი ბრძოლის ყიჟინას ჰგავს _
გულის შეშლილი ბიძგებით რომ
ბატონობს…

***
მე ალბათ
ისევ შენთვის ვიცხოვრებ,
ღამეში,
სადაც არავინ მკითხავს _
როდის მოხვედი?
სადაც გაბმულად
მხოლოდ ჭრიჭინები იჭრიჭინებენ
და ღრიჭოები _ ჭრილობები ძველი კარების.
ალაყაფს ეკლად შემომსკდარი ტრიფოლიატი
ახასხასდება წვიმაში ბგერად
და მე ვიქნები
და არც ვიქნები,
იქ და აქ,
უშენოდ შენთვის,
შეკედლებული ამ უცნაურ უწონადობას…

***
მე შევიყვარე შენი სიყვარული!
თითქოს სიცოცხლემ დამიქნია თითი _
მრავალათას ნაწილად ქმნილი _
სადღაც მზის სხივი მაცეკვებდა ნაწვიმარ ფოლორცს,
სადღაც ტალახი მოსროლილი ვიყავი გუნდად…
წლები გავიდა,
ამ უცნაურ გზაგასაყარზე სანამ შევდექი
და დაგინახე!
გუბის სარკეში ირეკლებოდა ჩემი სიცოცხლე
და არვინ იყო ჩემთან შენ გარდა _
ამოუცნობი ლანდები მხოლოდ,
დამდგარი ზურგით…

მატარებელი
**
სიზმრის ბაქანზე
მერამდენე ღამეა ვდგავარ;
აქ მოდის ჩემი მატარებელი,
მუხლუხოსებრი,
უსასრულო თვალისთვის კუდით,
ალის ენებად მოჩანს მასში
სარკმლები ჩემი…

**

უფალო, ვამბობ,
ჩემი მატარებელი,
იმედია გზას გაუყვება,
უსასრულო კუდს მიმოიქნევს
და შეერწყმება სიბნელეს მშვიდად
და სარკმლების მფეთქავ ნაპერწკლებს
თვითმკვლელივით არ წაიკიდებს…
უფალო, ჩემი მატარებელი,
ჩემი სიცოცხლის გრძელი აკორდი,
შორს გაასრულე _
გააღწიოს გარიჟრაჟებთან!
**
მწყობრი, რიტმული დაგადუგი
მისი ბორბლების,
როგორც ფეთქვა ცხოვრების რიტმის,
როგორც მაცდურად დანთებული
შორი ფანჯარა _
ჩამესმის მუდამ,
უსამანო ბაღებით მხმობი,
თანმდევი ექო,
სინათლეში განსაზავებლად.

ჩემი საღამო
გზაგასაყარი _
ვისთვის შუადღე, ვისთვის საღამო…
და მხოლოდ ახლა,
როცა დაცხრა თვალის ნაპირი
და მკრთალ მტევნებზე
დაიბურცა ლურჯი ძარღვები
ლიანდაგებად _
ზედ შემოდგა ჩემი სიცოცხლე,
დაიკივლა ორთქლმავალივით
და მზით ჩაყავრულ ფერდობს გაუყვა…

სახლში, გაცვეთილ სავარძლებში,
თითქოს სხედან ჩემი სტუმრები,
რატომღაც სახეს მარიდებენ,
მომნატრებიან,
თუმც ვაწყდები უხილავ კედელს _
ჩემი სტუმრები უხერხულად იშმუშნებიან…
დაბნეული გიტარას ვეძებ,
დამწყდარი აქვს რკინის სიმები,
დიდი ხანია აღარავის გახსენებია…
რა უცნაურად შემოლაგდნენ_
დედა, ბებია, დეიდაჩემი,
მამაჩემი ნაბახუსევი,
როცა ჭრიალით კარი გავაღე…
ეს არც ცხადია, არც სიზმარი _
სიზმარცხადია,
რომლის შარაზეც წინ და უკან
დავიარები…

***
თუ არაფერს მეტყვი,
არც მეცოდინება არაფერი,
ფარდის გამჭვირვალე ნაკეცებში
ჩავიმალები
და არაფერს დავინახავ…
მე ჭრილობა ვარ,
რომლის სისხლმდენ ნაპირებს
შენ თბილ თითებს შეახებ…
ესეც მეტკინება,
როგორც ყველაფერი…

© არილი

Facebook Comments Box