ესე (თარგმანი),  ლექცია

მარტინ ვალზერი – ენა წყვეტს ყველაფერს

გერმანულიდან თარგმნეს ნატალია ნადირაშვილმა და ეკატერინე რაისნერმა

აქ წარმოდგენილი ოდნავ შემოკლებული ტექსტი გახლავთ 88 წლის მწერლის, მარტინ ვალზერის სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა ბოხუმში, თემაზე „გამოწვევა – მომავალი“.

ჯერჯერობით შეუძლებელია ისეთი აწმყოს წარმოდგენა, რომელიც მომავალს არ ეხმიანება. რაც უფრო მეტად ვაკვირდებით აწმყოს, მით უფრო ნათლად იკვეთება ის, რაც ცვლილებას ვერ გადაურჩება.

მხსნელად მხოლოდ მომავალი გვესახებოდა ყოველთვის. წინა საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი თეოლოგი კარლ ბართი  აღნიშნულ მოვლენას „ამ მუდმივ მომავალს“ უწოდებდა. ვალტერ ბენიამინის, რომელიც სულაც არ ყოფილა თეოლოგი, მომავალი ასე წარმოედგინა: „მხოლოდ მესია აღასრულებს ყველა ისტორიულ მოვლენას“. ადორნო კი ამბობდა: ფილოსოფია მხოლოდ მაშინაა პასუხისმგებლობით სავსე, როცა ცდილობს ყველაფერი ისე აღიქვას, როგორც ეს ხსნის პერსპექტივიდან ჩანსო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველამ, ვინც არ უნდა იყოს ის, და რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ამის გაკეთება, მომავალი წარმოსადგენი უნდა გახადოს.

როცა შევიტყვე, „გამოწვევა – მომავალი“ უნდა ყოფილიყო ჩემი გამოსვლის თემა, გონებაში ფრაზა „ენობრივი ქმედება“ ამომიტივტივდა. თავიდან მეგონა, რომ ეს ფრაზა მე თვითონ გამოვიგონე, ჩავთვალე, რომ ის მშვენივრად მიესადაგება თემას „გამოწვევა – მომავალი“. მერე ეს აზრი მეგობრებს გავუზიარე: ენობრივ დიდაქტიკაში გაწაფულ პროფესიონალ ქალბატონსა და ერთ მეტად განათლებულ ანტიკვარს. მეგობარმა ქალმა მითხრა, „ენობრივი ქმედება“ ჩემს პრაქტიკაში მოქმედების ენობრივ კომპეტენციას ნიშნავს, ენობრივი ქმედებით ერთ კათხა ლუდს უკვეთავ თუ უკეთესი მომავლისთვის იბრძვი, ორივე ენობრივი ქმედების განხორციელების უნარს მოითხოვსო. მეგობარმა ანტიკვარმა კი მითხრა, რომ ამ გამონათქვამს ვიცნობო, ისიც გამიმხილა, საიდან, და „ფილოსოფიის ისტორიული ლექსიკონიდან“ ამონარიდი ოთხი გვერდი მომიტანა. სწორედ იქ წავიკითხე, „ენობრივი ქმედების“ თეორიების არსებობის, შთამბეჭდავი წარმოშობის მქონე დიდებული სახელების შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც რაღაცას ამბობ, ყოველთვის რაღაცას აკეთებ და, როგორც ყველა თეორიის შემთხვევაში, შინაარსზე ლაპარაკი აქაც ზედმეტია.

ორივე მაგალითი ადასტურებდა იმას, რომ „ენობრივი ქმედება“ მე არ მომიგონია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაშიც, რომ თეორეტიკოსი არ ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის კი არაა, რომ აზრის გამოთქმისას მოქმედებ, არამედ ის, თუ რას აკეთებ.

აქ მე სხვა საზოგადოებაში ვიმყოფები. მაგალითად, ნიცშე ამბობდა: „მაშინ, როდესაც ორი დეკადენტური საუკუნის მიჯნაზე გაჩენილ გენიისა და ნებისყოფის წარმოუდგენლად ძლიერ ფორსმაჟორს მსოფლიოზე გაბატონების მიზნით, ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება უნდოდა, გერმანელებმა თავიანთი „განმათავისუფლებელი ომებით“ ევროპა ჭკუიდან გადაიყვანეს. წაართვეს მას ნაპოლეონის არსებობის საოცრება და ის, რაც შემდგომ  მოხდა და რაც ხდება დღეს, მათ სინდისზეა. მათ სინდისზეა  კულტურის უარმყოფელი ყველაზე საშინელი დაავადება და უგუნურება, ნაციონალიზმი… ევროპის პატარ-პატარა ქვეყნებად დაყოფა… მათ ევროპა შეშალეს, დააკარგვინეს გონიერება“. ეს სიტყვები ნიცშემ 1888 წელს დაწერა, იმ დროს მის გარშემო ნაციონალიზმი ყვაოდა და მძვინვარებდა. ნიცშე საკუთარ თავს საკმაოდ ხშირად წარმოაჩენდა ევროპელად. ერთ-ერთი მისი გვიანდელი ლექსი ასე მთავრდება:

„და, აი, უკვე აქ ვდგავარ,

როგორც ევროპელი, სხვაგვარად არ ძალმიძს, ღმერთი შემეწიოს!

ამინ!“

შეიძლება ვინმე პოლიტიკურად აქტიურმა, ლეგიტიმურმა პირმა სულაც არ აღიაროს მოქმედებად ის, რასაც მე ენობრივ ქმედებას ვუწოდებ, მაგრამ სხვა რა დავარქვა? არსებობს ავტორების მიერ რეალობის შესაცვლელად გამოგონილი ენობრივი ქმედებები, იმ რეალობისა, რომელიც აწმყოში თავისი არსებობით მომავალს აღარ იმსახურებს.

ნებსით თუ უნებლიეთ, ენობრივ ქმედებები ყოველთვის მიისწრაფვიან იქითკენ, რომ მომავალი ხსნად დაგვისახონ. ამის მაგალითია „კომუნისტური მანიფესტი“, ანდა ქრისტეშობის ისტორია.

დავუბრუნდეთ სიტყვებს – ევროპა, ევროპელი. ჩვენ, როგორც მკითხველები, სერვანტესის, დოსტოევსკის, იბსენის, სტრინდბერგის, პრუსტის, პლატონის და სხვათა ნაწარმოებებზე გავიზარდეთ. ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკოსებს ევროპისთვის სიცოცხლისუნარიანი ფორმის გამოძებნა უჭირთ. გავიხსენოთ ე.წ. ექსპერტებს საბერძნეთის ისევ უკან, დრაჰმისკენ დაბრუნება როგორ სურდათ. როგორ ცდილობდნენ თავიანთი ექსპერტული ცოდნით ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, პანიკასა და შიშს თესავდნენ, რათა შეშინებული ხალხი საბერძნეთისთვის ფულის გადახდაზე დაეყოლიებინათ. მადლობა ღმერთს, მადლობა მერკელს, რომ ასე არ მოხდა. თუმცა, ისევ გაჩნდა ადამიანების შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობა, რაც თავისთავად უკეთესი მომავლისთვის ხელის შეშლას ნიშნავს. უძლური ვიყავი, მაგრამ ენობრივი ქმედებით ვცდილობდი იმის მტკიცებას – ევროპა საბერძნეთის გარეშე მახინჯი ფრაგმენტი იქნება-მეთქი. ამჯერად წარსული აღმოჩნდებოდა მომავლისთვის ხელშემშლელი მიზეზი.

გავიხსენოთ სამოციანი წლები: ამერიკა ომს აწარმოებდა ვიეტნამში. გერმანიის პრეზიდენტმა, ჩვენმა ლეგიტიმურმა წარმომადგენელმა, მისალოცი სიტყვა წაიკითხა იმ დროს, როცა ამერიკელები ჰანოის ბომბავდნენ. მე ბევრს ვმოგზაურობდი და ომის მწარმოებელი ქვეყნისთვის ერთგულების გამოხატვის წინააღმდეგ გამოვდიოდი. მედიებმა კომუნისტად შემრაცხეს. თავდაცვის მინისტრმა მაკნამარამ, რომელიც ვიეტნამში ამერიკულ ჯარზე იყო პასუხისმგებელი, თავის მემუარებში ამ ომს შეცდომა უწოდა.

ის, ვინც არჩევნების გზით არ მოსულა, ენობრივი ქმედების განხორციელებისას რისკზე მიდის. მას ძალაუფლება არა აქვს. ოპონენტების საჯარო გამოსვლებში მხოლოდ მომავალზეა საუბარი. ის, ვინც ენობრივ ქმედებას ახორციელებს, გერმანიაში უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, ვიდრე, მაგალითად, აშშ-ში. პოლიტიკურ კორექტულობას, ჩემი აზრით, არსად არ აღიქვამენ ისე მძაფრად, როგორც გერმანიაში.

კომუნისტიდან ნაციონალისტად ისე მაქციეს, რომ არც კი შევცვლილვარ. ამის მიზეზი მხოლოდ ჩემი სიტყვები გახდა: გერმანიის გაყოფას ვერ შევეგუები-მეთქი. ტოლერანტობა ჩვენთან ნორმა არ გახლავთ ინგლისის, საფრანგეთისა და აშშ-სგან განსხვავებით.

კორექტულობას ოდნავ აცდენილი აზრიც კი მაშინვე სკანდალად გადაგვექცევა ხოლმე. და როცა უკვე სკანდალურ პიროვნებად გთვლიან, მაშინღა ხვდები, რას ნიშნავს, ოპორტუნისტად არყოფნა. რას ნიშნავს და იმას, რომ სამომავლოდ გამოუსადეგარი ხარ.

ეს შეიძლება მხოლოდ ერთი ენობრივი ქმედებისას დაგემართოს. როდესაც ჩემგან დაფასებული ჩვენი კანცლერი გერმანელი ჯარისკაცების ავღანეთის ტერიტორიაზე ბრძოლას მიესალმა, მე დავწერე: მას მერე, რაც ჩვენ მე-20 საუკუნეში ჩავიდინეთ, გერმანიას აღარ უნდა ჰქონდეს სამხედრო ქმედებების ჩატარების უფლება-მეთქი. ამასთან დაკავშირებით ერთმა წამყვანმა ინტელექტუალმა ერთ-ერთ გაზეთში ჩემზე განაცხადა: ეტყობა სამხედრო კომპეტენცია ზონტჰოფენის ფოლკსშტურმში მიიღოო. იმ პიროვნებას ამ გაზეთში ძალაუფლება, ე. ი. ლეგიტიმურობა გააჩნდა. აქ ავტორს  ძალაუფლების მქონე ექსპერტი უპირისპირდება. მე კი, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ექსპერტების ატანა არა მქვს.

ვიცი, ჩვენი დემოკრატია სტაბილური არ არის. ჩვენ მიდრეკილნი ვართ მოწოდებების ატაცებისკენ, ისტერიისკენ. 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდი საშინელება გერმანიის გაყოფა იყო. ეს უკვე გადავიტანეთ. კიდევ ერთხელ გადავრჩით. მაგრამ ამას ენობრივ ქმედებებს, ანუ ინტელექტუალებს კი არა, გდრ-ის მოსახლეობას უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც დიქტატურა უსისხლო რევოლუციით დაამხო. მაგრამ ვითომ უკვე სრულიად უსაფრთხოდ ვართ?!

როდესაც რამდენიმე წლის წინ უძრავი ქონების კრიზისმა აშშ-დან ევროპისაკენ გადმოინაცვლა, ქალბატონი მერკელი და ბატონი შტაინბრიუკი ერთად დადგნენ კამერების წინ და ამით აგვარიდეს მეორე დღეს ხალხის მასების ბანკომატებთან მივარდნისა და მთელი მათი კუთვნილი ქონების გამოტანის საფრთხე, რასაც შედეგად ტოტალური გაკოტრება და ბანკების ინფარქტი მოჰყვებოდა.

ასეთი საგანგაშო მომენტები ხშირად ყოფილა. ქალბატონი მერკელი და ბატონი შოიბლე ნამდვილად სანდო ადამიანები არიან, მაგრამ ასეთი პიროვნებების არსებობის გარდა გვაქვს კიდევ სხვა რაიმე ხელჩასაჭიდი, მომავალს უშიშრად რომ შევხედოთ? თავს უნდა გამოვუტყდეთ: ამჟამად ხედვის გარეშე ვცხოვრობთ, უტოპიის გარეშე. ჩვენი წარსულის გამო ყველანაირ შორსმიმავალ იდეებს ვუფრთხით. ახლა მომავლის ხედვის გარეშე ცხოვრება უნდა შევძლოთ. ყველამ სათითაოდ უნდა იღვაწოს თავისი ბედნიერებისთვის ისე, როგორც შეუძლია.

მაგრამ გამოწვევები ხომ მუდმივად არსებობს, მათ მხოლოდ ცივი გონებით ხომ ვერ გავუმკლავდებით? დგება დრო, როდესაც ჩვენი არსებობა გამოწვევის წინაშე დგება. სწორედ ასეთ გამოწვევას წარმოადგენს ლტოლვილთა ნაკადი.

მაშინ, როდესაც თან რომანზე ვმუშაობ და თანაც ყოველდღიურად ლტოლვილების არაერთ ისტორიას ვაწყდები, ჩემი რომანის პერსონაჟი, მას თეო შადტი ჰქვია, წერს „მოხსენებას მთავრობისადმი“. მოხსენებაში ვკითხულობთ:

„თეო შადტს ჰგონია, რომ იგი ვალშია იმ საზოგადოების წინაშე, რომელშიც აქამდე იცხოვრა, ამიტომაც მანამ, სანამ გამქრალა, სურს გარკვეული შეთავაზებით გამოვიდეს, ისეთი შეთავაზებით,რომლის სისრულეში მოყვანაც ყველას ასარგებლებს.

საქმე ეხება საყოველთაოდ ცნობილ კატასტროფას, საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც ციხესიმაგრე ევროპასთან ყოველდღიურად იღუპებიან. თეო შადტის აზრით, ეს ტრაგედია დასრულდება, თუკი ყველა, ვისაც გერმანიაში საკუთარი სახლი აქვს, თითო ლტოლვილს შეიფარებს. ერთი ლტოლვილის ადგილი ყველა სახლშია. თეო შადტი ახლა სამი სახლის მფლობელია, ე. ი. სამი ადგილი გააჩნია სამი ლტოლვილისთვის. სახლების მფლობელებმა ერთი წლის მანძილზე საკუთარ ლტოლვილებზე უნდა იზრუნონ. ერთი წლის შემდეგ მათზე პასუხისმგებლობას უკვე სახელმწიფო გადაიბარებს. ამ ერთ წელიწადში სახლის პატრონმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც ჩვენს საზოგადოებაში ლტოლვილის ინტეგრაციისთვისაა საჭირო: ენა, განათლება და სხვ. ამას უნდა დაერქვას სახლების მფლობელთა გაერთიანება დახმარების მიზნით. სახლის მფლობელები ბოლოსდაბოლოს გამოიყენებენ საკუთარ პრივილეგიას, სახლების მფლობელები რომ ჰქვიათ. მაგრამ მანამდე სახელმწიფო, მთავრობა უნდა დათანხმდეს ასეთი გაერთიანების ჩამოყალიბებაზე. ამ თანხმობის წინაპირობა, ცხადია, სახლის მფლობელთა მხრიდან საამისო სურვილის გამოხატვა იქნება. არავინ უნდა აიძულონ, თუმცა ყველამ უნდა იგრძნოს, რომ მას სიხარულით მიიღებენ. ამგვარად, ერთი მილიონი ლტოლვილის დროულად დაბინავება მოხერხდებოდა. ამ მაგალითმა შესაძლოა ევროპაზე იმოქმედოს. სახლების მფლობელებო ყველა ქვეყნისა, გაერთიანდით ბოლოსდაბოლოს! ასახელეთ თქვენი გვარები, თქვენი წრე. ამ ყველაფრის გარდა, ეს ტრაგედია ხომ მუქარასაც შეიცავს.

დიდი იმედებით,

თეო შადტი“

 

ეს არის ავტორის მცდელობა, მოერგოს სიტუაციას, რომელსაც გამოწვევად აღიქვამს.

გავიხსენოთ: სანამ სიტყვა გერმანიის წარმოთქმა მხოლოდ ამინდის პროგნოზში დაიშვებოდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გერმანიის გაერთიანება იყო. ახლა ისტორიული განზომილების გარეშე ვცხოვრობთ. ბედნიერ სიტუაციაში ვართ – გერმანია თავისი გაევროპელებით ზოგიერთი გენეტიკურად გერმანული ავი თვისებისგან დაცული აღმოჩნდა. ჩვენ ჩვენი მეზობლებისათვის ყველაზე ცუდ შემთხვევაში მოსაბეზრებლები გავხდებით და არა საშიშები. ამით ბევრი ნეგატიური რამ ავირიდეთ თავიდან, მაგრამ ლტოლვილთა ნაკადი თითოეული ჩვენგანისთვის გამოწვევაა.

ჩემი შიშის საფუძველი ისაა, რომ საზოგადოება, რომლის ნაწილადაც თავს ვთვლი, მოულოდნელი კრიზისების გამო შეცდენის საფრთხის წინაშე დგება, დღეს არსებული ტექნიკები ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, არც ეს ფარული საფრთხეებიც არ ყოფილა დღემდე ასე აქტუალური. მას მერე, რაც ვნახე, როგორ უწევენ პროპაგანდას მასმედიის ხელმძღვანელები თავიანთ ლეგიტიმურობას, როგორც მეოთხე ძალაუფლებას, უსაფრთხოების წარმოდგენა უკვე მიჭირს. თუკი მათ ხელს არ აძლევთ ის აზრი, რასაც ვინმე ბოთო შტრაუსი სრულიად გულუბრყვილო, მაგრამ დიდებული ენით ამბობს, უმალვე ფაშისტად შერაცხავენ. და მას შემდეგ, რაც მთელი ორმოცი წელი იმით იყვნენ დაკავებულები, რომ როგორმე გერმანიის გაყოფა არგუმენტირებულად დაესაბუთებინათ, აზრადაც არ მოსდით, რომ სამომავლოდ მაინც შერცხვეთ ამის გამო.

სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ქმედითი დაცვა, რომელიც მასმედიის ძალაუფლებას შეასუსტებს. ძალაუფლება არის მხოლოდ ის, რაც კანონზე მაღლა დგას, რაც მათ, ვისაც ძალაუფლება აქვს, იმაზე მეტად ასულელებს, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. ეს  კი კარგია. საბოლოოდ ისინი აუცილებლად დამარცხდებიან. სწორედ ეს მაძლევს „ყველაფრის და ყველას ჯინაზე“ ჩემი ოპტიმიზმის საფუძველს.

საბედნიეროდ, ყველა, ვინც ბუნებით ენობრივ ქმედებაზე დაყრდნობით მოქმედებს, ყველანაირი ძალაუფლების ბუნებრივი მოწინააღმდეგეა. ჩვენ ვარსებობთ ენის წყალობით, ენის გავლენით და ენის წიაღში. ენა გახლავთ ასევე წარმატებული ისტორიების საწყობი. ის არის ყველაზე ფაქიზი მორალური ქმნილება. დიქტატურებს სხვა არაფერი გასცემს ისე კარგად, როგორც ენის დამორჩილების სურვილი. ყველა ძალაუფლების მქონე თავს გასცემს საკუთარი ენით. ჩვენ, ვინც ენის გამოყენებით ვმოქმედებთ, წარმოუდგენლად უსუსურები ვართ, მაგრამ მაშინაც კი, როცა ერთმანეთს არ ვიცნობთ, ყველა ვემსახურებით სრულიად ისტორიულ ქმნილებას – ენას. ევროპის ისტორიის წარმატებები განაპირობებულია იმ ქმედებებით, რომლებიც მისმა ენებმა განახორციელეს. ამ ენობრივ სულს სხვადასხვა სახელები აქვს: განმანათლებლობა, ტოლერანტობა, ჰუმანურობა და დემოკრატიაც კი. ეს არის სიტყვები, რომელთაც მუდამ სურთ, ცუდი აწმყო უკეთეს მომავლად აქციონ და აქცევენ კიდეც. მართლაც მგონია, რომ ევროპულ ენათა სიმრავლე ისტორიის ღირსეული მომავლის გარანტიას წარმოადგენს. ამის დასტურად  ასიათასობით წინადადებების ციტირება შეიძლება ევროპული ენობრივი ქმედებებიდან.

ამასობაში ყოველდღე ვხედავთ ლტოლვილთა ახალ ნაკადებს. აქამდე განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ენობრივი ქმედება არის ანგელა მერკელის წინადადება „ჩვენ ამას შევძლებთ!“, რომელზეც მისი წარმოთქმის წუთიდან ყველა კამათობს.

რაც უფრო ძლიერი, რაც უფრო განათლებულები არიან ადამიანები, იქნებიან ესენი გამომცემლები თუ პროფესორები, მით უფრო მკაფიოდ გადმოსცემენ ისინი თავიანთ სათქმელს – ვგულისხმობ  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ, ანუ ცნობილ ადამიანებს და არა პიროვნებებს. მე მხოლოდ მათ ფუნქციებზე, მათ სავარაუდო გავლენაზე, ანუ განხორციელებულ ძალაუფლებაზე ვლაპარაკობ.

ისინი ამბობენ: „სწორედ რომ მერკელის პოლიტიკის გამო გადაიქცა ეს ნაკადი ნიაღვრად“.

„…სანამ კანცლერის აპარატს გული განაგებს და არა გონება“.

„მორალურად შელამაზებულ არაფრის კეთებას აქ პოლიტიკად ასაღებენ“.

„ლტოლვილების საკითხის განხილვისას ფიქციაში გაქცევა მთავრობის პროგრამად იქცა“.

„გერმანიაში ლტოლვილების შეუზღუდავი და დიდწილად უკონტროლო ჩამოყვანის მერკელისეული პოლიტიკა იგივეა, რაც მევალის მიერ სასამართლოში ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება“.

„ლტოლვილებთან დაკავშირებით მერკელის არასწორი პოლიტიკის წყალობით, გერმანია იზოლაციაში ექცევა ევროპაში“.

„რა თქმა უნდა, ხალხს უჩნდება კითხვა: პატივს სცემს თუ არა სახელმწიფო ადამიანების საკუთრებას ხვალ, როცა დღეს უკვე საკუთარ საზღვრებს აღარ იცავს“.

„თუ ლტოლვილთა ნაკადი დღევანდელი ოდენობით შენარჩუნდება, მალე მთელი გერმანია გადაივსება“.

„ახალ გერმანულ თვითშეგნებას რაღაც თავისებური გადაჭარბებულობა ახასიათებს“.

ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, როგორ ცდილობდნენ ყველაზე ჭკვიანი ექსპერტები დავერწმუნებინეთ იმაში, რომ გერმანიის გაყოფა ისტორიული მოვლენაა და ამას უნდა შევეგუოთ. გერმანიის გაერთიანების შემდეგ რაღაც არ მსმენია, რომ ამ ექსპერტებს თავიანთი აზრებისა შერცხვენოდეთ. თუ მოზღვავებული ლტოლვილების გამკლავებას ჩვენ მომავლის შესაფერისად შევძლებთ, რაც სულ მალე მოხდება კიდეც, მაშინ ყველა ამ ცნობილმა ეჭვებით სავსე პირმა მერკელის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს.

ახლა მათ შესახებ, ვინც მერკელის პოლიტიკას დადებითად აფასებს. მათ სახელებს მათსავე ფუნქციებთან ერთად ჩამოვთვლი. რაინერ ვენდტი, გერმანიის პოლიციის პროფკავშირის ფედერალური თავმჯდომარე წერს: „პრაგმატული წამოწყებებით შესაძლებელი იქნება ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხო გადაკვეთა კრიმინალური კონტრაბანდის გარეშე, საიმედო რეგისტრაცია და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პროცედურების კომბინაცია“.

ნოიკიოლნის რაიონის მერი ქალბატონი ფრანცისკა გიფეი აყალიბებს „ხუთ თეზისს, როგორ შეიძლება ამის დაძლევა“. და ის ამას აკეთებს იმის მიუხედავად, რომ იქაური მოსახლეობის 17% უმუშევარია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს მყოფი და ბავშვების 75% სიღარიბეში ცხოვრობს. აქ მცხოვრები160 სხვადასხვა ეროვნების 326 ათასი ადამიანიდან 42% მიგრანტია ან მათი შთამომავალი. ნოიკიოლნის სკოლებშიგახსნილია 51 მოქმედი კლასი გერმანული ენის არმცოდნე ბავშვებისათვის. „ლტოლვილების ჩამოსვლა მხოლოდ ერთი ასპექტია, რომელიც ემატება უკვე არსებულ გამოწვევებს“, – თქვა ამ რაიონის მერმა 2015 წლის ოქტომბერში. „ახლა კი ისმის ყველაზე მთავარი კითხვა – შევძლებთ ამას? „ჩვენ ამას შევძლებთ!“ – ალბათ წლის წინადადებაა, რომელიც ყველაზე მეტ კამათსა და კრიტიკას იწვევს. ეს არის წინადადება, რომელიც თავის თავში ერთადერთ მესიჯს ატარებს: სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ ვერ ვიტყვით, ვერ შევძლებთო. ამიტომ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, როგორ უნდა შევძლოთ ეს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გამოგვივიდეს“.

ერთი კრიტიკულად განწყობილი პიროვნება წერდა: „ჩვენ არ გვაქვს უფლება, იმაზე მეტს დავპირდეთ, ვიდრე შესრულება შეგვიძლია“. ამ ფრთხილ გამონათქვამში, რომელიც თითქოს რეალისტურად ჟღერს, მე მხოლოდ იმას ვხედავ, რომ არ შეგვწევს მონაწილეობის მიღების უნარი. არადა, ჩვენ უფრო მეტს უნდა დავპირდეთ, ვიდრე გვგონია, რომ შევძლებთ.

ამ მოვლენის მიმართ ჭკვიანი სკეპტიკოსების ქცევაც ისეთია, თითქოს მათ თავიანთი განათლებული გონებით მისი გაანალიზება და განსჯა შეუძლიათ. არადა, მათ საექსპერტო ცოდნაში ვერ ჯდება ლტოლვილთა ასეთი არაორდინარული ნაკადი. მაგრამ სწორედ ეს არაორდინალურობაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

გერმანიამ გაერთიანების შემდეგ უკან მოიტოვა თავისი ისტორიის ყველაზე მშვიდობიანი მეოთხედი საუკუნე. ახლა კი ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. უკვე გამოჩნდა, რომ ჩვენი დემოკრატია შორსაა ისეთი სრულიად სტაბილური დემოკრატიისგან, როგორიც, მაგალითად,  ინგლისშია. მემარჯვენე ექსტრემისტი სიძულვილის მთესველნი და კონსერვატორული ეჭვებით სავსე პიროვნებები თავს წარმოაჩენენ ეროვნული ღირებულებების დამცველებად. სინამდვილეში კი ორივენი, ექსტრემისტებიც და კონსერვატორებიც, ადამიანებში შიშს თესავენ. ერთ გამოკითხვას მეორე მოსდევს. როგორც წესი, არ მაინტერესებს ხოლმე ეს პროცენტებით სავსე გამოკითხვები, მაგრამ ახლა ამ ციფრებს ჩავყურებ და თერმომეტრის ნიშნულებად აღვიქვამ მათ, ვხედავ, რომ ჯერ კიდევ საფრთხეში ვართ. რომ ყველანაირი დემაგოგია ყვავის.

ახლა აუცილებელია გონიერების სამსახურში მდგარი ენობრივი ქმედებები. მათ, ვინც წუხს გერმანულ ღირებულებებეზე, ვურჩევდი, წაიკითხონ გოეთეს „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“, ან მშვენიერი სტატია „Neue Züricher Zeitung“-ში სახელწოდებით „იყო გოეთე მაჰმადიანი?“

ვიაზრებთ კი იმას, რომ ყოველ საღამოს ხალხთა გადასახლებას ვადევნებთ თვალს? თვალს ვადევნებთ უდიდეს ტანჯვას, რომელსაც, ცოცხლად თუ ვნახავდით, გულგრილად გვერდს ვერასოდეს ავუვლიდით. ჩვენ ამას ვუყურებთ მაშინაც, როდესაც ეს საცოდავი, მობუზული ადამიანები სახეს არიდებენ კამერებს. კამერები ამ ტანჯვას ჩვენი დავალებით აგროვებენ, თითქოს ეგზოტიკური მცენარეების ნაყოფი იყოს. ვუყურებთ, თითქოს ამ ყურებით რაიმე დახმარების მსგავსი მოგვივა თავში. ბავშვები გაფართოებული თვალებით იყურებიან კამერაში. ბავშვის მზერა არასოდეს არის მათხოვრული, ის შესაძლოა მხოლოდ უამრავი უპასუხო კითხვით იყოს სავსე. მერე გადაცემა მთავრდება და ვხვდებით, რომ ყველაზე მეტად სწორედ ბავშვების თვალები დაგვამახსოვრდა.

ეს ხალხთა გადასახლება ევროპისთვის გამოცდა იქნება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ მსოფლიოს ყველა კუთხისკენ გვქონდა გეზი აღებული, მივაბიჯებდით და გზადაგზა ძალაუფლებასა და პროგრესს ვამკვიდრებდით. ამას კოლონიალიზმი ერქვა. ახლა ეს შემოტევაა ევროპაზე. ყოველი დღე იმის იმედით მიღამდება, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფო ამ მოულოდნელ შემოტევას ღირსეულად, ადამიანურად უპასუხებს. ნოიკიოლნის მერმა ერთხელ თქვა: „ყველაზე დიდი გამოწვევა ამჟამად ისაა, რომ განათლებაზე ხელი ყველას არ მიუწვდება“. მე დავაკონკრეტებ: ეს ენაა და არა განათლება.

ალბათ ეს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხდება. მე ვამტკიცებ: რაც არ უნდა გავაკეთოთ ე.წ. ინტეგრაციისათვის, ყველაფერს მაინც ენა წყვეტს.

ამასწინათ მატარებლით მაინციდან მანჰაიმში მივდიოდი. პირველი კლასის ვაგონში ორნი ვისხედით, შავკანიანი ქალი და მე. ქალს წინ სქელი წიგნი ედო, სათაურს ვერ ვხედავდი. არ კითხულობდა, მთელი გზა ტელეფონზე საუბრობდა და თან ისე ხმამაღლა, ისე მკაფიოდ, რომ ჩაწერა დავიწყე. აი მისი ფრაზები: „ხო, მერე ვნახავთ, რა ხდება … ყოველთვის ხომ კოლეგების ბრალია, ვინც ცდილობს … თანახმა ვარ … ეს შენი საქმეა, მე არაფერს მოვიმოქმედებ … მაშინ ნუ დაიჯერებ, რა ვქნა … მეც მაქვს ჩემი გამოცდილება … აი, მართლა სულერთია ჩემთვის. აბა, კარგად“. საუბრის დასასრული.

ამ გამართული გერმანულის წყალობით შავკანიანი ქალი გერმანელია. ჩვენიანია. ვინც ასე ფლობს ენას, ის საკუთარ სახლშია. ენის კურსი დასაწყისია, მაგრამ ის, თუ რა არის სიტყვები, და არა მხოლოდ რას ნიშნავს ისინი, ანუ ენასთან დაახლოება, ჩნდება მხოლოდ ნამდვილი, საზოგადოებრივი, ადამიანური გამოცდილებით. ენა არის ქვეყანაში არსებული ყველა საცხოვრებელი პირობის მარაგი. ვინც ენის კურსის გავლის შემდეგ ისევ ბანაკში რჩება, აქ არ ცხოვრობს. მაგრამ რადგან ის არც თავის პირველად სამშობლოშია, მაშინ გამოდის, რომ ცხოვრებითაც არ ცხოვრობს და უბრალოდ არსებობს. ადამიანისთვის ჩვენთან ღირსეული ცხოვრება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ჩვენს ენას შეითვისებს; ამ შემთხვევაში ყველაზე გაწვრთნილი მემარჯვენე ექსტრემისტიც ვერ აღიქვამს მას საშიშროებად. კონსერვატორმა კი უნდა აღიაროს, რომ ამ მიგრანტთან გერმანული ღირებულებების დაცვა არ სჭირდება. მიგრანტი უკვე აღარ არის უცხოელი. მან არც თავისი წარმომავლობა უნდა დაკარგოს. მას შეეძლება იგრძნოს, რომ ისეთად მიიღეს, როგორიც სინამდვილეშია. მოგვიანებით კი მასაც ჩემსავით საშინელი შეიძლება მოეჩვენოს სიტყვა ინტეგრაცია. გერმანია, როგორც ყველაზე ღია ქვეყანა! ეს როლი ყველაზე მომხიბვლელი, საუკეთესო როლია იმ როლებს შორის, რომლებიც გერმანიას მსოფლიო თეატრში უთამაშია!

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა შთამბეჭდავად ჩამოაყალიბეს, თუ რას ელიან ლტოლვილებისგან. მე ჩემი სფეროს სახელით მინდა ვთქვა: ათ ან ოც წელიწადში გაჩნდება უამრავი ლექსი და რომანი, რომლებიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის შერწყმის ნიადაგზე შეიქმნება. ეს ლექსები და რომანები ჩვენს ენას კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას და მოქნილობას შესძენს, რაც მხოლოდ უნდა გვახარებდეს. მერე და მერე კი, როცა ის ყველაფერი, რასაც ახლა კრიზისად აღვიქვამთ, მაგრამ მომავლის იმედს მაინც გვიტოვებს, უკვე ისტორიის ნაწილად იქცევა. ხოლო ქვეთავს, რომელშიც ამ ამბავზე მოყვებიან, ასე დაასათაურებენ: „ჩვენ ამას შევძლებთ“.

ჟურნალი „შპიგელი“ 9 / 2016

© არილი

Facebook Comments Box