თაკო რობაქიძის ფოტო
“კაბა” ერთი მსახიობის პიესაა. მთავარი გმირის გარდა, ყველა სხვა პიესაში მონაწილეობს როგორც ხმა.
მოქმედი პირები:
ქალი – 70 წლის, ახლად დაბრუნებული გადასახლებიდან
მკერავი: 60 წლამდე, კაცი, ყველაზე ცნობილი და პოპულარული მკერავი იმდროინდელ თბილისში
შვილი: სუსანა, 30 წლის
“შევარდენის” გოგოები: ტანვარჯიშის მოყვარულთა საზოგადოება „შევარდენის“ (1918-1922) წევრები. მონაწილეობდნენ 1919 წლის 26 მაისის აღლუმზე.
თბილისი, 1950 წელი.
სურათი 1: მკერავთან ლოდინი
ქალი მკერავს ელოდება სკამზე ჩამომჯდარი. მის გვერდით, სკამებზე ჩამომჯდარა 4-5 ქალი (პლასტმასის მანეკენები), რომლებიც ასევე მკერავს ელოდებიან.
ქალი სკამის წინა კიდეზე ზის სანახევროდ, თუმცა თავდაჯერებით, მხრებში გამართული. ტანით წინ წამოწეული, ოდნავ ირწევა. დაბალ ხმაზე იწყებს ღიღინს.
ქალი: რამ გამახსენა ეს სიმღერა? საიდან მომადგა ყელში, ენაზე, გულზე?
რამდენი ცხოვრებით შეგიძლია იცხოვრო ადამიანმა?
რამდენი სიცოცხლე უნდა გქონდეს ერთ სიცოცხლეში?
მე რამდენი მქონდა? ნეტა როგორ ვითვლი? როგორ დავითვლი?
ყველაზე შორეული, ყველაზე ძვირფასი სიცოცხლისაა ეს სიმღერა.
იქიდან აღარაფერი დარჩა.
მეგონა, რომ აღარაფერი დარჩა და თურმე ვცდებოდი.
ამ მაისის დილამ მოიტანა ეს მელოდია, მზემ, ამ ნიავმა.
რამდენი წელია ეს სიმღერა დავიწყებული მქონდა?
ოცდაათი. ოცდაათზე მეტი.
“შევარდენის” გოგოები მღეროდნენ, აღლუმის მერე.
რუსთაველზე, ყვავილებივით გაბნეულები.
ღმერთო, რა ლამაზები იყვნენ, რა სიცოცხლით სავსეები. (ისევ მღერის)
მახსოვს, სასახლიდან გამოვედი, კრების შემდეგ.
(სკამზე რწევას წყვეტს)
მარტო გავუყევი ქუჩას.
სასიამოვნოდ დაღლილი, გაბრუებული.
ზეიმის კვალი ისევ ეტყობოდა იქაურობას.
არც ხალხი იყო დაშლილი.
ქუჩის კიდეში იდგნენ გოგოები და მღეროდნენ, იცინოდნენ.
ერთმანეთზე ხელგადახვეულები, ჩახუტებულები.
ჩავუარე და გამარჯვება, ქალბატონო! შემომძახეს.
გამარჯვება-მეთქი.
აღტაცებულები იყვნენ. ჩემს შვილებზე მახსოვს ასეთი აღტაცებული სახე.
უღრუბლო სახე. მზედაკრული.
ჩვენც ასე ვიყავით აღლუმის მერე.
დაქანცულები, დაღლილები, მაგრამ აღტაცებული.
დღეს და ღამეს ვასწორებდით, თითქმის არ გვეძინა.
ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო. რაც არ შეგვეძლო.
იდეაზე ვიყავით შეყვარებული.
მომავლის გვჯეროდა. თავისუფლების.
და თურმე, რა იყო მომავალი…
სულ სხვა იყო, აღლუმზე რომ ამ გოგოებმა ჩამოიარეს.
თეთრი, ქათქათა მაისურები ეცვათ, შინდისფერი ბოლოკაბები.
ცისარტყელა იყო იმ დღეს ცაზე, აღლუმის შემდეგ გამოვიდა.
რა აღმაფრენა იყო ის ცისარტყელაც.
შეძახილები, მილოცვები, დროშის ფრიალი.
ჰაერში გაზაფხულის და მიწის სუნი იდგა ერთდროულად. სიცოცხლის სუნი.
მაისის წვიმა რომ იცის თბილისში. თავსხმა, მოულოდნელი.
მერე მზე გამოანათებს, დააცხუნებს.
მზემ მოიყვანა ის ცისარტყელა.
აღარ ვიყავი მაშინაც პატარა გოგო, ქალი ვიყავი,
მაგრამ სულ მაკანკალებდა, სიხარულისგან!
აღლუმის მერე, კრებიდან რომ წამოვედი,
ქუჩის კიდეში ეს მოკისკისე, მომღერალი გოგოები დამხვდნენ.
ნიავი უფრიალებდათ თმას შავი ბერეტების ქვეშ.
ნეტა სად არიან ახლა, როგორ არიან. რამდენია ან ცოცხალი,
და თუ ცოცხალია, რამდენია იქიდან ბედნიერი.
ჩავუარე ამ გოგოებს, შემომძახეს:
გამარჯვება, ქალბატონო,
მეც შევძახე: გამარჯვება!
შემომცინეს. უღრუბლო, კრიალა სიცილით.
ორი ნაბიჯი გადავდგი და მუცლის ქვეშ პეპელა შემიფრთხიალდა.
პეპლის ფრთა ხელზე შეგხებია?
შეუძლებელია ეგ სინაზე როდესმე კანს დაავიწყდეს. ან ხელს დაავიწყდეს.
მაშინ მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი.
ალბათ უკვე ოთხი თვის.
ისე ვიყავი ჩართული საქმეში, არ გამიგია.
არაფერი მახსოვდა. არც საკუთარი სხეული.
იმ წამსვე მივხვდი, ეს გოგო იყო. ბიჭები ასე არასოდეს მიგრძნია.
ცაზე ცისარტყელაა, გოგოები იცინიან, მღერიან, დროშები ფრიალებს.
ნიავს გაზაფხულის და წვიმის სუნი ერთდროულად მოაქვს.
ჩემს სხეულში კი პაწაწინა პეპელა იწყებს ფარფატს.
ეს წამები იყო ყველაზე მშვენიერი ჩემს ცხოვრებაში…
ჩემი გოგო, ჩემი საწყალი გოგო.
თავისუფალ საქართველოში,
ბედნიერი ქალის მუცელში აფრთხიალებული პეპელა შეშინებულ ქალად იქცა.
ჩუმ ქალად. დადუმებულ ქალად. დაჩაგრულად.
ორსართულიან სახლში გაზრდილი ნებიერა გოგო ერთ ოთახში შეკუჭული დამხვდა.
თავისნაირ დიდთვალება შვილთან.
ორივე, დედა-შვილი შიშისგანაა თვალებად ქცეული.
პეპლად დაიწყო ფრთხიალი სულ სხვა ქვეყანაში, სხვა დროში.
ახლა სხვა დროა. სულ სხვაგან ცხოვრობს, სხვა სამყაროში. სხვა ქალია.
გაცრეცილი, დიდთვალება.
რომ წამიყვანეს, ჯერ კიდევ გოგო იყო, სკოლას ამთავრებდა.
ახლა ჭაღარა გაერია, უცხო ქალია. უცხო.
ვუყურებ და დაჯერება მიჭირს, რომ ეს ქალი ჩემი შვილია.
ვუყურებ და თვალწინ მაინც ისეთი მიდგას, როგორიც დავტოვე.
ალბათ, შენც გიჭირს დაჯერება, რომ მე ვარ ეს ქალი.
დავპატარავდი. დავიკრუნჩხე. ამ თოთხმეტწლიანმა ჯოჯოხეთმა ყველა დაგვახრჩო.
მომიწევს შეგუება შენს ჭაღარასთან.
მომიწევს გავუსწორო თვალი შენს ჩამქრალ თვალებს.
ვუცქირო შენს გლოვას, შენს მარტოობას – მარტო დედობას.
ვაღიარო, რომ შენს კალთაზე დაკიდებული ეს პატარა, დამფრთხალი გოგო შენი შვილია.
ჩემი შვილიშვილი.
იცი? რაღაცით ჩემს დას მახსენებს.
უნდა მახსოვდეს, რომ ეს თოთხმეტი წელიწადი შენ შენი ცხოვრება გქონდა.
უნდა მახსოვდეს, რომ შენ შენი ომი გამოიარე.
ჩვიდმეტი წლის გოგო სულ მარტო დარჩი.
ვინ იცის, რამდენმა ადამიანმა გაქცია ზურგი, სანამ შენ გვერდით არავინ იყო?
არც დედა, არც მამა, არც ძმები.
ვინ იცის, რამდენი კარი მოგიკეტეს, სხვებისთვის ღია?
ვინ იცის, რა სიმწრით იცხოვრე ამ ერთ ოთახში, როცა იმხელა სახლი ჩვენ გვეკუთვნოდა?
მეც მომიწევს შევეგუო ამ ოთახში შეკუჭვას.
მეც მომიწევს შეგუება, რომ ჩვენ სახლში ახლა სხვები ცხოვრობენ.
ძალიან დიდხანს ვერ გავივლი ჩვენს სახლთან. ჩვენს ნასახლართან.
არ შემიძლია ვუყურო როგორ ცხოვრობს იქ სხვა.
ჩემი ბიჭების ნაფეხურებზე სხვა როგორ დადის.
ჩემი ნატანჯი გოგო. ჩემი პეპელა.
ხანდახან რომ შემომხედავს, მამამისი მიყურებს.
გული მეკუმშება ამ დროს.
მე კი უფრო მისი ძმების თვალებს ვეძებ.
ისინი მე მგავდნენ.
მე და შენ ვიცით, შვილო, რომ სიცოცხლე ხანდახან უფრო მძიმე ასატანია.
ვიდრე წამება, ვიდრე სიკვდილი.
შენ შენი ტანჯვის უღელი ზიდე პატარა გოგომ.
ყველა ჩხრეკის მოწმე შენ იყავი.
მამაშენის, ჩემი, შენი ძმების.
ყველასთვის შენ იდექი ციხეების თვალუწვდენელ რიგში.
თან მე და მამაშენი ყველაზე ადრე დაგვაპატიმრეს.
ჩვენ ვიყავით რჩეულთა შორის. პირველთა შორის.
სკოლა დაამთავრე და ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყავი.
და რა?
ხელიდან გამოგეცალა დედა და მამა. მერე ერთი ძმა, მერე მეორე.
ჩემი სუსანა!
ბაქანზე დამხვდა. მარტო.
ერთი სული გაქვს, როდის ნახავ, ელოდები ამ დღეს, ელოდები. ელოდები.
ერთი სული გაქვს, ბარგს როდის შეკრავ, ოღონდ ამჯერად სახლში წასასვლელად.
ბანაკიდან ბანაკში საწოწიალოდ – აღარ.
ყაზახეთის ერთი ბოლოდან მეორეში დასაკარგავად – არა.
სახლში წასასვლელად.
ჰოდა, დგახარ ბაქანზე, მის პირისპირ და ხვდები, რომ ყველაზე რთული ახლა იწყება.
რომ დღეიდან ყველაზე მეტად უნდა გაუსწორო თვალი შენი ბიჭების არყოფნას.
წართმეულ სახლს. ცოცხალ, მაგრამ უცხო შვილს. უცხო ქალს.
რაღაცნაირად, უფრო დედის ალღოთი მივხვდი, რომ სუსანა იყო.
ვიდრე ვიცანი.
შვილი: დედა?
ქალი: გულში ჩავიკარი და წამებში ვიგრძენი მეც რა უცხო ვიყავი მისთვის.
ჩემს სხეულში ოდესღაც მჯდარი ფარფატა პეპელა.
თითქოს თავს ძალა დაატანა, დედა დაეძახა ჩემთვის…
იმ წამებიდან მოყოლებული სიფრთხილით, ძაღლებივით ვყნოსავთ ერთმანეთს.
სიტყვებს ვეძებთ სასაუბროდ.
ერთმანეთს თვალს ვარიდებთ.
სამი დღე გავიდა და ისევ ასე ვართ.
ასე ვიქნებით, აღარაფერი შეიცვლება.
ჩემო საწყალო გოგო! აღარაფერი შემრჩა შენთვის.
არც შენი საწყალი პატარა შვილისთვის.
მგონი აღარც სიყვარული.
ჩამოვედი და ორი დღე-ღამე ვიწექი, თითქმის არ ავმდგარვარ.
მეძინა გადაბმულად. თავს შემოყოფდა ხოლმე, ხან ერთი, ხან მეორე.
შვილი: დედა, არ გშია?
ქალი: არ მქონდა ჭამის თავი, ძილი მინდოდა.
მესამე დილით წამოვდექი და მკერავთან მივდივარ-მეთქი,
კაბა უნდა შევიკერო.
ახალი.
ეს რომ ვთქვი, უფრო გაუდიდდა თვალები, მაგრამ არაფერი უთქვამს.
რა წავიკითხე შენს თვალებში, შვილო? განგაში? გაოცება? ბრაზი?
არ ვიცი. არაფერი.
ისევ თვალი ავარიდე.
მოვედი და კარში შევეჩეხე ჩემს მკერავს. მიცნო.
მიცნო ამდენი წლის მერეც.
მკერავი: თვალებით გიცანით, მინადორა.
ქალი: ათი ქალი მაინც ელოდებოდა რიგში.
ვინ იცის, ვისი ცოლი, ვისი შვილი, ვისი საყვარელი. ყველა დაივიწყა.
მე შემიყვანა.
გახსოვს, უხსოვარ დროს, ახლა იმ დროის გახსენება რთულიც არის და საშიშიც.
ის დრო თითქოს არ არსებობს, ამოიშალა. თითქოს არ ვიცხოვრეთ.
გახსოვს, აღლუმი იყო. აღლუმისთვის კაბა რომ შემიკერე?
ახსოვდა. კაბაც ახსოვდა როგორი იყო.
მასთან რომ ჩავიცვი ის კაბა, ახალშეკერილი, აღლუმზე წავედი პირდაპირ იქიდან.
მაშინ პატარა ბიჭი იყო, დამწყები. ნიჭიერი. ცოტა იცნობდა.
უხაროდა. დიდი ქალი მივედი მასთან კაბის შესაკერად.
ახლა მე არავინ ვარ, ის კი დიდი კაცია. ცნობილია.
პირველია პირველთა შორის თავის საქმეში.
მკერავი: მობრძანდით, მინადორა.
ქალი ფეხზე დგება.
მეძახის! დღესაც ურიგოდ მოსულს, ისევ ურიგოდ მიშვებს.
ესენი როგორი გაოცებით შემომცქერიან ახლაც.
ეს უტყვი თოჯინები.
ეს პრიალა, ფუყე სხეულები, უაზრო თვალებით.
ეს ოქრო და ეს ბრილიანტი თითზე და ყურზე,
ეს გაფუებული კანი, ქუდი და მოსასახამი,
ძვირფასი კაბები.
თან გაბრაზდნენ, მაგრამ ბრაზი მაშინვე დაიოკეს.
მიხვდნენ, უბრალო ქალი არა ვარ!
რა ამრეზით შემომხედეს თავიდან!
ვინ ვიყავი ამათ თვალში? ერთი ხნიერი, უჟმური ქალი.
სალმის გარეშე, უცერემონიოდ რომ ჩამოუჯდა აქ.
შტერული გაოცებაც არ აცალა.
შეიშმუშნნენ.
ჯერ ამრეზით მიყურებდნენ, ახლა გაოცებით.
რომ გამოვალ, მოწიწება ექნებათ დაფენილი ბრიყვულ სახეებზე.
ზეპირად ვიცნობ ამათ, ამათ ინსტინქტებს.
თქვენი მკვლელი ქმრები სად არიან ახლა? კაბინეტებში?
ღამე როგორ სძინავთ? დილით როგორ იღვიძებენ?
რა უხარიათ? რამე უხარიათ?
მიყურეთ ახლა! უყურეთ ჩემს დაბერებულ, გამომშრალ სხეულს!
პელაგრაგამოვლილ კანს, ბრუცელოზიან სახსრებს!
სხედან აქ გატრუნულნი. თბილად. ნიავმიუკარებელნი.
სულ მზე ანათებდა ამათ თავზე! ყველაზე ბნელ დღეებშიც კი და მე?
მე? ჩემი შვილები?
რა გამოვიარე! რა გამოვიარეთ ჩვენ, თქვენგან მოკლულებმა?
თქვენგან მკვდრებმა და თქვენგან ცოცხალ-მკვდრებმა?
რისთვის გამოვიარეთ?
შეხედე ხელი როგორ მიკანკალებს! თუ ასე დავიჭერ, არ მიჩერდება.
სამი წელია ვმალავ ხელის ამ კანკალს!
ამ ხელის გამო ნემსის გაკეთება ვისწავლე მარცხენა ხელით!
სამოცდაშვიდი წლის ქალმა!
რომ არ შეემჩნიათ, რომ ნემსს ვეღარ ვაკეთებ!
სანაგვეზე არ მოვესროლე!
ფარეხში რომ არ მოვესროლე!
გაყინულ გვამებთან!!!
თქვენი ქმრების სულებს ამძიმებს ის გვამები!
თქვენი ქმრებს კი არა, თქვენს შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს
კისერზე ეკიდებათ ის გვამები, მარადიულად!
სურათი 2: მკერავთან
მკერავი: მობრძანდით, მინადორა.
ქალი: მოვდივარ (მშვიდდება).
შენ თითქმის არ შეცვლილხარ, ჩემო ბიჭო.
რა ნათლად მახსოვს როგორი იყავი ოცდაათი წლის წინათ.
მაშინ ბიჭი იყავი, ახლაც ბიჭივით ხარ.
ზოგი კაცი ბოლომდე ბიჭივითაა, არ სუქდება. არც თმა ცვივა.
ბერდება მხოლოდ, ისიც ოდნავ შესამჩნევად.
მაშინაც შენთან შევიკერე კაბა. სად მეცალა. მოვვარდი. ჩავიცვი და წავედი.
აღლუმზე წავედი პირდაპირ.
ვერაფრით ვიხსენებ, როგორი იყო ის კაბა. რა მნიშვნელობა აქვს?
მაშინ სულ ბიჭი იყავი.
ახლა დაღლილი კაცი ხარ, მოხრილი.
ხელები გაქვს ისევ ისეთი ლამაზი, სიფრიფანა.
ამ პატივისცემას არასოდეს დაგივიწყებ. ამ თავდადებას.
თავდადებაა ჩემი ურიგოდ აქ შემოყვანა.
ჩემი – ნაციხარის, პატიმრის, გადასახლებულის, მოღალატის, ხალხის მტრის.
საშიშია ამათ თავზე გადახტომა.
სულ რჩეულების ცოლები ჩანან. აშკარად.
ამიტომ, ათმაგი მადლობა, ჩემო ბიჭო!
ამ სიმამაცისთვის, თავდადებისთვის.
იცოდე, რომ მადლიერი ვარ!
მაგრამ გახსოვდეს
(ჩურჩულით) ახლაც ყველაფერი საშიშია. ძალიან საშიში. მონსტრი ცოცხალია.
(ქალი ნელ-ნელა იწყებს კაბის მოზომებას, მერე ჩაცმას).
გუშინ რომ გავიღვიძე, ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე.
შუადღე იყო.
ნახევრად გათიშული ვიდექი. თვალს ვაყოლებდი ხალხს, მათ მდინარებას.
თითქოს ნაცნობი იყო იქაურობა. თითქოს უცნობი.
თავბრუ მეხვეოდა.
ამ დროს ვის ვხედავ! ჩემი განაჩენის გამომტანს, ჩემს გამსამართლებელს.
მოდიოდა და შარვალი მოსთრევდა.
ნახევარიც აღარ იყო დარჩენილი იმხელა კაცისგან.
გასაწყლებული იყო, დაბერებული.
მაინც ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი.
სუსანას დავუძახე.
ეს ისაა?
შვილი: არ შეგვამჩნიოს, დედა!
ქალი: ჩემი შვილი ფანჯარას ამოეფარა.
ერთი წამით მეც შევცბი. მერე გავბრაზდი.
შემამჩნიოს! გაიგოს, რომ დავბრუნდი!
მინდოდა მეყვირა, მაგრამ აღარაფერი მითქვამს. პირი გამიშრა.
თუმცა ფანჯარასაც არ მოვშორებივარ.
ცალ ფეხს მიათრევდა. ტანსაცმელი ზემოდან ეკიდა.
გატიალებული კაცების მეტი ბანაკში რა მინახავს.
მაგრამ ეს მაინც სხვანაირად იყო გატიალებული და მესიამოვნა.
ერთი წამით მესიამოვნა.
და მერე სევდა მოვიდა. რაღაცნაირი, უკუნი სევდა. ბნელი სევდა, უძირო, უფსკერო.
რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფრის გადატანას? რა აზრი ჰქონდა ამის ჩადენას?
ჩვენს დევნას, ჩვენს ამოხოცვას.
რა აზრი ჰქონდა, თუ თქვენც ასე დაბერდებოდით?
გასაცოდავდებოდით, თქვენც მოკვდებოდით?
რა აზრი ჰქონდა ძალაუფლებას? ძალაუფლებით ბოროტად თამაშს?
სიკვდილზე დავფიქრდი პირველად ამდენი ხნის მერე.
სიკვდილზე იქ არ ვფიქრობდი.
ციხეშიც, ბანაკშიც მხოლოდ სიცოცხლე მინდოდა. სიცოცხლე იყო ჩემი საფიქრალი.
ჩემი გადარჩენა.
შვილმკვდარ დედას სიცოცხლე რატო უნდა უნდოდეს?
შვილებმკვდარ დედას?
ორი მკვდარი შვილის დედას?
იმ ერთი, ცალად დარჩენილი ცოცხალი შვილისთვის?
ბიჭები მაინც სულ სხვანაირად იყვნენ ჩემზე მოწებებული.
სუსანა სულ განაპირებული გაიზარდა.
თავიდანვე. ძიძამ გაზარდა.
სხეულში მყავდა და გარეთ ვიყავი. დაიბადა და სულ გარეთ ვიყავი.
ერთი წლის გახდა და რუსები შემოვიდნენ.
მერეც სულ გარეთ ვიყავი. გარეთ და იატაკის ქვეშ.
მერე ბურუსი დაიწყო. სახლში ვიყავი, მაგრამ უცხო.
ყველაზე უცხო მაინც ამისთვის და მამამისისთვის.
რა გასაკვირია, რომ მამამისს მიეწება. გოგოები მამებს ეწებებიან.
ის ორი სულ ჩემზე იყო მოწებებული, ლევანი მაინც.
გიორგი მე თვითონ ბავშვმა გავაჩინე. ისე, რომ ვერც გავიგე ვერაფერი.
იდეებით შეპყრობილი ვიყავი.
რევოლუცია, არალეგალობა, გაფიცვები და დემონსტრაციები.
რა შორეული ჩანს ის დრო. წარმოუდგენელი.
ათი წლის მერე ლევანზე ვიგრძენი დედობა ყველაზე მეტად.
დედა ყველაზე მეტად მისთვის ვიყავი. (სიჩუმე, უხერხულად ხანგრძლივი)
არცერთი დედა არ იტყვის ამას, მაგრამ ის ერთი შვილი მაინც განსაკუთრებულია.
ის ერთი მაინც განსაკუთრებულად მოგეკვრება გონებაზე,
სხეულზე, გულზე, კაბის კალთაზე.
არცერთი დედა არ იტყვის ამას, რომ შვილიც ადამიანია.
დედაც ადამიანია.
და როგორც ადამიანს, ის ერთი შვილი მაინც უფრო მეტად გიყვარდება.
როცა ერთი გყავს, ერთი გყავს. ერთზე მეტი გყავს – რჩეული გყავს.
ეს მაინც როგორი მოწებებული იყო ჩემზე.
თითქოს სულ უნდოდა მომწონებოდა, გამომერჩია. სიგიჟემდე მყვარებოდა.
მიყვარდა კიდეც. ჩემი პატარა ბიჭი.
დუდი, დუდი, დუდი – ეს იყო მისი პირველი სიტყვა. ზუსტად ვიცი, უკანასკნელიც.
ასე მეძახდა ბოლომდე.
დუდი.
ყაზახეთში, იმ მიკარგულში, თავზე რომ დამადგა, ეს რა იყო!
იქ დამადგა თავზე, კლინიკაში, წითელი ვარდებით, თვითონ სახეაწითლებული!
ვარდებით დამადგა შუა ზამთარში! ყაზახეთში!
ბედნიერი, თვალებანთებული.
გული გამიჩერდა!
გამეყინა.
ჩემ თვალწინ დააპატიმრეს. ბორკილს ადებდნენ და თვალებში ვუყურე.
მიყურებდა და მიღიმოდა.
უსიტყვოდ შევთანხმდით, იმ ძაღლების წინ ცრემლს არ დავღვრიდი.
არ ვიყავი მე ის ქალი, მათ წინ მეტირა.
ვაჟკაცებად გავზარდე ჩემი შვილებიც!
მიყვარხარ, დუდი! კარებიდან მომაძახა.
ვარდების წართმევა ვერ გამიბედეს.
მერე ფურცლები სცვიოდა და ყველას სათითაოდ ვინახავდი.
ყველას დავტიროდი. თითო ფურცელს.
წაიყვანეს იქიდან. გააქრეს.
ერთი თვის შემდეგ შუაღამეს გამეღვიძა.
უცებ, უცნაურად, შეხტომით, გულის ხეთქვით.
წლები მეღვიძებოდა მერე ერთსა და იმავე დროს. გულგაგლეჯილს. გულგახეთქილს.
ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს ის წუთი არ იყო,
როცა შენი სიცოცხლე დაასრულეს, შვილო!
რომელ მიწაში ჩაგდეს, როგორ ჩაგაგდეს? მარტო თუ სხვებთან ერთად?
რას ფიქრობდი? ჩემზე ფიქრობდი? ფიქრობდი ჩემზე?
მერე სულ ვნატრობდი, კლინიკაში რომელიმე პატიმარში დამენახა ჩემი შვილი.
ჩემი შვილები.
ყველა პატიმარში ჩემს შვილებს ვეძებდი, მათ თვალებს ვეძებდი!
მათ ხმას ვეძებდი! მათ სუნს ვეძებდი!
არა და არა! არავინ ჰგავდა ამათ! ესენი კიდე ისე ჰგავდნენ ერთმანეთს!
ყელში წამიჭერდა ამათი მონატრება, მეგონა მახრჩობდა.
მკერავი: იღლიასთანაა მხოლოდ შესასწორებელი, მინადორა. აქვე შევასწორებ.
აწიეთ ხელები.
(ქალი ორივე ხელს განივად შლის, ჯვარცმის მსგავსად)
ქალი: ნუთუ ეს არის სიცოცხლე? ეს არის დედობა?
აღარ ვიცოდი სად წამეღო ეს წებოვანი სიყვარული. ეს სურვილი.
მეზრუნა ვინმეზე, გულზე მიმეკრა, კალთაზე გამომება.
ასე რომ მახრჩობდა, ასეთი ძლიერი იყო, ვიდრე მქონია.
ვიდრე ოდესმე მქონია.
ვიდრე ნამდვილად მქონია დედას, ცოცხალი შვილების.
ეს ყოვლის მომცველი, მახრჩობელა, აუტანელი სურვილი ისევ დედა ვყოფილიყავი.
სხვანაირი დედა. თავდადებული, თავგადადებული, გაგიჟებული.
არასდროს რომ არ ვყოფილვარ, ისეთი.
მკერავი: მზად არის. გაიხდით?
ქალი: არა. მეცვას.
(ხელებს დაბლა წევს.)
მეცვას. ნეტა რა უფრო ძნელი იყო: გადასახლება, გადასახლებაში ყოფნა
თუ უკან დაბრუნება?
უკან დაბრუნებაა ყველაზე ძნელი.
ძლივს, ძლივს სახლში ბრუნდები. ამდენი წლის მერე.
სამოცდაათი წლის ბრუნდები. სამოცდათერთმეტის.
სამოცდათერთმეტის უკან ვინ დაბრუნდა?
ბრუნდები და მერე? ყველა და ყველაფერი უცხოა.
უცხოა შენი შვილი. უცხოა შენი შვილიშვილი.
არაფერი აქვთ ჩემთვის სათქმელი.
არადა, შეხვედრის წამებს ელოდები, ელოდები, ელოდები. იქ ეგ გაცოცხლებს.
ასჯერ, ათასჯერ, მილიონჯერ წარმოიდგენ როგორ ჩაიკრავ იმ ერთ შვილს გულში,
ცოცხლად დარჩენილს.
დანარჩენი ორი მკვდრის სუნი რომ იგრძნო,
მათი გულის ფეთქვაც იგრძნო შენს გულთან.
გგონია, რომ შვილიც გელოდება, გელოდება, გელოდება.
და მერე? შენი შვილი არაფერს გახვედრებს, დიდთვალება შიშის გარდა.
ეშინია ძლივს აწყობილი, სიმწრით ნაკოწიწები ცხოვრება წყალში არ ჩაუვარდეს.
მეც მეშინია!
დღე-დღეზე დიპლომი აქვს დასაცავი და უცებ!
დედა ჩამოვიდა. დედა აღდგა მკვდრეთით!
ნაციხარი, გასახლებული დედა.
ახლა მკვდარიც და ცოცხალიც გზაზე ეღობება ხალხის მტრის შვილად,
მტრის დად გაზრდილს.
ახლა ცოცხალი დედა ეღობება გზაზე ყველაზე მეტად!
ასეთი სასოწარკვეთისთვის იქაც კი არ ვყოფილვარ მზად! ასეთი სიმწარისთვის!
მკერავი: მგონი, მშვენიერია. რას იტყვით, მინადორა? ნახეთ სარკეში.
(ქალი სარკეში ათვალიერებს საკუთარ თავს, სახეზე ბევრნაირი ემოცია ესახება ერთდროულად)
ქალი: ლამაზია. ახალია. ეს საყელოა ლამაზი განსაკუთრებით.
მგონი იმ კაბასაც, მაშინ, ასეთი საყელო ჰქონდა.
მკერავი: გამოიცვლით?
ქალი: არა, არ გავიხდი. მინდა, რომ ახლა მეცვას. მინდა ამ კაბით გავიდე გარეთ.
მკერავი: ნამდვილად ასე გირჩევნიათ?
ქალი: ასე მირჩევნია.
მკერავი: მაშინ ნახვამდის, მინადორა. შემდეგი კაბისთვის ისევ შევხვდებით!
ქსოვილს მე აგირჩევთ.
ქალი: ტანჯვა უძიროა. ფსკერი არ არსებობს. ადამიანი ყველაფერს ეგუება.
ნახვამდის, ჩემო ბიჭო!
სურათი 3: გარეთ გასვლა
(ქალი გარეთ გადის, მზეს უშვერს სახეს, მისი სახე ნათდება)
მაისის მზეა ესეც. ისეთივე მზეა, როგორც მაშინ. ისეთივე ნიავი.
თითქოს არაფერი შეცვლილა ამ მზის ქვეშ.
არა! ჭადრები გაზრდილა. სხვა ფილაქანია.
ახალი სახლებია, უცხო ადამიანები.
მზეა იგივე. და სუნიც იგივე.
სადღაც იასამნის, სადღაც აკაციის.
მთელმა ცხოვრებამ გაიარა აქ ჩემ გარეშე.
სად იყო ეს მზე თოთხმეტი წელიწადი? ეს ნიავი?
როცა ჩემი ცხოვრება გზა იყო მხოლოდ. თოვლიანი გზა.
როცა ციხე იყო და ბარაკი, საავადმყოფო და ამბულატორია, სხვა არაფერი.
ციხეს ბანაკი ჯობდა. ციხეში პატიმარი ვიყავი, ბანაკში – ექიმი პატიმარი.
ჩემმა ექიმობამ გადამარჩინა. პირველმა პროფესიამ.
უხსოვარ დროში, სხვა ცხოვრებაში, ლამის სხვა საუკუნეში,
სულ სხვა ქვეყანაში ნასწავლმა პროფესიამ.
ყველაზე ლამაზი, რაც ყაზახეთში ხდებოდა, იასამანი იყო.
იასამანი აყვავდებოდა ამბულატორიის ფანჯარასთან.
მერე თბილისის გაზაფხულს სუნი დაჰკრავდა იქაურობას.
ლამაზი იყო, მაგრამ გულს მიკლავდა.
მიწა მინდოდა გამეთხარა მის ფესვებში.
ის მიწა დამეყარა გულზე, სახეზე, მკლავებზე, ტანზე.
ღამე დაძინება იყო ყველაზე რთული და დილით გაღვიძება.
ვშრომობდი, ვშრომობდი, რომ დამეძინა.
შრომა მთიშავდა ყველაფრისაგან. შრომა მთიშავდა ტკივილისაგან.
ექიმი ვიყავი და გამიმართლა. ექიმები სჭირდებოდათ, თუნდაც ბებერი ქალი.
პატიმარი ექიმი პატიმრებისთვის.
ექიმი ვიყავი და კუბოსავით საწოლი მქონდა, მაგრამ ჩემი ერქვა.
ღამით სხვისი კვნესა და ოხვრა არ მაღვიძებდა, არ მაწუხებდა.
მარტო ყოფნა შემეძლო! საწოლი კი არა, ტუმბოც კი მქონდა!
ჩემი ოთახი მქონდა. ჩემი სენაკი.
ჩემი საკუთარი ღუმელი მქონდა, რამხელა ბედნიერება.
პური მქონდა, კარაქიც ხანდახან.
რაღა არ გამიკეთებია იქაურ ამბულატორიებში! რაც ვიცოდი და რაც არ ვიცოდი.
კბილიც კი ამოვიღე რამდენჯერმე. ორჯერ თუ სამჯერ ვამშობიარე.
ჩემი და, ფილტვების ანთებით რომ მოკვდა,
მაშინ ვთქვი, ექიმი გავხდები-მეთქი, ყველა ბავშვს გადავარჩენ.
ის შვიდის იყო, მე ცხრის.
ღამით, საწოლში ჩავუწექი. გავარვარებულს ხელები შემოვხვიე.
მწვავდა მისი ალმური, მაგრამ მაინც ვეხვეოდი.
ასე ჩაგვეძინა.
დილით მკვდარი იყო. ცივი.
ჩემი ხელები დიდხანს ვერ ივიწყებდა იმ სიცივეს.
ჩემი პირველი მკვდარი გახდა ჩემი და მაშინ.
მამაჩემმა მამამისის გვერდით გაუთხარა პაწია საფლავი. იქ დავმარხეთ.
მერე იუნკრები ვმარხე. 18 წლის ბიჭები. ბავშვები.
მერე აჯანყების ბიჭები ვმარხე. ისინიც ბავშვები.
ბანაკში ექიმად ცხოვრება კიდევ რა იყო?
ვაჭრობა იყო ავადმყოფით და მკვდრით.
იქ ექიმიც ვიყავი და პოლიტიკოსიც.
ერთდროულად ორივე ვიყავი იქაც. როგორც ყოველთვის.
თვითონ პატიმარმა, არც ბევრი პატიმარი უნდა მიიღო, არც ბევრი მოგიკვდეს.
უნდა ზუსტად იცოდე როდის და როგორ წამოაყენო ფეხზე ნაშიმშილარი.
როდის მიიღო. როდის დააწვინო. როდის გაწერო.
რამდენი მოგიკვდეს. რამდენი არ მოგიკვდეს.
ცალკე ქურდთან უნდა დაალაგო, ცალკე კრიმინალთან, ცალკე უფროსთან.
სიკვდილის მეტი იქ რა იყო. ლამის ერთი კვირით ადრე ვხვდებოდი ვინ მოკვდებოდა.
არ უნდა დამეხარჯა წამალი მომაკვდავზე.
აღარაფერი იყო ჩემთვის სიკვდილი.
მხოლოდ რიცხვები. რიცხვები აღრიცხვის ფურცელში.
ის, რაც ვნახე, ჩირქი იყო და ბალღამი. სიკვდილი და შიმშილი.
შიმშილი შიმშილი შიმშილი ყველგან, ყველასთან.
როგორი კაცი აღარ ვნახე.
გასაცოდავებული, ღირსებააყრილი. და მერე ვფიქრობდი:
მადლობა ღმერთს, შვილებო, რომ მოკვდით, რომ მოგკლეს!
ცხელ გულებზე ცივი მიწა დაგაყარეს!
ჩემი შვილებისთვის ამის გავლას, სიკვდილი სჯობდა!
რომ ვხედავდი, რას ემსგავსებოდნენ კაცები, სადამდე ეცემოდნენ.
კაცები მაინც სხვანაირად კარგავდნენ სახეს.
რომ ვხედავდი, როგორ კვდებოდნენ! ამას ცხელ გულზე ცივი მიწა სჯობდა, გიჯობდათ!
ჩემი ქმარი არ მახსოვდა. დავივიწყე.
თუ მახსენდებოდა, მხოლოდ უხსოვარი დროის ბიჭი.
ჩვენი სტუდენტობა მახსენდებოდა.
სტუდენტობისას შეყვარებას რა უნდა?
ანთებულები ვიყავით, აბრიალებული. გვეგონა მთებს გადავდგამდით,
ყველაფერს შევცვლიდით.
გვეგონა შეცვლა შეგვეძლო.
ვკითხულობდით, ვკამათობდით, ღამეებს ვათენებდით.
საათობით შეგვეძლო ლაპარაკი იდეებზე, რევოლუციაზე, პოლიტიკაზე.
ცხარედ, აღტყინებით, მხოლოდ ახალგაზრდას რომ შეუძლია, ისე.
გამთენიისას ტბასთან ვსეირნობდით. იქ გამომიტყდა სიყვარულში.
მეც მომწონდა. არ ვიყავი გულგრილი.
მომწონდა მისი ბრიალა თვალები, შემართება, იუმორი.
მერე და მერე, ის ანთებულთვალებიანი ბიჭი სადღაც გაქრა, უცხო კაცმა გადაყლაპა.
წინ და წინ მიიწევდა და უფრო და უფრო უცხო ხდებოდა.
ჯერ რევკომში იყო, მერე ცეკავშირში.
მწერალთა კავშირშიც იყო, რექტორიც იყო, განათლების კომისარიც.
ბოლოს სულ გაუცხოვდა. მტაცებლადაც იქცა თვითონაც.
ხანდახან სუნსაც კი ვგრძნობდი მისგან წამოსულს, ნედლი ხორცის სუნს.
დაკლული თუ მოკლული ცხოველის სუნს.
შიშსაც სუნი აქვს.
თითქოს ველოდი მის დაპატიმრებას.
თვალი ავარიდე, როცა გაჰყავდათ.
არ შემეძლო თვალი გამესწორებინა.
ორივემ წავაგეთ. მეც და იმანაც.
ყველაფერი წავაგეთ.
შვილების სიცოცხლე, საკუთარი სიცოცხლე.
თვითონ ამბობდა, რომ მე გავუუცხოვდი.
მე მდებდა ბრალს უცხოობაში.
მაინც მებღაუჭებოდა. არადა, ცუდად ვიყავი.
მთელი ათი წელი სადღაც, სხვაგან ვიყავი.
ბურუსში ვიყავი.
„ნერვების ანთება“ მქონდა დიაგნოზი. ოფიციალური.
ჩემი თავისთვისაც უცხო ვიყავი.
საუკეთესო ექიმებთან მატარა. კურორტებზე მატარა.
გადამეფოფრა. მომებღაუჭა.
არ ვიცი რატომ მეგონა, რომ თავს დამანებებდა.
წავიდოდა. სხვა ქალთან წავიდოდა.
ძალაუფლებაც ჰქონდა და ჩემგან განსხვავებით,
ჯერ კიდევ შერჩენილი გარეგნობაც, სხვასთან წასასვლელად.
არ წავიდა და თითქოს ამით ომი მომიგო.
აუღიარებელი ომი. ჩვენი ომი. მე და მას შორის.
გაცნობის დღიდან თან მოგვწონდა ერთმანეთი, თან თითქოს ვმეტოქეობდით. რაღაცნაირად გრძნობდა ჩემს უპირატესობას. მეც ვგრძნობდი.
მე უფრო სხარტი ვიყავი, უფრო ჭკვიანიც. გამორჩეული.
ბოლოს კი ომი მან მომიგო. თავიდან ომი მომიგო პოლიტიკურად. ბოლშევიკურად.
მერე ომი მომიგო როგორც კაცმა – ქალს.
ზრუნვა დაიწყო ჩემზე, როგორც ხეიბარზე.
როგორც არასრულფასოვანზე.
როგორც ავადმყოფზე.
ასე მაგრძნობინა.
თან ზრუნავდა, თან წინ-წინ მიიწევდა.
სახლში არ იყო და მაინც ვგრძნობდი მის გვერდით ყოფნას.
შემაწუხებელს.
ერთადერთი ოცნება მქონდა – იმ წამლებს ბოლომდე გავეთიშე, რასაც მასმევდნენ.
რაღაც წამლებს ვსვამდი მთელი ათი წელი.
რას მასმევდნენ, რას ვსვამდი, არ ვიცოდი, არც მინდოდა მცოდნოდა.
შაკიკი მტანჯავდა, სულ ბნელში მინდოდა ყოფნა.
ვსვამდი წამლებს და ბურუსში ვიყავი. ძილი მინდოდა.
სულ მეძინა. მეძინა და მაინც ძილი მინდოდა.
მთიშავდნენ და მეც ვითიშებოდი.
შვილებსაც ვეღარ ვგრძნობდი. თან იქვე ვიყავი, თან სხვაგან.
ცხოვრება ჩემს გვერდით მიდიოდა. ბედნიერი ცხოვრება.
ჯერ კიდევ ბედნიერი.
გიორგიმ ცოლი მოიყვანა. ლამაზი, ლურჯთვალება.
ლევანის შეყვარებული ჰყავდა. მგონი სუსანასაც.
მომიწვებოდა ხოლმე ლევანი, ხელებს შემომხვევდა.
ცხვირს კისერში ჩამიყოფდა.
დუდი, დუდი, დუდი, მიყვებოდა ხან ამას, ხან იმას.
დედა მოგიკვდეს, შვილო! მოგიკვდეს დედა, რომ შენი მოსმენა არ შემეძლო.
არ გისმენდი. ვერ გისმენდი. მოგიკვდეს შენი დუდი, დუდი!
ზუსტად მახსოვს საიდან დაიწყო.
ქაქუცას მკვდარი ბიჭების თვლა ვეღარ ავიტანე იატაკქვეშეთში.
ჩემი შვილების ტოლების.
მათი დედების უცრემლო ღმუილი ვეღარ ავიტანე.
ღამე ოფლად ვიღვრებოდი, დილით სუნთქვა მეკვროდა.
იყო დღეები, სისხლად ვიღვრებოდი გაუჩერებლად.
მერე შაკიკი.
მენოპაუზა და ნერვების ანთება ერთდროულად.
ჯოჯოხეთი გამოვიარე.
გავსუქდი, გავჭაღარავდი, ყელზე ნაოჭები გამიჩნდა.
დამჭკნარ კანად დამეკიდა მერე ის სიმსუქნე.
ციხეშივე.
ციხეშივე გავნახევრდი. ნახევარ ადამიანად ვიქეცი.
მერე ბანაკში ყოფნისას რამდენჯერ გადამიხდია მადლობა ღმერთისთვის.
ჩემი თავისთვის.
ეს ყველაფერი რომ მანამდე მოხდა.
იქ მენოპაუზას მე ვერ გავუძლებდი.
სიმშვიდე იყო ბანაკში ბებერ ქალად ყოფნა. ფარი იყო ჩემი ბებრობა.
ჩემი თვალით ვხედავდი რა ჯოჯოხეთს გადიოდნენ ახალგაზრდა ქალები.
მონობას. შეურაცხყოფას.
ვინმე ერთ კაცს უნდა მიჰკედლებოდი. რაც შეიძლება ძლიერს.
გიყვარდა თუ არ გიყვარდა, მოგწონდა თუ არ მოგწონდა.
დანარჩენის ავად დაღებულ ხახას რომ არიდებოდი.
ეს იყო ერთადერთი ხსნა.
იქ ქალი აღარ ვიყავი.
ვიყავი მხოლოდ ექიმი და არაფერი იყო ამაზე დიდი შვების მომტანი.
იქ, ბოლოს მაინც, სულ რაღაცნაირად ვგრძნობდი ჩემს ძალაუფლებას.
ბევრი რამ იყო ექიმის ხელში.
მთავარი ადმინისტრატორის შვილის სიცოცხლეც.
ცუდად ჰყავდა შვილი. ხელიდან ეცლებოდა შვიდი წლის ბიჭი.
ხან ყარაღანდიდან მოუყვანა ექიმი, ხან ჩიმკენტიდან.
ვერავინ გაუგო ვერაფერი.
ფარული აპენდიციტი ჰქონდა. უსიმპტომო.
ეწამლებოდა მთელი სხეული.
გადავარჩინე.
ჩემი შვილების სახელით გადავარჩინე!
ჩემის დის სახელით გადავარჩინე!
დღე და ღამე გავასწორე. ყველაფერს ვუხმე – ცოდნას, ლოგიკას, ალღოს.
გადავარჩინე.
იტირა მერე ჩემთან.
კაცი შიშის ზარს სცემდა მთელ ბანაკს და ჩემთან იტირა.
მთხოვე რაც გინდაო, მითხრა.
მე ჩემი ათი წელი მოვიხადე-მეთქი და ეს ოთხი უსამართლოდ რომ დამიმატეთ…
გამაწყვეტინა. ყველაფერს ვიზამო.
ამ ოთხი წლის ბოლოშიც გავდიოდი, მაგრამ შიში მტანჯავდა.
არასდროს იცოდი კიდევ რამდენ ოთხ წელს დაგიმატებდნენ.
მართლა მან მომცა ხელში ცნობა, გათავისუფლების. მალევე. მგონი ერთ თვეში.
და კიდევ,
რვეული ვთხოვე. და კალამი.
მკვდრების აღსარიცხად არა, ჩემთვის მჭირდება-მეთქი ეგ რვეული და კალამი.
იმ დღესვე მომიტანა შვილის რვეულები. სასკოლო. მელანიც, კალამიც.
ვწერე და ვწერე.
ღამეებს ვათენებდი, ვწერდი და ვწერდი.
ვწერდი და ვწვავდი.
ვწერე ყველაფერზე. ჩემს დაზე ვწერე, ჩემს ბავშვობაზე.
ტბიან ქალაქზე ვწერე, ულამაზესზე. სხვა სამყაროში. სტუდენტობაზე.
შვილებზე ვწერე.
ვწერე და ვწერე.
ჩემს ქმარზეც ვწერე.
ციხეზე ვწერე.
მერე ბანაკზე.
რა აღარ ვწერე! გავთავისუფლდი!
ნაყვავილარ ბიჭზეც ვწერე. კობა ერქვა, მე რომ ვიცნობდი, სტუდენტობაში.
პროპაგანდისტი იყო, თითქმის არავისგან გამორჩეული.
ვიცოდით მისგან ვინ დადგებოდა? არ ვიცი.
არ ვიცი.
ალბათ, ვიცოდით.
არა, უფრო არ ვიცოდით.
თვალსა და ხელს შუა იქცა ჩვენს თვალწინ მონსტრად.
ეჭვი შეგვქონდა? კი, მე ვეჭვობდი მის ყოველ ნაბიჯს.
და მეზღო კიდეც.
ბრმა ერთგულებას ითხოვდა. ბრმა თავდადებას.
ამას გთხოვენ. დაბრმავებას. დაყრუებას.
ჩემს ქმარსაც ეზღო.
მერე რა, რომ თვალი დაიბრმავა და ყური დაიყრუა.
მაინც ეზღო.
მონსტრს მხოლოდ ერთის ძალაუფლება სჭირდება. მხოლოდ საკუთარი.
ცალკე მონსტრი საშიში არაა. საშიში ბადეა, რომელსაც ის ქსოვს.
ამ ბადეში გავიხლართეთ მილიონობით ადამიანი.
ამ ბადეში ამოგვხდა სული ნახევარზე მეტს.
ის მოკვდება. ადრე თუ გვიან, ისიც მოკვდება. ადამიანია, ღმერთი არაა.
ყველაფერი სასრულია. ყველაფერს აქვს თავის დასასრული.
მონსტრი უფრო მალე მოკვდება, ვიდრე ჩვენ გვგონია.
პოლიტიკოსის ალღოთი ვგრძნობ, ექიმის ალღოთი, ქალის ალღოთი.
იმ სკოლის რვეულებზე ესეც ვწერე.
კი, ესეც დავწერე. ვწერე მის სიკვდილზეც.
ამოსათქმელი სულ ამოვთქვი. მის წინაშე წყევლით ამოვთქვი.
მერე ცეცხლს მივეცი ყველა რვეული.
გუგუნებდა ჩემი ღუმელი.
უფრო მათბობდა, ვიდრე ოდესმე.
დავწვი. ყველაფერი დავწვი და გავთავისუფლდი.
იქ გავთავისუფლდი. იქ გავიმარჯვე, რახან გადავრჩი.
ცოცხალი დავბრუნდი.
მაგრამ აქ? აქ? თავიდანაა მოსაპოვებელი აქ გამარჯვება.
მოსაპოვებელია აქაური თავისუფლებაც.
პირველი ნაბიჯები აქ და ახლა, ახლა უნდა გადავდგა!
ახლა, ამ კაბით. ახალი კაბით.
თავიდან ვისწავლო სიარული. (იწყებს სიარულს, ჯერ ნელა, ფრთხილად, შემდეგ ფეხს ოდნავ აჩქარებს. ოდნავ კოჭლობს ჩქარა სიარულისას).
„შევარდენის“ გოგოების გზას გავუყვე, გულში ღიღინით.
მათი სიმსუბუქე ვიგრძნო, მათი აღმაფრენა, მათი სიხარული!
მათი რწმენა მომავლის და თავისუფლების!
აქ და ახლა! აქ და ახლა! ახლა ამ კაბაში! ახალ კაბაში!
წარმოვიდგინო, რომ ის დროა. ბედნიერი დრო.
დროშა ფრიალებს. წვიმის სუნი დგას. ცაზე – ცისარტყელა.
გოგოები მღერიან, იცინიან. ისევ მღერიან.
პეპლები იწყებენ ფრთხიალს ჩემს გულში, სულში. ჩემს სხეულში.
მე ვარ ეს ქალი! (ფეხს უჩქარებს, მისი კოჭლობა უფრო შესამჩნევი ხდება).
შვილმკვდარი დედა, ახალი კაბით!
ეს კაბა არ უნდა იყოს შავი კაბა,
არ უნდა ყოფილიყო შავი კაბა,
არ არის შავი კაბა!!!
დიახ, არ არის!!!
ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონდა ზუსტად ამ დღისთვის, ამ წუთებისთვის, ამ წამებისთვის!
ტანჯვა, რაც მერგო, უნდა მეზიდა. ვზიდე და ვზიდე. ბოლომდე ვზიდე.
ღირსებით ვზიდე.
ახლა ეს კაბაა ტანჯვისგანაც თავისუფლების!
ახლა ეს კაბაა გლოვისაგან თავისუფლების!
გლოვის დასასრულის!
გლოვის დასასრულის!!! (ისმის „შევარდენის“ გოგოების ხმა, სიცილი და სიმღერა).
ახალი დასაწყისის!
სიცოცხლის და თავისუფლების!
შიშისაგან თავისუფლების!
და მონსტრმაც რომ მკითხოს, ახლა ამ წუთში:
ვინ ხარ შენ, მინადორა ორჯონიკიძე?
მე უნდა ვუთხრა: გამარჯვებული!
© არილი