პროზა

თამრი ფხაკაძე – ორნი

დილიდან გაწელილად წვიმდა. ჭაობისფერი ღრუბლები ვეება ჰამაკივით ჩამოზნექილიყო ქალაქის თავზე. სისველისგან ყველა და ყველაფერი პრიალებდა და ბრწყინავდა, მაგრამ პრიალი და ბრწყინვალება არ იყო საზეიმო და ხალისიანი, არამედ უჟმური, ცივი და დამაფიქრებელი.

ჭეშმარიტად უჟმურ საფიქრალში წიაღსვლების და ჩაღრმავების ამინდი იყო. ამას ბავშვიც კი მიხვდებოდა, არათუ ისეთი შეჭაღარავებული და ლამის პენსიონერი ბიძა-კაცები, როგორებიც გახლდნენ ბავშვობის და ყმაწვილკაცობის მეგობრები – ტარიელ (ტარიკო) ვეფხვაძე და ავთანდილ (ათული) არაბიძე.

ისინი, გარემოებათა გამო დიდი ხნის უნახავები, ხინკლისა და ლუდის მამაპაპური ოხშივრით ჩაბურუსებული სახინკლის ერთ ფანჯრისპირა მაგიდას უსხდნენ, შეკვეთილ ხინკალს ელოდნენ და ქუჩას გასცქეროდნენ: ხმელ-ხმელი, მომწვანო ფერის ტარიელი – ჭეშმარიტი ქოლერიკის უგამოსავლო, ცივ-ამრეზილი და მისთვის ჩვეულზე ბევრად უფრო სარკასტული გამომეტყველებით ადევნებდა თვალს ქვეყნიერებას; ტანდაბალი, უკვე მოფუშულად ჩამრგვალებული, ღაბაბიანი და ლოყებზე ჯერაც სიღაჟღაჟეშერჩენილი ათული კი ოდნავ ბავშვური ცნობისმოყვარეობით დაატარებდა გამოუსწორებელი სანგვინიკისთვის ნიშანდობლივ, ამქვეყნიურ სევდასთან შეხუმრებულ მზერას.

ბებერ ჭადრის ხეს გალუმპული ბოშა ქალი და პატარა ბიჭი შეეფარნენ. ქალმა გვერდზე გადმოიყარა სქელი შავი თმა, ორივე მუჭში მოიქცია და ქალურ, იდუმალ ფიქრებში ჩაძირული, სარეცხივით მის წურვას მოჰყვა. ტანზე აკრული სველი კაბა რომელიღაც ბერძნულ ქანდაკებას ამსგავსებდა. ბიჭი სახინკლისკენ იყურებოდა და თან თავს იფხანდა.

– ტილები ჰყავს, ეტყობა, – თქვა ათულიმ, – ტილმა იცის ასეთი ფხანა. ქალი კია ნიამორივით.

ტარიელი არ აჰყვა. ბიჭმა კაცებს მოაპყრო მზერა და დაეჭყანა.

 – არ უნდა გახვიდე ახლა და არ უნდა… – მხიარულად გაბრაზდა პატარა კაცი.

ამ დროს ხინკალიც მოვიდა.

 – უჰ, უჰ! – გახალისდა ათული, – მიდი, გადაილაგე ტარიკო, ნუ გავაციებთ! რა ისე უყურებ, აჯაფსანდალივით, შე კაცო! თან ვილაპარაკოთ. ორი დღით ვარ ჩამოსული, მეტით კი არა.

როგორც ჭეშმარიტი მეგობრობის წესია, თითქოს არც ყოფილა ერთმანეთის უნახაობის მრავალი წელი. თითქოს გუშინ დაშორდნენ ერთმანეთს. არავითარი გაუცხოება.

ათულიმ სირჩებში არაყი ჩამოასხა, მერე პირველ ხინკალს დასწვდა და ისე დააცქერდა, გეგონებოდათ, ფილოსოფიური ქვა უპყრია ხელთო. ჩაღრმავებების ამინდი იყო.

 – ხომ რამდენი ხინკალი მიჭამია ცხოვრებაში, – წამოიწყო ჰამლეტის მონოლოგის იდუმალებით, – მაგრამ მაინც მიკვირს, ვინ მოიგონა ეს დალოცვილი…

 – ათული, – თქვა პასუხად ტარიელმა, – მე კიდევ, თავის მოკვლა გადავწყვიტე.

შესაძლოა, ეს სიტყვები ტარიელს სადმე სხვაგან, ავტობუსის გაჩერებაზე, ცარიელ სკვერში, ვინმე საერთო ნაცნობის პანაშვიდზე ან თუნდაც გოგირდის აბანოში რომ ეთქვა, ათულის დაეჯერებინა კიდეც. მაგრამ აქ, სახინკლეში ნათქვამს როგორ დაიჯერებდა. სახინკლე და სიკვდილზე ფიქრი?! „ხუმრობს“! ამიტომ ხალისიანად მიუგო ბავშვობის, ყმაწვილკაცობის მეგობარს:

 – კაი, კაცო, როდის? – თან ხინკალი პირისკენ დაძრა, ჩაკბიჩა და ისე დაეწაფა ცხელ წვენს, როგორც დამშეული ჩვილი დედის ძუძუს.

 – რა როდის, – გაღიზიანდა ტარიელი, – როდის გადავწყვიტე თუ როდის ვაპირებ?

 – ორივე, კაცო, – კიდევ უფრო შეხალისდა ათული და არყიან სირჩას დასწვდა, მაგრამ ანაზდად გულმა რეჩხი უყო: „ტარიკო და ხუმრობა?!“

 – გადაწყვეტით გუშინ გადავწყვიტე. დაპირებით ამაღამ ვაპირებ. – თქვა ტარიელმა და ერთი ხინკალი ისე დაიდო თეფშზე, თითქოს სადღაც უცხო მხარეშია და პირველად გადაწყვიტა შემწვარი ბაყაყის გასინჯვაო.

ასეთმა დაზუსტებამ ათული ისევ მოადუნა. „ხუმრობს, კაცო!“

 – ებიჭო, არ გამოგდის ხოლმე ხუმრობა და დაანებე თავი, მიხედე ხინკალს! აბა, გაგვიმარჯოს! – ათულიმ სირჩა გამოცალა და მორიგ ხინკალს დასწვდა.

მაგრამ ტარიელმა თქვა:

 – სულ უფრო მტკიცედ ვწყვეტ, რომ იცოდე. ყოველწუთიერად. აი, ახლაც.

 ეს ხუმრობას აღარ ჰგავდა. ათულიმ ლუკმა გადაყლაპა, ხინკლიანი თეფში განზე გასწია და კითხვა დასვა:

 – მართლა ამბობ, ბიჭო?

 – მართლა.

 – რატომ, კი მაგრამ?!

 – გეტყვი. – გამოცოცხლდა ტარიელი, – სულ თავიდან დავიწყებ.

 – ჩვენი გაცნობიდან?

 – ჩვენი გაცნობა რა შუაშია, კაცო. დაბადებიდან. ჩემი დაბადებიდან.

ათულის ეშორა. შეძრული კი იყო მეგობრის ნათქვამით, მაგრამ თვალი მაინც გაექცა ხინკლით სავსე სინისკენ, რომელსაც სულ უფრო მკრთალი ორთქლი და სულ უფრო სუსტი ოხშივარი ასდიოდა.

 – გისმენ, აბა. – თქვა და ხინკალს თვალი ისე ძნელად მოსწყვიტა, როგორც ჭუჭრუტანიდან დანახულ მობანავე ქალს.

 – დაიცა, – თქვა ტარიელმა და ხელი ქურთუკის ჯიბეში ჩაიყო, – ფურცელზე მაქვს ჩამოწერილი, პუნქტებად. ამას მივყვეთ, რამე რომ არ გამომრჩეს.

 – რა გაქვს ჩამოწერილი, კაცო, თავს რატომ იკლავ?

 – ჰო, რა იყო, რა გაგიკვირდა, სისტემაში მოყვანა ყველაფერს უხდება.

ტარიელმა ოთხად დაკეცილი ფურცელი ამოაძვრინა, გაშალა და საქმიანად დახედა.

 – აქ ორი სიტყვითაა თემა ნახსენები, მაგრამ მე განვავრცობ.

 – კარგი, ბატონო, განავრცე… – ნაღვლიანად დაეთანხმა პატარა კაცი. „ცივი ვის რაღად უნდა“… – გაიფიქრა და ტარიელმაც ამოიკითხა ფურცლიდან:

 – „პუნქტი პირველი. ყოფნა, არყოფნა“.

 – საკითხავი ეს არისო, ხომ? გამიგია ეგ სიტყვები.

 – ჩემი დაბადების დღე ხომ იცი, ათული.

 – 29 თებერვალი. ჰო, რა იყო მერე?

 – სწორედ მანდედან იწყება ჩემი აბურდულობა. ხან ვარ, ხან არ ვარ, გამიგე? არარსებულ დღეს ვარ ნახევარჯერ! აი, მიპასუხე: როგორ გადავიხადო გაისად დაბადების დღე, მრგვალი თარიღი რომ მისრულდება და ოცდარვით რომ იქნება თებერვალი? ოცდაცხრა საერთოდ რომ არ იარსებებს ჩემ საიუბილეოდ?

 – ამ ხნამდე მოსულხარ მაგ დაბადების დღით და რაღა დღეს ჩაუღრმავდი, ადამიანო! პირველში გადაიხადე ან ოცდარვაში.

 – გადახდაზე არაა საქმე, ავთო. საქმე ისაა, რომ თან ვარ და თან არ ვარ. ამას მივხვდი უცებ, ამ ასაკში. გაურკვევლობის კაცი ვარ. თან ყოფნის, თან არყოფნის. მეორე პუნქტზე გადავალ.

 – გადადი, კი.

 – „პუნქტი მეორე. ოჯახი, არაოჯახი“. – ამოიკითხა ტარიელმა.

 – რანაირი პუნქტია ახლა ეგ, რა გავიგო, საქმეში ვინც არ ვარ ჩახედული!

 – ჩაგახედებ, ჩაგახედებ, ათული. აი, შენ, ხომ გყავდა დედა, მამა, მამიდები, ბებია…

 – ბიჭო, შენი თქვი, მე კი არ ვიკლავ თავს, – გახუმრება სცადა ათულიმ, მაგრამ ტარიელს მისი სიტყვები არც გაუგია, ისე განაგრძო:

 – და მე? შენთვის არასდროს მითქვამს, ათული. არ იცი შენ. დედაჩემი მეუბნებოდა, ეგ შენი ნამდვილი მამა არააო. მამაჩემი კი, რამდენს დათვრებოდა, მეუბნებოდა, ეგ ნამდვილი დედაშენი არააო. ასეთ გაურკვევლობაში ვიყავი მთელი ბავშვობა, ათული. დედა „თბილისი-ბათუმის“ მატარებელზე მუშაობდა გამყოლად, მამა იატაკქვეშა კაზინოში, დაცვის კაცად, ყოველ მეორე ღამეს. ჯერ ისედაც ვერ ვხედავდი მშობლებს წესიერად და ერთ დღეს დედა რეისში წავიდა… წავიდა და აღარც მინახავს მას მერე. მამა დარდიან გულზე მთელი კვირა სვამდა, მერე თქვა, წავალ, მოვძებნიო, წავიდა და თვითონაც დაიკარგა. დავრჩი ბებიას. მაგრამ, ბებია იყო კიი? ხომ ეჭვი მეპარებოდა უკვე ყველაში, ავთო!

 – ეგ ჰოო. – თქვა ათულიმ. – კი არ ვიცოდი ეს ყველაფერი. რა გადაგიტანია, ტარიკო.

 – ერთი მხრივ, კარგი იყო, – განაგრძო ტარიკომ, – ყველა ქალში დედას ვვარაუდობდი, ყველა კაცში – მამას, ყველა მოხუცში ბებია-ბაბუას. ჩემდაუნებურად, ადამიანებს ჩემიანებად მივიჩნევდი. მაგრამ, მეორე მხრივ, ბოღმა მედო გულში, მოღალატეებად ვთვლიდი. თან მიყვარდნენ, თან მძულდნენ. ხედავ? როგორც ზედა პუნქტში იყო, – თან ვარ და თან არ ვარ-მეთქი, რომ გითხარი. აქაც ასე იყო. თან მიყვარდნენ, თან მძულდნენ. როგორი გასაძლებია?

 – უჰ.. არ ვიცოდი ეგენი… – დამნაშავის ხმით წარმოთქვა ათულიმ, – შემდეგი რა არის?

 – დაიცა. ვერ ვარჩევ. რაო? აჰა, ჰო. „პუნქტი მესამე. ცხვირი“.

ტარიელს, რა თქმა უნდა, მოგრძო ცხვირი ჰქონდა, მაგრამ ცალკე პუნქტად სიაში მისი შეყვანა ათულის მაინც ძალიან გაუკვირდა.

 – ცხვირი რა პუნქტად შესატანი იყო, ბიჭო?

 – გეგონოს შენ. – ღვარძლიანად ჩაიცინა ტარიელმა, თვალი არყიან სირჩას გაუშტერა და ფიქრიანად დაიწყო – პირველ კურსზე ვიყავი. მაღალი. გამხდარი. სიმპათიური. ცხვირი – ულამაზესი. ალენ დელონის.

 – კარგი ერთი, – რატომღაც გაბრაზდა ათული. ტარიელმა კი განაგრძო:

 – საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი.

 – მეც მანდ არ ვსწავლობდი, სატრანსპორტოზე?! რა დღესგაცნობილივით მიყვები, კაცო.

 – რა იცი, ათული, რა იცი. იქნებ სწორედ დღეს ვეცნობით ერთმანეთს.

 – კარგი ერთი, თუ ძმა ხარ, – ათულიმ ბრაზიანად გადახედა ხინკალს, ბრაზიანად დასწვდა ერთ ცალს და ბრაზიანადვე ჩაკბიჩა. ჭამა, არ ჭამა, საკითხავი ეს უკვე აღარ იყო.

 – ერთ საღამოს, ინსტიტუტის კიბეზე ჩამომჯდარს, ჩამომიარა გოგომ. ქალღმერთმა. პირველად ვხედავდი. ისე ჩამიარა, როგორც ცარიელ ადგილს, როგორც არარსებულს. ოღონდ ზედ ჩემს ფეხსაცმელს ნაზად დაეფინა მისი ცხვირსახოცი. ნაქარგყვავილებიანი, სურნელოვანი. ცხვირსახოცს დავწვდი, გოგოს დავედევნე… ქალიშვილო-მეთქი და კიდეც მომხვდა ვიღაცის მუშტი ცხვირ-პირში. ცხვირდაღმა დავეცი. ვიღაცამ ხრინწიანი ხმით დამჩხავლა: „ამ გოგოს აღარ გაეკარო, ვირიშვილო მაიმუნო!“

 – ჩხუბი ვის არ მოსვლია, ეგ რა თავსაკლავია ნეტა, წინა საუკუნის ამბავი.

 – კი, ჩხუბი ვის არ მოსვლია, ათული, მაგრამ მაგის მერე იყო, რომ ცხვირმა ზრდა დამიწყო. დილაობით სარკეში ჩახედვა შემზიზღდა. ყოველ დილით ცხვირი უფრო გაზრდილი მხვდებოდა.

 – მახსოვს, კი. მაგრამ ხომ დაგიმოკლდა მერე და მერე, ისეთი გრძელი სადღაა, ხორთუმივით გება ლამის. ახლა მშვენიერი კაცური ცხვირია, რას ერჩი.

 – შენ მთავარი არ იცი, ათული. – ტარიელს მწვანე სახეზე სიწითლემ აჰკრა.

 – კიდევ რამე არ ვიცი?

 – ცხვირი მეზრდებოდა და ის – მიმოკლდებოდა! რამდენსაც ცხვირი მოიმატებდა, იმდენს ის მოიკლებდა…

 – რას ამბობ? ალბათ მაგიტომ გამწვანდი უარესად იმ ხანებში…

 – შენ არ გამწვანდებოდი ასეთ მდგომარეობაში, ათული?

ათულიმ სიღაჟღაჟეშემორჩენილ ლოყაზე შეივლო ხელი და თქვა:

 – გადადი შემდეგ პუნქტზე.

 – შემდეგი ამაზეა მიბმული. – და ტარიელმა მძიმედ ამოიკითხა – „პუნქტი მეოთხე. ნესტან კვარაცხელია“.

 – ის გოგო, ცხვირსახოციანი. რა გინდა, კი დაუახლოვდი. ის შენი მცემელი, მისი მამიდაშვილი ბონდო, ლამის დაგიძმაკაცდა. ხომ მახსოვს?!

 – მაგრამ ცხვირი რომ წამომეზარდა, ნესტანმა ჯერ გული აიცრუა, მერე კი, რაც უფრო მეზრდებოდა, სულ მთლად პირგამეხებული გახდა.

 – ვეფხვი პირგამეხებული… – ჩაურთო ათულიმ.

 – ათული, რა დროს ეგაა, რას გიყვები!

 – ბოდიში, ბოდიში, გამექცა ფიქრი.

 – ცოლობა მინდოდა მეთხოვა ნესტანისთვის და აჰა, რა დამემართა. ცხვირი არაფერი, ათული, მაგრამ… რა ნამუსით მეთხოვა ცოლობა, ლამის უიმისოდ დარჩენილს?!

 – კარგი, ნუღარ ნერვიულობ, გადადი შემდეგ პუნქტზე.

და ტარიკომ ამოიკითხა:

 – „ინციდენტი კუბოსთან“ .

 – კუბოსთან?

 – კი. ნესტანის ბაბუის პანაშვიდზე.

 – პროფესორ კვარაცხელიასი… – გაიხსენა ათულიმ. – რა იყო მერე, მშვენიერი ძვირფასი გვირგვინი მიუტანე. ის გვირგვინი მამაშენის ჰალსტუხებში გაუცვალე მეყვავილეს, მახსოვს. ერთად ვიყავით. მიხვედი ხელდამშვენებული. მე ნამყოფი ვიყავი უკვე და მარტო ახვედი.

 – შენ არ იცი, ათული. – თქვა ტარიელმა.

 – რა დაიჟინე ეს არ იცი, არ იცი! მოდი აქ, გენაცვალე, – გასძახა ათულიმ მიმტან გოგონას, რომელიც მყისვე დაადგათ თავს, – ერთი, ეს ხინკალი შეაპიწკინე კარგად.

 – დიახ, არაა პრობლემა, ახლავე მოგართმევთ.

 – ჩვენ კი ნუ მოგვართმევ, ჩაალაგე კოხტად და იმას გაუტანე, ეგერ. დაიხრჩო ნერწყვით ბიჭი. – და ათულიმ გახედა მინაზე ცხვირმოჭყლეტილ ბოშა ბიჭს, რომელსაც, ჩანს, ძალიან ადარდებდა ხინკლის ეს უცნაური ბედი.

 – არ მოგეწონათ, ბატონო? რამე პრობლემა ხომ არ იყო?

 – შე კარგო გოგო, არმოწონებულს და პრობლემიანს გავუგზავნი სხვას? თან ბავშვს? – იწყინა პატარა კაცმა.

გოგონამ ხინკლებიანი სინი აიღო და იქაურობის „კულისებს“ მიაშურა.

 – მიდი, თქვი, რა არ ვიცი, რა მოხდა პროფესორ კვარაცხელიას პანაშვიდზე.

 – შევედი, გვირგვინიანა შემოვუარე მიცვალებულს…

 – ბიჭო, უკან ხომ არ წამოიღე!

 – არა, გამოსვლისას მომაფიქრდა და დადება რომ დავაპირე, ვიღაცის მოტანილ ვარდებში გავიბლანდე ცხვირით.

 – ეუჰ!

 – ეკალი შემესო, გადავბარბაცდი, ახლა კელაპტარს გამოვდე ცხვირი, სანთელი გადმოვარდა, ხალიჩას ცეცხლი მოედო, მე დავბარბაცდი, კუბოს მივეხეთქე, კუბო გადმოყირავდა და მიცვალებული ჰაერში დაიჭირეს, კინაღამ დაბლა დავარდა.

ათულის ჯერ მორიდებულად გაეცინა, მერე უფრო გაბედულად. ტარიელს ეწყინა, ფურცელი ნიკაპაქაჩულმა დაკეცა და წამოდგომა დააპირა, მაგრამ პატარა კაცმა მყისვე შეიმშრალა სიცილისგან მოდენილი ცრემლი და დაფაცურდა:

 – სად მიდიხარ, დაჯექი, რომ გამეცინა, იმას ნიშნავს, რომ სახალისო და სიცილით მოსაგონარი ამბავია, თავის მოსაკლავი კი არა!

ტარიელი დაჯდა.

 – სასაცილო უძახე, ათული, და ნესტანმა დასანახად შემიძულა. ზედ აღარ მიყურებდა. ან თუ შემომხედავდა, ისეთნაირად, გეგონება, გომბეშო დაინახაო.

 – მწვანე კი იყავი და… – ათულიმ ერთიც ჩაიფხუკუნა მორიდებულად და მყისვე დაილაგა სახე.

 – ცოლობა მეთხოვა კი არადა, სად დავმალოდი მის მზერას, აღარ ვიცოდი. თან, ათული, მართლა რა ნამუსით უნდა მეთხოვა ცოლობა, ჩემი იმის პატრონს.

 – ასე დაპატარავდა?

 – გაქრობას ბევრი აღარაფერი უკლდა. აზრს ნუ მაწყვეტინებ, ათული… ჰოდა, ბაბუიდან ცოტა ხანში, ოპერის მომღერალი ბებია მოუკვდა ნესტანს და პატარა, მსუქანა დაქალი რომ ჰყავდა, აქეთ-იქით რომ დავარბენინებდით გაბუტვების დროს…

 – ასმათი კუპატაძე?

– ჰო, ასმათი. ასმათის პირით შემომითვალა, ბებიაჩემის პანაშვიდზე არ დაგინახო მოსულიო. სინამდვილეში, „მოთრეული არ დაგინახო“ დამაბარა, მაგრამ მე მაინც „მოსული არ დაგინახოს“ გეუბნებიო, ასმათიმ.

 – კი, ზრდილობიანი გოგო იყო ეგ. ფატის კი არ ჰგავდა, მე რომ გადამეკიდა! რა ქენი მერე, მაინც მიხვედი პანაშვიდზე, ხომ? ასე მახსოვს, რომ მიხვედი.

 – შემდეგი პუნქტი ეგაა, ათული. „ბებიის პანაშვიდი“. არ იცი შენ, იქ რა მოხდა.

 – არ მცოდნია არაფერი შენი. – იმედგაცრუებით თქვა ათულიმ, – თქვი, რა მოხდა.

ტარიელი შეყოყმანდა.

 – ჩემი რა გერიდება, ბიჭო, შევაბერდით ერთმანეთს.

 – არ დამცინო წეღანდელივით.

 – თქვი.

 – გვიან ავედი, არავინ რომ არ ყოფილიყო უცხო, მაგრამ ოპერის მომღერლები მაინც დამიხვდნენ იქ. ერთი შავშლაპიანი ქალი მაინც სულ ოპერის ხმაზე ტიროდა. შევედი, მოკლედ. შევიტანე გვირგვინი. დავდე ბებიის ფეხებთან. ცხვირს, რაც შემეძლო, ვარიდებდი ყველას და ყველაფერს, მაშინდელივით რამეს რომ არ გამოვდებოდი. ჩემ დანახვაზე ერთი-ორმა ქალმა, ალბათ ბაბუის პანაშვიდზე ნამყოფმა, ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკა, ერთი წამოდგა და კელაპტართან ისე დადგა, ეგრევე მივხვდი, რომ ჩემგან იცავდა. მაგრამ ათულიიიიი…

 – რა იყო?

 – რა ლამაზი იყო იმ საღამოს ნესტანი! ნამდვილი ანგელოზი. ოღონდ პირგამეხებული.

 – პირგამეხებული ანგელოზი არ გამიგია მე.

 – ყოფილიყავი იქ და ნახავდი, მაგრამ შენ თინიკო მეფისაშვილის მეტს რას ხედავდი.

 – რა ქენი, არ იტყვი?

 – ათული, ოქროს ბეჭედი მქონდა წინა დღეს ნაყიდი. ხელის თხოვნას ვუპირებდი ნესტანს.

 – მაინც? და აბა რა ნამუსითო, ჩემი იმის პატრონიო? – გაუკვირდა ათულის.

 – ვერ მოვითმინე და ვიყიდე. მერე, ოდესმე ვაპირებდი ხელის თხოვას. ბეჭედი ჯიბეში მედო.

გარეთ მიმტანმა ხინკლებით სავსე კონტეინერი გაუტანა ბიჭს და გამობრუნდა. ბიჭმა კონტეინერს თავი ახადა და ხინკალს დააცხრა, მაგრამ ანაზდად დედამისმა თმას თავი ანება, თავის ერთი ღონიერი აქნევით უკან, ზურგზე გადაიყარა, ბიჭთან მიიჭრა და კონტეინერი გამოგლიჯა. კონტეინერი კი არადა, ჩაკბეჩილი ხინკალიც კი გამოგლიჯა პირიდან და შორიახლო მიწოლილ მაწანწალა ძაღლს სთხლიშა. რომელიღაც უძველეს ენაზე უყვიროდა ბიჭს, ის კი ათულისკენ იშვერდა ხელს. ქალი გაქრა და ორიოდე წამში ათულის ცხვირწინ აღმოცენდა.

 – ჩემი ბიჭი შენი ხინკალი არ უნდა! შენი ხინკალი შენ წაიღე შენი ტ*აკში!

მერე ულამაზესი ხელი ულამაზეს ძუძუებში ჩაიყო და დაკეცილი კუპიურების დასტა ამოაძვრინა. კუპიურებს ჰაერის თბილი, ქალის სურნელიანი ტალღა ამოჰყვა.

 – აი, ფული, შენ ბებერი პსიდალო! ჯა პრო კარ, შენი ხინკალით!

ფულის დასტა ისევ ჩაიბრუნა თბილ ბუდეში, დოინჯი შემოირტყა წელზე და ბავშვობისა და ყმაწვილკაცობის მეგობრებს ერთდროულად შიშის და საამო ჟრჟოლის მომგვრელი მზერა შეავლო. ბოლოს თქვა:

 – შენ იცოცხლებ ასი წელი. შენ – მოკვდები ღამე! – მერე გაიცინა, თეთრი კბილები გამოაჩინა და ათულის საგანგებოდ დაემშვიდობა: – მაი ლაში ე რატ, ბებერი ბატი შენ!

დაცვის ბიჭებმა ქალს გაყვანა დაუპირეს, მაგრამ მან მკლავები ლამაზად დაიფერთხა მათგან და არხეინი რწევით, ჭეშმარიტად კარმენულად გაეშურა გასასვლელისკენ.

 – ეს რა იყო… – თქვა კარგა ხნის მერე ათულიმ დაკარგული ხმით.

 – რას გვერჩოდა, კი მაგრამ… – ხმა ამოიდგა ტარიელმაც.

 – შენ არაფერს, ასი წელი იცოცხლებო. მე მერჩოდა, მოკვდები ღამითო.

 – ღამე ასი წლის მერეც ღამეა. ამაღამო კი არ უთქვამს.

 – ეგ ხო, ისე.

 – იცი რა, ათული? გამოიცნო, რომ ჩვენ ორში ერთი კვდება, მაგრამ აერია. აურა კი დაიჭირა, მაგრამ რომლის იყო, ვერ გამოიცნო. ჯერ არაა ბოლომდე დაუფლებული.

 – მართალი ხარ, – თქვა ათულიმ, – მაგრამ სიკეთისთვის ასეთი მიიღო კაცმა, არ გამიგია. თუმცა, რა არ გამიგია, ასე არ ვარ მთელი ცხოვრება?! გავუცვალე მურთაზი ტუსკაძეს ცხუნკურის რეისი და მადლობის მაგიერ სულ წამართვა ხაზი. მძღოლმა მძღოლს ეგ უნდა გაუკეთოს?! – პატარა კაცმა დღენიადაგ საჭის ტრიალისგან თითქოსდა მომრგვალებულ მაჯებზე დაიხედა. – მიდი, ბებიის პანაშვიდზე გააგრძელე. აგვირია იმ ქალმა ყველაფერი.

ტარიელს როლში დაბრუნებისთვის ორიოდე წუთი დასჭირდა. არაყი ჩამოასხა სირჩებში, შესვეს და ამბავიც გაგრძელდა:

 – იმას გეუბნებოდი, ვერ მოვითმინე, ბეჭედი ვიყიდე და მერე, ოდესმე ვაპირებდი, ხელი მეთხოვა ნესტანისთვის-მეთქი. ჯერაც ჯიბეში მედო ბეჭედი-მეთქი.

 – ჰო, ჰო, – ოდნავ უინტერესოდ დაეთანხმა პატარა კაცი.

 – არ ვიცი, რა დამემართა, ათული. მშვიდობიანად შემოვუარე მიცვალებულს, არაფერს გამოვდებივარ, არავის დავჯახებივარ. გასვლისას ერთხელაც შევხედე ნესტანს. ისიც მიყურებდა. მომეჩვენა, რომ კმაყოფილი და ლამის ბედნიერი სახე ჰქონდა. მომეჩვენა, რომ ჩემგან რაღაცას ელოდა. რა ვიცი, ათული, რა ჯანდაბა მომეჩვენა. უცებ საერთოდ დამავიწყდა, რომ პანაშვიდზე ვიყავი, რომ იქვე, ორ ნაბიჯში მიცვალებული იწვა, ჭირისუფლები ისხდნენ, ოპერის მომღერლებიც იყვნენ… მივბრუნდი უკან, ნესტანის წინ ცალ მუხლისჩოქზე დავდექი, ამოვიღე ჯიბიდან კოლოფი, ავხადე თავი და…

 – და რა, ბიჭო?!

 – მერე წესიერად აღარც მახსოვს. ატყდა წივილი, კივილი. თან ნახევარი ოპერა ხალხი იქ იყო, ათული, წივილ-კივილი გაუჭირდებოდათ? ყველა მე მომვარდა. ყველა მე დამძახოდა რაღაცას. ისიც კი მომეჩვენა, რომ ბებია წამოჯდა კუბოში, მერე გადაქანდა და ხელახლა მოკვდა! მერე ნესტანის მამიდაშვილმა, ბონდომ, ჩამავლო ხელი ქეჩოში და ჩამათრია ეზოში.

 – ნაცემს კი ჰგავდი მეორე დღეს, მაგრამ მითხარი, ბოძს დავეჯახე სიბნელეშიო.

 – ბოძს კი არა და, რო მგლიჯა მუშტი ცხვირ-პირში, დავეცი ისევ ცხვირდაღმა. ისევ დამადგა თავზე და ისევ დამჩხავლა ხრინწიანი ხმით: „ამის მერე მოგკლავ, ვირიშვილო-მაიმუნო ნაბიჭვარო შენ!!!“

 – მხეცი! ნადირი!

 – მაგრამ შენ არ იცი, ათული…

 – კიდევ არ ვიცი?!

ტარიელმა ხმადაბლა გაანდო:

 – მომიხდა ის დარტყმა. ცხვირმა დაპატარავება დამიწყო მაგის მერე და იმან – გაზრდა.

 – შენ გაიხარე, დაილოცოს იმის მარჯვენა!

 – დაიცა, ათული, არ იცი შენ… ყველაფერი ასე აწყობილად და აკინძულად რომ იყოს, თავს რატომ მოვიკლავდი. ერთი კვირა გავიხარე, ცხვირი აი, ახლა რაც მაქვს, მაგ ზომაზე დადგა, მაგრამ…

 – მაგრამ რა? – გულმა რეჩხი უყო ათულის.

 – იმან განაგრძო ზრდა.

 – აუჰ!

 – არ გახსოვს, ლამის მუხლებამდე მაისურებით რომ დავდიოდი?

 – კი, მაგრამ მოდააო, ამბობდი და… ერთი-ორმა სხვამაც ჩაიცვა შენი მიბაძვით.

 – მოდა კი არა, ათული, უროლოგთან რომ მივედი და მანახეო, რომ მითხრა და რომ ვანახე, სიცილისგან მიკროინფარქტი დაემართა. მთელი კლინიკა ფეხზე დადგა.

 – რა იყო ამისთანა…

 – იყო. კონსილიუმი მოაწყვეს, მითხრეს, თვით იმ ვიღაც არგენტინელს, თუ მექსიკელს, ვიღაც რობერტო კაბრერასაც კი გადაასწარიო. თუ გინდა, გინესზე გავაკეთოთ განაცხადიო. მაგრამ რად მინდოდა გინესი და გახმაურება, ათული.

 – მე რატომ არ მითხარი ეგ ყველაფერი, ტარიკო, რატომ?

 – რას მიშველიდი? ორი თვე ამ წამებაში გავატარე. მერე ასეთი აზრი მომივიდა თავში: ერთხელ მგლიჯეს ცხვირ-პირში და დაპატარავდა, მეორედ მგლიჯეს და გაიზარდა. მესამედ, ოღონდ ზომიერად რომ მგლიჯოს ვინმემ, არაბონდომ, ჩადგება ყველაფერი წესრიგში-მეთქი. ზომიერად იმიტომ, რომ ცხვირი გამოირიცხოს და მარტო იმის საქმე მოგვარდეს. ნახევარგლეჯვა მჭირდებოდა, ათული, გამიგე?

 – რამ მოგაფიქრა, ბიჭო.

 – მაგრამ ვინ მგლიჯავდა ასე გამოწერილად, ასე ჩემს ჭკუაზე? როგორია, მიხვიდე კაცთან და სთხოვო, თუ არ შეწუხდები, ზომიერად მგლიჯე მუშტი ცხვირ-პირშიო?

 – ჩემთვის გეთხოვა, ბიჭო. კი გამიჭირდებოდა, მაგრამ ერთ მუშტს დაგაყვედრებდი? გეთქვა, მე ჩემით რას მივხვდებოდი. კი გამიკვირდა ერთხელ, ეს ცხვირი ან რას ეზრდება და ან რას უმოკლდება-მეთქი, მაგრამ ძალიანაც არ ჩავღრმავებივარ. მაშინ თინიკოს დავდევდი ლანდივით. რაები გადაგიტანია, ბიჭო. რა ცხოვრება გქონია.

პატარა კაცს მოულოდნელი სევდა შემოაწვა გულზე. თვით ამ ხნამდე შემორჩენილი სიღაჟღაჟეც კი ოდნავ ჩაუქრა ლოყებზე. მზერა ნაღვლიანი კამეჩისას მიუმსგავსდა. ხმაში მოულოდნელი განურჩევლობა დაეტყო. ნაღვლიანად ჩამოასხა სირჩებში არაყი. შესვა და თავის მძღოლურ, მომრგვალებულ მაჯებს ჩააშტერდა.

 – „პუნქტი მეხუთე. პრემიერმინისტრი“. – თქვა ტარიელმა, – არ იცი შენ ეს, ათული.

 – კაცო, რაღა ვიცი, გამაგებინე?! ტარიელი ხომ ხარ ნამდვილად, ვეფხვაძე?

 – კი. დღეს ვარ. ხვალ კი… ხვალ უკვე აღარ ვიქნები, ათული.

 – ნუ ბოდიალობ ერთი რაღაცას და თქვი, რა პრემიერმინისტრი, რის პრემიერმინისტრი!

 – ციხეში რომ ვიჯექი ცხრა თვე, ხომ გახსოვს? ვიჯექი კი არადა, ვიდექი. სად იყო დასაჯდომი ადგილი.

 – კი, როგორ არა. ტროლეიბუსში უბილეთოდ მგზავრობდი და კონტროლიორი გიცემია, დაჯარიმება რომ დაგიპირა.

 – ეგ ეგეთი ვერსია გასაჯაროვდა, ავთო, სინამდვილეში სულ სხვა რამე მოხდა. კონფიდენციალური ამბავი. აკრძალული მქონდა გამხელა, მაგრამ ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, მაინც თავს ვიკლავ და მდიონ საიქიოში!

 – მოჰყევი, მოჰყევი.

 – მოკლედ, ამ დღეში ვარ. მუხლებამდე მაისურებით დავფორთხიალობ, დანა კბილს არ მიხსნის, შარს ვეძებ, რომ მცემოს ვინმემ, მაგრამ მოზომილი მუშტი მჭირდება, მაგარი არა. ასე ვინ მოგიზომავს ათული, ვინ გადაგყვება ჩხუბისას ასე? დარდიან გულზე სმას დავეჩვიე.

 – მეც ვეღარ მოგაქციე ყურადღება, თინიკო ქუთაისში გაგზავნეს პრაქტიკებზე და გავყევი. თვალს ვერ მოგაშორებს კაცი, ისეთი შფოთიანი გამოდექი, ტარიელ.

 – ჰოდა, დავეჩვიე-მეთქი სმას, – განაგრძო ოდნავ კმაყოფილი სახით ტარიელმა, – ერთ საღამოსაც ავედი ტროლეიბუსში. ავედი კი არადა, ავეტენე, ავეჭყლიტე. პიკის საათია და ბევრი ხალხია. ვხედავ, ტროლეიბუსის შუაწელში ვიღაც ტიპი დგას, კოპიო ჩვენი მაშინდელი პრემიერმინისტრი. ვუყურე, ვუყურე, მერე ჯიკავ-ჯიკავით გავიკვალე მისკენ გზა და ცოტა მოშორებიდან დავუძახე:

„მეგობარო! ოე, შენა, ძმაო!“

მოიხედა. მარტო იმან კი არა, მთელმა ტროლეიბუსმა მოიხედა, მძღოლიანა.

 „რა მაგრა ჰგავხარ პრემიერმინისტრს, ეე! ერთიერთში ხარ, ჩემს დაკარგულ დედას გეფიცები!“

უცებ გვერდით ვიღაც კუნთა ქალი დამიდგა და მეუბნება ხმადაბლა:

„ჰგავს კი არა, პრემიერმინისტრია, მოქალაქევ. დღეს ხალხში გასვლის დღე აქვს“.

„გამორიცხულია! – ვეუბნები მე, – ის კვერცხი გაჭედილ ტროლეიბუსში ცხვირს არ შეყოფს. არ შეყოფდა. ტფუიიი, არ შემოყოფდა!“

„მოკეტე, იდიოტო! – უშუალოდ ყურში ჩამისისინა ახლა იმ კუნთა ქალმა, – პრემიერია-მეთქი!!!“

„პრემიერი არა, ჩემი ყ*ე! – შევეპასუხე ხმამაღლა, – უბრალოდ, კაცს ეგეთი ბედი აქვს, ჰგავს იმ კვერცხს და რა ქნას, თავს ხომ არ მოიკლავს! – და იმ ტიპს გავძახე, – არ იდარდო, ძმაო! დროებითი ამბავია. პრემიერები მოდიან და მიდიან, შენ კი სულ იქნები! ჩემი მეზობელი გურგენა ჰიტლერს ისე მაგრად ჰგავს, რომ მხვდება კიბეზე, ლამის „ჰაილ ჰიტლერ“ ვუთხრა, მაგრამ საერთოდ არ განიცდის. შენც არ განიცადო, ძმაო. თან ეს ქინძი ჰიტლერივით კი არ დარჩება ისტორიაში! გადადგება და ეგაა, სახეზეც დაავიწყდება ყველას! კაი კაცი ხარ! გენაცვალე შენ!“

უცებ ტროლეიბუსი გაჩერდა. ყველა ჩავიდა. მძღოლიც კი. „პრემიერმინისტრიც“ აღარსად ჩანდა. ის კუნთა ქალი და მეორე, უფრო კუნთა ჯეელი აქეთ-იქიდან ამომიდგნენ, მაგრად გამაკავეს და ასე ძეგლივით უძრავი ჩამიტანეს დაბლა. იქ პირდაპირ პოლიციის მანქანაში მიკრეს თავი და ეგ იყო. ვხეხე ციხე ცხრა თვე. მართლა პრემიერმინისტრი ყოფილა ის ჩემისა.

სიჩუმე ჩამოდგა.

 – მაგრამ… ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ იცი, ათული. მანქანიდან რომ გადმომიყვანეს განყოფილებასთან, იმისთანა მდრუზა მუხლი შიგ კვერცხებში იმ კუნთა პოლიციელმა ქალმა, რომ…

 – რომ რა?

 – მომიგვარდა პრობლემა. ქალი იყო, მაინც ზომიერად გამოუვიდა. ჩადგა ყველაფერი ნორმაში. – ტარიელმა თვალი გაუშტერა შავი პილპილის საყრელს და წარსულს მიმტევებლური ღიმილით გაუღიმა.

 – რა საინტერესო კაცი ხარ, ტარიკო. – ერთგვარი აღტაცებით თქვა ათულიმ, – დღე ერთია და რამდენი თავგადასავალი გხდება თავს.

 – მაგან არ დამღალა? მაგან არ მომიღო ბოლო? თავის მოკვლა გადამაწყვეტინა, მეტი რა გინდა! – ერთბაშად გამოფხიზლდა ტარიელი.

 – გეუბნები მე შენ, – განაგრძო ათულიმ, სირჩა შეავსო და ფიქრიანად შესვა არაყი. – წიგნი დაიწერება შენზე. ეგაა ცხოვრება. ნამდვილი ცხოვრება. გადადი შემდეგ პუნქტზე.

 – კარგი. „პუნქტი მეექვსე. „ქაჯი“.

 – არ მითხრა ახლა, შენ ეს არ იცი, ათულიო.

 – არა, იცი, მაგრამ ბოლომდე არ იცი.

 – ასეც ვიცოდი, რომ არ ვიცოდი, – თქვა ათულიმ და საკუთარ ნათქვამს მიაყურადა, – ვიღაცა სხვამაც თქვა ასეთი სიტყვები, ჩემ გარდა. მიდი, გააგრძელე.

 – კი, ვიღაც სოკრატემ თქვა შენამდე, – არ უნდოდა, მაგრამ ირონიულად გამოუვიდა ტარიელს, – სანამ შენ თინიკო მეფისაშვილს დასდევდი ქუთაისში და სანამ მე ოცკაციან კამერაში ვყურყუტებდი, იმ ქაჯმა, იმ ფულის ტომარა ნოშრე ქურდოვანმა დრო იხელთა და ნესტანი მოიტაცა. ციხეში გავიგე, ზუსტად გამოსვლის წინა დღეს. ხომ გახსოვს ნოშრე ქურდოვანი, კაი მანქანით რომ დაგრიალებდა, ნაკოლკიანი, მორფინისტი ვირიშვილი, ოქროს კბილი რომ მოუჩანდა იმასავით.

 – ვისსავით? – დაინტერესდა ათული.

 – რა ვიცი ერთი! მოკლედ, შენ თბილისში არ იყავი და შეყვარებულს ხომ არ დაგაშორებდი, – ოდნავ გესლიანად განაგრძო ტარიკომ, – ზაფხული იყო, არდადეგები, ყველა წასულ-წამოსული. ერთი მარტო ფრიდონა გუჯეჯიანი ვნახე, მგელივით მშიერი. საქმეზე უნდა გამყვე, გატაცებული გოგო უნდა გამომატაცებინო უკან-მეთქი. კიო, ოღონდ მგელივით მშია, მაჭამე და წავიდეთ, დედას ვუტირებო.

წავედით სახინკლეში, გამოსკდა გუჯეჯიანი გემოზე, მე ლუკმა არ გადამდის ყელში.

„მოვკლათ თუ დავტოვოთ ცოცხალი?“ – მეკითხება ფრიდონა.

„რა მოვკლათ, ცოლად მინდა!“ – ვეუბნები.

„კაცზე გეუბნები, ქალზე კი არა“.

„არა, იყოს, იცოცხლოს, მაგის დედაც“.

„პრობლემა არაა, დაფიქრდი, თუ გინდა, თავს წავაცლი ქათამივით“.

 – რა უბაქიბუქნია, ბიჭოო, – ჩაურთო ათულიმ, – ეგ ფრიდონა გუჯეჯიანი არ იყო, კბილი რომ ჩაუმტვრია ჩხუბისას ნოდარა დგებუაძეს და სისხლის დანახვაზე გული რომ წაუვიდა?

 – მოკლედ, წავედით. მივედით. ავედით. მივურეკეთ და გააღო ნესტანმა. ვარდისფერი პრიალა ხალათი შემოეცვა. ნაბანავებზე, ეტყობა. თმა სველი ჰქონდა. კინაღამ გული წამივიდა, ბიჭო. გამოვიდა საჩქაროდ, მოიხურა ზურგს უკან კარი და ასისინდა ლამაზი გველივით: „ახლავე აქედან მოშორდით! გაგიჟდით? გადაირიეთ?!! დაგხოცავთ ნოშრიკო, სახლშია!“

გუჯეჯიანმა დაასლოკინა და ხმამაღლა შეატყობინა:

„შენ წასაყვანად ვართ მოსული. ამას უნდა გაჰყვე ცოლად“.

ნესტანმა ამხედა, დამხედა, დამცინავად ჩაიცინა და თქვა:

„ამის წონა ჩემ ქმარს ფული აქვს. მინდოდა და მომიტაცა! გახდი შენც ფულიანი და ცნობილი და მერე ვილაპარაკოთ, გაღლეტილო შენ! რო მიგყავარ, სად მიგყავარ, ხრუშოვკის ერთოთახიანში?“

„ნესტანეეე!“ – მოისმა ბინიდან ლომის ბრდღვინვასავით.

„გაქრით!“ – ერთხელაც დაგვისისინა ნესტანმა და თვითონ გაქრა.

გუჯეჯიანმა ერთიც დაასლოკინა ხმამაღლა და თქვა:

„წავიდეთ, ქალს უნდა აქ ყოფნა“.

წამოვედით. შევედით ისევ რესტორანში. ისე დავთვერი, გუჯეჯიანი ორად მეჩვენებოდა. მახსოვს, მდინარისკენ ვიწევდი. ჩავედით მტკვრისპირებში, ორთაჭალისკენ. ვიჯექი, ვტიროდი, გუჯეჯიანი ასლოკინებდა და სულ იმეორებდა:

„ქალს უნდოდა იქ ყოფნა და რა მექნა, ძმაო. ქალს უნდოდა იქ ყოფნა. ქალს უნდოდა იქ ყოფნა“.

„უნდოდა და იყოს!“ – ვიყვირე უცებ და გადავეშვი მტკვარში.

 – აუჰჰჰ! – აღმოხდა ათულის, – თავს ადრეც იკლავდი?

 – გადმომყვა იმწუთასვე გუჯეჯიანი. დამხვია მკლავები და ამომათრია ნაპირზე.

 – როგორ არ ვიცოდი ეგ არაფერი. ეგ თავის მოკვლის ის… მცდელობა.

 – მაგრამ, სასიკეთო მცდელობა გამოდგა, ათული. სიკვდილზე ფიქრს თავი დავანებე და ბიზნესზე დავიწყე ფიქრი.

 – კიიი, ეგ მახსოვს. ტელეფონზე მითხარი ერთხელ, ბიზნესს ვაპირებო. სანამ წამეშლებოდა მთელი ნომრები წყალდიდობისას.

 – გადავწყვიტე გამდიდრება და ნესტანის გამოსყიდვა თვითონ ნესტანისგან.

 – ტარიელ, სულ უფრო გაგიჟებული გისმენ, რომ იცოდე. რა გიცხოვრია, ბიჭო, რა გიცხოვრია?! ჩემსავით მარტო „რულის“ ტრიალში კი არა. წიგნი დაიწერება შენზე. – სევდიანი აღფრთოვანებით თქვა პატარა კაცმა.

 – რომ იცოდე, ათული, როგორ გამახარა შენთან შეხვედრამ. გიყვები, გიყვები და გულს მეშვება. ხინკალი ხომ არ შევუკვეთოთ ხელახლა, ბიჭო? მომშივდა ცოტა.

 – მე არ მინდა და შენთვის შევუკვეთოთ, კი, – ათულიმ მოწყენილად გახედა დახლს.

გოგონა მყისვე მათთან გაჩნდა.

 – ოცი ხინკალი, არაყი და ორიც ქაბაბი… – შეუკვეთა ტარიელმა, – მწნილიც.

მერე ათულის მოუბრუნდა:

 – ეჰ, ჩემო ათული, წიგნი დაიწერება შენზეო, ამბობ. წერა რომ ასე ადვილი იყოს! ან ვინ იცის ჩემი ცხოვრება ისე ზუსტად, ჩემ გარდა, ვინ იცის ჩემი ფიქრები და განცდები…

 – ჰოდა, შენ თვითონ დაწერე.

ტარიელმა ხელი უიმედოდ ჩაიქნია:

 – გადავიდე ხომ შემდეგ პუნქტზე?

 – გადადი…

ტარიელმა ფურცელი ისევ გაშალა და ამოიკითხა:

 – „პუნქტი მეშვიდე. სირაქლემა“.

 – რაღაცას კი მოვკარი ყური, სირაქლემების ბიზნესი დაიწყოო. ტელევიზორში.

 – კი, დავიწყე. ჯერ კიდევ მტკვრიდან რომ ამომათრია ფრიდონი გუჯეჯიანმა, იქიდან შემიჯდა სირაქლემებზე ფიქრი.

 – სად მტკვარი, სად სირაქლემა, ტარიელ!

 – ავთო, გამოცხადებასავით მქონდა რაღაც. ხილვასავით! რომ ვიხრჩობოდი და ვყლაპავდი მტკვრის წყალს, უცებ რაღაც უზარმაზარი ფრინველი მომელანდა, ვეება, ფრთებგაშლილი. და ხმა ჩამესმა: „მე გადაგარჩეეეეენ“, „მე გამოგიყვაააან…“

 – ბიჭო, ეგ სირაქლემა კი არა, ფრიდონა გუჯეჯიანი იყო. ფრიდონა გამოგეცხადა შენ, გადაგარჩენ, გაგიყვანო, ჩაგძახოდა ალბათ.

 – კარგი ერთი! სირაქლემა და ფრიდონა გუჯეჯიანი ვეღარ გამირჩევია ერთმანეთისგან?

 – გეუბნები!

 – რას მეუბნები, ბიჭო, ფრთებიანი და ნისკარტიანი გუჯეჯიანი სად ნახე! ფრთებს აფართხუნებდა, ნისკარტს აღებდა ასე! – ტარიელი ხელით ცერის და ოთხი თითის დახურვა-გაღებას მოჰყვა.

 – კარგი, ჰო, მერე?

 – გავიკითხე, გამოვიკითხე. სირაქლემასი ერთი სკინტლი არ ვარგებულა, თორემ სხვა ყველაფერი.

 – რატომ? სკინტლის გადამამუშავებელი ფაბრიკაა ეგერ, ფშიკიეთში. ძვირფასი სასუქი კეთდება სკინტლისგან.

 – ეგ არ ვიცოდი.

 – ძლივს შენც არ იცოდი რაღაცა!..

 – ჰოდა, ამ სირაქლემასი რომ ყველაფერი საბიზნესოა, იმას გეუბნებოდი: ხორცი, ცხიმი, კვერცხი, ტყავი…

 – ტყავიც, კაცო?

 – ე?! ნიანგის ტყავზე დიდხანს ძლებს, ათული, კონკურენციას უწევს ნიანგს!

 – არ ვიცოდი… – წამოსცდა ათულის, თუმც ძალიან აღარ უნდოდა ამ სიტყვების თქმა.

 – მაგარი ბიზნესია, ძმაო. ჩადებ ფულს და მეთვრამეტე თვემდე უკვე მთლიანად… უჰ, გაიხარე გენაცვალე… – ტარიელმა ხელი შეაშველა მიმტანი გოგონას ნაზ ხელებში მოქცეულ ქაბაბიან სინს.. – მთლიანად ამოიღებ ჩადებულს.

 – წესიერად ილაპარაკე, შე კაცო, ეწყინა გოგოს, – ათულიმ მიმტანს გააყოლა თვალი, – ცოტა დაუკვირდი სიტყვებს.

 – რა ვთქვი ისეთი? მიდი, გადაიღე სანამ ცხელია! – დაფაცურდა ტარიელი და ქაბაბს დასწვდა.

ათულიმ ქაბაბი უხალისოდ გაჭრა შუაზე, ნახევარი გადაიდო თეფშზე და თქვა:

 – გააგრძელე თან.

ტარიელს თვითმკვლელობის სურვილის ნატამალი აღარ ეტყობოდა. მადიანად ილუკმებოდა და ასე, პირგამოტენილმა მიუგო:

 – შვიდას ათასამდე მოაქვს წელიწადში მოგება ერთ წყვილს. კვერცხი რას იწონის სირაქლემასი, თუ იცი? ორ კილოს. ორ კილოს, ბიჭო! არ გინდა, ორკილოიანი კვერცხები რომ გებას, ათული? ა-ჰა-ჰა-ჰა!

 – მიდი კაცო, შენ ის მოჰყევი, ცალკე პუნქტად რატომ შეიტანე ეს სირაქლემა, თავს რატომ იკლავდი სირაქლემას მიზეზით. – დაუნდობლად შეახსენა ათულიმ, – „ხუმრობაც რომ უსწავლია?“

 – ჰეეეე, არ იცი შენ ეგ ამბავი.

 – გამიკვირდებოდა, რომ მცოდნოდა.

 – მოკლედ, ვიშოვე კაი ფული. რამდენიმე ოჯახი მყავდა სირაქლემების. მანქანა ვიყიდე. ბინა ავიშენე. მთელი ამბავი. და ერთ დღესაც, ჩავუსაფრდი ნესტანს თავის ასახვევთან. გამოჩნდა და გადავედი მანქანიდან. კარგად გამოზმანული, მანქანის გასაღები თითზე, თმა გადასწორებული.

„ოჰჰჰჰ? შენ?“ – ცოტა გაკვირვებულად და ცოტა დამცინავად მითხრა ნესტანმა.

„გამარჯობა, ნესტან, – ვეუბნები, – აჰა, ავასრულე შენი მოთხოვნა. იმდენი ფული მაქვს, შენ ქმარს თავის ოქროს კბილიანა ვიყიდი“.

„კარგი ერთი. – თან დამცინავად და თან ინტერესით მითხრა ნესტანმა, – რაო, იმ ტარიელის არ იყოს, მაჩვენე საქმენი საგმირონია?“

„იმ ნესტანის არ იყოს, მიბრძანე და!“

„მაინც რისი ბიზნესი გაქვს?“ – ნესტანმა კეკლუცად გადაისვა ხელი კულულებზე.

„სირაქლემასი“ – ვუპასუხე ამაყად.

აქ, ჩემო ათული, ქალს ისეთი სიცილი აუტყდა, ისე გადაბჟირდა, ისეთ დღეში ჩამივარდა, მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებდა.

 – რაო, მაინც?

 – იცინა, იხარხარა, იკისკისა, ცრემლები დასდინდა თვალებიდან, მერე ერთბაშად დაწყნარდა და მეუბნება:

„კი, ტარიკო, შენს ბიზნესში სიტყვა სირი აუცილებლად უნდა გამორეულიყო, სწორად მიგიგნია“.

 – არ უნდა ამოაძრო ის შხამიანი ენა?!

 – ათული, ერთ წამში ისე შემძულდა სირაქლემად გამოსახული, ისე შემძულდა!…

 – სირაქლემა კი არა, ნესტან კვარაცხელია უნდა შეგძულებოდა, შე კაცო!

 – სირაქლემა შემძულდა.

 – რა ქენი, რა უპასუხე?

 – არაფერი. გავშეშდი. გავშრი. მოვკვდი. გონზე რომ მოვედი, ნესტანი იქ აღარ იყო. ჩავჯექი მანქანაში და მივხვდი, რომ ცხოვრების აზრი დავკარგე, მიზანი. ფუჭი იყო ყველაფერი.

 – კარგი რაა, დაილია ნესტან კვარაცხელიას მეტი სხვა ქალი ქვეყანაზე?

 – გადაჩეხა დავაპირე მანქანით.

 – კიდევ თავს იკლავდი, ბიჭო? შენ რა დაჩვეული ყოფილხარ მაგას.

 – შენ არ მოიკლავდი, გაფიცებ თინიკოს სულს? არ მოიკლავდი, ასეთი რამე რომ ეთქვა?

 – არ ვიცი, მართალი გითხრა… – შეყოყმანდა ათული.

 – დავძარი მანქანა, გავედი ქალაქგარეთ, ჩავუქროლე გიჟივით ჩემი სირაქლემების ფერმას. ბომბი რომ მქონოდა, შევაგდებდი შიგ, მაგრამ სად მქონდა. ვიარე, ვიარე, შევყევი აღმართს. ის-ისაა, უნდა მივადგე კლდის ქიმს და გადავეშვა და…

 – და რა?

 – ბენზინი გამომელია. დადგა მანქანა.

 – მერე?

 – მერე და მერე! სანამ ბენზინს მივაგენი იმ ყრუ ადგილას, სანამ ჩავასხი, სანამ რა, სანამ რა, გადამიარა. გავნელდი.

 – ისე, თუ ასე ძალიან გინდოდა თავის მოკვლა, უმანქანოდ გადამხტარიყავი იმ კლდიდან და ეგ იქნებოდა, შენც ბენზინი ხომ არ გჭირდებოდა… – თქვა ათულიმ, – მაგრამ არ გინდოდა მთლად გადაწყვეტილად ალბათ.

თქვა. ინანა. გადაუარა. ისევ ინანა. ისევ გადაუარა.

ტარიელმა მომარჯვებული ხინკალი თეფშზე დადო და ათულის რომ ეგონა, ახლა მეტყვის, შენ ჩემკენ ხარ თუ ეშმაკებისკენო, იმან სულ სხვა რამე თქვა ფიქრიანად:

 – ავთო, ჭკუაში მიჯდება, რომ იცოდე.

 – რა იყო… – დაიბნა ათული.

 – შენ ყოფილხარ… არა, კი ვიცოდი, მაგრამ…

 – ვინ ვყოფილვარ?

 – ვინ და, მოდი, მაგ ერთგულ შუბლში უნდა გაკოცო.

ტარიელი წამოდგა, გადმოიხარა და ათულის შუბლზე აკოცა.

 – რა იყო, რა გეტაკა. გადადი შემდეგ პუნქტზე. მანდ არ მოთავდებოდა შენი თავგადასავლები.

 – თავგადასავლების მეტი რა იყო, მაგრამ მთავარი თავგადასავალი ამაღამ დაიწყება.

 – შენ დაწყებას აპირებდი ამაღამ თუ დამთავრებას? – გაუკვირდა ათულის.

თქვა. ინანა. გადაუარა. ისევ ინანა.

 – დამთავრებას ვაპირებდი, ჩემო ათული, მაგრამ შენი წყალობით, დაწყება გადავწყვიტე. შენ, ბენზინმა და ფრიდონი გუჯეჯიანმა სამჯერ მაჩუქეთ სიცოცხლე. და თოკმა. ოთხჯერ ანუ.

 – თან რანაირი სიცოცხლე, ტარიელ, რანაირი. ვულკანი, წყალდიდობა, ქარბორბალა, მეწყერი, მიწისძვრა, ყველაფერი ერთად! – ათული წუთით ჩაფიქრდა და ჩამონათვალს მიამატა: – ცუნამი, ზვავი…სერიალი… ისეთი კი არა, ჩემი რომაა. აგერ, რამხელა სია ჩამოგიწერია. რამდენი პუნქტია. რამდენი შფოთი, რამდენი ყველაფერი. სიყვარული.

 – სიყვარული შენც გქონდა, ათული. როგორ გიყვარდა თინიკო მეფისაშვილი.

 – როგორ და დუნედ. მიყვარდა. ვუყვარდი. საბრძოლი არაფერი მქონია. ვთხოვე, გამომყოლოდა ცოლად. გამომყვა. ვიცხოვრეთ გუგულებივით. ის – პურის ტექნოლოგი, მე – მძღოლი. ხან ტროლეიბუსის, ხან სამარშრუტოსი, ხან ავტობუსის და ხან ტაქსის. დიდ რეისებში ვერ წავედი. არ ჩერდებოდა თინიკო უჩემოდ, ნევროზი ჰქონდა. ჯერ ქუთაისში ვიცხოვრეთ. მერე სოფელში გადავედით. შევაბერდით ერთმანეთს. ერთ დღეს პურის მთელი პარტია ჩაუვარდათ ფურნეში. ას ორმოცდაათი პური. საფუარი გამოდგა ძველი. ინერვიულა, ინერვიულა, აუწია წნევამ და დამტოვა მარტოდმარტო. მოწყენილად. გამოყრუებულად. თინიკო პურის ტექნოლოგი იყო, მაგრამ კითხვა უყვარდა. ლამის მთელი „ვეფხისტყაოსანი“ იცოდა ზეპირად. ისეთ დროს და ისეთ ადგილას იტყოდა ხოლმე აფორიზმს, საჭირო რომ იყო, ტყუილად და ჰაერზე კი არა… მოვრჩეთ ბარემ საქმეს, გვიანია. გააგრძელე პუნქტები.

 – რაღა მეპუნქტება ერთი, პუნქტების დედაც ვატირე! თუ გინდა, სათაურებს ჩაგიკითხავ, აღარ განვავრცობ.

 – მიდი.

ტარიელმა ფურცელი კიდევ ერთხელ გაშალა და პუნქტებს მიჰყვა.
– ეს ვთქვით. ესეც ვთქვით. სირაქლემა ვთქვით. ჰო, ამაზე ვიყავი. მოკლედ, ათული, მერე მოდის ესენი: „სმმ, კპზ, გაკოტრება“, „ფსიხებში“, „ზარი კალიფორნიიდან“, „ ნესტანი დაქვრივდა“, „მემკვიდრეობა“, „მაინც უარი“, „ მამაჩემის ვალები“, „გაკოტრება 2“, „მადლენამ გადამაგდო“, „მუშად დეპოში“, „თოკმა ვერ გამიძლო“, „აგრესია, ამნეზია, დეპრესია“…

 – კარგი, კარგი, გეყოფა, – ნერვებმა უმტყუნა ათულის.

 – დაიცა, ვამთავრებ. „კაზინო. მოგება სამი მილიონი“, „ნესტანი ისევ უარზეა“, „კაზინო. წაგება სამი მილიონი“ და ბოლოს გამოსათხოვარი წერილი. მორჩა. აბა, რას იტყვი, როგორია?

 – მოკლე შინაარსად მითხარი და მოვრჩეთ, ტარიელ. წნევა მექნება აწეული, ვატყობ. ოღონდ ჯერ სმმ და კპზ მითხარი, რაებია.

 – სმმ სოფლის მეურნეობის მინისტრი, კპზ კაპეზე, წინასწარი დაკავების კამერა. ეს პუნქტები: მინისტრი, სირაქლემა, კაპეზე, გაკოტრება და ფსიხებში ერთმანეთზეა მიბმული.

 – ფსიხებში რას ნიშნავს, საგიჟეთში იყავი, ტარიელ? – ფრთხილად დააზუსტა პატარა კაცმა.

 – ცოტა ხანს! – უდარდელად თქვა ტარიელმა, – მალე გამომიშვეს. მოკლედ გეტყვი, ათული: სირაქლემები შემჯავრდა, მაგრამ ფული ხომ მჭირდებოდა? აწყობილ ბიზნესს წყალში ხომ არ გადავაგდებდი? მოკლედ, მივხედე, წამოვიდა ფული, პოპულარობა, ტელევიზია და ერთ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან დამირეკეს, მოემზადე, მინისტრს უნდა შენი ფერმის მონახულებაო. ხვალ ზუსტად ხალხში გასვლის დღე აქვს განრიგით და გეწვევაო. მოვემზადე უმაღლეს დონეზე. დავბანეთ, დავვარცხნეთ სირაქლემები, ბაფთები შევაბით კისრებზე, პურ-მარილი გამზადებული, სირაქლემას მწვადები, დროშები, პლაკატები, ბავშვები სირაქლემას კვერცხებით ხელში, მთელი ამბავი. მოვიდა მინისტრი. რაღაცნაირი, ბრტყელი კაცი იყო. მოყვა ორი მანქანა დაცვა. ფერმას მიუახლოვდა თუ არა, ვანიშნე ბიჭებს და ჩართეს მუსიკა. მარში რაღაცა. ძალიან ხმამაღალზე მოუვიდათ ჩართვა. მე რა ვიცოდი, ათული, სირაქლემებს ყველაფერზე მეტად თურმე ხმამაღალი ხმაური აგიჟებთ. პანიკაში ცვივდებიან. დააღეს ნისკარტები, გაშალეს ფრთები, აფართხუნდნენ, თხუთმეტი იქვე დაეცა და მოკვდა, შვიდს გული წაუვიდა და ერთი სულ გადაირია, გამოექანა, გამოანგრია ჭიშკარი, კარგი ასორმოც კილომდე სირაქლემა იყო და ამ მინისტრისკენ გაექანა პირდაპირ. იშვირა ფეხი მინისტრმა და გაიქცა. ბიჭო, რა სირბილი სცოდნია! სპორტის მინისტრად უნდა ყოფილიყო ეგ, სოფლის მეურნეობის კი არა. ტრასამდე ირბინა, ტრასაზე გავარდა და გაეშვა გორისკენ. სირაქლემა რას დარბის ათული, იცი? სამოცით მიმავალ მანქანას უსწრებს. დაეწეოდა და დაჯეგავდა ფეხებით. არმატურას ღუნავს ფეხის დარტყმით. მოვედით აზრზე, მოვახტით მანქანებს, დავედევნეთ, გადავუჭერით გზა…

 – მინისტრს?

 – სირაქლემას. გაიქცა მინდორ-მინდორ, მაგრამ ვიღას ჰქონდა მაგის დარდი. დავედევნეთ მინისტრს. კაცი გარბოდა და გარბოდა, ვეღარ ჩერდებოდა. სანამ იმასაც მანქანებით არ გადავუჭერით გზა, არ გაჩერდა.

ჩემო ათული, კარგი რა მოჰყვებოდა ამ ამბავს? მოჰყვა ჩემი ყურყუტი კაპეზეზე, მერე ჩემი განწესება ფსიხებში, მერე ჩემი ფერმის გადაწვა, მერე ჩემი გაკოტრება… მაგრამ, იმ ფსიხებში კარგი ხალხი გავიცანი ზოგი. მაგრად გავუგეთ ერთმანეთს. აღმაშენებელი იყო ერთი, ოღონდ დავითი კი არა, პლატონი. პლატონ აღმაშენებელი. ისეთს გეტყოდა, ათული! იმან პირველმა მითხრა, თან ხარ და თან არ ხარო.

ათული დაღლილი, გაცამტვერებული, უიმედო სახით ისმენდა ამა ყოველს და ბოლოს განადგურებული იერით იკითხა:

 – კალიფორნიიდან ვიღამ დაგირეკა.

 – ნამდვილმა დედამ. რანაირად და როგორ, სხვა დროს იყოს. დამირეკა. ვკვდებიო. ვნანობო. მიყვარხარო. და მემკვიდრეობას გიტოვებო. ჩამოდი და გადაიფორმე პლანტაციაო.

 – ჩაის?

 – მარიხუანას. იქ ლეგალურია მაგის მოყვანა. ჩასვლით ვერ ჩავედი. ფრენის მეშინია. მერე იქაურ ადვოკატს ვთხოვე, გაყიდე პლანტაცია-მეთქი. გაყიდა და კარგი მილიონ-ნახევარი დოლარი დამირიცხა მემკვიდრეობად.

 – კარგი. დანარჩენი გასაგებია. ისევ სთხოვე ცოლობა ნესტანს. ის ისევ არ გამოგყვა. მერე დაიწყე თამაში. ჯერ გამდიდრდი. ამასობაში ნესტანი დაქვრივდა. მერე წააგე. ადექი, ადექი, წავიდეთ, თორემ შენ ისეთი ვარსკვლავის ხარ, ტარიელ, შეიძლება უცხოპლანეტელი ჩამოგვიჯდეს აქ და ხინკალი გამასინჯეთო, გვითხრას.

 – წავიდეთ, კი. მეც ერთი სული მაქვს, საქმეს როდის დავიწყებ, ათული. შენი წყალობით, შენი ბიძგით.

 – რა საქმეს, ვერ გავიგე.

 – წიგნის წერას, ათული, რომანის, ბესტსელერის. ყველა კონკურსში გამარჯვებულის. სხვა ვინ დაწერს ჩემს ცხოვრებაზე ჩემზე უკეთ? მე, მე დავწერ. შენ სიცოცხლისკენ შემომატრიალე, ათული. მიზანი დამიდე. ვნახოთ, აღიარებულ მწერალსაც თუ არ გამომყვება ნესტან კვარაცხელია.

ათულიმ ნაღვლიანად გაიღიმა და მხრები აიჩეჩა.

 – რომ ვერ გაიმარჯვო ყველა კონკურსზე, ტყვიას ნუ დაიხლი შუბლში, ტარიკო. გეყოფა უკვე.

* * *

გარეთ ისევ ისე, სამედიტაციო მუსიკასავით გაბმულად და ერთფეროვნად წვიმდა. ბავშვობის და ყმაწვილკაცობის მეგობრებმა, მაღალმა და ხმელ-ხმელმა ტარიელ (ტარიკო) ვეფხვაძემ და ტანდაბალმა, უკვე მოფუშულად ჩამრგვალებულმა ავთანდილ (ათული) არაბიძემ საყელოები წამოიწიეს, ბეჭები აიწურეს, ჯიბეებში ჩაიყვეს ხელები და მდუმარედ გაუდგნენ საღამოჩამომდგარ, შეცივნულ და სველ ქუჩას.

 – წადი შენ ტაქსით, მიგეჩქარება, – თქვა ათულიმ, – მე ფეხით გავივლი.

 – ამ წვიმაში, ბიჭო?

 – კი, მესიამოვნა რაღაც.

 – კარგი, აბა. ზარს გამოგიშვებ და ეგ იქნება ჩემი ნომერი. შეხვედრამდე, ჩემო ათული.

ტარიელმა ტაქსის ხელი აუწია, ჩაჯდა და გაქრა. გაქრა და თან გაიყოლა ყველა სტიქია. ისე გაქრა, თითქოს არც ყოფილა.

არადა, იყო. ის ნამდვილად იყო. და არც არსად წასულა. ის ახლა ათულის სულში ჩასახლებულიყო და იქაურობის მყუდრო სიმშვიდეს დაუნდობლად ამღვრევდა.

პატარა, მობუზული კაცი ქუჩას მიუყვებოდა. ერთბაშად მოტეხილიყო. ერთბაშად დაბერებულიყო. ერთბაშად ჩაფუშულიყო.

თვით ის გამძლე, წელიწადთა სიმრავლის ამტანი სიღაჟღაჟეც კი სრულიად დაჰკარგოდა მის უეცრად ჩამოღვენთილ ლოყებს. მიდიოდა მორჩილი და უიმედო ნაბიჯით, ვერ გრძნობდა წვიმას და სიცივეს, რადგან უწვიმდა და სციოდა შიგნიდან.

პატარა, მობუზული კაცი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ცხელი ხინკალიც კი აღაფრთოვანებდა, უცნაურ სინანულს და სიცარიელეს მოეცვა.

ის ფეხით მივიდა გარეუბანში ეულად მდგარ თავის სახლამდე, აიარა სამი სართული, შევიდა თავის პაწია, დიდი ხნის უცხოვრებელ ერთოთახიან ბინაში, სადაც ნესტი, სიმარტოვე და წარსულის აბლაბუდები გაბატონებულიყო და შუქი აანთო. ნათურამ გაიტკაცუნა და გადაიწვა. სიბნელე ჩამოდგა. ქუჩის ფარნის მოყვითალო, ოდნავ მანუგეშებელი შუქი მკრთალ ზოლებად გაწვა იატაკზე, კედლებზე.

ერთიანად გალუმპულმა პატარა კაცმა სამზარეულოს მიაშურა. შუქი აანთო, ფეხმონგრეული მაგიდის ქვეშიდან ტაბურეტი გამოსწია და ჩამოჯდა.

ჩამოჯდა და გაახსენდა, როგორ ჩამოჯდა ამ ტაბურეტზე ერთხელაც, ბევრი წლის წინ, ასეთივე სველი, ასეთივე დაქანცული და როგორ გახადა თინიკომ სველი ქურთუკი, როგორ შემოაცვა თავისი მოქსოვილი თბილი ჟაკეტი, როგორ მოხადა სველი ქუდი, როგორ მოუტანა თბილი ჩუსტები, როგორ წაიღო სველი ფეხსაცმელი. როგორ დაუსხა მერე ლობიო ღრმა თეფშზე და როგორ დატეხა ცხელი მჭადი.

მოგონებამ თვალებზე კურცხალი, ტუჩებზე კი წარსულისთვის კუთვნილი, მყუდრო ღიმილი მოჰგვარა პატარა კაცს.

მაგრამ შიგნით, მის სულში სხვა ადამიანი გაბატონებულიყო. ის სხვა დაჰპატრონებოდა მის ღიმილსაც კი! ის სხვა შესჩენოდა: „აიღე ფურცელი, კალამი და ჩამოწერე! ჩამოწერე! პუნქტებად ჩამოწერე! ჩამოწერე შენი ცხოვრება! ჩამოწერე!“

და პატარა, გალუმპული კაცი დაემორჩილა. წამოდგა. ფანქარი იპოვა უჯრაში, ფურცელი ვერა. ნესტისგან სანახევროდ ამძვრალი შპალერი ჩამოხია, მაგიდას მიუჯდა და სათაური დაწერა:

„ჩემი ცხოვრების პუნქტები“.

მერე დაფიქრდა. თვალი გაუშტერა დროს. და დროში შორს, წლების ბურუსში დედა დალანდა. მერე მამა. უფრო შორს გაცრეცილი, შავ-თეთრი ფოტოების გამოსახულებებივით ჩნდებოდნენ და უჩინარდებოდნენ ოდესღაც ხელშესახები, ნაცნობი სილუეტები, სახეები. მერე შორი მინდორ-ველები დაინახა, ზედ მქრქალად დამჩნეული ადამიანებით და პირუტყვით. მერე სოფლის სურნელმა მოაღწია საიდანღაც. ახლად გამომცხვარი პურის, თივის და ნაკელის. მას ცოცხალი შეგრძნებები მოჰყვა: შიშველ ფეხისგულებქვეშ ბალახის სიგრილე, რძის ქვაბში საჩვენებელი თითით ართმეული ნაღების გემო, ბლით დახუნძლული ხის კენწეროზე რწევის სიამე, საბუდრიდან ამოღებული ჯერაც თბილი კვერცხის შეხება ლოყაზე… ბევრი რამ. წამებში. მერე თითქოს ეს ყველაფერი ერთად დატრიალდა, გამთლიანდა, ფარფატის, ლივლივის და ქროლის შეგრძნებად იქცა და თანდათან შედგა სიტყვად. პირველ პუნქტად.

„ბავშვობა“. – დაწერა პატარა კაცმა და მიხვდა, რომ ამაზე მნიშვნელოვანს ვეღარაფერს დაწერდა. ცოტა ხანს დაჰყურებდა სიტყვას, როგორც ნახატს. მერე გამოეთხოვა და დაწერა:

„პუნქტი 2. თბილისის სკოლა“.

ამ სიტყვებმა მოიტანა დიდი ქალაქის დიდი სკოლის ჟრიამული, ქალაქური ხმაური, მტვერი და სიცივე, ტრამვაის და ლიფტის რახრახი და აკაციის მანუგეშებელი კენწერო ფანჯარასთან. მოიტანა თავის დამკვიდრების მწარე ეპიზოდები, ქვებივით ნასროლი სიტყვა „სოფლელო“, „ლოყაწითელო“, მოიტანა ჩალურჯებული თვალი, ძველი ჩანთა, მელნიანი თითები, ლანჩაამძვრალი ფეხსაცმელი, დედის წამლები, მამის ერთადერთი პიჯაკი… და რაღაც მტრული, რუხი გორგლიდან ნელ-ნელა გამოკვეთილი მეგობარი, სახელად ტარიელი. ტარიკო.

„პუნქტი 3. სტუდენტობა. სიკვდილები “. – დაწერა პატარა კაცმა.

მოქროლდა, მონიავდა სტუდენტური ცხოვრების კონსპექტური ფურცლები, აუდიტორიებისა და ბუფეტის სურნელს შერეული, რომელიმე ჯეელის წინდების გარდაუვალი სიმყრალე. კიბეების ზანზარი ველური ცხენების ჯოგივით დაშვებული ახალგაზრდა, ღონიერი მამრების ფეხქვეშ და თითო-ოროლა გოგონას პეპლისებრი გაფარფატება ამ ოფლის, სიგარეტის, ბუფეტის ქაბაბის, ნაბახუსევის ოხშივრიან თქარათქურში. მოაღწია, მოსწვდა ამ წვიმიან საღამოს ის შორეული ხორხოციც და მკაცრი სიჩუმეც, პირველი სიმთვრალე, პირველი ქალი. პირველი სიყვარული. მერე პანაშვიდების ფრთხილი, მორიდებული სიტყვა-პასუხები და მოძრაობები, მიხაკების სიმყრალით გაჟღენთილი სევდა და სიმარტოვე. ჯერ დედა. მერე მამა. ისევ ტარიელი გვერდით. სხვა ბიჭებიც.

„პუნქტი 4. თინა“

აქ, პატარა კაცმა თვალები დახუჭა და შეეცადა, რაღაც ისეთი ეგრძნო ან დაენახა, რაც ტარიელის ცხოვრებისეული სტიქიების მინამგვანად ივარგებდა. თინა ბავშვთა სახლში გაზრდილი გოგო იყო. ტანმორჩილი, თეთრი და ხმადაბლა მოლაპარაკე. ინდურ ფილმებზე ჩუმად ტიროდა, ხმამაღლა არასდროს კისკისებდა, ხორცი არ უყვარდა და თითები ჰქონდა ისეთი, ცომის მესაიდუმლეობა რომ შეშვენოდა. ცომის გოგო იყო. პურის ტექნოლოგი. მათი სიყვარული არ ყოფილა მგზნებარე. წყნარი სიყვარული ჰქონდათ. წყნარი ქორწინება. წყნარი ცხოვრება. შვილები არ ეყოლათ. ცხოვრობდნენ თანაბრად, მშვიდად და მყუდროდ, სანამ სიკვდილმა არ გაჰყარა ერთმანეთს.

არა, სულ სხვა ქარბორბალა იყო ტარიელის პუნქტები. სულ სხვა.

პატარა კაცმა სველი ქურთუკი გაიხადა, ლურსმანზე მიაკიდა და გაიფიქრა: „მართლა არაფერი ყოფილა“.

ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. ისევ წვიმდა. იქ ცარიელი თეთრი მიკროავტობუსი გაჩერებულიყო. მძღოლი გარს უვლიდა მანქანას, საბურავებს ამოწმებდა. აწვიმდა.

„აი, მე – გაიფიქრა პატარა კაცმა, – მე ვარ“.

შემოტრიალდა, ისევ მიუჯდა მაგიდას და სწრაფად ჩამოწერა.

„პუნქტი 5. ტროლეიბუსი #3 წრიული

პუნქტი 6 . ტროლეიბუსი #9 წრიული

პუნქტი 7. ავტობუსი ქუთაისი-თერჯოლა

პუნქტი 8. ქუთაისი-ზესტაფონი.

პუნქტი9. ქუთაისი-ბათუმი.

პუნქტი 10. ქუთაისი-ონი

მერე რაღაცნაირად, გახელებით მიაყოლა:

პუნქტი11. ქუთაისი-ჭიათურა.

პუნქტი12. ქუთაისი-საჩხერე.

პუნქტი 13. თინა აღარ მყავს.

პუნქტი 14. ქუთაისი-თბილისი

პუნქტი 15. ქუთაისი-წყალტუბო.

წამოდგა და ბოლთის ცემას მოჰყვა პაწია ბინაში.

 – ქუთაისი-ლანჩხუთი დამავიწყდა!

მაგიდასთან დაბრუნდა და მიაწერა:

 „პუნქტი 16. ქუთაისი- ლანჩხუთი“.

ისევ თავის მძღოლურ, მუშა მაჯებს დააცქერდა.

მერე ისევ წამოდგა, ჩაჟანგებულ საკეტს ცოტახანს ეჭიდავა და ფანჯარა გამოაღო. სახეში სველმა, გრილმა ნიავმა დაჰბერა. რატომღაც ის არაყი ახლა მოეძალა. თავი უხურდა და თავბრუ ესხმოდა. ქუჩის ლამპიონი ჩამქრალიყო. თეთრი მიკროავტობუსი იქვე იდგა, მძღოლი არსად ჩანდა.

„აჰა, მეც აღარ ვარ, – გაიფიქრა პატარა კაცმა, – წეღან ვიყავი, ახლა აღარ ვარ“.

ფანჯრიდან ჯერ ოდნავ გადაიხარა. მერე უფრო. მერე კიდევ უფრო. მერე ისევ სამზარეულოში „დაბრუნდა“.

 – ჰეჰ, ქუთაისი-ურეკი როგორ გამომრჩა! ზაფხულობით.

ფურცელს მიუბრუნდა, ჩაწერა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა: „რაღად უნდა ამდენი ჩამოწერა. ისედაც გასაგებია. ორად ორი პუნქტია ჩემი ცხოვრება. ბავშვობა და თინა. დანარჩენი – არაფერი. სულ არაფერი. ახლაც არაფერი. ხვალაც არაფერი. ზეგაც არაფერი. გაისადაც“.

მობილურმა დარეკა.

 – ათული, ზარის გამოშვება დამავიწყდა. ესაა ჩემი ნომერი. გვიანი კია, მაგრამ რას მირჩევ, პირველ პირში დავწერო თუ მესამეში? მესამეში დავიწყე, მაგრამ პირველში აჯობებს, მგონი. რომელში დავწერო?

 – რომელშიც გინდა. – თქვა პატარა კაცმა და ტელეფონი გათიშა.

ეს უკვე გაუსაძლისი იყო. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ამას ვეღარ გაუძლებს! დროა, ერთხელ მაინც შეცვალოს რამე!

აქ რომ შეცვალოს, ამ ოთახში, ვერც მოაგნებს ვერავინ. სჯობს, გარეთ. გარეთ. აბა, რაა!

პატარა კაცმა კვლავ გაყო თავი ფანჯარაში. ღრმად შეისუნთქა ნოტიო ჰაერი.
„დაჯდეს და წეროს ახლა, რომელ პირშიც უნდა! მე დასაწერი არაფერი მაქვს. ამის მეტი არაფერი შემიძლია“.

გადაიხარა. კიდევ. კიდევ. დაენანა რაღაც. გადაუარა. უფრო დაენანა. გადაუარა. კიდევ უფრო გადაიხარა.
„შენ – მოკვდები ღამე!!!“ – გადაიხარხარა სადღაც ბნელში ქალმა. – „ბებერი ბატი შენ!“

პატარა კაცს, ლამის თავდაყირა დაკიდებულს, გული აუჩუყდა. ვიღაც შეეცოდა. სავარაუდოდ, საკუთარი თავი. მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ იყო. და ის იყო, ფეხებით უნდა მოსწყდომოდა სამზარეულოს დამჩიჩულ ლინოლეუმს, რომ ქვემოდან, სინამდვილეში კი ძალიანაც ზემოდან, მოესმა:

 – მეგობარო! დანკრატი ხომ არ გექნება!

და ეს სიტყვა, ეს „დანკრატი“ იყო ისეთი მშობლიური, ისეთი მოალერსე, ისეთი ერთგული!..

და პატარა კაცს, რომელიც სულაც არ იხრჩობოდა მტკვარში, არამედ მესამე სართულის ფანჯარაში იყო გადმოკიდებული, მოეჩვენა დიდი, თეთრ-ბრჭყვიალა ფრთებიანი ფრინველი, რომელიც არა, ნამდვილად არ იყო არც სირაქლემა, მით უფრო – არც ფრიდონ გუჯეჯიანი ან არც ვინმე სხვა ჩვეულებრივი მოკვდავი…

          მაისი, 2023.

© არილი

Facebook Comments Box