სოფლელი პოეტი ქრისტინე ლავანტი
გასულ საუკუნეში ცხოვრობდა ერთი პოეტი ქალი – დიდი პოეტი – თავის ერთ გოჯ მშობლიურ მიწასთან სულითა და ხორცით ისე შეზრდილი, როგორც მცენარეა ფესვგადგმული თავის ნიადაგში. სამხრეთ ავსტრიაში, კარინტიის მიწაზე, გერმანულ, სლავურ და იტალიურ კულტურათა შესაყარზე, ალპიურ ქედებს შორის ლამაზი ხეობა მომყუდროებულა, სადაც ხეხილის ბაღების სიჭრელესა და საძოვრების სიმწვანეს აქა-იქ მურა ნახშირის საბადოები ენაცვლება. ხეობასაც და მასში ჩამომავალ მდინარეს ლავანტი ეწოდება. აქაური მაღაროელებისა და გლეხების ყოფაში ისეთივე მკვეთრი სხვაობაა, როგორც ლანდშაფტში: ერთნი მიწის უხვ და დამყოლ ზედაპირს ამუშავებენ, მისით საზრდოობენ და მასთან ჰარმონიულად თანაარსებობენ, ხოლო მეორენი მის პირქუშ და საშიშ სიღრმეში აღწევენ და მასთან უთანასწორო ბრძოლას ეწირებიან; ერთნი მიწას ფლობენ, მეორენი მასზე ქირით ცხოვრობენ და თავიანთი მასპინძლების მსუყე ლუკმა მუდამ სანატრელი აქვთ.
სწორედ მაღაროელის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა მომავალი პოეტი ქალი. გაჭირველისა და მუდმივი შიმშილის გამო მას იმდენად სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, რომ სკოლაში სამ წელიწაზე მეტხანს ვერ იარა. სამაგიეროდ, შინ, წიგნებიდან მიიღო განათლება. გაოცებას იწვევს წიგნისადმი სიყვარული მის სრულიად უბრალო ოჯახში: რაც თავი მახსოვს, სულ ვკითხულობდით, მეც, ჩემი მშობლებიც და და-ძმებიცო – იხსენებს მოგვიანებით. ლექსების წერა და გამოქვეყნება ოცდაათი წლის ასაკიდან დაიწყო. მაშინვე შეიცვალა ნამდვილი სახელი – ქრისტინე თონჰაუზერი – ფსევდონიმით – ქრისტინე ლავანტი: ამით თითქოს შეერწყა თავის მოწა-წყალს, გაიგივდა მასთან.
ფიზიკურმა ავადმყოფობამ და სულიერმა სიფაქიზემ მასა და სხვა ადამიანებს შორის უხილავი კედელი აღმართა და ერთ ადგილს მიაჯაჭვა: მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთი-ორი გამონაკლისის გარდა არასოდეს დაუტოვებია პატარა დასახლება სანქტ-შტეფანი და თავისი ღარიბული ბინა, სადაც თავისზე ბევრად უფროს მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. რომ დავქორწინდით, იმდენად გვიჭირდა, არაერთხელ ჩავსულვარ ლავანტის პირას ბალახეულის მოსაკრეფად, რათა “გაზაფხულის სუფი” მაინც მომეხარშაო, – ჰყვებოდა შემდგომში ქრისტინე. უძილობა მისი მუდმივი თანამდევი იყო: მთვარიანი ღამით გამოვიდოდა ხოლმე სახლიდან და სოფლის შარაგზას გაუყვებოდა, ჩაუვლიდა ვერცხლისფრად გადაპენტილ მინდვრებს, გაყუჩებულ სახლებს… თავსაფრიანი ჩია ქალის დანახვაზე ვინ არ იტყოდა ასეთ დროს, კუდიანიაო? ვინ იცის, იქნებ, ამბობდნენ კიდეც. სწორედ მაგია იბადებოდა ამ უძილო ღამეებში – მისი ლექსების მაგია.
ქრისტინე ლავანტს გაუმართლა: მისი შემოქმედება დროულად შენიშნეს და დააფასეს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემია მიანიჭეს და სიცოცხლის ბოლო წლებში იმხელა ყოველთვიური ჰონორარი დაუნიშნეს, რომ თავადაც უდარდელად ცხოვრობდა და თავისი და-ძმების ოჯახებსაც ეხმარებოდა. ამასაც არ დასჯერებია ადგილობრივი ხელისუფლება: მძიმე კომუნალურ პირობებში მცხოვრები ავადმყოფი პოეტი კარინტიის დედაქალაქ კლაგენფურტში ახალაშენებულ ცათამბჯენში დაასახლეს, ისეთ ბინაში, 60-იანი წლების უახლეს სტანდარტებს რომ პასუხობდა. მაგრამ ქრისტინე ლავანტმა ეს პატივი ვერ შეიფერა: ყველაფერი უცხოდ ეჩვენებოდა და აშინებდა კიდეც: ტელეფონის მჭახე წკრიალი, ონკანიდან გამოსული ჭავლის შხუილი და სადარბაზოს კიბეზე უცნობი მეზობლების ფეხის ხმა. თანამედროვე კომფორტს ვერ გაუძლო და რამდენიმე თვეში კვლავ დაუბრუნდა თავის სარდაფის ოთახს, ეზოთი, ჭით, მამლის ყივილითა და ფრინველების მრავალხმიანობით…
ბუნებასთან, მცენარეებსა და ცხოველებთან ბევრად უადვილდებოდა საერთო ენის გამონახვა, ვიდრე ადამიანებთან, თუმცა მუდამ ეძებდა მათ შორის სულიერ მეგობარს. ჭეშმარიტი მეგობრობაც განიცადა და დიდი, ტრაგიკული სიყვარულიც, თავის საკანში დაყუდებულს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მრავალ ხელოვანსა და მოაზროვნესთან მიმოწერა ჰქონდა გაბმული, – და მაინც, ადამიანებთან უფრო სხვაგვარი კავშირი ჰქონდა, ისეთივე სიღრმისეული, როგორც მამამისს – მიწასთან: ხალხური შემოქმედება და მსოფლმხედველობა მისი პოეზიის მთავარი მასაზრდოებელი წყაროა. ის იცნობს ყოველი მცენარის სამკურნალო და მაგიურ თვისებებს, ბუნების თითოეული მოვლენა მის ლექსებში თქმულებებითა და მითებით იმოსება, პიროვნულ სახესა და ხასიათს იძენს. მისი პროზა ნამდვილი განძია ისტორიკოსთა და ეთნოგრაფთათვის: მასში ცოცხლობს ის მრავალეროვანი, თვითმყოფადად ტრადიციული ავსტრიული პროვინცია, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე ჩაბარდა წარსულს: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის თანამედროვე კულტურულმა ევროპამ გადაფარა. ქრისტინე ლავანტის ლიტერატურულ ენას ამდიდრებს ადგილობრივი გამოთქმები და არქაიზმები, თუმცა ის მკვეთრად განსხვავდება თავად პოეტის ყოველდღიური მეტყველებისგან: ის მაღალმხატვრულ გერმანულ ენაზე წერდა, მაგრამ კარინტიელების გარდა ყველასათვის სრულიად გაუგებარ დიალექტზე ლაპარაკობდა. ამ დიალექტს სიცოცხლის ბოლომდე ვერაფრით შეელია და იქნებ ამიტომაც ბევრი მასში მცდარად ხედავდა გულიბრყვილო სოფლელ ქალსა და ხალხურ მელექსეს.
რელიგიური მსოფლმხედველობაც ნებისმიერი ხალხის არქაულ მსოფლმხედველობასავით გაორებული ჰქონდა: კარინტია ხომ ის მიწაა, სადაც ყოველ ნაბიჯზე უძველესი წარმართული სალოცავების ნაშთებს პოულობენ, ყოველ გზაჯვარედინზე კი მგზავრს თითქოს მიწიდან ამოზრდილი, სტიქიისაგან დაღარულ-გაშავებული ხის ჯვარცმა ეგებება. ქრისტინე ლავანტის პოეზია ერთი გაბმული დიალოგია ღმერთთან, მაგრამ ულმობელი ზეციური მამის რისხვას ის ძალზე ხშირად თბილ და მოალერსე მიწას, დიად დედას, აფარებს თავს. ერთ-ერთ ცნობილ ლექსში ამბობს, ნეტავ ამ უცხო არსებათა, ადამიანთა სამყაროდან მალე დავბრუნდე შინ, თბილ მიწაში, ჩემს ფესვებსა და ბოლქვებთანო. აშკარაა, რომ ამის დამწერი დროისა და სივრცის მიღმა, ბუნების ცოცხალი, სახიერი სიღრმის უსასრულობიდან მოგვმართავს.
მეჩვენება, რომ ავსტრიელი პოეტი ქრისტინე ლავანტი ბევრი რამით ჰგავს ჩვენს დიდ პოეტს, ვაჟა-ფშაველას. სულაც არ მსურს გენიალობის ნიშნით მათი შედარება. ვაჟასა და ქრისტინეს ის აქვთ საერთო, რომ ორივეს შემოქმედება ბუნებისა და ხალხის სულიერი წიაღიდან მოდის და ბოლომდე არასოდეს სცილდება თავის ფესვებს, მაგრამ თავისი მწვერვალით ზედროულ და ზეეროვნულ სიმაღლეს სწვდება და ზოგადად ადამიანურ სათქმელს გამოთქვამს.
ლექსი, რომლითაც ქრისტინე ლავანტის სიცოცხლეში გამოქვეყნებული უკანასკნელი კრებული მთავრდება, სწორედ ამ კავშირს გამოხატავს:
დღეიდან, მაგრამ სამარადჟამოდ,
ვიცი, მართლაც რომ თბილია მიწა –
ჭინჭარს ვუბრუნებ მსუსხავ ბუსუსებს
და ზღარბს – საკუთარ წამახულ ეკლებს.
დღეიდან ყველა ჩემი შემწეა,
სამყარო მოჰგავს ტირიფის აკვანს,
სადაც დაგვარწევს ქარი ორივეს
და გადახლართავს ჩვენს სუნთქვას ერთად.
(თარგმანი ვასილ გულეურისა).
31. 03. 2009
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“